დაო, დაო, აბიგაილ!


დაო, დაო, აბიგაილ!




***
როცა ლექსებს ვწერ,
ვწერ საგარეო და საშინაო ლექსებს,
საშინაო ლექსები – ჩემთვის,
საგარეო ლექსები – სხვებისთვის,
და ჰგავს საგარეო ლექსები
სამეჯლისოდ მორთულ ბრილიანტებიან ქალბატონებს,
ხოლო საშინაო ლექსები – ქალებს,
რომლებიც სატრფოსთან ერთად დასაწოლად ემზადებიან
და სამკაულები მოუხსნიათ.
რითმა საგარეო ლექსების სამკაულია,
ხოლო საშინაო ლექსები
ჰგვანან ადიდებულ მდინარეებს გაზაფხულზე,
ყველა ჯებირს რომ ანგრევენ
და ქუხილით მოედინებიან სიტყვები,
როგორც ტალღები
და ეს მდინარეები გულიდან მოდის,
წყლით არა, ცარიელი სისხლითაა სავსე.
საგარეო ლექსები სასახელოა,
ხოლო საშინაო ლექსები ისეთ სიყვარულს გამოხატავს,
სახელზე მაღლა რომ დგას
და მე ვდგავარ საშინაო და
საგარეო ლექსებს შორის, 
როგორც წყალგამყოფი
და ორივე ისე მიყვარს,
როგორც დედას _ ურჩი და მორჩილი ორი შვილი.
 
 
***
ცივი ცეცხლი და ცხელი ყინული მერგო
ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
როდემდე გაგრძელდება ჩემი წამება.
აყვავებული უდაბნო და აუყვავებელი ბაღი მერგო 
ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
თუ აყვავდება სული ჩემი.
სიძულვილიანი სიყვარული და სიყვარულიანი სიძულვილი
მერგო ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
თუ გამიმართლებს სიყვარულში.
ჩამქრალი მზე და ანთებული დედამიწა მერგო
ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
თუ ვიქნები ნათელში.
ახდენილი ზღაპრები და აუხდენელი ნატვრები მერგო
ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
თუნდაც ერთი ნატვრა მაინც შემისრულდება?
ხანმოკლე სიცოცხლე და ხანგრძლივი სიკვდილი მერგო ამ ცხოვრებაში
და იმ ცხოვრებაში რა მერგება, არ ვიცი,
დაუსრულებელ ცხოვრებას თუ შევუერთდები.
ჩივი ცეცხლი და ცხელი ყინული მერგო ამ ცხოვრებაში
და ადიდებული მდინარე მიმატივტივებს გაღმა და წაღმა.
ღა მელის, ვერ გამიგია –
ვიცოდი და დამავიწყდა.
 
 
ციკლიდან “წერილები მაკოტოს”
(პანტომიმური ნოველლა ლექსად)
 
ირგვლივ ყრუ კედლებია
და მე ამაოდ ვეხლები კედლებს,
არ შემიძლია თავის დაღწევა
და როგორც ტყის თავისუფალი ჩიტი,
ტყვეობაში სულს ვღაფავ და ველოდები,
როდის გაიღება ამ საშინელი გალიის კარი.
ვერ ვეგუები კელდებში ყოფნას,
ერთი კედლიდან მეორეს ვაწყდები,
მაგრამ კედლები არ ინგრევიან.
თუმცა ირყევიან.
ნეტავ როდის გადავლახავ ამ მაღალ კედლებს,
სახურავად რომ სავსე მთვარე აქვთ.
ვინ გადააგორებს მთვარის ლოდს,
როგორც გმირმა როსტომმა
გადააგორა ლოდი ბეჟან გმირის ხაროდან?
არავის შეუძლია ჩემამდე მოღწევა,
არც მე შემიძლია შენამდე მოვაღწიო.
გზა გდია, როგორც აწყვეტილი ველური ცხენის საბელი და
ცხენივით ჭიხვინებს მზე ჩემს კედლებს შორის.
სად არის წიქარა, რომ ეს ცხრაკლიტული დაეწიოს!
მესმის ქუჩის ხმაური და მესმის, იგი როგორ მეძახის,
მე კი კედლებს ვაწყდები
და ვიცი, მხოლოდ შენ შეგიძლია გამათავისუფლო.
შენი ხელები კედლებს სინჯავენ გარედან
ნელა და ფრთხილად
და ვგრძნობ, როგორ მიახლოვდები. 
 
 
დაო, დაო, აბიგაილ!
 
აჰა, მშვენიერი ხარ, დაო აბიგაილ,
აჰა, მშვენიერი ხარ,
მეფე დავითის გულის გამხარებელი.
ცარიელია ნაბალის სახლი უშენოდ,
როგორც ქარქაში უხმლოდ
და კალაპოტი უმდინაროდ.
აივსო დავითის სასახლე შენით,
როგორც ზღვა სავსეა მოქცევისას.
შენამდე ჰყავდა დავითს ორი სხვა ცოლი –
მელქოლი და აქინოამი,
მაგრამ შენსავით მას არავინ ჰყვარებია
და იყავი დედოფალი მისი გულისა,
თუმცა შეწყვეტილ სიმღერას ჰგავს
თქვენი სიყვარული.
აჰა, მშვენიერი ხარ დაო, აბიგაილ!
ყოველი სიკეთით შემკობილი
და ამდენი საუკუნის შემდეგ გესალმები –
ჰოი, რჩეულო დედათა შორის, მშვიდობა შენდა!
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE