კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა


კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა




განვლილი მასალის გახსენება (ცირკულაცია)

 

1

გუშინდელივით მახსოვს, სკოლის კედლებში მოსიარულე

მე და ჩემს კლასელებს როგორ მოგვწონდა თავი

ჯიბეში ჩადებული ქაღალდის მობილური ტელეფონებით.

გაკვეთილის დროს, რვეულებიდან შუა ფურცელს ამოვხევდით

და უკანა მერხებზე მსხდომ ბიჭებს გადავაწვდიდით.

ისინიც გაკეცავდნენ ოთხად, გრაფებს გამოყოფდნენ ერთიდან ცხრამდე,

და თავზე, დახვეული ფურცლით, მიმღებს გაუკეთებდნენ.

    (მიმღები _ ულვაში წვერგაპარსული კაცის სახეზე.)

სწორედ რომ იმ დროს, ჩვენ თვალწინ მოხდა ევოლუცია

და გაკვეთილზე ნამდვილი სატელეფონო ზარის ხმა გაისმა.

ჩვენ დავიბენით, რადგან ეს არც სკოლის ზარს ჰგავდა,

არც ჩვენს სახლებში მობინადრე ტელეფონებისას,

ნულის აკრეფას რომ ანდომებდნენ ყველაზე დიდხანს

სხვა ციფრებთან შედარებით,

იგი არც ეკლესიის ზარი იყო და არც ნაგვის მანქანის,

არამედ რაღაც სხვა, ვიბრაციაშერეული ზუზუნი, უცხო და მიუწვდომელი.

მასწავლებელმა ჩანთა გახსნა.

    (ღამით გაყინული უსახლკაროები მზეს მიეფიცხნენ.)

 

2

 

მერე გვიხსნიდა მასწავლებელი, რომ მხოლოდ ციფრების აკრეფით

ვერ დავუკავშირდებოდით სასურველ ნომერს,

რომ მწვანე ღილაკზე თითის დაჭერა იყო აუცილებელი,

გვასწავლიდა, რომ სახლში დარეკვის შემთხვევაში

ქალაქის კოდი უნდა დაგვერთო ნომრისათვის,

გვასწავლიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას,

მერე მის არსსა და გამოყენებას.

ჩვენ კი სულგანაბულნი ვუსმენდით, რომ მერე სხვისთვის მოგვეყოლა,

და თუ სტუმრად მოვიდოდა მამის მდიდარი მეგობარი,

თავი გამოგვეჩინა მის ტელეფონზე ყველა დეტალის ცოდნით.

მახსოვს, კედლის საათიც კი გავტეხეთ საკლასო ოთახში,

რომ უფრო ხშირად დაეხედა ჩვენს მასწავლებელს

სამოცლარიანი სასაუბრე ბარათით

გასუქებული რევოლუციური აპარატისთვის.

 

3

 

ეს აპარატი მაგნიტოფონის ფუნქციას აითვისებსო,

მაშინ რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდი,

ახლა კი, როცა ყურსასმენი შევუერთე უახლეს სმარტფონს,

და საყვარელი მუსიკის მოსმენა დავიწყე,

დავფიქრდი ჩემს მასწავლებელზე,

მოღიმარ და სიცოცხლით სავსე მასწავლებელზე,

დღეს რომ სიბერეს პარფიუმერიით ატყუებს,

ახლადჩასმული კბილები რომ თვალებზე თეთრი აქვს,

მასწავლებელი ყელზე, ყურებსა და თითებზე ასხმული ოქროებით,

როგორ ზის დღესაც ახალ კლასთან, ახალ ბავშვებთან,

საათგატეხილ ოთახში და ცარციან თითს ილოკავს.

დროდადრო დახედავს თავის ციფრებგადაქლექილ, მიმღებიან ტელეფონს,

რომლის არსში ახალი კლასიც გაარკვია.

ჩემი მასწავლებელი... რომელიც დღესაც მოღიმარი და სიცოცხლით სავსეა,

რომელიც მზადაა, კიდევ ბევრი თაობა გაზარდოს,

კიდევ ბევრ თაობას ასწავლოს გზები,

სწორი გზები...

ლამაზი გზები...

 

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ერთხელ სარეცხით სავსე კალათაში ეძინა

და შეჰყვა სარეცხს პატრონის მოსამსახურის ხელიდან

სარეცხ მანქანაში,

და სარეცხის ფხვნილიან წყალთან ერთად დალია სული.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ერთხელ მაღალ კორპუსებზე სეირნობისას

დაინახა, რომ მუნჯ ბავშვს სცემდნენ სხვა ბავშვები

და დასახმარებლად გადმოხტა,

მიწამდე ინანა, მიწამდე, სადაც სული არ დაჰყოლია,

არა იმიტომ, რომ მიზანს სცდებოდა,

უბრალოდ, ინანა

და გაუხარდა გაცოცხლებულს,

მის გვერდით რომ იწვა მკვდარი მუნჯი ბავშვი.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ერთხელ მის ტერიტორიაზე შემოჭრილმა

ბეწვაქეცილმა და სუნიანმა ძაღლებმა გაგუდეს

კანალიზაციის იმ მილის გვერდით,

რომელიც, უკვე წლებია, რაც გახეთქილიყო.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

და ერთ ზამთარში შიმშილით მკვდარი ვირთხების ჭამას

ისევ შიმშილით სიკვდილი ამჯობინა

და მოკვდა თოვლში, ლოთურ ბარბაცით,

უკნავლელად, უემოციოდ.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ერთხელ მძარცველებს გაკიდებულმა

პოლიციის მანქანამ გადაუარა ჩიხში მძინარს,

გაცოცხლებულმა კი დაინახა,

რომ სანაგვე ყუთს შეჯახებული პოლიციელები მომკვდარიყვნენ

ქუჩას კი ეტყობოდა მძარცველების მანქანის ბორბლების კვალი.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ერთხელ მეცნიერმა დაიჭირა

და საცდელი ვირუსი გამოსცადა მასზე.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

და ახალ ზამთარს ისევ მოკვდა შიმშილით კატა.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა

და ერთხელაც, სიბერით მოკვდა,

ისევ იქ, იმ ქუჩაზე,

სადაც წლებია, გახეთქილიყო კანალიზაციის მილი,

და გამვლელ ადამიანებს ცხვირსახოცები აეფარებინათ სახეზე.

ვეღარ ხვდებოდა გაცოცხლების მიზეზს ბებერი კატა.

 

თუმცა, გაცოცხლდა,

რადგან

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,

ბოლოს იგი მშიერმა ადამიანებმა დაიჭირეს,

გაატყავეს, შეწვეს და შეჭამეს

მრავლის მომსწრე ჩიხში,

ძვლები კი ბეწვაქეცილ და სუნიან ძაღლებს გადაუყარეს.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა

და ცხრავე აზრიანად, ამაყად და მშვიდად გალია,

მისი პატრონისგან განსხვავებით,

რომელმაც კატის პირველ სიკვდილზევე მოიკლა თავი.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE