ვოლია ჰაპეევა: მე ძალიან მიყვარს გაოცება


ვოლია ჰაპეევა: მე ძალიან მიყვარს გაოცება




(დიალოგი სკაიპით. 10 დეკემბერი, 2015 წელი)

 

შოთა იათაშვილი: დილა მშვიდობისა, ვოლია! მე ასეთი დიალოგები მუდამ საღამოთი ან ღამით მქონდა ხოლმე. ეს პირველადაა, რომ მსგავს საუბარს დილით უნდა შევუდგე. ამიტომ პირველი შეკითხვა ასეთი გამიჩნდა: დილას როგორ იწყებ? ვიცი, რომ მუდამ დატვირთული გრაფიკი გაქვს. ამისთვის კი ძალაა საჭირო. შენ გყავს შენი ღმერთი? დილის ღმერთი, გეგმების ღმერთი თუ საქმეების ღმერთი, რომელსაც რაღაცას სთხოვ? როგორ ემზადები, რათა ის გრძელი დღე, რომელიც წინა გაქვს, წარმატებით გაიარო?

ვოლია ჰაპეევა: არანაირად არ ვემზადები. და საერთოდ, დილასთან რთული დამოკიდებულება მაქვს. როცა პატარა ვიყავი, ადრე ვდგებოდი, დედა თმას მიწნავდა და სამსახურში მიდიოდა, მერე მე მუდამ ნახევარი საათით ადრე მივდიოდი სკოლაში და გაკვეთილების დაწყებას ველოდი. შემდეგ რაღაც შეიცვალა და უკვე აღარ შემიძლია ადრე ადგომა. საერთოდ, დილა კიდეც მიყვარს და კიდეც არ მიყვარს. ის ძალიან ინტიმურია, მე მეჩვენება, რომ უფრო ინტიმური, ვიდრე საღამო ან ღამე.

შ. ი. შეიძლება იმიტომ, რომ სიზმარ-ცხადის მდგომარეობაში ხარ. სხვა სამყაროდან გამოდიხარ, მაგრამ ცოტათი მაინც იქ რჩები.

ვ. ჰ. პირიქით, მე მგონია, რომ საღამოს და ღამით რაღაცნაირი, შეცვლილი მდგომარეობაა, ფანტასტიკური, არარეალური. გეჩვენება, რომ ყველაფერია შესაძლებელი. ხოლო დილა სრული „გამოფხიზლებაა“, ის გაყინული ტბასავითაა.

შ. ი. და იდეები, პოეტური ფრაზები, ამის განწყობილება არის დილით? დილით წერ ლექსებს, თუკი რასაკვირველია, ამისთვის გცალია.

ვ. ჰ. ხანდახან, მაგრამ როგორც წესი, ლექსები მოდის მაშინ, როცა სადღაც მივდივარ, მოძრაობისას. ხოლო თუ არსადა ვარ წასასვლელი - ძირითადად დაწყებულ ლექსებს ვასწორებ, ვრანდავ.

შ. ი. ამიღწერე შენი მოძრაობები. ანუ ის მოძრაობები, რომელიც გიყვარს, რომელიც შენია და სხვათა მოძრაობებს არ ჰგავს.

ვ. ჰ. ფიზიკური?

შ. ი. მეტაფორულად გითხარი. როგორც გინდა.

ვ. ჰ. სულის მოძრაობები? ჰა-ჰა!

შ. ი. გულის... ან თმის...

ვ. ჰ. საერთოდ, არ მგონია, რომ მე რამე ისეთი მაქვს, რაც სხვას არა აქვს (გენების კომბინაციას თუ არ ჩავთვლით). ისე ,მე ძალიან სწრაფად მეცვლება განწყობილება. სწრაფად მიყვარდება. და სწრაფად გავდივარ ამ მდგომარეობას. შემიძლია სამ დღეში გავირბინო გზა „მიყვარს-მძულს“. და კიდევ: ცურვა მიყვარს...

შ. ი. როცა შეყვარებული ხარ და ამ მონაკვეთს სწრაფად გადიხარ, მაშინ რას შვრება პოეზია? არ რჩება მისი ადგილი თუ პირიქით, სწორედ ამ დროს ცხოვრობ ყველაზე მეტად პოეზიით?

ვ. ჰ. სხვადასხვანაირად. საერთოდ, ყველა ძლიერ ემოციას ხომ გამოშვება სჭირდება. ამიტომ არაა აუცილებელი, ეს სიყვარული იყოს. შეიძლება, წყენა იყოს, ან უსამართლობის განცდა.

შ. ი. მოდი, ნელ-ნელა მივუახლოვდეთ შენს პოეზიას. თითქოსდა  მასში ნაკლებია სოციალურ-პოლიტიკური პოტივები, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება ითქვას, არცთუ ისე იოლ ქვეყანაში ცხოვრობ.

ვ. ჰ. მე მაქვს ლექსი: „ომში წასასვლელად ვემზადები, ყოველ დილით ჩექმებს ვიწმენდ, იარაღს ვტენი...“ ეს ხომ შეიძლება გაიგო, როგორც პირადიც და როგორც სოციალურ-პოლიტიკურიც... უბრალოდ, ღიად ამაზე წერა არაა ჩემი გზა. და საერთოდ, ვთვლი, რომ ასეთი პოეზია არაა ძალიან ძლიერი - როცა  პირდაპირ ლაპარაკობ. მე უფრო ღრმა და შენიღბული თემები მაინტერესებს.

შ. ი. შეიძლება, ყველაფერი იმდენად გადატვირთულია ასეთი თემებით, რომ შენ ცნობიერად არ გინდა ამით დაკავდე და ფიქრობ, რომ საზოგადოებას, მკითხველს ასეთ სიტუაციაში „წმინდა“ პოეზია უფრო სჭირდება.

ვ. ჰ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი პოეზიაა „წმინდაა“ და სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტისგან გასუფთავებულია.

შ. ი. შენ ლინგვისტი ხარ. ენებს სწავლობ, ძალიან ღრმად გრძნობ მათ და იცი, რა ხდება ამ ენებში. და ეს ირეკლება შენს პოეზიაზეც.

ვ. ჰ. ჰო, ჰო. მე ვცხოვრობ ენებით. ისინი ჩემთვის ცოცხალი ადამიანებივით არიან.

შ. ი. მაგრამ ადამიანები ხომ კეთილებიც არიან და ბოროტებიც. ენა შეიძლება იყოს ასეთი?

ვ. ჰ. არა, ენები იდეალური ადამიანები არიან. მაგრამ ზოგიერთი ხანდახან რაღაცას აშავებს.

შ. ი. შეგიძლია ასეთი დამისახელო?

ვ. ჰ. ქართული. ვერ ვიღებ, მიჭირს მისი სწავლა.

შ. ი. ბელარუსული?

ვ. ჰ. არის ხოლმე, რომ ისიც აშავებს.

შ. ი. რუსული?

ვ. ჰ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ენას შეუძლია, აშავებდეს. ხანდახან ცუდ განწყობაზე არიან ხოლმე ენები.

შ. ი. მარტო ამას არ გეკითხები. საერთოდ, დაახასიათე ისინი. მაგალითად, გერმანული.

ვ. ჰ. ძალიან მათემატიკურია. მე ასე ვხედავ.

შ. ი. ჩინური?

ვ. ჰ. ეს აგურების ქარხანაა... ანდა აგურის სახლი.

შ. ი. ძველი აგურებით აშენებული, არა?

ვ. ჰ. ჰო.

შ. ი. ინგლისური?

ვ. ჰ. ოჰ, ეს ალბათ ფოკუსია. ანუ  ილუზიონისტი ფოკუსს რომ აჩვენებს, ეგაა.

შ. ი. კიდევ რა ენები იცი, ასე თუ ისე, რომ დაახასიათო?

ვ. ჰ. უკრაინული. ჩემთვის ეს სექსუალური ენაა.

შ. ი. მეც ასე ვგრძნობ.

ვ. ჰ. ფრანგული ვიცი კიდევ, მაგრამ მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ.

შ. ი. ის ჯადოქრობები, რაც სხვადასხვა ენებშია, ალბათ რაღაცნაირად გადადის იმ ლექსებში, რომლებსაც ბელარუსულად წერ. არა? (პაუზა) წახვედი?

ვ. ჰ. არა, ვფიქრობ... ჰო, ალბათ ეს ჩანს იმაში, თუ როგორ ვაგებ ტექსტს.

შ. ი. ანუ სხვა ენის სინტაქსმა შეიძლება მოგცეს იმპულსი, რაღაც მსგავსი გააკეთო საკუთარ ენაშიც.

ვ. ჰ. კი, ასეა.

შ. ი. შეგიძლია, ეს პროცესი რამენაირად აღწერო?

ვ. ჰ. როდესაც ლაპარაკობ ან ფიქრობ სხვა ენაზე, იწყებ სხვანაირად ფიქრსაც. მე პირდაპირ ფიზიკურ დონეზე ვგრძნობ ამას. თავში აზრები სხვანაირად ლაგდება. უფრო მეტიც, სხვანაირ ადამიანად გრძნობ უკვე თავს. ენა ძალიან მცვლის მე.

შ. ი. და ეს გამახსოვრდება. რომ ვიღაც სხვა ადამიანი იყავი. და მერე ეს სხვა ადამიანები წერენ შენს ლექსებს?

ვ. ჰ. ჰო, აი, ასეთი პიროვნების გაორება, გასამება თუ გაათებაა.

შ. ი. და სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე როგორი იყავი? ბავშვობაში.

ვ. ჰ. ბავშვობაში მარტოსული და სერიოზული ვიყავი. მეგობრები კი მყავდა, მაგრამ ძირითად დროს მარტო ვატარებდი და თავად ვპოულობდი, რითი დავკავებულიყავი. სხვათა შორის, კითხვა არცთუ ისე მიყვარდა. მიყვარდა დედაჩემთან თამაში. როცა სადღაც მივდიოდით სიტყვებით ვთამაშობდით. ის რაღაც სიტყვას მაძლევდა და ამ სიტყვაზე ლექსი უნდა მომეფიქრებინა. არც კი ვიცი, საიდან გაჩნდა ასე ადრე ასეთი სიყვარული სიტყვებისადმი.

შ. ი. შენს ლექსებში ძალიან ხშირადაა თოვლი. შენ მას ელაპარაკები, ლოგინშიც კი წევხარ მასთან ერთად...

ვ. ჰ. თოვლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ იმიტომ, რომ ზამთარში დავიბადე. და პირველი, რაც დავინახე, თოვლი იყო. ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როცა ჩემს ნაცნობ კოსტა-რიკელ პოეტს ვუსმენდი. ის 15 წლის იყო, რაღაც პროგრამით აშშ-ში წავიდა და პირველად იქ ნახა თოვლი.  და მე მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც თოვლი არაა ის, რაც თავისთავად იგულისხმება, არაა პირველადი მოცემულობა. ამიტომ მათ შეუძლიათ, ერთმანეთს ჰკითხონ: როდის ნახე პირველად თოვლი? ჩემთვის ეს ძალიან უჩვეულოა.

შ. ი. და რა იყო ის, რაც შენ გვიან ნახე და შთაბეჭდილება მოახდინა? შეგიძლია გაიხსენო?

ვ. ჰ. ანუ რაღაც ისეთი, როგორც იმ კოსტა-რიკელისთვის თოვლი იყო?

შ. ი. ჰო.

ვ. ჰ. იყო რაღაც... ვცდილობ, გავიხსენო... შეიძლება თეთრი ქვიშა ლიტვის თუ ლატვიის პლაჟებზე.

შ. ი. არა ზღვა, არამედ ქვიშა?

ვ. ჰ. ჰო. ზღვა მანამდე ბევრჯერ მქონდა ნანახი. აი, ასეთი თეთრი, ნაზი და წვრილი ქვიშა კი - არასოდეს.

შ. ი. რომელიც თოვლს ჰგავდა?

ვ. ჰ. ჰა-ჰა-ჰა! კი, ზუსტად! და კიდევ, მახსოვს, გერმანიაში, ქალაქ ბამბერგში, ბაღი ვარდებით. როცა შედიხარ, იქ ვარდების არომატი დგას, ესეც ძალიან უცნაურია. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს გაკვირვება, გაოცება.

შ. ი. გასაოცარი ხარ და იმიტომ.

ვ. ჰ. მადლობთ (ქართულად მოიწერა).

შ. ი. მოდი შენს ავტორებზე დავილაპარაკოთ. სხვადასხვა ეტაპებზე: ბავშვობაში, ყმაწვილქალობაში, მერე... რომელი ავტორები გიყვარდა, რომლები გაძლევდნენ ყველაზე მეტს? როგორ იცვლებოდნენ ისინი, ან რჩებოდნენ?

ვ. ჰ. ცოტა მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ კლასიკური მკითხველი არა ვარ. საერთოდ, მხატვრულ ლიტერატურას იშვიათად ვკითხულობ. მე ყოველთვის უფრო მეტად მიყვარდა სპეციალური ლიტერატურა: ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ფილოსოფიური წიგნები. სადაც არაა სიუჟეტი.

შ. ი. არადა, შენ ბევრს თარგმნი. როგორ ირჩევ ავტორებს?

ვ. ჰ. მაგრამ მე ხომ ძირითადად პოეტებს ვთარგმნი.

შ. ი. ჰოდა, შენს პოეტებზე მინდა, მომიყვე.

ვ. ჰ. იცი, რა, მე უფრო პოეტებს კი არ ვეჯაჭვები, არამედ კონკრეტულ ლექსებს. იმიტომ, რომ პოეტები სხვადასხვანაირ ლექსებს წერენ და მთლიანობაში პოეტი გიყვარდეს - ძნელია. ხოლო ცალკეული ლექსების შეყვარება უფრო ადვილი. ისინი ჩემთან ახლოს არიან ტემპით, ატმოსფეროთი თუ მელოდიკით.

შ. ი. გასაგებია. ხომ არ დაიღალე?

ვ. ჰ. არა. იცი, ამ ბოლო დროს ბეღურას მადარებენ. ალბათ ვარცხნილობის გამო.

შ. ი. გახსოვს, რა დიდხანს ფიქრობდი შენი შესანიშნავი, გრძელი, ხვეული თმის მოკვეთაზე და დიდხანს ყოყმანობდი. ჩემთვისაც კი მტკივნეული იყო, მაგრამ დაგაჯერე, რომ თუ გინდა, ამის გაკეთება - გააკეთე, მოიჭერი.

ვ. ჰ. რა თქმა უნდა, მახსოვს და ჩემთვის მაშინ მნიშვნელოვანი იყო შენი მხარდაჭერა.

შ. ი. რატომაა, რომ ქალებს, როცა მათ უჭირთ, მთელი თავიანთი აგრესია, შურისძიება საკუთარ თმაზე გადააქვთ?

ვ. ჰ. იმიტომ, რომ თმა სიმბოლოა. შენი ნაწილია, რომელიც შეგიძლია მოიჭრა და ცხოვრება გააგრძელო. გარდა ამისა, ხანდახან იღლები, როცა ადამიანები მხოლოდ შენს თმას აქცევენ ყურადღებას, თითქოს თმა უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად შენ. ამიტომაც ჩემთვის საინტერესო იყო, ვეყვარებოდი მათ ისევე თუ არა, თუკი თმას მოვიჭრი.

შ. ი. და რა მოხდა? შეიცვალა რამე? ნაკლებად უყვარხარ ამ ხალხს?

ვ. ჰ. ვფიქრობ, შეიცვალა. ნაკლებად ვუყვარვარ. ჰა-ჰა!

შ. ი. მე მეტად მიყვარხარ.

ვ. ჰ. იმედია.

შ. ი. საერთოდ, სხეული შენთვის შესწავლის საგანია. მოდი, ამაზე თქვი ორიოდე სიტყვა.

ვ. ჰ. ნუ, ეს დიდი თემაა. ისევე, როგორც ენა. სხეულთან ურთიერთობა რთულია. ის სადღაც გარბის, მე ვცდილობ, ის დავაკავო. ანდა ის ბევრია და გინდა მოიშორო. ანდა ის შენ გღალატობს - ავადმყოფობს, გაწამებს - და შენ მასზე ბრაზობ. მე ძალიან არ მომწონს ევროპული ფილოსოფიური აზროვნებისთვის კლასიკური ეს დაყოფა სულად და სხეულად, იმიტომ, რომ ორივე ერთადაა და ისინი ძალიან არასწორად გაყვეს. დეკარტი ცუდად მოიქცა, როცა თქვა „მე ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ“. ამ ფრაზის შემდეგ გონება ყველაფრის თავში ჩადგა, ხოლო სხეული სადღაც მოისროლეს. რა სხვანაირად იქნებოდა ეს ყველაფერი, მას რომ ეთქვა „მე ვსუნთქავ, ესე იგი, ვარსებობ“ ან  „მე თვალებს ვახამხამებ, ესე იგი, ვარსებობ“.

შ. ი. ან „მე ვკოცნი, ესე იგი, ვარსებობ“. შეგიძლია, კოცნა აღწერო? რა არის შენთვის კოცნა?

ვ. ჰ. არა, კოცნაზე არ მინდა ლაპარაკი. ახლა არ შემიძლია ამაზე ფიქრი.

შ. ი. სექსი კი ვიცი, რაცაა... როცა ამ ჩვენი ერთობლივი ლექსიკონის კეთება დავიწყეთ, შენ ერთი სიტყვით განმარტე სექსი. შენ თქვი, რომ ეს პაზლია.

ვ. ჰ. ჰო, ეგრე იყო. კარგი ლექსიკონი გვაქვს ჩვენ. ცუდია, რომ დღემდე არავინ იცის ამის შესახებ.

შ. ი. თუ გინდა, ამ პუბლიკაციისთვის რაღაცას ვთარგმნი მაქედან.

ვ. ჰ. კარგი იქნება.

შ. ი. შენ ფემინისტი ხარ.

ვ. ჰ. იმედია, შენც.

შ. ი. ალბათ. როგორია ფემინისტობა ბელარუსში?

ვ. ჰ. რთულია. როგორც ყველგან. იმიტომ, რომ სამყარო ძირითადად პატრიარქალურია. ძალიან ბევრი ცრურწმენაა იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს ქალი და რას - არა. სხვათა შორის, კაცების მიმართაც ეგრეა.

შ. ი. და ავტორიტარული რეჟიმი? ეს ალბათ დიდ გავლენას ახდენს.

ვ. ჰ. არა, ეს უფრო ადამიანების თავებშია. საბჭოთა დროშიც კი, ხანდახან ქალს მეტის ნებას „რთავდნენ“, ვიდრე ახლა.

შ. ი. მაგრამ ამ დოგმებს ხომ ზემოდან უდებენ ადამიანებს თავებში და უმაგრებენ.

ვ. ჰ. ჩვენთან ცოტა სხვანაირადაა. გინდ ოპოზიცია იყოს და გინდ ხელისუფლება - ქალი ყველას ერთი რამისთვის სჭირდება: რომ ჯარისკაცები და მუშები გაუჩინოს.

შ. ი. აი, შენ გააღწიე, უპრობლემოდ გადიხარ საზღვრის იქით, რაღაც სათქმელი გაგაქვს, რაღაც შემოგაქვს, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა ქვეყანაშია ჩარჩენილი და ძალიან ვიწროდაც ხედავენ სამყაროს. და შენ გიწევს, შეეცადო, რაღაც შეცვალო. არის ამის შესაძლებლობა, თუ - არც ისე? ბევრი რამაა აკრძალული? ბევრ რამეში გიშლიან ხელს?

ვ. ჰ. არა, უბრალოდ, საჭიროა, ძალიან ბევრი ილაპარაკო, ახსნა, რომ შეიძლება, რაღაც სხვანაირად იყოს, დააჯერო, რომ არ უნდა გეშინოდეს... მაგრამ ხალხი ბევრია და ჩვენ ცოტანი ვართ. და ხანდახან მე დრო მენანება საამისოდ. ყველაფერს ხომ მაინც ვერ აუხსნი. და ლექსების საწერადაც აღარ დაგრჩება დრო.

შ. ი. ეგოისტი ხარ?

ვ. ჰ. რატომ?

შ. ი. იმიტომ, რომ საკუთარი ლექსები შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის განათლება.

ვ. ჰ. კი, მაგრამ ყველას რაღაც რატომ უნდა ვუხსნა? აიღონ წიგნები და იკითხონ. მე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები მაქვს, ვიდრე ვიღაც პატრიარქალურ იდიოტებს რაღაც ელემენტარული ვუღეჭო.

შ. ი. პრინციპში, ალბათ მართალი ხარ. პუბლიკის წინაშე ლექსების კითხვა გიყვარს?

ვ. ჰ. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად. საზღვარგარეთ უფრო მსიამოვნებს გამოსვლა. ჩვენთან საერთოდ არ მსიამოვნებს. ჩვენთან ავტორისადმი მიდგომა ისეთი არაა, როგორც იქ. აქ თითქოს ელიან, რომ წაფორხილდები, წაიქცევი, შეცდომას ელიან, რომ მერე გაგაკრიტიკონ. იქ კი მართლა მოსასმენად მოდიან. უფრო კეთილგანწყობილნი არიან.

შ. ი. სიკვდილის გეშინია?

ვ. ჰ. მე სხვისი სიკვდილის მეშინია. ნათესავების და მეგობრების.

შ. ი. და სიბერის?

ვ. ჰ. არა, ეს შიში არაა. ეს რაღაც სხვაა. უბრალოდ ვიცი, რომ რაღაც უფრო გართულდება. დრო მომეჩვენება, რომ უფრო სწრაფად გარბის. ინტერესები შემცირდება. ამიტომ უფრო სევდაა და არა შიში.

შ. ი. მოდი, ქართველი მკითხველისთვის შენი ენიდან რამე სიტყვა აარჩია და გამოუგზავნე. და ამით დავასრულოთ.

ვ. ჰ. უბრალოდ, სიტყვა?

შ. ი. თუ გინდა ფრაზა. მაგრამ სიტყვა სჯობია, ასე ვფიქრობ.

ვ. ჰ. კარგი, მოგვიანებით გამოგიგზავნი, ფოტოებთან ერთად. მინდა კარგად მოვიფიქრო.

შ. ი. კეთილი.

ვ. ჰ. (მოგვიანებით გამოგზავნილი) адхукаць (სუნთქვით გათბობა. მახვილი у-ზეა)

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE