ნიკა ჯორჯანელი: “ხელოვნების ადგილი იქაა, სადაც არასრულყოფილებაა“


ნიკა ჯორჯანელი: “ხელოვნების ადგილი იქაა, სადაც არასრულყოფილებაა“




ერთხელ ნიკა ჯორჯანელმა არა ამ, არამედ სხვა ინტერვიუში თქვა, რომ „პოეზია პერმანენტული საპროტესტო აქციაა“. ეს დღეები სულ ვფიქრობ ამ სიტყვებზე და რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად ვეთანხმები. უფრო მეტიც, მაქვს შეგრძნება, რომ მან პოეზიას საუკეთესო განმარტება მოუგონა.

ამ წერილის მომზადებისას ნიკაზე, როგორც პოეტსა და მთარგმნელზე, აზრი მის თანამედროვე რამდენიმე მწერალს და ლიტერატურის კრიტიკოსსაც ვკითხე, მაინტერესებდა სხვები როგორ ხედავენ მას, მერე ყველას ნათქვამი საერთო აზრი რომ შევაჯერე, ორიოდე წლის წინ ლიტერატურის კრიტიკოსის, მალხაზ ხარბედიას წერილს გადავაწყდი, რომელიც ნიკა ჯორკანელის მესამე კრებულის - „სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის“ - შესახებ დაიწერა და ვფიქრობ, მის საუკეთესო დახასიათებას წავაწყდი... ამით დავიწყებ კიდეც:

 

„ცხოვრების წესით იგი ნამდვილი კლასიკური პოეტია. სამაგიეროდ, მისი ლექსი ძალზე თანამედროვეა. ნიკა თითქმის უმუშევარია. არც სადმე რედაქტორობს, არც რაიმეს ხელმძღვანელობს, არც ვინმეს ქვეშევრდომობს, არც ბლოგებს წერს, არც ფეისბუკზე აქტიურობს, არც სიტყვით გამოდის ხოლმე და არც თავის პოეზიას აპიარებს - არ ადარდებს რამდენჯერ დაალაიქებენ მის ლექსებს, არც ის ადარდებს, რამდენი წაიკითხავს მის ნაწერს... თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. არავინ იფიქროს, რომ ნიკა ჯორჯანელი ერთი დაუდევარი პოეტია, ვისაც უპატრონოდ მიუყრია თავისი ლექსები და აღმა-დაღმა დადის. არა, ნიკა ჯორჯანელისნაირი დისციპლინებული პოეტი მეორე არ მეგულება დღევანდელ საქართველოში, იგი უკიდურესობამდე ზუსტია ხოლმე, ზედმეტად აკურატული და მეც, ამ შემთხვევაში რედაქტორს, არაერთხელ მიგრძვნია ეს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი მძიმის ჩასწორების გამო სამჯერ დაურეკავს, კორექტურული შეცდომა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის თვალს გამოეპაროს... ნიკა ყოველთვის ფორმაშია, იგი არასდროს დუნდება და სწორედ ამიტომ ყველაზე სანდოცაა. წერს საკმაოდ ცოტას, ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული ლექსის საყრდენი ნახევარმცველია“ – წერს მალხაზ ხარბედია.

 

მანამდე იყო ვახუშტი კოტეტიშვილის შეფასებაც, რომელიც უძღვის კიდეც ნიკა ჯორჯანელის პირველ პოეტურ კრებულს სახელწოდებით „განცდა ხავერდისაგან“: პირველი, რაც თვალში მეცა ამ ლექსებთან შეხებისას, იყო სიახლის განცდა. ეს ლექსები უკიდურესი ექსპრესიით, პოეტური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალობით, ნამდვილად გამოარჩევს მათ ავტორს არა მხოლოდ თავის თანამედროვეთა შორის, არამედ, საერთოდ, ქართულ პოეზიაში“.

შემდეგ იყო მეორე კრებული, „სუნთქვა ხუთვისას“ – ამ დროს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში (და არა მხოლოდ) ნიკა ჯორჯანელის პოეზიას უკვე კარგად იცნობენ. ამ კრებულში 2004-2008 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. 2008-ში იგი საერთაშორისო პრემიის „სოდრუჟესტვო დებიუტოვ“ლაურეატი ხდება.

 

მესამე, ჯერჯერობით ბოლო, კრებული კი - „სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის“ - 2011 წელს გამოვიდა და ამ კრებულის შესახებ ისევ მალხაზ ხარბედია წერს, რომ ეს 21-ე საუკუნეში გამოცემული ერთ-ერთი გამორჩეული ლექსების ციკლია : „თემატურადაც ძალზე ძლიერი, მკვეთრი სათქმელითა და მიზანმიმართულებით. თუკი პირველ კრებულში ბევრი ე.წ. პოეტური სავარჯიშო და ეტიუდები შეიძლება შეგხვდეთ, აქ წიგნი სრულყოფილ მთლიანობად გამოიყურება, სადაც მომწიფებულ პოეტს ვხედავთ თავისი სიმძაფრით, ტრაგიზმითა და ირონიულობით. მისი ლექსი უკვე ჩამოყალიბებულია და ფორმალური ძიებები აღარაა თვალშისაცემი, არამედ იგი უკვე ნამდვილ პოეზიად იქცევა“. მე მგონი, ისეთი სიტყვებია, რომლის გამეორებაც აქაც  ღირს.

....

 

ნიკა ჯორჯანელი 34 წლისაა.

1978 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა.

რა ხდებოდა 11,12  და 13 ოქტომბერს გიორგი ჯორჯანელის ოჯახში, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია. ამაზე არ შევჩერდები, უფრო საინტერესო ამბები მერე იწყება, როცა ნიკა ჯორჯანელი ხუთი წლის გახდა. მისმა მეგობრებმა იციან, ამ ამბავს ხშირად ყვება, მაგრამ უფრო ბევრს ალბათ ვერც კი წარმოუდგენია, რით ერთობოდა (ერთობოდა ვითომ სწორი სიტყვაა? მეეჭვება, მაგრამ  უკეთესი ვერ მოვიფიქრე) 5 წლის ნიკა. პირველივე მარტივი პასუხი იქნება, რომ ხატავდა, ან მაშინვე ლექსებს თხზავდა, ან... მანქანებით თამაშობდა. ცოტ-ცოტა იქნებ ესეც იყო, მაგრამ სწორი პასუხი სულ სხვაა. ნიკა იდგა და მთელი მონდომებით და თავგანწირვით დირიჟორობდა! დირიჟორის ჯოხი ხან ფანქარი იყო, ხან ისე ჯოხი. მუსიკა იყო სულ და მუსიკა იყო დიდი დოზით. იმიტომაც, რომ მამას უყვარდა და მათ სახლში გამუდმებით ისმოდა კლასიკური მუსიკა. ხოლო თუ არ ისმოდა, ნიკა ფირსაკრავს რთავდა და იწყებოდა ხუთი წლის ბიჭის სრულიად გასაოცარი წარმოდგენა, რომელიც გრძელდებოდა სამი, ოთხი, ხუთი საათიც...

„მახსოვს, როგორ ვდირიჟორობდი რიმსკი კორსაკოვის „შეჰერაზადას“. დირიჟორობა ხომ მხოლოდ ხელის ქნევას არ გულისხმობს: იცი, როდის შემოდის ვიოლინოს პარტია, როდის შემოდის კონტრაბასი... დიდი არტისტიზმიც იყო ამაში, ყველაფერი გესმის და იცი, რა როდის იწყება, სად უფრო აქტიურად უნდა გაიქნ-გამოიქნიო ხელი, სად ნაკლებად. ბოლოს, როცა ამან სისტემური ხასიათი მიიღო, ენის ბორძიკი დამჩემდა. ლამის ვერცერთ სიტყვას ვეღარ წარმოვთქვამდი და ჩემმა მშობლებმა, ძალიან რომ უხაროდათ თავიდან ჩემი დირიჟორობის ამბავი, სასწრაფოდ ნევროპათოლოგთან გამაქანეს...“

ექიმმა გადაწყიტა, სასწრაფოდ დაემალათ ნიკასთვის ფირსაკრავი!

და ფირსაკრავი სახლიდან გაქრა... ნიკამ კი ისევ დაიწყო ჩვეულებრივად ლაპარაკი.

მერე მოვიდა ხატვის სიყვარული. ხატავდა ბევრს და სხვადასხვა თემაზე. ახსოვს, როგორ დახატა ერთხელ ფიროსმანის პორტრეტი. როდესაც ნიკას მამა გიორგი ჯორჯანელი გარდაიცვალა (ნიკა მაშინ 8 წლისა იყო),  ნიკას დედამ საბავშვო ბიბლია უყიდა. მის ნახატებში კი შესაბამისი სამყარო გაჩნდა.

და ასე, ჯერ დირიჟორის ჯოხით, შემდეგ კი ფუნჯით და საღებავებით ნიკა ჯორჯანელი სიტყვებს მიადგა.

 

და თუ დღეს მის სახელს და გვარს საძიებო სისტემაში ჩაწერთ, ამოგიგდებთ: ნიკა ჯორჯანელი, პოეტი, მთარგმნელი.

მე კი მაინც გადავამოწმე.

„კი, ეგ ვარ, აბა ვინ ვარ? ისეთი კითხვაა, უცებ რომ მკითხო: ადამიანი ხარ? შემოგიბრუნებ და გეტყვი: აბა, არ ვარ ადამიანი? თუმცა მთარგმნელზე შესაძლოა დავფიქრდე, რამდენად ვარ ის, რადგან  ძალიან ცოტა რამ მითარგმნია, თუკი იმ სიხშირეს გავთვალისწინებთ, რა სიხშირითაც ტიპობრივ მთარგმნელს უნდა ჰქონდეს ეს საქმე გაკეთებული. ჩემი თარგმანების ცალკე კრებულიც არ გამოსულა.. ასე რომ, ვიტყოდი, რომ გამორჩევითი მთარგმნელი ვარ“.

 

„გამორჩევითი მთარგმნელი“ იმაზეც წუხს, რომ პოეზიას თუ რამე ნაკლი გააჩნია თავის თავში, ეს ისაა, რომ პოეზია არ ითარგმნება. ეს ნაკლებად ეხება დიდი ენების პოეზიას, მას ზღვა მკითხველი ჰყავს:

 

„ჩვენი მკითხველი კი ფაქტობრივად არ არსებობს. საქართველოში თითქმის არავინ კითხულობს პოეზიას. და რაც შეეხება თარგმნას, აქაც არსებობს რისკები. მოკლედ რომ ვთქვათ, უთარგმნელობა, ვერთარგმნა... სწორედ  ეს არის პოეზიის ჯვარი.“

 

ერთხელ ნიკა გერმანულის მასწავლებელიც იყო. და ეს ერთხელ ცხრა წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს იყო ეტაპი, რომელიც კარგად ახსენდება, რადგან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვი, თითქმის იმდენივე რაღაც მიიღო სწავლებით, რამდენიც სწავლით. მანამდე კი იყო დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი, უნივერსიტეტი, არც ისე ნიკას არჩევანი, მაგრამ ცოტა ოჯახის აზრისთვის ანგარიშის გაწევა, ცოტა ის, რომ მამამისი ცნობილი ლიტერატორი, გერმანისტი გიორგი ჯორჯანელი (გოეთეს „ფაუსტის“ მთარგმნელი) იყო და რომ მისი შვილიც მამის კვალს უნდა გაჰყოლოდა...

უნივერსიტეტის პერიოდში ნიკა უკვე აქტიურად წერდა, და იყო დღეები,

როცა წერის სურვილი ფარავდა ყველაფერს, მათ შორის, მეორე დღეს ჩასაბარებელ გამოცდასაც. ამის გამო არაერთხელ გადაუდია გამოცდების ჩაბარების დღეები: „მაშინ წიგნზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მქონდა შეგრძნება, რომ ეს უნდა დაიწეროს, და უნდა დაიწეროს დღეს!“ და ეს რაღაცით ჰგავდა თავგანწირვას.

ვეკითხები, როდის დაიწყო ის, რაც დაიწყო, და ათვლის წერტილი 1995 წელია. ეს ის დროა, როცა ნიკა უკვე „სერიოზულად მუშაობს“. ნიკა დედის დაკვირვების ობიექტია, დედამ ქართული კარგად არ იცის, რადგან ეროვნებით რუსია და ვერ „ამოწმებს“, რას წერს მისი შვილი. მაგრამ ინტერესი, რას წერდა ნიკა, ნელ-ნელა სულ უფრო იზრდებოდა და ერთ დღეს, სწორედ დედის ინიციატივით, ნიკა ჯორჯანელი მწერლის, კრიტიკოსის, გამომცემლობა „მერანის“ მთვარი რედაქტორის, დავით მჭედლურის კაბინეტში აღმოჩნდა.

რამდენიმე ხნის განმავლობაში იყო სრული სიჩუმე. მჭედლური ნიკას ლექსებს კითხულობდა. და მან ბოლოს თქვა ისეთი რაღაც, - იხსენებს ნიკა, - რომ „დედაჩემი მიხვდა, რომ მისი შვილი ქაღალდს ტყუილად არ აფუჭებდა“.

 

ამის მერეც სულ წერდა, წერდა... სანამ ერთ დღეს ვახუშტი კოტეტიშვილი არ გაიცნო. პირველად წიგნის იდეაც მაშინ გაჩნდა. ვახუშტიმ უთხრა, რომ წინასიტყვაობასაც სიამოვნებით დაწერდა მისი წიგნისთვის. დამეგობრდნენ, ამ მეგობრობის დაწყებიდან ვახუშტი მალე წავიდა, ნიკას პირველ წიგნს კი მართლაც დარჩა მისი წინასიტყვაობა.

არ არის პატარა ამბავი.

 

თავიდან, როგორც ყველასთან, მასთანაც შეიმჩნეოდა ლიტერატურული გავლენა. ნიკა იხსენებს, რომ ძალიან უყვარდა ტერენტი გრანელის პოეზია. ერთი პერიოდი მართლა გრანელვით ვწერდიო. მაგრამ ნელ-ნელა, ნიკას სიტყვებითვე რომ ვთქვა, გამოიკვეთა მისი „პოეზიის ნაკვთები“: „მე მგონია, რომ როგორც ყველა ადამიანი ჰგავს ერთმანეთს, ასევე ჰგვანან ერთმანეთს მწერლებიც, რადგან ერთი და იმავე ინსტრუმენტით სარგებლობენ - ენით. და ხიბლი სწორედ იმაშია, რითაც იმ სხვას არ ემსგავსები, ნაკვთებში, რომლებითაც ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით“.

 

გავლენები იქით იყოს და რაც შეეხება ნიკა ჯორჯანელისათვის გამორჩეულ ავტორებს, პირველი, ვისაც ასახელებს, ბოდლერია - მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საკვანძო ავტორი“. ასევე არა აქვს წაკითხული ორიგინალში, თუმცა ეს ვერც ესპანელი პოეტის ანტონიო მაჩადოს სიყვარულში უშლის ხელს. ამერიკელებიდან ედგარ პო უყვარს: „მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ავტორია საერთოდ ლიტერატურაში, რადგან XIX საუკუნის მეორე ნახევრის მთელი ევროპული ლიტერატურის სულისკვეთება განსაზღვრა, ეს სიმბოლიზმები და ა. შ... ევროპას ცოტა ვინმე თუ ჰყავს მისი ბადალი საკუთარ თავზე ასეთი მძლავრი გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. კიდევ ანტიკური ავტორები მიყვარს, რომლებმაც საერთოდ განსაზღვრეს ლიტერატურის რაობა... და, რა თქმა უნდა, არგენტინელი ბორხესი. მეოცე საუკუნის პროზაიკოსებს შორის ის მე ძალიან ბევრ ავტორს მირჩევნია, მათ შორის თომას მანს, ფრანც კაფკას, უილიამ ფოლკნერს. ბორხესმა ჩემზე ვეებერთელა გავლენა მოახდინა. უმისოდ ჩემი პოეზია აშკარად სხვა იქნებოდა“.

 

რა არის ის, რაც ნიკა ჯორჯანელს ყველაზე მეტად იზიდავს ლიტერატურაში?

ხანმოკლე პაუზის შემდეგ მეუბნება: ეს არის მასშტაბები ტკივილის გადმოცემაში. და რაც უფრო დიდია ეს მასშტაბები, მით უფრო ძვირფასია ნიკასთვის ასეთი ლიტერატურა.

 

მას შეუძლია წეროს აბსოლუტურ სიჩუმეშიც და ხმაურშიც.

ხმაურში კითხვა უფრო მიჭირს, ვიდრე წერაო, ამბობს. მთავარია ვინმე ზედმეტად  არ უკირკიტებდეს, და წერას გააგრძელებს: „შესაძლოა არაფერი ხდებოდეს კონკრეტული, რაზეც დაწერდი, მაგრამ მწერალი იმის მწერალია, რომ მასში მუდმივად რაღაც ხდება. ეს, რაც შენშია, და ის, რაც გარე სამყაროდან მოდის, ერთმანეთს ედება და  ჩნდება ნაპერწკალი. ასე იწერება მხატვრული ნაწარმოები“.

 

ერთადერთი მიზეზი და ყველაზე დიდი საცდური, რატომაც შეიძლებოდა გასჩენოდა სურვილი, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო პოეტად, შესაძლოა ყოფილიყო ინგლისურენოვანი ავტორობა, როგორც საუკეთესო შესაძლებლობა, მის პოეზიას უფრო მეტი მკითხველი ჰყოლოდა. სხვა ცდუნებები, როგორც  ნიკა ფიქრობს, არ არსებობს. ქართული ენა მისი „ერთადერთი შეყვარებულია, რომელიც არასოდეს უღალატებს“:

„ეს არის ენა, რომელზეც შეიძლება ნებისმიერი აზრის სწორედ ისე გამოთქმა, როგორც გინდა. ეს ენა გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, თუ, ცხადია, მას კარგად ფლობ“.

 

რაც ლიტერატურაში უყვარს, გავიგეთ. ის რაღაა, რაც არ უყვარს? აქაც მოკლე და კონკრეტული პასუხია - როდესაც ლიტერატურა გაწონასწორებული არ არის. როდესაც შიგნით, ნაკეთობაში, არის დისბალანსი.

 

„ხშირად მივდივარ ამ დასკვნამდე, რომ მწერლის მთავარი დანიშნულება არა იმდენად იმის ცოდნაა, თუ რა დაწეროს, არამედ იმის მიხვედრა და შეგრძნობა, თუ რა არ უნდა დაწეროს. მაშინ არის ის კარგი მწერალი, ნამდვილი მწერალი. როგორ უნდა მიხვდეს ამას? დაახლოებით ისევე, როგორც, როცა კიბეს მივადგებით, ვხვდებით, რომ ახლა კიბეა და კიბეზე უნდა ჩავიდეთ, და არა ჩავხტეთ თუ გადავახტეთ. ჩემი აზრით, კარგმა მწერალმა არ უნდა დაწეროს ისეთი რამ, რაც ადამიანს უიმედობას მოჰგვრის, რაღაც მაღალის რწმენას დააკარგვინებს... ლიტერატურამ  არ უნდა დაგანგრიოს, ცუდად არ უნდა შეგცვალოს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ არ წერო საშინელებაზე”.

 

ნიკა ჯორჯანელი არ მიეკუთვნება ცხელ გულზე მწერალ ლიტერატორებს.

მას არ უყვარს ეპატაჟი, არ უყვარს, როდესაც ტექსტებს წერ იმიტომ, რომ მაშინვე, დაწერისთანავე მიიქციო ამა და ამ კონკრეტული აუდიტორიის ყურადღება. ასეთი ცხელი გული, ნიკა ჯორჯანელის აზრით, ძალიან მალე ცივდება. თითქოს იმიტომაც დღეს ცდილობ ისარგებლო სხვების გულების სიცხელით, რომ ხვალ ის უკვე არ იქნება. დღეს უნდა მოასწრო. მისი აზრით, ასეთი ტექსტების უმეტესობას ცუდი ავტორები ჰყავს.

 

პოეზიამ, როგორც „მუდმივმა საპროტექსტო აქციამ“ გამახსენა... სად დგას ხოლმე ჯორჯანელი, როდესაც ყველა ხმაურობს? ნიკას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ის აზრი, რომ მწერალი უნდა ჩნდებოდეს მაშინ, როცა რაღაც ზღვრული სიტუაცია იქმნება. როდესაც ვიღაცას აშკარად ჩაგრავენ, როცა ასევე აშკარაა უსამართლობა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი პროტესტი, როგორსაც დღეს საქართველოში ხშირად გამოხატავენ, ეს პროტესტი, ნიკა ჯორჯანელის აზრით, ხშირად თავის წარმოჩენას უფრო ემსახურება.

„პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა უმეტესობა ვერ გააპროტესტებს და შენ აკეთებ ამას. უმეტესობა რატომ არ აპროტესტებს? იმიტომ, რომ მას ეშინია. აი მაშინ, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დროს უნდა ჩაება, და არა იმისთვის, რომ ტელეეკრანზე საზოგადოებრივად აქტიურ ტიპად გაიჟღერო”.

 

არის კი რამე ისეთი, რასაც თავად შინაგანად მუდმივად აპროტესტებს? არის -

ყველაფრის ხარჯზე მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას:

„ადამიანებს ავიწყდებათ ის მთავარი, რისთვისაც ეს მატერიალური კეთილდღეობაა საჭირო. და ბოლოს და ბოლოს ხდება ისე, როგორც იმ ზღაპარშია - „ოქროს ანტილოპაში“, ადამიანები ფულთან ერთი ერთზე რჩებიან და მერე მათ ეს ფული ახრჩობთ”.

 

ნიკა ჯორჯანელს არ უყვარს საყოველთაოდ აღიარებული რამეები. მისი მეგობრებიც ადასტურებენ და თავადაც ამბობს, რომ აქვს ძალიან მყარი გემოვნება და სხვადასხვა თემებზე აბსოლუტურად შეურყევი მოსაზრებები, რომლებიც შიგადაშიგ, ძალიან შეუჩნევლად, ზედაპირულად თუ შალაშინდება. ძირეული, რაზეც ეს მოსაზრებები დგას, არ იცვლება, ამბობს ნიკა ჯორჯანელი.

 

და მალხაზ ხარბედიას თქმის არ იყოს, ნიკა არ მიეკუთვნება „ლაიქების“ შემგროვებელ პოეტებს. არც ჯილდოების. ლიტერატურული კონკურსების მიმართ მისი დამოკიდებულება კი შემდეგნაირია - ჯილდო, განსაკუთრებით ხელოვანისათვის, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება:

„ჯილდო იმათთვის გაიცემა, ვისაც არ ესმის ლიტერატურა, რათა მიხვდნენ, რომ, რადგან ვიღაც დაჯილდოვდა, ესე იგი ის რაღაცას წარმოადგენს და მისი შემოქმედება ინტერესს იმსახურებს. სხვა დანიშნულება მაგ ქაღალდს თუ ქანდაკებას არა აქვს. ჩვენც კი, როდესაც ვიცით, რომ ესა და ეს მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატია, მისი ტექსტები უკვე სხვანაირად გვეკითხება. რაც ეხება ქართულ კონკურს-პრემიებს, მათგან პუბლიკისთვის ჯერჯერობით ალბათ მაინც „საბა“-აა ყველაზე აქტუალური, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ბევრი მაიმუნობის ასპარეზად იქცა”.

 

შტრიხები

 

ნივთის ყიდვა მხოლოდ მაშინ სიამოვნებს, თუ ეს ნივთი უნდა აჩუქოს მისთვის ძვირფას ადამიანს.

 

„ალბათ მიწაშიც მეყვარებიო“, წერს ერთ ლექსში.  როგორი სიყვარული იცის, და „ძლიერი“.

სიყვარულზე ნიკას ერთი მოსაზრებაც არ მინდა დავივიწყო. ეს ისაა, რომ სიყვარულის კოეფიციენტი ძალიან დამდაბლდა:

„კი, მართლა ასე მგონია, 100, 50 წლის წინ და თუნდაც 80-იან წლებში ადამიანებს ერთმანეთი უფრო უყვარდათ, ვიდრე დღეს. სიყვარულმა იკლო“.

 

ყველაზე მეტ კითხვას საკუთარ თავს უსვამს.

 

თავყრილობებს მისთვის უმეტესწილად სევდა მოაქვს. მათ შორის პოეტურ თავყრილობებსაც. „კარგად აქვს ნათქვამი ჩემს საყვარელ ფილოსოფოსს შოპენჰაუერს, სიხარული და ზეიმი იქ კი არ არისო, სადაც ის ამწუთას ეგულებათ, არამედ ძალიან შორს იქიდან...“

 

ძალიან მკვეთრი მიდგომა აქვს ავადმყოფობებისადმი. მისი მეგობრები ხუმრობენ კიდეც, შეიძლება „ფანტა“ დალიოს და შემდეგ ერთი თვე იმკურნალოსო. არა, ეგ გადაჭარბებულია, ამბობს ნიკა, მაგრამ ზოგადად რომ ფრთხილია, ამას არ უარყოფს:

„იმიტომ, რომ ვიცი, ვგრძნობ, რა არის ავადმყოფობა. არის ავადმყოფობა, რომლის დროსაც სახლში შეგიძლია ჯიგრულად წამოგორდე, გვერდით ლიმონიანი ჩაი დაიდგა, სიგარეტიც მოწიო და ა. შ. მაგრამ არის ავადმყოფობა, რომელიც სულ სხვანაირია. მეც ვცდილობ ამ ფიზიკურ შებოჭილობას ზემოდან შევხედო და ვიფიქრო, რომ ესეც გარდამავალია და გაივლის. ბოლოს და ბოლოს მოგკლავს ეგ ავადმყოფობა, სხვა რა...  პოეზია, სხვათაშორის, სწორედ ასეთ შიშებს უპირისპირდება“.

 

ნიკას კიდევ ერთი და დიდი ხნის სიყვარული ჯინო ვანელის მუსიკაა.

„თანამედროვე მუსიკაში ჯაზ-როკი, ჯაზ-ფიუჟენი მიყვარს, მაგრამ არა, სიტყვაზე, კარლოს სანტანასეული თუ გარი მურისეული ელემენტებით... მე მიყვარს მუსიკა, რომელშიც უბრალოდ საკრავზე ოსტატური დაკვრით არ ხდება მუსიკოსის მთელი პოტენციალის დემონსტრირება... არც, რასაკვირველია, ისეთი პოეზია მიყვარს, სადაც უაზროდ მანიპულირებენ სიტყვებითა და შესიტყვებებით. მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც ტექნიკას ერთადერთი დანიშნულება აქვს, არა უმნიშვნელო, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთადერთი: რომ სათქმელი მაქსიმალურად კარგად ითქვას”.

 

 

გამოკვეთილი აზრი

 

”დარწმუნებული ვარ, რომ სამოთხეში ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება არ არის, იმიტომ რომ იქ საჭირო აღარაა. მისი ადგილი აქაა, სადაც არასრულყოფილებაა - ტანჯვა, ტკივილი, ადამიანის მოკვდავება”.

 

 

მომავალი:

 

ისევ ლიტერატურას უკავშირდება. მეტის გაკეთებას.

თუმცა დღეს რომ ნიკა უცებ აღარ იყოს, არ დარჩება განცდა, რომ, რისი თქმაც უნდოდა, ვერ მოასწრო. პირიქით:

„მგონია, რომ მოვასწარი. დღეს მაინც ასე ვფიქრობ, რომ რაღაცები უკვე ვთქვი. ყოველ შემთხვევაში იმ სიმძაფრით, რომლითაც მინდოდა”.

 

 

აუცილებლად წასაკითხი:

 

”ღაღადისი”

”ბირთვული იარაღის იავნანა”

”ისინი”

”განცდა ხავერდისაგან”

”კავშირებითი კილო”

Etc.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE