ორი პოეტი - ორი განდეგილი


ორი პოეტი - ორი განდეგილი




               ინალიფას ლურჯი ლაფშა     

 

ინალიფას ლურჯა ცხენი მეც კარგად მახსოვს. მართალია, ზედ არ ვმჯდარავარ, მაგრამ ბათუ რომ თავისი ფაცხისკენ მიაჭენებდა, სხვებთან ერთად, მეც გავედი სოფლის თემშარაზე მის სანახავად.

ბედაური გასაწური სარეცხივით გზადაგზა სველ კვალს ტოვებდა. ბათუ კი მაინც ზედ დაჰკიჟინებდა, აჩქარებდა, ხან შექუსვლით, ხანაც გრძელი მათრახის ტარით.

 ვიცოდით, რომ ზია-ხანუმს დაედგა თვალი ამ ცხენისთვის, მაგრამ ბათუსთან ვერ დავაკავშირეთ ეს ამბავი, ვიდრე (ცოტა ხნის შემდეგ) საფარ-ბეგი არ გამოჩნდა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე.

ლაფშა ისევ შეუკაზმავი, ამჯერად დასადავებული მოყვებოდა საფარის ცხენს. სიარულის დროსაც კარგად მოზომილი ნაბიჯი ჰქონდა, გრძელი კისრით სწვდებოდა წინ მიმავალი ცხენის უნაგირის ტახტას და მხედარს ცხელი ორთქლის ბურუსში ახვევდა.

მოგვეჩვენა, რომ საფარი ოდნავ მოშვებული იჯდა უნაგირზე,  ციცაბო ბილიკზე სიფრთხილის აუცილებელი წესი დავიწყნოდა და უზანგებში ფეხები ღრმად ჰქონდა გაყრილი.

ეს იყო და ეს. ჩაიარეს. შორიდან ლაფშამ კიდევ ერთხელ შემოაბრუნა კისერი და შემოგვჭიხვინა. ჩანდა, რომ ახალ გარემოს ჯერ კიდევ უცხოობდა და თავის აქნევით აღვირის თასმების სიმტკიცეს ამოწმებდა...

როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ამ ცხენს ზია-ხანუმამდე არ მიუღწევია, სადღაც ყაბარდოში დარჩა საფარ-ბეგისგან უპატრონოდ... ვიდრე ინალიფამ არ მიაგნო მის კვალს და უკან არ დაიბრუნა.

    

 ***

ასეთი და ამაზე ბევრად უფრო საინტერესო მხატვრული ვარიაციები აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ თემაზე  სოციალურ ქსელში  მრავლად მოიძებნება. როგორც ჩანს, თანამედროვე მკითხველმა ისე გაითავისა ეს ტექსტი, რომ მისი ხელახალი გადამუშავება „მოითხოვა“. გამოცდილი, უფრო ხშირად კი ახალბედა ავტორები, საკუთარი გემოვნებისდა მიხედვით, თვითნებურად „აგრძელებენ” სიუჟეტს და პერსონაჟთა შემდგომ ბედ-იღბალზე გარკვეულ „პასუხისმგებლობასაც“ იღებენ…რა თქმა უნდა, ესეც თავისებური წაკითხვა, ტექსტის თავისუფალი  ინტერპეტაციაა. ახალი თაობა „ხელახლა“ კითხულობს და თავისებურად აფასებს პოეტის შემოქმედებას. მათ შეფასებაში ვეღარ შეხვდებით ერთფეროვნად დადებით ან უარყოფით პერსონაჟთა სახეებს. ვერც მოძველებულ, გაქვავებულ დოგმებს და სტერეოტიპებს იხილავთ, რადგან  ახალი თაობა მხოლოდ საკუთარ დოგმებს და სტერეოტიპებს ქმნის და ენდობა.

აკაკი წერეთელის „გამზრდელის“ მიმართ გაზრდილი ინტერესი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ნაწარმოებში მხატვრული სივრცის  „რადიაციული“ ფონი ჯერ კიდევ მაღალია. რომელიღაც „აქტიური ელემენტი“  ტექსტში ისევ მუშაობს და თვითგამოხატვის ახალ-ახალ ფორმებს ეძებს. ამიტომ, ალბათ, გამართლებულია, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ მხატვრულ ნაწარმოებს. დავბრუნდეთ თუნდაც მხოლოდ იმ ვარაუდების შესამოწმებლად, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა.

 

***

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქართულმა ლიტერატურამ ორი საკმაოდ ძლიერი პოეტური ტექსტი შეიძინა. ეს იყო ილია ჭავჭავძის „განდეგილი“ და აკაკი წერეთლის „გამზრდელი“.

მსგავსება ამ ორ პოემას შორის მაშინვე შენიშნეს. მოგვიანებით, გურამ ასათიანი წერდა იმ „საკვირველ დამთხვევაზე“, რომელსაც ორივე ტექსტიs დასაწყისში მოქმედების ადგილის აღწერაში ვხვდებით. მაგრამ მხოლოდ გარემო ხომ არ იყო ერთნაირი?.. ამ პოემებში, რომლებიც რაღაც თვალსაზრისით ერთგვარ შემაჯამებელ ფუნქციასაც ატარებენ ავტორთა შემოქმედებაში, უფრო მეტი საერთო იძებნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს..

ვფიქრობ, რომ ამ მხატვრულ ტექსტებში ისევ გრძელდება ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს შორის „შინაური პოლემიკა“, რომელიც ჯერ კიდევ მათი ლიტერატურული მოღვაწეობის გარიჟრაჟზე დაიწყო.

 

***

მკითხველს კარგად ახსოვს ილია ჭავჭავაძის „პოეტი,“ რომელშიც ავტორმა თავისი იდეური მრწამსი და საკუთარი აზრი პოეტისa და პოეზიის დანიშნულებაზე ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, აკაკი წერეთელმა იმავე სახელწოდების ლექსში, ერთგვარი შეკამათების ფორმით, საგრძნობლად განსხვავებული თვალსაზრისი შესთავაზა მკითხველს. თითქოსდა, ორი შემოქმედის მსოფლმხედველური სხვადასხვაობა არც უნდა გამხდარიყო სალაპარაკო, მაგრამ მკითხველმა იგრძნო, რომ ამ მოკლე პოეტური ფორმულირებების მიღმა კონკრეტული რეალობა-მიმართულება გზისა და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა ისახებოდა.

მონიშნული იყო მომავალი ყოფის სიმბოლოები, მკვეთრად და რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან.  თანაც ეს იმ დროს, როცა თვითგამორკვევის გზაზე შემდგარი ერი  ხვალინდელი დღის  პრიორიტეტებს  დაეძებდა.

თუმცა ორივე მიმართულება ქვეყნის ისტორიული ცხოვრების წიაღიდან იყო გამოტანილი და ზურგს, ეთნოკულტურისა და ისტორიული გამოცდილების გარდა, ერთი მხრივ - ილია ჭავჭავაძე, ხოლო მეორე მხრივ  აკაკი წერეთელი უმაგრებდა.

ახლა შეგვიძლია უფრო თამამადა ვთქვათ, რომ მაშინ ამ საქმეში  გაგვიმართლა,  რადგან სწორედ ამ ორი პიროვნების ძალისხმევით  შევინარჩუნეთ  ის შინაგანი წონაწორობა, რომელიც ინერციის ძალით ლამის გუშინდელ დღემდე მოგვყვა. დღეს კი, როცა  ეს წონასწორობა დარღვეულია,  უფრო მწვავედ იგრძნობა დაკარგული ჰარმონიის ძიების სურვილი.

 

***

ილიას „პოეტში“ ძალზე ადვილად იკითხებოდა ღვთის რჩეულის (არა ზეკაცის), ერის წინამძღოლის, ერისთვის თავდადებული ადამიანის სახე, რომელიც ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, ალუზიას მოსე წინასწარმეტყველის სახელთან აჩენდა.

ამგვარი აზროვნება მაშინაც (და დღესაც) კონსერვატიულად და მოძველებულად მიიჩნეოდა. ამის საფუძველი იყო ერთი მხრივ, კონსერვატიზმის ვერ გაგება, ხოლო მეორე მხრივ, დავიწყება იმისა, რომ ღვთის სიტყვა ყოველთვის ახალია. ახალი და ხშირად არათანამედროვე. აქ ახალსა და თანამედროვე აზროვნებას შორის მკაცრი დეფინიცია უნდა გაკეთდეს.

ასევე მცდარი იყო წარმოდგენა (ესეც ილიას პოეტის დანიშნულების მიხედვით) პოეტზე, როგორც ერის წინამძღოლზე, რომელსაც რატომღაც თეთრ ცხენზე ამხედრებულს, ცალ ხელში მახვილით და მეორეში დროშით წარმოისახავდნენ. არადა საკმარისია, პოეტს (მწერალს) ჰუმანიზმის მოწინავე იდეა  და მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები დავუტოვოთ სატარებლად, რომ ამ ალტრუისტულ საქმიანობაში მას კაციშვილი არ შეეცილება.

იმავე სახელწოდების ლექსში აკაკი წერეთელმა უფრო თავისუფალი, დემოკრატი და რეალისტი (ახლა შეგვიძლია ვთქვათ, დასავლური ღირებულების მქონე) ადამიანის სახე გამოაჩინა. შესაბამისად, ავტორი სურვილებშიც თითქოს უფრო მოკრძალებული იყო...

ამ ლექსის მიხედვით, აკაკისთვის ყოველგვარი ადამიანური მისაღები ჩანდა. ილია კი მკვეთრ მიჯნას ავლებდა საინტერესოსა და სასარგებლოს შორის.

ილიას პოეტი ღვთის საყვირი იყო, აკაკის პოეტი - გარემოებისა.

„ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსაო“  – ამბობდა ილია.

„საკვირველია, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს! – ირონიულად პასუხობდა აკაკი.

აქ მათი შემოქმედებით გზები აშკარად გაიყო. თუმცა მიზანი მაინც საერთო იყო და ეს გზებიც ბოლოს და ბოლოს ისევ ერთ ადგილზე უნდა მორკალულიყო, ერთმანეთს შეხვედროდა, როგორც ერთგვარი შეფასება მათ მიერ განვლილი ცხოვრებისა.

 

 ***

ჩავთვალოთ, რომ სწორედ ეს პოემებია მათი შემოქმედებითი შეხვედრის უკანასკნელი ადგილი და ისევ „განდეგილსა“ და „გამზრდელის“ ტექსტებს დავუბრუნდეთ.

აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა ოლღა გურამიშვილს, ხოლო აკაკი წერეთელმა თავის პედაგოგებს მიუძღვნა.

მიძღვნა შემთხვევითი არ ყოფილა. სიღრმისეულ შრეებს ავერიდები, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ ორივე შემთხვევაში მიძღვნის მოტივი რაღაც პირობის ასრულებას, მიზნის მიღწევას, გამართლებას შეიძლება გულისხმობდეს. ორივე შემთხვევაში პოემები ერთგვარ ანგარიშადაც შეიძლება ჩაითვალოს მიძღვნის ობიექტების წინაშე.

ამის გათვალისწინებით, შესაძლოა აქ მათი ბიოგრაფიული ცხოვრების ანარეკლიც ვეძებოთ, თუმცა ესეც მომავალი კვლევის საგანია და ახლა თავს შევიკავებ ზედმეტი ძიებისგან.

ის კი უდავოა, რომ ამ ორ პოემაში თითოეულმა შემოქმედმა თავისი მრწამსის განმახორციელებელი და შესაბამისად, თავისთვის იდეალურ მოთხოვნებს მიახლოებული პერსონაჟების გაცოცხლება სცადა.

ამოცანაც ეს იყო, უნდა შექმნილიყო ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც ჯერ საკუთარ თავს იხსნიდა, ხოლო შემდეგ ერს და ქვეყანას გამოიყვანდა მონობის უდაბნოდან.

რადგან იმდროინდელმა კრიტიკამ ილიას „განდეგილი“  ერთგვარ შემოქმედებით წარუმატებლობად, ხოლო თვით განდეგილი  ბერი თავისუფლების გზაზე დამარცხებულად ჩათვალა, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში უფრო ძლიერი და სრულყოფილი, სამომავლო  ცხოვრებისთვის „მომზადებული“ პერსონაჟის მოლოდინი გაჩნდა.

აკაკის თითქმის თხუთმეტი წელი ჰქონდა „განდეგილის“ გასააზრებლად. ახლა შეგვიძლია ვთვათ, რომ მან ეს წლები, თემის დამუშავების თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა.

უკვე ვთქვი, რომ გარკვეულ ეპიზოდამდე ორივე ტექსტი საოცარ მსგავსებას ამღავნებს ერთმანეთისადმი. ორივე პერსონაჟი (ბერი - „განდეგილი“, ბათუ - „გამზრდელი“) გაცილებულია ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებას. ორივე მათგანი რთული ცხოვრების უარმყოფელია. ბერი გამოქვაბულს შეხიზვნია, ბათუ – ფაცხა-მღვიმეს (ისიც გამოქვაბულია).  ბერი უზენაესთან საუბრობს და ღვთის კარნახს ემორჩილება. ბათუ კი (ნაზიბროლას ფიქრში) ცასა და ქვეყანას შუამავალობს. აქ არ შეიძლება აკაკის „პოეტი“ არ გაგვახსენდეს, რადგან იმ ლექსში შუამავლად, შუაკაცად სწორედ საკუთარ თავს მიიჩნევს ავტორი.

ბათუც თავისებური განდეგილია. თუმცა, მისი განდეგილობა ადამიანის თავისუფალი ნების სურვილითაა ნაკარნახევი. ამ მხრივ, ბათუ უფრო ძველი აღთქმის კაცია. მისი და ნაზიბროლას ცხოვრება ერთგვარად იმეორებს პირველი ცოლ-ქმრობის იდეალურ, სამოთხისეულ ნეტარებას. ბათუსთვის ამქვეყნიური ნეტარება  სრულია და რადგან მათ „ბაღში“ არც აკრძალული ხილი დგას და შესაბამისად, არც ცთუნება სძალავს რაიმესი, მათ ცხოვრებასაც თითქოს არ ემუქრება საფრთხე...

ბათუ ამქვეყნიურ ნეტარებას მიელტვის, ბერი - იმქვეყნიურს.

ბერი ცოდვილი სამყაროს შვილია. ის კაცობრივი ბუნების დათრგუნვის ფასად ეზიარება უმაღლეს ღირებულებას.

ბათუს პირველყოფილი ადამიანური სილაღე ანიჭებს კმაყოფილებას.

საფრთხე კი ორივე მათგანისთვის, თითქოს ერთსა და იმავე დროს, ცის მრისხანების, ჭექა–ქუხილის ღამეს იწყება.

განდეგილებს ცთუნება ეწვიათ.

ერთს, ლამაზი მწყემსი ქალის, ხოლო მეორეს - ძიძიშვილის სახით.

წინდაწინვე ვთქვათ, რომ ვერცერთმა ვერ გაუძლო გამოცდას.

უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ავტორს (ილია ჭავჭავაძეს) განდეგილის მარცხი, განდეგილობის საწინააღმდეგოდ, ასკეტური ცხოვრების უარსაყოფად დასჭირდა (ფაქტობრივად, ამას თითქმის აღარავინ ამტკიცებს). ბერმა დასახული მიზნისკენ სიარულის დროს წაიბორძიკა და დაიღუპა. ავტორს ახსნილი აქვს განდეგილის მარცხის მიზეზი. არაორაზროვნად მიანიშნებს მის ამპარტავნულ ბუნებაზე, სულიერ ნარცისიზმზე, რომელმაც ბერის ცხოვრებაში ყოველგვარი ცოდვის საცთურის დამარცხების შემდეგ იჩინა თავი. მართლაც, სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბერის საქციელს, თუ არა ამპარტავნება, როდესაც ის ყოველდღე სხივს აყრდნობდა ლოცვანს და ყოველ დილით „ამოწმებდა“ („არ გამოცადო ღმერთი შენი“) მისი სულიერი სიძლიერის სამოწმოდ ღვთისგან მოვლენილ სასწაულს.

ბერის დაცემის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ბერშია და ტექსტში დახატული შემაძრწუნებელი გარემოც, ადამიანის სულიერი სამყაროს ნგრევის მაუწყებელ საგანგაშო ხმაურად ისმის. 

თუ ბერის შემთხვევაში ამ მხრივ ყველაფერი გარკვეული, ბათუსთან აშკარად კითხვები ჩნდება: რატომ იყო ძიძიშვილის სტუმრობა მისთვის გამოცდა და რა ცთუნებას ვერ გაუძლო აფხაზმა ჭაბუკმა?

„ყოველგვარი მოსავალი

კაცის თავზე უნებური

 ღვთის რისხვაა და ტყვილა ბედს

 რას უჩივი, რათ ემდური?“

რაც მოხდა,  ბათუსთვის ეს ღვთის რისხვაა. თუმცა, არ ჩანს, რატომ სჯის ღმერთი ბათუს ასე სასტიკად.  არადა, მხატვრულ ტექსტში ყველა ქმედება (თვით ღვთის რისხვაც) მოტივაციას ითხოვს.

და რა რჩება აქ მოტივაციად, ღვთის უსამართლობა?

აქ კარგადა  ჩანს, რომ ბათუ ღმერთს არ „იცნობს“ და საკუთარი ცხოვრების განმგებელად  კვლავაც ბედისწერას აღიარებს.

გვახსენდება ილია ჭავჭავაძის ნაკლებად ცნობილი ლექსი „გავსწორდეთ, ბედო“, რომელიც პირდაპირ ეხმაურება ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას.

„...შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,

ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,

ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,

მე დავუკრავ და შენ კი იხტუნე!“

ანუ ამით იმის თქმა მინდა, როდესაც „გამზრდელი“ იწერებოდა, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში უკვე გადალახული იყო „ბედის სამძღვარი“ და ლიტერატურული პერსონაჟები „განგების რკალში“ მოძრაობდნენ.

თვით წიწოლასაც (ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“) კი ამას ახსენებს დედა:

„თვითონ შენა ხარ მწამლავი

თავის უბედო ბედისა“.

ბათუსთვის  კი ჩვეულება უფრო მეტია, ვიდრე  - რჯული. ანუ არა ზეგარდმო ცოდნა, არამედ საკუთარი გამოცდილება. ამიტომ, იგი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და მეგობრადაც თოფი, ხმალი, ცხენი და ნაბადი გაუხდია.

„კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!..
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?“

ამ მხრივ ის ძალიან გვაგონებს  კაკოს („კაკო ყაჩაღი“ - ილია ჭავჭავაძე), რომელიც ასევე სიათას, დამბაჩას, ხმალს და ერთგულ ცხენს ანდობს თავის (ასევე) ძუნწ და მოსაწყენ ცხოვრებას.

„მე თანა მყვანან რკინისა ძმები:

ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი...

არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები,

მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი“

ბათუ თავისუფალი ადამიანია, კაკო - მეამბოხეა. თუმცა, კაკოც ხომ საუბრობს რაღაც თავისუფლებაზე? ბათუს ცხოვრებაც არა სამუშაო, არამედ რატომღაც მხოლოდ საომარ იარაღს უკავშირდება.

ისიც გავიხსენოთ, თუ რა ოსტატურად, მოხერხებულად შეძლო მან საფარ-ბეგის დავალების შესრულება. მარჯვე თვალი და მტკიცე გული ვერ იქნებოდა საკმარისი ინალიფას დასამარცხებლად,

ჩავთვალოთ, რომ ბათუ იმავდროულად მცველიცაა თავისი მიწიერი სამოთხისა და მის ყოველდღიურ ცხოვრების წესს რაინდული ეთიკა და ტრადიციული ადათი განსაზღვრავს.  საფარ-ბეგისადმი თავგანწირვასაც ბათუს ძუძუმტეობის ადათი ავალდებულებს. დედის რძე ამ შემთხვევაში, სისხლისმიერი ნათესაობის ტოლფასია.

„...დედიჩემის გაზრდილი ხარ

 მისი ძუძუ გიწოვია...“

ძუძუმტისადმი მისი სიყვარულიც ვალდებულებაა და არა არჩევანი. ამიტომ ის ცალმხრივად განსჯის საფარ-ბეგის საქციელს. ვერ აცნობიერებს, რომ საფარ-ბეგი, მას შემდეგ, რაც მან უკუღმართი საქმე იკისრა, მისი სულიერი ძმა და ნამდვილი მოყვასი აღარ არის... მაგრამ არა თუ ხელს უმართავს, არამედ ამ უკადრებელი საქმის აღსრულებას თვითონვე კისრულობს.

ბათუ გამართლებას უძებნის საფარ-ბეგის საქციელს და ამის მიზეზად სიყვარულს ასახელებს.

თუნდაც რომ საფარ-ბეგის სიყვარული „მსხვერპლს“ იმსახურებდეს, მაინც რამდენი ეპატიება კაცს სიყვარულისთვის?

რადგან  ტექსტში უცნაურად გაიდეალებულია ქალისადმი ყოველგვარი სიყვარული (თუ გატაცება), ეს კითხვაც რიტორიკულია, თუმცა ბათუ იმდენად „ახლოა“ პირველ ადამიანთან, რომ შესაძლოა  ათი მცნებაც კი მასზე უფრო გვიანდელი იყოს  და ვალდებულებას მის შესრულებაზე არც კი გრძნობდეს.

ამის შემდეგ ბათუმ თითქოს შეუნდო ძიძიშვილს  საქციელი და გამზრდელთან გააგზავნა. საფარ-ბეგი ჰაჯი-უსუბთან საუბრის დროსაც ადასტურებს, შეცოდება მაპატიაო. თუმცა, აქაც ვიკითხოთ: იყო კი ბათუს მხრიდან ეს საქციელი (გამზრდელთან გაგზავნა) პატიება?

პატიება ჩვენ ასე გვესმის. ადამიანი ადამიანს შეუნდობს და რაღაცა მიზეზით ხელს იღებს შურისძიებაზე. თუმცა, მას არა აქვს ნება უმაღლესი მსაჯულის გადაწყვეტილება შეცვალოს. ამიტომ პატიება თავისთავად უზენაეს სამსჯავროზე გადაცემასაც გულისხმობს. ისე, როგორც მოძღვარმა შეუნდო გაბრიელს („გლახის ნაამბობი“ – ილია ჭავჭავძე): „აქ მე შემინდვია და იქ ღმერთმა იცისო“. ბათუმ საფარ-ბეგი ჰაჯი-უსუბთან გააგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაჯი-უსუბი მოძღვარი და სასულიერო პირია, ის მაინც არ ჩაითვლება უმაღლეს მსაჯულად, რადგან ის არ არის ღმერთი, მას თავის მოკვლაც შუძლია...

ბათუსაც შეეძლო ჯოყოლასავით (ვაჟა-ფშაველას “სტუმარ–მასპინძელი“) ეთქვა საფარ-ბეგზე:

„როცა გასცდება ჩემს სახლსა, იქ მოეპყარით ავადა...“

ასეც თქვა და ასეც მოხდებოდა, რომ არა... თუმცა ნუ გავუსწრებთ  მოვლენებს.

არა, ბათუ  ნამდვილად არ იყო „ერთუჯრედიანი“ შურისმაძიებელი, რომ ასე ადვილად დაევიწყებინა ძიძიშვილობის ვალდებულება და ცხელ გულზე საფარ-ბეგის სისხლთან ერთად  შურისძიებისთვის აუცილებელი სიტყვებიც დაეღვარა:

„- წაგაკალი თუ არა შენს უნამუსობას?“ –

ეს სიტყვებიც „გლახის ნაამბობიდან“ გამახსენდა, რადგან  თუ ბათუ თვითონ იძიებდა შურს, „გამზრდელის“ ამბავიც ილია ჭავჭავაძის ამ მოთხრობის სიუჟეტს დაემსგავსებოდა. ოდესმე, დაგლეჯილ სამოსში ძნელადსაცნობი გლახა გაჭირვებით და სინანულით მოუყვებოდა თავის თავგადასავალს ვინმე „ნადირობის ტრფიალს“, ხოლო ცოდვების შესანდობად მოყვანილი სულიერი მოძღვარი გლახაკში ბათუს ამოიცნობდა...

თუმცა, ავტორმა სულ სხვა გზა აირჩია... და მაინც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბათუმ აღმზრდელს გადასცა შურისძიების მახვილი, რადგან ტრადიცია და ადათი მას არ აძლევდა საფარ-ბეგის მოკვლის უფლებას.

ბათუ უკეთ იცნობდა ჰაჯი-უსუბის ხასიათს, ვიდრე საფარ-ბეგი და მან ამ ცოდნით ისარგებლა. ბათუმ თავისუფალი ადამიანის მსოფლმხედველობა დაუპირისპირა ჰაჯი-უსუბის აღმზრდელობით სისტემას და ერთგვარი აკრძალული ხერხით, თითქოს დაანგრია კიდეც ის..

 ჩვეულება კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა რჯულს.

(ფაქტობრივად, ეს ბათუსა  და განდეგილი ბერის დაპირისპირებაა.)

ეს „ძველი ადამიანისა“ და „ახალი ადამიანის“ მარადიული კონფლიქტია. ჰაჯი-უსუბის აღმსარებლობა, ამ შემთხვევაში, იმდენად პირობითია, რომ მის პერსონაჟს ნებისმიერი, თუნდაც „გლახის ნაამბობის“ მოძღვარიც ჩაანაცვლებდა.

ბათუმ ჰაჯი-უსუბს საფარ-ბეგის სახით ერთგვარი შეტყობინება გაუგზავნა. რადგან ბათუ და ჰაჯი-უსუბი „ერთ ენაზე“ საუბრობდნენ, საფარს არ შეეძლო ამ „შეტყობინების~ წაკითხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ წავიდოდა ყაბარდოში. ახლა კი სრულიად დანდობილად მიდის გამზრდელთან, რათა თავისი უღირსი საქციელი საკუთარი სისხლით გამოისყიდოს.

მკითხველს, რომელიც უკვე დარწმუნებულია საფარ-ბეგის გულწრფელ სინანულში, ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ის პირობისამებრ მოძღვართან მივა და თავისი საქციელის შესახებ მოუყვება.

გამზრდელი კი ზუსტად „კითხულობს“ ბათუს ქარგმულ შეტყობინებას. სიტყვებით - „მესმის, მესმის...“  ჰაჯი-უსუბი სწორედ იმ აზრს ადასტურებს, რომ მან ბათუს ნათქვამი სწორად გაიგო. ამ მომენტიდან კი საფარ-ბეგმა სრულიად დაკარგა სიტუაციის შეფასების უნარი, რადგან მაშინაც კი,როცა ჰაჯი უსუბმა დამბაჩა ამოიღო, ის ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ გამზრდელის სამიზნე თვითონ გახდებოდა...

ავტორსაც  სურდა ჰაჯისთვის პასუხისმგებლობა აეცილებინა:

„მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა“

დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ან გამზრდელს უნდა მოეკლა გაზრდილი (ეს უფრო დასაშვებია), ან....

არა,  ამგვარ დასასრულს  ავტორიც კი ვერ წარმოიდგენდდა...

ჰაჯი-უსუბი  ჩვენს თვალწინ, თვალსა და ხელს შუა  ისე გაიზარდა, რომ ავტორის ნებას აღარ დაემორჩილა და „დამოუკიდებელი“ ნაბიჯი გადადგა (პერსონაჟთა ამგვარი თავნებობა ხშირია ლიტერატურაში).

ჰაჯი-უსუბმა კარგად იცოდა, რომ მის პასუხს ბათუსადმი ისეთი ხმა (ხმაური) უნდა გამოეცა, რომ ექო ყაბარდოდან აფხაზეთსაც მისწვდენოდა.

 მთაში, სადაც სისხლი წყალივით იღვრებოდა, ამხელა რეზონანსი მხოლოდ გამზრდელის თვითმკვლელობას თუ ექნებოდა.

 ბათუსთვის,  რომელიც არ იზიარებდა სინანულით დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობას,  მხოლოდ სისხლით დამოწმებული პასუხი იქნებოდა  სანდო საბუთი მოძღვრის პასუხისმგებლობისა.

ამ გადაწყვეტილებით ჰაჯი-უსუბმა წერტილი დაუსვა, ერთი მხრივ, ბათუს ავანტურისტულ მოქმედებას, ხოლო მეორე მხრივ, სამუდამო სინანულისთვის გაწირა საფარ-ბეგი.

ეს იმ „შინაური კონფლიქტის“ ფინალია, ორი „პოეტის“ ტექსტში რომ იჩინა თავი.

აი, ერთი მხრივ, ღმერთთან მოსაუბრე, ერის წინამძღოლი, ხოლო მეორე მხრივ, თავისუფალი ადამიანი, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ არის.

თითქოს თავისუფალმა ადამიანმა აჯობა ღვთიური კანონებით შებოჭილ სულიერ მოძღვარს, თითქოს... თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ ხომ არ ვიცით, თუ როგორ გაგრძელებას აირჩევს მხატვრული ვარიაციების „მომავალი” ავტორი. მკითხველის უქმი ცნობისმოყვარეობაც ხომ ერთნაირად  მძაფრია არა მხოლოდ საფარ ბეგის, არამედ ბათუსა და ნაზიბროლას ცხოვრების მიმართ?

 

 ***

რაც შეეხება ბათუს და ნაზიბროლას...  იმ დღიდან, რაც საფარ-ბეგი აფხაზეთს გაშორდა, ამ მხარეში ისინი აღარავის ნახავს.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE