სოსო მეშველიანის მუდმივი მგზავრული


სოსო მეშველიანის მუდმივი მგზავრული




მიჟლაჰარ - ეწერა წიგნის ყვითელ გარეკანზე. რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი, ჯერ სათაურმა დამაფიქრა და ავტორამდე რომ მივედი და ყდაზე სოსო მეშველიანი წავიკითხე, მივხვდი, თავისი მშობლიური კუთხის ენით გვანიშნებდა რაღაცას, სვანურად. მერე ყველამ გავიგეთ  - „მიჟლაჰარ“  მზის ჩასვლის ადგილს ნიშნავს თურმე სვანურ ენაში. ადგილს, რომელიც მთებში თითქმის ყოველ კვირას იცვლება. ამ ადგილს ერთხელ გიორგი ლობჟანიძემ „პოეზიის ამობრწყინების ადგილი“ უწოდა რადიო თავისუფლების ბლოგში.

სოსო გადახვეწილი პოეტი იყო. დიდი ხანი არ არის, რაც ათ წელზე მეტხნიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ან იმდენ ხანს როგორ გაძლო, ისე ლაპარაკობს თავის სვანეთზე, თითქოს ჯიბით ჰქონდა წაღებული. მხოლოდ იქ კი არა, ესპანეთში, აქაც, თბილისში, სულ იმის განცდით იცხოვრა, რომ სვანეთის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა. თავისი სოფლიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავი ევროპაში ამოყო, ვინც „მძაფრი ემიგრანტული ცხოვრებით იცხოვრა“, ვინც წლების განმავლობაში სტაბილური სამსახურიც იშოვა - კარგი ანაზღაურებით, ერთ დღეს კი ყველაფერი მიატოვა და სამშობლოში დაბუნდა.

ეს იმ ადამიანებმა სრულ  სიგიჟედ აღიქვეს, ვისაც ჩემზე ტკბილი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული და ასე ადვილად დათმეს თავიანთი კუთხე. რაიმე უკიდურეს შემთხვევაში თუ ჩამოაკითხავენ მარტოდ დარჩენილ მოხუც მშობლებს. მე კი, დღემდე ხან სათიბში ვარ, ხან ყანაში, ხანაც ხარებს ვჭედავ, ალბათ მართლა სიგიჟეა“.

 

სიგიჟედ ეს დაბრუნება არ მოგეჩვენებათ, თუ სოსოს ჩანაწერებსაც ჩახედავთ - ბევრი დაუგროვდა მოსაყოლი და გასახსენებელი. ალბათ, ადვილად ვერც დაივიწყებ სკოლიდან სახლამდე ამოსასვლელ ოთხკილომეტრიან აღმართს. უთენია ადგომას იმავე სკოლაში დროულად მისაღწევად, მერე კი, ჩანთის მიგდების შემდეგ, საქონლის საძებნელად გავარდნას - ქალაქში ვერავის წარმოუდგენია, ეს რა არის:

 

ყველს და პურს ავიღებდი და საქონლის საძებნელად მივდიოდი, ვეძებდი გაუთავებლად ტყე-ღრეებში, ხევებსა თუ სათიბებში, ძლივს მოვუყრიდი თავს, ასე ხდებოდა თითქმის ყოველდღე, ხშირ შემთხვევაში, შეღამებისას ვბრუნდებოდი შინ, თუ ერთი მათგანი მაკლდა, დასჯა არ ამცდებოდა, თუ ძილის წინ გაკვეთილებს არ ჩავაბარებდი, მაშინაც. მერე, როცა არდადეგები იწყებოდა, ეს ერთი შვება იყო ბავშვებისთვის -  ეძინათ, ენებივრათ, დაესვენათ. მე, როგორც ჩემი სოფლის ყმაწვილების უმეტესობა, მთელ ზაფხულს მთაში ვატარებდი. იქ კი, დილის ექვსზე თუ არ ადგებოდი, ძროხების ჩამოწველას ვერ მოასწრებდი, აიშლებოდნენ, საძოვრებზე გაგასწრებდნენ. არადა, ყველაზე მაგრად იმ დროს მინდებოდა ძილი, გამთენიისას, როცა მთის პირველყოფილი შეციებული ქარი დაბერავდა ჩვენი ქოხის ქვემოთ, მარად მოხმაურე ჩანჩქერებიან ხევიდან. მე კი ჩათბუნული ვიწექი, უხეშად გამოთლილ ხის ლოგინში, რაც მაშინ საერთოდ არ მაწუხებდა. ერთი დიდი დღესასწაული იყო ჩვენთვის მარიამობის დღესასწაულის წინა დღეებში ბარად ჩამობარგება, მერე ისევ სკოლაში სიარული, ფეხით რვა კილომეტრის გავლა ყოველდღე... 

 

მეშველიანების ოჯახში („მაშველ-იანები“) ხუთი ბავშვი იზრდებოდა. სოსო იხსენებს, მამა კი მკაცრად გვზრდიდა,  რთული ხასიათის კაცი კი იყო, მაგრამ სილაღე მაინც ბოლომდე შეგვრჩაო. და-ძმებიც, თურმე, ბევრ რამეს თმობდნენ ერმანეთისთვის. სოსომაც მათთვის, როგორც იხსენებს,   ყველაზე ძვირფასი დათმო - სწავლა. ოთხმოცდაათიანი წლები იდგა, ხუთიდან სამი უკვე სტუდენტი იყო.

 

ბევრი რამ გვაკლდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჭმელიც კი. თავმოყვარე ბიჭისთვის კი ეს საშინელი დარტყმა აღმოჩნდა. მეორე კურსზე სწავლას თავი დავანებე და რუსეთში წავედი სამუშაოდ, ჩემი დებისთვის სწავლის დამთავრებაში რომ შემეწყო ხელი. იქით კიდევ უმცროსი ძმა და ჩემი ნაბოლარა დაიკო ელოდნენ ჩემს მოკრძალებულ საჩუქარს“.

 

სვანეთში ახლა დიდი სახლი უდგათ. მამის სიკვდილის შემდეგ, თითქოს რაღაცის შიშით, უფრო გაგვიმძაფრდა იქაურობის მიუტოვებლობის სურვილი და კავშირი სოფელთან უფრო გავამყარეთო, ამბობს სოსო. სახლი გადააკეთეს, გაარემონტეს. მთელ ზაფხულს იქ ატარებენ. ზაფხული კიდევ: „საოცრებაა ჩემს სოფელში, ბავშვებით სავსე მოხმაურე ეზოები, ქალაქელი სტუმრები, აქა-იქ უცხოელი ტურისტებიც.  ჩემი სახლი სოფლის ცენტრშია, სადაც თავშეყრის ადგილია,  სადაც დიდი აუზია, სათამაშო მოედანი, უზარმაზარი კლუბი. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ეს სახლია თუ სადგური, იმდენი ხალხი მიმოდის, ნახევარს არც კი ვიცნობ“. ზაფხულის გარდა სოსო ისედაც ხშირად ჩადის სვანეთში, მარტო დარჩენილ დედასთან.  სამყაროც, რაღაცნაირად უფრო სრულყოფილი ჩანს ჩემი სახლის აივნიდანო.

 

ზაფხული ადვილია. აი, ზამთარში უნდა გენახათ იქაურობა. მაშინ, როცა სოსო პატარა ბიჭი იყო. ზამთარზეც დაწერა და იმ ლექსს ვარლამ შალამოვის სიტყვებიც წაუმძღვარა „მე იმდენად ვწერ ლაგერზე, რამდენადაც ეგზიუპერი ცაზე, მელვილი კი ზღვაზეო“:

 

აი, ერთი მთიანი, ყრუ სოფელი, მანამდეც რომ ნაკლები ყურადღება ექცეოდა, უშუქობა, უგზოობა, უტრანპორტობა, ზოგჯერ რომელიმე ნივთი თუ შეგვახსენებდა იმ ეპოქის არსებობას, რომელსაც, წესით, ვეკუთვნოდით. თითქმის ხუთთვიანი მკაცრი ზამთარი, ყელამდე თოვლი. ასე ერთ ადგილზე დაგუბებულს ვერც წიგნებში ქექვა მიხსნიდა დამყაყებისგან, ამიტომ მეც ავყევი უსაქმურობით გალოთებულ სოფლის ბიჭებს, სიგარეტის ნაცვლად რომ პლანს ეწეოდნენ, რადგან უფილტროც არსად იშოვებოდა. ავყევი, ოღონდ სმაში და მოწევაში ნაკლებად. იმაში, რაც ჩემთვის მაშინ ერთადერთ თავშესაქცევად იქცა, რაც ჰაერზე მეტად მჭირდებოდა დეპრესიისგან თავის დასახსნელად. ეს იყო მამლების ბრძოლა, ძაღლების ჩხუბი, ხარების ჭიდილი. ვხედავდი, თუ როგორ არ ზოგავდნენ თავს ეს უდანაშაულო არსებები ჩვენი გართობისთვის..“

 

მაგრამ ეს უკვე დიდი ადამიანის ტექსტია. მერე დაწერილი. ბავშვობა მაინც უფრო სასიამოვნო მომენტებს ამოატივტივებს ხოლმე. სოსოს სახლთან, მის ბავშვობაში, კოლმეურნეობის დიდი ფარდული ყოფილა, შემოდგომაზე იქაურობა სიმინდით ივსებოდა. ყველაზე კარგად სიმინდის ამ პატარ-პატარა გორაკებზე სირბილი და კოტრიალი ახსოვს - როგორ ჭიდაობდნენ და მარხავდნენ ერთმანეთს ბავშვები ნაქურჩალში. კიდევ,  სოფლის მდინარის გუბეზე სიარული, დამშეულები როგორ წვავდნენ ნაკვერჩხლებზე მოპარულ სიმინდის ტაროებს. და რაც დრო გადის, ეს მოგონებები უფრო ტკბება.

 

მერე იყო ქუთაისი და სტუდენტობა. კარგი ბევრი ვერაფერი გაიხსენა. სულ პირიქით, თქვა სოსომ, სულ ცუდი მოგონებები მაკავშირებს მაგ პერიოდთანო. უფულობის და უკიდურესი გაჭირვების გარდა, გზიდან გადაცდენის საფრთხეც დიდი იყო. გარშემო კი საშინელი განუკითხაობა. იძულებითი ემიგრაციაც - პირველად რუსეთში - ამას მოჰყვა. ესპანეთი უკვე არჩევანი იყო - თუ წასვლაა, იმ ქვეყანაში მაინც წავალ, რომელიც ასე მიყვარსო, უთქვამს მაშინ სოსოს და  წავიდა კიდევ სერვანტესის და გაუდის სამშობლოში.

ჩემს ყმაწვილკაცობაში, დონ კიხოტის წაკითხვის შემდეგ, ხშირად მესიზმრებოდა ლამანჩელის ქვეყანა, ისე საწაულად განვიცადე ის ყველაფერი. შემდეგ, როცა ტოლედოში მოვხვდი, კუენკას მინდვრების გავლით,  ვიცოდი, რომ აქ, სადღაც ტობოსო იყო, დულსინეას სოფელი. ისეთი სევდა მომაწვა, ქვაზე ჩამოვჯექი და ავტირდი. მერე ერთ პატარა ლექსში ჩემი ტირილი დონ კიხოტს დავაბრალე:  „ყველას ღიმილს ჰგვრი, მე კი ვკვნესი, შენ რომ ტოლედოს ციხის ნაშალთან ჩამომჯდარი ბავშვივით ტირი“.

 

პირველად ბარსელონაში მოხვდა,  კატალონიაში. თავიდან საშინელ პირობებში ცხოვრობდა, მერე ცოტა გამოკეთდა და როცა ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა, საქართველოში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი უკვე ბასკეთში ამოყო თავი და ბილბაოში დასახლდა. ამჯერად ძმაც თან ჰყავდა. დღემდე, საქმე თუ გამოჩნდა, მიდი-მოდიან გაურკვეველი ვადით. შრომობენ.

 

ძირითადად დაკიდულ ჭერებზე ვმუშაობთ, მერე ჩვენს გაკეთებულს ჩვენვე ,,ვშპაკლავთ'' და ვღებავთ, ასე უფრო კარგ ანაზღაურებას იძლევიან. იქ სულაც არ არის ძნელი, რამე პატარა სამშენებლო კომპანია გავხსნათ ამ საქმის ასეთმა  მცოდნე ადამიანებმა, მაგრამ ასე უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს, როცა გვინდა, მივდივართ, მერე ვბრუნდებით“.

 

წერა კი. წერის დრო ცოტა გვიან დადგა. უფრო სწორად, ნაფიქრის წერად ქცევის დროს დააგვიანდა, თორემ, როგორც სოსოც ამბობს, მასში სულ რაღაც ხდებოდა, აი, შინაგანად რომ რაღაც გაფორიაქებს და გარეთ დათქმულ დრომდე ვერ გამოდის. ხატვა უყვარდა, მაგრამ დღეს იხსენებს,

აუტანელი სიმორცხვის თუ რაღაც უაზრო კომპლექსების გამო ვერც ვერავის ვუმხელდიო. თურმე, თუ ვინმე სადმე გადააწყდებოდა სოსოს ნახატებს, ვერც კი წარმოედგინათ, ავტორი ვინ იყო. არც თავად ზრუნავდა დიდად საავტორო უფლებების მოსაპოვებლად. ასე ჩუმად დაიწერა ის პირველი ლექსიც, კლასელ გოგოზე, ვისზეც შეყვარებული იყო. და მერე, როგორც ხდება ხოლმე, კლასელმა ბიჭმა „ჩაუშვა“:

 

ლექსი დავხიე, ის მივბეგვე და საერთოდ დავივიწყე  ყველაფერი. მოგვიანებით, როცა დავრწმუნდი, რომ ხატვა ბევრ საჭიროებას მოითხოვდა, ისევ ლექსების წერა დავიწყე, თუმცა აზრადაც არ მომსვლია თხუთმეტი თუ ჩვიდმეტი წელი ვინმესთვის წამეკითხა (იმ გარემოში ამას აზრიც არ ჰქონდა). მოგვიანებით ყველაფერი შემთხვევით მოხდა“.

 

ალბათ, ასე „ძნელად“ რომ გამოჟონა და გამოააშკარავა, მაგის ბრალია, დღეს როგორც იხსენებს სოსო მეშველიანი თავის პირველ პუბლიკაციას ლიტერატურლ პრესაში - პირველ გამოსვლას, გამოააშკარავებას - თუ ოდესმე ღრმა სკლეროზი დამემართა, ეს, ალბათ, ერთადერთია, რაც არასოდეს დამავიწყდებაო, ამბობს და იმ უცნაურ განცდას იხსენებს, რაც რედაქციაში მისულს პირველად ჰქონდა - დაბნეულობა, აღელვებისგან დაოფლიანებული ხელისგულები:

 

შემდეგ როცა გზაში „ცისკრის“ ის ნომერი ვიყიდე, სადაც ჩემი ლექსები იყო, მეგონა, მთელმა ავტობუსმა იცოდა ეს ამბავი, იმ გვერდზე გადაშლა მეუხერხულა, სადაც ჩემი ფოტო იყო. ამას წლების მერე კრებული მოჰყვა, მანამდე ჟურნალ „ჩვენი მწერლობა“-ში  გაკეთებულ ბუბლიკაციას მაკა ჯოხაძის გამოხმაურება, კრებულზე  მაია ჯალიაშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი წერილი იმავე ჟურნალში, ასევე, პოეტმა მანონ  ბულისკერიამ ძალიან კარგი კრიტიკული ანალიზი. მანამდე   პირადადაც არ ვიცნობდი მათ, ამიტომ მათ გულწრფელობაში ეჭვიც არ შემპარვია. იყო გიორგი ლობჟანიძის რეცენზია - რადიო თავისუფლებაში... რაც შეეხება მკითხველის სიმრავლეს, არა მგონია ბევრი მკითხველი მყავდეს და ეს არც მაწუხებს, ამ ბოლო დროს ისეთ სულელურ რაღაცაზე ატყდება აჟიოტაჟი, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ“.

 

პირველი კრებული ჩვიდმეტწლიანი ყოყმანის შემდეგ დაბეჭდა, მეორე, ასევე  პატარა კრებული, სამი წლის შემდეგ დაისტამბა. მერე ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინაცია იყო და თბილისის საკრებულოს პრემიაც. მკითხველი რამდენად მომიმრავლდა არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემოქმედს ახარებს ეს ყურადღებაო, ამბობს სოსო ზედმეტი კეკლუცობის გარეშე.

 

და კონკურსებიც, იყოს. ეს მაინც იყოს,  რაც არის და როგორც არის. მთავარია, კონკურენცია, ისევე, როგორც სხვა რამეში. გაიცეს და გაიხაროს ვინმემ  ამ დედაატირებულ ქვეყანაში, სადაც უკანასკნელ მათხოვრად მაინც პოეტი და მწერალია  მიჩნეული, თან, მართლა  პოეტი, თუნდაც დიდი პოეტი“.

 

ლექსებს დღემდე ზეპირად წერს.  ჩემი აბდაუბდა ცხოვრების გამო, ხან საწერი არ მქონდა, ხანაც კიდევ დროო. საზეპიროები კიდევ კარგი გამოსავალი იყო. დააგროვებდა ორ-სამ ლექსს და გადაიტანდა მერე ფურცელზე. ხანაც ავიწყდებოდა, ის კი მოდიოდა და მოდიოდა და ზოგჯერ „თავში ისე იხლართებოდნენ, როგორც კვახის და ლობიოს ბარდი ერთმანეთში“. დღემდე შეუძლებელი ჰგონია ტექსტის პირდაპირ კლავიატურაზე აკრეფა.

 

თავიდან თითქოს  მისი პოეტობის მიმართ დამოკიდებულებაც რაღაცნაირი გულგრილი იყო. მარტო მის სოფელში კი არა, ოჯახშიც. იყო ისეთი დღეებიც, საშინლად რომ განიცდიდა ამას, მერე გაიარა. დღეს ბუნებრივად უხარიათ ჩემი ყველა წარმატებაო, გვიყვება სოსო. დღეს უკვე წერის გარეშე არსებობაც არ წარმოუდგენია.

 

რა უცნაურია! როცა გინდა, რომ დაიკიდო და ვერ ახერხებ, როცა იცი, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებას გირთულებს, როცა ასე უცხოვდები ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის, როცა შეგეძლო, ამის გარეშე უფრო კომფორტულად, ლაღად გეცხოვრა, და ა.შ. შენ კი წერ და წერ, ამ ყველაფერს იაზრებ, საშინლად გულმოსული ხარ საკუთარ თავზე, აგინებ, წყევლი, გინდა ჩაკლა, დაასამარო შენში, არაფერი გამოგდის, მოდის და წერ“.

 

მაინტერესებდა  და ვკითხე, ასეთ მკაცრ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილს, ხომ არ გაგიჭირდა ზოგ თემაზე წერა, ზოგსაც კი გვერდი განგებ ხომ არ აუარე-მეთქი. კი, მართალია, ასე მზრდიდნენ, მაგრამ თავიდანვე დაუმორჩილებელი ვიყავიო, სოსომ. ტაბუების არარსებობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას ართულებდა. მაგრამ მაინც უფრო მეტს თმობს, როგორც მწერალი:

 

კი, ასეა.  დღემდე ვერიდები მათ გაღიზიანებას,  ბევრ რამეს გვერდს ვუვლი, შეგნებულად არ ვწერ ასეთ თემებზე, მაგრამ ვიცი, რომ როცა იქნება, აუცილებლად დავწერ.  რომ არ დავწერო, ალბათ, გული გამისკდება, ისეთი მოულოდნელი, წარმოუდგენელი რამეები მოხდა იმ კაცის  თავს,  ვინც ისე დაკაცდა და და მიუახლოვდა შუა ასაკს, ქართველ ქალთან სერიოზული ურთიერთობა არც ჰქონია. და  წლების მერე, როცა სამშობლოში ბრუნდება, რა აბსოლუტურად მცდარად და  სულ სხვაგვარად  წარმოუდგენია  ქალთან ურთიერთობა და რა შოკის მომგვრელი აღმოჩნდება მისთვის  ის ყველაფერი, რაც თავს გადახდება“.

 

სურვილების სიაში  საბავშვო ზღაპრების და მოთხრობების წერაც ურევია. თუმცა, ჯერ რატომღაც ვერ გარისკა. არადა, ამ აღმა-დაღმა ხეტიალში ისეთი მასალა დაუგროვდა თურმე, გამოგონებაც არაფრისა დასჭირდება.  ფანტაზიის უნარს კი არ ვუჩივიო, ამბობს სოსო. დადგება ალბათ მაგის დროც. დაწერს პატარებისთვის. თან, თავადაც ორი პატარის მამაა - მათთვისაც ბევრი ექნება მოსაყოლი. თუ საქართველოშია, დღეებიც მათით არის სავსე. შარშან მთელი ორი თვე მარტო ჰყოლია სოფელშიც წაყვანილი.

თუ ისევ სამუშაოდ გადაიხვეწება ხოლმე, დილის შვიდიდან საღამოს რვამდე ფიზიკურად მუშაობს. ხშირად, შაბათ-კვირასაც ასეა და როცა კი დასვენების წამი გაჩნდება, გადმობერტყავს ხოლმე ნაფიქრ-დაწერილს.

 

შენ რა გიყვარს-მეთქი, თანამედროვე ლიტერატურაში, ვკითხე სოსოს. ასე მიპასუხა:  „თვითმყოფადობა ხომ აუცილებელია, მაგრამ რაღაცნაირი თავდაჭერილობა,  სხვისი წარმატების სიხარული,  უაზრო ტაშის არ აყოლა, ზომიერება ეპატაჟში, ღირსეულად მოქცევა (მაშინაც კი, როცა ასე უაზროდ ჩაგიხვევს მკითხველი და ღვინოს წყლად გაქცევს). რა ვიცი, ბევრი რამ, რაც ასე საჭიროა და გვაკლია, თან თავი ისე გვიჭირავს, თითქოს ამას ვერ ვხვდებოდეთ“.

 

ერთხელ, სოსომ თქვა, ემიგრაციაში ყოფნისას სიტყვას შევეფარეო. მაშინ შეიძლება ასეც იყო. და ალბათ, იმ მომენტში სოსო მეშველიანი ვერც იფიქრებდა, რომ გავიდოდა წლები და მისი გადამრჩენელი სიტყვები ახლა სხვა ადამიანებს, მის მკითხველებს შეიფარებდნენ.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE