შეიძლება


შეიძლება




   ნაბიჯები

 

    წასული ხალხის ნაბიჯები,

    როგორც ტკივილი კბილის,

    ალბათ, სიბნელისგან გავგიჟდები,

    სინათლეს ვეღარ ვნახავ დილის.

 

    ჩრდილებს ენაცვლება ჩრდილები,

    ვიცი, ფანტომებზე ვბრაზობთ

    და ჩვენ ვართ ზრდასრული ჩვილები

    და წარსულით წარსულში ვსახლობთ.

 

    სინათლე მოახლოვდა დილის,

    ალბათ, სიბნელისგან გავგიჟდები,

    როგორც ტკივილი კბილის,

    წასული ხალხის ნაბიჯები.

 

 

     შეიძლება

 

     გზაში გაჭედილი ამანათი,

     უკან დარჩენილი სიფერადე,

     რატომ აღარ ჩანდა, მომენატრე,

     ყოფის ვერ ვიგრძენით სივერაგე.

 

      იქნებ, შეგაშინა ამ ლექსებმა,

      ქვეყნად ყველაფერი შეიცვლება,

      ბრუნავს ყველაფერი არ ჩერდება,

      შეიძლება, ალბათ, შეიძლება.

 

 

       * * *

 

სიზმრებს იქით,

სიზმრებს იქით,

იდგა ჭინკა,

ღვინის ჭიქით.

 

ქალაქს მაღლა,

ქალაქს იქით,

იდგა სახლი,

წყნარი, ფიქლით.

 

იქ ცოვრობდა ერთი გოგო,

იქ ცხოვრობდა ერთი გოგო,

ვერ აღვწერე

სიტყვით, რითმით...

 

ქალაქს იქით,

სიზმრებს იქით.

 

 

      ლურჯზე ლურჯი

 

ხვალ, ალბათ, ისევ ექიმთან მივალ,

გამომიწეროს უნდა წამალი,

მე არაფერი სულაც არ მტკივა,

მაწვალებს ლურჯზე ლურჯი ტრამალი.

 

ცოტა მეძინა, ავდექი ადრე

და სინამდვილე ისევ ვისიზმრე

და ჩვეულებრივ ვუყურებ კადრებს,

მაწვალებს ლურჯზე ლურჯი სიფხიზლე.

 

დროა ჩამოვჯდე, ბევრი ვიარე,

ქვიშაზე, თოვლზე დავტოვე კვალი

და სილურჯეში მიწა ტრიალებს

და ლურჯზე ლურჯი მაბრაზებს ქალი.

 

ხვალ, ალბათ, ისევ ექიმთან მივალ,

გამომიწეროს უნდა წამალი,

მე არაფერი სულაც არ მტკივა,

ის ლურჯზე ლურჯი ფერი რა არი?!

 

 

      * * *

 

ბავშვივით გარბის დრო დასაკარგი,

ვერც კი ვიგრძენით, რომ რაღაც მორჩა

და გადავკარით ცოტა არაყი,

რუხი სიცივე ჩამოდგა როცა.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE