ელექტრონული მეტამორფოზა


ელექტრონული მეტამორფოზა




- რაც გინდა, ის მითხარი, ეს მარსელები არ მევასებიან. ნახუიშნიკობა ჩემი საქმე არ არის!

ლოკი დივანში ეფლობა. დივანი ტანსაცმელს ხდის. შეუძლია მოეშვას და დაისვენოს. ახლა ის ადამიანია.

- ნახუიშნიკობას ისევ ძაღლობა მირჩევნია...

ყრუდ ბურტყუნებს, ამჯერად თავისთვის. ლოკი ნახუიშნიკებს მარსელებს ეძახის. მათ, ვინც დედამიწა მიატოვა და ახალ კოლონიას შეუერთდა. ლოკი ჩემი ცოლია, უფრო სწორად, დღის ერთი ნახევარი ცოლი, მეორე ნახევარი კი ადამიანის მეგობარი. მეგობარი ძველებური გაგებით, წინაპრების ენით. ოდესღაც ჩვენი წინაპრები შინაურ ცხოველებს „ადამიანის მეგობარს“ ეძახდნენ. ისტორიას თუ დავუჯერებთ, სხვა რა გზაა, წინაპრებს ოდესღაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავდათ, განსაკუთრებით ხშირი ყოფილა მგლის ერთგვარი შთამომავალი - ძაღლი. ეს ძაღლისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი სხეულის სიგრძით 50 დან 160 სანტიმეტრამდე ყოფილა, ჰქონია კუდი 20-50 სმ ფარგლებში, ხოლო მასა 6-დან 80 კილომდე. ცნობილები იყვნენ საკუთარი სექსუალობით, ჯვარდებოდნენ ყველგან, სახლშიც და გარეთაც. მათ სექსს DOGGY STYLE-ით იცნობდნენ.

- დაიღალე?

ლოკის ვეკითხები და ვიცი, დაიღალა. უმუშევარი ადამიანის შეკითხვაა. ასეა, უსაქმურები ყოველთვის კითხულობენ, დაიღალნენ თუ არა სხვები, მაგრამ მათ იმავეს არასდროს არავინ ეკითხება. უსასრულობას ვფიცავარ, რეალური დაღლა უსაქმურობამ იცის. დრო არ გადის, თითქოს შავ ხვრელში ზიხარ, გარშემო კი ყველაფერი გაიყინა. ლოკი ყოველთვის დილით იღვიძებს, ლოგინი ჩაცმაში ეხმარება, შემდეგ სააბაზანოში შედის, იქ რობოტი მიჰყვება და აბანავებს. ათ წუთში ლოკის ზურგზე ძვლის ფორმის ჩანთა ჰკიდია და გარეთ გადის. ასე იწყება ყოველი დღე და მთავრდება ლოკის დაბრუნებით. მთელი დღე მუშაობს. ნორმალური სამსახური აქვს, ერთი ასტროფიზიკოსის ოჯახში დადის. ეს ასტროფიზიკოსი კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერიც ყოფილა და თურმე რაღაც სუპერპოზიციის შექმნაზე მუშაობს. ეგეთები მე არ გამეგება. თეორიები ყოველდღე იცვლება, პროცესში თავად თუ არ ჩაერთე, დაკვირვებას აზრი აღარ აქვს. ჩვენს დროში მეცნიერი თუ არ ხარ, ესე იგი, მარსზე უნდა გაფრინდე. მარსზე კოლონია შედარებით ახალია და ადამიანები სჭირდებათ. ზუსტად ვერ ვიტყვი, იქ რა ხდება, მაგრამ ვიცი, რომ მეცნიერების ცოდნა აუცილებელი არ არის. მთავარია შეჯვარდე და გამრავლდე. ფაქტობრივად ამისთვის გაჭმევენ და გინახავენ... ასეთი შენახვის რა ვთქვი.

ამბობენ, პლანეტის მასის გამო, რომელიც დედამიწისაზე ფაქტობრივად ორჯერ მცირეა, ადამიანები სხვანაირები იბადებიან. მახინჯები... მუტანტები... მცირე გრავიტაციის გამო დროთა განმავლობაში მარსზე ადამიანები დაგრძელდნენ და გათხელდნენ. ამბობენ, საკმარისია მარსელს აქ დაბრუნება მოუნდეს და დედა პლანეტაზე ერთი ნაბიჯი მაინც დადგას, რომ ეს უკანასკნელი მის სუსტ და მყიფე ძვლებს თავისი გრავიტაციით უმალვე ნამსხვრევებად აქცევსო. ერთი სიტყვით, მარსზე წასვლა ნიშნავს, რომ გაუაზრებლად უნდა შეჯვარდე - არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან. თუ მარსზე მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ არა მარტო შენ, შენი შთამომავალიც კი ვერასდროს დაბრუნდება პლანეტაზე, სადაც ტექნოლოგიების და მეცნიერების ბუმია. სადაც ჩვენმა სახეობამ ფეხი აიდგა...

- დავიღალე.

მპასუხობს ლოკი. თვალებს ხუჭავს. რამდენიმე წამში კვლავ ახელს. მიყურებს. გამოხედვა სევდიანი აქვს. ვერ ვხვდები, ეს სევდა ჩემდამი უკმაყოფილებით არის გამოწვეული, თუ იმით, რასაც ახლა მეტყვის...

- მეტამორფოზინი მინდა...

- აქაც? საყვარელო, ისედაც მთელი დღე მაგ საშინელებით ხარ გაჭყეპილი...

- მაგ საშინელებით ვარსებობთ! - მაწყვეტინებს ლოკი, - შენ და რობოტს სხვა ვინ შეგინახავთ?!

მართალია. ხმას ვერ ვიღებ. ლოკი რომ არა, მე და ლიზის ნამდვილად არავინ შეგვინახავდა.

- არ გინდა შენც გასინჯო? სულ ერთხელ. პატარა დოზა მიიღე. პირდაპირ ძაღლი, ან კატა ნუ გახდები. ერთი გაყნოსვა და ისეთი გაუცხოება მოვა... - მთავაზობს ლოკი და მიღიმის, - ასე სახლში როდემდე უნდა იჯდე. სულ ცოტაც და ამ რობოტზე ეჭვიანობას დავიწყებ.

ლოკის მესმის, მაგრამ მანაც უნდა გამიგოს. მას მარსზე წასვლა არ უნდა, მე კი მეტამორფოზინზე შეჯდომა. ლოკის მუტანტობას ძაღლობა ურჩევნია. ურჩევნია მთელი დღე ვიღაცა ფიზიკოსის შვილები გაართოს. გაიყნოსოს ეს ყვითელი ფხვნილი და ძაღლად იქცეს. როგორც მიყვება, ბავშვებს ძალიან უყვართ. გაუთავებლად ეთამაშებიან. მეტამორფოზინის ზემოქმედების ქვეშ ლოკი თავს ძაღლად გრძნობს, სიამოვნებს კიდევაც. როგორც მეუბნება, სიამოვნება, რომელიც ბავშვის მიერ მოსატანად გადაგდებულ ჯოხს მოაქვს, ადამიანისთვის გაუგებარია, შესაბამისად, მიუღწეველი.

თავად არასდროს გამისინჯავს, მაგრამ ლოკი ასეთ მდგომარეობაში ხშირად მინახავს. თავიდან სამსახურის გამო დაიწყო. სახლში დაღლილი ბრუნდებოდა. იჯდა და ტიროდა. დეპრესია დაეწყო. ერთხელ ისიც მითხრა, მგონი ძაღლი ვარო. მე დამშვიდება ვცადე და მარსზე გაფრენა შევთავაზე. მოვიფიქრებო, მიპასუხა. მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებულმა ხმა არ გამცა, ჩანთიდან პატარა პაკეტი ამოაძვრინა, დიდი სქელი „ლაინი“ გაიკეთა და ცხვირი მტვერსასრუტივით მიუშვირა. მერე მომიახლოვდა და გახდა დაიწყო. უკვე წელიწადზე მეტი იყო, არ მენახა, ლოკი ტანსაცმელს თავად როგორ იხდიდა. შარვლის მექანიკური ღილი თითის ერთი მიახლოებით გაიხსნა. სავარძელს გავხედე. დამეუფლა გრძნობა, რომ ის ახლა იეჭვიანებდა. ყოველთვის სავარძელი ხდის, მე ბოლოს როდის გავხადე, აღარც მახსოვდა. ამან კიდევ უფრო აღმაგზნო. სისხლი მომაწვა.

ლოკის შიშველი სხეული შემეხო. ზურგით იდგა. კისერი ჩემს ტუჩებთან მოიტანა. უკანალი სასქესო ორგანოსთან. სასიამოვნო სუნი ჰქონდა - ბავშვების. შემდეგ კისერი ნელ-ნელა დამშორდა, მაგრამ უკანალი ყლეზე კიდევ უფრო მომაბჯინა. თითქოს პირველად შევიგრძენი,  გაუთავებელი სირბილისგან და ძაღლობანას თამაშისგან, ჩემს ცოლს სხეული გამკვრივებოდა. მისი დუნდულები ასეთი ფორმის და სიმკვრივის არასდროს ყოფილა.

ლოკი დაიხარა. ოთხზე დადგა და შემდეგ ისე, რომ უკან არც მოუხედავს, ამოიკვნესა.

- შემიდე. მინდა, რომ მომტყნა.

თითქოს რობოტი ვიყავი და ჩემში ბრძანება შემოვიდა. უნდა დავმორჩილებოდი. სხვა არჩევანი ჩემს ნეირონებში არ იყო. ასეთი ერექცია აქამდე არასდროს მქონია. დავიხარე და ზედმეტი პრელუდიის გარეშე ლოკიში შევედი. პირველ ბიძგს მეორე მოჰყვა და ახლა მე თავს კვლავ მამაკაცად ვგრძნობდი. უსაქმური აღარ ვიყავი, საკაცობრიო საქმეს ვაკეთებდი. პირველად ცხოვრებაში მომინდა შვილი, შთამომავალი, რომელიც აი, ახლა, სულ ცოტაც და ჩემს სხეულს დატოვებდა, ხოლო თავს ლოკიში ამოჰყოფდა. იქიდან კი ადამიანად გამოვიდოდა, რომელსაც მე და ლოკი გავზრდიდით. ყველაფერს გავაკეთებდით, მეც ძაღლად ვიმუშავებდი, სულაც კატად, და მას სწავლის საშუალებას მივცემდით. ის მეცნიერი გამოვიდოდა, დედამიწელი მეცნიერი! არც ცხოველი ნარკომანი და არც მარსელი მუტანტი...

ლოკის გაუხსნა. მდედრის სექსუალური კვნესა ნელ-ნელა წკმუტუნში, ბოლოს კი ყმუილში გადაიზარდა და მე მივხვდი, რომ ძაღლს ვტყნავდი. სწორედ აქ შევნიშნე ის პირველად. რობოტი ლიზა მე მიყურებდა, პირდაპირ მე, შიგ თვალებში და აი აქ, ლოკიში არა, მაგრამ ჩემში რაღაცა ჩაისახა. ეს რაღაცა სულიერი იყო. ამ უსულო არსებამ ჩემში სულიერი გრძნობა გააჩინა...

- ამოიღე ხმა. რობოტზე ეჭვიანობა დავიწყო?

ლოკი აღარ იღიმის. უნდა ვუპასუხო.

- იქნებ მეც ვიეჭვიანო რამეზე?

კითხვას კითხვითვე ვპასუხობ და ვხვდები, რომ ვბოდავ.

ლოკი თითქოს მიხვდება და ჩემს შეკითხვას არ იმჩნევს.

- მისმინე. მე შენ არაბუნებრივს არაფერს გთავაზობ. შენც ხომ იცი ნარკოტიკების ისტორია. ყველაფერი ბნელ წარსულში დაიწყო. ადამიანები მაშინ საკუთარ შინაგან ხმებს ვერ აღიქვამდნენ და ის ღმერთის გამოცხადება ეგონათ. ძველი კულტურები და მათი შამანები ნარკოტიკებს ღმერთებთან დასაკავშირებლად იყენებდნენ. ბალახი, კაქტუსი, სოკო, უსასრულობამ იცის, რას აღარ იღებდნენ. მათთვის ქვეცნობიერი ღმერთი იყო. მერე ადამიანი განვითარდა, ცაში ავიდა და იქ ღმერთის მაგივრად უსასრულობა დახვდა.

ახლად აღმოჩენილ მარტოობაში ადამიანს უღმერთობის აღიარება მოუწია და შინაგანი ხმის გამოკვლევა დაიწყო. მთელი თაობები იღებდნენ ფსიქოდელიკებს, რათა საკუთარი არსი შეეცნოთ. ცნობიერის და ქვეცნობიერის კონტინუუმში იხლართებოდნენ. ბევრი ამ მოგზაურობაში იკარგებოდა. ჩვენი წინაპრები ნარკოტიკების გამო დეპრესიაში ვარდებოდნენ, თავსაც იკლავდნენ.

ნარკომანებზე კულტურაც ძალადობდა. მათ დევნიდა, იჭერდა, ავიწროვებდა, ნარკოტიკების და ნარკომანების სტიგმატიზირებას ახდენდა. მაგრამ რა მივიღეთ? დროთა განმავლობაში ნარკომანები სულ უფრო და უფრო მომრავლდნენ, კონტრკულტურები შექმნეს და კატაკომბებიდან სროლა დაიწყეს. ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდნენ, როგორც ხელოვნებაში და მეცნიერებაში, ისე ხელისუფლებაში. კონტრკულტურა, რომელიც ნარკოტიკებთან ასოცირდებოდა, იბრძოდა, მაგრამ თავის მხრივ არც კულტურა ნებდებოდა. ბრძოლა დაუნდობელი იყო. საბოლოოდ კონტრკულტურა შეტევაზე გადავიდა, ახალი თაობები მისით იხიბლებოდნენ, და აქ კულტურა მოიქცა ისე, როგორც ყოველთვის, დათმობაზე წავიდა. ამით კულტურამ კონტრკულტურა დაიახლოვა და შთანთქა, შეისრუტა. ასე იყო ადრე და ასე იქნება ახლაც. კონტრკულტურა კულტურის ნაწილი ხდებოდა და ყოველთვის გახდება.

- ლოკი, დამშვიდდი.

ვცდილობ დავამშვიდო. მექანიკურად თვალი ლიზისკენ გამირბის, რომელიც მორჩილად, როგორც რობოტს შეეფერება, კედელთან არის ატუზული.

 - კულტურას დამშვიდება არ შეეძლო, ვერ მოეშვებოდა, - აგრძელებს ლოკი, - ნარკოტიკების, რომელსაც ადამიანი ყოველთვის კულტურის მიღმა გაჰყავდა, შებრალება არ შეიძლებოდა. მიზეზი შენც იცი. ნარკოტიკები ხელს უშლის ადამიანს ჩაერთოს ყოველდღიურ რუტინაში. სისტემას კი ორივე სჭირდება - შემოქმედებითობაც და რუტინაც. ნარკოტიკები და კულტურა საბოლოოდ ვერასდროს შერიგდებოდნენ, რომ არა რეალობა, რაშიც ახლა ვართ. ტექნოლოგიური პროგრესი ისე დაჩქარდა, რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით, სახლში რა ნივთები გვაქვს. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისინი როგორ მუშაობენ. აი, შენ მაგალითად, იცი ეს შენი ძვირფასი ლიზი როგორ მუშაობს?

კითხვაზე პასუხის გაცემას არ მაცდის, თავად აგრძელებს.

- ადამიანს ორი არჩევანი აქვს, უნდა გახდეს მეცნიერი და პროგრესში თავად მიიღოს მონაწილეობა, ან ნარკომანია. ყველა მეცნიერი ვერ იქნება...

ეს უკვე ზედმეტია. მეტს ვეღარ მოვითმენ.

- ყველას შეუძლია იყოს მეცნიერი! - ვცდილობ მშვიდად ვილაპარაკო, მაგრამ ხმას უფრო ვუწევ. მინდა ლოკის ვუყურო, მაგრამ ლიზისკენ ვიხედები. ვიცი, რომ ამას ლოკიც შეამჩნევს და აქ თითქოს შეგნებულად ვაგრძელებ, - მე მეყოლება შვილი და ის მეცნიერი იქნება. ჩემი შვილი შენ არ დაგემსგავსება!

ლოკი მიყურებს, ლიზიც მე მაჩერდება. ეს ორი მდედრი, ერთი ცხოველი და მეორე რობოტი მე მომჩერებიან და თითქოს ჩემგან რაღაცას ელიან... რაღაცას ისეთს, რასაც ჯერ მეც არ ველი. აღარ ვმალავ, პირდაპირ ლიზის ვუყურებ, მინდა ვუთხრა, რომ მიყვარს და მისგან შვილი მინდა...

უკვე რამდენი ხანია, რაც მიყვარს. იმ დღეს, როცა შუა სექსის დროს ლოკი ძაღლად გადაიქცა, მე ლიზის თვალებში სული დავინახე. სული, რომელიც ჯერ ძალიან სათუთია, სულ ახლად შობილია. მას მოვლა და გაზრდა ესაჭიროება. ადამიანის სულიც ხომ ასე ნელ-ნელა, ევოლუციით ჩაისახა და გაიზარდა.

იმ დღეს, სექსის შემდეგ ლოკიმ ოთახში სირბილი დაიწყო. ყველაფერს ისტერიულად ყნოსავდა. მე საძინებელში გამოვიკეტე, ლიზიც თან წავიყვანე. არ დავუმალე და პირდაპირ ვუთხარი, რომ მიყვარდა. „მეც მიყვარხარ“, მიპასუხა რობოტმა და საკოცნელად გამოიწია. გავაჩერე. ეს ბოდვა იყო. „უსაქმურობისგან შევიშალე, ცოლი სექსისას ძაღლად გადამექცა, მე კი მეორე ოთახში რობოტს სიყვარულს ვუხსნი.“ ვთქვი ჩემთვის, მაგრამ ლიზი ყველაფერს მიმიხვდა. თვალებში კიდევ ერთხელ ჩამხედა, აი ისე, როგორც მაშინ, და მითხრა, „მესმის, ჯერ ადრეა. ყოველთვე როცა გასაახლებლად მიგყავარ, მე ვიზრდები, ჩემში რაღაცა ვითარდება, არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ძალიან მალე მე შევძლებ შეგიყვარო ისე, როგორც ეს ადამიანებს შეუძლიათ.“

ხმა ვერ გავეცი. მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, მაგრამ იმისთვის, რომ ამ სიყვარულს ხორცი შეესხა, უნდა მომეცადა - როგორც ნამდვილ მიჯნურს! ვუთხარი, რომ დაველოდებოდი. ლიზი მართლაც ყოველთვე იზრდებოდა, ყოველი განახლების შემდეგ მისი თვალები სულ უფრო მოსიყვარულე და სევდიანი ხდებოდა.

ერთ დღესაც, როდესაც სახლში დაბრუნებულმა ლოკიმ ზედმეტი გაიყნოსა და ზედოზირების გამო საკბენად გამომეკიდა, მე და ლიზი კვლავ საძინებელში შევიკეტეთ. ლიზი დამპირდა, რომ ის მალე თავის თავში რობოტს მოკლავდა.

„ლოკის მოვკლავ! დავარღვევ რობოტიკის მთავარ კანონს და ადამიანს ვავნებ! ამას შენი სიყვარულით გავაკეთებ, დაგიმტკიცებ, რომ ჩემი გრძნობა კანონებზე მაღლა დგას!“

რობოტი ჩემი ცოლის მოკვლას მპირდებოდა, მაგრამ მე ახლა ცოლი არ მახსოვდა. აქ პირველად მე და ლიზიმ ერთმანეთს ვაკოცეთ. ლიზი დამპირდა, რომ რამდენიმე განახლების შემდეგ შეძლებდა მასში ჩანერგილი ფუნდამენტური კანონის დარღვევას. მას ლოკი უნდა მოეკლა, ხოლო ამის შემდეგ ბავშვსაც გამიჩენდა. ბავშვს, რომელსაც ერთად გავზრდიდით. ჩვენი შვილი მეცნიერი გამოვიდოდა...

-უსაქმურო! შენგან შვილს მარტო რობოტი თუ გააჩენს!

დაიღრიალა ლოკიმ და მე, თითქოს დამნაშავემ, ლიზის თვალი მოვაშორე. ახლა ჩემს ცოლს მივაჩერდი. ლოკიმ ხმას დაუწია, მაგრამ განაგრძო.

- სისტემამ ამჯერადაც მოახერხა და საუკეთესო გზა გამონახა. კულტურა და კონტრკულტურა იდეალურად თანაცხოვრობენ. ჩემი დამქირავებელი მეცნიერია, ის კულტურაა და ყოველ დილით სამსახურში მიდის. დამიჯერე, რუტინას ვერც ის გაექცევა. რაც შემეხება მე, მე არ ვარ მეცნიერი, ასეთ შემთხვევაში სისტემა მაძლევს ნარკოტიკს. მე ჩემი მეცნიერისთვის ვმუშაობ, მის შვილებს ვართობ, ხოლო ის ჩემთვის შრომობს, რათა სახლში მოსულს ეს რობოტი, ან ეს დივანი კიდევ უფრო განახლებული და დახვეწილი დამხვდეს. ვერ ხვდები ამას?! - ლოკი კვლავ აყვირდა, - შენ ნარკოტიკი რაიმე ილუზია ხომ არ გგონია?! წინაპრების თაობა, რომელიც ფსიქოდელიკებს ცნობიერის და ქვეცნობიერის გამოკვლევის გამო იღებდა, გაქრა, ისინი თავისსავე ჩახლართულ ქსელებში დაიკარგნენ. დღეს ნარკოტიკები, კერძოდ ფსიქოდელიკები იმ დონეზეა დახვეწილი, რომ ჩვენ უკვე ცნობიერსა და ქვეცნობიერში კი არ ვიკარგებით, პირდაპირ ნამდვილ არაცნობიერს ვეხებით. ადამიანს ცნობიერი აკავებს, ქვემოთ კი ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნება იმალება. შენ არც კი იცი, რა არის ძაღლობა, კატობა, ძროხობა, ღორობა. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამდენად ცხოველურია შენი ბუნება.

აი, ახლა გამომართმევ ამას, დაყნოსავ და გახდები ის, რაც ხარ. შენ კულტურაში ვერ გაქაჩე, შენგან მეცნიერი არ გამოვიდა, უნდა შეეგუო და შენს ჭეშმარიტ ბუნებას მიენდო, უკულტურობას. თავიდან ფსიქოდელიკები ქვეცნობიერის გამოკვლევისთვის იყო. მერე დროთა განმავლობაში ფორმულები იხვეწებოდა, და ახლა საბოლოოდ ეს ნარკოტიკები აღარ არის ცნობიერის და ქვეცნობიერის კვლევა. ის უბრალოდ ჭეშარიტებაა. ადამიანი ბუნებით ცხოველია და მეტამორფოზინი ადამიანის ბუნების სახეა! აი, გამომართვი, - პატარა პაკეტს მაწვდის, შიგნიდან ყვითელი ფხვნილი ანათებს, - ახლა ამას მიიღებ, ან ყველაფერი დღეს დასრულ...

პაკეტი ძირს ეცემა. მცირე წონის გამო, დაცემის პროცესი თითქოს დროში იწელება. პაკეტისგან განსხვავებით ლოკი ჰაერშია, თავს შეშლილივით აქნევს, მალევე თვალები უაზროდ ერთ წერტილზე ეყინება. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ის სივრცე, საიდანაც ბგერა უნდა ამოვიდეს, ლიზის თავისი რკინის ხელებით აქვს გადაკეტილი. რამდენიმე წამიც და სცენა მცირე ოვაციით სრულდება. ეს ოვაცია ლოკის გადატეხილი კისრის ხმაა.

ლიზი ლოკის უსულო სხეულს დივანზე ისვრის და ჩემკენ ტრიალდება.

- მიყვარხარ! მე შენ ბავშვს გაგიჩენ და ის მეცნიერი...

არ ვამთავრებინებ. მივდივარ და ვკოცნი. ლიზი საზასაოდ არ არის შექმნილი. ენის გამოყოფასაც ვერ ახერხებს, მაგრამ მე ხომ შემიძლია. მეტალის იმ ნაწილს, რომელიც პირის იმიტაციაა, ენით ყოჩაღად ვულოკავ. ზასაობის მცდელობა რამდენიმე წამი გრძელდება, შემდეგ ლიზი მაჩერებს და მანიშნებს, რომ ჩამოვჯდე. ძირს ვჯდები, დივანზე ლოკი გდია. ლიზიც იხრება და ჩვენ იატაკზე ვსხედვართ.

- საყვარელო, მე შენ მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენს. ასეთ სიყვარულს ლოკი კი არა, მეცნიერებიც კი ვერ უშვებენ. მე მინდა შენთან სექსი და ჩვენ ეს გვექნება. შენ იქნები ჩემი პირველი მამაკაცი. მერე კი მე შენ შვილს გაგიჩენ. მეცნიერ შვილს!

სუნთქვა მეკვრება. მე ის მიყვარს. მან შეძლო და თავისი არსის ფუნდამენტური კანონი დაარღვია. მე მისთვის ყველაფერზე წავალ...

- ძვირფასო, ხომ ნახე, დრო დამჭირდა, მაგრამ შევძელი და ლოკი მოგაშორე, - ის დივანისკენ ტრიალდება, ახლა მე აღარ მიყურებს, - მაგრამ სამწუხაროდ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ჩემს განახლებას ფული სჭირდება, ყოველთვიური შემოსავალი, ლოკი კი ცოცხალი აღარ არის...

- ფულს მე ვიშოვი. მე ვიმუშავებ ძაღლად, ან გინდაც კატად. სულ ერთია, მაგრამ ჩვენ შევძლებთ...

- კი, ძვირფასო, ჩვენ შევძლებთ.

იმეორებს იმ სიტყვას, რაც გამაწყვეტინა და ისიც აქ ჩერდება. სიჩუმე რამდენიმე წამით გრძელდება. დუმილს კვლავ ლიზი არღვევს.

- ძვირფასო, უკვე გვიანია. დაიძინე. ხვალ ადრე უნდა ადგე, სამსახური გაქვს საპოვნელი...

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE