პარტიზანული პოეზიის სათავეებთან - პაპუნა გიორგაძის კრებულის მაგალითზე


პარტიზანული პოეზიის სათავეებთან - პაპუნა გიორგაძის კრებულის მაგალითზე




2017 წელს გამოვიდა ახალგაზრდა ქუთაისელი პოეტის, პაპუნა გიორგაძის პოეტური კრებული სახელწოდებით “Project Psycho”. წიგნი გამომცემლობა “კალმოსანმა” დაბეჭდა ხვიჩა ყალაბეგაშვილის რედაქტორობით. უნდა ითქვას, რომ კრებულში ამავე სახელწოდების მქონე პირველივე ლექსი არ ვარგა, ისევე, როგორც ეს სათაურიც, რადგანაც ზედმეტად მიამიტური, თინეიჯერული და ტრაფარეტული მოდური ჟღერადობა შეუძენია. როგორ შეიძლება მომხდარიყო, რომ კრებული ასეთი საეჭვო ხარისხის ლექსს გაეხსნა, და დაესრულებინა კიდეც, მაშინ, როდესაც დანარჩენი ლექსების უმეტესობა არათუ კარგი, არამედ ძალზე იშვიათი და ორიგინალური ოპუსებია თანამედროვე პოეტური წერის?! შეიძლება გაჩნდეს ეჭვიც, რომ პოეტს განგებ შეუნიღბავს თავისი სტილი და სათქმელი ამ სუსტი ლექსების მოთავსებით კრებულის თავსა და ბოლოში, თითქოს ისინი კამუფლაჟი იყოს და პარტიზანულ ჩანაფიქრს მოასწავებდეს. თუმცა, დასაშვებია, საუკეთესოდ შენიღბულ ირონიასთანაც გვქონდეს საქმე, რომელიც დასცინის იმას, რომ დღეს ყველაფერს, თვით პოეტურ საქმიანობასაც კი, პროექტი შეიძლება ეწოდებოდეს. 

   სანამ ახალგაზრდა პოეტის ამბიციურ პარტიზანულ მისიას საბოლოოდ დავადგენდეთ, თუ კრებულის თანმიმდევრულ განხილვას შევუდგებით, მაშინვე გვეცემა თვალში, რომ პირველივე ლექსში მას ნეგატიური განცდების გადმოფრქვევა გადაუწყვეტია და ამიტომაც მექანიკურად, გაუჩერებლად გველაპარაკება გველზე, ენაზე დარჩენილ საზიზღარ გემოზე (ალბათ, შხამის), ცუდ ემოციებსა და განცდებზე. შეიძლება დავუშვათ, რომ მან ეს ნაბიჯი აუცილებელ და ირონიულ ხარკად მიიჩნია ლიტერატურაში დღეს არსებული პირადული საჩივრების ტენდენციებისა და ლამის მოდად ქცეული ტონალობების მიმართ. მომდევნო ლექსებში ჩნდება, რომ ახალგაზრდა პოეტი დაბნეული ნამდვილად არ არის და ძალიან კარგად იცის, თუ როგორ არ უნდა წერდეს, რომ კოლექტიურ “სხვას” არ დაემსგავსოს. ასეთივეა მეორე ლექსიც - “მეგობარი”, რომელშიც არანაირი ღირებულება არ იძებნება, აქაა მხოლოდ თავსმოხვეული ფრაზებით ყბედობა ინგლისური სიტყვების ჩართვით და ისტორიულ-პოლიტიკური პრეტენზიებით. თითქოს ესეც ხარკის მოხდაა იმისადმი, რომ უნდა იყო რაც შეიძლება გესლიანი და წარსულიც გძულდეს. და როდესაც იმის ახსნა იწყება, რომ მეგობარი ინგლისურად თურმე ფრენდი ყოფილა, ვხვდებით, რომ პოეტი ხარკს კი არ იხდის, სამართლიანად დაგვცინის.

   კრებულის მესამე ლექსი, სათაურით “მასობრივი დისკრიმინაცია” ამჯერად უკვე სახელმწიფოს მისდგება და მას ადანაშაულებს იმაში, რომ საქმე ასე ცუდადაა. დამნაშავეთა ეს ტრიადა კი უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობია: 1) დამნაშავეა ყველა გარშემო, ანუ ცუდია ხალხი; 2) ამაში დამნაშავეა საბჭოთა კავშირი; და 3) მართალია, საბჭოთა კავშირი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ მაინც არაფერია მოსაწონი ჩვენს ირგვლივ და ამაში კი უკვე სახელმწიფოა დამნაშავეა. სახელმწიფოსთან ერთად მისი სამართალდამცავი და პოეტიც დამნაშავენი არიან. ერთი სიტყვით - ხალხი, საბჭოთა კავშირი და სახელმწიფო უშლის ხელს ჩაგრულ მხარეს და ამიტომაც პოეტი ლექსის ბოლო სტრიქონებიდან გვამცნობს, რომ გაჩუმებას არ აპირებს. სინამდვილეში მან ეს ფრაზა სულ სხვა, პირდაპირი მნიშვნელობით წარმოთქვა... და მართლაც, ამის შემდეგ იწყებს მკითხველი მოგზაურობას მის ნამდვილ სამწერლო რუკაზე, და “იმ ვიღაცისთვის” პირდაპირი თუ ირონიული ხარკის მოხდაც აქვე სრულდება.

   თავდაპირველად უცნაურ კლოუნს გადავეყრებით. ლექსი სათაურით “კლოუნი ნათელ ოთახში” სინამდვილეში მოთხრობაა და მასში მჟღავნდება პაპუნა გიორგაძის პოეტური ხელწერის უტყუარი დამახასიათებელი ნიშანი. საინტერესო ისაა, რომ აქ ამ სრულიად პროზაული თხრობით და სიუჟეტით იქმნება ერთი მეტაფორა. კედლის ერთ მხარეს კლოუნი მოჩანს, შეღებილი თვალებით და წითელი ცხვირით, მეორე მხარეს კი დამშეული ადამიანები ჩამდგარან უსასრულო რიგში, რომლებიც კლოუნმა უნდა გაამხიარულოს. მათ უკვე საერთოდ დავიწყებიათ, რომ სანატრელი საკვების მოლოდინში იმყოფებიან და არა რაიმე ოხუნჯობა-გართობის. კლოუნი კი ამ ტრაგიკულ მდგომარეობას სრული ირონიით უდგება, იცინის ამაზე, ხალხს დასცინის. იცის, რომ სინამდვილეში სწორედ ეს დამშეული ხალხია კლოუნის ადგილზე და ეს აცინებს ალბათ კლოუნს. 

   ამ სტატიის და, მითუმეტეს, არც კრებულის მკითხველმა შეცდომით არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს უბრალოდ პოეტური მოთხრობაა. აქ პოეტური მეტაფორა, როგორც ვთქვით, თხრობის პლატფორმაზე იქმნება, რაც უჩვეულო და ორიგინალური მოვლენაა. და სწორედ ამ მიგნების ხარჯზე ხერხდება თუნდაც ასეთი მეტაპოლიტიკურად ანგაჟირებული სათქმელის გადარჩენა ჩვეული მოწყენილობისაგან, როდესაც საქმე ეხება ზოგისთვის ნაცნობ, ზოგისთვის კი ჯერაც უცნობ ჩვენს “უფროს ძმას” - ყველასათვის საყვარელ რესტორან “მაკდონალდსის” კლოუნს, რომელიც მაძღარი და მდიდარი კლოუნია და კიდევ უფრო მეტად მდიდრდება დაბრიყვებული და გასაცოდავებული ხალხის ხარჯზე.

   პაპუნა გიორგაძე აღწერს ბოროტ კლოუნს და მარტივად (ანუ პოეტურად და ბევრისთვის მაინც გაუგებრად) გვაჩვენებს, თუ როგორია ის სინამდვილეში. სულ ეს არის ამ პროზაული ლექსის შინაარსობრივი ქარგა და ამ ერთადერთი მეტა-მეტაფორით, მთელ ლექსს რომ მსჭვალავს, გადაიქცევა ეს ტექსტი პოეზიად. სწორედ აქედან იწყებს გამოვლენას პაპუნა გიორგაძის ნამდვილი შემოქმედებითი ძიებების სამყარო, საჩივარსა და გესლს მოკლებული, კვალდაკვალ მდევარ სახელმწიფოს ყურადღებას რომ აღარ აქცევს, მაგრამ წითელცხვირიან კლოუნს კი აღმოაჩენს, რომელიც ყველაფრის სათავეში ყოფილა. ამიტომაცაა, რომ აღარ იცის, რა ქნას, არაფერს ამბობს და მხოლოდღა ფაქტის პროზაულ კონსტატაციას ახდენს. ცინიკური ბოროტი კლოუნის ცირკში მთავარი მეტაფორა არა ესთეტიკურ, არამედ, რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, ეთიკურ პლანზეა საძებნი და სწორედ იქვე წარმოიქმნება. 

   ის, რომ კრებულის გაშლა სწორედ ამ ლექსიდან იწყება, მომდევნო ლექსის თანხმიერი სათაურითაც “პილიგრიმი თეთრ კედლებში” დასტურდება. ცინიკურ კლოუნს ამჯერად ფარფატა პილიგრიმი უპირისპირდება, როგორც ღონემიხდილი აბორიგენი, როგორც თვით სამშობლო, რომლის გამოჩენასაც თითქოს შვება უნდა მოეტანა, მაგრამ ავტორი ვერ ხედავს, ასეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში რეალურად რას უნდა წარმოადგენდეს მიტოვებული პილიგრიმისაგან მოგვრილი, ან, თუნდაც, აღთქმული შვება.

 

   და მაინც, მიგზავნი სრულიად შემქმნელი

   ფარფატა პილიგრიმს უპალმოდ,

   მაგრამ თუ კედლები აქ ჰერმეტულია,

   ხმას მაინც ვერ მოგაწვდენ, უფალო.

 

   ერთი სიტყვით, კლოუნმა შექმნა კრებულის მთავარი ფონი და ახლა იწყება გამოსავლის ძიება და მოლოდინი. “თეთრი ანგელოზის ლოდინში” - ასე ეწოდება კიდეც პოეტის მომდევნო ლექსს. იოლად იკითხება, რადგან აქ ჩვენ წინაშე პაპუნა გიორგაძის პირადი ხელწერაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას უკვე სრულიად დადგენილი საკუთარი სტილი გააჩნია, - არა მხოლოდ ხელწერა, არამედ სტილიც. “თეთრი ანგელოზის მოლოდინში” ზომიერი და ჰარმონიული რიტმის მქონე, მშვიდ თხრობაზე დაფუძნებული ლექსია, სახეების მკრთალი წარმოქმნითა და მონაცვლეობით. ორიგინალურ სტილზე ხაზგასმა უადგილო იმიტომაც არ იქნებოდა, რომ აქაც ჩვენთვის უკვე ნაცნობ მოვლენას ვაწყდებით - ეს ლექსიც ისეთი მოთხრობაა, რომელიც ლექსია და პირიქით, ისეთი ლექსია, რომელსაც შეძლებ, უბრალოდ მოუყვე სხვას და მის პოეტურ შინაარსს ოდნავადაც არაფერი დააკლდება. თხრობა მესამე პირში ხდება, რაც ზრდილობიანი მორიდებიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა კი, აშკარად იკითხება დირექტიული საუბრის ნიშნები, რაც დიალოგადაც აღიქმება. აუცილებელი ესთეტიკური პირობითობების ასეთი ყურადღებით დაცვა კი იმაში გვარწმუნებს, რომ ნამდვილი და არა მოჩვენებითი დიალოგის სურვილთან გვაქვს საქმე. აქ არც საკუთარ თავზე ხაზგასმა იგულისხმება ფარულად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩამოუყალიბებელი პოეტების შემთხვევაში, რაც ლექსის მიმართ იმთავითვე აქრობს ინტერესს. ავტორი საკუთარ თავზე კი არ წერს და მაღალფარდოვნად კი არ ვიშვიშებს, არამედ მართლა მიმართავს სხვას, თავის მკითხველს, ნებისმიერ ადამიანს. პოეტი ესაუბრება მას, როგორც უცხოს თუ ნაცნობს, მის სათქმელსაც ამბობს და ამით თავის მეორე “მე”-საც ელაპარაკება - თავის ალტერ ეგოს, თეთრ ანგელოზს.

 

   დღეს ის დღე არის, როცა უნდა აღიარო,

   შენ დაიღალე დღეს, მე კი არა,

   და შენი დაღლით ჩემში ნაპოვნ თვითდაჯერებულობას

   ისევ გულწრფელი ემოციით ვცვლი და მიმიკებით

   ისევ ვამბობ რომ ისევ შევძლებ, და შევძლებ ისევ,

   მე შევძლებ მანამ, სანამ ფანჯრიდან თეთრი ანგელოზი არ

   შემოფრინდება,

   ო, თეთრი, საოცარი ანგელოზი,

   და ისე არ გაქრები, როგორც გაქრი ცოტა ხნის წინათ,

   როცა გაქრი და ვერც კი მიხვდი რომ არ იყავი!

 

   თეთრ ანგელოზს თეთრი რაში მოჰყვება. მეტაფორების ადგილს კვლავ უბრალო თხრობა იკავებს და სახეები პოეტისა და მისი მონათხრობის შეპირისპირებით იქმნება. ავტორი შედის ტექსტში, მთელი თავისი არსებობით და ბიოგრაფიული ეგზისტენციალურობით მისი მონაწილეა და როგორც მთხრობელი, ლექსის ერთ-ერთ კომპონენტად იქცევა. ახერხებს, დაგვაჯეროს, რომ ლექსის მხოლოდღა კომპონენტია და არ სურს მხოლოდ საკუთარ თავზე დაუსრულებელი ყბედობა, რაც არავისთვისაა საინტერესო.

   როდესაც მისი ენობრივი ნიადაგი უკვე მთლიანად შემზადებულია, პაპუნა გიორგაძე აქტივისტური პოეზიის საინტერესო პრეცედენტის შექმნას იწყებს ლექსით “ჩამოდი მოსკოვში”. ასეთი აქტივისტური ხასიათის მქონე პოეზია, რაც ქმედით აზროვნებას გულისხმობს - და არა საყოველთაოდ მიღებული, თუნდაც ლამაზი, პოლიტიკური ტრაფარეტებით ოპერირებას - ჩვენში ჯერ არ განვითარებულა და შეიძლება ის თანამედროვე პარტიზანული პოეზიის თეორიის ერთ-ერთ წახნაგს წარმოადგენდეს. ლექსში პოეტი ორგანულად აკავშირებს ერთმანეთთან პირად ნარატივს და რეალურ პოლიტიკურ თხრობას, რაც მიმდინარე პოლიტიკური ფონის შესახებ ყველაზე სწორ და ადეკვატურ მსჯელობადაც შეიძლება ჩაითვალოს. თხრობა ეხება იმას, რომ მოსკოვში მცხოვრები ემიგრანტი ახერხებს საკუთარი (და არა თავს მოხვეული ინტერესებით) ცხოვრებას და ამ ადამიანური ხარისხის გამო მოსწონს კიდეც მას ემიგრაცია. ამიტომ მოუწოდებს ის ავტორს, ჩავიდეს მასთან მოსკოვში (რაც ნებისმიერ უცხოეთსაც გულისხმობს), რათა გაათავისუფლოს ის ტრაფარეტული კიჟინის სულისშემხუთავი მარწუხებისაგან. დიახ, ცოტა პრიმიტიული ლექსია, მაგრამ იმის თქმასაც ხომ გაბედულება უნდა, ეკონომიკური მოტივაციის გარდა კიდევ რისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ემიგრაცია, თუნდაც მოსკოვში, რათა მოიპოვოს დრო და საშუალება საკუთარი ხმის მოსასმენად და ნამდვილი ინტერესების აღმოსაჩენად. მოსკოვის ხიბლი კი აქ არაფერ შუაშია, ის მხოლოდ სიმძაფრეს მატებს მთავარ სათქმელს, - სწორედ იმ სათქმელს, რომ თავისუფლების ხელთ არსებული ნებისმიერი მძაფრი სიმბოლო სარისკოა, თუმცა კი ერთადერთ გზას წარმოადგენს.   

   პაპუნა გიორგაძის ლექსებში არაა საჩივრები და წუწუნი, ისინი რეალური დიალოგის ლექსებია - საკუთარ თავთან და გარემოსთან. მხოლოდ ერთი-ორი ლექსი სცოდავს ჩვენს მიერ უკვე დადგენილი თხრობითობის ულამაზესი პოეტიკის მიმართ, თავს წამოჰყოფენ ტრაფარეტული ფრაზები, თუმცა მთავარი დრამატული ფონი სრულიად რეალისტური, მშვიდი კედლებისა და მასში მოქცეული ადამიანის შესახებ კვლავ ძალაში რჩება.

   პატარა ხარვეზები საპატიებელია, რადგან მალევე პაპუნა გიორგაძე ახალ პლატფორმას ხსნის ლექსით “ბალახები”, რომელიც კრებულის საუკეთესო ლექსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს ლექსი კრებულში პირველია, სადაც აღარ გვხვდება თხრობა. ის სცილდება ერთხელ უკვე დადგენილ ორიგინალურ ესთეტიკურ ხაზს და გვაჩვენებს, რომ პოეტს სხვა ხერხებითაც შეუძლია ნამდვილი ლირიკის ნიმუში წარმოგვიდგინოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსი ნამდვილი ჰაიკუს ნიმუშია, რომელიც ქართული ხასიათით შევსებულა და სამყაროს ჭვრეტის, მედიტაციური პოეზიის ქართულ-იაპონური ინტეგრირებული პოეტიკის პარადიგმას გვთავაზობს:

 

   თუკი პეპლები ეცდებიან დაემსგავსონ ჰაიკუებს,

   მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუტოლდება ყვავისას.

 

   თუკი ადამიანები შეძლებენ იქცნენ პეპლებად,

   მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუტოლდება პეპლისას,

                                             თუმცა იფრენენ!

 

   თუკი აფთრები შეძლებენ და იქცევიან ადამიანებად,

   მაშინ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება, სხვა არაფერი    შეიცვლება.

 

   თუკი ღმერთები იქცევიან აფთრებად,

   მაშინ ისინი გახდებიან მოკვდავები,

   ჩანაცვლდებიან და დაისვენებენ!

 

   თუკი ბალახები იქცევიან ღმერთებად,

   მაშინ ისინი იქნებიან ბალახები,

   ყვითელნი შემოდგომის მიწურულს,

   ხოლო ზამთარში გაქრებიან,

   გამწვანდებიან გაზაფხულზე,

   მოძოვენ ცხოველები, მოკრეფენ ადამიანები,

   წვიმა დაასველებთ და მზე გაახმობთ,

   რადგან პეპლების, ადამიანების, აფთრებისა

   და ღმერთებისაგან განსხვავებით

   ბალახებმა შეძლეს ღმერთად ქცევა

   და მაინც დარჩნენ ბალახებად,

   მწვანე და ყვითელ ბალახებად,

   და ბალახებად დარჩნენ, რაც მთავარია!

 

   ამ მშვიდ და თბილ ირონიულ ლექსში პოეტი, როგორც ძველი ინდოელი ჰიმნოგრაფი, უბრალოებასაც უმღერის და პოსტმოდერნისტული სიმულაკრას მარტივ და არქაულ ახსნა-განმარტებასაც იძლევა: პირველივე სტრიქონებიდან ვიგებთ, რომ ფარატინა ჰაიკუსთან თუ პეპელასთან გაიგივება თურმე მთელი მარადისობის ტოლფასი ყოფილა, ან ყვავის სიცოცხლის ხანგრძლივობას მაინც უტოლდება. ადამიანები პეპლებს უნდა შენატროდნენ, თუ სურთ მოიპოვონ მარადისობა თუ არა, ყვავის სიცოცხლე მაინც. აფთრები ადამიანად ყოფნას ესწრაფვიან, თუმცა დიდს ვერაფერს მოიგებენ ამით, გარდა ადამიანური საზრუნავით დატვირთული გახანგრძლივებული ჯახირისა. შემდეგ კი, თურმე ღმერთებსაც სდომებიათ გათავისუფლება, მათ უკვე მარადისობისგან გათავისუფლება და მოსვენება სურთ, სულაც უბრალო აფთრად ცხოვრება. აი, ბალახი კი არაფერსაც არ მიესწრაფვის, საკუთარ მოვალეობას ასრულებს და სხვებსაც ემსახურება. ამიტომაც შეძლო ღმერთად ქცევა და თან ბალახადაც დარჩენა. 

   როგორც ამჯერად თვალნათლივ გამოჩნდა, პაპუნა გიორგაძის ლექსების მოყოლა ნამდვილად შესაძლებელი ყოფილა. შეიძლება იმიტომაც, რომ მის თხრობითი ხასიათის ლექსებს არქაული მეტა-ნარატიულობისა და ზღაპრის ელემენტიც ახლავს თან.

   ამ ლექსში მარტივადაა წარმოდგენილი სიმულაკრა - საგანი ერთდროულად საკუთარი თავიც არის და სხვა რამეცაა და, შედეგად, განზე დგას ყოველგვარი რელატივისტური წრებრუნვისაგან. ამიტომ მოჰგავს ეს ლექსი ინდურ უპანიშადებსაც და ქართულ ენაზე ამეტყველებული ჰაიკუს ნამდვილ ბუნებასაც გვიჩვენებს, ბუნებისა და სამყაროს გასაგებ სქემასაც გვთავაზობს და ჰიმნს მიაგებს მარადისობასა და ცხოვრების სისრულეს. სამწუხაროდ, პოეტურ ჩანახატებს პოეტები დღეს იშვითადღა წერენ, ან ამაღლებული ტრაფარეტიზმის გადამკიდე, ვეღარ ახერხებენ კარგად წერას. უმეტესობა, როგორც უკვე ვთქვით, გაბმული საჩივრისა და საყვედურის, ზოგჯერ კი ყიამყრალი ლანძღვის ტონში წერს, თავის თავზე ტირის, სხვას კი აგინებს. და სწორედ ის გარემოება, რომ პაპუნა გიორგაძე საჩივრების ამ ტენდენციასაც უძებნის თავის ნამდვილ მიმართულებას და მორალურად ღირებულ აქტივისტურ პოეზიასაც ქმნის, შესაძლებლობას აძლევს მას, ასეთი შესანიშნავი ლირიკული რეპორტაჟისთვისაც მოიცალოს.

   კრებულში არაერთი საყურადღებო ლექსია. მაგალითად, “სახლი დამეწვა” გარშემომყოფთა დამოკიდებულებების თავაზიან სიყალბეს გვიჩვენებს. პარალელურად წარმოდგენილია ამა თუ იმ კერძო პრობლემის (მაგ., სახლის დაწვის) გარეგანი და შინაგანი სივრცე, მისი რეალურობისა თუ სიზმრისეულობის საკითხი. მთავარი ის კი არ არის, თუ რა მოხდა, ან საერთოდ მოხდა რაიმე თუ მხოლოდ სიზმარში იქნა ნანახი, არამედ ის, თუ როგორ აღიქვეს ეს შენს გარშემო მყოფებმა, ცხადსა თუ სიზმარში არსებულმა ადამიანებმა. ჩინელი პოეტი ოდესღაც შეეცადა გარკვეულიყო, რა უფრო შეეფერებოდა სინამდვილეს - როდესაც სიზმარში პეპლად იხილა საკუთარი თავი, თუ როდესაც ეგონა გამოიღვიძა, მაგრამ იქნებ მას უკვე პეპელა ხედავდა თავის სიზმარში. პაპუნა გიორგაძისათვის საკუთარი თავის დაკარგვისა და პოვნის ასეთი თამაშები საკმარისი არ აღმოჩნდა - მისთვის სხვაც მნიშვნელოვანია, და არა მხოლოდ როგორც დასანახი თანაგრძნობის გამომხატველი, არამედ ისეთი შინაგანი ემპათიის უნარის მქონე, რასაც სიზმარშიც შეიძლება გრძნობდე. მან დარწმუნებით იცის, რომ სწორედ მას ესიზმრება პეპელა და არა პირიქით, და მასვე ესიზმრება ყველა გარემოება და გარშემომყოფი, - ის, რაც მართლაც მოცემულია ცხოვრებაში. და ამ ლექსმა ის პოეტური ხელსაწყოც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რისი მეშვეობითაც პოეტი ახერხებს სრულიად მოურიდებლად წერდეს სხვადასხვა აქტივისტურ თუ ლირიკულ ლექსებს აქტუალურ თუ მორალურ საკითხებზე და არ მოექცეს პირადული, ან, თუნდაც, მიამიტურად ინფანტილური საჩივრების ტონალობის ზეგავლენაში. პოეზიაში ყოველდღიური საკითხების შემოტანისას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამ ტონს დააღწიო თავი, როდესაც აქტუალური სათქმელის თანმხლებ ემოციურობას ენისა და სახეობრიობის მკაცრ კონტროლში მოაქცევ. 

   პაპუნა გიორგაძეზე წერისას არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ის ახალგაზრდა - და უდაოდ ნიჭიერი - ქუთაისელი პოეტია. აქ ისიც გაგვახსენდება, რომ ადრე სწორედ ქუთაისი უზრუნველყოფდა თბილისს შესანიშნავი პოეტებითა და ლიტერატორებით და ყველა გამოჩენილი მწერალი თუ ხელოვანი, ვინც კი თბილისში მოღვაწეობდა, საქართველოს რომელიღაცა რაიონიდან იყო ჩამოსული. მანამდე თბილისი დიდი ბაზარი იყო და კინტოს ადგილი, საკუთარი ლიტერატორები კი მას თითქმის არ ჰყოლია. და რომ არა საბჭოთა სინამდვილით დაბადებული ახალი თბილისის გარემო, ალბათ არც არავინ გამოიხედებოდა აქეთ. 

   თბილისელ პოეტთა თაობა კი დიდი დაგვიანებით ჩნდება ლიტერატურულ სარბიელზე, უკვე მაშინღა, როდესაც მისი განმაპირობებელი საბჭოთა სინამდვილე დასასრულს უახლოვდება. 1990-იანი წლების დამდეგს ყველა წამყვანი პოეტი, ვინც კი ახალ ლიტერატურას ქმნიდა, თბილისელი იყო და სწორედ თბილისელ პოეტთა ეს ახალი თაობა, უტყუარად საბჭოთა ქმნილებას რომ წარმოადგენდა, ამ დროიდანვე იწყებს სრულიად ახალი ლიტერატურული ორიენტირების დასახვას, დღეს ჩვეულ რეალობად რომ ქცეულა.

   მას შემდეგ საკმაო ხანმა განვლო და ჩვენც კვლავ უცხო ტენდენციის წინაშე აღმოვჩენილვართ. დიდი ხნის შემდეგ კვლავ ქუთაისში გამოჩნდნენ ახალი და გამოკვეთილი ხელწერის მქონე პოეტები, სწორედ ისინი, 90-იანი წლების ქართველ პოეტთა მემკვიდრეებად რომ მოჩანან და რაღაც მიზეზებით თბილისში ჩამოსვლის არანაირ წყურვილს არ ამჟღავნებენ. ალბათ ხვდებიან, რომ ეს მხოლოდღა დიდ გზაზე დამღლელი ხეტიალი იქნებოდა მათთვის. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ გიორგი ხასაია და გიორგი წურწუმია, რომელთაც თბილისური აუდიტორია საკმაოდ კარგად იცნობს (ეს მომენტი უფრო გიორგი ხასაიას ეხება, რადგან გიორგი წურწუმია საერთოდ ერიდება საჯაროდ გამოჩენას) და მათ ქვეყნის წამყვანი პოეტური ფლანგის ჩამოყალიბების ყველა მონაცემიც გააჩნიათ, მაგრამ საერთოდ უარს აცხადებენ თბილისში უბრალო ვიზიტზეც კი. სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს იმის მომასწავებელია, რომ კვლავ რევოლუციამდელ გარემოს ვუბრუნდებით, თბილისი ისევ კინტოს სავაჭრო ადგილად იქცევა (სადაც უკვე ისეთი ფუქსავატური აზრებიც კი ელანდებათ, რომ თურმე ბრძოლა ცეკვითაც ყოფილა შესაძლებელი), ხოლო ქუთაისი კვლავ დაიბრუნებს ქართული კულტურის კერის, - თუმცა კი, თანამედროვე კონტექსტში ჯერჯერობით სრულიად დაუდგენელ, - მნიშვნელობას. ის კი არაფრით გვინდა დავიჯეროთ, რომ ლიტერატურის პარტიზანების საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქუთაისელ პოეტებს უბრალოდ ყოველთვის იქ სურთ ყოფნა, სადაც ქვეყნის მთავრობა დაიდებს ბინას.

   ასეთი აზრები შეიძლება გაგვიჩნდეს, როდესაც ვკითხულობთ პაპუნა გიორგაძის ლექსს “გაიცანით ჩემი ღმერთი”. ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება, დინამიური გადასვლები აქვს. და ამ ლექსით იწყება პაპუნა გიორგაძის კიდევ ერთი ახალი პოეტური სტილის დემონსტრირება - სქემებით და პუნქტებით წერის. მაგალითად:

 

   1. დღეს გეი ვცემე - მე მართალი ვარ - არ მიცემია ორიენტაციის გამო.

   2. დღეს მღვდელმა მცემა - ის მართალია - არ ვუცემივარ ურწმუნოების გამო.

 

   ამგვარად განმარტავს ის დანარჩენ კანონთა შინაარსსაც, პოეტურ და, ამავდროულად, ყველასთვის გასაგებ ენაზე. შემდეგ სოციალური კრიტიკის ტრაფარეტთა ოდნავ შეცვლილი ციტატები იწყება: “ავაგოთ ახალი ეკლესია, როცა ირგვლივ ამდენია ეკლესია და ამდენია მშიერი ბავშვი”. 

   დავაკვირდეთ ტექსტში დამალულ ერთ მარტივ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაპუნა გიორგაძე იოლად უსხლტება ხელიდან საჩივრის ბანალურ ტონს. ის არ წერს ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ იქნებოდა მოსალოდნელი, ვთქვათ:

   როცა ირგვლივ ამდენი ეკლესიაა და ამდენი მშიერი ბავშვი. 

   სოციალურ აღშფოთებას ის არა პათეტიკით (“ამდენი”), არამედ უბრალო ანგარიშის (“ამდენია”) წარდგენის გზით გამოხატავს: 

   ”ავაგოთ ახალი ეკლესია, როცა ირგვლივ ამდენია ეკლესია და ამდენია მშიერი ბავშვი”.

   აი, რა მარტივად შეიძლება იმ მექანიკური და თითქოსდა უმნიშვნელო ენობრივი ბალასტისაგან გათავისუფლება, რაც პოეტურ გზავნილის ჰარმონიას იმთავითვე ახშობს და მკითხველს მისი გაგების სურვილს საერთოდ უკარგავს. სათქმელი კი შემდეგში მდგომარეობს:

 

   ნაწილნი ვემხრობით ღმერთის ახალ სახლს, რადგან ვშიშობთ

   რომ თუ არ მივემხრობით, შევცოდავთ უფალს.

   ნაწილნი არ ვემხრობით,

   რადგან ისედაც ბევრი გვაქვს ეკლესიები.

   საბოლოოდ კი,

   ვაშენებთ და შიმშილით კვდებიან ბავშვები.

   არ ვაშენებთ და მაინც შიმშილით კვდებიან ბავშვები.

 

   სტატისტიკის მოშველიებით თანამედროვე პოეზიაში შეიძლება ლირიკაც დაიბადოს და სოციალური რაკურსიც უფრო ხელშესახები გახდეს. განგაშის პათეტიკური ხმა მოხსნილია და წინ გამოდის რეალიზმი. ნამდვილი რეალიზმის (ჯორჯ ბუშის ცნობილი ტავტოლოგიისა არ იყოს) ჩვენება კი დღევანდელ დღეს, რელატივიზმისა და აბსტრაქციის სრული მონოპოლიის პირობებში ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, ხედავთ, პოეტმა ასეთი დამატებითი იარაღიც მოძებნა - სტატისტიკის ნეიტრალური ენის კომპონენტის შემოტანა პოეტურ თხრობაში. როგორც ვთქვით, ეს ლექსი ურთიერთგარდამავალი და დინამიური სურათებისაგან შედგება, რომელთაც ამყარებს სქემები, ცხრილები, პუნქტები:

 

   5. დღეს შავკანიანი ვცემე - მე მართალი ვარ - არ მიცემია რასიზმის გამო.

   6. დღეს პოლიციელმა დამიჭირა - ის მართალია - არ დავუჭერივარ უმიზეზოდ...

 

   პოეტი უბრალოდ და ნათლად საუბრობს ლექსში კანონების შესახებ და გასაგებად უხსნის მათ აუდიტორიას, რასაც სხვადასხვა ორგანიზაციები და ასოციაციები ხშირად ხეირიანად ვერ ახერხებენ. მაგრამ ის დაქირავებული კი არ არის, არამედ ამას აკეთებს როგორც წესიერი და საღი გონების მქონე მოქალაქე, რომელიც არც სიბეცეს, არც ანგაჟირებას და არც პირად ინტერესებს არ ემორჩილება. ასე რომ, თუ კანონების გაგება გვსურს, უნდა მივმართოთ არა რომელიმე ადვოკატს, არამედ პაპუნა გიორგაძეს - და ეს რჩევა იმ ახალგაზრდა პოეტებსაც ეხება, ვისაც დღევანდელი პოეზიის დინამიკის კანონებში გარკვევის სურვილი გააჩნია. მაგრამ იცოდეთ, პაპუნა გიორგაძე რომელიღაც მომენტში აუცილებლად გეტყვით იმას, რისი გაგონებაც შეიძლება სულაც არ გინდოდეთ:

 

   ვინც ამერიკამ მოკლა - მოსაკლავი იყო - 

   ამ აზროვნებით გვაცხოვრებენ...

 

   რომ გვმართონ... გვმართონ... გვმართონ...

 

   შესანიშნავად ცვლის რიტმს, საზომსა და რაკურსს ლექსში “დაგვიანება”, თითქოს “თხევად, პლაზმურ და განვადებადაუფარავ ტელევიზორში” სხვადასხვა სატრანსლაციო გადაცემები აჩქარებულ და უწყვეტ რეჟიმში მონაცვლეობს. ამის საპირისპიროდ, სუსტია თხრობა ლექსში “ჩემი ფსიქოლოგი”, რაც სწორედ სხვადასხვა დინამიური პლასტების ნაკლებობითაც არის გამოწვეული. როგორც აღვნიშნეთ, ახალგაზრდებში მოდად ქცეული უსარგებლო საჩივრის ნიმუშს წარმოადგენს ლექსიც “შემდგარი ქართველი პოეტი”, თუმცა, ტრაფარეტულად მოაზროვნე ხელოვანთა მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას ნიადაგი ნამდვილად გააჩნია.

   ლექსი “კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა” სრული ინფანტილიზმის მაგალითია. მართალია, ასეთი ლექსები სუსტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი უნებლიეთ პოეტის ნამდვილ ბავშვურ ხასიათსა და ბუნებაზე მიგვითითებენ. სამაგიეროდ, ლექსი “ქუჩაში სეირნობისას გამომეკიდნენ ძაღლები” ნამდვილი რელიგიური პოეზიის განაცხადია და ის პოეტის მიერ ადრევე გაცხადებულ ვაკუუმის სამყაროს ახალი თვალთახედვით წარმოგვიდგენს. ახლა ის უკვე ტოტალურ ოკუპაციას აღწერს სარკასტულად, სადაც ადამიანს სამოთხეში და მიღმიერ სამყაროშიც კი აღარ რჩება ადგილი:

 

   ქუჩაში სეირნობისას გამომეკიდნენ ძაღლები.

   ფრთები შევისხი, ფრთები ყოვლისმომცველი

   და ავიჭერ ცად, რომელიც არ იყო ლაჟვარდი,

   თუმცა ძაღლებმაც შეისხეს ფრთები და ლაჟვარდი ცით გამომეკიდნენ.

 

   ...აი მაშინ კი, როცა სხვა გზა აღარ დამიტოვეს, მოვკვდი,

   და გავფრინდი სამოთხისკენ ფეხებდამძიმებული, დაღლილი,

   რადგან ქუჩაში, ცაში, მიწაში და ქვესკნელში

   უკვე მომსდევდნენ ძაღლები,

   თუმცა ისინი გამომყვნენ სამოთხეშიც, ნათელშემოსილნი

   და შარავანდედებით...

 

   უყეფდნენ ყველას, და მიმეორებდნენ გაფრთხილებას, რომ

   არსად არავინ არ არის, არსად!

 

   უმაღლესი ლირიკის ნიმუშს წარმოადგენს ლექსი “ლაიკა” და ეს მინორული ლექსი ადამიანსა და ძაღლს, როგორც განუყრელ თანამგზავრებს, თანაბრად ეძღვნება:

 

   სადაც დაიბადა მხოლოდ იქაა ნამყოფი,

   სხვადასხვა ამინდებში,

   თუმცა მალე ნახავს,

   წავა, სხვა ადგილს ნახავს ლაიკა,

   უცხო ხეებს და იგივე ამინდებს,

   უცხო გრძნობასაც ნახავს ლაიკა,

   რომელიც ფეხებიდან იწყებს სიცივეს,

   და მზემდე ადის.

 

   ესეც ვაკუუმის თემატიკის ლექსია, თუმცა კი მასში მოცემული ფრაზა “სხვა ადგილზე წასვლა” დახშულობის აუტანელი განცდიდან მაინც რაღაც გამოსავალის აღმნიშვნელია.

   საკუთარი პოეტიკის ფართო არჩევანის პირობებში პაპუნა გიორგაძე ისეთ თანამედროვე პოეტად გვევლინება, რომელიც არ უფრთხის რეალისტურ აღწერას და მისი მეტყველებაც ყოველთვის სხარტი, ნათელი და სინამდვილით დამუხტულია:

 

   ხელფასის შემხედვარე, გულის წყვეტა და

   დაღლაც არ მიჩანს,

   საუზმედ მოტანილს, დღეს ჩემით მოვხსენი

   კონსერვს სახურავი...

 

   სამსახურს შევეჩვიე, ამიტომ არ ველი ალიონს შეშინებით,

   უნდა გავატარო წესით ყველა ღამე პოეტურად,

   მაგრამ რა დავწერო? ფეხზე ძლივს ვდგავარ და მეძინება.

 

   აქ ყველა სტრიქონიდან ტიციან ტაბიძის ხმა ჩაგვესმის... ლექსის ბოლოს პაოლო იაშვილის მკრთალი ალუზიაც გამოჩნდება. მაგრამ არა! - სიტყვის მადანი სულაც არ გათავებულა, რადგან, ხედავთ, ის აქ არც კი არსებულა. დაღლილი ვარ და ვერ დავწერო, ამბობს. და იმასაც ნათლად ვხედავთ, რომ წერს და თანაც ისე, რომ ტიციან ტაბიძესაც კი გვახსენებს, - რადგან კი არ იმეორებს მას, უფრო მეტს ამბობს, გათავებული სიტყვის მადნის მიღმა აგრძელებს საუბარს.

   `ვარიაციები” უაზრო ყბედობას წარმოადგენს. სამაგიეროდ “ამბავი ფილოსოფოსის მკვლელობისა” კვლავ მოულოდნელი სიახლით - პოსტმოდერნისტული და პოპ-არტისტული რითმებით აღჭურვილა, რომლებიც ერთმანეთის ზუსტი ასლია, თუმცა, ლექსში მაინც ძალდაუტანებელი ჰარმონია გამოსჭვივის:

 

   ფილოსოფოსი, მეტსახელად: “ზვიგენის კბილი”

   ამ ორი დღის წინ, სასტუმროში წამებით მოკლეს,

   ჯერ გაუტეხეს ძლივს მოსული უსიზმრო ძილი,

   მერე აწამეს, და როგორც ვთქვი, წამებით მოკლეს.

 

   მიზეზი მისი სიკვდილისა იყო წამება,

    მიზეზი მისი წამებისა: ფილოსოფია,

   ფილოსოფია - სიცოცხლესთან გამოსალმება,

   იდეურად კი, არსებობის ფილოსოფია.

 

   ამ შესანიშნავ პოპ-არტისტული სტრუქტურის მქონე ლექსში მომდევნო სტროფებიც ასეთივე დუბლირებული რითმებითაა გაწყობილი: შვილი - შვილი, სახლი - სახლი, ყავა - ყავა. ბოლოს კი, მთლად ნატიფ აღმოსავლურ ყაიდაზე, მთელი სტრიქონი გამეორდება ინვერსიული ვარიაციით:

 

   ფილოსოფოსი ჰიპოპოტამს მიჰყავდა ღმერთთან,

   ღმერთთან წარუძღვა ფილოსოფოსს ჰიპოპოტამი.

 

   პოეტური ფორმით გამოხატულ მძაფრი პოლიტიკური კრიტიკის ნიმუშს წარმოადგენს ლექსი “სხვა ომი”:

 

   მე გამიკვირდა, იმ დილით, იმის შემდეგ რაც მოხდა,

   რომ სტუდენტი ჩვეულებრივი გამოხედვით უცდიდა

   წითელ შუქს შუქნიშანზე, მერე კი გზაზე გადავიდა.

 

   ნაცნობი გაზეთების გამყიდველი იხედება გაზეთ

   ”მსოფლიო სპორტში”, და გიორგი ბარბაქაძეზე საუბრობს.

 

   თაობებს მოვატყუე რომ იმედი არსებობდა,

   ყველა უბანში ავაშენეთ ეკლესიები და

   ლოცვები ვისწავლეთ.

   ნაწილს სჯეროდა გადარჩენის,

   მე, ვისაც ცისკენ არასოდეს ამიხედავს,

   ყოველდღიური მოულოდნელობა

   მაბრძოლებდა თვითმკვლელობასთან.

 

   ქვეყანამ კი, რომელმაც მსხვერპლად მხოლოდ

   მმართველი ხელისუფლების შეცვლა გაიღო,

   არაფერზე გამცა პასუხი.

 

   კრებულის დასასრულისკენ კვლავ ფაბულის მქონე მცირე ზომის ლექსს ვხვდებით, სათაურით “ენი, ბენი და დენი” და თუ მის შინაარსში გარკვევას მოვახერხებთ, მისი მოყოლაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, წინა მსგავსი ხასიათის ლექსებისაგან განსხვავებით, ფაბულა აქ პოეტურ მეტაფორას აღარ წარმოქმნის და ჩვენს წინ მხოლოდღა აბსურდული და არაფრისმთქმელი ისტორია რჩება. ენი და ბენი მშობლები არიან, დენი მათი შვილია. როდესაც დენი დაიბადება, ამ დროს მეორე, უფროსი დენი, ვის შესახებაც ამათ საერთოდ არაფერი იციან, მონასტრიდან გაიქცევა. ამ უფროს დენს სჯეროდა, რომ ენი არსებობდა და ის უკან აღარ დაბრუნებულა. ე. ი. ეს არის ისტორია ორეულის შესახებ, რომელიც შენი ზუსტი ასლია, თუმცა დიდი ხნით ადრე დაბადებული, და შენი ადგილის დაკავებას ეძებს. სიმულაკრასა თუ რწმენის ასეთი აბსურდული და ალოგიკური მოდელით იხურება ახალგაზრდა პოეტის ეს იმედის მომცემი და პოეტიკური სიახლეებით აღსავსე კრებული. სულ ბოლო ლექსი კი, წიგნის რასტაფარიანული დაბოლოება, ისევე, როგორც მისი დასაწყისი, ჩემი აზრით, სრულ სიგიჟეს წარმოადგენს, რაც პაპუნა გიორგაძისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება აუცილებელი შესანიღბი კამუფლაჟის თავდაცვით როლსაც ასრულებდეს.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE