შავი სხეულით ლირიკა დამაქვს


შავი სხეულით ლირიკა დამაქვს




***

 

ვეღარც კი აღვწერ ჩემს ღირსებებს და შრომას ამდენს.

მოკლე ნარკვევის დასაწერად ამ დროს ველოდი.

პიონერებთან მუშაობა მაშინ მომანდეს

და მეც ბანაკში მათ ვმწყემსავდი, ვხელმძღვანელობდი.

დიდ შესასვლელთან იქვე იდგა ორი ილიჩი:

ერთი მოხუცი, მეორე კი – პირქუში, მკაცრი.

დილით ისმოდა საომარი ყიჟინი ბიჭის:

- მზად ვარ! - სოფლსაბჭოს კედლებშიაც იგებდა კაცი.

ვერცხლის ქიმერა ბევრი იდგა ილიჩის მსგავსად:

მედროშეები, მებუკენი, სხვებიც ქებულნი.

პიონერი კი მზარეულის სურვილით სავსე

სიყვარულს ხელით იოკებდა მოხერხებულად.

 

ჩემი ღვაწლი კი გაიშალა, აყვავდა ერთობ,

იგი გადასწვდა შორ ქალაქებს: ომსკსაც და ოშსაც.

სიმონოვი და მე ვითრევდით არაყს და ერთად

კბილებში ვცრიდით ჩვენთვის: “გახსოვს, ჰა, ალიოშა?”

მერე თეატრში შევივლიდი და უფრო მეტიც  -

მშვენივრად მახსოვს, მოგვიგდებდნენ რაღაც კაპიკებს,

ჩვენც მსახიობებს ვართობდით და ყალბად ვუკმევდით,

ლაქუცით ნერწყვი მოგვდიოდა - ახლაც მაფიქრებს.

ხოდა, ერთგული ლოზუნგისა: მზად იყავიო,

ვემზადებოდი სიმწიფისთვის ყრმობაგავლილი.

და აღმომაჩნდა, მე ოცდაათს რომ მივაღწიე,

კოლოფ „პამირზე“ დახატული ყარიბის ხიბლი.

 

ირტიში ისევ გუგუნებდა შიშისმომგვრელად.

სირდარიაზე სასწაულებს ათასს ჰყვებოდნენ.

და ჩვენც ვშრომობდით, უხვად იყო საჭმელ-სასმელი,

ხალხი ბოროტი და ვერაგი მეხვია ოდენ.

თვალთმაქცობაც კი შევიყვარე და შევითვისე,

გინება იყო ხუთი სიტყვა ჩემი ათიდან.

თვალებს ჩემივე ოდისეა მიღლიდა ისე,

ვით კინოფირი საბჭოთა კინკომბინატიდან.

შიში დამქონდა ნიღბიანი მკვლელების მხოლოდ,

სხვა ყველა შიშის და სიმხდალის არც ახლა მესმის.

ღმერთის წყალობით, გადავიტან ბოლოს და ბოლოს,

გარს მყავს ამდენი გონდახშული, სულელი მწყემსი.

 

სუ-206-ის საპატიო წევრი ვარ ახლა,

აქაურობას მე ვდარაჯობ დღეები მთელი,

ნ. სოტკილავა ხელმძღვანელი ერთგული გახლავს,

იგი სახეა მოხიბლული კავკასიელი

ყოვლადუღირსი მოგზაურის. როგორც ველოდით,

ზოომუზეუმს საოცარი ჰყავს ცხოველები:

სახლთმშენებლობის საგუშაგო სამმართველოდან –

შაზო, განდლევსკი, ველიჩანსკი და კიდევ სხვებიც.

კვლავ თავსხმა წვიმა, სახიფათო კვლავ საუბრები,

კვლავ ნამწვავები და აკრძალულ წიგნთა ფრიალი.

ღამის საშიში შეხვედრები შავ სიელების,  

ისევ კამათი და სიტყვების ორომტრიალი.

 

აქ გავჩერდები, თუ შევძელი დამუხრუჭება.

ზაფხულში წავალ ჩემი ნებით, სად მეჩქარება,

მერე ცხოვრება შემომცინებს თვალდახუჭული,

და მეც შევიგრძნობ სილაღეს და ნაღდ ნეტარებას.

როცა პირველად გავუსწორე ანგარიშები

პიონერს, ბანაკს, ძია ვასოს - ჩვენს მეკუჭნავეს,

მერე ნელ-ნელა ჩავალაგე ჩემი ნივთები,

ირგვლივ ბნელოდა, ავდექი და შინისკენ წაველ.

ბავშვებს ეძინათ. ფიზორგი კი საქმობდა მღერით.

და მნეს მკლავებში  ჩუმად კვნესდა კვლავ მზარეული.

გემშვიდობები ბანაკო, და შენც, პიონერო,

მსხვილი ცრემლების ჩუმად ყლაპვას რომ ხარ ჩვეული.

 

 

***

 

ანგელოზივით, რომ დაწყევლეს ციურ სულეთში,

სექტემბერივით, როცა ნელი, გრილი ქარია,

ზოგჯერ ჩემთვისაც ყველაფერი არის სულერთი,

არც დარდი მტანჯავს, სიხარულიც არ მიხარია.

შორეთში უკვე ჩასვენება მზის ილანდება,

ის ისეთივე ლამაზია, ვით სიცოცხლეში,

და ტურგენევის ორი მწყემსის ხმა ყურს ადნება:

_ სწავლა კი არა, სირო, სველი ჯოხი ანკესის.

ოხ, ღმერთო ჩემო, _ მიიწევდა ისევ, თავიდან

დღის მკრთალი შუქი, ჰამაკიდან სათიბს სწვდებოდა,

ვერ მისწვდა მწვერვალს, ღამესაც ხომ უნდა თავისი.

იცოდე, ჭირსაც წაუღიხართ, თუ მოვკვდები და

არ შემიყვარებთ... ვდგები, ვკრთები, ვსწორდები ცამდე,

თუმცა ამძიმებს საკიდს პალტო,  სახლს კი  სტუმარი,

მინდა ვიყვირო – გამეცალეთ, პატივი დამდეთ!

და როგორც ლიფტში, აქაც ყველა არის მდუმარე.

N ქალს, ულიფოს დღესაც ახლავს სნობი-ყმაწვილი.

სხვა - როსტოვიდან, ზალცბურგიდან  - ეს ონავარი.

მერე ბალახი, ხოჭო, ჩიტი, ბოლოს ყვავილი,

და მეც მკიდია ყველაფერი – აი, მთავარი.

 

 

***

              მშობლების ხსოვნას

 

ჯერ - დედა, მამა დაბრუნდა მერე

ორმოცდაცხრამეტ წელს დიდი ჯახით.

კვლავ მივაკითხეთ იმ სახლის კედლებს,

სადაც ვცხოვრობდით ერთ დროს ოჯახით.

საგნებმა ძველი ადგილი ჰპოვა.          

როგორც სჩვევია კვამლს სიგარეტის,

მთლად გაიფანტა უსამართლობა,

უთანხმოება და უფრო მეტიც -

დავატარებდი მე ყრმობის უღელს,

არ გვინათებდა ჩვენ მომავალი.

და ოჯახს ერთ დროს მყარს, ხელშეუხებს

არ ეტყობოდა სიცოცხლის კვალი.

 

და ყველაფერი ისევ დაემთხვა

ჩემი ბავშვური გრძნობების კვალად,

ჯერ დედას, მერე მამას, რომ ეთქვა -

ძილინებისა - ჩემს სასთუმალთან

შემოდიოდნენ, და გადიოდნენ

ოთახში, სადაც იყო სულმუდამ

სიცილ-კისკისი, ხმაური ოდენ,  

ჭურჭლის ხმა, რა თქმა უნდა, მიუდაც

ისევ რაღაცას ამტკიცებს ცხარედ.

ვიყავი ტანად დაბალი, ხმელი,

მიუდას კუბოს იმ წელს მწუხარემ

ვერ შევაშველე მხარი და ხელი.

 

იცრუე ხსოვნავ, ურცხვად, უგულოდ,

ბოლო მოწმე ვარ, არავინ გაგთქვამს.

დააცხრე ქარის გრგვინვა-გუგუნი,

რომ ისევ მამის უსმინოს ნათქვამს

ცნობისმოყვარე ბიჭმა თამამმა.

კარგად გაიგოს საუბრის თემა -

როგორ შეაქებს ჭკვიანი მამა

მრავალპარტიულ და მწყობრ სისტემას.

 

 

***

 

გასამართლება შენივე თავის -

სცენა არაფრით გამორჩეული,

მოკლებულია მშვენებას, ხალისს,

არ გავს ხეტიალს უხმოდ, ეულად

რითმის ძებნაში. სიჩუმე ელის

და დარაჯობს ჩემს ახმაურებას.

ბარხუდაროვი, კრუჩკოვი... სხვები

განა ზეციდან მოგვცა ბუნებამ!

 

ჩვენს პოეზიას აქვს ერთი ჩვევა,

ზიზღით ამტვრიოს ფანჯრის მინები,

საწერ მაგიდის უჯრაში ჩუმად

დამალოს ბასრი დანა გინებით.

ბიძას, შლაპაზე პატივით მტრედის,

ტრიუმო აღბეჭდავს ნაალაფარი.

ნუ მკლავ შიმშილით მე შემოქმედის,

ეს თავისთავად მოხდა ამგვარად.

 

რაღაც ორჩხომელს გავდა ძალიან,

ჰამაკში მთვლემარ ბეღურას იქნებ.

ეს ხომ ბალია! არა, ალია.

ეს კი ქალია, ანბანს რომ იქნევს.

ტბორზე ჭრიალიც კი გააქვს ორკაპს,        

ეს - ანბანური სინაზის ჩვევა.

ხელებში ითხოვს, ნატკენს ილოკავს _

შენზე ვაჩერებ მე დღეს არჩევანს.

 

მექცა ეჭვებად, ტანჯვად, ბეგარად,  

წვეთ-წვეთად დაღვრა მოტივის ისევ.

ახლა მშრალი ხმით ვღრიალებ მწარედ

და ორივე ხელს თავშიაც ვიცემ.

რაღა მე მერგო მემკვიდრეობად _

ორაზროვანი ნიღბის მორგება,

ერთაქტიანი ცხოვრების დრამა,

და მასხარასთან დიალოგები.

 

რისთვის მერყეობს ჩემი მოტივი,

მითხარი, სანამ ამომხდა სული,

ლხინში სახეზე ბოროტი სხივით

რად აბრუებდი ზღვარგადასული

იმ ლამაზ ყმაწვილს, ძილმა რომ სძლია,       

რად წიწკნე სუფრის ფოჩი ყოველი.

ეს ხომ ბალია? არა _ ქალია?

შენგან დანდობას აღარ მოველი.

 

 

***

 

საავადმყოფოს შენობას ირგვლივ

გასდევს აგურის მყარი კედლები.

და დაჭმუჭნული ქაღალდის ჩიტი

დაბნელებამდე ცას თავს ევლება.

ბიბინა მდელო ჩანს ღობის უკან,

გაფენილ სარეცხს თეთრს და ქათქათას

ქალის ხორხოცი არხევს მსუბუქად,

და ნელი ხმები ისმის ნაკადად.

 

და იმ არაფრით გამორჩეულ დღეს,

ხორხოცა ქალის ხმაურით სავსეს,

მე გულმა გამკრა ანაზდეულად

მიწის ღრმა შრეთა ბიძგების მსგავსად.

მაშინ დამწამეს მე პოეტობა,

მღაღადებელ ხმად მომიხმეს გვიან,

მაშინ ციყვივით უმიზნო შრომას

გამოვეთხოვე დილაადრიან.

 

---------------------------------------------

 

ყველაფერს დავთმობ, ოღონდ ნუ ერჩით -

ჩემს მშვიდ გონებას, სახლს მყუდროს და წყნარს,

ასფალტზე ფარნის მოქანავე ჩრდილს,

და მტრედისფერი ალვების ნარნარს.

ჩვენ შემოქმედის ძალაუფლება

გვებოძა ქვეყნად იმისთვის სწორედ,

ვიგემოთ დარდიც, ლხენაც ულევი,

წყენისთვის არვის არ გავუსწორდეთ!

 

 

***

 

ყინვის ნაქარგებს ვუმზერდი ხშირად.

მხეცუნა ვიყავ, თხელ ჭიპლარს ვები.

და მიმწყვდეული ბავშვობის პირას

ვეღარ ვსუნთქავდი ლაღად და შვებით.

სვეტივით იდგა მტვრიანი სხივი.

და ჩემში იყო სისხლის წრიალი.

და გროვდებოდა ნელა, ნისლივით

ბაბილონური მღერა-ღრიალი,

მხოლოდ ქანქარა არ წყვეტდა გარჯას.

 

ბავშვების ურდო ჩლიფინა, ბრგვილი,

რუზე შიშველნი დავრბოდით ხოლმე,

ჯერ ისევ ავად ვიყავ ანგინით,

შენი შეცნობა არ მოვინდომე.

მე სხეულს ვზრდიდი პურით და ღვინით,

და სიჩუმეში სულ ბგერა-ბგერა

შენი სახელი წამოვიმღერე,

შემკრთალი ხორცი ცით შევაზავე

და ანგელოზმაც დამიდო ზავი.

 

ყრმობავ! იქნება გიჯობდეს დაცდა.

ათის ვარ. ჩემს სულს ჯერ ვერ დაარბევ.

ნაერთი ღმერთის და ლიმფურ კვანძთა –

უკვე ვგრძნობ ჩემში უფლის სიჭარბეს.

სკამი და მერხი გადაცვეთილი.

გული კანკალებს. იფშვნება ცარცი.

და ასე კვნეტით ნუნის და ფრჩხილის

ასო-ასო ვწერ: “სხვა კაცი ვხდები”.

მხიარული და ერთგული ძმები –

ფრიადოსნები და გარეწრები

წუხან. და მეც ვარ შეწუხებული

გავახელ გუგებს და ხელის გულით

სახეს მოვიწმენდ განახლებული,

ვიმპელებს, სტენდებს ნაბიჯით ჩქარით

ჩავივლი, გავალ სკოლის წინკარით.

იანვრის სუსხი მიკაწრავს სახეს.

ხუთ ველურ გრძნობას მეექვსე ავსებს.

ვფრთხილობ, მომავლის ამაო სარკე

არ შეერიოს თოვლის სისავსეს.

 

 

***

 

ასობით ტონა საბრძოლო რკინა

დაჭირხნა კრემლის კედლებმა მრუმემ.

ფეხებში მიწამ მოგვიღიტინა

და არ დაენდო ზათქებს სიჩუმე.

 

საღამო იყო. წინადღე ლხინის,

ტაქსის ლოდინში ლამის ინათა.

წინადღე იყო სხვისი ქორწილის,

პირადი დარდის იყო წინადღე.

 

კვალიც არ იყო იქ სულიერის,

კარანტინს როგორც შეშვენის - უხმოდ,

ამ შუაღამემ შეკრა ძლიერად

ჩემთვის ძვირფასიც, ძალიან უცხოც.

 

უიღბალობა არის ორპირი.

გულს აცხოველებს, აახლებს დარდი,

პირზე შეგვრჩება მწარე ღიმილი

და გახელილი თვალები ფართოდ.

 

ისევ ბატალურ ღუმელში წრთობა,

ადამიანთა ასობით მსხვერპლი,

ჩვენ ამ ღუმელში ვსწავლობთ უტყვობას,

დიდხანს გაგვყვება სიმწარე ფერფლის.

 

დედაჩემმა კი დაბადა ბავშვი,

განა თოჯინა გუგუნა ჯავშნით.

ნუღარ გამომცდით და ნუ მაწამებთ,

მეც მათქმევინეთ, სიტყვა მაცალეთ.

 

მიწა იძვროდა ზათქით, ქუხილით.

ტანკებით სავსე კრემლის ალაგი.

სალამი, ჩემო დიდო წუხილო,

წვეთო სიცოცხლევ რკინის ქალაქში!

 

 

***

 

ვტკბები, ბოდვას რომ ვისმენ ჩემივეს,

ვარ ძველი ლოთი, წელში მოხრილი,

როცა ჩავივლი ამ გრძელ ხეივანს,

გზაში მომისწრებს მარადი ძილი.

 

როცა მინდორში ვდგავარ მარტო მე,

შფოთიანი და სულით მბორგავი,

ამ ტყე-მინდვრების დღეს მეპატრონე

და ბატონი ვარ ჩემივე თავის.

 

კვლავ შემოდგომას მივაპყრობ მზერას.

ტყე შებილწული, გადამწვარია;

მე - ცხოვრებისგან გაწბილებული.

მხოლოდ ტყე მტკივა ასე ძალიან.

 

 

 

***

 

შავი სხეულით ლირიკა დამაქვს,

ამაღლებულზე ვკამათობ ხშირად,

და ყავა რომ არ გადმომიდუღდეს,

ვაქრობ მორჩილად.

ციური მღერა, მარადი ღამე -

ვცხოვრობ ზეცაში, ვარსკვლავებს ვაქრობ.

მოკლედ ვთქვა, არის სულ ჩემი ნება -

შაქრით, უშაქროდ.

 

მეტაფიზიკურ ამბების ფონზე

ჩააქრე ცეცხლი ნელი, მბჟუტავი.

და შეეჩვიე ბნელს და სიჩუმეს,

ბნელს და სიჩუმეს დაუდე ზავი.

ნელა გაუშვი საპნის ბუშტები

და მოიკრიბე დღითიდღე ძალა.

აივსება და გადმოიღვრება -

ლექსად, თუ მოხდა და მოგეძალა.

 

 

***

 

ქალაქელს უყვარს სოფლის ბუნება.

შვებულება აქვს ეს კვირა მთელი,

ბოსტანში გარჯით პოულობს შვებას,

სულის სიმშვიდეს ეძიებს, ელის.

იაპონელზე უფრო ბეჯითი,

ფოთოლთა ცვენას გრძნობს შემოდგომის,

შუქმიმქრალ მზეს და ცის მარგალიტებს,

შრომობს, ირჯება კვლებს შორის მდგომი.

 

მიყვარს ტირილი მორცხვად, თვალდახრით!

აღსასრულს ელის ბაღი პატარა,

შემოუძარცვავს სამოსი თალხი

და იცდის ასე, საცვლის ამარა.

მწერი დამიდის ხელზე ლასლასით.

ქუჩის ძაღლების ყეფამ იმატა.

რა ელეგია – მე გათვლასავით

სიტყვები რაღაც ამეკვიატა.

მასზე, რომ მოდის განსჯა-განკითხვით

თეთრი ნისლიდან ეს მთვრალი მთვარე,

ჯიბიდან დანას იღებს და რიხით

აცხადებს, გულში ვის გაუტარებს.

 

ჯერ ხომ ადრეა მასზე ბაასი.

დაგვიგვიანდა ბჭობა ამაზე.

 

 

***

 

მოწყენილობამ დაივანა, თითქოს ბილიკით

გამომშრალ ბორცვზე ამოვედით სულ ნაბიჯ-ნაბიჯ,

მერე მოვთავსდით ჩვენ როგორღაც ხრამის პირისპირ –

მე ფიჭვის ძირას, შენ კი – კუნძზე მაგ ჭრელი კაბით.

რაც წარმოუდგა მაშინ მზერას დაღლილს, დაბინდულს,

არ დაიჯერებ: ჟღალ სივრცეში მზე ნელა იწვის,

იქ დიდებული მონასტერი ამშვენებს მინდორს,

ლამაზი მდელო, ვრცელი ტბები, ტყეები ფიჭვის.

დავადგებოდით სანამ ხვეულ  მონასტრის ბილიკს,

გზას რომ ფარავდა ბალახები მოუცელავი,

გული ვიჯერეთ ერთად ყოფნით, სიტყვებით ტკბილით,

ველზე ვიჯექით და მუხლებზე გვეწყო ხელები.

გახსოვს სურათი? მონადირე ტოვებს ტყის ალაგს,

თებერვლის ღამეს თან ძაღლების ხმაური სდევდა.

ქალაქში არვინ იცნობდა ჩვენს თავგადასავალს,

და ჩვენც ყოველთვის გვიზიდავდა ამგვარი სევდა.

ისე ვდარდობდი, თითქოს ცხადი იყო ყოველი,

სინამდვილეში არც ტბები და არც მინდორია.

გადამხდენია უარესიც, მაგრამ გავძელი,

თუმცა ეს სულ სხვა ამბავია, სხვა ისტორია.

 

რუსულიდან თარგმნა ნათია ორმოცაძემ

 

 

 

***

მაწოდებდა ებრაელურ კერძებს,

ანტიკვარულ მაგიდასთან მსვამდა,

ბრუდერშაფტზეც ჩემთან ერთად სვამდა

და თქვენობით მომმართავდა, როცა

გამოშალა ლოგინი და მომცა,

ჩასტუშკებში რომ მღერიან ისე,

ისტერიკაც გამიმართა მყისვე,

მაგრამ რადგან ონეგინის მსგავსად

ვქმნიდი პეტრეს მეც ასანთის ღერებით,

მთელი ღამე კოცნითა და ფერებით

დამღალა და არ გამიშვა არსად.

შეიფერთხა ფრთები გედის ჭუკმა,

უცებ ყელში გამეჩხირა ლუკმა,

და პირველმა რითმამ, არც თუ ცუდმა,

თავისუფლად მოინდომა ცურვა.

ჩვენ რა, არა ვართ აქ მატროსები?

აი გემბანი, აი ტროსები,

ზურგის ქარიც ქრის, რუსეთი, ლეთა,

და ლორელეაც იმედს იძლევა,

მინიშნებები არის რამხელა,

მაგრამ ყველაფერ ამის გამხელა

არასდიდებით არ შეიძლება.

 

***

ბარატინსკი, ვიაზემსკი, ფეტი,

წაიკითხეთ სხვაც, რაც გინდათ, ის,

სიკვდილია ბნელ ღამეზე მეტი

და ის ყველა ჩვენთაგანში ზის.

შემოდგომა ახლა ზამთარს ერთვის,

საახალწლოდ კონიაკის სმას

ვინ დამიშლის, გუდურა ვარ ნეხვის

და ის მართობს, რაც აწუხებს სხვას.

სარკეებსაც ნაცნობივით ვხვდები,

როგორც მინდა, ვათამაშებ რითმებს,

ლამის თავზე დამათეთრდეს თმები,

მე კი მაინც ვორჭოფობ და ვითმენ.

ცხენკაცივით გავიღვიძებ მყისვე

რა წუთშიაც ირიჟრაჟებს გარეთ,

ყველა, როგორც შეუძლია, ისე

აღებს თავის ჯოჯოხეთის კარებს.

 

რუსულიდან თარგმნა ალიკ დარჩიაშვილმა

 

 

***

ავტობაზის მუშა გახდე,

შავ პისტოლეტს უმღერო,

მოხუც დედას, ისე წახდე,

ზღურბლი არ აუმტვერო.

გაზლეიდან წამოსულმა

ღვინით სავსე კანისტრით,

კალუგელი აორსულო,

ასაჩუქრო ნაბიჭვრით.

თევზი ჭამო შესარგები,

ან პელმენი არაჟნით,

უერთგულო ძმაკაცს, რქები

ადგა გამგეს გარაჟის.

ოცდაათის უღელტეხილს

გასცდე და გაუბერო,

ჩუმად ყიდდე ტყეს გაჩეხილს,

შავ პისტოლეტს უმღერო.

თუ ვერაფერს ვერ გაყიდი,

იძინო მანქანაში,

და გახსოვდეს, რომ გიყრიდნენ

მახათს მახაჩყალაში.

 

რუსულიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE