კორპუსის პატრიოტი ბიძაჩემი ვარლამი


კორპუსის პატრიოტი ბიძაჩემი ვარლამი




მეთევზის სიმღერა
 
ეს ზღვაა
ეს მე ვარ ზვირთსაქცევზე
და სადღაც ახლოს დაცურავს
თევზი
მიწა ახურავს ახლა საბნად
ჩემს ხუჭუჭა ბიჭს
ჩემი ცოლი დარდისგან დადნა
 
ეს ზღვაა
ეს მე ვარ ზვირთსაქცევზე
აქ ბავშვობაში მიბანავია
 
ეს ზღვაა
ეს მე ვარ
და არც კი ვიცი
ვარ თუ არა ვარ
სამაგიეროდ
სადღაც ახლოს
დაცურავს თევზი
 
 
 
***
 
მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი
დამიქნია და გაქრა
ვერ მოვასწარი მეთქვა რომ მომენატრა
 
ეცვა
თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი
იმავე ნაჭრის შარვალი მისი ცოლის შერჩეული
უკვე მკვდარს რომ ჩავაცვი კუბოში ჩასვენებამდე
 
მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი
დამიქნია და გაქრა
ვერ მოვასწარი გამეფიქრა რომ ჩემი და მისი
ბავშვობაც მოკვდება როცა მე მოვკვდები
 
მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი
დამიქნია და გაქრა
 
 
 
ცოლს
 
ჩემმა ლექსებმა როგორც ჩვენმა შვილებმა შენი საშო უნდა გამოიარონ
დაბადებამდე და შენი ძუძუ უნდა წოვონ და რომ დაბერდები
ზურგი მოგფხანონ გულიც როგორც შვილებმა
 
ჩემმა ლექსებმა ჩემი თავი უნდა გაგახსენენონ როცა აღარ ვიქნები
და მოგენატრები წვიმის ხმაურში
ან სულაც ისე უმიზეზოდ მოგენატრები
 
ჩემმა ლექსებმა უნდა გაგახსენონ რომ ეს სიცოცხლე წარმავალია
რომ ადრე თუ გვიან უკან უნდა მომეწიო
და სიკვდილის წინ მოგელანდო ჩემი ლექსებით
 
ჩემი ლექსები შემოდგომის ფოთლებივით გასცვივდა პარკში იმ მაგნოლიას
რომლის ძირშიც ძელსკამზე ზამთრის პირას ცოლობა გთხოვე
შენ კი მითხარი რომ ეს დღე გესიზმრა დიდი ხნის წინათ და მაკოცე
 
ამძუვნებული კატებივით არიან ჩემი ლექსები დაურვება რომ მონდომებიათ
მდინარის ჩამოტანილი ნაფოტებია ჩემი ლექსები
სიყრმის მეგობართა საფლავებია
 
პარადონტოზის გამო დაკარგულ უნაკლო კბილებზე დარდია ჩემი ლექსები
სერზე შემომდგარი ახალგაზრდა ან პირიქით ბებერი მგელია სულ პირველად
რომ დაინახა სოფელი და ადამიანები
 
დედა ღორია პატრონს ტყეში დაყრილი და ოდნავ წამოჩიტული გოჭები
რომ მიჰგვარა და ახლა კმაყოფილი სალაფავს შეექცევა რომ რძე ჩაუდგეს
 
შენი და ჩემი პირველი შეყვარებულის სხვისგან და სხვასთან გაჩენილი
შვილებია ჩემი ლექსები
 
 
 
***
ეს ლექსი მინდა ვუძღვნა
ფოსტალიონს რომლის სახელსაც
ახლა ვეღარ ვიხსენებ დიდი ხნის
მკვდარია უკვე ლურჯი მანქანა ჰყავდა
და
ჩვენი კეთილი ჯეკა გაავებული
უყეფდა ხოლმე
ალბათ იმიტომ რომ ერთხელ ჩვენს რკინის
ღობეს მიაფსა
ძალიან უჭირდა ალბათ და იქნებ
შებუჟბუჟებულიც კი გახლდათ
როგორც თვითონ უყვარდა თქმა
ჰოდა
ჩვენმა ჯეკამ შეაძულა
ჩვენს ჩიხში შემოსვლა
ტანდაბალსა და ვერცხლისწყალივით
მოძრავს თავისნაირი ეშმაკი ცოლისა
და ტლუ შვილის პატრონს
რომელსაც ცოლის ხელისმომკიდე
ქორწილის დღესვე უცდუნეს მეზობლის ბიჭებმა
და რომელიც რაკი
მართვის მოწმობის გამოცდები ვერ
ჩააბარა რათა მერე მამამისის ლურჯი 
მანქანით 
წაეყვანა ხოლმე ბოზი ცოლი ბაზარში
დაუნდობელი პოლიციელი გახდა
და ყველას შეაძულა თავი
რა მინდოდა ძალოვან სტრუქტურაში
მამაჩემივით ფოსტალიონობას
დავჯერებულვიყავიო წამოსცდენია ერთხელ
როცა სპეცოპერაციის დროს
მისი ტყვიით შემთხვევით
მისი კოლეგა მოკვდა
რა უბედური ვყოფილვარო
ეთქვა თვითონ ფოსტალიონს
როცა სიკვდილის წინ
განვლილი ცხოვრებისთვის
ერთი წამით გონების თვალი
გადაევლო
ალბათ იმის თქმაც ღირს
რომ ახალი გაზეთის სუნზე
სულ ის ფოსტალიონი მაგონდება
და მიუხედავად ამისა
ახლა
ამ წუთას
მის სახელს ვეღარ ვიხსენებ
მისი ნემსებივით თვალებიც
მახსოვს და მისი მზერაც
როცა შეიტყო რომ რძლის მეჯვარე
ქორწილის დღესვე მეზობლის ხვითო ბიჭებმა
შამპანურით გამოათვრეს და მერე აკვნესეს
აუწყობელი ფანდურივით
მისი მანქანაც მახსოვს
გაზეთების დარიგებისას
ყოველ ოცდაათ მეტრში
რომ აჩერებდა
და ჩვენს ვიწრო ქუჩას
თუ შეიძლება ასე ითქვას
ყელში თევზის ფხასავით ადგა
გამვლელ ავტოთა შოფრებს
პატრონის დედას აგინებინებდა
მეც
შენც
ისიც
ყველანი
ვიღაცის მახსოვრობაში ვილექებით
რომელიც მერე ჩვენს სახელს
ვერ გაიხსენებს
 
 
 
 
უსათაურო
 
ჩემი სიდედრი ლამაზი ქალია ჩემს სიმამრზე
მბრძანებლობს სხვანაირად არ შეუძლია
და რა ქნას
ჩემს სიმამრსაც არ შეუძლია
არ უყვარდეს ცოლი
ის სწორედ ამისთვის გაჩნდა
მოხუცი მამაჩემი კი იმის გახსენებაზე
როგორ მორჩილებს მძახალი
თანამეცხედრეს
ყოველთვის იფურთხება და დედაჩემს
კიდევ უფრო მკაცრად
ექცევა რომ მას ჩემი სიდედრის
მიბაძვის სურვილმა არ წამოუაროს არადა
დანამდვილებით ვიცი
საწყალ დედაჩემს ეს ფიქრადაც
არ გაუვლია ჩემს შვილს კიდევ ჰგონია
რომ მისი სამშობლოდან
პირველი კოსმონავტი იქნება სამშობლოც უყვარს
ბებიაც
ბაბუაც
ორივე მხრიდან
ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს ყველანი
და მეც სხვა არაფერი დამრჩენია
გარდა იმისა რომ დედის მხრიდან ბაბუამისის
მსგავსად ვუთხრა მას რომ ის
აუცილებლად
უნდა გახდეს პირველი კოსმონავტი
მისი სამშობლოდან რომელიც უნდა უყვარდეს
და იქ
კოსმოსში
უნდა იმღეროს ისეთი სიმღერა
ამ პლანეტის იქით ჯერ რომ არავის უმღერია
ანუ ჩაკრულოს გარდა
რომელიც უკვე გაგზავნილია
სხვა რამე თუნდაც ოდოია მზის ოდა
ან სულაც ჯანსულო
ადრე თუ გვიან ის მიხვდება
თუ რატომ დავიბენი როცა კიბეებზე
ჩვენი ახალი მეზობელი მდგმური ქალბატონი
შეგვხვდა რომელიც თავისი თეძოებით
ორჯერ მესიზმრა უკვე და ძილშივე
შეყვარებული ყმაწვილივით
ბედნიერი გახლდით
და გულიც ჩიტივით შემიფრთხიალდა
დიახ ჩიტივით
 
 
 
 
***
ჩემი მეზობელი
კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე
ენერგიული ქალბატონი რომელიც აივანზე
გამზეურებულ ქვეშაგს დიდი ხმაურით ფერთხავდა
მაწვნის გამყიდველს კი
ქოქოლას აყრიდა
შენი ყვირილით ხალხს აფორიაქებო
გუშინწინ ცალთვალა მესაფლავემ
და მისმა შვილმა
დაკრძალეს
მამა საქმიანად აყრიდა მიწას
ძვირფას კუბოს
რომელიც მიცვალებულის
ბიზნესმენმა სიძემ შეუკვეთა
ვისაც კორპუსში
სოფელოს ეძახიან
შვილი მესაფლავე
მთლად გაჭრილი ვაშლივით ვერა
მაგრამ მაინც ერთ ცნობილ
მსახიობს ჰგავდა
ადგილობრივს
ანუ არა ჰოლივუდისას
მზერა უშტერდებოდა
ვინმეს ენატრებოდა ალბათ
მიწა იყო მშრალი
და მეზობლებისთვის ხელი არც კი
დაუსვრია
როცა მისი თითო მუჭი
თუნუქის სახურავზე
აცეკვებულ წვიმასავით მხიარულად
კუბოს თავზე ავახმაურეთ
ქელეხის სუფრას
ფულიანი სიძის წყალობით
ჩიტის რძეც არ აკლდა
გეახელით სოკოს კეცზე და ფიქრობდი
რომ დამეწერა ცალთვალა მესაფლავესა
და მის ვაჟზე კიდევ იმაზე
რომ სიცოცხლე სასჯელიცაა
რომ სიყვარული არც ისე ბრმაა
რომ მდინარეები ზღვებს
თავიანთ თავგადასავალს უყვებიან
როცა ერწყმიან და ერთსულ
და ერთხორც ხდებიან
რომ სულაც არ არის ცუდი
თუ ჩვენ ყველანი ვგავართ ერთმანეთს
და რომ სადღაც
ჩვენი შვილმკვდარი
ოქროსკბილება მემაწვნის
ორეულიც დადის
 
 
 
კორპუსის პატრიოტი ბიძაჩემი ვარლამი
 
მკაცრი მმართველის მოლოდინშია
რომლის ხელშიც ქვეყანა გაბრწყინდება
კორპუსის ეზოში ჩადგმული სტანდარტული
გარაჟი მისი მეორე სახლია სადაც მეზობლები
დომინოს თამაშობენ და სადაც თაროებზე უწყვია
მათი შესაკეთებელი უთოები
თმის საშრობები და მიკროტალღური
ღუმელები
სიამოვნებისგან წკურავს თვალებს
როცა ოქროსხელებას უწოდებენ
თავის დროზე შეებრძოლა ქურდს
როცა ეს უკანასკნელი მისი გარაჟის სიახლოვეს
ახალი მეზობლის ჯიპიდან სათადარიგო
საბურავს იპარავდა
და მის დანას სასწაულებრივ გადაურჩა
იმ მეზობელმა კიდევ მოგვიანებით
სტუმრად ჩასული მისი პროვინციელი დისშვილის
შეცდენა სცადა
ბავშვობაში ნაბოლარა ძმისთვის ავადმყოფი
დედის მაგივრად ძილისპირულიც უმღერია
ახლა კი მის საფლავზე დიდის ამბით
თავისი დაწურული ღვინო მიაქვს
შენ მაგივრად მე უნდა ვიწვე ახლა
მაგ ცივ მიწაშიო ეტყვის
ასე მგონია რომ
ნიგზვისფერთვალება ბიცოლაჩემი უყვარს
რომელიც უკვე ასაკს ვეღარ დამალავს
რადგან ამ ბოლო დროს დიაბეტმა
ძალიან მოტეხა
ბიძაჩემი ამასაც დარდობს
ხოლო როცა მის ჭაღარა ულვაშებს მიღმა
ნიკელის კბილები გაიბრწყინებენ
ჩემს
გულში
საგვარეულო სევდა შემოაბიჯებს ხოლმე
 
 
 
კიბოიანი ქალი
 
ძნელია შეწყვიტო სუნთქვა
როცა უკვე მიხვდი
თუ რა დიდი საჩუქარია სიცოცხლე
და
მართლაც რომ ძნელია
ამ სიცოცხლის წყურვილი
იმით არ გაამართლო
რომ არ გინდა დედის სითბო
მოაკლდეთ შვილებს ისიც ძნელია
არ გეშინოდეს შენი ცოდვების
სადედოფლო კაბის გრძელ შლეიფზე
მიკრული
შემოდგომის მახინჯი ფოთლებივით
რომ აგდევნებიან ძნელია დაიჯერო
რომ უშენოდ გათენებული
პირველი დილა
ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იქნება
და მილიონები ისეთები
როგორიც იყავი ჯერ კიდევ გუშინ
მოიმზადებენ
შენს საყვარელ ხსნად ყავას
და გაერინდებიან სიგარეტის პირველ
ნაფაზს
რომელიც მართლაც რომ
გემრიელია
დედის რძესავით
რომლის გემოც არავის ახსოვს
 
 
ძნელია როცა უკვე
სამუდამოდ უნდა დაისვენო
და არ დაიღალო უკვე აღარასოდეს
 
 
 
ამაყები კვდებიან ადრე
 
ჩემი სიმამრის ბებერსა და ამაყ ფინიას, რომელიც უგზოუკვლოდ გადაიკარგა მას შემდეგ, რაც პატრონებმა სახლში  სხვა ახალგაზრდა ძაღლი მოიყვანეს
 
ალბათ უკვე მკვდარი ხარ
იქნებ დაგგლიჯეს
მაწანწალა ძაღლებმა
რომლებსაც ყოველთვის შურდათ შენი
და შენც სისხლისგან დაცლილს
წყურვილისაგან პირი გაგიშრა
როცა კვდებოდი
ან იქნებ შიმშილმა მოგიღო ბოლო
ან ყინვამ სიკვდილის წინ კი
მხოლოდ ერთი წამით ინანე
რომ შენი სიამაყე ვერ დათმე
ასეთი წამიერი სისუსტის უფლება
ყველა კარგ ძაღლს და ადამიანს აქვს
მახსოვს როგორ ცნობისმოყვარედ ასცქეროდი
ცაში მავანი პოლიტიკოსის შვეულმფრენს
რომელიც მშობლიურ ქალაქში მისი თაოსნობით
წამოწყებული გრანდიოზული მშენებლობის
დასათვალიერებლად მობრძანდა
რათა მერე დედამისს ეამაყა ამ ფაქტით
იქნებ ჩემი არ იყოს შენც წარმოიდგინე მაშინ
თუ როგორ ელაპარაკებოდა ის პოლიტიკოსი
თავისი სახლის აივანზე გადმომდგარ
სიამაყისცრემლებთვალზემომდგარ
დედიკოს მობილურით შვეულმფრენიდან
როცა შენი და ჩემი სიმამრის ქალაქის
თავზე ეკიდა
ჰო დე ეს მე ვარ როგორა ხარ
წნევა ხომ არ გაწუხებს ახლა აღარ მცალია და
კვირის ბოლოს ჩამოვალ
ბავშვებთან ერთად
და გაგახარებ
ეტყოდა ის დედამისს
და სევდიანად გაიღიმებდა
მერე პილოტს უკნიდან მხარზე ხელს დაკრავდა
და ეს იმის ნიშანი იქნებოდა
რომ დედაქალაქში დაბრუნების დრო მოვიდა
პილოტს ალბათ თავისი დედა გაახსენდებოდა
ალბათ შენც მოგაგონდა შენი დედა
რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით
ვიცი რომ
ძაღლებსაც უყვართ თავიანთი პატარა ქალაქები
და ქუჩებიც
რომელზეც გაიზარდნენ
 
 
 
იმათ სახელზე ვინც მოგვენატრა
მოდით გავუშვათ ცაში
ბუშტები
 
გადამრიეს
ზამთრისაზე ოდნავ ფაფუკმა
აპრილის ღრუბლებმა
რომლებზეც
როგორც ყავის ნალექზე მკითხაობს
ჩემი ორსული ცოლი
დღისითაც
მის ძილს ვდარაჯობ
და მიხარია
მომავალი სიცოცხლე
ჩვენი გაგრძელება
ვსვამ ღვინოს სიმამრთან
რომელიც
კარგი კაცია
სულ უნდა იარო
რომ არ გაგყინოს
ამ ცხოვრების სუსხმა
ყოველღამე მოდის მთვარე
და
ცაზე კვლავ ტოკავენ
ნეკერჩხლის კვირტებივით
ოდნავ დაბერილი
აპრილის ღრუბლები
რომლებსაც ჯერ კიდევ სცივათ
მათი შემხედვარე
დიდი ხნის წინათ
წაკითხული  წიგნის
გმირ მჩხიბავ ინდიელს
ვგავარ
დაფიქრებული რომ გასცქერის
შორეული კოცონის კვამლს
რომლითაც თავისი გასაჭირი
ამცნო
ცხრა გორაკს იქით მისმა
მხარში დაჭრილმა ძუძუმტემ
და ვამბობ ჩემთვის
რომ
ლექსიდან ლექსამდე
ერთხელ მაინც უნდა მოკვდე
 
 
 
ქალაქში შემოვიდა მატარებელი
 
მემანქანის ღამენათევმა
თანაშემწემ
რომელმაც მანამდე
მასწავლებელთან ერთად
მზის ამოსვლა ნახა
საყვირიდან სიგნალი მისცა მშობლიურ
ქალაქს რომელიც უყვარს
და სადაც ეგულება ცოლი
და შვილი
ვისაც უნებურად ეს სიგნალი
უძღვნა კიდეც 
ასევე უნებურად გარეთ გაიხედეს
ცნობისმოყვარე მგზავრებმა
რომლებსაც წინასწარ
ფანჯრებზე ფარდები გადაეწიათ
ნუ დაკუჭავთო
ესაყვედურა მათთვის გამცილებელს
და იქვე ეთხოვა
სადგურში შესვლამდე ადგილებზე
დარჩენილიყვნენ
რადგან ტამბური ყველას ვერ
დაიტევდა
ტამბურის არ იყოს
მეც ერთი ვარ და თქვენ ათასიო
ისიც ეთქვა როგორც
ყოველთვის
თითქოს თავს აცოდებდა
გულის სიღრმეში კი
ანუ ქვეცნობიერადო რომ იტყვიან
თავის გამორჩეულობას გაუსვა
ხაზი
 
ქალაქში შემოვიდა მატარებელი
და შემოიტანა
უცხო მხარის ხიბლი და მტვერი
როგორც მამაჩემს შემოჰქონდა
თბილ ოთახში
დრაფის პალტოთი
თოვლის და ყოველი შემთხვევისათვის
ხელს გამოყოლებული
და გზაში ყუადაგემოვნებული
ცხელი პურის სუნი
და იმ სუნით გაგიჟებული
წრიალებდა კარებთან ცუგა
თოვლში მეზობლის ძაღლთან
თამაშით გართულს
პატრონის მოსვლა რომ გამოეპარა
და რომელმაც მერე
სიკვდილის წინ
სახლიდან წასვლა მოინდომა
მაგრამ მე და მამაჩემმა დავაბრუნეთ
ხელში ატატებული
და გვეგონა
რომ სწორად მოვიქეცით
ყველაფერი რაც კი არსებობს
ქალაქში სულ ახლახან
შემოსული მატარებელის არ იყოს
ღვთის ნებაა
უსაზღვროა მოლოდინი ლიანდაგების
 
 
 
ჩემს დიდი ხნის წინ მკვდარ ძაღლს
 
წუხელ მესიზმრე
მერე კი
მთელი დღე ძაღლებს ვაკვირდებოდი
მაწანწალებსაც და იმათაც
ვისაც პატრონი ასეირნებდა
მოუვლელ და ნაკლებმოვლილ პარკებში
შეიძლება ითქვას
რომ მათში გეძებდი
და გიგონებდი
ვიხსენებდი
როგორ გიპოვე ქუჩაში ერთი ციცქნა
როგორ ღრღნიდი ფეხსაცმელებს
როცა კბილები გექავებოდა
როგორ უყეფდი პირველ თოვლს
და მერე შეჭამე კიდეც
როგორ დევნიდი მეზობლის კატას
როგორ დასდევდი ხვადებს
ის რაც იწყება უნდა დამთავრდეს
შენც დამთავრდი
როცა მთვრალი მეზობლის მანქანამ
გაგიტანა
ის მთვრალი ინჟინერი მეზობელიც 
დამთავრდა
როცა შეიტყო რომ ცოლი
მისსავე სახლში ადგამდა რქებს
ერთხელ უკვე ნაოპერაციევ თავში
დაიხალე ტყვიაო დაატირა დამ
მისი აშენებული ერთი ხიდის გადავლა
თითქმის ყოველდღე მიწევს
 
ნეტავ ძაღლებს თუ ესიზმრებათ
გარდაცვლილი პატრონები
ალბათ კი
იქნებ ძაღლებიც
ადამიანებივით
თავიანთი სიკვდილისწინა სიზმრისთვის
ცოცხლობენ მთელი ცხოვრება
 
 
 
ქებათა ქება ჩემს ავტოს
 
შემოგხედე თუ არა
მაშინვე მიგრძნო გულმა
რომ პატრონი
კიდევ უფრო დააკლებდა ფასს
და ჩემი გახდებოდი
შენი ძრავით
რომელიც ზეთს არ იკლებს
ავტომატური
თანაც მეტად გამძლე
სიჩქარეთა კოლოფით
და
ტყავის სავარძლებით
რომლის გამათბობლის შეკეთება
არც ისე ძვირი ჯდება
შენი წარსულით
რომლისაც ბევრი ვერაფერი შევიტყვე
მხოლოდ ეგ ვიცი
რომ არა შენი წინა პატრონის ნარკომანი
შვილი
ჩემი ვერასოდეს გახდებოდი
რადგან მამამისს
სასწრაფოდ გასასტუმრებელი
ვალების გამო
არ მოუწევდა შენი გაყიდვა ნახევარ
ფასად
უნდა გითხრა რომ ბოლომდე
ვერ აკმაყოფილებ ჩემი პრეტენზიული
ცოლის მოთხოვნებს
შენ
უავარიო
უჟანგავი ძარით
ქარხნულ საღებავზე
მთელი სამი აირბაგით
უცხო მხარის ქარხნის კონვეირზე აწყობილს
სხვადასხვა პატრონების ხელში გამოვლილს
ამ შენი სიჭარმაგის ჟამს
განგებამ ჩემს ფრთებქვეშ მოგიჩინა ბინა
შენც შენი მხრივ
ყოველთვის შემიფარებ ხოლმე
როცა სახლიდან წასვლა მომინდება
და მომინდება შენთან ერთად
ავიჭრა ზეცად
ანუ გავიქცე შენთან ერთად
სადმე შორს
და იქ დავწერო ლექსი
თუნდაც ჩემს მშვენიერ ცოლზე
რომელსაც გავექეცი
როგორც მობეზრებულ მოტივს
ან არადა შენს ყოფილ პატრონებზე
რომელთაც ალბათ
შენთან ერთად ზეცაში აჭრა მონდომებიათ
თუ არადა
თავიანთ ცოლებთან და საყვარლებთან
ან უბრალოდ ბოზებთან
შენს უკანა სავარძელზე
როგორც იტყვიან
ჰქონიათ სექსი
რაც სხვა არაფერია თუ არა
მიწად მყოფის
ცაში აჭრის მცდელობა
 
 
 
ფიქრი მდინარის პირას
ანუ
დამიდგით რომელიმე ჩანჩქერთან ობელისკი
 
დაეშვებიან
მდინარეები თავდაღმართებში
თავის მოსაკლავად
გადმოვარდებიან კლდეებზე
და დაარქმევენ იმ კლდეებს
ჩანჩქერებს
მათ შემხედვარეს
უხმაურო
სიკვდილზე ფიქრიც კი
მზარავს
 
 
 
ამა სოფლის სამდურავი
 
იაფი იყო იმ დღეს ბაზარში
ხორცი ძროხისაც ხბოსიც
უქშევდნენ
უმეტესად დაფნის ტოტებით
ბუზებს გამყიდველები 
მოლოდინი ედგათ თვალებში
და თითქოს დასაკლავი ხარის
სევდაც ედგათ
მათ მეზობლად ახალგაზრდა ქვრივს
სულუგუნის ვაჭარს
რომლისთვისაც ეს ცხოვრება
იყო ავი დედინაცვალი
გულით უხაროდა რომ იმ დილით იაფად
ჩაიგდო ხელში
ყველის ახალი პარტია
ცხოვრება დუღდა ბაზარში
და გადმოდუღდა
ცხოვრება კაცთა და ბუზთა
და ორივენი სისხლისა და რძის
საუფლოს გარდა ეტანებოდნენ
თაფლსაც და თევზსაც 
შუაგულ ტბაში დაჭერილს
და ტრიალებდა ბედის ბორბალი
ისე როგორც უნდა ეტრიალა
სულუგუნის ვაჭარი კვლავ
მიფიცებდა ობოლ შვილებს რომ
ყველი იყო ახალი და უმაღლესი ხარისხის
 
იმ დღეს სულუგუნისგან განსხვავებით
რატომღაც ხორცი იაფი იყო
ძროხისაც ხბოსიც
ხმაურობდა ბაზარი
და ყველასთან იყო ღმერთი
გამომზრდელი კაცთა და ბუზთა
საკუთარი
სიმარტოვის მშობელი მამა
 
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE