მე, მარგარიტა, შუშანიკი, ჩაიკა... ანა


მე, მარგარიტა, შუშანიკი, ჩაიკა... ანა




იცით, როგორი ამბავია, მე მიყვარს ანა. აესე. უპირობოდ, არაფრისთვის. თუ ვინმე ანას არ ჰყვარობს და მეც ამის გამო ამითვალწუნებს, დაე. ათასი წელი და რვა თვე! ეგ მე არ ვიდარდო. როცა არცთუ ისე ახლობელი შეგიძლია არაფრისთვის გიყვარდეს, უფრო სწორად, მხოლოდ იმისთვის, როგორიც გგონია, რომ არის, სხვა შვიდასი დაბოღმილის ქილიკი აქ რა მოსატანია. მოკლედ, მე რომ კიდევ უფრო გავიზრდები, შეიძლება ანა გამოვიდე (გამომივიდა ანას სტილში? ვერა? აა. კაი).

...

ვსხედვართ კაფე „X”-ში მე და ანა. ჩვენ ამ ადგილიდან არ დავჩეკინდებით, არც თავში მომსვლია და თურმე, ისიც ვერ იტანს ეგეთ საქვეყნოობას. დღის ბოლოა - ის უნივერსიტეტიდან, მე რადიოდან. ვსხედვართ დაღლილები. დღეს ორივემ ჩვენ-ჩვენი ვიშრომეთ. აი, სახლში მიგდება რომ გინდა, კიარადა, შეძრომა და თუნდაც რომელიმე იდიოტური სერიალის ყურება, ან ფეისბუქზე ვიღაცის კუნძულის თამაში - სრულიად სულელის გამომეტყველებით წკაპუნი: ეძებ პეპელას, უი - პეპელა. წკაპ და მოგემატა ქულები. მგონი ეგრე ვართ. მაგრამ ორივე ვსხედვართ. იმდენი კითხვა მაქვს შენთან, ვეუბნები. აქ ამისთვის ვარ, მეუბნება. და იწყება. თავგადასავალი, რომელსაც მე, მასზე უკეთესად ვერასოდეს მოყვები.

...

ეგეთი ამბავია, კი. წიგნების და წერის გარდა, უნივერსიტეტი, ლექციები. ანა კორძაია-სამადაშვილი ხო ასოცირებული პროფესორია - დღეს ეგ არის მაგისი საქმე. სავსეა აუდიტორია სტუდენტებით. მისი საგანი არჩევითია. დადიან. ესეც კაი ვამპირია, არა უშავს, შედის და ისრუტავს ენერგიას, გამოდის და მათ უტოვებს - ზუსტად ვიცი. მე ორსაათიანი ინტერვიუდან ეგეთი წამოვედი და ისინი წარმომიდგენია. საქმე კიდევ რა, ნაწილი პურია, ნაწილიც ისე. მოხალისეობრივად ჯანდაბაშიც წავა. წასულა კიდეც. და პური კიდევ, უფრო სწორედ ფული სჭირდება. ტანსაცმელზე და ეგეთებზე კი არ ირევა, „სექენდ ჰენდშიც“ წარმატებულად ჩაიცვამს, ასე იოლია უფრო, და მერე კიდევ, არც შოპინგია თერაპია მისთვის. მანქანაც არა. ალბათ, არც ეყოლება. მოგზაურობაც - რა გითხრათ, უფრო ხშირად საქმეს მოაქვს წასვლები, წიგნი ითარგმნა, პრეზენტაცია, სადღაც რიდინგია, რამე.  თავისი ხარჯით და კონკრეტული საქმისთვის იშვიათად გამოსდის წასვლები. თუმცა, არა, ბოლოს იყო ის ოთხღამიანი პარიზი. ტურისტულად არ დადის ხოლმე და იფიქრა, ავდგები, ჩემით წავალ, ერთხელ ხომ უნდა მოხვდე პარიზში და წავიდა. დეიდამისთან ერთად. არაფერი რომანტიკული, მაგრამ დაიცენტრა ამ ქალაქზე. თან ხო სტერეოტიპია, რომ ფრანგული თუ არ იცი, პარიზში უცხო ხარ, რაღაც ეგეთი. არააა. ვაფშე არა. და კიდე, რომ პარიზი სიყვარულის ქალაქია და იქ რო დეიდასთან ერთად მიდიხარ. ჰა ჰაა. მაგრამ სამაგიეროდ, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, ყველა პარიზიდან მოდის. მისი ოთხი მუშკეტერიც და ბოლოს და ბოლოს მისი ჰემიც იქ არ იჯდა? იფიქრა, წავალ, გავყვები ჩემი კაცების კვალსო და ეგრე აგიხდათ ყველა სიკეთე. და იქ ზოგ ადგილას რუკაც არ სჭირდებოდა, კი, პარიზმა იცის ეგეთები - თვითონ გახვედრებს, სად ხარ. ხედავ და იცი. ბევრი იბორიალა ქუჩებში. და სენასაც ბევრჯერ ჩახედა და ხიდებზეც გადავიდ-გადმოვიდა და კიდევ ბაღები ხომ უყვარს ანას და იქაც იარა. მუზეუმებიც - თავდავიწყებით, მაგრამ როგორი ამბავია იცით, ანას აღორძინების ხანის მხატვრები უყვარს და ეგ კიდე კონკრეტული ნიშაა და ამბავი. აა, ხო.  „ვინ მოკლა ჩაიკა“ გამოვიდა გერმანულად და ფრანკფურტში მოუწევს წასვლა (ამ ამბის დაბეჭდვისას უკვე ნამყოფი იქნება) და იქ შევა, ალბათ, შტედელის მუზეუმში და მამაზეციერი იქიდან ვერ გამოათრევს (მერე ვკითხოთ ისე, წავიდა თუ არა მართლა). ხოდა ასე. ჩააფერფლა.

და კვამლი გაიწელა უცებ კამოს ქუჩის სამშობიარომდე, სადაც დაიბადა. ისე, აღარ არის დღეს ეგ სამშობიარო, მოუჩიჩქნიათ. ეგ ისე იცის, თორე ხო არ ახსოვს, არც გულის ჩუყილები და ამბებია.  დედისერთა იყო. მაგაზე დიდად არ დარდობდა ადრე,  რაც არ გაქვს და ვინც არ გყავს, იმაზე როგორ უნდა იდარდო, მაგრამ მერე კი, მერე მოვიდა  ცოტა სევდასავით, რომ ფიქრობ, ეე, რა მაგარია, როცა ვიღაცას უპირობოდ უყვარხარ და თან ჯანდაბა, პასუხისმგებლობასაც გაუწილებდი ვინმეს, რო რამე. აბა.

ხოდა, მაშინ, ანა რომ იბადებოდა, 1968 წელი იყო. რა ვიცი, ვის როგორ ახსოვს და ანასთვის კი ძალიან მაგარი და ბედნიერი ბავშვობა იწყებოდა - აბსოლუტურად ყველას რომ უყვარხარ, მაგ შეგრძნებით და ის დიდი სახლიც, კომუნალური ბინა, ვარანცოვზე, კალინინის მოედანი #1, იყო ამ ბედნიერების ადგილი. ეგ სახლი დღესაც დგას, თეთრანგელოზებიანი. დიდი ფულის პატრონი რომ იყოს ანა, დაუფიქრებლად ეტაკებოდა და იყიდდა. მერე კი წამოვიდნენ მაგ სახლიდან. არა, არ გაუყიდიათ, მაშინ ვინ რას ყიდდა, გარდამავალი დროშის პრინციპით გადადიოდა ბინებიც. ისე კი დიდი ბინა იყო, მეფური, უუუზარმაზარი ჭერით, მაგრამ კომუნალური ბინა ანასთვის იყო  ხალისი, ბავშვისთვის, თორე საერთო სამზარეულო და უაბაზანობა. არაა. ანა კი ფიქრობდა, აი, ეს არის ცხოვრება. და ახლაც ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლება ბავშვობა გაატარო, ეს ე.წ. იტალიური, სინამდვილეში თბილისური ეზოა. აი, კარი, რომ არ იკეტება და... სახლი იყო მოკლედ. ახლაც, როცა მტკვრის იქითა ნაპირას გადადის,  სრულიად ანგარიშმიუცემლად აქვს გრძნობა, რომ სახლში მიდის. ეტყობა რაღაც დიდი ფესვია. ღამეც რომ მოუწიოს იქ გავლა, არ შეეშინდება. ეგრე იცის იმ ადგილებმა, საიდანაც ცუდი არაფერი გახსოვს და რაც გახსოვს კიდევ, ფოიერვერკად. არა, არც ვაკეში გადმოსვლის მერე ხდებოდა ცუდები, უბრალოდ, აქ უკვე ბავშვობა დამთავრებული იყო.

გამგონე ბალღი იყო, და კაცმა რომ თქვას, არც არავინ უკრძალავდა რამეს. და ეხლა მეოთხე სართულიდან გადახტომა სულაც არ უნდოდა. ამბების მოსმენაზე გიჟდებოდა, მაგრამ ამბები უფრო მას მერე დაიწყო, როცა ანა მალხაზ ვაჩეიშვილს დაუმეგობრდა. და  ვაჩეს დაყავდა ხოლმე ტყეში ან მთაში იმ პირობით, რომ მოუყვებოდა. ოღონდ უნდა მოგეყოლა ძაან სპეციფიკურად, ისე, რომ მას დაენახა - დაიცა, დაიცა, ეტყოდა ანას,  წვრილმანები ღმერთიაო და, ყვებოდნენ. ალბათ, მაშინ მოაყოლა კიდეც ყველაფერი, რასაც ანა მანამდე 17 წელი ისმენდა.

და ამბებამდე კიდევ იყო „სახლობანა“ და„ომობანა“ და „პაროლობანა“ და „წითლები და თეთრები“ და „კრუგოი ლაფტა“ და „ბომბა“. თან ძველი სახლიც ხო მაგარია, იქ სხვენებია, საიდუმლოებია, კიდევ ზემოთ თუ ახვიდოდი და ციმაკურიძის ქუჩით, კიბით აუყვებოდი ბუხაიძეს და კიდევ ზემოთ, იქ მატარებლებიც დადიოდნენ და ქვემოდან ყურებაც შეიძლებოდა. აეს დღეს ვეღარ არისო - ყოვლისმომცველი მშვიდობის განცდა. კიდევ იქ რაღაც საიდუმლოებებიც იყო, ერთ ბუტკაში ერთი დიდი მხატვარი ცხოვრობდა, სინამდვილეში, არავინაც არ ცხოვრობდა ცხადია, მაგრამ ამბებს იგონებდნენ...

სკოლა არ უყვარდა. სამაგიეროდ,  უნივერსიტეტი იყო (რუსული ფილოლოგია) მაგარი - ყვაოდა. სწავლობდა. უყვარდა. ბევრს კითხულობდა. ასე იყო, დღესასწაულივით. 9 აპრილამდე. მაგ დღეს კიდევ სახლში იწვა სიცხიანი. წინადღით თავისი პროფესორის სიკვდილი გაიგო და აუწია. თუ დაიჯერებთ ეგრე იყო და. და ის დრო. საბჭოთა დრო, თავისთვის და განყენებულად - როგორ შეიძლება ფსიქიკურად მდგრად ადამიანს ყვარებოდა ხელოვნურად შექმნილი უზარმაზარი იმპერია? ვერც ანას ეყვარებოდა. რაც ზუსტად იცოდა, დედამიწის ერთ მეექვსედზე მოგზაურობა უნდოდა და ამის ასრულებას კი დასჭირდებოდა ცოტა ქიცინი.  ბარიერები რომ იქნებოდა, ისევე გადასარევად იცოდა, როგორც ის, რომ თუ დიპლომი გინდოდა გქონოდა, პოლიტიკური საგნები უნდა ჩაგებარებინა, მაგალითად, პოლიტეკონომია. სადღაც ესეც გამოდგება, განსაკუთრებით მარქსისტული განწყობის ახალგაზრდები თუ დაეტაკებიან ხოლმე. აი, მაგ დროს ანა ჯიბეებიდან თავის ჯოკრებს დააძრობს. პოლიტეკონომიის კოჯრებს.

ანა დადიოდა მთაში. დადიოდნენ. ერთი რამ იცოდა, რომ თუ იყო შანსი, თავის მზიურ საქართველოში სადმე გამძვრალიყო, ამას გააკეთებდა და შანსი კიდევ, სულ იყო. ანამ ისიც იცოდა, რომ მაგრად უნდა სცნობოდა თავისი ქვეყანა იმისათვის, რომ მისი სიყვარული შესძლებოდა. ეს - მამისგან. დღეს კი, უბრალოდ ძალიან მოსწონს, რომ ზუსტად საქართველოში დაიბადა. დედებს ხო არ ირჩევენ. და თან, საბოლოო ჯამში, სად იბადები, მაგას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ან ხარ ბედნიერი და ან არა. ანა კი, იმ კამოს ქუჩიდან მოყოლებული, ამ ჩვენ სადაც ახლა ვსხედვართ კაფემდე, ბედნიერი ქალია. ნუ, უმარცხო ადამიანი არ არსებობს, მარცხებიც იყო. ხოდა, მოკლედ, რას ვყვებოდით, საბოლოო ჯამში, ანა არასოდეს ყოფილა სამომხმარებლო საზოგადოების ფანატი და არ მიაჩნდა, რომ ადამიანს რვა ჩექმა უნდა ჰქონდეს - აი, რა ჯანდაბად უნდა რო? ამიტომ იყო, რომ თავისი შეკერილი ქვედაბოლოთი და მამამისის  საყელოგადაჭრილი სვიტრით ძაანაც ამაყად დააბიჯებდა მთაშიც და ბარშიც და საერთოდაც მიაჩნდა, რომ მაგარი გოგოა. ბევრიც ნახა და ბევრიც იარა. ერთი იმ შუა აზიაზე სწყდება გული და მეორე, რადგან სლავისტი იყო, ურალის ქედს რო არ გასცდა და ნამდვილი ტაიგა არ ნახა. მაშინ ფიქრობდა, კიდევ იქნებაო და აჰა. არ არი ეგრე. შეიძლება კიდევ წავიდეს, მაგრამ ეგ სერიოზული ტურისტი დეიდის მოგზაურობა იქნება და არა ზურგჩანთიანი ტიპის, რომელიც აშხაბადში მიახტა მატარებელს უკნიდან.

არადა, მაშინ არ წერდა. აი, მთელი ის სიგიჟეები ისე გამოიარა, მთები და მოგზაურობები, რომ არ წერდა რა. აი, ხო შეიძლება გაგიჟდე, სად მიჰქონდა? 34 წლის იყო, პირველად რომ დაწერა. ანა კორძაია-სამადაშვილი - მწერალი? რას წარმოიდგენდა. სამსახურებიც ისეთი ჰქონდა, რაღაცნაირი - აი,  ჩინეთის საელჩოსთან არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობაში მდივნის პოზიცია. მაგრამ ეგ უფრო იყო პური ანუ ფული, რომ მერე მაგით თავისუფლება ეყიდა. და თუ იმის შანსი არ იყო, რომ სადმე მოეხია, დროებით, ეგეთ ადგილას არ ჩერდებოდა. დაჭედებული სამსახურები არ შეეძლო. ცხრიდან ექვსამდე. არაა. ვერა. და რა ჭირად უნდოდა მერე ეგეთი ფული - რემონტი გაეკეთებინა? ვიღაცას რემონტი უნდა ალბათ, მაგრამ ანას გზა უნდოდა. გზა და წასვლა თუ არ იქნა, მიწვება კუთხეში და მოკვდება. დღესაც ეგრეა. მაგრამ დიდ ბრიგადებთან სიარული არ უყვარს. გრუპენ მორგენი, ოთხასი ადამიანი რომ დააწვება სადმე, განსაკუთრებით, ქართული სინამდვილით და მერე ერთს რო ფისი მოუნდება და მეორეს ჭამა და მესამეს უნდა გაყვე სადმე და თავის კაცზე გეჭორაოს, ეგენი აბსოლუტურად არ აინტერესებს. არც ის გოგოა ანა, სანაპიროზე ყველასთან ერთად რო გაწვეს. არ უნდა რა. მარტოც კაია. ან ორ-სამ მეგობართან ერთად. ანას მეგობრებს ორი კარგი თვისება აქვთ - ზედმეტ კითხვებს არ სვამენ და უბრალოდ, არიან. და კიდე, არ ეშინია რა ამ მარტო ყოფნის. ახლაც მარტო ცხოვრობს და მშვენიერია. სახლიც უყვარს, სადაც მივა, ჩართავს თავის „Game of Thrones”-ს და იქნება ბედნიერი. ეხლა სერიალებით გამოწვეული ბედნიერება არ ამახსნევინოთ რაში მდგომარეობს. მდგომარეობს ძალიანაც.

და წერა - მართლა არ ახსოვს რომელმა ბზიკმა რა ადგილას უკბინა. მაგრამ რომ უკბინა, ეგ ფაქტია. დისერტაციის მერე პირველი რაც დაწერა, რაღაც ესე იყო. თან გერმანულ ჟურნალში დაიბეჭდა და  900 გერმანული მარკა ჰონორარი აიღო. ერთი თვე ანამ და მისმა მეგობარმა მეფეებივით იცხოვრეს. ვაა, გაიფიქრა, კლონდაიკი. მაგრამ, არაფერი კლონდაიკის მსგავსი, შემთხვევითი გასროლა იყო. ლიტერატურით კიდევ რომ საქართველოში ფული არ კეთდება, ეგ საზეპიროა. მაგრამ აი, მერე ამ ლიტერატურამ შეიძლება ფული გაგაკეთებინოს. აი, მაგალითად, ამისთვის წახვალ სოფელ კუკულაანთკარში და წაიკითხავ ლექციას თემაზე - სიუზან სონტაგი. და რომ არ გქონდეს დაბეჭდილი წიგნი სიუზან სონტაგზე, კუკულაანთკარში კუკულას წაიყვანენ და არა შენ.

ერთი სიტყვით, კი გამოვიდა ანას პირველ წიგნი „ბერიკაობა“, სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით. წერე რაო, ბაკურ სულაკაური ეუბნებოდა. და მერე იცით, რა მოხდა, „საბა“ მოიგო. აი, ამ სხვისი სახელით დაწერილი მოთხრობების კრებულით - 2002 წელი იყო, ნომინაცია დებიუტი და ლამის ერთ-ერთი პირველი „საბაც“ ანას ეჭირა. მერე წავიდა და წავიდა, დაიძრა. პირველი წიგნი მაგრად მიდის, თხლაშ-თხლუშ, დაწერ, გიხარია, მეორეც, თან თუ წარმატება მოიტანა, მიდის ლაითად და მერე, რაღაც ხნის მერე უცებ მიხვდები, რომ ოპაა, აღარ მოდის ისე. მერე უკვე პასუხისმგებლობა მეტი გაქვს. დებიუტი სხვა ამბავია.

პირველიც და მეორე მოთხრობების კრებულიც გაზეთ „24 საათის“ რედაქციაში იწერებოდა, 70 კაცის ხმაურში. იქ ანა პარლამენტის კვლევითი  დეპარტამენტიდან მივიდა. ხალისი იყო. რადიო „მწვანე ტალღაც“ ეგრე.  ხოდა, წერდა იმ ხმაურში, მაგრამ ეგ სხვანაირი ხმაური იყო, ისეთი არა, რაც დღეს თბილისში ხდება - ანამ, ხმაურის ტერორს მაგონებს, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში თბილისში ხდებაო. ფონიც კი ხმაურია უკვე. და მის პასაიაში კიდევ კი ანგრევს ტალღები იქაურობას,მაგრამ ეგ ბუნებრივი ამბავია - თუ არ გინდა ზღვის ხმა, ადექი და მთაზე ადი, შეგიძლია, მაგრამ როცა სახლში ხარ და გესმის ღრიალი, ეგ სხვა ტერორია.

მაგ დროს გავარდნა და სტიპენდია კია გამოსავალი, მაგრამ ბოლო დროს ეგრე ხშირად და თავაშვებულად ვეღარ. ისე კი, „ვინ მოკლა ჩაიკა“ სწორედ ერთი ეგეთი გავარდნის დროს დაწერა, პასაიაში. პასაიკოში - ნახეთ, როგორი მოფერებითი სახელი მოუგონა. ანაა რა.

ბოლო დროს უფრო ბევრს თარგმნის ხოლმე. ეგ ისე, წერას ხელს უშლის. შენსას ძნელად ძრავ და თან, დიდ მწერალს რომ წაიკითხავს ხოლმე, დაჯდება და ჯანდაბა, იტყვის, ამის მერე მე როგორ. აი, ჰერტა მიულერი თუ მწერალია, მე ვინ ვარ. გინდა კომპლექსი დაუძახე და გინდა რაც გინდა, ეგრეა. და ცოტა დრო უნდა ხოლმე, მოხარშო - და მერე თავს უფლება მისცე, შენც დაწერო. ცოტა ხნის წინ გივი მარგველაშვილის წიგნი წაიკითხა, „ბოროტი თავი“ - ჯერჯერობით სიტყვების ძებნაშია. ემოცია სად შეტენოს, მაგის ფიქრში. უნდა მივიდეს და უთხრას, ეს რა მხეცობა დაგიწერია, მაგრობა. აჰა, უთხრა. ვათქმევინე.

ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი წიგნის წერა. რომანი იქნება. თბილისური ამბავი იქნება,  ქუჩურ-კუნაპეტი. ჯერ მეტი არ ვიცი. ჯერ თვითინაც არ იცის პირველად ვის წააკითხებს. ან როგორი გამოვა. მე კი მოუთმენლად დაველოდები, ვიცი. ანა ის მწერალია, ვისაც დიდი ამბები სჭირდება, დიდი თავგადასავალი, მოგზაურობა, მკვდარი სიყვარულის დარი ამბები, რამე ეგეთი. ბოლოს თითქოს მინავლდა ეგენი და დიდად არც წერდა. მაგრამ ანა ეგეთი მწერალია, უნდა დაელოდო.

სამაგიეროდ, თავისი მუდმივი ტიპები ყავს, მწერლები, მის აღფრთოვანებას რომ იწვევენ. იელინეკი, რომელიც ანამ თარგმნა, მათ შორის არ არის - პატარა ნაპერწკალსაც არ ტოვებსო და იმიტომ. და ყველაზე შემზარავიც ესაა, რომ ვერაფერში შეედავები, მაგრამ ანას მაინც არ უყვარს ელფრიდე. სამაგიეროდ, სელმა უყვარს, ლაგერლოფი, და სტივენსონი უყვარს. და კიდევ, „მობი დიკი“ მისთვის ყველაზე დიდი წიგნი, რაც წაუკითხავს. და უყვარს ალექსანდრ დიუმა. გადმოიღებს და გადაიკითხავს. ერთ წელში, ორში, სამში. იმიტომ, რომ იქ კარგია, იქ თავშესაფარია. თავგადასავლები საჭიროა და ამიტომ არის, რომ სადაც თავგადასავალია, იქ ანა დიდხანს ივლის - დაიწყებს „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან“ და შეაბიჯებს „შიმშილის თამაშებში“ და ძაანაც ბედნიერი იქნება. მაგრამ თუ ავტორი 30-ე გვერდზეც რაღაცას უწელავს, ეგეთი წიგნები გადადებულია. ნახვამდის.

ასეთივე ნახვამდის „კინდლო“. ანა ადგება და სქელ-სქელ წიგნებს წაათრევს ჩემოდნით, მაგრამ არა იმ ერთ რაღაც „ფიცარს“, რომელშიც ერთად უნდა წაიკითხოს თურმე „ანა კარენინაც“ და „შიმშილის თამაშებიც“. ან რამე, რა მნიშვნელობა აქვს, სტიგ ლარსონის ტრილოგიის მერე გამოსული კიდე მეოთხე ნაწილი. ეგეთია რა.

ანას უყვარს ნივთები. იპოვის და იყიდის ხოლმე და დადგამს უცნაურ ნივთს რამენაირი თავგადასავლით და ღამით მიზეზსაც მოიგონებს, რატომ უნდა ადგეს, შუქი აანთოს და ამ ნივთს შეხედოს. ნივთების დაბინავება უყვარს. უყვარს,როცა სადღაც მშრალი ხიდის პრინციპის ბაზრობაზე რაღაც კრეტინულ საფერფლეს იყიდის, რომელსაც უბრალოდ მამლაყინწა ახატია და მერე აღმოჩნდება, რომ  მებრძოლი ათეისტების საფერფლეა, აი, მისი გულმოდგინედ გაწმენდა უყვარს. მისი ფლობის თუნდაც არცთუ ისე ხანგძლივი მონაკვეთი - მერე, თუ ვინმეს ძალიან მოეწონა, აჩუქებს, გული არ დაწყდება. ხომ ჰქონდა! მთავარი ესაა.  აა, და ჰო, მაგნიტები - ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ წვრილბურჟუაზიული სიდებილის გამოვლინება ეგონა, სრული სვლით დამემართაო. მაგალითად, ანას უნდა ჰქონდეს საფოსტო ყუთი, რომელშიც ღია ბარათები დახვდება. ისეთი დროც იყო, როცა თუ ვიღაც ბარათებს გზავნიდა თბილისიდან სამების ხედებით, ანა ფიქრობდა, რომ ის ტოტალური იდიოტი იყო, მაგრამ ახლა როგორ გაუხარდებოდა, რომ იცოდეთ, მოდიოდეს საიდანმე ნამდვილი ღია ბარათები იმიტომ, რომ ჩაეხირა ის ვიღაც ადამიანი ტანზანიაში, წავიდა, იქაური დებილური ღია ბარათი იპოვა, დებილური მარკა დააწება, დებილურ საფოსტო ყუთში ჩააგდო და ანას გამოუგზავნა! აუუ, გაგიჟდება. არც არასოდეს გადაყრის და მეტსაც გეტყვით, აბრეშუმის ლენტსაც იშოვის და იმით შეკრავს და დიახ, აქვს უკვე აბრეშუმის ლენტები! ანამ ისიც შეაგროვა. შეხედეთ ანას მარცხენა ხელის თითს - შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი ბეჭედი. როგორ ჩაუვლიდა ასეთ რამეს გულგრილად? მერე რა, რომ თავიდან სამკერდე ნიშანი იყო და ანამ ბეჭდად გადააკეთა? დასაცინ სიხარულებს შორის იყო და ახლა ანას გატაცებად იქცა - ის ახმობს ყვავილებს. თაიგულებს აკეთებს. მერე კი გადაყრის ერთ დღეს, მაგრამ დღეს უყურებს და უხარია. მეგობარმა პრაღიდან რომ მაცივარზე მისაკრობი საათი ჩამოუტანა, ეგეც ამბავია, ისეთი კი არაა, ჩვეულებრივი. ხისაა და ანამ ზუსტად იცის, რომ მის საპოვნელად ლაშამ სადღაც იბორიალა, უყიდა და ჩამოუტანა.

ისიც სასაცილო ისტორიაა - ერთ დღეს ანა სცენაზე რომ ავიდა და ცოცხზე შემომჯდარი კუდიანი ითამაშა. ერთხელ კი „პატარა უფლისწულის“ გველიც იყო და სისინებდა. ანას მეგობარმა, რეჟისორმა ლაშა როსტობაიამ, რომელიც უკვე  დიდი ხანია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, ანას უთხრა, არც ერთ ბავშვს არ უნდა ითამაშოს კუდიანი ალბაო. არ უნდოდათ რა როკაპის თამაში, ხომ არ ითამაშებდიო და ბაზარი არ არისო, ანამ. როკაპის არიაც კი დაწერეს. მერე გველის როლი იყო და  გველი კიდევ როგორ არ უნდა ითამაშო ერთხელ მაინც ცხოვრებაში? გრძელი კუდიც ჰქონდა, ლატექსის კომბინეზონიც ეცვა, ოქროსფერი ქუდიც ეხურა და სსსსსს-საც იძახდა.  დიახ, ბატონო.

არა, არ გამომრჩენია სიყვარულის კუნაპეტი ამბები. არც ის, როგორ შეცვალა დ’არტანიანის სიყვარული პორთოსისამ. მაგას თავისი მიზეზი აქვს. კაცი იუმორით სავსეა, მაგასთან საინტერესოა, მეგობრობა გამოდის.  და ნამდვილი რომანები კიდევ - ანა უნდა იცინოდეს და ემეგობრებოდეს. სადარდებელი იდარდა და მორჩა - ამძიმებს ადამიანი? ესე იგი მას ანასთან არაფერი ესაქმება. ანამ თავს უნდა მოუაროს და თავისი ტვირთის გარდა ზემოდან კიდევ ვიღაცის ათ ფუთ მარილს არ წამოიკიდებს ნამდვილად. მაგარია, როცა გაიცნობ ისეთ კაცს, რომელიც გეტყვის, მაპატიე, რომ დამაგვიანდა მოსვლა, ქუჩაში ჰეკლბერ ფინთან მქონდა სალაპარაკო და მორჩა, გასაგებია. ანას უყვარს, უყვარს კაცები, რომელთაც უყვართ როკი.  რომლებსაც აცვიათ ჯინსები და კედები. წერტილი. ნელ ცეცხლზე თავს არავის შეაწვევინებს და რევერანსებიც წარსული ამბავია. ანა უკვე ისე გაიზარდა, რომ შეუძლია ყველაფერი დაიწყოს თავიდან.

 

და კიდევ იცით რა, ანამ იცის, რომ კიდევ გაისვრის, უფრო სწორად, ისეთს  დაწერს, რომ გაისვრის. მაგ შეგრძნების გარეშე საერთოდ არ დაწერდა. ისე, ეგეც არაა დიდი პრობლემა. თუ რამე, ანასგან კარგი აკორდეონზე დამკვრელიც დადგება. კარგი მებაღეც.

და თუ  წაიოცნებებს კიდეც, ბარემ ვთქვათ,

ჰქონდეს ანას  სახლი პასაიაში,

აკორდეონისტი კაცით,

და 80 წლის ასაკში 25 წლის ქალის ვიდი.

აეგ მაგარი იქნებოდა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE