Oxyrhynchus


Oxyrhynchus




Oxyrhynchus

 

რომელ ჭაში ჩავუშვა ჩემი სათლი,

რომელ ზღვაში ჩავუშვა ჩემი სათლი. ან თუკი მღვიძავს,

საწოლზე ვზივარ, სამომავლო ვაშლს კანს ვათლი

და გვერდით ცოლის მდინარე მიწევს.

 

დავრჩი,

თუკი დავრჩი შენთან ერთად, მუდმივად დავრჩი,

ორი პატარა სათლი მოგვეცეს, სანთლის ბედით.

ვანათოთ?

უნდა ვანათოთ ყველა ბნელი, ყველა ფანჯრის

რაფასთან ვიდგეთ მომლოდინე მუდმივი ღმერთის.

 

როგორ მიყვარხარ? სანამ გძინავს, ვკითხავ ჩემს თავს.

დიდხანს რომ ვიჯდე სიჩუმეში, სანამ შენ გძინავს,

რომ ვერ გაიგო, პასუხად რას მიმღერის, ერთხმად,

კანი გარეთა და სული შინა.

 

 

***

ტყუილი
რას მინდა რომ ის ნიშნავდეს
რატომ ვიმჩნევ
ან რატომ ვაცოცხლებ

ტყუილი
ის არ არის სიმართლის ანტონიმი
ის უფრო სიკეთეს გავს
რადგან ორივე მათგანს აქვს ზომა და წონა
ვთქვათ კეთილი
უფრო კეთილი
კეთილზე კეთილი
უკეთილესი
უკეთილესზე უკეთესი
ან
ჩემსავით მატყუარა
მეგობარივით მატყუარა
ან პოეტივით მატყუარა
ან იძულებით მატყუარა
ან მატყუარა
უკიდურესი სიკეთე ღმერთია
უკიდურესი ტყუილიც ღმერთია
ასე გვანან ერთმანეთს ტყუილი და სიკეთე
სიმართლე და ბოროტებაც გვანან მგონი ერთმანეთს
მაგრამ
მათზე ფიქრიც არ მინდა

ყოველთვის დადგება შენი მთავარი ტყუილის დრო
შენი სიკეთის დროც დადგება
ორივე აუცილებლად ერთად დადგება
არც ამაზე მეტი ღმერთი იქნება
არც ამაზე ნაკლები ტყუილი
მაგრამ სიკეთე აუცილებლად უნდა დარჩეს
იმის ნიშნად რომ ტყუილი
ღმერთი
და სიკეთე
ერთად მსჯელობენ იმის შესახებ
რას უნდა ნიშნავდეს ჩემთვის ტყუილი

მე და ყველა
ტრუსიკჩახდილს
ფეხშიშველა მოტანტალეს
სულდასაწყისისდან გიცნობთ ტყუილო
(გერითმება - პუტინ ხუილო)
ღმერთი კი ხარ
მაგრამ ღმერთისოდენი მხოლოდ იგულისხმები
იმიტომ რომ სინამდვილეში
ჩვენნაირი ურწმუნო ხარ
საკუთარი თავის არ გწამს
მარადიულ საკუთარ თავზე რომ
ზუსტადაც
მარადიულ საკუთარ თავზე რომ
არაფერი მოვიტყუოთ
ღმერთმა რომ არ მოგვატყუოს
მარადიულ საკუთარ თავზე

ღმერთსაც ეგ აწუხებს
საკუთარი თავის რწმენა
რომ ის მარადიულად არსებობს
„ესეც შენი ჭეშმარიტი რელიგიის ქვაკუთხედია
მის გარეშე ჩრდილოატლანტიკური ცნობიერება ვერ იარსებებდა
რომლის ნაწილიც არის რუსეთი
ჩუკოტკის ზღვიდან საბოლოოო ევროპამდე“
მიხეილ გორბაჩოვი

მე საერთოდ არ ვიცი რა გაწუხებს ღმერთო ჩემო
მთელი სამყაროს ცოდვა რომ ვიტვირთო
ჯვარზე კი არა
ცეცხლზე და დავიწყებზე რომ გავეკრა
ხომ მაინც ვერ მივხდები რა გაწუხებს ღმერთო ჩემო
იმიტომ რომ ღმერთი არ ვარ
ჰოდა ეგეც ყოველთვის გაითვალისწინე
რომ არც შენ ხარ ადამიანი და
ღმერთი ხარ და
მრავალ ენაზე საუბრობ და
შენ მაინც უნდა იცოდე ქართული

ჰოდა პოეტი რომელიც არ წერს
რომელიც არ წერს
და გამუდმებით პოეზიას საუბრობს
კეთილი მატყუარაა
და მასთან არს დავიწყება

გამუდმებით ვატყუებ ცოლს
შვილებს
დედ-მამას
მეგობრებს
ნათესავებს
ტყუილი კი სიკეთეს გავს
ღმერთზე მეტს ვერ დათესავ
ვერც მოიმკი

ეს კი შეიძლება ვიცოდე
„რა ვიცი სიკეთეზე?
მხოლოდ ის რომ
ტყუილი მუდამ მას იმოწმებს“
ნიკო ლორთქიფანიძე



***

კურთხეულო შენ, კურთხეულო, სიცოცხლე.
კურთხეულო შენ, შიში შეაძლებინე,
ვინც შენს შემდეგ შენ მოდის, ეს განუმარტე:
ფრინველს ჩახედოს ყველა უშიშარი გზა,
შენს ნაცვლად შენ იყოს, ჰქონდეს სახელი „ვინც“.

განუმარტე შენ, შენ, მას, ის, განუმარტე
ქართული ენა - შენი ენა, ერთ–ერთი
შენი სიხარულის ენა, ერთადერთი
ჩემი გადარჩენის ხმა. განუმარტე შენ,
კურთხეულო შენ, კურთხეულო, სიცოცხლე.

ვინც ისმინოს და გაბედოს - მისით მოდი,
მისი სახელია „ვინც“. ჩემი და ჩემი
სასურველი სახელი, შენი და შენი
მოსვლის სიხარული და ენა და შიში.
კურთხეულო შენ, შიში შეაძლებინე.

იყოს მისი შიში კი და იყოს მისი
შიში, დე იყოს შიში მისი, მიეცი
სახელი უეჭვო, ყოფნა უჩინარი,
არყოფნა სამარადისო, კურთხეულო
ნდობა უთხარი, შიში შეაძლებინე.

კითხვა დაუსვი შენ, შენ, მას, ის, დაუსვი
კითხვა: კაცი სიკვდილით მეტს შეცოდავს თუ
უსიკვდილობით? და გეპასუხოს - ცოდვა
სიკვდილით არ იზომება. კურთხეულო,
და შეაძლებინე შენ, შენ, მას, ის - შიში.

თქვა: „უსიკვდილობა ჩემი გზა არაა,
უსიკვდილობა ჩემი გზაა“. ვიჩუმე,
სუნთქვა ვერ გავბედე, ლოცვა ჩავიბრუნე,
მოსმენილი დავწვი, მაგრამ არა ახლა,
სიცოცხლის დრო ახლა არაა, მისმინე,

ამდენი ბავშვი, ამხელა მოდგმა, შენი
ყველაზე სიყვარული კიდია ბეწვზე,
იჩქარე შენ კურთხეულო, ჯერ სანამ ვარ,
სანამ სიტყვები აღარ მყოფნის, იჩქარე
კურთხეულო შენ, განუმარტე სიცოცხლე

ვინც შენს შემდეგ შენ მოდის, აბედნიერე
არყოფნა, ნდობა უთხარი, განუმარტე
სიყვარული, მთელი სიცოცხლის იმედი,
ახლა შენ ხარ თუ ვინც შენ შემდეგ შენ მოდის,
კურთხეულო  შენ, კურთხეულო, სიცოცხლე. 



***

თათიამ მითხრა, შაკო, ცუდს სიზმრებს ნუ ნახულობ, თორემ ბავშვსაც ესიზმრებაო. პოეზიის დავიწყებული და ვერდავიწყებული მიზნებიდან ერთ-ერთი მთავარი მარტოობისა და სიზმრების მართვაა. ცის მიერ დანიშნული და ერის აღზრდილი პოეტი თუ სიზმრად გადაყრილ ბოროტებას ვერ გაუმკლავდა (სადაც ნებისმიერი ღვთიური იარაღი შეიძლება აღმოგაჩნდეს არსენალში, ჯადოსნურზე რომ არაფერი ვთქვათ) (საიდანაც დროებით და სამუდამოდ ამოხტომა შესაძლებელია), ცხადში (რომელიც ერთადერთია ჯერჯერობით რასაც ვგულისხმობთ) როგორღა წარუძღვება ერს თუ არა, ოჯახს მაინც, ოჯახს თუ არა, საკუთარ სიცოცხლეს უშიშარი სიკვდილის გაგრძელებამდე?
პოეზიის რწმენა ღვთის რწმენაზე ნაკლებ ეჭვებს არ ბადებს და მიზეზს მარტოობადაკარგული ადამიანის ფსევდოდარდი ქვია. ვუწოდოთ ამ დარდს ოცნება.
ოცნება უკვეარსებულთან, უკვეშემდგართან მიახლოებაა, სურვილი და შესაძლებლობა ადრეშეძლებულის განმეორების ან უკეთესად შეძლების. პოეზიის რწმენა კი მარტოობის დაჯერებაა, რომ დღემდე მილიონობით „კოლეგის“ ღვაწლმა საბოლოოდ ერთი დიდი ნახტომი შეასრულა კოშმარული სიზმრიდან დროში გაწელილ ცხადში (რომელიც ერთადერთია ჯერჯერობით რასაც ვგულისხმობთ), იქ კი ვერაფერი შეცვალა. ამიტომაც არიან პოეტები მხტომელები, ამიტომაც ქვია მათ ნებისმიერ სალექსო გაბრწყინებას (ალეკო შუღლაძის პერიფრაზს გავაკეთებ) „ნახტომის მცდელობა“.
როგორც გენეტიკით მძლეოსანი და მხტომელი, კარგად ვიცნობ სპორტის სახტომ სახეობებს.
არიან პოეტები სიგრძეზე მხტომელები, რომლებიც სწრაფი გამორბენითა და ერთი, მაქსიმალურად შორი ნახტომით გადაევლებიან ხოლმე პრობლემას და თავფეხქვიშაშიამოთხვრილები იხდენენ დარდიან ოცნებას. სიგრძეზე მხტომელი პოეტის საუკეთესო მაგალითი შოთა იათაშვილია, მოკლე სიტყვას რომ გრძლად ამბობს და ნახტომიც ამად არის კარგი.
არიან სიმაღლეზე მხტომელები -  ვთქვათ პაატა შამუგია, ის სიარულის დროსაც მიწას მხოლოდ ტერფებით ეხება, სამყაროსაც ქვემოდან ზევით აჰყურებს, პრობლემასაც მაღლა ხედავს, აკეთებს მოკლე, თუმცა მუხლმოხრილ გამორბენს და როდესაც ნიშნულს მიუახლოვდება, მოულოდნელ (ეგ სხვები ფიქრობენ, რომ მოულოდნელ, თორემ ძალიანაც პროგნოზირებად) ნახტომს ასრულებს ზევით, სადაც ღმერთი ხშირად ხეზე შემომჯდარი ფრინველების სიმაღლეზეა და კომფორტულად ეშვება წინასწარგამზადებული ლეიბების სირბილეზე.
სიმაღლეზე მხტომელია შალვა ბაკურაძეც, ოღონდ ის ჭოკით დახტის. ჭოკია მისთვის ბუბკაც, უიტმენიც და ფროიდიც. ამ ჭოკით შედის მაღაზიებში, გამომცემლობებში, ოჯახში. აკეთებს სწრაფ და მუხლმოხრილ გამორბენს. უმიზნებს კორპუსებს შორის გადაჭიმულ ელექტროგაყვანილობებს, ტროლეიბუსებისა და ტრამვაის ჩამოხსნილ მავთულებს, ზოგჯერ მათში იხლართება, თუმცა ჯერჯერობით ყოველთვის ლეიბზე ვარდება.
გვყავს ასევე სამმაგი მხტომელი ზვიად რატიანი, იგი სპორტის ამ სახეობის მუდმივი ჩემპიონია, რადგან შეჯიბრში მის გარდა არავინ მონაწილეობს. სამმაგი მხტომელი ძლიერი კიდურების (რაც ლიტერატურულ ენაზე ენობრივი ქსოვილის სიმყარეს ნიშნავს) მფლობელია, შეუძლია სიბრტყეში დანახული გრძივი დაბრკოლება რამდენიმე ეტაპად დაყოს, თან ილუზია შექმნას, რომ სუსტია, რადგან პირველი ორი ნახტომი არანაირად არაა საკმარისი მასზე გადასავლებად. საბოლოოდ კი, როცა ავანტიურა დასრულებულია, საოცნებო ქვიშაში ნეტარებს სევდიანად.
ყველაზე დიდი კონკურენცია მაინც წყალში ხტომაშია, რომელსაც სიღრმეში ხტომა ჰქვია. მაია სარიშვილი ნახტომის წინ ყველაზე მაღალ კოშკზე ადის აუღელვებელი მუხლმოხრილი ნაბიჯით, გადმოხტომამდე დიდხანს ფიქრობს, იქმნება შთაბეჭდილება რომ ვერც გაბედავს, თუმცა... ჰაერში ის არანაირ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს, მისი მიზანი ფრენა არაა. მიზანია მაქსიმალურად ღრმად ჩაყვინთვა, ფსკერთან მიახლოება, სუნთქვის წყალქვეშ (თუ მიწისქვეშ) შეკავება. თუმცა ყველა ჩაყვინთვა ამოყვინთვით სრულდება.
ყველაზე შორს ტრამპლინიდან მხტომელები მიფრინავენ. როგორც გალაკტიონი დაწერდა, „ხშირად ვიხსენებ დათო ბარბაქაძეს“. მის ბაღებს მუდმივად ათოვს, ის კი გაშლილი ბაირაღებით მოყინული ტრამპლინის ქიმთან დგას და ძალიან ემზადება.
აქედან იწყება მისი ტაძარიც და მისი უფსკრულიც. ჩვენი პასუხგაუცემელი სიყვარულიც აქედან იწყება. აქედან, სადაც ბაღებს მუდმივად ათოვს.

მე ვარ ბესიკ ხარანაული, იმიტომ რომ ხტომად მხოლოდ კლდიდან კლდეზე გადახტომა მიმაჩნია. მე არც ბებერი ვარ და არც ჩემსავით ახალგაზრდა. მდინარის ღრმა ხეობაში წელამდე წყალში ვდგავარ, ცაში ვარსკვლავებს და კლდის ხავსიან-ციცაბო ფილტვებს ვსუნთქავ. ისევ მდინარე თუ წამიღებს ზღვისაკენ, თორემ ცა ჩემი თავისთან წამყვანი არაა.

იოანე მინჩხი არაფერში იყო დარწმუნებული, ამიტომ წლების განმავლობაში უძრავად იწვა საკუთარ მიწაზე და არც წიგნი გამოუცია.
ეგეთმა ბედმაც ამის გამო უწია.













 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE