ჯაჰრას უდაბნო


ჯაჰრას უდაბნო




(ფრაგმენტი რომანიდან)

 

მიმოწერა facebook-ზე ნიქააბიან შაჰადთან


- მამაჩემმა რომ ეს წერილები ნახოს, მიმასიკვტილებს.

- საიდან ნახავს?

- ტელეფონზე პაროლის დადება ამიკრძალა, ყველაფერს მიმოწმებს :(

- ეგ არაა პრობლემა, ჩატი წაშალე და მორჩა ))

- ეგ როგორ ვქნა ?

- ჩატის თავზე "options-" დააწექი, მერე კი "delete conversation-".

- მოიცა... აჰა, ვნახე, სულ ესაა?

- კი, სულ ესაა.

- ანუ გადავრჩი?

- იმედია, ტელეფონში მესიჯების წაშლა იცი... ))

- ნუ დამცინი. :/

- შაჰად...

- ჰო...

- ისე, რა ყლეა მამაშენი.

- ნუ ამბობ მამაჩემზე ეგეთებს, იდიოტო.

- ბოდიში, არ მინდოდა.

- ჩემი ფოტოები წაშალე ტელეფონიდან, არავინ გინახოს, თორემ...

- თორემ რა?

- პრინციპში, ცუდი არაფერი მოხდება...

- მაინც?

- დაგვაქორწინებენ, ბიქა.

- არა, არ მინდა დაქორწინება.

- არც მე მინდა.

- აბა ვის უნდა?

- ალლაჰს.

- აჰაჰაჰა, გამაცინე.

- :)



 ასე მორჩა იმ დღეს ჩვენი მიმოწერა. ":)" ერთი შეხედვით, ეს ღიმილაკი როგორი მწყაზარია და სათნო, მაგრამ , როგორი დედამოტყნული რამე ყოფილა, თურმე არ ვიცოდი.

 

ჯაჰრას უდაბნო 

 

მგონი, მართლა მიყვარდა. დავფიქრდი და ასე იყო, მაგრამ თან ცოტათი მაშინებდა ეს ჩვენი ურთიერთობა. შაჰადი საუდიანთა სამეფო გვარის ქუვეითური შტოს ალ-ზეფირის ტომის, რადიკალური სუნიტური მიმართულების, მეოთხე ჯგუფისა და კიდევ რაღაც უცნაური სახელის მქონე დენომინაციის წარმომადგენელი იყო.

- ბექა, მე საუდიანი ვარ - მითხრა შაჰადმა ჩვენი მესამე შეხვედრის დროს

- ოხხ...

- რა იყო?

- მეც სამეფო გვარის წარმომადგენელი ვარ, შენ რა გგონია... ყორშიებს ეჭირათ სამეგრელო თავის დროზე.

- რა ეჭირათ?

- კომბალი... კი არა და სკიპტრა... სამეფო სკიპტრა ეჭირათ...

- ააჰ... - თქვა მან.

- ჰოო... - ვთქვი მე.

- ისე, შენი გვარი ძალიან ჰგავს მოციქული მუჰამადის გვარს, ყურეიშს.

- ხომ გეუბნები...

 ჩვენ მაშინ დავახლოვდით, როდესაც შაჰადმა ირონიულად ახსენა თავისი სამეფო გვარი, მერე ალ-შამლანის მეჩეთის რადიკალი იმამი გალანძღა და მითხრა, რომ საერთოდაც, თავს ქუვეითში ძალიან ცუდად გრძნობდა. ჰო, თორემ სამეფო გვარის წარმომადგენელი ჩემი თავი მეზარება.

ძირითადად, ჯაჰრას უდაბნოში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, სხვაგან უბრალოდ შანსი არ გვქონდა. უნივერსიტეტში ერთად რომ გაგვევლო, შაჰადის ოჯახს საყვედურის წერილი მიუვიდოდა. საყვედურის წერილი კი არა, მაგას მანდ პატივის აყრას ეძახიან - "შენმა გოგომ ვიღაც ცინგლიან ევროპელთან გაიარა". ეს "გაიარა" ქუვეითში ძალიან მძიმე შემთხვევად ითვლებოდა. საქართველოში ამბობენ, "იმასთან იწვა", ქუვეითში ამბობდნენ, "იმასთან გაიარა". მე და შაჰადმა ერთ მშვენიერ დღეს ჯაჰრას უდაბნოში ერთად გავიარეთ. გავიარეთ რა... მე მისი თეთრი, ბოლო მოდელის Range Rover-ის საბარგულში ვიყავი დამალული. კი არ მეშინოდა, უბრალოდ შაჰადმა მთხოვა, ასე აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაცო. ძალიან ცუდია საბარგულში.

"შაჰად, არ მივედით?" - ამოვძახე, ვერ გაიგო. "შაჰაააად...", "რა იყო...", "კიდევ არ მივედიიით?", "არა, ცოტაც მოიცა", "რა გეპაემნებოდა ამ სიცხეში, შე კარგმოტყნულო, დაგეყენებინა რა ტრაკი..." - შევჩივლე საკუთარ თავს და ლოცვა დავიწყე.

კიდევ დაახლოებით ოც წუთს ვიჯექი საბარგულში გაყურსული... მერე მანქანის კარის გაღების ხმა გავიგონე, თითქოს სამოთხის კარიბჭე გაიღო - "სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველო და საბარგულებსა შინა სიცოცხლის მომნიჭებელო" - ჩემთვის ვგალობდი, როდესაც თვალებში დამაბრმავებელი სინათლე ჩამიდგა, "ამოძვერი, მოვედით, ბიქა", მითხრა შაჰადმა სიცილით.

ირგვლივ ქვიშის უზარმაზარი გორაკები იყო, მხოლოდ ქვიშის გორაკები, სხვა, მეტი არაფერი. ნელი ნიავი ქროდა, შაჰადმა მანქანიდან ვარდისფერი არაფატი გადმოიტანა: "მამაჩემისაა, გაიკეთე, მოგიხდება, თან დაგიცავს", "როგორი პანკ გემოვნება ჰქონია მამას..." - ვუთხარი, "ეგ რას ნიშნავს?", "მუსიკალური მიმდინარეობაა ეგეთი...", "აააჰ..."- მითხრა მან, "ჰოო..."- ვუთხარი მე.

მზე ისე ინავლებოდა გორებს მიღმა, თითქოს სიცოცხლეს ცერა თითს უწოვსო. ეულად მდგარი პალმის ჩრდილში გადავინაცვლეთ. ძირს გამხმარი, დაჭყლეტილი ფინიკები ეყარა. იქაურობა მოვასუფთავე, შაჰადმა მითხრა, მანქანაში პლედი მაქვსო.

წამოვწექით, ჩრდილი მთლიანად ვერ ფარავდა ჩვენს სხეულებს. შაჰადს ჩემს ფეხებზე ედო თავი

- ბიქა...

- ჰო, შაჰად.

- რაღაც მინდა გაჩვენო...

- მაჩვენე - ვუთხარი.

- არავის არ ეტყვი... კუბო ხარ... სამარე ხარ...

- არავის არ ვეტყვი, შაჰად, კუბო ვარ, ხომ იცი... სამარე ვარ... - ვუთხარი. ის წამოდგა და ხელები კეფასთან მიიტანა, რამდენიმე წამს ასე ჰქონდა, მერე კი... ღმერთო... შავი რიდე სწრაფად ჩამოუცურდა სახიდან და მე მისი სახე ვიხილე... კურნოსა ცხვირი, პრიალა, ყავისფერი ლოყები, გრძელი წამწამები, წვრილი, გრძელი წარბები, ყელზე ინის ტატუ ჰქონდა გაკეთებული - რაღაც არაბული წარწერა, ჩახლართული ისლამური კალიგრაფიით, წაკითხვის თავი სად მქონდა... ხომ ხედავთ, როდესაც მაგას ვიხსენებ, ნერვიულობისგან ასოთა თანმიმდევრობაც კი მეშლება. თვალებში არ ვაკვირდებოდი, ისედაც დიდხანს ვუყურე მის თვალებს... მე მისი ტუჩები მაინტერესებდა ყველაზე მეტად, მუქი ყავისფერი ტუჩები და თმა, ნახშირივით შავი, ხშირი, ხუჭუჭა თმა. ჩემი პენისი იმ გველს ჰგავდა, სალამურის კვნესაზე რომ ნელ-ნელა წამოიმართება, წელში გასწორდება, არხეინად, მედიდურად.

სანამ მთლად გამოვყლევდებოდი, წამოვდექი და შაჰადს მივუახლოვდი. ხელები დაბლა ჰქონდა დაშვებული. მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე შევახე, მარცხენა ხელში კი მისი მარჯვენა ხელის მტევანი მოვიქციე, რომელიც არაბული ლოტოსის ყვავილივით გადაეშალა, ისეთი სუსტი იყო, ნერვიულობდა, ცერა თითი ოფლიან ხელისგულზე დავუსვი ქირომანტივით. შაჰადი ნელა მოიხარა, ძალიან ნელა. შაჰადი თვალებში მიყურებდა. შაჰადი მუხლებზე იდგა, თითებით ჩემი შარვლის ელვას დაუწყო ძებნა, მალევე იპოვა, ჩამოზნიქა. თავიდან დაჰყვა, მაგრამ შუაში გაიჭედა - "იობანავროტ... მთელი სამი თვე ერთხელაც კი არ გაუჭედავს, ახლა რა ჯანდაბა მოუვიდა"- გავიფიქრე. "მოიცა... მე ვიზამ" - ვუთხარი, შაჰადმა ხელები ფეხებზე მაგრად ჩამჭიდა. "გაიხსენი, შე დედამოტყნულო... გაიხსენი..." - აღმომხდა ქართულად. ვერაფერი რომ მოვუხერხე, ქამარი შევიხსენი - "ამას ადრე რატომ ვერ მივხვდი..." - ვთქვი სიცილით, მასაც გაეცინა.

 შაჰადს მანქანის მაგნიტოფონში მამამისის რჩეული, მე-17 საუკუნის სეფევიდური ოუდის კომპოზიციების ალბომი ჰქონდა ჩართული. ვითომ გამუსლიმებული კახეთის მეფე ვარ, ვითომ იმამ ყული ხანი - გავიფიქრე. 

ოუდი სიმებიანი ინსტრუმენტია. ახლა იმამ ყული ხანის დროა, ვნახოთ, რას იზამს. შიგადაშიგ ოუდის ხმა წყდება და მას დარბუკის ხმა ანაცვლებს. იმამ ყული ხანი მუხლებზე დგას, ხელში ქალის მარჯვენა ფეხი უჭირავს, ქალი სანახევროდ შიშველია, თხელი, შავი ფერის ნიქააბის შიდა ამოსაცმელიღა უფარავს პატარა, მსხლის ფორმის მკერდს. იმამ ყული ხანი მას თვალებში უყურებს. ქალი იმამ ყული ხანს თვალებში უყურებს. იმამ ყული ხანი ქალის ფეხის შუა თითს, რომელიც სხვა ყველა თითზე გრძელია, ალ-კაათივით იდებს პირში და წუწნას იწყებს. ქალი სიამოვნებისგან კრუსუნებს. იმამ ყული ხანი ენას ისე მოქნილად იყენებს, როგორც პროფესიონალი მუსლიმი მალიარი "ფურშათს" ღებვის დროს. ქალი გველივით იკლაკნება, როცა იმამ ყული ხანი ჯერ მის საშოში, შემდეგ კი ჭიპის ნაპრალში ენის წვერით ჩადის. ირგვლივ დაჭყლეტილი ფინიკის მოტკბო სუნი ტრიალებს. ქალის თმა ყვითელი ქვიშით ივსება. იმამ ყული ხანს საფეთქლის მხარეს, კისერზე და შუბლზე ოფლი წურწურით ჩამოსდის. შუბლიდან ჩამოღვენთილ ოფლის წვეთებს წარბები და წამწამები ვერ აკავებენ, თვალები ჩაწითლებია. ქალი მის გამხდარ სხეულს ფრჩხილებით ფხაჭნის. იმამ ყული ხანს ნეკნები უჩანს და ქალს ეს მოსწონს. ქალი იმამ ყული ხანს ფრჩხილებს ფერდებზე ასობს, ნეკნების მხარეს - "ნუ შვრები, მტკივა". ქალი ისევ განაგრძობს, იმამ ყული ხანი ქალის სიამოვნებისგან გაბადრულ სახეს ზემოდან დასცქერის. იმამ ყული ხანი ქალს თვალებში უყურებს. ქალი იმამ ყული ხანს თვალებში უყურებს და იღიმის...

 

მარწყვის იოგურტისფერ ცას ავცქეროდით. მზე რომ ახალი ჩასულია, ცას ეგეთი ფერი აქვს, ყველაზე ლამაზი ფერი ეგაა, ჩემი აზრით.  

- შაჰად, არ გეშინია, რომ ტრაკში იგუანა შემოგიძვრეს? - ავხედე, ახლა მე მედო მის ფეხებზე თავი.

- არა - მიპასუხა მან

- რა შეგაშინებს, ბედუინკა გოგო ხარ - ვუთხარი.

- ბედუინკა გოგო ბებიაშენია - მიპასუხა მან.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE