“სადღაც” და “ვიღაც” ტერენტი გრანელის შემოქმედებაში


“სადღაც” და “ვიღაც” ტერენტი გრანელის შემოქმედებაში




ტერენტი გრანელის პოეზიაში უამრავი განუსაზღვრელობითი მეტყველების ნაწილი გვხვდება. ორ მათგანზე ვილაპარაკებთ: ერთია განუსაზღვრელობითი ზმნიზედა “სადღაც” და მეორე – განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი “ვიღაც”.

შედარებისთვის სტატისტიკას მივმართოთ:

ილია ჭავჭვაძის პოეზიაში “სადღაც” არც ერთხელ არ გვხვდება; “ვიღაც” გვხვდება ათჯერ, ლექსებშიც და პოემებშიც (თენგიზ სანიკიძე. ილია ჭავჭავაძის პოეზიის ლექსიკონი, თსუ გამომცემლობა, 1986);

აკაკი წერეთლის პოეზიაში სულ არის 21 “სადღაც”, აქედან ორიგინალურ ლირიკაში – მხოლოდ 4; “ვიღაც” გვხვდება 69-ჯერ, აქედან ორიგინალურ ლირიკაში – 14-ჯერ (თენგიზ სანიკიძე. აკაკი წერეთლის პოეზიის ლექსიკონი, წიგნი I, 1982, წიგნი II, 1983);

გალაკტიონთან ამათი რაოდენება მატულობს: მასთან “სადღაც” – 75 ლექსში 84-ჯერ გვხვდება, ხოლო “ვიღაც” – 41 ლექსში 51-ჯერ (ვისარგებლეთ ვებგვერდის galaktion.ge საძიებო სისტემით).

მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონის პოეტური მემკვიდრეობა ტერენტი გრანელისას მოცულობით ბევრად აღემატება, ტერენტი გრანელის პოეზიაში “სადღაც” გვხვდება 207-ჯერ, “რაღაც” – 157-ჯერ (ვსარგებლობთ ელექტრონული გამოცემით: ტერენტი გრანელი. პოეზია I, II. გამომცემლობა „ლითერასი“, lit.ge, 2011. აქაც და გალაკტიონთანაც ვეცადეთ ზუსტად დაგვეთვალა, ცდომილება შეიძლება იყოს + – 2-3).

ამ სიტყვების მნიშვნელობა ტერენტი გრანელთან იმითიც არის ხაზგასმული, რომ ისინი მას ხშირად გააქვს სტრიქონის ბოლოში და რითმავს. ზოგჯერ ერთსა და იმავე რითმას რამდენჯერმე იყენებს სხვადასხვა ლექსში:

 

სადღაც : დადგა – გამოყენებული აქვს 8-ჯერ;

სადღაც : სად ხარ – 5-ჯერ;

სადღაც : საზღვარს – 2-ჯერ;

სადღაც : საყდარს – 2-ჯერ:

სადღაც : ადგა – ერთხელ;

 

ვიღაც : იღბალს – 7-ჯერ;

ვიღაც : ნიღაბს – 3-ჯერ;

ვიღაც : მიჰყავს – 2-ჯერ;

ვიღაც : მიმიყვანს – 2-ჯერ;

ვიღაც : იქაც – 2-ჯერ;

ვიღაც : იქ ხარ – 2-ჯერ;

ვიღაცები : ხაზები – ერთხელ;

ვიღაცებს : წალენჯიხაზე (ეგზოტიკური რითმა) – ერთხელ.

 

გალაკტიონ ტაბიძეს ლექსებში ერთადერთხელ აქვს გარითმული “სადღაც” (“სადღაცა : და მთაცა” – 1910-იან წლებში დაწერილ უსათაუროში: “თანდათან ბნელდება...”, და ერთხელაც პოემაში “ოთხი დღე”: “ქალაქი, სადღაც / დაბა-სოფელი / შიშობს, თავს ადგას / დამამხობელი”), ხოლო – “ვიღაც” სარითმო სიტყვად ლექსებში გატანილი აქვს 5-ჯერ და ორჯერაც – პოემაში “მწყემსი”.

გარითმვის გარდა, ლექსში სიტყვის აქცენტირების ჩინებული ხერხია აგრეთვე მისი სტრიქონის თავში გამეორება – ანაფორა. ამ ფიგურასაც ხშირად იყენებს ტერენტი გრანელი. “სადღაც” ზმნიზედის ანაფორული გამეორების 11 შემთხვევა დაიძებნა. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი:

 

ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ,

ნელა მივალ, სიჩუმეა, გრილა.

სადღაც ახლა იბადება ფიქრი,

სადღაც ახლა ინისლება დილა.

(***ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ).

 

სადღაც საფლავის ვარდი აყვავდა,

სადღაც გულები სიკვდილს ელიან.

ახლა ღამეა, უკვე დაღამდა

და ღამე უფრო საყვარელია.

(***ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი).

 

სადღაც ზღვები ღელავდნენ,

სადღაც მხოლოდ ნისლია.

დავიღალე, შენამდე

მოსვლა არ შემიძლია.

(„ლენორას“).

 

ახლა ასეა, რა იყო წინათ,

ახლა ეს დარდი უფრო კარგია.

სადღაც ნისლია, სადღაც იწვიმა,

სადღაც ღრუბლები ცაზე გარბიან.

(***ახლა ასეა, რა იყო წინათ).

 

ახლა ვნახოთ “ვიღაც”:

 

ვიღაც უცნობი მარხია აგერ,

ვიღაც უცნობის საფლავთან ვდგევარ.

(***ჩიტი აფრინდა სადღაც მაღლობთან).

 

ვიღაც თავს იხრის,

ვიღაც შენ გეძებს.

შევყურებ ციხის

მდუმარე კედელს.

(***შენ ცას ჩაბარდი).

 

ზოგიერთი ლექსი პირდაპირ დახუნძლულია “სადღაცით” და “ვიღაცით”. მაგალითად, ლექსის “სიშორეზე” ყველა, ოთხივე, სტროფში არის “სადღაც” და ორ სტროფში მასთან ერთად “ვიღაც”.

ლექსის “ღამე ოთახში” ექვსივე სტროფში არის “ვიღაც” (სულ რვა), პლუს ერთი “სადღაც”.

აქვს ლექსი, რომელშიც ორივე ეს სიტყვა სათაურშია გატანილი: “სადღაც და ვიღაც”:

 

სადღაც და ვიღაც

 

И вижу берег очарованный

И очарованную даль.

А. Блок

 

ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი,

ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა.

სადღაც შორს, ტყესთან, მატარებელი

სადგურს კივილით მიუახლოვდა.

 

სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან

და იბურება ქალაქი ნისლით.

სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა

და აპარატის რაკრაკი ისმის.

 

ალბათ ქარები დღესაც გვეძებდა,

რომ კვდება გული – მსოფლიო ღერძი.

იქ, ლაზარეთის საშიშ კედლებთან, 

სწუხს ავადმყოფი და სიკვდილს ებრძვის.

 

ხშირად მიცქერის უღირსი თვალი,

მე შენზე ფიქრი ვერ დავამთავრე.

სადღაც ზის გემზე მწუხარე ქალი

და ზღვიდან უმზერს გადახრილ მთვარეს.

 

მე ვწუხვარ, რომ აქ არავინ არი,

მოკლდება რიცხვი ჩემი დღეების.

იქ სადღაც, ტყეში, შრიალებს ქარი

და კაცებივით დგანან ხეები.

 

ალბათ იქ ვიღაც გარდაიცვალა

(გავიდა ღამე და ვნება მწველი).

ის არ მეყოფა, რაც რომ ვიწვალე

და კიდევ სხვაგვარ წამებას ველი.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ ამ განუსაზღვრელობითი მეტყველების ნაწილებს ტერენტი გრანელის პოეზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განუსაზღვრელობით მეტყველების ნაწილთა ესოდენი სიმრავლე და მათი აქცენტირება პოეზიის მისეული გაგების შედეგია. რა არის პოეზია ტერენტი გრანელისთვის? ამას იგი მკაფიოდ გვაუწყებს ლექსში “სადღაც შორს ნაპრალს ნისლი ეწვია”:

 

სადღაც შორს ნაპრალს ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.

 

სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მივდივარ, თბილისს ვტოვებ დროებით.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა უსაზღვროების.

 

სადღაც შორს, ნაპრალს, ნისლი ეწვია,

ძვირფასო, ჩემ გულს შენ არ იცნობდი.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა მარადისობის.

 

სადღაც შორს, ნაპრალს, ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.

 

პოეზია ტერენტი გრანელისთვის ყოფილა იდუმალება, უსაზღვროება, მარადისობა. იდუმალებაც განუსაზღვრელია, მარადისობაც განუსაზღვრელია და უსაზღვროება ხომ განუსაზღველია და განუსაზღვრელი... და რა გასაკვირია, რომ ამ პოეტთან განუსაზღვრელობითი მეტყველების ნაწილები ასეთ პატივშია.

ტერენტი გრანელის მსოფლგანცდა პოზიტივისტური მსოფლგანცდის საპირისპიროა. პოზიტივისტებისგან განსხვავებით, მისთვის სამყარო იდუმალებით არის აღსავსე. ეს ისეთი იდუმალებაა, რომელიც სამყაროს შემეცნების კვალობაზე კი არ მცირდება, არამედ იზრდება. პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ, რაც უფრო შევიცნობთ სამყაროს, მით უფრო იდუმალი ხდება ის. სამყაროს იდუმალების ეს შეგრძნება დაკარგა ადამიანთა უმეტესობამ, რის გამოც მათი ცხოვრება უღიმღამო და მოსაწყენი გახდა.

ეს განცდა (სამყაროს იდუმალების განცდა) ასეთი ინტენსივობით ქართველ პოეტთაგან, მგონი, სხვას არავის გამოუხატავს. 

ის “სადღაც”, იდუმალების ამ განცდის გადმოცემას რომ ემსახურება, მოვნათლოთ სახელით იდუმალებისსადღაც. მის გარდა ტერენტი გრანელთან უხვად გვხვდება სხვა დანიშნულების “სადღაც”, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სინქრონულობისსადღაც.

მაგალითი:

 

ეს გრძნობა უფრო აგიზგიზდება

(და შენ შორიდან გედივით სჩანდი).

სადღაც ლამაზი ბავშვი იზრდება

და სადღაც ხევში მდინარე ჩადის.

 

აქ აღწერილი მოვლენები – (1) გრძნობის აგიზგიზება, (2) სადღაც რომ ლამაზი ბავშვი იზრდება და (3) სადღაც კიდევ ხევში რომ მდინარე ჩადის – მიზეზშედეგობრივად არ უკავშირდებიან ერთმანეთს. მათ აკავშირებთ სინქრონულობა, თანადროულობა, ერთდროულობა.

მოკლედ, მიზეზშედეგობრიობის (კაუზალობის) ნაცვლად ყურადღების გადატანა მოვლენათა სინქრონულობაზე ტერენტი გრანელის პოეზიის თვალში საცემი თავისებურებაა. ამგვარი რამ არცერთ სხვა ქართველ პოეტთან არ შეინიშნება, ეს ტერენტი გრანელის პოეზიის სპეციფიკური კონცეფციაა. მისი პოეზიის ეს თავისებურება ზოგს შეიძლება იზიდავდეს, ზოგსაც განიზიდავდეს, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ კაუზალური აზროვნების ინერციის დაძლევას. მე, პირადად, ახალგაზრდობისას მაღიზიანებდა კაუზალობის დემონსტრაციული უგულებელყოფა გრანელის ლექსებში (კაუზალობას მასთან სინქრონულობა რომ ენაცვლება, ამაზე მაშინ, ცხადია, არც მიფიქრია!). ეს უჩვეულო რამ იყო. მაგალითად, პოეტი გვეუბნება:

 

ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი,

ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა.

 

უმნიშვნელოვანესი რამ – ცეცხლიანი სურვილის სიკვდილი – გვაუწყა. ახლა მკითხველს აინტერესებს რა მოხდა ასეთი, რამ მოკლა ცეცხლიანი სურვილი, მიზეზი აინტერესებს, რამაც შედეგად ცეცხლიანი სურვილის სიკვდილი მოიყოლა. სხვა პოეტები ამ ცეცხლიანი სურვილის სიკვდილის მიზეზებზე იტყოდნენ ან მიგვანიშნებდნენ რამეს. გრანელს კი სულ არ აღელვებს კაუზალობა, მას აინტერესებს ს ხ ვ ა გ ა ნ რა ხდება ამ დროს და ასე განაგრძობს:

 

სადღაც შორს, ტყესთან, მატარებელი

სადგურს კივილით მიუახლოვდა.

სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან

და იბურება ქალაქი ნისლით.

სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა

და აპარატის რაკრაკი ისმის.

 

აი ესენი ხდება “სადღაც” იმ დროს, როდესაც “აქ”, პოეტში, “ცეცხლიანი სურვილი მოკვდა”.

ერთიც ვნახოთ:

 

იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი,

ძვირფასო, ეს დღე ისევ სულს ღაფავს.

სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი

და  ვიღაც  გლახა საუბრობს ზღაპარს.

(***დგას ღამეების შავი წერტილი)

 

“იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი” – ნუ მოელით ამ შეცდომის მიზეზებსა და შედეგებზე საუბარს. ტერენტი გრანელს ეს არ აინტერესებს, მისი ინტერესის საგანი ის არის, როცა თავისი შეცდომა აღმოაჩინა, ამ დროს სხვაგან რა ხდება: 1. მის თვალწინ ღამდება (“დღე სულს ღაფავს”), 2. “სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი”, 3. ვიღაც გლახა ზღაპარს ჰყვება.

ესოდენ ურთიერთგანსხვავებული ინფორმაციით აღძრული ემოციები, ერთმანეთზე წაფენილი, ქმნის ტერენტი გრანელის პოეზიის სპეციფიკურ კოლორიტს.

აზროვნების ეს მანერა ტიპობრივია გრანელისთვის და მისი პოეზიის უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს, მეტისმეტად უჩვეულოს ჩვენთვის.

“ჩვენთვის”-მეთქი, რომ ვამბობ, დასავლურად მოაზროვნე ადამიანს ვგულისხმობ, ადამიანს, რომლისთვისაც მიზეზშედეგობრივი აზროვნებაა დამახასიათებელი. მაგრამ აზროვნების ეს მანერა ერთადერთი როდია. აღმოსავლეთში ასე არ ყოფილა. კარლ გუსტავ იუნგს მოვუსმინოთ, ერთ-ერთ უგამოჩენილეს ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს:

“აღმოსავლეთი აზროვნებისას და ფაქტთა შეფასებისას სხვა პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩვენ სიტყვაც კი არ მოგვეძევება ამ პრინციპის აღსანიშნავად. აღმოსავლეთში, რაღა თქმა უნდა, არის ასეთი სიტყვა, მაგრამ ჩვენთვის ის მართლაცდა ჩინურია. აღმოსავლეთში მას დაო ჰქვია. ჩემს მეგობარ მაკ-დაუგოლს ერთი ჩინელი სტუდენტი ჰყავს, რომელსაც მან ერთხელ ჰკითხა, მაინც, ზუსტად რომ ვთქვათ, რა იგულისხმება დაოშიო. ტიპური დასავლური შეკითხვაა! ჩინელმა აუხსნა, თუ რა არის დაო, მან კი მიუგო, მაინც ვერ გავიგეო. მაშინ ჩინელი აივანზე გავიდა და ჰკითხა:

– რას ხედავთ?

– ვხედავ ქუჩას, სახლებს, მოსეირნე ხალხს... აი, ტრამვაიმ ჩაიარა.

– კიდევ რას?

– აგერ, იქ მაღლობია.

– კიდევ?

– ხეები.

– კიდევ?

– ქარი ქრის.

და ჩინელმა ხელები აღაპყრო და წარმოთქვა: “ესაა დაო”.

ხედავთ? დაო ყველაფერი შეიძლება იყოს. მე სხვა სიტყვას ვხმარობ მის აღსანიშნავად, რომელიც საკმაოდ უბადრუკად ჟღერს – მე მას სინქრონულობას ვუწოდებ. როდესაც აღმოსავლელის სული თანადროულად მიმდინარე ფაქტებს აკვირდება, იგი ამ “თანადროულობას” ისე ღებულობს, როგორც ის არის, დასავლური სული (გონი) კი მას ცალკეულ ნაწილებად ყოფს, ანაწევრებს. მაგალითად, ვინმეს ეს ჩვენი შეკრება რომ ეხილა, იკითხავდა: “საიდან გაჩნდა ეს ხალხი? აქ რისთვის შეკრებილა?”. აღმოსავლურ სულს ეს სულ არ აინტერესებს. ის უფრო ასე იკითხავდა: “რას უნდა მოასწავებდეს, რომ ეს ხალხი აქ შეგროვებულა?”. ეს პრობლემა კი, თავის მხრივ, დასავლურ სულს არ აწუხებს. თქვენ ის გაინტერესებთ, რამაც შეგყარათ და რასაც იქმთ (ლექციის მსმენელებს მიმართავს. – ლ. ბ.). სულ სხვაა აღმოსავლელი; მისთვის მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა, როგორც ასეთი.

იქნებ ეს ასე გამომეთქვა: დავუშვათ, ზღვის პირას დგახართ, და ტალღებმა გამორიყეს ნახმარი ქუდი, ძველი სკივრი, ცალი ფეხსაცმელი და მკვდარი თევზი, და ყოველივე ეს ახლა ნაპირზე ძევს. თქვენ იტყვით: “შემთხვევითობაა, სისულელეა!”. ჩინური გონი (სული) კი იკითხავს: “რას ნიშნავს აქ ამ ნივთთა თავმოყრა?”. ჩინელის სული ექსპერიმენტს ატარებს ერთად ყოფნასა და საჭირო მომენტში თავშეყრაზე, და მას ისეთი ექსპერიმენტული მეთოდი გააჩნია, რომელიც დასავლეთში უცნობია, აღმოსავლურ ფილოსოფიაში კი დიდ როლს ასრულებს. ეს გახლავთ მოვლენათა შესაძლო განვითარების წინასწარმეტყველების მეთოდი, და მას დღესაც იყენებს იაპონელების მთავრობა პოლიტიკურ ვითარებათა განხილვისას. მაგალითად, მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. ეს მეთოდი ქრისტეს დაბადებამდე 1143 წელს იქნა ფორმულირებული” (კ. გ. იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. სიზმრები. გერმანულიდან თარგმნა ირინე ჯიოევმა. თბილისი, 1995, გვ. 90-91).

 

* * *

როცა ამ ფრაგმენტის ეს ადგილი წავიკითხე: “დავუშვათ, ზღვის პირას დგახართ, და ტალღებმა გამორიყეს ნახმარი ქუდი, ძველი სკივრი, ცალი ფეხსაცმელი და მკვდარი თევზი, და ყოველივე ეს ახლა ნაპირზე ძევს”, იმ წუთას გამახსენდა გრანელის სტრიქონები ლექსიდან “სადღაც შორს”: “სადღაც შორს იყო გამოსალმება, / სადღაც შორს, ზღვასთან სდუმდნენ ნივთები”. რა ნივთები? ზღვის ტალღების მიერ ნაპირზე გამორიყული?! აბა სხვა რა! რას უნდა მოასწავებდეს პოეტისა და მეცნიერის ნააზრევთა ასეთი უცნაური მსგავსება? ესეც ამ ჩვენი სამყაროს აუხსნელი იდუმალების ერთი დასტური ხომ არ არის?

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE