წითელ დროშას


წითელ დროშას




გახსენება თბილისში

 

თუ ჩინურ რესტორანში ყოფილხართ, შეამჩნევდით, რომ დრაკონები და ფენ- შუის ბურთები წითელი ფერისაა.

ყოველ თავისუფალ დღეს უმიზნოდ დავხეტიალობდი, თებერვლის ქარშიც კი და ბოლოს კომბოსტოსა და ღორის ხორცის პელმენებს, მანდარინის ჩირს და მწვანილის მარინადს ჩავიყრიდი ზურგჩანთაში

და ღამით ვოცნებობდი, რომ როდისმე შევხვდებოდი მას.

ჩაინათაუნში ვუყურებდი, როგორ ალაგებენ გვიან ღამით ჩაბნელებულ ქუჩას საკუთარი პატარა ბიზნესების წინ ჩინელები.

აქვე ახლოს ბუდას ტაძარია, მისკენ მიმავალს რამდენიმე პატარა ჩინური რესტორანი გადაგეყრებათ გზად

და იქ, სამზარეულოში, თუ კარგად დააკვირდებით, ყოველთვის ცეცხლის ალი მოჩანს.

ის იხვები, რომლებიც ასე ხშირია ჩინურ ნახატებში და ძენისტურ ისტორიებში აქ წითლად დაბრაწულები ეკიდა ვიტრინებში.

მერე ქვინსში, ფლაშინგში მივდიოდი, იქ უფრო მეტი ასეთი იხვები იყო.

გზად მცხეთური ღვეზელები ვიყიდეთ და ამით ძველი დრო გავიხსენეთ. უკან მომავალ გზაზე შენობებს ვათვალიერებთ.

 

2012, თბილისი

 

 

წითელ დროშას

 

ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას,

დამთავრდა სიზმრების და ფსიქოანალიზის დრო

ჩვენ გავშლით ფართოდ წითელ დროშას

დამთავრდა შიშის და პროვოკაციების დრო

ჩვენ გავშლით ტალღებად ალისფერ დროშას

დამთავრდა ქალების სიგიჟის და კაცების პაციფიზმის დრო

ჩვენ ავაფრიალებთ წითელ დროშას ქალაქების თავზე

დამთავრდა პარტიების და კონფორმისტების დრო

ჩვენ ავაღელვებთ წითელ დროშას ყველა გულებში

დამთავრდა დრო პრივატიზაციის და იზოლაციის

ჩვენ ავსტყორცნით ცაში წითელი დროშის კალთას

დამთავრდა ვაჭრობის და გაცვლა-გამოცვლის დრო

ჩვენი დროშა იქნება თავისუფალი სიყვარულის ჰენდრიქსის

ჩვენი დროშა წითელი იქნება პისტოლსის და პაზოლინის,

ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის,

ჩვენი დროშა უკვე ჩანს გზების იქით,

ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის და მივამაგრებთ

მსოფლიოს აივანზე, რომელსაც ქვია ტიბეტი,

ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის და

ვიმღერებთ მეხუთე ინტერნაციონალს

ჩვენი დროშა იქნება სისხლისფერი, ვინც მისთვის დაეცა,

ვინც ქრისტეს ძლიერ გზას გაყვა,

ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას და ყველას დავანახებთ

რა არის ადამიანი

ჩვენ ვიცით მხოლოდ დიახ სამყაროსადმი

ჩვენი დროშა შეებრძლება ყოველგვარ არას.

ჩვენი დროშა ნამდვილი თავისუფლების დროშაა,

სიყვარულის თავისუფლების,

მშრომელთა თავისუფლების, მეომრების თავისუფლების,

პოეტების თავისუფლების, მკვდარი მეფეების

თავისუფლების,

ჩვენი დროშა სექსუალური თავისუფლების დროშაა,

ახალგაზრდული სისხლია მის ძარღვებში

ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას და გავშლით მას

ფართოდ მთელ დედამიწაზე.

ჩვენ ავწევთ წითელ დროშას.

 

2005, ნიუ იორკი

 

 

8 ჰაიკუ

 

* * *

ხრიოკი მთები

ელექტროკოშკები

მძიმე ღრუბელს მიაცურებს აგვისტოს ქარი.

 

* * *

შემოდგომის ფოთლებით მოფენილი ღამის ქუჩა

დაღლილი ვფიქრობ შორეულ ზაფხულზე

აქვე მატარებლების სადგომია.

 

* * *

ვერტმფრენი გაფრინდა მთისკენ

საითაც მოთხილამურეები წავიდნენ

დილით.

 

* * *

მზე უცბად ამოდის

ტელევიზორი დუმს

იღვრება ცხელი წყალი ონკანიდან

 

* * *

დავინახე როგორ მოუძღვოდა

ქალაქისაკენ თვითმფრინავი

ვარსკვლავებიან ღამეს

 

* * *

ვფიქრობ რა არის ცხოვრება

ჩამტვრეული ფანჯრიდან ქარი უბერავს

და აქრობს გაზქურას

 

* * *

ღამის პროსპექტზე 5 ავტომობილი შემოვარდა

თითქოს მოცარტისდროინდელმა გოგონებმა ბრჭყვი–

ალა კაბისბოლოები წამოიკრიფეს და სიცილით

გამოცვივდნენ მარმარილოსიატაკიან დერეფნებში.

 

* * *

ბობოქრობს ქარი

ბავშვები ყვირიან ქუჩაში

ვჭამთ ნამცხვრის ნარჩენებს მე–9

სართულზე.

 

1990, თბილისი

 

 

გაზაფხული კიდევ ერთხელ

                

მერე რა, რომ გვეუბნებიან,

თქვენთვის ნანატრი გაზაფხული აქ არ იქნება -

ის მაინც სადღაც შიგნით მოვა.

ხედავ, ეს მანქანაც, ტალახიანი, გასარეცხი,

შუქნიშანზე გაჩერდა და რაღაცას უცდის, ელოდება.

გაზაფხული მოდის იქ, სადაც მას რატომღაც ვერავინ ხედავს.

გულისხმობს წვიმებს, გაბუტულ ღრუბლებს,

ნაგულისხმებ მთაში ხეტიალს.

ეს მანქანა, უკვე რომ წავიდა, მოსწყდა ადგილს,

მოვა დრო და გაირეცხება მისი წვიმებით,

გალამაზდება, თავმომწონედ შეუერთდება ცხოვრების რბოლას.

 

მერე რა, რომ გაზაფხული ბავშვობის მერე მხოლოდ ზოგჯერ ბრუნდება ჩვენთან.

მან დაგვიტოვა მოგონებად მრავალი ხე, ქუჩის ძაღლები და ეს სკვერი, რომლებიც თანდათან იცვლებიან და აღარ ჰგვანან პირვანდელ სახეს.

როდესაც მოდის, ის სწორედ ამას დაგვიბრუნებს, დაკარგულ იერს, დავიწყებულ ბავშვობის ხმაურს,

უკვე მხოლოდ ღრუბლებს რომ ესმით მისი ასავალ-დასავალი. 

მერე რა, რომ ეს მანქანა ადგილს მოსწყდა და გზას მიეფარა, ის ჩვენი არც ყოფილა, ჩვენ ის უბრალოდ დავინახეთ - გასარეცხი, ტალახიანი და ვიფიქრეთ, რომ ძალიან გვჭირდება წვიმა,

რომელიც, გვითხრეს რომ ჩვენთვის არ მოვა ან მოვა სადღაც შიგნით, იქ სადაც ღამ-ღამობით ჩვენ ყველანი შევიკრიბებით.

 

2010, თბილისი

 

 

შეიძლება თუ არა ისევ შევხვდეთ დიანას პოეზიაში

                

სიზმარი შენს ტაქსში, შენ კი

ფორმებზე მელაპარაკები

და ტაქსი მიქრის, ჩვენი მერანი

მიქრის, რამდენადაც უცნაური არ უნდა

იყოს, 21-ე საუკუნეში მიქრის

ჩვენი მერანი.

 

ეს ქალი ძლივს

მიდის ქვაფენილზე. შენ

ფიქრობ, რომ ფორმალიზმისგან

შეიძლება გავთავისუფლდეთ?

ჩვენ არაფერი ვართ

რაც არ უნდა გავაკეთოთ,

ჩვენ არაფერი ვართ.

ხელს ნუ მკრავ,

თბილისის თეთრო ღამევ,

ქვაფენილზე მიდის გველი და

ცდილობს თავი შეაფაროს რამე

უკეთესს.

 

შეგიძლია, იყო პოეტი და იყო

სრულიად მარტო?

 

ჩვენი მოვალეობაა ფურცლიდან ფურცელზე

გადასვლა, მეტი არაფერი. გადაშლი

და ჩვენ ახალ ფურცელზე გადმოვდივართ.

 

თუ არ გადაშლი, ჩვენც გავჩერდებით.

იცი რა კარგია, როცა ფეხით ამდენს ივლი.

 

დიანა კითხულობს,

მწარე შეიძლება იყოს ტკბილი?

 

2010, თბილისი

 

 

2 ჰაიკუ

 

***

წყნეთის გზაზე

ღრუბელი და ავტობუსი

ერთ მხარეს მიდიან.

 

***

ეს კაცი სასაცილო ბუშტებს ყიდის.

ქუჩის ძაღლმა დაინახა

და გაუკვირდა.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE