ემა ბოვარიდან სევერინ სერიზიმდე


ემა ბოვარიდან სევერინ სერიზიმდე




(ჟოზეფ კესელიდღის ლამაზმანი)

 

ლუის ბუნუელის ფილმი, "დღის ლამაზმანი", კეტრინ დენევის მონაწილეობით, კარგად არის ცნობილი, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ რომანი, რომელიც საფუძვლად დაედო ეკრანიზაციას, ასევე ახლობელი იყოს ჩვენთვის. იგი მხოლოდ ახლა, 2016 წლის აპრილის თვეში გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და ამ დღეებში შედგა წიგნის წარდგინება საზოგადოების წინაშე. თარგმანი ეკუთვნის მერაბ ფიფიას, რომლის თარგმანები გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიონალიზმით,  ეს კი ენის ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ავტორის სტილის გადმოტანას თარგმანში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოენოვანი მხატვრული ნაწარმოების აღქმისას. ჟოზეფ კესელის "ქართული ენა" მკითხველში აღძრავს სიმსუბუქის, უპრეტენზიობის განცდას, რაც ერთგვარად ანეიტრალებს იმ ატმოსფეროს, სადაც გვიხდება "ცხოვრება" ტექსტის კითხვისას. რომ არა ენის ამგვარი ქსოვილი, კიდევ უფრო მეტად დაითრგუნებოდა მკითხველი, რომელსაც მთელი რომანის მანძილზე უწევს ისეთი ამბის მოსმენა, რომელიც უამრავ კითხვას და ბუნებრივ პროტესტს აჩენს მასში. არ ვიცით, რამდენად აქცევდა მწერალი საკუთარ სტილს ყურადღებას, ანუ საგანგებოდ მუშაობდა თუ არა მასზე, მაგრამ, შესაძლოა, ამ ენის შექმნაზე გავლენა მოახდინა მწერლის პროფესიამ - იგი ჟურნალისტი იყო და სერიოზულად მოღვაწეობდა ამ სფეროში.

აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ ბუნუელის ფილმის სცენარი თითქმის მთლიანად არის აცდენილი მწერლის ჩანაფიქრს და კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს, რაკი არავითარ ახსნას არ სთავაზობს მაყურებელს. ამიტომ, რომანის კითხვისას შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ფილმის სცენარს კი არ ეცნობით, არამედ ნაწარმოებს, რომლის მოტივებზე შეიქმნა ფილმი.

 

ლიტერატურამ და ხელოვნებამ იცის ე.წ. მემკვიდრეობები, ლიტერატურული პერსონაჟის "გაგრძელებები" და ხშირად ამგვარი გადაძახილით ძალზე საინტერესო და საყურადღებო სივრცე იქმნება - ეს სივრცე მკითხველს მოუწოდებს იაზროვნოს, იფიქროს, ჩაუღრმავდეს არა მხოლოდ ახალ პერსონაჟს, არამედ ძველიც ხელახლა გადაიაზროს, უკვე კარგა ხნის ლიტერატურულ გმირს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

როგორც წესი, ამ მემკვიდრეობას არ სჭირდება რომელიმე ერთი ენის შიგნით ჩაკეტვა, უამრავი პერსონაჟი გადასულა ერთი ენიდან ანდა ერთი კულტურიდან - მეორეში და იქ უპოვია ახალი სიცოცხლე, მაგრამ ამ შემთხვევაში ფრანგული ლიტერატურის შიგნით გვიწევს მოგზაურობა.

ფლობერმა „მადამ ბოვარი“ 1856 წელს გამოსცა და, შეიძლება ითქვას, ამ რომანს თავის გმირზე არანაკლებ რთული ცხოვრება ჰქონდა. ემა ბოვარის თავისუფალმა და ვნებიანმა ისტორიამ ისე აღაშფოთა ფრანგული საზოგადოება, რომ ფლობერის და ჟურნალ "რევჲუ დე პარის" რედაქტორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აღიძრა საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფისათვის. არც იყო გასაკვირი, ფლობერის პერსონაჟი იმდენად სკანდალური და თამამი იყო იმ ეპოქისთვის, რომ სხვაგვარად, ალბათ, შეუძლებელიც იყო - ახალგაზრდა ქალმა უფლება მისცა საკუთარ ვნებებს, თავის ჭკუაზე ეტარებინათ იგი და ამით საფრთხე შეექმნა ყველაზე წმინდა ურთიერთობისთვის - ოჯახისთვის. რამდენადაც ინდიფერენტულია დღევანდელი ადამიანი ამ თემებისადმი, იმდენად მგრძნობიარე იყო იგი ფლობერისდროინდელ საფრანგეთში.

რამ გამოიწვია "მადამ ბოვარის" დაწერა, რატომ იქმნება დასავლურ და, ძირითადად მაინც, ფრანგულ ლიტერატურაში ასეთი ტიპის ქალთა სახეები, ამას თავისი სოციო-კულტურული საფუძველი აქვს. ერთი მხრივ, ისეთი მოძრაობების გააქტიურება, ქალთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ლოზუნგებით რომ გამოდიოდნენ - იქნებოდა ეს შარლ ფურიეს უტოპია, რომელიც მორალურ შეუზღუდველობას ქადაგებდა, მარქსის სოციალისტური თეორიები, თუ ცოტა მოგვიანებით, უკვე უშუალოდ, ფემინისტურ მოძრაობებად სახელდებული აქტივობები. ემა ბოვარის დრამატული ისტორიის ქვეტექსტები სწორედ რომანტიკული ქალის კარჩაკეტილი ცხოვრებით გამოწვეულ ძლიერ ვნებებზე მოგვითხრობს. რომ არა მისი შინაგანი მისწრაფებები და ის გარემო, რაც მას "გარეთ" ხვდება - მამაკაცთა მხრიდან ქალის გრძნობების არად ჩაგდება, ახლადგამოჩეკილი წვრილი ბურჟუების მიერ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელი ქალის მიმნდობი ხასიათის ბოროტად გამოყენება, ემა ბოვარი ასეთი უმწეო და დრამატული ვერ იქნებოდა. მთელი ის მასკულინური გარემო, გარდა მისი მამისა და ქმრისა, მტრულად არის განწყობილი ახალგაზრდა, ლამაზი, მგრძნობიარე ქალის მიმართ. თითქოს ყველაფერი იქითკენ არის მომართული, რომ მისი გულუბრყვილო და მიმნდობი ხასიათით ისარგებლოს - იქნება ეს სატრფო თუ მევახშე. რამდენადაც უშურველია ქალი, იმდენად ძუნწები და არაფრისგამღებები არიან კაცები, რომელთაც ემა თავის ვნებიან სიყვარულს სთავაზობს. ამ ფონზე კიდევ უფრო ადვილად იკითხება ფლობერის დამოკიდებულება ტრადიციული ოჯახისადმი, როგორც ერთადერთი სანდო დასაყრდენისადმი, რადგან, ფაქტობრივად, შარლ ბოვარის სახით ფლობერმა იდეალურად კეთილშობილი მამაკაცის სახე დახატა.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამავე პერიოდში იქმნება მთელი წყება ისეთი ლიტერატურული პერსონაჟებისა, როგორებიცაა ემილ ზოლას "ნანა" (1868-1880), უმცროსი დიუმას "მარგარიტა გოტიე" (1848 წ.), რუსულ ლიტერატურაში კი "ანა კარენინა" (1877 წ.), რამდენადმე მსგავსი ემა ბოვარისა, თუმცა, განსხვავებული სოციალური ატმოსფეროთი და, ასევე, განსხვავებული სასიყვარულო ისტორიით. აქ საყვარელი კაცი ანას ერთგულია და საზოგადოებასაც უწევს წინააღმდეგობას დამკვიდრებული ნორმების მსხვრევით.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი ნამდვილად გამოირჩეოდა თავისი სერიოზული მგრძნობელობით ქალის უფლებების, მისდამი პატივისცემის, მსხვერპლის როლიდან გამოყვანის მისწრაფებებით. ფეოდალიზმიდან შემორჩენილი "ბატონობა" და ქალის მფლობელობა, ბუნებრივია, აჩენდა პროტესტს ჰუმანისტებში და ამიტომ წამოვიდა ასეთი ძლიერი ფემინისტური ნაკადი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კესელის გმირის ერთგვარი ნათესაობისა ემა ბოვარისადმი და თავად რომანის სიუჟეტში ჩადებული ერთგვარი მსგავსებისა, "დღის ლამაზმანი" მაინც სხვა პრობლემების რომანია.

ერთიც უნდა აღინიშნოს, "დღის ლამაზმანი" ფლობერის რომანს იმ მხრივაც გვაგონებს, რომ აქაც ქმრის როლში ექიმი და ერთგვარად პასიური გმირია დახატული, მიმნდობი და სრულიად უდანაშაულო. შესაძლოა, კესელმა ამ შტრიხითაც ერთგვარი მინიშნება მოგვცა შარლ ბოვარისა და პიერ სერიზის მსგავსებაზე - როგორ ხდებიან მსხვერპლნი მოსიყვარულე და სრულიად უდანაშაულო ქმრები.

თუმცა, ბუნებრივია, ახალი მხატვრული ნაწარმოები, რაც უნდა ახლო ნათესაობას ამჟღავნებდეს რომელიმე წინამორბედისადმი, თავისი ახალი სათქმელით მოდის. კესელის რომანი 1928 წელს არის დაწერილი, ანუ იმ დროს, როდესაც ფსიქოანალიზის თეორიას საკმაოდ ფართო "მუშაობა" აქვს გაჩაღებული და თავის შედეგებს იმკის. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი მენტალური რევოლუციის გამო მთელი დასავლური ხელოვნება ფართო პლანით აშუქებს ადამიანის ფსიქიკას, მის უცნაურ და თითქმის ამოუხსნელ საიდუმლოებებს. კესელმა რომანის ერთგვერდიან პროლოგშივე მისცა გასაღები მკითხველს - 8 წლის პატარა გოგონა სევერინი სრულიად მოულოდნელად იღებს ისეთ ძლიერ დარტყმას და იძენს ისეთ მძაფრ ემოციურ გამოცდილებას, რომელიც, როგორც წესი, უკვალოდ არ ქრება ადამიანის ცნობიერებიდან. რომ არა პროლოგი, სავარაუდოდ, ურთულესი ასახსნელი იქნებოდა ახალგაზრდა, საყვარელ ადამიანზე გათხოვილი, იდეალური ოჯახის მქონე ქალის მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც, ერთი შეხედვით, არავითარი რეალური მიზეზი არ გააჩნია. თავისთავად ცხადია, მხოლოდ ვიღაცის მხრიდან ნახსენები ე.წ. "შეხვედრების სახლი" ვერ უბიძგებს თავის ქმარზე შეყვარებულ, მასთან ჰარმონიაში მცხოვრებ ქალს, ასეთ საეჭვო დაწესებულებას მიმართოს და გაიზიაროს ბედი ქალებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო აკითხავს ასეთ სახლებს. შეძლებული ოჯახის ქალისთვის იქ მოხვედრა შეიძლებოდა ებიძგებინა უფრო სერიოზულ მიზეზებს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ნახევრად უცნობი კაცისა და მეგობარი ქალის მხრიდან ამ დაწესებულების ხსენებას. სევერინის დაინტერესება ბორდელით და შემდეგ თავისი გაორებული ცხოვრების წარმართვა ნამდვილად დიდი გამოცანა იქნებოდა, რომ არაფერი გვცოდნოდა ადამიანის ქვეცნობიერის, მისი ფარული სექსუალური ლტოლვების და ე.წ. ლიბიდოს შესახებ. გარედან თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, ქალი იდეალურ ოჯახში ცხოვრობს, არ აკლია სითბო, სიყვარული, მატერიალური კეთილდღეობა, მეგობართა წრე და, უცებ, ასეთი ალოგიკური ნაბიჯი - საკუთარი სხეულით ვაჭრობა, რათა ახალ-ახალი ვნებები განიცადოს, ხოლო ცოლ-ქმრულ სარეცელზე უარი თქვას.

და მაინც, რა მოხდა ამ ქალის ბავშვობაში ისეთი, რომ ზრდასრულ ასაკში ასეთ ოდიოზურ ქცევაში გადაიზარდა?

რომანის ერთგვერდიან პროლოგში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 8 წლის სევერინი მათ სახლში მოსული სანტექნიკოსის წუთიერი შეხების მსხვერპლი. დედის ოთახისკენ მიმავალ გოგონას გრძელი დერეფანი უნდა გაევლო, სწორედ ამ დროს გადაეყარა ამ უხეშ, პედოფილ კაცს, რომლის უხეშ შეხებას გოგონას გაოგნება და კომაში ჩავარდნა მოჰყვა. ამ ფაქტის შესახებ არსად არაფერს ლაპარაკობს მწერალი, არც სევერინს ახსენდება ეს განცდები, რომანი იწყება ახალგაზრდა გათხოვილი ქალის ცხოვრებით თითქმის იდეალურ ატმოსფეროში.

მკითხველი ზერელე დაკვირვებითაც მიხვდება მწერლის სათქმელს - ის, რომ ადამიანის ქვეცნობიერკის ბნელ ხვეულებში ზოგჯერ ისეთი საშიშროებები ბუდობენ, რომეში დალექილი მეხსიერება ხშირად უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე, ვიდრე რეალური და ნათელი სინამდვილე, რომ მისი ფსიქილთაც ვერაფრით ახსნი და ვერ შეებრძოლები.

კესელი არაფერს ლაპარაკობს პერსონაჟის რეფლექსიებზე, მის თვითჩაღრმავებაზე, არამედ მხოლოდ მოცემულობას გვიხატავს და გვაცნობს ამ ქალის უცნაური ქცევის გასაღებს - მას ენატრება არა ნაზი, რბილი, ფაქიზი ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან, არამედ, ქალიშვილობის დადგომამდე, საკუთარი სახლის დერეფანში შემთხვევით გადაყრილი მამაკაცის იმ სიუხეშის განცდა, რამაც სამარადისო ნაჭდევი დაუტოვა სულზე. მთელი მისი მოძრაობა ამ აკრძალულ, ბნელით მოცულ ვიწრო ბილიკებზე, სწორედ იმ წამიერი, დაუსრულებელი და, ამავე დროს, თავზარდამცემი შოკის შედეგია.

მკითხველს მოეხსენება, სანამ ექიმი-ფსიქიატრი ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიტიკოსი გახდებოდა, მის პრაქტიკაში დაგროვდა უდიდესი გამოცდილება პაციენტების ცხოვრების შესახებ, იმ პაციენტებისა, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებდათ და პრაქტიკოსმა ექიმმა მიაგნო ავადმყოფობის მიზეზებს - მათი უმეტესობა ადრეულ ასაკში მომხდარ დიდ სულიერ ტრავმებთან იყო დაკავშირებული, ანდა ადამიანის მიერ საკუთარ პიროვნებაში მიმდინარე ისეთ პროცესებთან, რომელთა ახსნა მას არ შეეძლო. ფსიქოანალიზის უდიდესი რევოლუციური აღმოჩენა სწორედ იმ უცნაური "არსების" - ქვეცნობიერის მიგნება იყო და იმ დღიდან ადამიანმა იწამა, რომ მისი რაციონალური მე აბსოლუტურად უუნარო და უძლურია იმ ბნელი და იდუმალებით მოცული არსების წინაშე, რომელსაც ადამიანის ფსიქიკა მალავს საკუთარ წიაღში. ქვეცნობიერის აღმოჩენა, შესაძლოა, თავისი მასშტაბებით ახალი კონტინენტის აღმოჩენას უტოლდებოდეს, რადგან ადამიანის ტვინი არანაკლები მნიშვნელობის ორგანოა, ვიდრე, თუნდაც, კონტინენტები დედამიწაზე.

ჟოზეფ კესელი ახალგაზრდა ქალის ისეთ უცნაურსა და ამაზრზენ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის თანაგრძნობა მკითხველს, ალბათ, არც მოეთხოვება, თუმცა, მისი წაკითხვა უთუოდ დააფიქრებს, ვინძლო საკუთარ სულში მიმდინარე უცნაურობებზე პასუხის მოძებნაში დაეხმაროს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE