მყიფე ძვლებია ეს სიტყვები...


მყიფე ძვლებია ეს სიტყვები...




* * *

მოვა დღეები, როდესაც იგრძნობ,
რომ დაცლილია ყველა რესურსი, -
მოიპოვო, ამოიღო რაიმე შენგან,
როგორც მიწიდან ნავთობი. შენ 
თავს მიატოვებ.

საბადოების რომანტიკა ტვინის რუკაზე,
ამოხველება შავი და სველი, ბლანტი ლექსების, -
საზიზღრობაა, მისცე ვინმეს ის ენერგია,
რაც ჭარბი იყო ერთ დროს თქვენთვის, 
მერე კი შეწყდა.

იზეიმე მხოლოდღა ქარი
და ცხოვრების ვრცელი მინდვრები, 
რომლებზეც წახვალ მზის ბატარეად.

დაწერ სინათლის ენერგიას,
რაც ერთ ნათურას დასჭირდება 
და ერთ ჩაიდანს 
ვიღაცის სახლში.



* * *

მყიფე ძვლებია ეს სიტყვები,
ამ ქაღალდის თეთრ სუდარაში,
წიგნის კუბოში.

არ იშრიალებს ჩვენ შესახებ
ჩვენი ცხოვრება,
როგორც ხე, როცა ქარი აღარ ქრის.

მე მჭირდებოდი ამ ღამეებში
მკრთალი ნათელით მოსულიყავი
და ვარსკვლავების მტვრით დაგეფარე,

გადაგერჩინე შენი შიშებით, 
ტყეების სუნით.

ხანდახან ვკვდები, 
ზოგჯერ თითქმის გახრწნილიც ვდგავარ
შუა კვირის რთულ საქმეებში
და შენ გიღიმი, ჩემო ბავშვობავ,
შორს, შორს წასულო თუ დარჩენილო.

სად, რომელ ბალახს ესიზმრება 
შენი ტერფები, 
რომელ ნაპირთან დგახარ და ტბის ფსკერს
თეთრი კენჭებით ესაუბრები?!

გნახავდი ხოლმე გადაცმული
მოხუცად, მგზავრად, 
რომ სულ ვერ გეცნე
და გული არ გტკენოდა ჩემით.


* * *

შუშის ნამსხვრევებს ჰგვანან ახლა
ჩემი სიტყვები,
შენი დუმილი ფეხშიშველი
დგომაა მათზე.

შორიდან ღმერთს ჰგავს ადამიანი
და საკუთარი თავის კერპს ებრძვის
ან მსხვერპლსაც სწირავს.

ნუ შეესწრები ასეთ საქმეებს.

აიღეს ქარი, მზე აიღეს
როგორც ტოტემი
და თავის თავში ვეღარ შებრუნდნენ.

მე კი მეხურა დრო და ხმაური,
მდიდართა სევდა, 
მოხეტიალე ცირკის გზებით 
მოვედი დღემდე,

მაგრამ არ ვიცი,
შენ რომ გამშორდე,
ვიღას ჩავხედავ ჩვენი დღეების 
დიდ სარკეებში.

 


* * *

რასაც ვწერ, ერთხელ ეს ყველაფერი
მინდა ვიცხოვრო.

არც წარსულია, არც მომავალი
და აწმყოც მხოლოდ ისე იგრძნობა, 
როგორც კიდური გაგიბუჟდეს, 
ან სარკის წინ ჩავლილი შედგე
და გაგახსენდეს რაღაც შენს თავზე, 
თუნდაც ის, 
რომ ხარ.

მარიამ, 
აქ, ამ გარეუბნის სველ სიჩუმეში
ზოგჯერ შენს ხელს ჰგავს ცელოფნის პარკიც, 
ქარს რომ მოაქვს და სახეზე ტოვებს,
თითქოს ბავშვ ღმერთს სურს, რომ დაიყვიროს
და შენ კი უშლი.


* * *

(ჟაკ მორანის დღიური)

თავდაპირველად საკუთარ თავს ვაპატიე,
მიმოვიხედე, 
სხვა ვერავინ ვნახე გარშემო, 
ვერც გავიხსენე.

საუბრობდა მიწა სველ ბალახს 
და მაღალ ხეებს, 
მე კი ვიწექი ჩემი თავისგან 
გადარჩენილი,

ვიძირებოდი ლურჯ სიმშვიდეში, 
ხერხემლით, მხრებით,
როგორც გემი მიდის ფსკერისკენ
და დაბლა უშვებს 
იალქნებს - ხელებს.

რა ყოფილა, როცა იცლები
შენი თბილი და ბლანტი სისხლისგან,
თავთან კი მოდის ძაღლი, ან ცხენი,
საქონელი
და მისი სუნთქვა უფრო გაბრუებს. 
სიკვდილიც ასე ახლო თუ არის?!

სიკვდილიც ასე ვრცელი თუ არის, 
იმ შურდულებით რომ შეხვიდე, 
ველოსიპედით, 
ჯიბეებში კენჭებით, მაშინ
რაღა ქნას იმან, 
ვინც დაეძებს შენს გზებს, ნაკვალევს 
და ისე ყვირის შიშისაგან, 
რომ კი არ გიხმობს,
გეგონება მკვდრებს აღვიძებდეს.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE