გადარჩენა უელბეკისებურად


გადარჩენა უელბეკისებურად




    მიშელ უელბეკი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროზაიკოსი, რომანისტი, თუმცა მან პოეზიით დაიწყო და პირველი ნაწარმოებები ოცი წლის ასაკში გამოაქვეყნა. პირველი ორი პოეტური კრებული 1991 წელს გამოსცა და მომდევნო წელს უკვე ტრისტან ტცარას პრემიაც მოიპოვა.

    თუმცა მანამდე უელბეკმა გამოსცა უაღრესად საინტერესო წიგნი. ესაა მოკლე ტექსტებისა და ჩანაწერების ერთობლიობა, მომცრო   კრებული ,,ცოცხლად დარჩენა“, რომელიც პირველად 1991 წელს გამოჩნდა, მოგვიანებით კი რამდენჯერმე გამოიცა და ყოველ ჯერზე საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა. წიგნი ქართულად თარგმნა  ირმა ტაველიძემ სათაურით ,,სიცოცხლის  გაგრძელება“. ეს ვერსიაც მისაღებია, თუმცა   წიგნის შინაარსიდან და მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, თავად სათაურის სხვაგვარი თარგმანი ვარჩიე -,,ცოცხლად დარჩენა“, რაც ეხმიანება ესეს ერთ-ერთ მთავარ ფრაზას, ,,მკვდარი პოეტი ვეღარ წერს“.
   კრებული ოთხი მოკლე ნაწილისგან შედგება. ესაა პოეტურ-ფილოსოფიური ტექსტები, რომლებშიც უელბეკი გვიმხელს პოეტის გადარჩენის მეთოდს ამ მომხვეჭელურ, მერკანტილურ და მტრულ საზოგადოებაში, დღევანდელი სამყაროს  ცინიზმისა და უიმედობის ერთიანობაში.
   ,,ცოცხლად დარჩენა“ ახლოს დგას და თავისებურად ეხმიანება რაინერ მარია რილკეს ჩანაწერებს - ,,წერილები ახალგაზრდა პოეტს“. ეს არაა ცალკეული ტექსტებისგან შემდგარი, დანაწევრებული კრებული, ერთი წიგნია, ერთი მთლიანი ქმნილებაა, სადაც ყოველი ეტაპი (ასე უწოდებს პოეტი  წიგნის ცალკეულ ნაწილებს) ერთმანეთში გრძელდება. წიგნში უელბეკი ცდილობს განსაზღვროს პოეტის როლი თანამედროვე  უტილიტარულ სისტემაში,  ცდილობს, განსაზღვროს პოეტის იდენტობა, რამდენადაც ის განისაზღვრება ამა თუ იმ პრობლემატური მოვლენისადმი ან ადამიანებისადმი დამოკიდებულებით.
   წიგნი ოთხ ეტაპად იყოფა, აქვს ოთხი სხვადასხვა სახის განვითარება.


   ეტაპი 1. ,,ჯერ არის ტანჯვა“


   თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მახასიათებელია, რომ სიყვარული თითქმის არსადაა, მაგრამ სიყვარულის იდეალი ისევ არსებობს, არ გამქრალა. სწორედ იმიტომ, რომ იდეალია, არც გაქრება, არც მიილევა. ეს აშკარა  შეუთავსებლობა იდეალურისა და ნამდვილისა ტანჯვის გამორჩეული და განსაკუთრებული საფუძველია. უმნიშვნელოვანესია სიყმაწვილის წლები. როგორც კი განავითარებთ სიყვარულის იდეალურ, კეთილშობილურ და მშვენიერ  კონცეფციას, დაღუპული ხართ, ამიერიდან უკვე აღარაფერი დაგაკმაყოფილებთ.
თუ ქალებს არ ხვდებით (სიმორცხვის, შეუხედაობის თუ სხვა მიზეზით), ქალთა ჟურნალები იკითხეთ, ამ შემთხვევაშიც მსგავს ტანჯვას იგრძნობთ.
   მარტოობა, იდეალის უქონლობა, უსიყვარულობა, ფრუსტრაცია - ეს ნიშან-თვისებები, რომლებიც შემდგომში უელბეკის პროზაული ნაწარმოებების პერსონაჟებისთვის არის დამახასიათებელი, პირველი რომანის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, უკვე იგრძნობა  მის ლექსებში და ესეში ,,ცოცხლად დარჩენა“. ამ არეულ-დარეულ და ერთფეროვან საზოგადოებაში  თავისი პირველი წიგნით უელბეკი იწყებს თითქოს ერთგვარ  ,,დიალოგს სიძულვილით“. სიძულვილს იწვევს სამყაროს ,,მექანისტური და ინდივიდუალისტური აღქმა“, დეჰუმანიზებული საზოგადოება, გასართობი ადგილების ხელოვნურობა, ,,ჰიპერმარკეტული აზროვნება“. პოეტს არ შეუძლია შეგუება  ამ  არაპოეტურ სამყაროსთან. ,,მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო მშვიდი დღეებიც მაქვს, ხშირად ჰარმონია ირღვევა, მასთან სრულ შეუთავსებლობას ვგრძნობ. თითქოს სამყაროს გვერდით ჩავუქროლებ ხოლმე...“ - ასეთია გარემომცველი სინამდვილის მწერლისეული ხედვა.
   პირველი ეტაპი, რომელიც პოეტმა უნდა გადალახოს, ეს არის ჩვეულებრივი ტანჯვა. უნდა გამოსცადოს სიმახინჯეც, გარდასული დროის ბანალურობაც, ეგზისტენციალური სიცარიელისა და საკუთარი თავის ზედმეტობის  განცდა, მოკლედ, ყოველგვარი სატანჯველი, რაც შეიძლება ადამიანმა იგემოს ცხოვრებაში, რაც ამქვეყნად ყოფნის გამოცდილებას აყალიბებს და  მისი პირველი მიზეზია. თანამედროვე პოეზია, უელბეკის აზრით,  სამყაროს აღქმის უიმედო ყოველდღიურობის გამოცდილებას მიჰყვება და ეყრდნობა; შორს არის რომანტიკოსთა მოსაზრებისგან, რომლის მიხედვითაც, პოეტი ეგზალტირებული არსებაა. დასავლური საზოგადოების სინამდვილე ახშობს შემოქმედებითობას, რადგან მისთვის უმთავრესია ბანალური და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები, ,,ჰიპერბაზრის ლოგიკა“. თანამედროვე ადამიანი პროფესიულ, სასიყვარულო და სექსუალურ ცხოვრებაში ექვემდებარება რაციონალურ კრიტერიუმებს.
   უელბეკის აზრით, ამ ფასეულობების უარმყოფელ  და მომხვეჭელური ინსტინქტებით გაჯერებულ საზოგადოებაში, ამ ყოვლად გაუგებარ და მიუღებელ  ყოფაში, ნაცრისფერ ურბანულ გარემოში პოეტი მოვალეა, ამხილოს  თანამედროვე სისტემის აბსურდულობა და აჩვენოს, რომ არსებობს მშვენიერი და ირაციონალური. მისი წიგნისთვის ასეთი დეფინიცია იქნებოდა სწორი - პოეტი სისტემის წინააღმდეგ. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მშვენიერების ძიება. პოეტი მხოლოდ ამ მარადიულ ღირებულებას ეძიებს საგნებშიც და ადამიანებშიც. მაგრამ ჭეშმარიტების მსგავს გამოცდილებას რომ მიაღწიოს, მან არაერთხელ  უნდა გამოსცადოს დიდი ტანჯვა,  მარტოობა, სხვათაგან ზურგის შექცევა, ეს იქნება მისთვის იმის ინდიკატორი,  რომ შეიცნო სამყარო.
  ,,როცა სხვებში აღძრავთ დაფრთხალი სიბრალულისა და ათვალწუნების ნაზავს, უკვე გეცოდინებათ, რომ კარგ  და სწორ გზაზე დგახართ. სწორედ ამ დროს უკვე შეგიძლიათ, დაიწყოთ წერა.“


   ეტაპი 2.  გამოთქმა


   მას მერე, რაც გამოსცდით ამქვეყნად ყოფნის ტანჯვას, დაგროვილი ენერგია უნდა   დაიცალოს, უნდა გადაიქცეს წერის მუდმივ პრაქტიკად. უნდა გამოიმუშაოთ ერთგვარი  სტრუქტურა თქვენთვის, მოქმედების პრინციპთა ერთობლიობა, რომელიც სიტყვას ფორმას მისცემს, მანამდე კი საშუალებას, რომ ამოითქვას. იმისათვის, რომ პოეტმა წეროს, ფორმაში გაწაფვა სულაც არ არის საკმარისი,  თანდათანობით გარკვეული ალქიმია იჩენს თავს შინაარსსა და ფორმას შორის. სწორედ ეს ანიჭებს ღირებულებას პოეტურ სიტყვას. თითოეულმა პოეტმა ეს განსაკუთრებული ალქიმია რომ აღმოაჩინოს, უელბეკი ურჩევს, ბევრი წერონ. მთავარი წერის პრაქტიკაა:
   ,,ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად, ახალი ფორმა გამოიგონოთ. ახალი ფორმა იშვიათია. საუკუნეში ერთი თუ გამოჩნდება, უკვე კარგია... პოეზია არ არის ენაზე მუშაობა, ეს არ არის მთავარი... ნუ იმუშავებთ! ლექსების წერა არ არის მუშაობა, ლექსის წერა ტვირთი და მოვალეობაა... იფიქრეთ სტრუქტურაზე, იფიქრეთ ძველ სალექსო ფორმებზე, ვერსიფიკაცია ძლიერი საშუალებაა, რომ გათავისუფლდეთ შინაგანად.“


   ეტაპი 3. ,,გადარჩენა“


   როგორც კი მოიხელთებს წერის რიტმს, პოეტის წინაშე სხვა საკითხი ჩნდება: როგორ უზრუნველყოს საკუთარი თავი მატერიალურად? ბუნებრივია, ის ცდილობს, თავი აარიდოს ყველაფერ იმას, რაც გამოიწვევს მის დასასრულს. სიძნელე ისაა, რომ იგი იძულებულია,  თავის სარჩენად შეეგუოს სამსახურს, ისეთ სამუშაოს, რომლითაც თავსაც გაიტანს და წერის გაგრძელების საშუალებაც ექნება, რადგან სწორედ წერაა მისი არსებობის  ერთადერთი მიზანი. წერის გარეშე ის თავისებურ სიცარიელედ იქცევა.
   პოეტის  ადგილი საზოგადოებაში ,,წყეული პარაზიტის“  ადგილია. ის საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ეკონომიკური პროდუქტიულობის მნიშვნელოვან და დიდ მოძრაობაში. ის გარკვეული დროით პატიოსნად მუშაობს, არ შეუძლია დიდად აქტიურობა, და ამის გამო ათავისუფლებენ. მერე დგება ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე: ის მეორეხარისხოვანი ხდება. მთავარია, ფხიზლად იყოს და გონივრულად მოიქცეს. მისი მგრძნობელობა ბოლომდე უნდა გამოიცადოს და ეს უნდა მოხდეს  საარსებო პირობებისგან დამოუკიდებლად. როცა მთლიანად დაიკმაყოფილებს პირველად მოთხოვნილებებს - კვების, ჩაცმა-დახურვის, საცხოვრებლის, ამქვეყნად ცხოველივით იქნება, ყველა გრძნობა გაუმძაფრდება და შესძლებს აღმოაჩინოს ყველაზე მიჩქმალული მშვენიერებაც კი, რომელიც მისთვის იქნება შთაგონება.
   ,,მცირე პროფესიონალურ ჩარევას შეუძლია მოიტანოს გარკვეული ცოდნა საზოგადოების ქმედებაზე, შემთხვევით გამოსადეგი მომავალი  ნაწარმოებისთვის. თუმცა ხელმოკლედ ყოფნას კიდევ სხვა ცოდნა მოაქვს. იდეალი არის ცვლილება. ცხოვრების სხვა  სინამდვილე, როგორიცაა, მაგალითად, ჰარმონიული სექსუალური ყოფა, ქორწინება, ბავშვები, სარგებლის მომტანიც არის და ნაყოფიერიც. მაგრამ თითქმის შეუძლებელია ამის მიღწევა. ამ მხრივ, ხელოვანებისთვის, უნდა ითქვას, რომ სრულიად  ,,უცნობი ტერიტორიებია.“


    ეტაპი 4. უნდა დააკაკუნო ხელსაყრელ  ადგილზე


    იყო პოეტი, ნიშნავს განჩხრიკო სინამდვილე მშვენიერების ძიებისას. უნდა აჩვენო ის,  რასაც სხვები ვერ ხედავენ; წარმოაჩინო სიტყვათა გარკვეული ხელსაყრელი მთლიანობა,  სამყაროს ერთგვარი ხედვა, რომელიც მხოლოდ შენეულია. ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი ჩანაფიქრია, მაგრამ სირთულე  გამოყენებულ საშუალებათა ოსტატობის კოდშია. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ენობრივ საშუალებათა ერთიანობა იგულისხმება. უელბეკი პოეტის ზუსტ მიზანს და ამოცანასაც გვაცნობს.
   ,,ემოცია სჯაბნის  მიზეზობრივ ჯაჭვს;  მხოლოდ მას შეუძლია შეგვაგრძნობინოს საგნები თავის თავში. პოეზიის საგანი სწორედ ამ აღქმისა და შეგრძნების გადაცემაა.“
   ამ განსაზღვრებას თუ მივყვებით, ავტორს თავისუფლად შეუძლია გაავლოს პარალელი პოეზიასა და ფილოსოფიას შორის. ისინი, მისი აზრით, ორი მონათესავე დისციპლინაა, რომლებიც იკვლევენ ,,საგნებს თავის თავში“, მაგრამ პოეზია განსხვავდება სინამდვილის მიმართ ,,წმინდად ინტუიციური“ მიდგომით. ფილოსოფია კი მოქმედებს ,,ინტელექტუალური რეკონსტრუქციით“. პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთით იკვებებიან,  სამყაროს წვდომის ორი ერთმანეთთან თავსებადი  საშუალება აქვთ,  ასე  აყალიბებენ  სამყაროს ხედვას, გამომდინარე გონებრივი და ემოციური გამოცდილებიდან.
   რაც შეეხება პოეზიის საგანს, რასაკვირველია, ეს საკითხი დაისმის ავტორის წინაშე, თუმცა მას მხოლოდ ერთადერთი რამ მოეთხოვება - კეთილსინდისიერება. გაბედულება კი პოეტის მნიშვნელოვანი თვისებაა.  ის უნდა ჩაეწეროს საზოგადოების მიმართ დინების საწინააღმდეგოდ მოძრავთა  შორის, თავისი ფუნქცია კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ უკეთ გაიკვალოს გზა ჭეშმარიტებისკენ.
   ,,ყოველ საზოგადოებას გამძლეობის გარკვეული ზღვარი აქვს, ასევე აქვს მტკივნეული ადგილები. დაადეთ თითი ჭრილობაზე და მაგრად დააჭირეთ. ჩაუღრმავდით ისეთ თემებს, რომლებზეც არავის სურს საუბარი. გამოაჩინეთ დეკორის უჩინარი მხარე, მიუთითეთ ავადმყოფობაზე, აგონიაზე, სიმახინჯეზე. ილაპარაკეთ სიკვდილზე, დავიწყებაზე, ეჭვზე, გულგრილობაზე, ფრუსტრაციაზე, უსიყვარულობაზე; ბილწსიტყვაობასაც არ მოერიდოთ, მართალიც იქნებით. “
    გარემომცველ სინამდვილეზე დაკვირვება უნდა მიიღო ჭეშმარიტების ძიების პირველსაწყისად, საფუძვლად. ეს წიგნი არის მცდელობა, განსაზღვროს, თუ რა შეიძლება იყოს დღევანდელი პოეზია. უნდა შეაღწიო, უნდა მოიცვა ,,ჰიპერმარკეტები“, ,,მიწისქვეშა პარკინგები“ და ისინი პოეზიის საგნად უნდა აქციო.
   პოეტმა, უპირველესად, თავის თავი სრულად უნდა შეიცნოს, არც თავი უნდა მოიტყუოს და არც მკითხველი მოატყუოს, არ უნდა დაზოგოს ძალები, მთელი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენოს. 
 
   ცხადია, საფასური მძიმეა, ძვირად გიჯდება ყოველივე ეს, გზის ბოლოს არის ტანჯვა  და მარტოობა. მაგრამ უხამსობითა და უგემოვნობით გაჯერებულ სამყაროში პოეტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მან აღტაცების უნარი უნდა დააბრუნოს, იქაც უნდა აღმოაჩინოს პოეტური, სადაც ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი. ეს არის, გარკვეულწილად, გზავნილები მკითხველისთვისაც.
   ,,რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იმატებს მარტოობა. შენობა შეიძლება დიდებულია, მაგრამ ცარიელი. დადიხართ ცარიელ დარბაზებში და თქვენივე ნაბიჯების ხმა გიბრუნდებათ. გამჭვირვალე და უცვლელი ატმოსფეროა, საგნები სტატუეტებად ქცეულან. ხანდახან ტირილს იწყებთ, ისეთი სიცხადით ჩანს ეს ულმობელობა. ალბათ, უკან დაბრუნებას არჩევდით, არცოდნისა და შეუცნობლობის ბურუსში, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ უკვე ძალიან გვიანია. გააგრძელეთ. არ შეშინდეთ. ყველაზე უარესი უკვე გავლილია. რა თქმა უნდა, ცხოვრება კვლავაც გაგტანჯავთ; თუმცა თქვენ მასთან ბევრი აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: უკვე მკვდარი ხართ; უკვე მარადისობის პირისპირ დგახართ.“
   ,,იცოდეთ, რომ იქნებით მთლად მარტო. ადამიანთა უმრავლესობა შეეწყობა ცხოვრებას, მერე კი მოკვდება. თქვენ ცოცხალი თვითმკვლელი იქნებით.“
   ,,ცოცხლად დარჩენა“ კარია, ერთგვარი გასაღებია უელბეკის პოეტური სამყაროსა და ფილოსოფიური აზროვნებისა. ეს არის გადარჩენის მეთოდი მომავალი პოეტისთვის.
  ,,მკვდარი პოეტი აღარ წერს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცოცხალი დარჩეთ“, - ეს არის  პოეტისთვის უმთავრესი: გადარჩეს იმისთვის, რომ წეროს. ტანჯვა მხოლოდ აძლიერებს და ამძაფრებს  პოეტურ აზროვნებას, ამიტომ ,,ყოველგვარი ტანჯვა კარგია, ყოველგვარი ტანჯვა თავის ნაყოფს იღებს, ყოველგვარი ტანჯვა თავისებური  სამყაროა.“
    ,,ცოცხლად დარჩენა“  უელბეკის თავისებური აღსარებაც არის, აქ მას ზედმეტი შელამაზება  და  ყალბი ნაივურობა არ სჭირდება,  გულახდილი და გულწრფელია  ყოველ სიტყვაში, ყოველ ფრაზაში და, რაც არ უნდა დეპრესიული  და მარტოსული მოგვეჩვენოს, სწორედ ეს არის მისი ნამდვილი მდგომარეობა და ნამდვილი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი. უელბეკი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც დეპრესიის, იმედგაცრუებისა და თრობის გარეშე ის აღარ იქნება, რაც უნდა იყოს, თავის ნამდვილ  სახეს დაკარგავს.


  
  
  
 

  
  
  

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE