AMADI


AMADI




პროლოგი

 

მოუთმენლად ელოდა მანუ ნანატრ ბიჭს… ავანიმ უკვე ერთი კვირა გადააცილა... ბავშვი კი არა და არ აპირებდა გაჩენას. მანუ თავს იიმედებდა, იქნება ავანი გამოთვლაში შეცდაო.

მძიმე ფეხმძიმობა ქონდა ავანის. პირველ შვილზე იყო ორსულად. ოცდათხუთმეტი წლის გათხოვდა და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაფეხმძიმდა. რას აღარ ყვებოდნენ ავანიზე, რას აღარ აბრალებდნენ. ზოგი ამბობდა, ტყის ვუდუმ მოაჯადოაო. ზოგს ეცოდებოდა. ზოგიც ამბობდა, დაწყევლილია მაგის გვარიო... ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას... მანუს ფეხებზე ეკიდა მითქმა-მოთქმა. მთავარი ახლა ავანი და ბავშვი იყო...

 

სამი თვის თავზე ავანის გულყრა დაეწყო... რამდენჯერ ნახა მანუმ გულწასული შუა ეზოში. როცა გონს მოდიოდა, არაფერი ახსოვდა. მანუ გამუდმებით ფხიზლობდა. ღამეებს თითქმის თეთრად უთენებდა. ავანი ორსულობისას ისე გამოიცვალა, მანუ ხანდახან ეჭვობდა კიდეც, ხომ არ შეცვალესო. დღის განმავლობაში ხასიათი ათასჯერ ეცვლებოდა, ხან მშვიდი და აუღელვებელი იყო, ხან ამაღლებული და ბედნიერებით სავსე დასეირნობდა ეზოში, მაგრამ ზუსტად ორ წუთში მოიქუფრებოდა და სასოწარკვეთაში ვარდებოდა. სრულიად უმიზეზოდ გაურკვეველი უბედურების განცდა ეუფლებოდა. შემდეგ საძინებელში შეიკეტებოდა და გულამოსკვნით იწყებდა ტირილს. მანუს გამუდმებით ესხმოდა თავს ავანის ეს ემოციური ტალღები. გამოუცდელი იყო, მაგრამ ვაჟკაცურად და გაღიზიანების გარეშე უმკლავდებოდა ამ ყველაფერს. ისე ელოდა პირველ შვილს, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. რაღაც ქვეცნობიერ შიშს ჰყავდა ავანი შეპყრობილი, მაგრამ მანუსთან ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს. მანუ უსიტყვოდ ხვდებოდა ყველაფერს. თავადაც შიშს ჰყავდა შეპყრობილი და მისთვის ამ უცხო შეგრძნებას თევზაობაში და ნადირობაში კლავდა. აბა სხვა რა გზა ჰქონდა? როგორმე ცხრა თვე უნდა გაეძლო. ახლა კაციც თვითონ იყო და ქალიც.

ბოლოს ისე ხელხვავიანად ითევზავა და ინადირა, რომ ორი-სამი თვე მშვიდად შეეძლოთ ყოფნა. თევზიც და ხორციც სამყოფად იყო სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უთენია დგებოდა. ღამით კი ფხიზლობდა, მანუს დარაჯობდა.

ამ ღამით მკვდარივით ეძინა. არც კი შეუტყვია, როგორ წრიალებდა ავანი. მერე როგორ ადგა და სავსე მთვარის შუქზე როგორ ლოცულობდა.

ძილშივე შეიპყრო ავანი გაურკვეველმა ღელვამ. შეშფოთებულს გამოეღვიძა. თვალი გაახილა, მაგრამ ვერ გაერკვა, რამ გამოაღვიძა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ცუდ სიზმარს დააბრალებდა, მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ არანაირი სიზმარი არ ენახა. იმაზე მეტად იყო შეშფოთებული, ვიდრე ახლა ორსულობის დროს. სული ეკვროდა. ჰაერი არ ყოფნიდა. ბაღში გავიდა და გრილი სიო რომ შეეხო მის მუქ-ყავისფერ სახეს და სხეულს, ცოტა შვება მიეცა. წყალი შეისხა სახეზე და ჯამში დარჩენილი ცივი რძე მოსვა. სავსე, უდარდელ მთვარეს ახედა და შენი ბრალია ყველაფერიო, თვალებით უთხრა. მთვარემ თითქოს დაირცხვინაო, ღრუბლებში ჩარგო თავი. კიდევ კარგი, სინდისი გქონია, რახან ასე მემალებიო, დააწია ავანიმ ნაფიქრალი მთვარეს და თავისი ლოცვა სამჯერ გაუგზავნა სადაფისფერ ღამის მეფეს:

“აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი./ აჰა წაიღე ჩემი სახე, გაუხარელი სახე ჩემი./ მე კი მომეცი შენი./ მას შემდეგ, როცა შენ თავს უკვდები,/კვლავ გვევლინები, კვლავ გვიბრუნდები.// აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი./ აჰა წაიღე ჩემი სახე, გაუხარელი სახე ჩემი.../ აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი,/ რომ დაგემსგავსო, რომ დაგემსგავსო,/ ბედნიერება რომ დამებედოს./ რადგან შენ ცოცხლობ ძველებურად, ცოცხლობ და ცოცხლობ,/ მაინც ანათებ სიკვდილის შემდეგ. // აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი./ აჰა წაიღე ჩემი სახე, გაუხარელი სახე ჩემი.../ ერთხელ დამპირდი, ხომ გახსოვს ერთხელ/ ბედნიერები ვიქნებოდით მე, შენ და შენ, მე!/ რომ ბედნიერნი ვიქნებოდით მას შემდეგ როცა, /როს წავიდოდით ამ ქვეყნიდან/ ჩვენ წავიდოდით ბედნიერები... // აჰა წაიღე ჩემი სახე,/ აჰა წაიღე ჩემი სახე,/ აჰა წაიღე... / მე კი მომეცი შენი.. შენი.//

შემდეგ ძლივძლივობით მოიყარა მუხლი ბაობაბის ხესთან, სამჯერ შემოუარა და თან სიმღერით უთხრა ლოცვა ღმერთს:

“იეეეე დინიეეე.. / იეეეე დინიეეეი... / ოოო ტიე დინიე / ოოო ტიე დინიეეეეე // იე მოღვაააა... / იე მოღვაააა...// ოოო ტიე მოღვაააა / ოოო ტიე მოღვაააა / ოოო ტიე მოღვაააა... // ლესედიზე კეტიე დინიე / ლა ტერედი კეტიე დინიე...//ოოოო კეტინე.. / ოოო ტიე დინიეეეეე... / ოოოო ტიე დინიე.../ ოოოო ტიე ტინიე...// “ და უფრო იმედიანი დაუბრუნდა საწოლსა და მძინარე მანუს.

მანუ უთენია ადგა და კედლისკენ მიბრუნებულ და გატრუნულ ავანის რომ დახედა, გულში სიხარული ჩაეღვარა. ძინავსო, იფიქრა. ფრთხილად აკოცა მხარზე. მერე ბოსელში შევიდა, ძროხა მოწველა, ქათმებს საკენკი დაუყარა, ღორებს სალაფავი დაუმატა. ბოსელი მიალაგ-მოალაგა…

დილა თითქოს გუშინდელზე ცივი ეჩვენა. თავის გამოჩორკნილ გრძელ ხის სკამზე ჩამოჯდა და თავი ცისკენ გადააგდო. კარგა ხანს იჯდა ასე ცისკენ მიშვერილი სახით და არაფერზე ფიქრობდა... შეამცივნა და მთელ ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. სწრაფად ადგა და ისევ გატრუნულ ავანის მიუწვა. აღარც ახსოვს, როგორ ჩაეძინა…

შუადღისას, მზეს თითქოს ბინდი გადააკრესო, ირგვლივ სახლ-ეზოიანად ყველაფერი მოიქუფრა, გრიგალის წინ რომ იცის ხოლმე, ისე. რაღაც უცნაურისა და გაურკვეველის მოლოდინში ცას სახე ჩაუშავდა. სიმშვიდემ პირი იცვალა და მანუს გულმა სართულებად იწყო ასვლა-ჩასვლა...  თანაც ავანის სახე არც კი შემოუტრიალებია მისკენ, მთელი დღე გაურხევლად კედლისკენ იყო მიტრიალებული. ამან მთლად ააფორიაქა. რამდენჯერმე ფრთხილად დაუძახა, დაპურება სცადა. ხან რა შესთავაზა ცოლს და ხან რა, მაგრამ ავანი ხმას არ იღებდა. მანუმ ისევ სიჩუმე ამჯობინა.

სწრაფად ჩამობნელდა. ღამეც უმთვარო და ბნელი იყო.

გარიჟრაჟზე ავანის შეტევა დაეწყო… მანუ უკვე მზად იყო ასეთი დღისთვის. ცოლი დიდ თბილ თავშალში გაახვია, და ხელში აყვანილი ურემთან მიიყვანა. ლეიბი და ბალიშები უკვე გამზადებული ჰქონდა. ავანი ფრთხილად წამოაწვინა, ცხენები თვალის დახამხამებაში შეაბა და ორივეს ულმობლად გადაჰკრა გავაზე მათრახი …

ნახევარი გზა ავანი ხმით ტიროდა… ცოტა ხანში ტკივილმა დაღალა და გაჩერდა. ტკივილს შეეჩვია, თუ ტკივილმა უკლო, მანუს ამის გასარკვევად აღარ ეცალა… გამეტებით ურტყამდა და ურტყამდა გავაზე ცხენებს დიდ სახრეს. გზასაც ვერ ხედავდა. ქარივით მიჰქროდნენ ტკივილისაგან გამწარებული ცხენები… ალბათ თუ ფიქრობდნენ, ასე რამ გადარია ჩვენი პატრონიო… სამი საათის გზა საათნახევარში დაფარეს გაქაფულმა ცხენებმა.

ხელში აყვანილი შეიტანა მანუმ უგონო ავანი აშასთან. აშამ დახედა თუ არა მომლოგინეს, ფერი დაკარგა და ლუღლუღით თქვა, ბევრი წყალი დაუღვრიაო… მანუ აშასთან მიიჭრა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ნჯღრევა დაუწყო… დამხმარე ქალებმა ძლივს ააგლიჯეს მანუ აშას. მანუ არ ცხრებოდა. იმუქრებოდა, თუ ავანის და ბავშვს რამე შეემთხვა, იცოდე აქაურობას ერთიანად გადავბუგავო. აშამ ერთ-ერთ დამხმარე გოგოს რაღაც წასჩურჩულა. გოგო ტყვიასავით მოწყდა ადგილს და თვალს მიეფარა…

………………………………………………………..

ბავშვი მკვდარი დაიბადა.

............................................................................................

 

 

ამჯერად, როგორც იქნა, ვაგონის ფანჯარასთან მოიპოვა ადგილი. მგზავრები მოწყენილი სახეებით ისხდნენ. ალბათ თითოეულ მათგანს ერთი სული ჰქონდა სახლამდე მიეღწია და აქაფებულ აბაზანაში ჩაეყვინთა. შემდეგ მყუდროდ მოწყობილიყო მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, ჩაერთო ყუთი, რომ დარჩენილი საღამო „ტერმინატორთან“ ან რომელიმე პოპ-ვარსკვლავთან ერთად გაეტარებინა!

მარტოსულ ცხოვრებას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა: ის, რომ არავის წინაშე არ იყო ვალდებული. რა კარგია, როცა თავის მართლება არ გიხდება იმის გამო, რატომ არ მოამზადე სადილი, რატომ დაიგვიანე, რატომ ხარ ცუდ ან კარგ ხასიათზე, რატომ კითხულობ შუაღამემდე... ახლა კი მრავალი „რატომ“ მას უკვე აღარ ეხებოდა. ამიტომაც, თუ უნდოდა, ცუდ ხასიათზე იქნებოდა, თუ უნდოდა - კარგზე. რაც სურდა, იმას იზამდა და რასაც არ მოისურვებდა, იმასაც! მოკლედ, არავის წინაშე არ უხდებოდა თავის მართლება. ეს თავისუფლებას ანიჭებდა და დიდ კომფორტს უქმნიდა! რა ექნა, თუკი მარტოობა, სიმშვიდე და თავისუფლება უყვარდა?

წლები უკვე ლაღი ჩიტივით ცხოვრობდა. ისე, კაცებიც დიდხანს არ ყოვნდებოდნენ მასთან. ჭკუა არ ყოფნიდა, ცოტა მაინც სულელ და სუსტ ქალად მოეჩვენებინა თავი. ამის გამო ყველა ურთიერთობა მოკლევადიანი გამოდგა. ეს მისი მშვენიერი მარტოსული ცხოვრება ცოტა არ იყოს დროში გაიწელა... ადამიანი ბედს ვერ შეეკამათება და ვერც სილას უთავაზებს. ამიტომაც იმას სჯერდებოდა, რაც ჰქონდა. ჭორებიც ფეხებზე ეკიდა.

მშობლები ადრე გარდაეცვალა. ერთადერთი ძმა მაშინ გამოჩნდებოდა მზესავით, როცა უჭირდა. ბოლო ოთხი წელი კი ასე უმუშევარი დადიოდა. ეცადა მაინც რამე, ან მუშად წასულიყო, ან ტაქსის მძღოლად. შენც არ მომიკვდე, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. რამდენჯერ სცადა, რამდენჯერ აუხსნა, ხან ეჩხუბა, ხან დაუყვავა, მაგრამ რა... შეაყარე კედელს ცერცვი. ძმა ასეც მშვენივრად გრძნობდა თავს. აბა რა უნდა ექნა?! აქ რკინის ნერვები, დათმინება და ნებისყოფა იყო საჭირო! საკუთარ ძმას თავისი კაცებივით ხომ ვერ მოიშორებდა თავიდან?

 

ერთი თვისების გამო ნაცნობ-მეგობრები ცოტა უცნაურად თვლიდნენ, საკმარისი იყო რაიმე წაეკითხა, ან ფილმი ენახა, რომ ზუსტად წიგნის ან ფილმის გმირივით იწყებდა მოქცევას. ხმის ტემბრიც კი ეცვლებოდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ქალაქის ცენტრალურ გაზეთში რედაქტორის ადგილი შესთავაზეს. ათი წელია ერთ ადგილას იყო და ერთ ადგილას ყოფნის მუდმივობა ახარებდა. მოკლედ, ბედს არანაირად არ უჩიოდა.

დღესასწაულებზე სახლში იჯდა. საყვარელ წიგნს აიღებდა, ლოგინში შეწვებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ ასოების სიმძიმისაგან ქუთუთოები არ ეხუჭებოდა. ის საინტერესო ადგილები და აზრები, რომელიც განსაკუთრებით უფორიაქებდა სულს, წიგნში ფანქრით ქონდა შემოხაზული და საუბრის ან კამათის დროს რომელიმე ფრაზას ისე მოხერხებულად ჩასვამდა ხოლმე, თითქოს მისი საკუთარი ყოფილიყო.

 

დღეს მეტროს ვაგონი ბავშვებით იყო გადატენილი. მათი გაუჩერებელი ყაყანისგან თავბრუ დაეხვა. „რაღა მაინცდამაინც აქ ჩასხდნენ…“ - სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. ბავშვები - მომავლის იმედი კი წივილ-კივილით დაჰქროდნენ ვაგონში, საღეჭ რეზინას იცოხნებოდნენ და ბერავდნენ. ყველაფერი ფეხზე ეკიდათ. მგზავრები უემოციოდ მიშტერებოდნენ სიცარიელეს... მასში ზიზღს იწვევდა, როდესაც საღეჭი რეზინა იბერებოდა და ხმაურით ასკდებოდა ბიჭს ან გოგოს სახეზე. თვალები დახუჭა. უეცრად, ერთ-ერთ გაჩერებაზე ყაყანი შეწყდა. თვალები გაახილა. ბავშვები ფანჯრებს მიღმა ფუტკრებივით ბზუოდნენ. სიჩუმეს ახლა მხოლოდ მატარებლის ყრუ, ვერტიკალური გუგუნი ხვრეტდა…

 

დღის ბოლო იყო და ამიტომ ვაგონი ყოველ გაჩერებაზე გაუმაძღარი გველეშაპივით ყლაპავდა მგზავრებს... თანდათან სივდებოდა მისი სტომაქი, თითქოს არავინ აპირებდა ჩასვლას. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ვაგონი ისე გადაივსო, რომ სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ამ ჭეჭყვაში თავებს ზემოდან მომთხოვნი სოპრანო გაისმა: „Fუდუ, Fუდუ!“ ხმა აშკარად მიჩვეული იყო ბრძანების გაცემას. რამდენიმე წუთის შემდეგ ხმამ კვლავ შეახსენა მგზავრებს თავი: „Fუდუუუუ, არ გესმის? ხომ გითხარი არ მომცილდე-მეთქი!“ სოპრანომ მჟავე ქლიავივით კბილები მოჭრა და გაღიზიანებულმა გაიფიქრა: „რა მნიშვნელობა აქვს ნეტა, ამ ჭეჭყვაში Fუდუ სად იქნება?!..“ ცოტა ხანში შეწებებულ სხეულებს შორის Fუდუს პამიდორივით აწითლებულმა და დამნაშავე სახემ ამოყვინთა. დაფას ჰგავდა. ჩია იყო. თავზე გაუგებარი ფორმის ქუდი ეხურა. გეგონებოდათ, რამდენიმე თვეა საჭმელი არ უჭამიაო. ხელებში ცელოფანის სავსე პარკები ეჭირა. ზურგზე სპორტული, პირამდე გადატენილი უზარმაზარი ზურგჩანთა ჰქონდა აკიდებული, გასაბერ სახლს ჰგავდა და სახურავის მაგივრად დიდი სათამაშო სპილო ედო. ამ ყველაფერს შორის Fუდუ წერტილივით მოჩანდა. ამოყვინთა. წამით შედგა, სული მოითქვა, ვაგონში დარჩენილი ჟანგბადი ღრმად შეისუნთქა, თავი მხრებში ჩარგო, წარბები შეკრა და დაჭრილი ხარივით, თავგამეტებით, თავით გადაეშვა შეწებებული ბრბოს უფერულ მორევში. „Fუდუუუუ … მოხვალ დროზე, თუ არა!“ - კვლავ გაისმა დაჟინებული სოპრანო. „ნეტა რა ქვია ამ მომთხოვნ ჩიტუნას - ბააკო, ბესსი თუ ეზი? იქნებ აზა ან იზუმი?..“ - დაინტერესდა. „იქნებ მარგარიტა? არა, არა... მარგარიტა ალბათ ცოცხზე შემომჯდარი ღამის ქალაქს დასტრიალებს თავს...“ - დაასკვნა. ხუთ-ექვს გაჩერებაში უნდა ჩამოსულიყო და ამიტომ მგზავრების თვალიერებას მიჰყო ხელი... ზუსტად მის პირდაპირ ახალგაზრდა კაცი ჯინსის ქურთუკში და ყურმილებით, თვალდახუჭული იჯდა. ეტყობა მუსიკას უსმენდა. ასეთი სახით სხვას რას მოუსმენდა აბა?! „შენსავით ნეტარი სახე აქვს, ჯანჯი. ამასაც საკუთარი სიამოვნების მეტი არაფერი აინტერესებს. ლურსმნის მიჭედება რომ ლურსმნის მიჭედებაა, ისიც არ შეგეძლო. სამსახურში წავიდოდი, იწექი და მუსიკას უსმენდი. მოვიდოდი, კვლავ იწექი და ტელევიზორს უყურებდი... თვალის ასახვევად მაინც წაგეკითხა რამე...“ - გაეფიქრა „მძინარე მზეთუნახავის“ შემხედვარეს და ფიქრს ფიქრი წამოეწია… ამ ბიჭუნებს, რომლებიც თავს არიდებდნენ მეტროში ან ავტობუსში ადგილის დათმობას, „მძინარე მზეთუნახავებს“ ეძახდა... რა თავში იხლიდნენ აბა ვიღაცის გულისთვის 6-7 გაჩერება ფეხზე ჯანჯღარს? არავის სურდა სანუკვარი ადგილის დათმობა! ცოტა ხანში მზერა ახლა მეორე „მზეთუნახავზე“ გადაიტანა. ბიჭს ცხვირზე მოდური შავი სათვალე ეკეთა. არ ირხეოდა. გეგონებოდათ სკამზე ლურსმნებით მიაჭედესო. მუქი ლურჯი ელეგანტური კოსტუმი ლამაზად აჯდა ტანზე და მხრებზე. რუხი ხაზებით გაწყობილი ასეთივე ფერის წვრილი ჰალსტუხი ეკეთა. „დოლჩე და გაბანას“ სურნელებას აფრქვევდა. მაღალ ფეხებზე, რომლებიც წვეტიანი მუხლებით მთავრდებოდა, შავი ტყავის თხელი ჩანთა ედო, როგორსაც საქმოსნები ატარებენ ხოლმე. ფეხებზე მოდური რუხი ფერის „ნაიკები ეცვა“. თმებიც მოდაზე ჰქონდა შეკრეჭილი. შავი შუშების მიღმა თვალები არ უჩანდა. გაუგებარი იყო, ბიჭი უყურებდა მას თუ ეძინა?! „ჩემთვის სულ ერთია, მიყურებ თუ გძინავს. შენთან ცხოვრებას მაინც არ ვაპირებ! შენც ყველა კაცივით ეგოისტი ხარ და საკუთარი თავი ისე გიყვარს, რომ ვერავის ვერ ამჩნევ... კოჭებში გეტყობა, რაც ხარ! დარწმუნებული ვარ, რომ შენს ქალებზე ძმაკაცებში ჭორაობ და ტრაბახით კვდები. ისე ამაყად ზიხარ, გეგონება ბრედ პიტი იყო..” - თვალებით მკაცრად გაზომა.. „საინტერესოა, ახლა ვის აბამ და უკოცნი ხელებს ბადდ?..“ - მზერით ხვრეტდა „ბრედ პიტს“. „ეჰ, ბადდი, ბადდი… ფაშასავით ცხოვრობდი. საკურასავით ყვაოდი ჩემთან. ვერ შეიფერე ძვირფასო. მეტი რა გინდოდა?! პატარა ბავშვივით გივლიდი - გაჭმევდი, გასმევდი, გირეცხავდი და გიუთოვებდი... სულ უკმაყოფილო შეიძლება ადამიანი იყოს?..“ „სწორედ, რომ საკურასავით ყოფნა მომწყინდა“. - ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოელოდა... „რა სურდა აბა თქვენს აღმატებულებას?“ „როგორ თუ რა?!.. მე მართლა ბალახი ან ხე ხომ არ ვიყავი? მთელი დღე გელოდებოდი... შენ კი... სამსახურის შემდეგ, იმ წამსვე ტელეფონს ეცემოდი, საათობით ლაყბობდი რაღაც სისულელეებზე. მერე ან წიგნში იყავი ჩაფლული, ან კიდევ ვიღაცის ტექსტს უკირკიტებდი…“ - ეს უკვე ნამდვილი სითავხედე იყო ბადდისგან. გაცხარდა. „თუ არც ხე და არც ყვავილი ხარ, მთელი დღე გასათხოვარი ქალიშვილივით სახლში რას მეჯექი?!.. გარჯილიყავი, სამუშაო გეშოვნა! რაღაცით მაინც დაკავდებოდი. მთელი დღე მუთაქასავით არ ეგდებოდი ტახტზე... მადლობა უფალს, რომ ბავშვი არ გავაჩინე შენგან. ახლა ორივე ჩემი მოსავლელი იქნებოდით...“ ბადდი დუმდა. არ მოეწონა უპასუხოდ რომ დარჩა. თავი გააქნია. ფიქრი თავიდან მოიშორა. ამასობაში ვაგონის მუცელი ცოტა ჩაჩუტულიყო. ვაგონის სიღრმიდან ჩუმი ხითხითი და გაუჩერებელი საუბარი ისმოდა. როგორც იქნა „ბრედ პიტს“ მზერა მოწყვიტა.

 

თვალებით მიაკვლია იმ ადგილს, საიდანაც ხმა მოდიოდა. შუახნის, საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი კაცი მთელი ტანით მიყრდნობოდა ვაგონის კარს, სადაც ეწერა, საშიშია, ნუ მიეყრდნობითო და მობილურით ელაპარაკებოდა ვიღაცას. კაცს უბრალოდ ეცვა. ქცევაზე ეტყობოდა, ქალს აბამდა. ასეთი სახით ცოლს რომ არ ელაპარაკებიან, ამას წყალი არ გაუვიდოდა! ლამობდა უხილავ ქალთან სასიყვარულო ძაფების გაბმას. ცაც რომ ჩამონგრეოდა თავზე, ვერაფერს შეიტყობდა, ისე იყო გართული საუბრით. ამის შემხედვარეს მოგონებებმა ისევ შემოუტიეს... „ღმერთო ჩემო, როგორ ცდილობდი განჯუ თავიდან ჩემს შებმას.. დღეში ასჯერ მირეკავდი, მოსვენებას არ მაძლევდი... თავი გაიგიჟე პირდაპირ. შენი გაინაღდე, თუ არა, თითქოს შეგცვალესო, მატერორებდი და ძალას მართმევდი. სულ შენს დამშვიდებაში ვიყავი, სულ რაღაცის ახსნაში და თავის მართლებაში. რა გქონდა ნეტა ჩემი დასამშვიდებელი?!.. კარგა ხანი კი მაბრუებდი... გამუდმებით დეპრესიაში იყავი. რისგან გქონდა დეპრესიები ნეტა?! თავზე გყვებოდი და გელოლიავებოდი. გამშვიდებდი, გაწყნარებდი, გეფერებოდი. ეეეჰ… ჯერ სადა ხარ ძვირფასო, დაგიპყრობს და სულ მალე დაგიქნევს ხელს!“ - მიმართა კაცის უხილავ საყვარელს.

„მარტო ცისფერი თვალები და მოკლედ შეკრეჭილი თმა რომ შველოდეს კაცს ჩემო განჯუ, კარგი დაგემართოს. მამაკაცის დეპრესიები ძნელი საყურებელია... ქალის დეპრესია ხომ არ უქნია ღმერთს და ახლა კაცის რა ასატანია, ხომ წარმოგიდგენია? შენი ისტერიკები აღარ გათავდა.. სად მქონდა შენი დეპრესიების თავი...“ „უბრალოდ არ გიყვარდი. თორემ დეპრესიები არაფერ შუაშია...“ „არ მიყვარდი?!.. რომ არ მყვარებოდი, რა მრჯიდა ნეტა?!.. იცი, რისგან იღლებოდი, უსაქმურობისაგან, ღრჯო ხასიათისგან, ეჭვისგან და საკუთარი დეპრესიებისგან. ცოლად რომ გამოგყოლოდი, რას მიზამდი, წარმომიდგენია! კიდევ კარგი, დროზე დაგშორდი. დამიჯერე, შენთვის ასე ჯობს! იპოვი ვინმეს, რომელიც ჩემზე მეტად დაგამშვიდებს გადაგყვება და მაგ გადაპარსულ ქერა თმაზე ხელს გადაგისვამს“. - შვებით ამოისუნთქა. მეტროს მატარებელი გაჩერდა, ნაწილი მგზავრებისა ჩავიდა, ხოლო ვაგონში შემოსულებს „ბიგ-მაკის“ მძაფრი სუნი შემოჰყვათ. თავი მიაბრუნა, საიდანაც სუნი მოდიოდა. ცოტა მოშორებით შუახნის კაცი მეტროს კართან იდგა, ფეხებთან დიდი ზურგჩანთა ედო და ფილოსოფიურად მიირთმევდა „ბიგ-მაკს“. „ღმერთო ჩემო, როგორ შეუძლიათ ნეტა ასეთი ზუნზლიანი ხელებით საზოგადოებრივ ადგილებში ჭამა... პირდაპირ ზედგამოჭრილი დენისია. რამდენს ჭამდიიი... მე კიდე ჩიტივით ვჭამ და მაინც ვსუქდები“. თავი სწრაფად მიაბრუნა ფანჯრისაკენ, რომ აღარ დაენახა „ბიგ-მაკიანი“, მაგრამ სუნი გულისამრევად უღიტინებდა ნესტოებში.

„შეიძლება კაცი მუდამ მშიერი იყოს?!.. რატომაა სტომაქი კაცისთვის ყველაზე მთავარი?!.. ჩემ მტერს მშიერი კაცი!“ კვლავ გახედა კაცს, რომელიც გართული იყო ჭამაში. ჭამას მორჩა, თითები აილოკა და შარვალზე აისვ-დაისვა, კარის სიშავეს მსუყე მზერა მიაპყრო და გაშტერდა. ცოტა ხანში მსუყედ ამოაბოყინა. ამის შემხედვარეს კინაღამ გული აერია. „რა მხარეს უნდა ეძიო ნამდვილი კაცი? ყველანი დინოზავრებივით ამოწყდნენ...“ „კიდევ კარგი, არცერთი ჩვენგანი მომაბეზრებლად არ ტრიალებს შენ ცხვირწინ და შენს სარკესავით პარკეტს არ აჭუჭყიანებს“. - ბორბლების ხმაურთან ერთად ნანასავით ჩაესმა გვერდიდან... ხმა არ გაუცია, უბრალოდ ისე ამოიოხრა, გეგონება ყველა მამაკაცი ერთად ამ ოხვრას ამოაყოლაო.

 

ყოველ გაჩერებაზე დიქტორის ხავერდოვანი ხმა მგზავრებს ახსენებდა, ყურადღებით ყოფილიყვნენ თავიანთი ნივთების მიმართ და პატარებისთვის, მოხუცებისთვის და ინვალიდებისთვის ადგილი დაეთმოთ. დიქტორის მცდელობის მიუხედავად, მაინც არავინ ფიქრობდა მოპოვებული ადგილის დათმობას! მოკლედ, ვაგონი „მძინარე მზეთუნახავებით“ იყო გადავსებული.

უცებ მოეჩვენა, რომ ჩასვლის დროა. წამოხტა თუ არა, ხალხის ტალღამ ვაგონიდან სადგურზე გადმოაფურთხა და კარი ცხვირწინ ხმაურით დაიკეტა. აღმოჩნდა, რომ სხვა გაჩერებაზე ჩამოვიდა! კედლის საათი 20:30-ს უჩვენებდა. ამ დროს მატარებლები იშვიათად ჩნდებოდნენ ხოლმე. სკამებიც არ იყო. ფეხზე ლოდინი დაეზარა. ნერვიულობასაც აზრი არ ქონდა. ამიტომ, სახლამდე ტაქსით წასვლა გადაწყვიტა.

ზაფხულობით გვიან ბნელდებოდა. სანამ ტაქსს ელოდა, ჩვეული გულისყურით იქაურობას მოავლო თვალი... ადგილმდებარეობის შესწავლასა და ხალხის თვალიერებას მიჰყო ხელი… უეცრად მისი მზერა ანკესივით გამოედო მაღალ, ქერა, ცისფერთვალება, ასე 40-ოდე წლის ძვირფასად ჩაცმულ კაცს, რომელიც სრულიად არ ეხამებოდა აქაურ პეიზაჟს. კაცს რაღაც ჰქონდა მიმზიდველი, მაგრამ ამავე დროს რაღაც უსიამოც იყო მის სახეში. საოცრად ნაცნობს ჰგავდა, მაგრამ ვერ გაიხსენა სად ყავდა ნანახი. ცოტა ხანში კაცმა ტუჩები აამოძრავა, თითქოს მღერისო და ბურტყუნი დაიწყო... შემდეგ კი ადგილს მოწყდა... სახლში სწრაფად მოხვედრის სურვილი და დაღლილობა სადღაც გაქრა. ფეხები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ უბჟუოდნენ, თავისით აეკიდნენ კაცს…

 

ფეხდაფეხ მისდევდა და ცდილობდა თვალსაწიერში ჰყოლოდა. როცა დარწმუნდა, ყველაფერი ამ მხრივ რიგზე იყო, უფრო დეტალურად დაიწყო კაცის შესწავლა - კაცი ისე მიდიოდა, გეგონება ცეკვავსო, ნამდვილი ავაზასავით მოძრაობდა, თეთრ ზანგს ჰგავდა. ეს ყველაფერი რაღაც უცნაურ შეგრძნებას იწვევდა... რაღაც ტკივილამდე ნაცნობი იყო კაცში. წვალობდა, მაგრამ ვერა და ვერ იხსენებდა. ასე ტვინის ჭყლეტას არანაირი აზრი არ ქონდა.. ამიტომ კაცის შესწავლა განაგრძო.

კაცს ტყავის ქურთუკი ბოლომდე ჰქონდა შეკრული. მარჯვენა ხელი ისე მიედო მკერდზე, თითქოს ქურთუკში რაღაც ძვირფასს მალავსო. ღია ფერის სვიტერის ყელი ქურთუკის საყელოდან მოუჩანდა. ლურჯი ჯინსები ლაზათიანად აჯდა გრძელ, თხელსა და ლამაზ ფეხებზე, რომელებიც ახალთახალი მოდური ფეხსაცმელებით მთავრდებოდა. მხარზე საკმაოდ ძვირადღირებული ტყავის ზურგჩანთა ჰქონდა მოგდებული. მოკლედ, მოდაზე ეცვა! ამ ყველაფერმა უფრო გაუმძაფრა რაღაც ძალზედ შორეულისა და ნაცნობის შეგრძნება... კაცის ხელებისთვის უნდოდა შეეხედა, მაგრამ ვერ მოახერხა.

კიდევ კარგი, დღეს ფეხზე კედები ეცვა და ამიტომ მსუბუქად და ფეხაკრეფით მიყვებოდა კაცს. ახლო მანძილი ურღვევდა იდუმალი თვალთვალის განცდას, ამიტომ მოპირდაპირე ტროტუარზე გადავიდა. ასე ბევრად უკეთესი გახდა თვალთვალი! კაცი უფრო და უფრო უმატებდა ნაბიჯს... მკერდი და თავი ისე ჰქონდა წინ გაგდებული, გეგონებოდა სხეულის ეს ორი ნაწილი ყველაზე ადრე უნდა მისულიყო დანიშნულ ადგილას.

 

„სად მიეჩქარება ნეტა? - საქმიან შეხვედრაზე, თუ ქალთან? იქნებ ჯაშუშია? ჰოო… ჯაშუშს ჰგავს. ხომ შეიძლება ვინმე უთვალთვალებდეს…“ - ფრთხილად მიიხედ-მოიხედა... რომ ვერავინ შენიშნა, ცოტათი დამშვიდდა. თავში ჭიანჭველებივით ირეოდა წაკითხული და კინოში ნანახი ყველა დეტექტივი და თრილერი... ბევრს ეცადა, მაგრამ ფიქრებს ვერაფერი მოუხერხა. კაცი ნამდვილად სადღაც ჰყავდა ნანახი... მაგრამ სად?!.. ეს შეგრძნება ტვინსა და გულს უღრღნიდა..

იშვიათი გამვლელი აჩქარებული ნაბიჯით, ეჭვმიუტანლად ჩაივლიდა ხოლმე და მოსახვევში, სადარბაზოში ან რომელიმე ეზოს ჭიშკარში უჩინარდებოდა.

 

ამასობაში შებინდდა.

 

ძალა მოიკრიბა. გონება ზედმეტი ფიქრისგან გაითავისუფლა და იმ შემთხვევისათვის, თუკი კაცი მართლა ჯაშუში აღმოჩნდებოდა, გეგმის დასახვას შეუდგა. მობილური ტელეფონი ყოველი შემთხვევისთვის ჩანთიდან ქურთუკის ჯიბეში გადაიტანა. თავში კვლავ აირ-დაირია მოგონებები: „უსიამოა, როდესაც ვერც კარგს და ვერც ცუდს იტყვი ადამიანზე. ჩემო ტაბო, რომ მომკლა, შენზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ერთი კია, ნარცისივით შეყვარებული ხარ საკუთარ თავზე. ღმერთო ჩემო, როგორ უვლიდი მაგ თხასავით წვერ-ულვაშს. ამდენი საკუთარი თავისთვის რომ მომევლო და მიმეხედა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. საცოდავი სარკე, შენი შემხედვარე... სიმართლეს გეტყვი და ასეთი არფერი მინახავს... რამდენს ეწეოდი ამ ბალახს. სულ მთლად გამოშტერდი... შენი გარეწარი სახე ხომ მაინც გამოაჩინე იმ დღეს. ისე ამარიდე თვალი, გეგონება კისერზე გეკიდებოდი. „გამარჯობას“ რაღა ედგა წინ? ალბათ ახალი ნაშიკოსი შეგეშინდა. ვის დარჩენიხარ ერთი ნეტა ვიცოდე? გეგონება, კაზანოვა მყავდე. ხომ არსებობენ ბუნებაში ნორმალური კაცები და მე სულ კრეტინები რატომ მხვდება?!.. საცაა 40 წლის გავხდები და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე... ეს როგორია ნეტა?!“ - მოკლე მზერა ესროლა კაცს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიდიოდა უკვე, თითქოს მიფრინავსო... „ჩუმ შიზოფრენიკს ჰგავს. რა თავში ვიხლი ნეტა ფარულ აგენტებსა და 007-ებს?!.. ისეთი ბედი მაქვს, ამის გულისთვის ან სადმე ჩამკლავენ ან ციხეს მახეხინებენ... რა მრჯიდა ნეტა, რომ გამოვყევი? ვინ მეხვეწებოდა? ახია ჩემზე, თუკი რამე სისულელეში ამოვყოფ თავს. არა, არა... ექსპერიმენტებს უნდა შევეშვა!“ „ხომ იცი, ნათქვამია, ადამიანი თავის თვალში დირესაც ვერ ხედავს და სხვისაში ბეწვსაც ამჩნევსო, ჰოდა, ხომ იცოდი რომ ბალახსაც ვეწეოდი და დეპრესიებიც მტანჯავდა? ვინ გეხვეწებოდა ნეტა იმ ღამეს ჩემთან რომ დარჩი და აღარ წახვედი?“ - კვლავ ჩაესმა გვერდიდან...

 

გონს მაშინ მოეგო, როდესაც ქუჩა მოსაწყენი ეჩვენა. „აგენტი - 007“ არსად ჩანდა. ადგილს მოწყდა... ქოშინებდა. აგურით ნაშენებ ძველ სახლთან გაუხვია და ერთ ადგილას გახევდა… ახალგაზრდა კაცი წელში კითხვის ნიშანივით მოხრილი სანაგვეში იქექებოდა... ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში ჯერ კიდევ იდგა, ძველი, დიდი რკინის ნაგვის ყუთები. ამ ქუჩაზე კი სულ ოთხი სანაგვე ყუთი იდგა. კაცი ნერვიულად იქექებოდა და ყურადღებით ათვალიერებდა იქაურობას.

კაცის ყურადღება რომ არ მიეპყრო, ბაღში შევიდა. „Blow-up“-ის გმირივით რაღაც უცნაურისა და მოულოდნელის მოლოდინში ბუჩქებს უკან გაიყურსა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა... ბუჩქები ოდნავ გადაწია და ინანა, რომ ფოტოაპარატი არ ჰქონდა თან.

 

დიდხანს დგომისაგან ფეხები სულ დაუბუჟდა. ზურგი აეწვა დაღლილობისგან, მაგრამ ცნობისმოყვარეობა თავისას შვრებოდა. როგორც ჩანს, კაცმა ის ვერ იპოვა, რასაც ეძებდა და ახლა მეორე სანაგვეში გადაინაცვლა. „ისე, თუ მართლა ჯაშუშია, კი უნდა იცოდეს ამანათი სად დევს! იქნებ მოატყუილეს? ისე რა აუცილებელია მაინცდამაინც ჯაშუში იყოს?!.. იქნებ მილიონერია, მოწყინდა და უბრალოდ ერთობა? სისულელეა… რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანი უმიზნოდ იქექებოდეს ნაგავში?! იქნებ გაგიჟდა? აბა, ჭკუაზე მყოფი და შეძლებული ტიპი სანაგვეში ქექვას რატომ დაიწყებს?!.. იქნებ ვინმეს თვალის ასახვევად იქექება?“ - აზრები მწკრივდებოდნენ, მერე კი ერთმანეთში ირეოდნენ... სულ დაიბნა… ვეღარაფერს ხვდებოდა… თავში აზრები აერ-დაერია და ლოგიკა მთლად დაერღვა… „რა აუცილებელია მხოლოდ მაშინ ჩაიცვა ლამაზად, როდესაც შეხვედრაზე, კინოში, თეატრში ან სადმე საღამოზე მიდიხარ?“ - ფიქრი თავისთავად გაგრძელდა. „ვითომ რატომ არ შეიძლება ლამაზად ჩაცმული და გამოპრანჭული ნაგავს მიადგე საქექად?..“ - საბოლოოდ საკუთარ ეჭვებში გაიხლართა. „არა, არა… აქ რაღაც ისე არ არის! ხომ შეიძლება თავგადასავალს ეძებდეს, ან იქნებ ეს ყველაფერი მისთვის სულაც ჰობი იყოს?.. ხშირად მდიდრები დიდ უნივერმაღებში გართობის მიზნით ქურდობენ ხოლმე. ხომ შეიძლება, რომ უნივერმაღებში ქურდობა მობეზრდა და ახლა ასე სანაგვე ყუთებში ქექვით იქცევს თავს? იქნებ სულაც „არასაჭირო ნივთების“ მაღაზიის გახსნას აპირებს?!.. ძალიან კარგი აზრია ღმერთმანი, „არასაჭირო ნივთების“ მაღაზია! ხალხი გიჟივით მიაწყდება არასაჭირო ნივთებს და დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში მშვენიერი ბიზნესი ექნება 007-ს!“ - რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა კაცს, მით უფრო ეცნობოდა მისი გარეგნობა. თითქოს სადღაც ენახა ეს სახე, ეს აღნაგობა. ეს შეგრძნება აღელვებდა და რატომღაც სულს უფორიაქებდა…

…………………………………………………

…უეცრად, თითქოს ვიღაცამ ჩასჩურჩულაო, მეხსიერებამ ერთი წლის წინანდელი ამბავი ამოუტივტივა…

ყოველ დილით, მეტროს ვაგონში, კარებთან ახლოს, მოდურად ჩაცმული ორმოცს მიღწეული აფრიკელი იდგა, ძვირფასი ტყავის პორტფელით ხელში და აფრიკულ სიმღერას მღეროდა. თავაზიანად უღიმოდა ყველას, თან დიდი მოწიწებით აცილებდა ვაგონიდან მგზავრებს და მოწიწებით ეპატიჟებოდა ვაგონში. მგზავრები რატომღაც უხერხულობისაგან იშმუშნებოდნენ და თვალს არიდებდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, წესით და რიგით კაცმა ან სახლში უნდა იმღეროს, თავისთვის, ან მეგობრების წრეში, ან წვეულებაზე, ან თუ მომღერალია - სცენაზეო. ისე მეტროს ვაგონშიც რა თქმა უნდა სიმღერა მოსულა - ფულზე... მაგრამ უფულოდ?!.. გამოდის, თუ ძვირფასად ჩაცმული კაცი ყოველგვარი მიზეზის გარეშე მეტროს ვაგონში მღერის, თან თავაზიანად ეგებება მგზავრებს და აცილებს, უბრალოდ რომ თქვათ, უსტვენს და ეგ არის! მაინცდამაინც უნდა უსტვენდეს?! რატომ არ შეიძლება ადამიანმა იმღეროს, სადაც უნდა და როცა უნდა?! ეეჰ... მღეროდა ასე ნახევარი წელი კარგად ჩაცმული აფრიკელი თავის აფრიკულ გაუგებარ სიმღერას... ყოველდღე ერთსა და იმავე სიმღერას მღეროდა. თუმცა აფრიკულის ბაიბურში არ იყი, ამ სიმღერის რაღაც ნაწყვეტი ჩაუჯდა თავში: „იეეეე დინიეეე... /იეეეე დინიეეეი... /ოოო ტიე დინიე / ოოო ტიე დინიეეეეე // იე მოღვაააა... /იე მოღვაააა...//ოოო ტიე მოღვაააა /ოოო ტიე მოღვაააა / ოოო ტიე მოღვაააა... // ლესედიზე კეტიე დინიე /ლა ტერედი კეტიე დინიე.../ /ოოოო კეტინე.. / ოოო ტიე დინიეეეეე... / ოოოო ტიე დინიე.../ ოოოო ტიე ტინიე...//” თავდავიწყებით მღეროდა აფრიკელი… რაღაც არაამქვეყნიური სიმღერა იყო. სიმღერის დასასრულისკენ უცებ წელში იმართებოდა და სადღაც ზევით აღაპყრობდა ხოლმე თვალებს, თითქოს ვიღაცას უხმობსო... რაღაც უცნაურ გრძნობას ბადებდა. მღეროდა, მღეროდა და ერთ მშვენიერ დღეს, თითქოს არც კი ყოფილაო, გაქრა...

„რაღაც მიზეზი მაინც უნდა იყოს, თუკი კარგად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი სანაგვეში იქექება! მიზეზს რა თავში ვიხლი?.. ვინ იცის, იქნებ მანიაკია და უკვე რამდენიმე ადამიანი ჰყავს მოკლული... იქნებ შემნიშნა კიდეც და ისე იქცევა, ვითომ ვერ მხედავს და მიტყუებს... იქნება ყველაფერი დაკარგა - ქონება, სამსახური, ოჯახი. ნეტა რას ვიზამდი, ყველაფერი რომ დამეკარგა?“ - ფიქრმა დაღალა. თავი გააქნია, თითქოს ყველა შეკითხვის ერთად მოშორება სურდა.

 

რას ეძებდა ნეტა ახალგაზრდა კაცი ასეთი მონდომებით - ფულს, ბრილიანტებს, მოკლულის გვამს? იქნება ოსტატი იყო და გამქრალ ნაწერებს ეძებდა? იქნებ სულაც არ ეძებდა არაფერს? ან რაღაც მოჩვენებითსა და არარეალურს დაეძებდა… მოკლულთა სულებს ხომ არა? იქნებ, იქნებ, იქნებ… ხოოო... ყველაფერი იყო შესაძლო, მაგრამ უკაცრიელი და ბნელი ქუჩა თავისი ოთხი რკინის სანაგვის ყუთით დუმდა.

 

ამ ფიქრებში და საკუთარ თავთან ჭიდილში ჩამობნელდა და ქუჩა ყვითელმა რბილმა ლამპიონებმა გაანათა. ცარიელი ქუჩა ნაგვის ყუთში შემძვრალი კაცით თრილერს მოგაგონებდათ. როდესაც იმას ვერ პოულობდა, რასაც ეძებდა, უსუსურად შლიდა გრძელ, ფრთებივით ხელებს. რამდენჯერმე მოეჩვენა, თუ კიდევ გაშლიდა კაცი ხელებს, უეჭველად გაფრინდებოდა…

 

მეოთხე ნაგვის ყუთთან კაცი გაცილებით დიდხანს შეყოვნდა... ეტყობოდა, ეს ყუთი მისთვის ბოლო იმედიღა იყო, ბოლო ნავსაყუდელი, ბოლო საიმედო კუნძული. მაგრამ აქაც რომ დამარცხება იგემა, ისეთი უცნაური ხმა ამოუშვა ყელიდან, რომელიც ერთდროულად კვნესაც იყო და ყმუილიც. კაცმა ხელები ფრთებივით აიქნია განწირულად და სახით ბუჩქებისაკენ მობრუნდა. ვერავის ხედავდა. არც კი ეჭვობდა, ბუჩქებს მიღმა თუ ვინმე იდგა.

 

მოულოდნელად თვალწინ მომღერალი აფრიკელის სახე წამოტივტივდა. კაცსა და აფრიკელ მომღერალს შორის მსგავსებამ შეზარა. სამყარო შეზანზარდა. მუხლები მოეკვეთა და შეძრწუნებულმა ბუჩქებში ჩაიმუხლა. ამ აღმოჩენით გაოგნებულს, კარგა ხანს საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ. გონს რომ მოეგო, ბუჩქებიდან წამოიწია. ასეთ სურათს კი ნამდვილად აღარ ელოდა. კაცი ისევ ისე იდგა, ოღონდ ახლა ფრთებჩამოყრილი და ქუჩის, სახლებისა და ბაღების მიღმა იყურებოდა... ყვითელი ნათურების ქვეშ უცხოპლანეტელს გავდა. მის თვალებში და პოზაში ერთდროულად განწირულობა და შეგუება იკითხებოდა. ცოტა ხანში, გეგონება გამოცდა ვერ ჩააბარაო, თავი დაჰკიდა. ღამის სიჩუმეში ისმოდა მისი მძიმე და დაღლილი სუნთქვა. თითქოს ღამეს სამართებელი გადაუსვეს, ერთი ხელის მოქნევით კაცმა ტყავის ქურთუკი ჩაიხსნა და კოკისპირულმა წვიმამაც დასცხო...

სვიტერზე დიდი, ლათინური ასოებით ეწერა - Amadi.

 

ციებიანივით აკანკალდა... სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ შუბლი ოფლის ცივი წვეთებით დაეფარა და გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო... ტუჩები თავად ჩურჩულებდნენ - Amadi, Amadi…

………………………………………………… გონს რომ მოეგო, კაცი უკვე გამქრალიყო.

ბუჩქებს მექანიკურად გამოეყო... ეშინოდა, მაგრამ თავს სძლია და ასე სველმა ქუჩები მოირბინა, ყველა სადარბაზოში შეიხედა, სანაგვე ყუთებიც კი დაათვალიერა, მაგრამ კაცი თითქოს აორთქლდა, გეგონებოდათ არც კი ყოფილიყო... გამოშიგნული და დაცარიელებული ქუჩა ჩაყვითლებული თვალებით შეჰყურებდა..

………………………………………………………………..

 

ემოციებისგან დაცლილი, სველი, დაღლილი და ჩაცმული საწერ მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხანს იყო ასე თვალდახუჭული. არაფერზე ფიქრობდა. მთელი სხეულით ცახცახებდა... შემდეგ ნელ-ნელა გაახილა თვალი... აბაზანა არც კი გახსენებია. კომპიუტერი ჩართო… თითქოს ეტიუდს უკრავსო, ისე ათამაშდნენ თითები კლავიშებზე..

…………………………………………….

 

ვერსია 3. სახელი: Amadi - აფრიკული სახელია და ნიშნავს „მკვდრადშობილს“.

ისტორია: ლეგენდა მკვდრადშობილ ბიჭუნა Amadi-ზე მოგვითხრობს, რომ იგი მკვდარი დაიბადა. დაბადებამდე დედა შესთხოვდა ღამის მეფეს - მთვარეს, შვილის უვნებლად გაჩენას: „აჰა, წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი./ აჰა წაიღე ჩემი სახე, გაუხარელი სახე ჩემი./ მე კი მომეცი შენი./ მას შემდეგ, როცა შენ თავს უკვდები,/ კვლავ გვევლინები, კვლავ გვიბრუნდები.// აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი./ აჰა წაიღე ჩემი სახე, გაუხარელი სახე ჩემი.../ აჰა წაიღე ჩემი სახე, მე კი მომეცი შენი,/ რომ დაგემსგავსო, რომ დაგემსგავსო,/ ბედნიერება რომ დამებედოს./“ ბავშვი მკვდარი დაიბადა... მისი გული არ ცემდა, მაგრამ სიცოცხლის სურვილი იმხელა ჰქონდა, რომ თვალები გაახილა… მშობლები მეცხრე ცას ეწიენ, რომ შვილი „ცოცხალი“ ყავდათ. ბავშვს Amadi დაარქვეს.

სოფელში, სადაც Amadi იზრდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი ხდებოდა ავად და კვდებოდა. ცხადი იყო, რომ ღმერთები წინააღმდეგი იყვნენ იმისა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, Amadi მაინც ცოცხალი დარჩა და ამის გამო მთელ ტომს სჯიდნენ... მაშინ შამანებმა უხუცესებთან ერთად სულებს უხმეს. სულებმა მათ აუწყეს, რომ Amadi არ უნდა დაბადებულიყო, რადგან თუკი ის გაიზრდებოდა, მთელ სამყაროს განადგურება ემუქრებოდა. უხუცესებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ Amadi მოეკლათ! მაგრამ, როგორ მოკლავდნენ, თუკი იგი უკვე მკვდარი იყო? მაშინ Amadi-ს დაწვა გადაწყვიტეს. აუცილებელი იყო მათ ამადის დაწვის რიტუალი ჩაეტარებინათ, რათა მისგან აღარაფერი დარჩენილიყო და არც არაფერს მოეგონებინა მისი სახე... Amadi-ს რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, ამიტომ მას სპეციალური შხამში ამოვლებული დანით გაუგმირეს გული... Amadi-ს გვამი დაწვეს... მაგრამ დანა, რომელზეც Amadi-ს სისხლი იყო - არ გაანადგურეს. ამიტომ უხუცესს, დანის პატრონს, ყოველ ღამით Amadi-ს სული ეცხადებოდა ხოლმე, რომელიც მას ძლიერებას, ძალაუფლებასა და უკვდავებას ჰპირდებოდა. ერთხელაც უხუცესი სასიკვდილოდ გახდა ავად და იგი Amadi-ს პირობებს დათანხმდა... უხუცესს იმუ - „სიკვდილის ღმერთი“ ერქვა (იგი ჯადოქარი ვუდუ იყო). იმუ არ მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული გაჩერდა... ახლა იგი იყო ის, ვინც სიკვდილი მოატყუა... უკვდავი რომ ყოფილიყო, ამიტომ იმუს მკვდარი სულებით უნდა გამოეკვება Amadi. კვლავ დაავადმყოფდა იმუს ტომი. დროთა განმავლობაში კი ტომი ამოწყდა და ამ ამბის გარშემო მხოლოდ ჭორებიღა შემორჩა. საუკუნეთა განმავლობაში იმუს გონი სიბოროტისგან სულ დაუბნელდა. მას ყველგან წყევლა, სიბნელე და სიბოროტე თან სდევდა და ეს მას უკვე სიამოვნებას გვრიდა. ომების დროს მკვდარი სულების შოვნა ადვილი იყო, მაგრამ ომები აიკრძალა და ახლა იმუ და Amadi გაეშურნენ იმ ერთადერთ მხარეს, სადაც დიდი სიკვდილიანობა იყო და შესაბამისად ბევრი სულიც...

„დრო არ იცდის და არც სესხად გაიცემა…“ Amadi

…………………………………………….

 

 

 

ეპილოგი

 

ამჯერად, როგორც იქნა, ვაგონის ფანჯარასთან მოიპოვა ადგილი. მგზავრები მოწყენილი სახეებით ისხდნენ. ალბათ ერთი სული ჰქონდა თითოეულ მათგანს სახლამდე მიეღწია. დილაადრიან, მეტროს ვაგონში, კარებთან ახლოს, კარგად ჩაცმული ორმოცს მიღწეული აფრიკელი იდგა, ძვირფასი ტყავის პორტფელით ხელში და მღეროდა: „იეეეე დინიეეე... /იეეეე დინიეეეი... /ოოო ტიე დინიე / ოოო ტიე დინიეეეეე // იე მოღვაააა... /იე მოღვაააა...//ოოო ტიე მოღვაააა /ოოო ტიე მოღვაააა / ოოო ტიე მოღვაააა... // ლესედიზე კეტიე დინიე /ლა ტერედი კეტიე დინიე.../ /ოოოო კეტინე.. / ოოო ტიე დინიეეეეე... / ოოოო ტიე დინიე.../ ოოოო ტიე ტინიე...// “

 

გუდაური 22.09.2014 წ.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE