თქვენ ფსონი დადეთ არასწორ ცხენზე


თქვენ ფსონი დადეთ არასწორ ცხენზე




***

ისინი ამბობენ სიტყვებს

რომლებსაც ამოჰყავთ ემოცია საკუთარი თავიდან

ისინი მშვენიერები არიან

სარკიდან იწოვენ საკუთარ თავებს და ჭამენ

ახლა ეს სახლი დასჯილი სიჩუმეა

როგორც ზღვისგან გარიყული თევზი

უცნობ სანაპიროზე

სადაც ანგელოზები ტეხენ ნიჟარებს

და მოძვრებიან სიცოცხლის ძაფისკენ

მათი ხელები შაქარყინულივით თეთრია და ცივი

და რცხვენიათ  იმის გამო რაც არ ჩაუდენიათ

და ბოდიშს იხდიან

რადგან არიან პატარა

შიშველი თევზი-ადამიანები

აკვარიუმში.

 

 

***

ქარი მაშხეფებს სიბნელეს და მის თაიგულს

ხელისგულზე გავიშენებთ

ავტომობილმარცვლებო თქვენც სადაცაა აღმოცენდებით

თქვენ ჯიბის დანის ერთი დაკვრით

ზამთარს ჩამოჭრით საშანდლიდან

მას უბოროტეს ფიქრებს ვასხურებთ

მარგალიტს ვთესავ საკუთარ თმაში

ნაყოფად იღებს

დაშაქრულ კრიალოსანს ჩემი სიტყვების

თოვლმარცვლებო

თქვენ წამოეგეთ სიბნელის ნაწნავს

მარტოები ხართ და

მიგიძღვებით ჩემი სიზმრისკენ

სადაც ვერ შეძლებ ძალადობის ბურთებით თამაშს

 

 

***

განათდი

წამოწექი თმახალიჩებზე

სადაც უსკდებათ ბგერებს აპკები

მათ ადიუტანტებს სელაპის კანის კაბა აცვიათ

და ფრიალებენ ამ კაბების კარიბჭეები

შენ დგახარ პარკისებრ ნისლში 

შენ ჯერ კიდევ მიცოცავ ოქროს ყინულზე

და შეკრული გაქვს სახის ნაკვთები არამკერდით არაკერტებით

 

 

***

საათობით ვუყურებდით

ბავშვის ჩანასახს მთვარეში

ცისარტყელების საგამოფენო დარბაზის მსგავსად

იქამდე სანამ ვულკანივით ამოხეთქა მისმა სიტყვამ

და მერე  ალაპარაკდა ქვედა ტანით

მარწყვის ტუჩით

აკანკალდა

თვალები დახუჭა და მის გარშემო ნისლი მოიკრიბა

რომელსაც მადიანად ჭამდა

როგორც პლასტმასის უხერხემლო შენადნობებს

 

 

***

ჩვენ მას მივენდეთ

ვინც სინათლე დახნა

ვინც ყვავილნარი გაკაფა

და თევზები დარგო

შემოგვიარე დროის  წისქვილში

სუფრას გირთავ მეტეორებით

ღვინისგან ბავშვი გამოვხადე

ის წითელია და აბრეშუმის

ეს დღეა მისი თავშესაფარი

ის ხვალ გასკდება

და განახლდება კვამლის ფესვებში

 

 

***

ეზოებში ანთია მათი თვალები

თევზები კვდებიან და ვერცხლს გამოყოფენ

მინდა შევაკეთო მათი სიცოცხლის

ვენტილაცია

ქარში ვართ 

შენი აყვავებული ორგანოები

გვიერთდებიან 

გაარაფრდი და განვაგრძობთ გზას

 

 

***

თხევად  იდეებთან სათავეს იღებს მშიერი ბავშვი

სისხლი ჩაბრუნდება მასში

ხელმეორე, გაანჩხლებული ეფექტით

თავიდან დაიბადება ლაკმუსის იისფერ ხსნარში

და ნაჯახების თოვაში

გააგრძელებს სვლას უკუსვლისკენ
 

 

***

მე მოვკალი მეგობარი

რომელთან ერთადაც რწმენის მდელოზე აღმოვცენდი

ის ამბობდა სიტყვებს

მეთანის მცირე ამოფრქვევებს

ბავშვის პირით

და  სიზმრებს ფრთოსან თევზებს უყოფდა.

მე ვგრძნობდი

და მე მიყვარდა.

შენ არ გახსოვარ.

ის ვარ შუქნიშნად რომ იქცა და 

კიდევ ის, თეთრ ფილმზე რომ გიყვებოდა

გამადიდებელი შუშის სათვალით.

ჩვენ ვიპოვეთ ხსნის გზა,

ჩეხეთში, პატარა სოფელ დომაჟლიცეში,

სადაც შენთან ერთად გადავაგდე ნარკოტიკი და გრაფიტი,

ვიზუალ არტი და ლენდ არტი,

სადაც დავივიწყე.

 

 

 

***

მისი ღიმილი გადაიქცა ოქროს კარიბჭედ

ის უკვე მზადაა 

ღმერთის გაშლილ ხელებზე დასახტომად

 უკვე გამოძვრა ხმაურის გრძელი გვირაბიდან

მისი სახიდან სიზმრები მორბიან

შესაძლოა მას ებრალება

ყველაფერი რაც ეგონა და რაც არ არის

შესაძლოა ის გავიდა ქუჩაში ანთებული ნათურით ხელში

რომელშიც ელაგა ნაირფერი ვარსკვლავების

მთელი აღლუმი

ან  ჰქონდა მიზანი 

რომელმაც ხანგრძლივი ჰიბერნაციის შემდეგ

ყინულში ფესვი გაიდგა

და სწორედ ამან შექმნა მისი პიროვნება

 

 

***

ფარდებით დასახლებულ სამყაროში

უჯრედების მაცივარი

განადგურების მადა

სისხლის ცოცვა ან თუნდაც ბნელი წიაღი

ციცაბო ქარის  

შეიყვარე ის

ვინც გაიშვერს ხელს შენს მოსაკრეფად

გზას გაიკვალავს

დააზიანე

ეს ქუჩა ეს უღიმღამო მოძრაობის

მთელი აღლუმი

 

 

***

ჩემს სიზმარში ისინი ვარდებად იქცნენ

ისინი გახმნენ, ისინი გაქრნენ

მე კი ვუსმენდი შედედებული სინათლის ჩურჩულს.

რძეს ვსვამდი,

რომელიც მოულოდნელად დილად იქცა,

სადაც შენი თვალები გაიწელა როგორც მდინარე

სადაც მე თავიდან აღმოვაჩინე,

მოგონებები, ჩემი თათბირის განუყრელი მონაწილენი.

ყველამ იცოდეს,

თქვენ ფსონი დადეთ არასწორ ცხენზე.

 

 

***

შენობა ვიყავი საკუთარ სიზმარში და ვტრიალებდი

სხეულის ნაწილებს ვიფლეთდი

მე ვნახე გამოშიგნული თევზი-სერაფიმები 

გონებიდან წარსულის რეაბრაზიის მრავალჯერადი მცდელობით

ობობაიეროგლიფები, რადიონათლისღებათა სიკაშკაშე

ბაყაყისხორხიანი მოქალაქეები,

დაბრეცილი ფანჯრებიდან გამოპარული შუქების თავისუფლება,

რომლის მომცრო ნაგლეჯებზე ბავშვები დარბიან

კალუზურ წყლულთა წარმოუდგენელი კლდეები,

სიცარიელე

აბსოლუტური სიცარიელე 

ჩაკეტილი და დაზეთილი ორგანოები

მე ვნახე სამუდამოდ ჩაკეტილი სახეები ბრბოში

მათ მიღმა ჩვენ ვისხედით სამუდამო სიზმარბარში 

რომლის ზღვაშიც მინარეთისებრ ფეხებს ავასავსავებთ

სადაც ჩვენმა მანათობელმა სუნთქვამ

გზა შეუკრა მოყინული სიტყვების ტუტეს

ჩვენ ვიყავით ჰიპნოსხეულები

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE