ანუბისის ბაღები


ანუბისის ბაღები




აალება

 

დიდ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს,
შენს ბაგეებზე გამომკრთალ ღიმილს,
დილის ვარდებზე დაკიდულ ნამებს,
დიდ მარტოობას, სიჩუმეს მღვიმის,
ვარდებს, მის ჯერაც გაუშლელ კოკრებს,
დავიწყებისკენ გადახრილ საგნებს,
ბავშვს, დაისის წინ სხივებს რომ მოკრებს,
მის თითებს, როცა უმატებს, აკლებს,
ხელებს, რომელიც გეძებენ ძილში,
აქ რომ ვერაფერს ვერ ეჭიდება,
დიდ მატლს, რომელიც ნეტარებს ხილში
და გაღვიძება აღარ სჭირდება,
თვალებს, რომლებიც გხედავენ მუდამ,
ისე შორიდან, თვალმოუკრავად,
ოქროსკანიან, მდუმარე ბუდას,
სანამ სიყვარულს არ მოვუკლავარ,
თაყვანს ვცემ ყველას, უკუნში ნაძერწ
პატარა ლეკვსაც, მის კუდის ქიცინს,
ნაფეხურს შენსას, ასვეტილ ნაძვებს,
ბოლო წერტილსაც, შენ რომ სვამ, ციმციმ...

 

ზარი

 

მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი, მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები.
შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი, ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი, ჩემი სახე შევატრიალე,
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი.
ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება.

 

მერწყულის ტალღა

 

გადაიარა დიდმა ტალღამ, დაფარა ქვიშა,
წაშალა უცხო წარწერები — ჩემი ელჩები,
გააქრო შენი მონიშნული მაღალი ნიშა,
ააელვარა ნიჟარები, ბნელი კენჭები.
აქ აღარ არის ჩუმი ღელვა, შუქი ნაჩხაპნის -
აღარც გულების კოცონებით გზა ამომწვარი.
ზამთარი გულში აყვავებულ მაისს დაჯაბნის,
თოვლი ყელამდე როცა არის ბავშვებს მომწვდარი.
მე დამესიზმრა მოციმციმე ბაგეთა ნერწყვი -
თავს ზემოთ მუდამ მოციაგე დიდი მერწყული,
მე შენს სიბნელეს - თვალს დავხუჭავ და ისე ვერწყმი,
როგორც ოთახში ჩაკეტილი -კედლებს მერცხალი.
ჩუმად ვჩურჩულებ, ჩემი ბედი ვერვის შევტირე,
ვეღარ ვცნობ წარსულს, არც მომავლის მესმის ხარება.
ჩემში სულ უკრავს ჯადოქარი შენი მესტვირე,
იცის, სიბნელე ბოლოს მაინც გაიბზარება.

 

სუნთქვა

 

გული სინათლით სავსე დღეებით –
ცა ვარსკვლავებით გადალამბულა.
ჩემ ბნელ სიზმრებში ცხელ ბაგეებით
სუნთქვა შენს სუნთქვას არ გადაბმულა.
მერე გადივლის ჩემ გულზე ზღარბი,
ველის შროშანი, მთელი პრერია.
მაქვს ცისარტყელის მაღალი წარბი,
სიტყვებიც – რაც არ დამიწერია.

 

დაბრუნება

 

შეხედავ ნაძვი, ცად ასვეტილ ნაძვს იქით ვერხვი,
მაღლა ჩიტების ჟრიამული, შენება ბუდის,
დიდი გულებით დაჩხაპნილი, ხის ძირას მერხი,
მერხზე ლოთების ღრიანცელი, ბოთლები ლუდის.
უცებ წამწამებს დაუშვებ და სიბნელეს უხმობ,
გინდა სიბნელე სამუდამოდ დაგედოს ხუფად.
გაზაფხულია შენს ჯინაზე, ტკივილებს უღრმესს
ზამთრამდე კიდევ ბევრი დარჩათ, მადლობა უფალს,
ძირს თავდახრილი თუ შეამჩნევ ბავშვების კედებს,
როგორ თელავენ გვირილებს და სხვა უცნობ ყვავილს,
ხედავ, ბავშვები მოჰყვებიან ჩრდილივით დედებს,
გვერდით კი ქმრები — რომ არ ჩანდნენ ჭიქაში ყავის.
მიხვალ სახლში და კვლავ გადაშლი პლოტინს, ან პროკლეს -
ამოდის მატლი ამ ვაშლიდან, უცხო და მსგავსი…
უცებ გადაშლი შენს სიცოცხლეს, ისედაც მოკლეს,
როგორც გადაშლის ხსოვნის ბილიკს მომავლის ხავსი.

 

ბაგისფერი დაისი

 

თან დავატარებ შენი ცის სხივს, შენი სხეულის
ალისფერ ყვავილს, სხვა ფეხმა რომ ციმციმ გათელა.
დავიკარგები შენს გრიგალში, უცხო, ეული,
როგორც აქ ბნელში მხარქცეული ციცინათელა.
აი, ეს არის დავიწყების ტალღის მოქცევა,
თავზე რომ მადგას, დაისია იმ ბაგისფერი,
ძილში ვჩურჩულებ: შენ იყავი, ამის მოწმე ვარ —
დილის ვარდივით ციალებდა სახე, კისერი.
მომქონდა გული - არავისთვის გამოსადეგი,
სიტყვის ფერები, შორსმხედველი ჩემი სიბეცე.
დამუნჯებული ხნიერი ხის გვერდით დავდექი
და ჩრდილთან ერთად შენს უფსკრულში გადავიკეცე.

 

ღამის ელეგია

 

ქარი აღვიძებს ნემსიყლაპიას,
ფრთები ბავშვებთან მას არ ამდურებს,
ღვიძავს სიცოცხლეს, ჩამქრალს, ლამპიანს,
ჩემს სიმარტოვეს და სიდაბდურეს.

ღამის მწვალებლებს — ღვიძავთ ტარაკნებს,
ახსოვთ, სიბნელე ნათელს უდრიდა.
სიზმარში ვიღაც მოლაპარაკემ
კვლავ მითხრა: ნუ ხარ ასე გულდიდა.

 

სიჩუმის ნაპირი

 

ჩამოუტარებს გულს გაზაფხული
აისბერგს, ცივს და ზღვამოდრეიფეს,
დგას სიხარული ისე მზაკვრული,
შენს ფანჯარაში რომ არ შეიფრენს.

სიჩუმის ნაპირს ბავშვი პაწია
გაცდება, სხვაგან მიეჩქარება,
შენი ფანჯრის წინ დიდი ნაძვია,
შენი მდუმარე გულის ხარება.

 

სიბნელე

 

მითხრეს: ცხოვრება არის დღესავით,
მე კი არა მაქვს შნო და გერგილი,
რომ ვარ უგრძნობი დიდი კლდესავით,
ანდა ცივი ვარ აისბერგივით.

ეშმა, ამ სოფლის მამასახლისი,
ჩემზე სხვა ათას რამეს მოროშავს,
გულზე გადივლის მისი სახნისი -
ამოჰყრის ვარდებს, აფრთხობს ბოლოშავს.

ისმის ჩურჩული: ამოიბაგე,
კვლავ შეერიე დაისს, სიბინდეს,
კოცნისთვის ჰპოვე წყვდიადის ბაგე,
ოქროსქოჩრიანს, გასცდი სიმინდებს.

მაღალი ხე ხარ, რომ ვერ დაგაპეს,
წადი, წყვდიადის კალთას ებნიე.
თუ ხედავ ვარდებს - ბავშვის საკაბეს,
წამიერია და უნებლიე.

 

ჩურჩული

 

ბევრი ფეხის ხმა მიახლოვდება,
გათელეს ვარდი და სამარის მიწა დაბლისკნეს.
გულში გაისმის შენი გოდება -
ასე მიდიხარ სიბნელისკენ და სიდაბლისკენ.

თითქოს გადუსვეს შავი გუაში
დაბრეცილ სივრცეს, ღვინით სავსე ქვევრი დაგლისეს.
მნათი წერტილი ბნელის შუაში
ვარ ისევ მარტო. აქ არავინ მოგისაკლისებს.

 

ძილი

 

აქეთ თვალგახელილი ცრემლიანი ბრმებია,
აქეთ შენი სიცოცხლე სიკვდილს დაუბრებია,
მიმოდიან ტალღები - ჩუმი საუბრებია,
ინთებიან ვარსკვლავნი, ინთებიან, ქრებიან.
ვარდებისკენ ქარები ისევ გადიხრებიან,
ვხედავ ბავშვის კულულებს და მის შავტიხრებიან
ძილში ალვა იჭრება, მყინვარები დნებიან,
გრიგალი და სინათლე ერთად დაიძვრებიან,
თითქოს არც კი ყოფილან, არც ვის დასიზმრებიან

 

ანუბისის ბაღები

 

ღამის სიზმრებში ანუბისის მოახლოება
ახლა აშენებს და ამაღლებს ცამდე მეგალითს.
მე რომ მეგონა, თითქოს მიწა მევიწროება,
სავსე მთვარის ქვეშ აქათქათდა დიდი ეკალი.
შენი ვარდები ცვრით დამძიმდა მდინარის გაღმა,
აყვავდა კომში, ახასხასდა მწვანედ აყირო.
ადრე მეგონა, რომ გაშალა ვარდები ბაღმა
ჩემთვის. ვიყავი დიდ ბავშვივით უკვირმაკვირო.
დაკარგულ გზებზე გული იყო შენი მოსავი,
ვეტანებოდი გზის ნაპირებს, ბნელის ლენცოფას,
მოეხვეოდა უნაზესი ყელით სოსანი
მის ეკლებს. სისხლით მიველტვოდი თავის შეცნობას.
იყო ბავშვობა, მსხლის ტოტებზე ბუდე თრიების,
მამის სიკვდილი და მაღალი კოშკი უბისის,
შენი ღიმილი, გაღვიძება გულში მთიების,
ღამის კოშმარი, სიზმრის ბაღი, ხმა ანუბისის.

 

მორევი

 

როდესაც ცეცხლი ბრიალებს მწველი,
თავი არ ახსოვთ ფარვანებს, ქინქლებს.
ყვავილის ყელში გაივლის ცელი,
დახედავს სხივი ყინულის ფიქლებს.
როდესაც ხეზე ეშვება ცული,
მაშინ ამ ტყეში სინათლე იკლებს.
სახეს ედება ნიღაბი კრული
და გულის ბუდე აღარ აქვთ ფიქრებს.
არის სინათლე? არსებობს ნული?
თუ თავის წრეში ჩაითრევს ციფრებს?
არის მორევი, უძირო ღრმული –
ტკივილებს, ქაოსს თავისში იკრებს…

 

წასვლა

 

გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი,
ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.
ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით,
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად, მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება...
მივდივარ ჩუმად, მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინი ბნელ ღამეში გულს მესახება,
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება...

 

შემოდგომის წვიმები

 

იყოს ქარი და იყოს წვიმები
და მაღვიძებდეს ხმაური თავსხმის!
კარგია, კოშმარს რომ არ მივები,
მადლობელი ვარ სიცივის, ამ ხმის.
რა ოქროსფერი დაედოთ გოგრებს,
რა სისხლისფერი დაჰკრავთ ვენახებს,
სიმინდის ტომრებს კვლავ თავი მოკრეს,
მეც ვხურავ წიგნებს შენ ხელშენახებს
და აღარ ვუსმენ ჩიტების ლალეს,
რომ ფერავს გულის ვუის და ვაის.
სიცარიელეს მოვუხმობ ხვალეც,
მივადებ სახეს ახლობელ დაისს.

 

შემოდგომის ბაღები

 

უკანასკნელად ყვავილები ღებავენ ხმელეთს,
ყველამ გაასწრო, ვისაც სურდა წასვლა, გასწრება.
მე შევალ ბაღში, ვიგრძნობ ისევ ძველ ელეთმელეთს,
ბოლო სხივისკენ მიაბრუნეს თავი ასტრებმა.
შემოდგომაა, რომ არ ინდობს ალვის კულულებს
და თავის ოქროს გადააყრის თავზე ღარიბებს,
მოგონებების ნაკადული ჩუმად ლუღლუღებს,
ისევ წაიღეს, რაც დროებით ჩამოარიგეს….
გულწითელები მოფრინავენ ხშირად ფანჯრებთან,
სად დიდი ბავშვი ისევ ხატავს გულებს მინაზე,
ყოველ სიზმარში ქარი ალვას ხრიდა, ანჯღრევდა,
მახსოვდა ძილში შენი მზერა, შენი სინაზე…

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE