ცერი


ცერი




(ეძახიან ხელის მტევნის და ფეხის ტერფის დიდ თითებს, ასევე მთის ზოგ დიალექტში უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილს)
 
ჩემმა ცოლმა ერთხელ დამცინა, კაი ბიჭო როდემდე უნდა წერო თუშეთზეო, მაგრამ რა ვქნა კარგად იწერება და... …
მაშინ სულ რაღაც ოცდაოთხი წლის ვიყავი, ძალიან მიქროდა თავში და სულში და დავკარი ფეხი და წავედი თუშეთში მასწავლებლად. ვინც ნამყოფია თუშეთში, ნუღარ მალაპარაკებთ როგორია, ვინც არ არის ნამყოფი, თუ არ ნახავს, ვერც წარმოიდგენს ამ სილამაზეს და მთების გემრიელობას. ისეთი სილამაზეა, ხანდახან სუნთქვა გეკვრება. სხვა ჰაერია, სხვა ფერები და განზომილებაც სხვაა, არასოდეს გამომსვლია ბუნების აღწერა და ვერც ეხლა გამომივა. ერთი  ზუსტად ვიცი, - რადგან დროც და გეოგრაფიაც  ბუნებრივი მოვლენებია, ფაქტებით აღვწერ ბუნებას, - სექტემბერში თოვლი რომ მოვა უღელტეხილზე, ცერს რომ ეძახიან თუშები, აპრილამდე იკეტება საავტომობილო გზა და მხოლოდ ვერტმფრენი თუ ამოაღწევს, ისიც მაშინ, თუ მოკრიალებლია და სიმშვიდეა ცის კამარაზე.
გვიან შემოდგომაზე ისეთი თოვლი იცის თუშეთში,  თუ ცოტა ზედმეტად რომანტიული ხარ სილამაზისგან იქნება მოკვდე კიდეც, დილას გაიღვიძო, დაინახო ეს უშველებელი სითეთრი, მშიერი მელიის ან ტურის გარბენილ-გამორბენილი ნაკვალევი, თოვლში ჩამჯდარი სიპით ნაშენი სახლები, სახლებზე კვამლები და სიჩუმეე, და მოკვდე... ან იფიქრო რო უკვე სამოთხეში ხარ,…აჰა ისევ აღწერა დავიწყე, არა და არ გამომდის...
ჰოდა, სადღაც ოქტომბერში, პირველ თოვლს რომ ჩამოყრიდა, დაახლოებით 50 ოჯახი რჩებოდა ესე ჩაკეტილი - რჩება კი არა, რჩებოდა. ეს იყო, წინა საუკუნის ბოლოს, ანუ მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, მაშინ არც მობილური იყო, არც ტელევიზორში იყო ამდენი არხები და ფერადი, არც ინტერნეტი არსებობდა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ დროზე ვლაპარაკობ, რა საშუალებები იყო თორემ, იმის თქმა კი არ მინდა, რომ იციან ხოლმე - მამამა კითხა შვილსაო: უმობილურებოდ როგორ ცხოვრობდით მამიო? მამამა კიდევა უპასიხაო: ვცხოვრობდით, ვცხოვრობდით და შეილება უკეთესადაცაო, - ბანალურია ბატონებო ასეთი შედარება, მინდა გითხრათ რომ, ნამდვილად მიჭირს წარმოდგენა, როგორ ვცხოვრობდით. Eისე, ახლა თურმე იქ მართლა ცოტანი რჩებიან, ჰა-ჰა ხუთი ოჯახიო, სასაზღვრო ადგილი გახდა და სამხედრო ნაწილიც ჩააყენეს, ევროპელი დამკვირვებლებიც აკვირდებიან თურმე ყურადღებით - როგორც იციან, რომ შესაძლებელ სიტუაციაში, შეშფოთდნენ, შეიძლება უკიდურესადაც კი. სასტუმროებიც მომრავლდაო ტურისტებისთვის და მაინც ცოტანი რჩებიანო, - რატო? არ ვიცი და თან მობილურებიც არის და ალბათ ინტერნეტიც იქნება, ევროპელები ისე როგორ გაძლებენ, მაგრამ მაინც ცოტანი რჩებიანო.Aაუ, რამდენი ვილაპარაკე, არადა მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტი პატარა რადიო სადგურით ხერხდებოდა, რომელიც ქალაქში უკავშირდებოდა ტელეანძას და იქიდა შესაძლებელია დაეკავშირებინეთ ვინმესთან, ისიც დიდი თხოვნეის შემდეგ. Aთუ ძალიან დიდი საჭიროება გახდებოდა, მაგალითად, ვინმეს ჯანმთელობის გაუარესების გამო ამ რადიოსადგურითვე იძახებდნენ ვერტმფრენს, - ისე, თუშები ჯანმრთელი ხალხია. ხდებოდა, მაღალჩინოსანი გვამი თუ მოინდომებდა გამოსეირნებას, ამ დროს ვერტმფრენი ამოიყოლებდა მთელი თვის გაზეთებს.  მაშინ ეფემ ტალღები არ იყო, მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო და ამავე რადიოსადგურით ფხიკინ-ხრიგინით იჭერდნენ, ხან რუსულ და ხან ქართულ რადიოს. A 
მოგეხსენებათ ქრიასტიანულ ქვეყნებში და არაქრიასტიანულშიც, ახალ წელს ძირითადად ამ დროს აღნიშნავენ ხოლმე - ესე დაემთხვა და რა ვქნათ ეხლა, თან ასეთ ქვეყნებსა და მხარეებში ზამთარში ძირითადად თოვლი მოდის და ამ ძირითადებში თუშეთიც მოხვდა, არა მარტო იმ დროს ოთხმოციან წლებში, მანამდეც და მერეც და ასე იქნება იმედია სულ...
მოკლედ, ამ მთათუშეთში ასული ვარ მასწავლებლად, რომანტიკაა ისეთი, კახელებმა რო იციან, აღფრთოვანებისგან შორისდებული: დედა მოიააა! - სულ მაგის ძახილი მინდა. აი, თოვლი ბარდნის, სახლებიდან კვამლებიი, ფანჯრებიდან სანთლების შუქი,…მთვარე პარპალებს, შორს შეციებული მგლების ყმუილი, იქვე ერთი გარბენაზე ბოსლებიდან და ფარეხებიდან საკბილო ცხვარ-ძროხის სუნი რო სცემთ, მაგრამ კარგად ნაკვებ-ნაფერებ ღონიერი მეცხვარე ძაღლებს რა უყონ, ჩხუბში მგლისაც რომ არ ეშინიათ, სახელადაც კი მახრჩობელა დაარქვეს, მგელს აღრჩობსო. ვერც შეუთანხმდები? მომატაცებინე და გავიყოთო, ისეთი ნაკვებია, რაში ჭირდება? – წარმოიდგენ ამ ყველაფერს და თავისთავად წამოიძახებ - დედა მოუააა!!! სხვა რამეს ვყვები, ამაზე არ არის ეს ამბავი.
ამ რომანტიულობაში საახალწლოდაც ემზადები - გოზინაყი, კახეთიდან ამოტანილი ღვინო და არაყი, აბა იმ სიმაღლეზე ვაზს რა უნდა. განსაკუთრებით არაყი მიდის თუშეთში - დედა მოუააა!! აქ მივხვდი ცივ რუსეთში და ფინეთში ასე რატო ეტანებიან არაყს. ისე კარგად მიდის, ისე კარგად. თუმცა, იმასაც ნუ ვუარყოფთ რომ, არყით მთვრალი აქაურები ძალიან ახირებულები ხდებიან. Mმე, ქართლში მამაჩემმა ისეთ არაყს მიმაჩვია, - თუთისგან და ჭანჭურისგან, ან ჭაჭისგან გამოხდილ არაყს ცოტა ბადაგს დაასხამდა, გააკეთილშობილებდა. მუხის კასრში პიტნაზე ან ტარხუნაზე მუხის კასრში ჩააბრუნებდა და დააყენებდა ხოლმე. გემრიელი და კაი სამოც-სამოცდაათგრადუსიანი გამოდიაოდა, თითონ დენთს ეძახდა – ასანთს მიიტანდა ახლო, ნახე როგორ ფეთქდებაო. ეს ის მამაჩემია, თუშეთში წასვლა რო გადავწყვიტე და ვერაფრით დაიჯერა, სად მიეთრევიო და გულიანად მომაგინა. ალბათ ეხლა დედაჩემთან ერთად გულაფანცქალებული მელოდება, ჩავალ თუ არ ჩავალ და ჯაჯღანებს. თბილი და ალერსიანი დედაჩემი აწყნარებს, მამაჩემი კიდე ეუბნება სულ შენი მაიმუნური აღზრდის ბრალია იქ რო წაეთრაო, ბებიაჩემი და ჩემი ძმა ჩუმად ფუსფუსებენ, იღიმიან და ერთმანეთს თვალს უკრავენ... აბა როგორ ჩამოვალ, ეხლა აქ ამომფრენი არავინ არის, 31 დეკემბერია, ყველასთვის ახალი წელია, მაშ!
მოკლედ... ეე, მეზიზღება ამ სიტყვის გამოყენება წერისას... მაგრამ მიწევს, იმიტომ რო ვატყობ, გრძლად ვყვები. ჰოდა, მოკლედ... ვარ ესე მთათუშეთში, 31 დეკემბერია, ჩემი ფანჯრიდან სითეთრე ჩანს უკიდეგანო და ერთი ჩარჩენილი, თოვლში გახვეული წითელი ბულდოზერი... მოთხრობაც კი დავწერე ამ ბულდოზერზე, მინუს ოცდახუთია და თან მოკრიალებულია ცა, ჯერ დილის 9 საათია, არსად არ მივდივარ... გუზგუზებს თუნუქის ღუმელი, ქართული არ არის მაგრამ ამ თუნუქის აპარატის რუსული სახელი უფრო მომწონს, თან ყველა ესე ეძახის “ფეჩი”, რუსული “პეჩკადან” - საუკუნეების მერე გათხრებში, რომ იპოვიან, დაიწყება სიტყვის წარმომავლობის ძიება და ეხლავე ვწერ რომ არ იწვალონ.
რას ვყვებოდი? 31 დეკემბერია, ადგომა მეზარება, ვწევარ ჩემივე გაკეთებულ საწოლში, ძალიან რომ აცივდება საბანზე ზემოდან ნაბადს ვიხურებ, ეხლა არ მჭირდება. ჩაიდანი უსტვენს, ჩემივე გაკეთებულ მაგიდა-სკამებზე პიტნის ჩაის დალევას ვაპირებ და გუდის ყველის ბუტერბროდის მიყოლებას. “ბუტერბროდ” – აქ ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ბუტერბროდია და რა ვქნა. გამოვიღებ ამ ყველსა და პურს ჩემივე გაკეთებულ კარადა-თაროდან... აბა დრო როგორ გამეყვანა? ჯერ საწოლი გავაკეთე, მერე მაგიდა და სკამები, მერე კარადა-თარო, სასანთლე და ღამის სანათურიც შემომეკეთა - ესე ვერთობოდი, აბა რა მექნა?
ეხლა წამოვდგები და ნელ-ნელა მოვემზადები, ახალ წელს ნუგზართან უნდა შევხვდეთ, ნუგზარი ჩემი თანამშრომელია, მე ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლი, ის იტორიას, თან მუზეუმს პატრონობს და აქ დავმეგობრდით...
მოკლეეედ... ეეე,  ეს მოკლედ რა არის?... თუმცა ერთი პატარა უსიამოვნო ამბავი... ამაშიც არის რაღაც რომანტიკა, სანამ მოვემზადები, გარეთ უნდა გავვარდე... მოგეხსენებათ, მაინც სოფელია და მთაა და შიგნით არ მაქვს, ისა, როგორ ქვია ხოლმე, ბინების ყიდვა-გაყიდვის განცხადებებში? “სველი წერტილები” - ამისთვის უნდა ჩავიცვა, დავიხურო და ისე გავიდე...  რა ვქნა გავუძლებ. გავედი... სუსხია, დედა მოუააა!!!
გაკვალულ ბილიკზეც კი მუხლამდეა თოვლი, ეტყობა წუხელ კიდევ ჩამოყარა. სოფელში უკვე ამოძრავებულა ხალხი, ყველამ იცის რო მე ქალაქელი ვარ და თუ სკოლაში არ მივდივარ, დილას ადრე არ ვდგები. თუშები თავისუფალი ხალხია და ამბობენ, ცხვარ-ძროხა შენ არ გყავს და ქათამს არ უნდა დაუყარო საკენკიო, პური გამოსაცხობი არ გაქვს და ცოლ-შვილი მოსავლელი და იწექი და გეძინოსო.
აგე, დაუწყიათ ცხობა, ეს ცალკე ამბავია აქ. ჩემი სახლიდან სკოლამდე აღმართია, დაახლოებით ორასი ნაბიჯი მიჯდება ყოველდღე სკოლაში სიარული, აღმართზე ასი ნაბიჯის გავლის მერე, ხელმარჯვნივ ვხვდები სოფლის თონეს. ლოგიკურად, ასი ნაბიჯის ჩამოვლის მერე - იგივე თონეს ვხვდები ხელმარცხნივ, - დილით ცომს ზელენ, 4 საათი აფუებას ელოდებიან და რომ ჩამოვდივარ, შუადღის პირველი საათისთვის პირველი პური უკვე ამოდის და უკვე მოგროვებულები არიან თონის გარშემო. ეხლა, რა ხდება? - ცხელის თონის პირას დგამენ ჩაიდანს, შიგ არყით, ყრიან შაქარს - გროგის მსგავსად. ცხელ თონის პურზე გუდის ყველი და გამოყვანილი ხორცი - ყაღი, ერთმანეთში. ეს ყველაფერი თონის პურში დნება, შეჭამ, ცხელ არაყს დააყოლებ - დედა მოუაააა!!!
ახლაც, თონეს უკვე ახურებენ და ამზადებენ ცომს, ესე იგი შუადღიდან ვიწყებთ ახალი წლის აღნიშვნას. ალბათ 7-8 საათისთვის მაგარი მთვრალი ვიქნები, ათამდე-თერთმეტამდე გამოვიძინებ და მერე ახალი წელი და გადაპატიჟებები და გადმოპატიჟებები დილამდე. დილამდე კი არა, მთელი საახალწლო არდადეგების ესე გატარება მომიწევს  და მერე იქნებ ვერტმფრენიც ამოფრინდეს,  ერთი კვირით იქნებ სახლშიც ჩავიდე, თუ ვერტმფრენი მალე აფრინდა უკან.
პიტნის ჩაი დავაყენე, ჩემ გაკეთებულ სავარძელში ჩავჯექი, რომელზეც ჯიხვის ტყავია დაფენილი- ღვთისომ მაჩუქა, იმ წითელი ბულდოზერის პატრონმა, თან ნადირობს. ზედ ნაბადი წავიფარე, ოღონდ თეთრი და თხელი, ნუგზარის ცოლმა ლამარამ მაჩუქა, ვწრუპამ ამ ჩაის და რას ვკუთხულობ თუშეთში?- ლაო ძი, დაო დეძინი- აჰააათ, მეტი რა გინდათ?
ჩამთვლიმა. გავიღვიძე. არა, გამაღვიძა ნუგზარის შვილის დათიკოს ყვირილმა: “მასწავლებელ, მასწავლებელ, თქვენი წილი პური ამოიდა, მამაჩემმა მოიდეს წაიღოს თან ცხელი არაყი დალიოსაო” - იციან რო მიყვარს.
ცხელი არაყი მესამე ჭიქაზე გათრობს უკვე და მეც უკვე მთვრალი ვარ, ერთი თონის პური თავისი ჩამდნარი გუდის ყველით, ყაღით და ზემოდან კიტრის მწნილით უკვე შესანსლული მაქ, ვეღარ ვჭამ და მარტო ვსვაამ - დედა მოუააა!!!
“ბალღებოო, დაასხითად, წამსლელი ახალი წლისა ვთქოთად დავყლურწოთ, რაც ცუდ იყო თან გიყოლოსად, რაც კაი დარჩესად და გეგვეგრძელებინოს და გაგვებევრებინოოოს... აბაჰ, აბაჰ... ნასყიდოო, აბა ეგ შენ შამფურ მაიტა... საქონლის ჯიგრი მწვადები ახალ პურზედ და გუდაზე რაგვერ კარგ მიდისაავ...” “ქალაქელოოო ჩასცალ ბოლომდე, იემის მერე მეხუთეც წამუა და მწვადიც მოააა...” – ეს მე მითხრეს, ეხლა მეოთხეს ვსვამ, უკვე მეხუთე დაგეგმეს, და აი მეოთხე რო არ მოვიყუდე და ყლუბეპად არ გაუშვი ეს ცხელი ტკბილი, მწარ-მჟავე მხურვალე სითხე ხახაში, თავი უკან გადავკიდე და რა ისმის შორიდან?... თეთრ ხევებს შორის, ექო ასწრებს ვერტმფრენის ხმას, ყველამ იქით გაიხედა საიდანაც გაიგეს.
- “გიგეთააა?” - იკითხა ნუგზარმა. ცას გავხედე, არაფერი არ ჩანდა, ეგრე 
იცის ხანდახან - ხმოვანი მირაჟია, ვინმე დაქოქავს ტრაქტორს, მაგალითად მთვრალი ღვთისო და ექოზე გეგონება, რომ საიდანღაც ვერტმფრენი მოფრინავს, ეს მაშინ როცა ჯგუფური მირაჟია. როცა მარტო ერთს ესმის, ესე იგი ბარში ნამეტანი საქმე აქვს და ეჩვენება რომ ვერტმფრენი მოფრინავს. ეს ჯგუფური მირაჟი იყო. ხმაური მიწყნარდა. “ვერტალიოტი არა ისაო, რაკეტაო, მაიტა დაასხი, ეხლა რას ამოფრინდებაო”,  დაასხა ღვთისომ, “ეს მეხუთეა, აბა ბალღებო, ვინც ამ ახალ წელს ვერ შეესწრება, განსაკუთრებით ისინი ვინც წამსველელ წელში წავიდნენ, იმათ ნათელი დაადგესათ” - და მოვიყუდეთ და ისევ ახმაურდა რაღაც ცაში. “ჰეე, მგონი მართლა მოფრინავს და პილოტი მთვრალია ეტყობა და იმიტოა, დალევის დროს რო იწყებს ხმაურსო”- არ დაამთავრა ნუგზარმა წინანადება რომ - “ეგეო, თეთრ მთებს შორის, კოღოსხელა სტაფილოსფერი ვერტმფრენი გამოჩნდა. დედა მოუააა!!! Kკიდე ერთხელ: დედა მოუააა!!! - წავიდე თუ არ წავიდე? და ნუგზარმა მიპასუხა: “შენთვინ ამოფრენილაღ ბჯოო, ჩიიცვ და სახლში წეედ, დედაშენ-მამაშენ გუუხარდებაად, ხო იიც გელოდებიან”, “წეედ! წეედ!”- Mაყვა გუნდი, გვარიანად მთვრალი ვარ და საოპერო არიად წარმოვიდგინე.
სოლისტი 1: წავიდეთ თუუუუ არ წავიდეეე?? საკითხავი აი ეს არიიიის!!!
სოლისტი 2: შენთვინ ამოფრენილა ღ ბჯოო, ჩიიცვ და სახლში წეედ, დედაშენ-მამაშენ გუუხარდებაააად.
გუნდი: წეეედ!!! წეეედ!!!
ვერტმფრენის ხმა უკვე იქაურობას აყრუებდა და უშველებელი თოვლის ნამქერი აეკრიფა, სმერჩივით სვეტად ექცია და ნელნელა ჯდებოდა. ვინ და რატო ჩამოფრინდა არ მახსოვს. ჩემს სახლში ვიყავი და რაღაცეებს ვალაგებდი, ჩემი ხელით გაკეთებული სასანთლეც ჩავაგდე, რამე საახალწლო საჩუქარი ხომ უნდა ჩამეტანა აქედან და ესღა მოვიფიქრე. რაღაცეები ჩავყარა, მათ შორის დაო დე ძინი, რამე რო იყოს გზაში წავიკითხავ, ფული კი მქონდა ტაქსით რომ წავსულიყავი თელავიდან თბილისში. ხელფასი ხომ კარგი მქონდა, როგორც რთულ რეგიონში მომუშავეს და სექტემბრის მერე ოთხი თვის მქონდა აღებული, აქ სად უნდა დამეხარჯა და ფინანსურად მხრებგაშლილი ვიყავი.
პილოტი ერთი ახალგაზრდა კაცი იყო - გოდერძა, ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ ლეგენდებს ყვებოდნენ მის მფრინავულ თავგადასავლებზე. სოფლის ხალხი დიდი ზარ-ზეიმით დახვდა ვერტმფრენს, ყველამ თავ-თავისი წილი ამანათი აიღო ბარიდან რომ გამოეგზავნათ.
ჩემთან ერთად ბარისკენ კიდევ ორი კაცი გამოფრინდა გზის ინჟინერი კერე,- კერე თუშურად, ისე ირაკლი და ვეტერინარი პატე, - პატე თუშურად, ისე პაატა და ერთი ქალი იყო, მაღაზიის გამგე რემედი, - რემედი თუშურად და ისეც რემედყ. რემედის შვილიშვილი - ჰაჰა, თოთხმეტი წლის გოგო - ლალე, ლალეზე ვერ მივხვდი თუშურადაც და ისეც ლალე იყო თუ არა, თან მთვრალზე - ლალეე, ლალეეე!!! - სულ ხუთნი და პილოტი გოდერძა. გოდერძა თონესთან მიიპატიჟეს, ერთი-ორი ლუკმა გატეხეო, ახალი წელი მოგვილოცეო. სამი ცხელი არაყი კიდევ დავკარით, უკვე ხუთი საათია დღის. გოდერძამ, წავედითო თუ გავფრინდითო, - “თორო ახალ წელს ცერზე მოგვიწევს შეხვედრაო” - და კიდე თითო დავკარით, - “წამსვლელ, დამრჩომებისა” - და ავიბარგეთ ვერტმფრენში, თვითონ გოდერძასაც ფეხი ერეოდა, თან უბრალოდ კი არა, ძალიან ერეოდა, - ძალიან მთვრალი ვიყავი და მაინც შევატყე. თან კოტორები გამოგვატანეს, - გამოგადგებათო. ვიღაცამ სამლიტრიანი ქილით არაყი ჩაგვიდგა, იქნებ მართლა მანდ მოგიწიოთ ახალი წლის შეხვედრაო, აბა ღმერთი თქვენსკენაო. ვერტმფრენში პილოტის გარდა ხუთი ადამიანი, ერთი შვიდი ჩანთა, ერთ ცარიელი ოც ლიტრიანი ხის კასრი, არყით სავსე სამ ლიტრიანი ქილა იდგა და ავფრინდით. 
ილუმინატორიდან ისეთი ლამაზია თუშური სოფელი, ისეთი ლამაზი, თან როცა მთვრალი ხარ. თავიდან თოვლის ქარბორბალა აიწია, რომ ავედით და ავედით, სახლები დაპატარავდა და უსასრულო სითერეში ტყეების ზოლები და სახლების ნაწილებიღა ჩანდა, მზე ჩადიოდა და ყვითლად ღებავდა თეთრ მთებს, ზემოდან ჩანდა სხივები როგორ გამძვრალიყვნენ ხეებს შორის და თოვლზე ხეების ყვითელი ჩრდილები იდო- აჰა, ვამბობ არ გამომდისთქო, ვერ ვხატავ ამ ბუნების აღწერას, ვერა და არც ვეშვები, მაგრამ მართლა ეგრე ჩანდა და... ქვემოთ კიდევ მთვრალი თუშები სასაცილოდ დაბოდიალობდნენ თოვლზე და უკან წითელი ჩრდილები დაყვებოდათ. ხუთ წუთში სოფლები აღარ ჩანდა, თეთრ მთებში შევფრინდით, მერე პატარა ღრუბელში აღმოვჩნდით. “ცერზე დავლიოოთ” - იყვირა გოდერძამ და ვერტმფრენი ისე დაიხარა გვერდზე რო კინაღამ გადმოვცვივდით, დედა მოუააა!!! “რასა შვებიო კერემ?”, M”მე არაო - გოდერძამ, - ქარმაო, აბა გაუძლოთ, ცოტა ფინთ ქარში მოვხვდითო”, არ დავიჯერეთ, სანამ შვილები არ დაიფიცა და კიდე შეგვანჯღრია, “ვინც შიშისაგან ჩაიფსამს, იმას ბარში ნიფხვებს დავახვედრებო” და აგვატრიალა ქარმა, ძლივს გაასწორა ვერტმფრენის საჭე, მერე კიდევ მოგვიქნია, მზის სხივები შემოვარდნენ, გავარდნენ ვერტმფრენში. რემედიმ, - “კაცებო, აბა რაი გჭირთაო, თუ მოსაკდომები ვართ ახალ წელს სადღეგრძელოებით დავიხოცნოთო” - და წამოვაყენეთ ოც ლიტრიანი ხის კასრი, დავაყარეთ კოტორები, ყველი, პური და ყაღი. Gრემედიმ სანთელიც გამოაძრო ჩანთიდან. Mმოიცა, მეთქი და ჩემი სასანთლე ამოვიღე, გავჭედე სკამებს შუა და მივაკარით სანთელი. გოდერძამ პლასტმასის ჭიქები მოგვიყარა და პატემ ჩამოასხა... დედა მოუააა! ღმერთისა, ცისა, ახალი წლისა, “თუშეთისა არა ვთქვათოოო?”... გვიქნევს და გვიქნევს, ერთ ყლუპს რო დავლევთ ხუთს თავზე ვისხამთ, წითელი მზის სხივები შემოვარდებიან, ილუმინატორის მინებში გადატყდებიან, ბევრ ფერად გაიელვებენ, გავარდებიან, ერთხელ ისე დაბნელდა - დედა მოუააა!!!- გვეგონა საიქიოში შევფრინდით. თან ეს სანთელი არ ქრება, დალივლივებს ეგრე. დამშვიდდა ვერტმფრენი. გოდერძამ, - “ერთი ათი წუთი მშვიდად ვიფრენთ, აბა, დროზე-დროზე, თითოც ჩამოასხითაო”, უცებ იმ პატარა გოგომ, ლალემ პატარა გარმონი არ ამოიღო ჩანთიდან? ეტყობა ძალიან ეშინოდა და გული უნდოდა გადაეყოლებინა. წავიდა თუშური სიმღერა, კი გვანჭყრევს ქარი, მაგრამ ისე არა რო თავზე დავიქციოთ არაყი და ლუკმა პირს ავაცილოთ, - “თუ ვკვდებით ესეო”, “...და მოოდ, სიყვარულს გუუმაჯოსაო”, “მოოდ, ესე სიკვდილს გუუმარჯოსაო”, “მოოდ, ვის სახლის ნანგრევებზე ჭინჭარ ამოსულიყოს- იმათაო”, “მოოდ, მეგობრობასაო, იახლ აქ რო დავრჩეთ ხო სამუდამო მეგობრებად დავრჩებითაო, ამ თოვლიან ხევხუვებშიო”,  “მოოდ, ჩვენს ოჯახებსაო, რო გველოდებიან ახალ წელს და რო არ იციან სადა ვართო”. Eეჰ, მამი-დედი, მელოდებით ნეტა? რა იცით სადა ვარ, ხო ინერვიულებდით, არა, გადაირეოდით ნერვიულობით. რამდენადაც პლასტმასის ჭიქებს მიჭახუნება შეუძლიათ, ისე ვუჭახუნებთ, “ქალაქელოო, მოოდ შენი ოჯახის თამადობით, ჩვენ ოჯახებს გაუმარჯოს, დედა დ მამა ხო ცოცხლებიო?”, “მააშ”- მეთქი, “ჰოად, მოოდ, იმათ გუუმაჯოსავ, ექეთ რო გამოგიშვეს და იახლ ნატრულობენ ეე, ქალაქელ კაც ჩახვალ თუ არაო?”, “თქვენი ოჯახების თამადობითა”- თქო, ვუპასუხე და გადავხუხეთ, მოვიტეხე პური, მივაყოლე ყველი და დედა მოუააა!!! აიქნია ისევ ვერტმფრენი, გადამცდა ნამცეცი, გოდერძამ, “აბა ერთიც გაუძელითაო დ მემრე გავძვრებითად ცერზეც დაგალევინებთაო, ღმერთისად ახალი წლისასაო”. იქნევს ვერტმფრენს. მე ვახველებ, კერე ზურგზი მირტყამს, ლალე მღერის აყირავებული, ჭიქები საიდან სად ცვივა, ვის კოტორი ხვდება, ვის პური, ვის ყაღი, ვის სხვისი ჩანთა, ვის საკუთარი. პატეს არყის სამლიტრიანი ჩაუბღუჯავს და ისეა გამაგრებული, არც ღელავს სითხე ქილაში. სანთელი, კიდე, ჩემს სასანთლეზე არ ქრება, მიქრი-მოქრის ალი.Dუცებ თითქოს დიდ ორმოში ჩავარდაო, ჩაიქნია ვერტმფრენი, გასწორდა და ერთ წამში დამშვიდდა. რაც ძირს ეგდო, ხო ეგდო და რაც ჰაერში იყო, სათითაოდ დაგვეყარა თავზე…- დედა მოუაააა!!! დაწყნარდა. “მორჩა” - გამოგვძახა გოდერძამ, - “იახლ მეც დამისხით, იერთ ცერზე დავლიოთად და მერე ათ წუთში ბარში დავჯდებითაო”. შეაწოდეს, - “ჩვენ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ესეთში მეორედ მოვხვდი ათი წლის განმავლობაშიო, თქვენი არ ვიცი მაგრამა, ბარში მეკი დამჭირდება ნიფხავის გამოცვლაო”. გადაჰაკრა არაყი და ვერტმფრენი ხევებიდან ნელნელა მაღლა აფრინდა, მიუახლოვდა ყველაზე მაღალი კლდის წვერს და გოდერძამ, - “ეს ბალღებო, ცერია, ემის ძირში რამდენჯერ გაგივლიათ მანქანითო?”. ქვემოთ მართლა ეტყობოდა, რომ მანქანის გზა იყო, ოღონდ თოვლით ძალიან დაფარული, ისე რო მიწის ერთი პატარა ლაქაც კი არ ჩანდა, ჩამავალი მზის სხივები უკვე ძალიან აწითლებდნენ თოვლს, აი სუულ წითელი თოვლი, გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ ლაქები, მე არ ვიცი ჩამავალი მზის სხივები მოყირჭებული სილამაზეა თუ რა? მაგრამ ეს მართლა ისეთი სილამაზე იყო, ხმა ჩაგვივარდა ყველას, “ეეეო! რას გაჩუმებულხართო, ბალღებოოო, ხუთი წუთი გვაქ დროოო... მეტს ვერ გავაჩერებო”. ვერტმფრენის კარი გაააღო გოდერძამ და თოკის კიბე გადააგდო, “ჩამაასხითო...” ვერტმფრენი გაჩერებულია ცაში, აი ეგრე ჰკიდია, პროპელერი ტრიალებს, მივასკდით კარებს, კაცები და რემედი “ღმერთის მადლ შაგვეწიოსავო, ახალ წელს გილოცავთოდ”, - თქვა გოდერძამ და ჩაუყვა და ცაეკიდა კიბეზე... მიარტყა ფეხი თოვლს, დატოვა პატარა კვალი, - გადაჰკრა, ამოვიდა არყით გაწუწული. გვწეწავს პროპელერის ქარი, არაყს წვეთებად გვასხავს სახეში. “თუშეთს გაუმაჯოსავოო, აბა ბედნიერი ახალი წელიო”, - ჩაეკიდა პატე, დაჰკრა ფეხი თოვლს, დაამჩნია კვალი. Eხლა მე ვდგევარ კარებში, ქარი მასხამს არრაყს, “აბა ჩვენ ოჯახებს გუუმაჯოსავ-მეთქი, მოვაქციე თუშურად, - ვინც გვაცილებსა და გველოდება დ და დამდეგი ახალი წელისათქო” - დავეშვი მე, ქარი ცივი ნემსებით მიჩხვლეტავს სახეს, თოვლს ფეხი დავადე, სადაც ჯერ არ იყო ფეხი დაკრული, ჩემი ნაფეხური დაეტყო და გადავკარი, - დედააა მოუააა!!! ნამქერმა ეგრევე გადაშალა ნაკვალევი, რაღაც გუგუნი გავიგე. U
უუჰ, შემცივდა, ვერტმფრენში დავჯექი, ჩამოვიბერტყე თოვლი, სახე სველი მაქვს, გაყინული. კერემ, - “სიყვარულისა იყოსაო, ყველაფრისაო - ქალისაო, მშობლისაო, ძმისაო, სამშობლოსიო, ბედნიერი ახალი წელიო” – ჩავიდა, ალბათ იმანაც დაჰკრა ფეხი. ამოვიდა. რემედიმ, - “მე არა, რეებს ლაპარაკობთ, კაცები ეყოფით ამ ამბავსაო”, გუგუნი გავიგეთ, გოდერძამ კარი მოხურა, საჭეს დაუჯდა, გადაიხედა - “ბალღებო გიიდიხედეთა, როგორი ზვავი წავიდაო”, ილუმინატორებს მივასკდით, ხევ-ხუვებში თოვლი ფერდებიდან ფენებად იშლებოდა და გუგუნით ქვემოთ მიდიოდა, საშიში და ლამაზი სანახავი იყო, მზე გადაცდა წვერებს, უკვე ლურჯი იყო ყველაფერი, აიწია ვერტმფრენი, ხუთ წუთში უკვე განათებულ სოფლებს ვხედავდით, საღამოს შვიდი საათი იყო.
მშვიდად მივფრინავდით, აჟიტირებულები ვიყავით. გამოვფხიზლებულვართ. თითოც დავასხით, გოდერძასაც შევაწოდეთ, სანთელი ისევ ენთო, არ ჩამქრალა. ბოლოსკენ იყო უკვე, სანთელ-საკმევლისა ვთქვით, სულაც ამან გადაგვარჩინაო. გაწელა გარმონი პატარა გოგომ, დედა მოუააა!!! სითბოსგან და სიყვარულისგან და რომანტიკისგან და ახალი წლისგან კინაღამ ავტირდი, რემედიმ ვერ გაუძლო და ცრემლები ჩამოყარა, - “რამე რო დაგვმართოდაო, რა გიჟები ვართ ეს ქართველები და ნამეტნავად თუშები, აბა ესეთ რამეს უცხოელები ხო ვერ იზამენო”, - ჩანთიდან სანთლების შეკვრა ამოიღო და თითო-თითო დაგვირიგა. მერე ერთიც დალევაც მოვასწარით, გოდერძამაც გადაკრა და კიდევ შევიბრუნეთ სიმთვრალე. 
ვერტმფრენი თელავის აეროპორტში დაჯდა. აეროპორტში ბევრი უცხოელი ტრიალებს, ტურისტები არიან ათი-თორმეტნი იქნებიან და მასპინძელი ჰყავთ ვიღაც პარტიული მუშაკი – ადმინისტრაციიდან - თვითონ ესე ეძახის თავისთავს, სახელი და გვარი არ თქვა, ადმინისტრაციიდან ვარო და მორჩა. ჩამოვბარგდით ჩამოვყარეთ ტვირთი ვერტმფრენიდან, უცხოელები და ადმინისტრაცია გახარებულები არიან, თბილისში მიფრინავენ. Mმე ტაქსისკენ წავედი, გოდერძამ დამინახა, - “ბალღოო, აბა საით მიდიხარ, ემათ რო სულ გადამივსონ ეს ფრინველი, მე შენ აქ დაგტოვებაოო?.. აბა, უკან ვერტალიოტში და შენი ხმა არ გავიგოო?!”, მე ჩანთა უკან შევაგდე, ადმინისტრაცია გოდერძასთან მივიდა ჩემსკენ გამოიხედე და რაღაცას ჰკითხა, გოდერძამ არც აცხელა არც აცია, - “ეგ ბალღი ჩემთან ერთად მთაში ცერზე იყო, თუ გინდაა ამ ბიჭს გამოვაყოლებ ემაგ შენ უცხოელებს, თუ არა და ეს ბიჭი თბილისში უნდა ჩავაფრინო და ემაგ შენ უცხოელებს თუ არ აწყობთ, ნუ წამოვლენო”. ადმინისტრაციას ხასიათი გაუფუჭდა, აიმრიზა, მთვრალი ხარო უთხრა გოდერძას, გიჩივლებო, - “ჰოდა, რახან მთვრალი ვარ, ფრენის უფლებაც არ მაქ, ამდენ ხალხ ვერ წავიყვან, აი, მთათუშეთის სკოლის მასწავლებელს კიდე აუცილებლად უნდა წავიყვანო, მთავრობის დავალებაა - თუშ ბალღებს ასწავლის... შენი სტუმრები რომელიმე ასწავლი თუშ ბალღებს? ძაან ძვირFასი პესონალია, განათლების მინისტრი ელოდება ახალწელს და კანონის დავარღვევა მიწევსო, ის თქვენი მოსამართლე კიდე ფრენა-ფრენით გამომეკიდოს ქალაქამდეო” - სიბრაზე დაეტყო გოდერძას. ადმინისტრაცია დაიბნა, ისე უტიფრად იტყუებოდა გოდერძა, მგონი დაიჯერა. “აბა, მე რა ვქნაო, ნაბრძანები მაქ ამათთან ქართველმა არავინ არ იმგზავროსო”, გოდერძამ კიდე, ბოდიშით და - “აი ამ ჩემ ყლესაო”, - მიახალა. “არ გინდა აგე ტაქსით წავალ, ფული მაქთქო” - ვთხოვე გოდერძას. ”ბალღოო, შენ ემანდ დეეტიე, თორე ვიტყვი, რო მასწავლებელი ცერებზე ლოთობსად, სვამსაო... თან კიდე პრინციპის ამბავია, გიგეე, ემათ მთის პატივისცემა ვერ ვასწავლეო?!” - დამტუქსა, გამეცინა. ადმინისტრაციასთან მივედი, დალაპარაკება მინდა, უცებ საიდანღაც გამოჩნდა კერე, გამწია, ინჟინერი კაცი იყო, განათლებული, - “თქვენ ხო არაფერი გეშლებათ, წამო ეხლა მე დავრეკამ შენ ხელმძღვანელობასთან, გავერკვევი სტუმრების გამო ესეთ სპეციალისტს, ქართული მთისთვის თავგანწირულს ქუჩაში ახალ წელს როგორ ტოვებთო?” ადმინისტრაცია დაიბნა, თან სჯერა ჩემი მნიშვნელობის, თან არა. Mმოვიდა რემედი, - “ხო გითხარით, ბალღებო, ამას უცხოელები ვერ გაიგებენ და არც ქართველები არ აფასებენო”, - გადაირია ადმინისტრაცია, ნერვიული ლაპარაკი დაიწყო ხმამაღლა. უცხოელები დაინტერესდნენ, რა ხდებაო, პოლონელები აღმოჩნდნენ, რუსულად ლაპარაკობდნენ, ადგა პატემ და როგორც რუსეთში ნაცხოვრებმა და კარგად მოლაპარაკემ, აუხსნა, აი, თქვენი გულისთვის ასეთიდაასეთი კაცი თბილისში არ მიჰყავს ადმინისტრაციასო. ადგნენ ეს პოლონელები და ჩამოზიდეს ბარგი, არც ჩვენ მივფრინავთ მაშინო. ატირდა ადმინისტრაცია, ოღონდ მართლა ატირდა, ეს არავინ გაიგოს და წადით, გაფრინდითო. გოდერძა მივიდა, ცხვირი ცხვირთან მიუტანა და ხმამაღლა უთხრა: ”ბალღო, არ გინდოდა რძე და ყველიო- და გაგრძელება ყურში უჩურჩულა. ადმინისტრაცია გაცხარდა. არა, გაწიწმატდა და გაიქცა.
ავედით ვერტმფრენში, კერეს, პატეს და რემედის დავემშვიდობე, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს, რემედიმ კიდევ ერთხელ იტირა, ლალემაც. ჩვენ კაცურად შევიკავეთ თავი. მერე კაი ორი საათი ველოდეთ საწვავის ჩასხმას, გოდერძამ წაძინებაც კი მოასწრო და სტუმრებიანად და ჩემიანად აფრინდა.
თბილისში ნახევარ საათში წუთში დავფრინდით, პოლონელები მოწიწებით მექცეოდნენ, სამლიტრიანში დარჩენილი იყო არაყი და გოდერძამ და მე შევთავაზეთ - აქაური ტრადიციაა, ცაში თუ ხარ უნდა დალიოო და არცერთს ოდნავი უარიც არ უთქვამს, წამში თორმეტი ტურისტული ჭიქა სამლიტრიანის პირას მოდგეს, ცოტ-ცოტა განაწილდა. რაღაცა დაიძახეს პოლონურად, მერე მკითხეს გილოცავთ ახალ წელს როგორ იქნება ქართულადო, რო ვუთხარი, იწვალეს, იწვალეს და არჩიეს მარტო “გილოცავთ” ეყვირათ. კარგად გამოუვიდათ - გილოოოცავთ!!! და თბილისშიც დავჯექით. იმათ მანქანა დახვდათ, მე კიდე გოდერძა გადამეხვია: “ხო იცი ბალღო უკვე ძმადნაფიცები ვართ, ცერზე ერთად ვართ ნადგომიო” - დავემშვიდობე და გამოვედი აეროპორტის წინ, ვაააჰ, თბილისი, დედა მოუააა!!!
ტაქსის მძღოლებს ფასები გაეორმაგებინათ, ახალი წლის წინ იციან ამათ, მაგრამ რა იცოდნენ რომ მე ჯიბაში ფული მქონდა. მივედი ერთთან, ისეთი თანხა მითხრა, გაორმაგებულზეც კი გვარიანად ბევრი იყო: ”რა შემამჩნიე ეგეთი რო, ადვილად მომატყუებ მეთქი... შენ ბიჭო რაღაცა შეგეშალა ეტყობა და აბა კარგად იყავითქი”, “რამდენს გადაიხდიო, ჩვეულებრივი თანხა ვუთხარი”, “ვიცი აქედან რა ღირს ვიციო, კარგიო რააოო, ჩემი დედა მოვტყანო...” - დედა მოუუუააა!!! რამდენი ხანია არ გამიგია ესეთი ლაპარაკი, თუშები ჰა-ჰა “შენი” თქვან, თორე “ჩემი დედაო” აბა როგორ იტყვიან, პირველად, რომ ჩავედი, სუფრაზე, პირდაპირ, როგორც მთას შეეფერება, მომახალეს: “შენც ისეთი ხო არ ხარ, აქ იყო ერთიო, სულ ჩემი დედას იძახდაო... საკუთარ დედასაო, კაცო... და გაგვიკვირდა კია, მაგრამა ჩვენც უთხარით, შენი დედაო...…ეწყინაო, ესეც გაგვიკვვირდაო... თითონ თუ აგინებს, ჩვენგან რა ეწყინაო, გეგვებღინძაო და მოგვაგინაოდ, შემოგვებერტყაო... იმი დუხი აღარ გვინახამსო”. Mმართლა დიდი ხანი აღარ გამეგონა და გადავეჩვიე, ალიყურივით მომხვდა ყურში. Hსად გავჩერდი? ამ ტაქსის მძღოლმა: ”ჩემი დედა მოვტყან, ორმაგ ფასში მიჰყავთ ამ ახალი წლის წინ და მოდი, რაც საერთოდ ღირს, იმის ნახევარი მაინც დაამატე და წავედითო”. უკვე ღამის ღამის თერთმეტის ნახევარია,  ჩავბარგდი და წავედით.
დაიწყო საუბრები ტაქსური, უცნაური მძღოლი იყო: ვიცი ორინსტიტუტდამთავრებული; ვიცი ნაციხრები; “ცეხები”, რომ ჰქონდა რუსეთში -ესეთებიც ვიცი; ორი ცოლი რომ ყავს და სამი საყვარელი ისეთიც; ვიცი საშინელი მექალთანეები დეტალურად, რომ ყვებიან ერთი საათის წინ, როგორ უთხრა ქალმა რომ ფული არ აქვს და როგორც უნდა ისე მოემსახურება და როგორ მოემსახურა; ისეთებიც ვიცი, რომ ჩაუჯდნენ, დასაყაჩაღებლად და ისეთები ქნა იარაღიანებთან, რომ ვინ სად გარბოდა ვერ დაინახა; ისეთებიც კარბურატორმა რომ გაუჭედა, ხელოსანმა რო მოატყუა და რომ მერე, შეუსრულა იმ ხელოსანს. მაგრამ ესეთი პირველად შემხვდა, მეტყობა დიდი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ, გადავეჩვიე: ყველაფერს ასე იწყებდა,-“... ამ ახალ წელს, ჩემი დედა მოვტყან, ეხლა იმას ვეჯექი, სერიალი როა იზაურა, უყურებ, ჩემი დედა მოვტყან? ის ნაგლი ხუანი ჩემი დედა მოვტყან... გინებასაც კი ვიგებდი მაგრამ, ვინ იზაურა, ვინ ხუანი, რატო? ვერაფრით ვერ მივხვდი. “ეგ რო იწყება, ქალაქში ქრება კლიენტი, ჩემი დედა მოვტყან” - ბრაზდებოდა. ვიღაცის გამო კლიენტი რო ქრება, წესით ან იმ ვიღაცას აგინებ, ან კლიენტს, არა, ეს დაჟინებით საკუთარ დედას აგინებდა. ნეტა როგორი დედა ჰყავს, გამიელვა თავში აზრმა და წარმოვიდგინე: ეხლა ეს სადღაც ოცდაათი წლის იქნება, დედამისი, კავკასიური საზომებით, სულ ცოტა, ორმოცდაცხრა-ორმოცდაცამეტის მაინც უნდა იყოს. არაა, მე არა, თვითონ მიხედოს დედამისს, ნამეტანია. ბევრი მელაპარა ამ იზაურაზე, ვერაფრით მივხვდი რაზე იყო საუბარი, თან მუდმივად ინცესტის აკომპანიმენტით…და მე ერთხელაც არ ამომსკოდომია აღფრთოვანება - დედა მოუააა!!! Aაი, ერთხელაც.
როგორც იქნა მივაღწიეთ ჩემს სახლს. აეროპორტი ქალაქის ერთ ბოლოშია, ჩემი სახლი მეორე ბოლოში, თითქმის ერთი საათი მოვუნდით, უკვე ოცი წუთი იყო თორმეტის, გადავუხადე საახალწლო დანამატით და დამდეგს მეთქი, იმანაც, დამდეგს გილოცავო და კიდევ ერთხელ ასიამოვნა დედამისი. დაძრა, მოიცა-მეთქი გავაჩერე: “კაცურად, იზაურა ვინ არის?” - ვკითხე. 
იზაურა არის რევოლუციონერი, ღარიბი-ღატაკი ბრაზილიელი გოგო, ფაზენდაზე მონა, რომელიც გაუბედურებულ ქვეყნებში ჩადის და ასწავლის როგორ უნდა იყო ბედნიერი, როცა ხარ უბედური, და იმ ქვეყნების ქალებიც და კაცებიც სხვისი ბედნიერი ცხოვრებით ხდებიან ბედნიერები, როცა არიან უბედურები, აი ესე ყოველდღე უყურებ ტელევიზორში ამ საწყალი გოგოს ცხოვრებას, როგორი უბედურია შენნაირი ფაზენდის მონა და მერე როგორ ბედნიერდება ისე, რომ შენც გგონია, რომ შენც  ბედნიერდები და მერე უიმისოდ აღარ შეგიძლია, იმიტომ რომ ერთხელაც ხო შეიძლება შენ იყო ისეთი ბედნიერი. Aაი, სულ ცოტა გაკლდება ამ ბედნიერებისთვის და იქნებ იზაურასნაირმა გოგოებმა გასწავლონ, ზიხარ და ყოველდღე უყურებ ტელევიზორს, ის კი არა ელოდები ყოველდღე, როდის გამოჩნდება, ანუ ჩემი ტაქსის მძღოლის ლექსიკით რომ გითხრათ: ”ჩემი დედა მოვტყან, მთელი ქვეყანა შეჯდა რა, კაი მორფინისტივით ტოო, ბებიაჩემი დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და, ჩემი დედა მოვტყან მეც ვუზივარ, მაგრა მაინტერესებს ის თესლი ხუანი რას იჩალიჩებს... ბიჭო და შენ ვის მხარეზე ხარ, მამამისი ხო უფრო კაი ტიპია, ჩემი დედა მოვტყან, თან ქალია რა, უნდა მოუყომაროო...”, მე რა თქმა უნდა ვერ უთხარი ვის მხარეზე ვარ და ყურადრებით ვუსმენდი და გულში ვფიქრობდი, რომ მართლა ამის დედაც... და ჩემ სახლთან მივედით, ფული გადავუხადე როგორც ვთქვი, ახალი წელი მომილოცა და დედამისი კიდევ ერთხელ ასიამოვნა, რომ მიდიოდა გავაჩერე და ვკითხე: “იზაურა ვინ არის?”.
პასუხი: “რააა, ჩემი დედა მოვტყან? არ გინახავს ტოოო... აბა ...მოიცა, მაგოიმებდი ჩემი დედა მოვტყან... მეღადავები ბრატ?” -  სიჩქარის ბერკეტი აგრესიულად გადაწიე და ღმუილით დაძრა მანქანა.
მერე კი გავიგე პირველი ბრაზილიური საპნის ოპერის გამაოგნებელი ამბები საქართველოში, მაგრამ მართლა ხო არ ვიცოდი და რა ვქნა, გავაბრაზე მძღოლი.
უკვე თორმეტის ოცი წუთია, ახალი წელია, ჩემი სახლის სადარბაზოსთან ვდგევარ, დედა მოუააა!!! სახლში ვარ, ცივა მაგრამ ერთი იდეა მომივიდა, სასანთლე ამოვიღე, წამოყოლილი სანთელი დავამაგრე და ჩემი კორპუსის წინ სიბნელეში დავჯექი, შემთხვევით გამოვლილ მეზობელს რომ არ დავენახე ამ ახალი წლის წინ, ან სულაც მამაჩემს, დედაჩემს ან ჩემს ძმას, ხომ შეიძლება მაღაზიაში არიან გასული ამ ახალი წლის წინ, ან ნაძვის ტოტის მოსატანად. სიურპრიზს ვუმზადებდი, ხომ ვიცი ყური და თვალი კარისკენ აქვთ. ჩამოვალ თუ არა? თავისთვის ნერვიულობს ოთხივე, მე კი უკვე აქ ვარ. აი ასე, მეღიმება თვითკმაყოფილს. დრო ნელა გადის, ცოტა კი შემცივდა მაგრამ ღირს. თან ამ ახალ წელს არ ცივა, მაგრამ მაიც ზამთარია. დაველოდები და გახდება თუ არა ახალი წელი, ატყდება თუ არა შედლუხების გრუხუნი და იმედი გადაეწურებათ თუ არა, ეგრევე ზარს დავრეკავ. დედაა მოუააა!!!
უკვე 25 წუთი უკლია ახალი წლის დადგომას. ვიღაცეები მოვიდნენ, ესენი ჩემს ზემოთ ცხოვრობენ, დატვირთულები არიან - მამა და უფროსი შვილი, ლიფტით არიხინდნენ. ფანჯრიდან ისმის ცნიბილი საახალწლო ფილმის ხმა. თხუთმეტი წუთი რომ დააკლდება, დაიწყება საინფორმაციო გადაცემა “მოამბე” და დაიწყებენ მოყოლას, როგორი წარმატებული მშრომელები ვართ და როგორ ვჯობნით დანარჩენ მსოფლიოს. ეს ჩემი მილიციელი მეზობელია, მეცხრეზე ცხოვრობს, ყველაზე გამძღარი მეზობელი ჩემს სამეზობლოში, დიდი თანამდებობის კეთილნაზარდი მილიციონერია, მეზობლებს ეხმარება ხოლმე და თვითონვე ავრცელებს ჭორებს როგორი პატიოსანი სამართალდამცველია. ზუსტად ათი წუთი ალაგებენ ის და მისი მძღოლი მანქანიდან ფუთებს.  ფანჯრიდან საინფორმაციოს დაწყების მუსიკა ისმის, თხუთმეტი წუთი უკლია ახალი წლის დადგომას, ეს უბედური მძღოლი თავქუდმოგლეჯილი უნდა გაიქცეს თავის სახლში. Eეგრეც ქნა, აჰყვა მეცხრე სართულზე თავის უფროსს, ჩამოვიდა უკან სამ წუთში, ჩახტა მანქანაში და ისე დაძრა მანქანა, მტვერი კაი ხანი იფანტებოდა. კეთილნაზარდი პოლიციელის ოჯახი კი სახლში შეხვდება ახალ წელს და მერე ისევ გამოიძახებენ ამ უბედურს, რომ წაიყვან-წამოიყვანოს, აბა, ხომ უნდა დალიოს ამ პატივცემულმა გვამმა.
უი, ლიკა, ეს გოგო ორი წლის წინ მიყვარდა. ჩემსიმაღლე ვარდები მივართვი ერთხელ. ეხლა ეტყობა მეგობრებთან იყო და სახლში მიდის, რომ მშობლებთან ერთად შეხვდეს ახალ წელს, მერე ისევ უკან დაბრუნდება. მგონი ცოტა ეხლაც მიყვარს, ისეთი თვალები აქვს და ისეთი... შეყვარებულზე ნეტა იძახიან კარგი ძუძუები აქვს და ტრაკიო? Mმე მეგობრებთან ვერ ვიძახი, არადა მართლა კარგი ტრაკი და ძუძუები აქვს. ბაათქ! გაისმა პირველი ნაადრევი შედლუხის ხმა, მერე კიდე, მერე კიდე.…აი, ტელევიზორიდან გაისმა საახალწლო ზარების და გონგების ხმა, - გილოცავთ ახალ წელს!! Dდედა მოუააა!!! მთელი ცა გაშედლიხებულია,…ანათებს ყველაფერი, ამოვიღე ჩანთიდან სასანთლე, მივაკარი რემედის ნაჩუქარი სანთელი, ავედი ხუთი სართული, მოვუკიდე სანთელს. შიგნიდან ჟრიამული ისმის, - დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი ძმა - და ზარი დავრეკე, ვდგევარ ეგრე, ახალი ჩამოსული მთიდან, დილიდან ნაარყალ- დაპურებული, ნაფრენ-ნაზვავარი, შეშინებულ-აჟიტირებული, ხან უცხოელებს ადმინისტრაციას და ხან ტაქსის მძღოლს გადარჩენილი. ნაიზაურალი, დაღლილი, რომანტიულად სანთელ-სასანთლით ხელში. ვიღიმი. კარებთან ხმაური ატყდა. დედაჩემი: აი, აი მოვიდა, ხო ვამბობდი! მამაჩემი: მოვიდა არა ისა, შობელძაღლი... რა უნდა ეხლა?! ჩემი ძმის წამოძახილი, ბებიაჩემის ამოკვნესა.Kკარს აღებენ, ვდგევარ, ბედნიერად გაღრეჭილი, - გილოცავ! - ვეუბნები, სანთელი ლიცლიცებს, დედაჩემის გაბადრული სახე, ცრემლი. ბებიაჩემმა, - შვილოო!, ჩემმა ძმამ, - ეეო, როგორ მოახერხეო?! 
მამაჩემმა მიყურა, მიყურა, მე კიდე მთელი ჩემი გამომეტყველებით ვეუბნები - აი როგორი ამაღლებული და რომანტიული ვარ-თქო, დააფასე-თქო.  ჯერ ჩაიცინა, თან გაბრაზდა და: უუხ, შენი დედა მოვტყან შენი - მაჯახა, - შემოეთრიე.
დედაა მოუააა!!!
 
2014
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE