ჰაიკუს მასწავლებელი - ხუმარა, დღიური, ხურმა და ხუმა


ჰაიკუს მასწავლებელი - ხუმარა, დღიური, ხურმა და ხუმა




   დღიურების წერა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი მარტივად იწყებს ყოველდღიურობის დანახვას და ცხოვრებისეული უბრალო მოვლენების მოგზაურად და მოხეტიალედ იქცევა. თუ ასე მივუდგებით საქმეს, ყველა მოვლენა შორეულ ჭრილში გამოჩნდება და მეტაფორებად გარდაისახება, და გენიალური ავანტიურისტისა და ჯადოქრის, კალიოსტროს სიტყვებიც, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება პოეზიაა, უფრო გასაგები გახდება. პოეტურობა კი, როგორც ხშირად ჰგონიათ, სულაც არ ნიშნავს ამაღლებულ განწყობებს კლასიკური მუსიკის კონცერტზე კონსერვატორიაში ყოფნისას. ის სწორედ მიმდინარე, მიწაზე არსებულ ცხოვრებას გულისხმობს, მის უბრალო და თითქოსდა არაფრის მთქმელ დეტალებს, - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მოახერხებ, რომ ისინი მათი ფაქტიურობისა და სიცხადის ამარა დატოვო და აღარაფერი მიუმატო. ამის მოხერხება პოეტებისთვის არც ისე ადვილია, სწორედ ყოველდღიურობის დანახვა გამხდარა ძნელი იმ მოკვდავებისთვის, ვისაც პოეტად, თუნდაც ნიჰილისტ პოეტად ყოფნა მოსურვებია და შესაბამის საქმიანობასაც შესდგომია. ეს იმ უბრალო მიზეზით ხდება, რომ ისინი უმალ ექვემდებარებიან სიტყვიერების მაღალფარდოვნების მექანიკურ გავლენას.

   ყოველდღიურობის გაშორეულების საკითხს ქრესტომატიულად წყვეტს იაპონური და ჩინური პოეზია და ძალზე მარტივ ადამიანურ სიამესა და სევდაში იღებს ის სათავეს.

   როდესაც უკიდურესი რეალისტური სიცხადე უკიდურესად ემოციურ და ინდივიდუალისტურ (იდიოსინკრაზიულ) გამოხატვასთან იწყებს შეერთებას, ხელოვანისა და მისი ცხოვრებისეული ადგილის ცხადად დანახვას ვიწყებთ, უბრალო ნამუშევრების გზით განვჭვრეტთ მას არა სტატიკაში, არამედ მდინარებაში, გარემოს ფონზე, ყველაზე ადვილად გასაგები მნიშვნელობების მქონე სიტყვების გზითაც, რომლებიც მეტად აღარ სცდებიან თავიანთ ნამდვილ და არქაულ თავის დანიშნულებას.

   რადგანაც მხატვრები ფიზიკური მუშაობისა და სახელოსნოს ხალხია, ალბათ, ამიტომაც, არ ეძნელებათ, რომ მასალის კუთხით, ხელშესახებად გამოიყენონ სიტყვები, დაინახონ საგნები ისეთი, როგორიც ისინი არიან და ყველაფერს დაარქვან თავისი ნამდვილი სახელი. საერთოდ, ცნებებით საგნებივით ოპერირების ეს არტისტული უნარი კონცეპტუალიზმის გავრცელებასთან ერთად იწყებს გამოვლენას მხატვრობაში, როდესაც თანამედროვე მხატვრები იყენებენ ტექსტს არა წასაკითხად, არამედ როგორც სამხატვრო, ვიზუალურ მეტაფორას.

   ამ პერიოდიდან მხატვრები ლიტერატურის დამხმარეებად გვევლინებიან, რადგანაც სიტყვების მყარი საგნებივით და ობიექტებივით გამოყენება თავისთავად აუქმებს იმ დროისთვის მოდურ თეორიას (რომლის მექანიკური აჩრდილი დღესაც ცოცხლობს), რომ, თითქოსდა, არც ავტორი და აღარც ტექსტის ერთგვაროვანი მნიშვნელობა აღარ არსებობს, ხოლო ნაწარმოების შინაარსს ყველა მკითხველი თვითონ ქმნის. კონცეფტუალური ტექსტის უკიდურესი სემანტიკური პრიმიტივიზმი ამის საშუალებას მეტად აღარ იძლევა.

   სწორედ ამ კუთხით დღეს მხატვარი შეიძლება პოეტების მასწავლებელი გახდეს, დაანახოს მათ სიტყვის მარტივი საგნობრიობა და მისი რეალისტური ძალა. თუმცა, მხატვარმა შეიძლება არც მოისურვოს, რომ მხოლოდღა პოეტების მასწავლებლის სტატუსში დარჩეს და გამოფენებისთვის ქმნიდეს ტექსტ-ობიექტებს. შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ არა მხოლოდ ლინგვისტი იყოს, არამედ პოეტიც - მაგრამ, არა ლექსების წერის გზით.

   ასეთ შემთხვევაში, ის, სულ მცირე, სათაურების წერას დაიწყებს. ასეთი მხატვრის ნახატების სათაურები თვალშისაცემი იქნება, როგორც თავისთავადი მხატვრული ღირებულების მქონე დეტალები. ისინი არარსებული ლექსების ფრაგმენტებად წარმოჩნდებიან. თუმცა კი, სათაურებს, ნახატების ფონზე, მაინც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა დარჩებათ.

   მეორე გზა, ალბათ, დღიურის წერის მეთოდი იქნებოდა. და თუ მხატვარი დღიურების წერას დაიწყებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ იქ რაიმე სენსაციური ამბები იქნება აღწერილი, რაიმე პიკანტურ ისტორიებს ამოვიკითხავთ და ამით დავინტრიგდებით. არავითარ შემთხვევაში - ასეთ დროს და, კერძოდ კი, მხატვარ უშანგი ხუმარაშვილის შემთხვევაში დღიურის ნაცვლად მხოლოდ ჰაიკუს ტიპის კრებული შეგვრჩება ხელთ.

   ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი ამბობდა, რომ მან მხატვრებისაგან ისწავლა, თუ როგორ უნდა დაეწერა თანამედროვე მუსიკა. იგივეს ამბობდა ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფი მერს კანინგემი, რომ ახალი ხელოვნების, ახალი ცეკვის ენა მან მხატვრებისაგან ისწავლა - ჯასპერ ჯონსისგან და სხვებისგან. რატომ გადაიქცნენ თანამედროვე მხატვრები მასწავლებლებად, რამ განაპირობა ეს? - ამისთვის მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს ზედაპირულად მაინც უნდა გადავავლოთ თვალი.

   მეოცე საუკუნის მოდერნიზმი სიმბოლისტური მიმდინარეობით იწყება. საქართველოს მაგალითზე ყველამ ვიცით, რომ აქ ~ცისფერყანწელები~ იგულისხმებიან. ასეთი არტისტული პოეტური ხედვა დღესაც გარკვეულწილად პოპულარულია და გასაგებიცაა ყველასთვის. შემდეგ ავანგარდის ხანა დგება, ფუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი, მემარცხენე პოეზია შემოდის სცენაზე. ნამდვილად მასშტაბური და ყველაზე გასაგები პოეტი ამათგან ვლადიმირ მაიაკოვსკია. მაგრამ მის გვერდით არის ილია ზდანევიჩიც, ნიკოლოზ ჩაჩავას ექსპერიმენტებიც, რომლებიც მხოლოდ ვიწრო წრეს ესმოდა, ან ესმოდა მხოლოდ თეორიულად. დადაისტებიც იმავე ეპოქას ეკუთვნიან. ყველა ესენი მემარცხენე პოეზიას წარმოადგენენ, რომლებმაც გააგრძელეს სიმბოლისტების მიერ უმტკივნეულოდ დაწყებული საქმე კლასიკური ღირებულებებისა და ცნებების გადაწყობა-გაუქმებისა.

   1930-იანი წლებისთვის რეალიზმის გავლენა დომინანტურია. ჩვენთან ამას სოციალისტური რეალიზმი ერქვა, ამერიკაში კი - სოციალური რეალიზმი. საბოლოოდ, მე-20 საუკუნის ფორმაციის ეს სამი ეტაპი - სიმბოლიზმი, ფუტურიზმ-დადაიზმი და სახალხო რეალიზმი იქცა განვლილი საუკუნის ხელოვნების ძირითად პლატფორმად და ამითვე სამომავლოდ შეამზადა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის, 21-ე საუკუნის ესთეტიკური პრობლემატიკის საფუძველი. რეალურად, ამ სამი კომპონენტისგან შედგებოდა მე-20 საუკუნის მოდერნიზმის ისტორია. სინამდვილეში, ძველი დრო სწორედ აქ სრულდება, თუმცა ეს ჯერ კიდევ ცხადად არ ჩანდა მაშინ, და მთავრდება ისტორიაც, საერთოდ, ისტორიულობა - აპოკალიპტური წინასწარმეტყველების ალუზიით მეოცე საუკუნის ბოლოს ქვეყნის დასასრულის შესახებ.

   სოც. რეალიზმის შემდეგ ლირიკული რეალიზმის პერიოდი დგება. ასე იყო როგორც ლიტერატურაში, ისე მხატვრობაშიც. ნათელი ლირიკული რეალიზმი, რომელიც 1950-1960 წლების ქართულ პოეზიაში იყო გამოკვეთილი, წარმოადგენდა მხოლოდღა სოც. რეალიზმის გაგრძელებას, მისი ერთგვარი ხალხოსნური მოდიფიკაცია იყო, მისგან ითვისებდა სახალხო მონუმენტურობის თვისებებს და საბოლოოდ მარტივი ფორმებით გადაამუშავებდა, ამსუბუქებდა მას.

   ლირიკულ რეალიზმს კონფესიონალიზმი მოჰყვა, თავისუფალი ლექსის ახალი ტრადიცია საკუთარ თავზე ორიენტირებული განწყობებით, რომელიც საუკუნის დასაწყისის სიმბოლისტურ ხედვებთანაც იყო დაკავშირებული. ვერლიბრი, ერთი მხრივ, ლირიკული რეალიზმითაც საზრდოობდა, მაგრამ უფრო მეტად სიმბოლისტების გამოცდილებას გაიაზრებდა, მის სათქმელს ამარტივებდა და უფრო დემოკრატიულს ხდიდა. პირადულ გამოცდილებებზე აგებული მსოფლაღქმა შემდგომ, გარკვეულწილად, პოსტმოდერნისტული პოეტური ესთეტიკის ნაწილიც ხდება, რაც დღესაც მთავარი ხაზია თანამედროვე ქართულ პოეზიაში.

   შემდეგ ნეოავანგარდისტული ლიტერატურის პერიოდი იწყება, რაც, ცხადია, პოსტმოდერნისტული ეპოქის საწყის ეტაპსაც ემთხვევა. ამჯერად, აპელირება ხდება დადაიზმსა და ფუტურიზმზე, მათი ღირებულებების უკიდურესი უტილიზაციის, ყოველდღიურ ლიტერატურულ გამოყენებაში შეტანის გზით. ტექსტის ფორმალური მხარე მთლიანად თავისუფალია, შინაარსობლივი კი უშუალოდ რეალისტური. ტექსტი დღიურად იქცევა. შინაარსის ადგილს ავტორის პიროვნება იკავებს, მაგრამ არა ინდივიდუალისტური ხედვებისა და განცდების კოლექციების ავტორის, არამედ რეალურ, ფაქტიურ გარემოებათა თანაბარი თანამონაწილის და აღმწერლის. თანამონაწილის კომპონენტი ძალზე მნიშვნელოვანი ხდება, რამდენადაც წინ გამოდის ტექსტის დღიურის ხარისხი. ლექსი, ნახატი, პარტიტურა, ესკიზი - ნებისმიერი დარგის ჩანაწერი თავის თავშივე პერფორმატიულიც ხდება, ავტორის ერთგვარ ბიოგრაფიულ თანამოქმედებას ენიჭება ღირებულება და არა მხოლოდ რაიმეს აღწერას ან უბრალოდ წერას. სწორედ ეს მახასიათებელი იქცევა უტყუარ ამოსაცნობ ნიშნად პოსტმოდერნისტული ესთეტიკისთვის, რომელიც ამა თუ იმ ჯგუფსა და პიროვნებებს შორის რაიმე შეთანხმებების საფუძველზე კი არ მოქმედებს, არამედ როგორც დროისა და ეპოქის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი და ბუნებრივი დეტექტორი.

   ერთი სიტყვით, მე-20 საუკუნის ძირითადი ეტაპები საკმაოდ სიმეტრიული, ბინარული ურთიერთკავშირებითაა განლაგებული. ისინი საკუთარი წყვილების სარკისებურ ანარეკლებს წარმოადგენენ და ამით ისიც გასაგები ხდება, რომ ასეთი ჩაკეტილი განლაგება წრის შეკვრასაც მოასწავებს. სწორედ ასეთი ფატალური თვითრეფლექსურობის ბაზაზე იწყებს მოქმედებას 21-ე საუკუნის პოსტმოდერნიზმი, რომელსაც - ამ წანამძღვარის გამო - არც დასაწყისი აქვს და, ამდენად, აღარც დასასრული, რადგანაც ის მე-20 საუკუნის უკიდურესი ესთეტიკური გამოცდილებებითაა განპირობებული, როგორც დროის მიღმიერი და ტრანსცენდენტური ფენომენი.

   ეს ლიტერატურის დასასრულის ეპოქაცაა. და რადგან თვითრეფლექსურობა ამ ახალი ეპოქის მთავარი მახასიათებელია, ლიტერატურაც საკუთარი თავიდან თვითწარმოქმნას იწყებს დაუსრულებლივ; არა გამეორებას, ალუზიას ან, თუნდაც, პლაგიატს, არამედ სერიულ ალგორითმულ გენერირებას მიმართავს, ზოგჯერ სრულიად უაზრო ფორმალიზმით, ზოგჯერ კი საზრისიანი, მაგრამ მაინც ფუჭი შინაარსობლივი მცდელობებით, რადგან მის სათქმელს მაინც არასოდეს აქვს ნამდვილი შინაგანი გადაწყვეტილების ისეთი ტონი, ნებისმიერ წინა ეპოქას რომ ახასიათებდა.

   აქ ისევ გვახსენდება კალიოსტროს სიტყვები, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება პოეზიაა. მხოლოდ იმ პირობით, რომ ადამიანმა თავი უნდა დაანებოს პოეზიის წერას. არც სიტყვების ოსტატურად თამაში, არც პათეტიკა თუ ნიჰილიზმი, სარკაზმი ან აპათია, შავი იუმორი, ინტელექტუალიზმი და ეპატაჟი დღეს აღარავის გააკვირვებს. და ესენი, თავისთავად, არც არის სათქმელის და ნამდვილი შინაგანი გადაწყვეტილების მატარებელი განცხადებები. ესენი მხოლოდღა ლაპარაკებია, რაც დღევანდელ მდგომარეობას კარგად მიესადაგება.

   და სწორედ დღეს ხდება ყველაზე მეტად გასაგები დღიურის დანიშნულება. არა რომელიმე პოლიტიკოსის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის კულუარული დღიურის, არამედ მხატვრის ან პოეტის დღიურის, რომელსაც ის პოეტური ამბიციით აღარ წერს, თუმცა ამ ჩანაწერებს მაინც პოეტურ დანიშნულებას კი აკუთვნებს. თუ მხატვარი ან პოეტი პოეტური ამბიციით გააგრძელებდა წერას, ეს ორმაგი ტრაგედია იქნებოდა, უფრო მძაფრი და ფატალურიც კი, ვიდრე დღეს პოეტისთვის ლექსების წერა შეიძლება იყოს.

   სემანტიკური აშლილობების დამამშვიდებელ ნიმუშად კი ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართულ ანდაზაც გამოდგება - ნარატივს, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ნამდვილად ჯობნის და ამით ნევროტული ინტერპრეტაციების საფუძველიც ბათილდება. ვიზუალურმა კულტურამ და ინტერპრეტაციისგან გათავისუფლებულმა საგანმა დომინაცია უკვე მოიპოვა. ამ სტრატეგიული ფაქტორის - ზენატურალისტური რეალიზმის დაბრუნების გამო ვიზუალური არტისტები, მხატვრები წამყვან ფლანგად გადაიქცნენ პოსტმოდერნიზმის პირველ ხანებში. ეს მხატვრები მარტო პოპ-არტისა და რედი-მეიდის ობიექტებს როდი აკეთებდნენ - აბსტრაქციებსაც ხატავდნენ, მაგრამ მათი ასეთი ტილოები მაინც ისევ კონკრეტული და ხელშესახები საგნები იყო.

   უშანგი ხუმარაშვილის აბსტრაქციები დღიურებია. ისინი ჩანაფიქრები კი არ არის, არამედ უბრალო ფაქტებია. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხუმარაშვილის აბსტრაქტული ტილოები, რომლებიც თავისთავად დრამატული, ემოციური და ლამაზია, პოსტმოდერნისტული რეალიზმის საგნებს, ნივთებს წარმოადგენს. ისინი პოსტ-ლიტერატურული აღწერებია. ბოლოს ყველა ეს ფაქტორი თავს იყრის და მისი ნახატები მოქმედებას იწყებს, როგორც ტექსტები, რომლებიც საგნები და დღიურის შემადგენელი ფრაგმენტებია.

   2013 წელს ერთად ვიყავით სტუმრად სერბეთში. ბელგრადში ფორმალურ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ქალაქ ტრესტენიკში წავედით. იქ რომელიღაც ცენტრალურ ქუჩაზე სანაგვე ურნებში უშანგიმ შპალერის რულონები ჩააწყო, ქაღალდს ბოლოები ისრისებურად წაუმახვილა და თავები ამოაყოფინა. როცა დაღამდა, ნავთი დაასხა და ქაღალდს ცეცხლი მოუკიდა. ნამუშევარს ~კბილები~ დაარქვა. ის მანმადე ამ შპალერის ქაღალდებზე ბელგრადში ხატავდა, მორჩენილ მასალას კი ეს ბედი ეწია. ყველა გრძნობდა, რომ რაღაც სასიხარულო უნდა მომხდარიყო და ქუჩაში შეკრებილი ადგილობრივი მხატვრები ინტერესით ელოდებოდნენ სეირს. ინტერპრეტაციის გარეშე დარჩენილი ხელოვნება სასიამოვნო ხდება, მითუმეტეს, როდესაც პერფორმანს-არტთან გვაქვს საქმე. იმ საღამოს იქვე, მაღალი კორპუსიდან ვიღაც გადმოხტა, თავი მოიკლა. ამის გამო უბანში რატომღაც შუქი გამორთეს და უშანგის ცეცხლმოდებული ნამუშევარი ერთადერთ სინათლის წყაროდ იქცა, რომელიც მანქანების რიგს უნათებდა ღამის გზას. ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ, პერფორმანსის ჩანაწერი კი ტელევიზიის პირველმა არხმა მეორე დილით აჩვენა. მერიაშიც დაგვიძახეს, ჩვენს სტუმრობასთან დაკავშირებით თათბირი გამართეს და სამახსოვრო საჩუქრები გადმოგვცეს.

   დღეს ნახატისა და ლექსის ტექსტიდან გასვლის ყოველი უმნიშვნელო მცდელობა ხელოვანის შინაგან პატიოსნებაზე, მის თვითკრიტიკულობისა და პროფესიონალიზმის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. პერფორმანსი და დღიური კი თითქოს ორი საპირისპირო ვექტორია - პირველი დროსთან ერთად ქრება, მეორე რჩება, მაგრამ გვიტოვებს ისევ მხოლოდ აღნიშვნას იმის შესახებ, რაც სუსტი ნიავივით ჩნდებოდა ჩვენს სიახლოვეს, გვეხებოდა კიდეც, თუმცა ყურადღება არ მივაქციეთ.

   იაპონელი და ჩინელი პოეტები არა მარტო წერდნენ, არამედ ყოველთვის ხატავდნენ კიდეც და ეს ორივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი იყო. ისინი შეიძლება სულაც არ ყოფილიყვნენ ძენ-ბუდიზმის პირქუში ოსტატები, რადგანაც ხელოვნებას ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დაანებეს თავი, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდნენ, თუ როგორ უნდა იმუშაოს ხელოვანმა გავლებული ხაზის ასო-ნიშნებად ან მინიატურის კონტურებად გადაქცევის ზღვარზე, როგორ უნდა დაანგრიოს აღმნიშვნელი და შექმნას აღსანიშნი.

   უშანგი ხუმარაშვილი ძენ-ბუდიზმის თავდაპირველ ოსტატ ბოდჰიდჰარმას მოჰგავს, თუმცა თვითონ ეს, როგორც ჩანს, არ იცის, ამიტომაც აგრძელებს ხატვას. ცოტას თუ რამეს იტყვის, ნახატს ან რომელიმე დეტალს ბევრჯერ გადაწერს, დაიღლება, ცოტა ხნით ნევროზი შეიპყრობს, საქმეს გადადებს ან ძალისძალით დაასრულებს, ბაზართან მივა, ხილს იყიდის (დასაშვებია, ვაშლს ან ხურმას), ხალხს შეხედავს და არასოდეს ხუმრობს (თუმცა, რა თქმა უნდა ტრიკსტერია თავისი შინაგანი ბუნებით).

   შეიძლება პარადოქსად მოგვეჩვენოს, რომ უშანგი ხუმა (ძირითადად ასე აწერს ხელს, როდესაც პერფორმანსს, თავის შესანიშნავ ვიდეო-არტს ან ნახატის მიღმიერ რაიმე სხვა ნამუშევარს წარადგენს) მთელი ამ ესთეტიკური ასოციალურობის ფონზე, საქართველოსთვის მაინც, კომერციულად ყოველთვის წარმატებულია, ყველას უნდა ჰქონდეს მისი ფერწერა, ვინც კი კოლექციას ფლობს ან, თუნდაც, საკუთარი ბინის ინტერიერის სასურველი მიმართულებით მოწესრიგება შეძლო. არ კი იციან, რომ მათი სახლების კედლებზე სინამდვილეში დღიურების თითო აბზაცია გამოკიდული, რომელსაც ვიღაც როდისმე წაიკითხავს, ვიღაც კი მხოლოდღა მიხვდება, რომ ცხოვრება არც ისე ცუდია, ის ლამაზია, მაგრამ დიდი განსაცდელიცაა.

   პოეტ შოთა იათაშვილს 90-იან წლებში ჰქონდა ლექსი სათაურით ~მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი~ და სიმბოლური მნიშვნელობით ეს ზუსტი კულტუროლოგიური გზავნილი აღმოჩნდა - პოეტი მინის ტარით სავსე ბადურათი დარჩენილა, რომელიც მიმღებ პუნქტში უნდა ჩააბაროს, ცოტა ხურდას მისცემენ და მერე, კაცმა არ იცის სად უნდა წავიდეს; სად უნდა ნახოს საშველი ხელოვანმა, როდესაც უკვე მინის ტარის მიმღები პუნქტებიც აღარ არსებობს და ცარიელი ბოთლების შეგროვების საქმეს უსახლკარონი მონდომებით შესდგომიან?!

   საშველის თვალსაზრისით, წარმავლობისა და ბანალურობის დაუმთავრებელი გამარადიულების ჩვენს დროში უშანგი ხუმარაშვილის ლექსებისა და დღიურის ფრაგმენტები ნამდვილ მეგზურობას გაგვიწევდა. 70 წლის იუბილის გამო - და სურათების სახელმწიფო გალერეაში დაგეგმილი პერსონალური გამოფენის პარალელურად, ლიტერატურულ ჟურნალში ვამჯობინეთ მხატვრის სხვა მხარე წარმოგვედგინა. თუმცა, ის პოეტი არ გამხდარა, რადგანაც როდესაც მხატვრობასაც გაურბის (მაგრამ არა ნახატს), ამ ახალი ტვირთის ძიება კიდევ ერთი და მძიმე სასირცხვილო პათეტიკა აღმოჩნდებოდა მისთვის.

   უშანგი ხუმარაშვილის ქვემოთ მოყვანილ ტექსტებში დავინახავთ, რომ ის ბრწყინვალედ გაართმევდა თავს ჰაიკუს მასწავლებლის პროფესიას, დამწყებისთვისაც და სხვისთვისაც, ვინც უკვე შესდგომია პოეტის შორეულ გზას, ან ვისაც ეს გზა უკვე თითქმის გავლილი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მობეზრებია და საკუთარი მიღწევებითაც არ შებორკილა.

   უკიდურესი გადაწყვეტით, დღეს ორი არჩევანი რჩება ხელოვანს - ან ზურაბ რთველიაშვილის გზას უნდა დაადგეს, ცალკეულ ბგერებად და რიტმებად დაშალოს ლექსი, ხმა გააშიშვლოს და ეულად დატოვოს პუბლიკის წინაშე, შეურთოს ცას, როგორც გაბმული ძახილი, პოეზიის მარადიული საწყისი-შელოცვა; ანდა დღიურების წერა უნდა დაიწყოს. ამასვე აკეთებს, ფაქტობრივად, გია ეძგვერაძე, იმ განსხვავებით, რომ ის უფრო თეორიულ და კონცეფტუალურ ნახატ-ტექსტებს წერს; ასეთივე მაგიური ხასიათისაა ნიკო ცეცხლაძის რამდენიმე ნეოავანგარდისტული ტექსტიც.

   უშანგი ხუმარაშვილის დღიურები კი წმინდა ირაციონალურ და რეალისტურ ჰაიკუდ მოჩანს. მის ამ ტექსტებს, დღიურებსა და ლექსების ფრაგმენტებს წინამდებარე პუბლიკაციას ვურთავთ, როგორც ორმხრივ საჩუქარს: ერთი მხრივ, თვითონ მხატვრისთვის, რომელსაც, ვიცით, რომ ყოველთვის ჩუმად მაინც ბავშვივით უნდა ახარებდეს თავისუფლების ყოველგვარი გამომჟღავნება, ხოლო, მეორე მხრივ და უპირატესად, და ამაშიც დარწმუნებული ვართ - ამის მიმღები ყველა ჩვენი მკითხველისათვის.

  

 

 

უშანგი ხუმარაშვილი

 

დღიურის ფრაგმენტები

 

1980

დალაგებული დერეფნები. მღერიან. როყი ფსიქიატრი. რამდენია ავადმყოფი ზუსტად არ ვიცი. პალატები თითქმის ზეპირად შევისწავლე. წამლის დიდი დოზის შემდეგ ვხვდები მტრულ გარემოში.

 

26 იანვარი, 1986

წყეული ქალაქი სინათლე იშვიათია. ბურუსი ჩამოწვა, თოვლი მოდის. მოყინულია ვიდექი, ვუცდიდი. ვიკეტები ყველგან ზეთჩამდგარი ნაციონალიზმი.

 

26  თებერვალი,  1986

წელში მოვიხარე. ბაღში ვიჯექი. ღამის თერთმეტი საათი იქნება.

 

24 მარტი, 1993

ვიღაც უსტვენს სომხურ უბანში. საღამოს დავბრუნდი.

 

22 თებერვალი, 1995

ნაწყვეტებია ოპერიდან, განწყობა მიფუჭდება. ყოველგვარი ნებისყოფა ამომეწურა.

 

23 ივნისი, 1996

ბაზარში და ქუჩაში ნევროზებმა მიმატა. ძალზე მიჭირს.

 

16 თებერვალი, 1997

თოვლზე მიჭირს ფეხის დადგმა, შუაღამე გადასულია. მსხვრევის ხმა მესმის. ბატარეას მანათებენ. თოფის ხმაზე ვხვდები რომ დამჭრეს. მარცხენა ხელი უმოძრაოდ ჩამომეკიდა. სისხლად ვიცლები მუცლის არეში მწვავს. დაუნდობლად მირტყამდნენ ფეხებს, წავიქეცი უკნიდან რამდენჯერმე თოფის კონდახი ჩამცხეს თავში. გრძნობას არ ვკარგავდი. თავი გამანებეს, როდესაც მიხვდნენ რომ დაჭრილი ვიყავი. სისხლს ვკარგავდი. თბილ პალატაში ბავშვისთვის შეშის ღუმელი ენთო. დამაწვინეს მაღალ საწოლზე. სითბოში კანკალს ვერ ვიკავებ. გული მერევა. რამდენად ცნობიერდება კრიზისულ სიტუაციაში ადამიანის ფსიქიკა. თვალს ვაჩვევ არაჩვეულებრივად ლამაზი ქალების გარეგნობას. ფანჯრებში შუქმა იმატა.

 

14 მარტი, 1997

გათენდა, ხვალ უკეთესი იქნება. შეშინებული გონება რითი დავაკავო. ყველა გამოსულა, ადუღებული მეზობლის ხმაა. სიძულვილის ახალ საშუალებებს ვეძებ. ნერვები საშინელებაა.

 

2 ივლისი, 1997

უშველებელი ღვარცოფი გადმოდინდა ხევიდან. სცენები აღვიდგინე, ამწეები ხვეტენ. მაიმუნური ინსტინქტით ხალხიც მომრავლდა. დილას უსახელო სიზმარი მოვყევი. უსაშველოდ დიდი ამწეები შიშს მგვრის. წარღვნის შემდეგ ყოველდღე ხვეტენ ღორღით ამოვსებულ ხევს. უშველებელმა ღვარცოფმა მოამრავლა ჭკუასუსტი და მაიმუნური ჩვევების მატარებელი ბრბო. ორი დღეა ფსიქიკურ წონასწორობას ვებრძვი.

 

5 ივლისი, 1997

საქონელივით ვცოხნი სიგარეტს ლოგინში. მზარავს შიზოფრენიული გარემო. გვიან ვდგები. ვცდილობ სახლში დავრჩე.

 

24 აგვისტო, 1997  

გადაგვარებულია ქვეყანა. შველა მჭირდება.

 

28 ნოემბერი, 1997

მიწისძვრისგან შეშინებულნი კორპუსთან დედაბუდიანად იდგნენ.   

 

1998 წელი

ახალი გარემო, ეკლესიაში ვხედავ კიპაროსს. მორევში ქრისტეს საათს გადასცდა. სანთელი ავანთე. ეზოში ვფიქრობდი.

 

14 თებერვალი, 1998

უგვანო წლები. ორმოცდაათის ვხდები. საზარელ თბილისში მომიწევს ცხოვრება.

 

6 აპრილი, 1998

მაშინებს აქაური მონოტონური ხალხმრავლობა. ასეთი გაცარიელებული ვუსმენ რადიოს.

 

5 სექტემბერი, 1998

მაიმუნური დაცინვის საგანი ვხდები.

 

18 ივლისი, 2000

კენტავრის სილუეტია ჩემს არსებაში. უკაცრიელ ფანჯრებში ნაყარი სივრცე. სარეცელი მზარავს. ქარია ფანჯრებში. ვპოულობ ღამის ფარდულებს. მთელი გზა ჩაბნელებულია თელავი.

 

9 აგვისტო,  2000

სარკეში დანახული ტრაგედია.

 

24 ივლისი, 2003

არსებობისთვის ვთანთქე რამოდენიმე ჭიქა არაყი.

 

22 აპრილი, 2004

ბნელი ქუჩები. ბოგანო ხალხის ნახვა მსიამოვნებდა.

 

2 თებერვალი, 2009

უწესრიგოდ ვკითხულობ ტიბეტის მისტიკოსებს. საკმაოდ ხელმოცარული    ვწვალობ.

 

2010 წელი

დედა ქალია მიდის ტირარტირარტირარ.

---

ზურგით ვეცემი მინდვრის ყვავილებს.

 

19 სექტემბერი, 2013

აღმოსავლეთის, აღმოსავლეთით ფანტული ხმელი ფოთლები. ქარია მიმო-შემო. მაღაზია, მარკეტი, მოძრავი ეგვიპტელია. აუარებელი მანქანა, მანქანაში რისთვის ვწერ გაურკვეველია.

 

6 აგვისტო, 2016

სანაგვე ურნებთან მოტრიალე შეშლილი უპოვარნი.

 

20 აგვისტო, 2015

საშინელი ქარიშხალია, შეშინებული ვიღვიძებ. შუშებს ამტვრევს, კარს ვხურავ. ფერისცვალების ღამეა. უამრავ აზრს ბადებს, თავსატეხი რელიგია. საშინელი დეპრესია, ვიტანჯები. გამუდმებული გუგუნი ალაზნის ველიდან. ჯიუტად ველოდები გათენებას. დილით ყავა თუ ჯანდაბა. თავს ვერ ვიმორჩილებ.

 

27 იანვარი, 2016

ცივგომბორის სუსხი. უკუნეთია მანქანას ვქოქავ. სუსხია მწარე -10 ვაღებ მოგონებებში.

 

29 ნოემბერი, 2016    

ფული, ფული მშვენიერია ასეთი ნირწამხდარი არსებობა. უძრავი დღეები და    თავჩაღუნული არსებობა. 

 

8 მაისი, 2017  

ბაზარია ხარობაა ვყიდულობ ვაშლია. ხილის გარეშე ძნელია ცხოვრება. ცალი-ცალი სოფლის ქალია. მშვიდობაა სოფლად. მიხარია კეთილი ცალთვალა    მზერა.

ღამღამა ღამეა, წლობით ჩვეული მდუმარებაში.

 

25 ივნისი, 2017   

გაბრაზებული ხალხი. აბა რა გამოვიდა ქვეყანაა უფსკრულში იჩეხება.   ტრიალა ამბები დადუმებული ღამის ეთერში. ვიყავით ლოგინით ზღვის    უბადრუკ გარიყულაში.  ხმელია ბალახი, წამოწოლაც არ მსიამოვნებს. დროც    უსიკვდილოდ გასულა, ჩამკვდარი ხმელი სამანქანე ტიპაჟი, ძაღლია ღმერთო    შიშია უკეთურების სახლიდან. ჟანგმორეულია ჩამოყოლილი ვარკეთილის   მასივი. ღამეა უსაშველოდ მძიმე მოლოდინის.  

 

15 ივლისი, 2017  

ამინდში წყნარი უიმედო უმზეო არსებობა, საღებავით დათხვრილი ხელები, უწონადობაში დახატული ტილოებს კედელთან ვატრიალებ. შეჭმული მოხარშული თევზი უგუნებოა. თითს იქნევს, აწიოკებული ხალხი არ შორდება ტელეეკრანს. დაიჩოქა ხატის წინ პრემიერმა კვირიკაშვილმა. ღვთისმშობლის კვართი გამოასვენეს დადიანების სასახლიდან. საფიქრიც ბევრია. ვეყუდები წელთან ღრმა საზურგეა ვცდილობ ღამის აკვიატებული ფიქრი გავახანგრძლივო. ენერგია დღისით უკეთეს მომავალს მაუწყებს.

 

5 ნოემბერი, 2017  

შორიდან ზარები სამიანები. კვირაა ვიყივლებ ცუდად  ხომ არ ჩაივლის განწირულის ხმა. სიძილე საძილე ჭორების გრძელი ამბები გვიან ღამით. ჯანმრთელი ძილი თავია უწამლოდ არსებობისა.

 

21 დეკემბერი, 2017   

დილაა მშვიდობიანი გავცდი ორთაჭალას ბალნეოლოგიურში მძიმე კიბეები რაღაც ვიღაც ქაღალდებში ახველებს. ყველაა მგონი ზღვარგადასული... წუწკი ქალები შემოსასვლელში. ვიყვირე ფეხადგმული ვიწყებ მოძრაობას მეტეხთან. დაღუნული ანგარიშით ვითმენ საღამოს წყვდიადს.

 

22 დეკემბერი, 2017     

უქმად ხომ მაინც არ ჩაივლის გულისშემძვრელი მხატვრობა... გადმოვალ ვჯდები ვქოქავ მანქანას, სიგარეტიც ხარიკრიშნაა დუმილში დაღმართია არცარაფერზე ვფიქრობ. წამებაა უუნარობის განცდა.

 

14 აპრილი, 2018

შრომაა აუტანელი, დილას ადგები ფიქრიც შიშნარევი ხდება. ჰაიჰუიჰაიხუი წვალებაა განადგურდები გართულდა მხატვრად არსებობაც. ჩვენებაა ჩინელ იმპერატორზე. მასკულტურაა მკვდარი ქანდაკებების. ევნუხები შიშვლად ნაკეთი ხელოვნება. ოხხხ ცააა სირცხვილის სარეცხით.

 

22 ივლისი, 2018

სერიოზული წესრიგია ჩემს აზროვნებაში. ხელებჩამოშვებული არსებობა    ლოგიკურია. პირუტყვების ჯოგური არსებობა გამორიცხავს წესრიგს. უსაქმურობაა ჩემი არსებობა.

 

25 აგვისტო, 2018

ხდებაა 70 წლის. უპატრონო ეული ნაბიჯებით ვეძებ სიტყვებს...

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE