ენეიდა (მესამე სიმღერა)


ენეიდა (მესამე სიმღერა)




1-18 ენეასი თრაკიაში ჩადის; 19-68 პოლიდოროსის საფლავი; 69-120 ტროელები მიაღწევენ დელოსს; 121-171 შავი ჭირი და ხილვა; 172-208 ტროელები ტოვებენ კრეტას და მიიწევენ იტალიისკენ; 209-277 ჰარპიები; 278-293 თამაშები აქტიუმზე; 294-355 ანდრომაქე ქაონიაში; 356-462 ჰელენოსის წინასწარმეტყველება; 463-505 წამოსვლა ქაონიიდან; 506-547 იტალიის გამოჩენა; 548-587 სიცილიასთან მიახლოება; 588-654 აქემენიდები; 655-691 პოლიფემუსი; 692-718 ანქისესის სიკვდილი

 

მას შემდეგ, რაც უზენაესმა ღმერთებმა აზიის დაქცევა, პრიამოსის უდანაშაულო ხალხის დაცემა და ამაყი ილიონის დამხობა იხილეს, როდესაც ნეპტუნუსის მთელი ტროა დაიწვა, როდესაც დევნილობისა და დაუსახლებელი მიწების ძებნისკენ რამდენჯერმე მოგვიხმო ღმერთების წინასწარმეტყველებამ, ფლოტის აგება დავიწყეთ ანტანდროსის[1] მახლობლად, ფრიგიული იდის მთის ძირას, თუმცა არ ვიცოდით, სად წაგვიყვანდა ბედი და სად მოგვეცემოდა დაბინავების უფლება. თავი მოვუყარეთ უკანასკნელ ძალებს. როგორც კი დადგა გაზაფხული, მამა ანქისესმა ბრძანა, ბედისთვის მიგვენდო იალქნები; [10] თვალცრემლიანმა დავტოვე მშობლიური ნაპირები, ნავსაყუდელი და მინდვრები, სადაც ოდესღაც ტროა იყო. დევნილი გავხდი და ზღვას მივენდე თანამგზავრებთან, შვილთან, პენატებთან და დიდ ღმერთებთან ერთად.

                შორს არის მარსისადმი მიძღვნილი, თრაკიელებით დასახლებული ვრცელი მხარე, რომელიც ოდესღაც დაუმორჩილებია სასტიკ ლიკურგოსს, ტროის ძველ მეგობარსა და, სანამ ბედი გვწყალობდა, პენატების თანამებრძოლს. იქ მივედი და რკალისებრ ნაპირზე, ბედის მუხთლობის მიუხედავად, ჩემი პირველი ქალაქი ავაგე და მას ჩემი სახელი, ენეადა, დავარქვი. დედაჩემს, წმინდა დიონეასა[2] და ღმერთებს [20] საქმის დასაწყებად მსხვერპლი გავუმზადე; ზეცის ბინადართა უზენაეს მეუფეს მსუქან ხარს ვწირავდი სანაპიროზე. შემთხვევით, ახლოს აღმოჩნდა ბორცვი, რომელიც დაფარული იყო შინდის ბუჩქებითა და ხშირბუსუსიანი მურტის ტოტებით. მივუახლოვდი და როდესაც ვცადე, მიწიდან ამომეთხარა ბუჩქი, რომ ფოთლოვანი ტოტებით მომერთო საკურთხეველი, საშინელი და სათქმელად საოცარი სასწაული ვიხილე: როგორც კი მიწიდან ძირფესვიანად ამოვთხარე პირველი ბუჩქი, მუქი სისხლის წვეთები დაიღვარა და მიწა მოითხვარა ირგვლივ. ცივი ძრწოლა დამეუფლა [30] მთელ სხეულში და შიშისგან სისხლი გამეყინა. ისევ ვცდილობ სხვა დრეკადი წკნელის ამოთხრას და ღრმად დაფარული საიდუმლოს ამოხსნას; ისევ და ისევ მოწვეთავს ტოტის კანიდან სისხლი. სრულად შეძრული სულით მივმართე ველურ ნიმფებსა და მამა გრადივუსს, რომელიც გეტების ყანებს[3] მფარველობს, რომ წესების დაცვით დაგვხმარებოდა და ამ ხილვის ნიშანი შეემსუბუქებინა; მაგრამ როდესაც მესამე რტოს დავეჭიდე მეტი ძალით, ქვიშას კი მუხლით დავეყრდენი — ვთქვა თუ დავდუმდე? — ბორცვის სიღრმიდან [40] საბრალო ოხვრა გაისმა და ეს ხმა მისწვდა ჩვენს სმენას:

                „რატომ მაწამებ საბრალოს, ენეას? დამინდე დაკრძალული; არ წაიბილწო ღვთისნიერი ხელები; უცხო არ ვარ შენთვის: ტროამ მშვა მეც, ეს სისხლიც ღეროდან არ მოდის. ჰეი, გაიქეცი ამ სასტიკი მიწიდან, გაექეცი ამ ხარბ სანაპიროს, რადგან მე პოლიდოროსი ვარ. აქ რკინის შუბების სიმრავლემ დაფარა ჩემი სხეული და ამოიზარდა ბასრი შუბები.“

                მაშინ, მართლაც, ჩემს სულს ცივი შიში დაეუფლა და გავშეშდი, თმები ყალყზე დამიდგა და ხმა ჩამიწყდა. ეს პოლიდოროსი ოქროს უზარმაზარი მარაგით [50] უბედურმა პრიამოსმა მალულად გაგზავნა თრაკიის მეფესთან[4], როდესაც დარდანელების იარაღის იმედი დაკარგა და ალყაშემორტყმული ქალაქი დაინახა. მან კი, როდესაც ტევკრების ძალა დაეცა და ბედმა ზურგი შეგვაქცია, ღვთაებრივი კანონი დაარღვია, აგამემნონისა და გამარჯვებული ლაშქრის მხარე დაიჭირა; პოლიდოროსი აკუწა და მის ოქროს ძალით დაეუფლა. რას არ გააკეთებინებს მოკვდავის გულს ოქროს წყეული შიმშილი!

როდესაც შიშს თავი დავაღწიე, ამ ღვთაებრივი ხილვის ამბავი უპირველესად მამასა და ხალხის მეთაურებს ვამცნე და ვკითხე, რა აზრი ჰქონდათ ამაზე. [60] ყველა ერთსულოვანია, ეს წაბილწული მიწა, რომელმაც სტუმართმოყვარეობის წესი შებღალა, დავტოვოთ და ფლოტი სამხრეთის ქარებს მივანდოთ. ასე რომ, ხელახლა დავკრძალეთ პოლიდოროსი, ვეება ყორღანი აღვმართეთ, მანებს[5] აღვუმართეთ მუქი სახვევითა და შავი კვიპაროსით მორთული საკურთხევლები[6] და ირგვლივ დავუყენეთ ილიონელი ქალები, წესისამებრ გაშლილი თმებით; თასებით მოგვაქვს აქაფებული თბილი რძე და ჭურჭლით შესაწირავის სისხლი[7], სულს კი საფლავში ვმარხავთ და მაღალი ხმით ვაცილებთ უკანასკნელ გზაზე.

როგორც კი ისევ მივენდეთ ზღვას, ქარებმა [70] წყნარი ზღვა გვაჩუქეს და რბილი ავსტერი[8] მოიხმეს სიღრმიდან, წყალში ჩაუშვეს თანამგზავრებმა ხომალდები და ნაპირზე თავი მოიყარეს; მივატოვეთ ნავსაყუდელი, უკან გვრჩება მიწები და ქალაქები.

შუა ზღვაში წევს წმინდა კუნძული[9], რომელიც ძვირფასია ნერეისების დედისათვის და ეგევსის ნეპტუნუსისთვის, რომელიც ნაპირების გასწვრივ დიდხანს მოძრაობდა, სანამ ღვთისმოსავმა მშვილდოსანმა არ დაუკავშირა მაღალ მიკონოსსა და გიაროსს[10] და უძრავი არ გახადა, დაასახლა და ქარები არად ჩააგდებინა. იქით გავეშურეთ; მან დაღლილები მიგვიღო მშვიდობიანად თავის წყნარ ნავსაყუდელში; ჩამოვედით, რომ პატივი მიგვეგო აპოლონის ქალაქისათვის. [80] ანიუსი, მათი მეფე, და სხივოსნის ქურუმი, სარქველითა და წმინდა დაფნის გვირგვინით შემკული, დაგვხვდა; თავისი მეგობარი, მოხუცი ანქისესი იცნო. მისასალმებლად ხელი ჩამოგვართვა და სასახლეში შეგვიძღვა. პატივი მივაგე ღვთის უძველესი ლოდებით ნაგებ ტაძარს.

„მოგვეცი საკუთარი სახლი, თიმბრელო[11], მოგვეცი გალავანი, დაქანცულ მოდგმას აგვაგებინე გამძლე ქალაქი, დაიცავი ტროის ახალი პერგამოსი, რაც გადაურჩა დანაელებსა და დაუნდობელ აქილევსს. ვის გავყვეთ? სად წასვლას გვიბრძანებ? სად დავმკვიდრდეთ? მოგვეცი, მამა, ნიშანი, ჩვენს სულებში შემოაღწიე.“

[90] ეს ვთქვი თუ არა, ყველაფერი თითქოს აცახცახდა უეცრად, შეიძრა ღვთის ზღურბლი და დაფნის გვირგვინი, შექანდა მთელი მთა ირგვლივ და აგუგუნდა წმინდა ადგილი და სამფეხა; მიწაზე დავემხეთ ყველა და ხმა მოსწვდა ჩვენს სმენას:

„მტკიცე დარდანელებო, რომელ მიწაზეც გაჩნდნენ თავიდან თქვენი წინაპრები, [95] ისევ იქ დაბრუნებულებს მიგიღებთ იგი. მოძებნეთ ძველი დედა[12]. ეს იქნება ყველა ნაპირის მბრძანებელი ენეასის, მისი შვილების, შვილთაშვილებისა და მათგან შობილების სახლი.“

ეს ბრძანა სხივოსანმა; აღიძრა სიხარულის ყიჟინა, შეზავებული გაუგებრობასთან; [100] მაინც სად არის ის ქალაქი, რომელსაც უნდა მივაშუროთ, საით მოგვიწოდებს სხივოსანი და სად დაბრუნებას გვიბრძანებს. მაშინ მამამ ძველი კაცების გადმოცემა გაიხსენა და თქვა:

„მისმინეთ, მეთაურებო, გაიგეთ, რისი იმედი შეიძლება გქონდეთ: ზღვის შუაგულში არის სახელოვანი კრეტა, დიდი იუპიტერის კუნძული[13], იქ არის იდის მთა[14], ჩვენი მოდგმის აკვანი. ასი დასახლებული ქალაქი და უმდიდრესი სამეფოებია იქ; ჩვენი უდიდესი წინაპარი იქიდანაა, თუ სწორად მახსოვს გადმოცემა — ტევკროსი რეტეუმის ნაპირებს[15] პირველად იქიდან მოადგა და იქ ისურვა სამეფოს დაარსება. ჯერ კიდევ არ არსებობდა ილიონი და [110] პერგამოსის ციხესიმაგრე, ხალხი ჯერაც ბარში ცხოვრობდა. იქიდანაა დედა კიბელეს კულტი და კორიბასების სპილენძი[16], იდის ჭალა; მისი რიტუალების წმინდა დუმილი[17] და დედოფლის ეტლში შებმული ლომები[18]. მაშ, წავედით, მივყვეთ ღმერთების ნებას; ქარების გული მოვიგოთ და გავეშუროთ კნოსოსის სამეფოში[19]. შორს არ არის ჩვენი გზიდან; თუკი იუპიტერის ნება იქნა, მესამე განთიადს კრეტის ნაპირთან შევხვდებით.“

ასე ბრძანა, ღირსეული პატივი მიაგო საკურთხევლებს: ნეპტუნუსს ხარი, შენც ხარი, მშვენიერო აპოლონ, [120] შავი ცხვარი ავდარს და თეთრი — ზურგქარის ძეფიროსს.

ხმა მოვიდა, რომ გააძევეს და მამისეული სამეფო დაატოვებინეს მეთაურ იდომენევსს[20] და ახლა უპატრონოა კრეტის სანაპირო, სახლები დაცარიელებულია და მიტოვებული სავანეები ახალ ბატონს ელოდება. ვტოვებთ ორტიგიის[21] ნავსაყუდელს, ზღვით მივისწრაფვით ბაკხი ქალების თაყვანსაცემი ნაქსოსის[22] ქედების, მწვანე დონისას[23], ოლეაროსის, თოვლივით თეთრი პაროსის[24], ზღვაში განთესილი კიკლადების ხშირი კუნძულების[25] გავლით. მეზღვაურების ყვირილის ხმა ერევა ნიჩბების მოსმის ხმას; თანამგზავრები გაიძახიან: „კრეტაში წინაპრებთან მივფრინავთ!“ [130] ქარი აღიძრა, აფრებს დაეხმარა, და გზას დაგვაყენა. მალე მივადექით ძველი კურეტების[26] ნაპირებს. დაუყოვნებლივ ვიწყებ სასურველი ქალაქის გალავნის აგებას, პერგამონს ვარქმევ და ამ სახელით ბედნიერ ხალხს მოვუწოდებ, უყვარდეს კერა და ამაგრებდეს ციხესიმაგრეს.

ჩვენი ხომალდები უკვე ამოტანილი იყო მშრალ ნაპირზე; ახალგაზრდობა ქორწილებითა და ახალი ყანების დამუშავებით იყო გართული; სახლებს ვანაწილებდი და კანონებს ვადგენდი, მაგრამ მოულოდნელად ზეცის რომელიღაც სნეული მხრიდან მოვიდა აუტანელი ჭირი, რომელიც მოედო ხალხს, ხეებს, ნათესებს და სასიკვდილო ხანა მოგვიტანა. [140] ტკბილ სულს ეთხოვებოდნენ ან დაათრევდნენ სნეულ სხეულებს; სირიოსმა[27] გააჩანაგა ყანები; გამოშრა ბალახი, დაავადებული ნათესი ნაყოფს აღარ იძლეოდა. მამაჩემმა ზღვით ისევ ორტიგიაში დაბრუნება და სხივოსნისთვის წინასწარმეტყველების გამოკითხვა და შენდობის თხოვნა გვიბრძანა; უნდა გვეკითხა, სად დასრულდებოდა დაქანცულთა ხეტიალი, სად გვიბრძანებდა, ტანჯვა და დევნილობა დაგვესრულებინა, საით გაგვეგნო გზა.

ღამე იყო და მიწიერ არსებებს ძილი მოერია; ღმერთების წმინდა ქანდაკებები, ფრიგიული პენატები, რომლებიც ალმოდებული ქალაქიდან, ტროიდან, ჩემთან ერთად [150] გამოვიტანე, მეწვივნენ, თავთან დამიდგნენ ძილში, დიდი სინათლით გაბრწყინებულნი, სავსე მთვარის შუქი სარკმლიდან ეცემოდა მათ; მაშინ ეს ბრძანეს და თავიანთი სიტყვებით საზრუნავი გამიფანტეს:

„რასაც ორტიგიაში ჩასულს გეტყვის აპოლონი, აქ გიმღერის ახლა, მან გამოგვგზავნა შენს ზღრუბლთან. ჩვენ შენ და შენს იარაღს ცეცხლმოდებული დარდანიიდან მოვყვებით, ჩვენ შენთან ერთად გადმოვლახეთ გემებით ზღვის ტალღები, შენს შთამომავლებს ცამდე განვადიდებთ, იმპერიასა და ქალაქს მოგცემთ: შენ დიდი გალავნისა [160] და ხანგრძლივი დევნილობისთვის მოემზადე, არ მიატოვო გარჯა. საცხოვრისი უნდა გამოიცვალო: ეს ნაპირი არ ურჩევია შენთვის დელოსელს[28], კრეტაზე დასახლება არ უბრძანებია აპოლონს. არის ადგილი, რომელსაც ბერძნები ჰესპერიის სახელით მოიხმობენ, ძველი მიწა, იარაღით მძლავრი და ნაყოფიერი ნიადაგით; იქ სახლობდნენ ენოტრები, ახლა ახალი თაობა იტალიას უხმობს მოდგმის წინამძღოლის სახელის მიხედვით. ესაა თქვენი კუთვნილი სამკვიდრო, იქიდანაა დარდანოსი წარმოშობით და მამა იასიოსი[29], ჩვენი მოდგმის მამამთავრები. ადექი და ეს სიმართლე მხიარულად უთხარი მხცოვან მამას, [170] ყოველგვარი ყოყმანის გარეშე: კორითუსი და ავსონია ეძებოს; დიქტეს ყანებს[30] კი არ გაძლევს იუპიტერი.“

გამაოგნა ამ სანახაობამ და ღმერთების ხმამ — ეს ზმანება არ იყო, პირისპირ ვხედავდი მათს გამომეტყველებას, დაწნულ თმებსა და ცოცხალ სახეებს; ყინულოვანი ოფლი მოედო მთელ სხეულს, ლოგინიდან წამოვდექი, ხელები გავიწოდე ცისკენ და საკურთხეველს წმინდა საჩუქრები აღვუთქვი[31]. როგორც კი წესი აღვასრულე, ყველაფერი ანქისესს დაწვრილებითა და მიყოლებით გადავეცი. [180] იგი ჩასწვდა ჩვენი წარმომავლობის ორმაგობასაც, ორ წინაპარსაცა და იმასაც, რომ ძველი ადგილის დასახელებისას მან შეცდომა დაუშვა. შემდეგ ბრძანა: „შვილო, ილიონის ბედით დევნილო, მხოლოდ კასანდრამ მიწინასწარმეტყველა ასეთი ხვედრი. ახლა ვიხსენებ, რომ იგი ამას წინასწარმეტყველებდა ჩვენს მოდგმაზე და ხშირად ახსენებდა ჰესპერიასა და იტალიის სამეფოს; მაგრამ რომელი ტევკრი წავიდოდა ჰესპერიის ნაპირებისკენ, ვინ დაუჯერებდა მისან კასანდრას? მივენდოთ სხივოსანს, მისი რჩევით საუკეთესო გზას დავადგებით.“

ეს თქვა და ყველანი ერთად დავეთანხმეთ ყიჟინით. [190] ასე დავტოვეთ სამკვიდრო, ცოტა ხალხი დავტოვეთ, იალქნები გავშალეთ და ვრცელ ზღვაში შევცურეთ ღრმამუცლიანი ხომალდებით.

როგორც კი შუაგულ ზღვაში შევედით და არსაიდან აღარ ჩანდა მიწა, იყო მხოლოდ ცა და მხოლოდ ზღვა; უეცრად შავი ღრუბელი დამადგა თავზე, რომელსაც მოჰქონდა ღამე და ავდარი. წყვდიადში წამოიმართა უზარმაზარი ტალღები. ქარმა დაჰბერა ზღვას და დიდად ააღელვა, დაგვიფანტა ხომალდები და ვეება მორევში ჩაგვითრია; ღრუბლებმა დაფარა დღე და სველი ღამე ჩამოწვა ცაზე; ჭექა-ქუხილისა და ელვის ცეცხლი თუ გაანათებდა ღრუბლებს. [200] გზას ავცდით და ბრმად ვიხეტიალეთ ტალღებში. თვით პალინუროსიც ვერ არჩევდა, ცაზე დღე იყო თუ ღამე, ვერ იხსენებდა, სად იყო ამ ტალღებში გზა. სამი დღისა და სამი უვარსკვლავო ღამის განმავლობაში ბრმად ვიარეთ ზღვაში და მხოლოდ მეოთხე დღეს გამოჩნდა მიწა, შორს დაილანდა მთები და ცაში ასული კვამლი. აფრები დავუშვით, ნიჩბებს მოვუსვით; დაყოვნების გარეშე წყალს აქაფებენ მეზღვაურები და ცისფერ ზღვაში წინ მიიწევენ.

ტალღებისგან გადარჩენილი პირველმა სტროფადების ნაპირმა [210] მიმიღო; სტროფადები ამ კუნძულებს ბერძნებმა დაარქვეს, ესაა კუნძულები იონიის დიდ ზღვაში, სადაც საზარელი კელენო და სხვა ჰარპიები სახლობენ მას შემდეგ, რაც ფინევსის[32] სახლი დაიხურა მათთვის და მათ მიატოვეს შიშისგან ძველი მაგიდები. არ არსებობს მათზე შემზარავი ურჩხულები, სტიქსის წყლებიდან არ წარმოშობილა მათზე უფრო მძვინვარე ჭირი და ღმერთების რისხვა. ამ ფრინველებს ქალწულის სახეები და კაუჭისებრი ხელები აქვთ, სიბინძურით ბილწავენ არემარეს და შიმშილისაგან მუდამ დაკარგული აქვთ ფერი.

ამ ადგილს მივაღწიეთ და ნავსაყუდელში შევედით, [220] დავინახეთ, მსუქანი ძროხების ჯოგი თავისუფლად ძოვდა მინდორში, თხების ჯოგი მწყემსის გარეშე მიშვებული იყო ბალახზე. რკინით დავეცით თავს და თავად მოვუხმეთ ღმერთებს; ნაწილი შევწირეთ იუპიტერს; შემდეგ რკალისებრ ნაპირზე მოვეწყვეთ და ნადიმი გავმართეთ. უეცრად მთებიდან მოფრინდნენ საშინელი ჰარპიები, ფრთებს არხევდნენ დიდი წივილით, მოიტაცეს საჭმელი, საზიზღარი სიმყრალით დაწამლეს ყველაფერი; საზარელი ხმა ისმის და საშინელი სუნი დგას. ისევ უკან ვიხევთ კლდის დიდ ქვაბულში, [230] რომელიც ხეებითაა დაფარული და ჩრდილით გაგრილებული, აქ ვაწყობთ მაგიდებს და საკურთხეველზე ცეცხლს ვანთებთ. ისევ სხვა მხრიდან, ციდან, უხილავი სამალავიდან ხმაურიანი გუნდი მოფრინავს მოკაუჭებულ ფეხებით, პირით გვიწამლავენ სუფრას. მაშინ თანამებრძოლებს ვუბრძანე, იარაღი აესხათ და საზარელ მოდგმასთან ომი გაგვემართა. სწორედ ამას აკეთებენ, საიდუმლოდ ბალახში მალავენ ხმლებს, აწყობენ შუბებს და ფარავენ ფარებს. ასე რომ, რომდესაც ხმაურით დაგვესხნენ თავს სანაპიროს რკალზე, მისენუსმა მაღალი საგუშაგოდან ნიშანი მოგვცა [240] ბრინჯაოს საყვირით. ბრძოლაში ჩაერთნენ თანამგზავრები და ახალი ომი გაიმართა. გვინდა, ხმლებით მივწვდეთ ფრინველებს, მაგრამ ძალას არ შეუძლია მათს ფრთებს რამე დაუშავოს, მათს ზურგს ჭრილობას ვერ მიაყენებ, სწრაფად აფრინდნენ ცაში და გაგვექცნენ, მიატოვეს ნახევრადშეჭმული საკვები და დატოვეს საზარელი კვალი. მხოლოდ კელენო დაჯდა მაღალ კლდეზე, უბედურებათა მისანი და ასეთი ხმა ამოიღო გულიდან: „მოკლული ძროხების გამო მზად ხართ, ომი გაგვიმართოთ, ლაომედონის შთამომავლებო[33], რომ უდანაშაულო ჰარპიები მამისეული ქვეყნიდან გააძევოთ? [250] გულში კარგად ჩაიბეჭდეთ, რასაც ახლა გეტყვით, რაც სხივოსანს ყოვლისშემძლე მამამ აუწყა და მე სხივოსანმა აპოლონმა მითხრა, მე კი, ფურიათაგან უდიდესი[34], თქვენ გიმჟღავნებთ. იტალიისკენ აიღეთ გეზი, მოუხმეთ ზურგქარს და ჩახვალთ იტალიაში, თავისუფლად შეხვალთ მის ნავსაყუდელში; მაგრამ მანამ ვერ შემოარტყამ გალავანს ქალაქს, სანამ სასტიკი შიმშილითა და ჩვენ მიმართ ჩადენილი უსამართლობით საკუთარ მაგიდებს არ დაღრღნით.“

ეს თქვა და ტყეში მიიმალა ფრთების ქნევით. ჩემს თანამგზავრებს შიშისგან სისხლი გაეყინათ, [260] სულით დაეცნენ, ბრძოლა აღარ სურთ, ხვეწნა-მუდარით ითხოვენ მშვიდობის დამყარებას, აღარ ადარდებთ, მტრები ქალღმერთები არიან თუ საძულველი ფრინველები. მამა ანქისესმა სანაპიროზე ხელები აღმართა და დიდ ღმერთებს მოუხმო, ღირსეული პატივი მიაგო: „ღმერთებო, აგვარიდეთ უბედურება, გვიხსენით საფრთხისგან და გადაგვარჩინეთ ღვთისმოსაობის სახელით!“ შემდეგ ნაპირიდან გაჭიმული ბაგირების ახსნას ბრძანებს. სამხრეთის ძლიერმა ქარმა დაჭიმა იალქნები; გავრბივართ აქაფებულ ტალღებში, იმ გზით მივდივართ, რომელსაც ქარი და მესაჭე გვკარნახობს. [270] უკვე ტალღებში გამოჩნდა ტყიანი ძაკინთოსი, დულიქიონი[35], სამე და ნერიტოსის[36] ციცაბო კლდეები. გავურბივართ კლდოვან ითაკას, ლაერტესის[37] სამეფოს და მიწას, რომელმაც სასტიკი ულიქსესი აღზარდა. მალე გამოჩნდა ლევკატის[38] ნისლიანი მთების მწვერვალები და მეზღვაურთათვის ძრწოლისმომგვრელი აპოლონის ტაძარი. დაღლილები იქით მივისწრაფვით და ვუახლოვდებით პატარა ქალაქს, ღუზა ჩამოეშვება გემის ჭვინტიდან და ნაპირთან დგება გემები. ამრიგად, როდესაც მოულოდნელ მიწას მივაღწიეთ, განვიწმინდეთ იუპიტერისთვის, სამსხვერპლოდ დავანთეთ საკურთხეველი [280] და აქტიუმის მიწაზე ილიონური თამაშები მოვაწყვეთ[39]. როგორც სამშობლოში, ისე შეეჯიბრნენ ერთმანეთს ზეთწასმული ჩემი შიშველი თანამგზავრები, ხარობდნენ, რომ ამდენ ბერძნულ ქალაქს დააღწიეს თავი და მტრის შუაგულში გამოიგნეს გზა. ამასობაში მზემ გრძელი წელიწადი შემოიარა და ყინულოვანმა ზამთარმა აკვილონით აღძრა ტალღები. ამოზნექილ სპილენძის ფარს, დიდი აბასის იარაღს კარის პირდაპირ ვკიდებ[40] და საქმეს სიმღერით აღვნიშნავ: ენეასი გწირავს დამპყრობელი დანაელების იარაღს. შემდეგ ნავსაყუდელის დატოვებასა და სანიჩბე მერხების დაკავებას ვბრძანებ, [290] მიყოლებით დასცხეს თანამგზავრებმა და გავიჭერით ზღვაში. მალე მოეფარა თვალს ფეაკების მაღალი სიმაგრეები[41], გავცდით ეპიროსის ნაპირებს, ქაონიის[42] ნავსაყუდელში შევედით და მივუახლოვდით ბუთროტოსის[43] მაღალ ქალაქს.

დაუჯერებელი ამბები მოაქვთ და გვატყობინებენ, პრიამოსის ძე ჰელენოსი[44] მართავს ბერძნულ ქალაქებს, ცოლი და კვერთხი წაართვაო აიაკოსის შთამომავალ პიროსს და ანდრომაქე ისევ ტროელ ქმარს გადაეცაო. გავოგნდი, გული სურვილის ცეცხლით ამენთო, რომ მენახა ეს კაცი და ეს ამბები გამომეკვლია. [300] გავედი ნავსადგურიდან, მივატოვე გემები და ნაპირი, შემთხვევით გადავაწყდი ანდრომაქეს, რომელიც ყოველწლიურ საკურთხსა და სევდიან საჩუქრებს ქალაქის წინ, წმინდა ჭალაში, ყალბი სიმოისის ტალღებთან მსხვერპლად სწირავდა და მოუხმობდა ჰექტორის მანებს ცარიელ ყორღანთან, მწვანე კორდთან და ორმაგ საკურთხეველზე სწირავდა მსხვერპლს ცრემლების მფრქვეველი. როგორც კი შემამჩნია, რომ მივედი და ირგვლივ ტროული იარაღი დაინახა განცვიფრებულმა, ამ დიდი საოცრების ხილვით თავზარდაცემულს მზერა გაუხევდა და სითბომ დატოვა ძვლები; კინაღამ წაიქცა და დიდი ხნის შემდეგ ძლივს წარმოთქვა: [310] „ნამდვილად შენ გხედავ, მართლა მაცნედ მოდიხარ ჩემთან, ქალღმერთს ძეო? ცოცხალი ხარ? ხოლო თუ მკვებავი სინათლე ჩაგიქრა და აჩრდილი ხარ, ჰექტორი სადღა არის?“ თქვა, ცრემლები დაღვარა და იქაურობა ქვითინის ხმით დაფარა. მას, გამწარებულს, ძლივს ვუპასუხე და აღელვებულმა ჩამწყდარი ხმით წარმოვთქვი:

„ნამდვილად ცოცხალი ვარ და მივათრევ უკიდურესობებით სავსე სიცოცხლეს; ეჭვი ნუ გაქვს, მართლა მხედავ. შენ თავად რა ბედი გერგო? ასეთი მეუღლე რომ დაკარგე, მოიხედა თუ არა ბედისწერამ ჰექტორის ანდრომაქესკენ? პიროსის მეუღლე ხარ ისევ?“

[320] თვალები დახარა და ხმადაბლა თქვა: „ყველაზე უფრო ბედნიერია პრიამოსის ქალწული[45], რომელსაც ებრძანა, მომკვდარიყო ტროის მაღალი გალავნის ქვეშ ყორღანთან, რომელიც წილისყრით არ ერგო ვინმეს და რომელმაც, დატყვევებულმა, არ გაიზიარა გამარჯვებულის სარეცელი! ჩვენ სამშობლო გადაგვიბუგეს და სხვადასხვა მხარეს წაგვიყვანეს ზღვით, აქილევსის ტოტის ქედმაღლობასა და ზვიად სიყმაწვილეს ვიტანდი მონობაში და შვილებს ვუჩენდი; შემდეგ ისურვა, ცოლად მოეყვანა ლედას შთამომავალი ჰერმიონე[46], მე კი, მონაქალი, ასევე მონას, ჰელენოსს, გადამცა მფლობელობაში; [330] შემდეგ იგი საცოლის მოტაცების გამო გულმოკლულმა და დანაშაულისთვის ფურიების მიერ დევნილმა ორესტესმა[47] შეიპყრო და მამისეულ საკურთხეველზე მოკლა. ნეოპტოლემოსის სიკვდილის შემდეგ სამეფოს ნაწილი კანონით ერგო ჰელენოსს, რომელმაც ქაონიის სახელი მისცა მიწებს, ქვეყანას კი უწოდა ქაონია ტროელი ქაონის[48] მიხედვით, და მთაზე ააგო პერგამოსი, ილიონის ციხესიმაგრე. შენ კი რომელმა ქარმა, რომელმა ბედისწერამ გადმოგაგდო აქ? ჩვენი ამბების არმცოდნე რომელმა ღმერთმა მოგიყვანა ჩვენს ნაპირთან? რა მოუვიდა ბიჭს, ასკანიუსს? ცოცხალია და სუნთქავს [340] შვილი, რომელიც ტროაში გიშვა კრეუსამ? აქვს თუ არა ბავშვს შერჩენილი დაკარგული დედის სიყვარული? აღძრავენ თუ არა მის სულში სიმამაცესა და ვაჟკაცობას მამა ენეასი და ბიძა ჰექტორი?“

ამას ამბობდა და თან ცრემლად იღვრებოდა ხანგრძლივი გოდებით, როდესაც გალავნიდან გამოვიდა მრავალრიცხოვანი ამალით ჰელენოსი, პრიამოსის ძე; იცნო თავისიანები და გახარებულმა ზღურბლთან მიიყვანა, ცრემლი ღვარა, ძლივს უკავშირებდა სიტყვებს ერთმანეთს. მივყვები და ვხედავ დიდს მიმსგავსებულ მცირე ტროას, [350] პერგამოსს, პატარა ნაკადულს, რომელსაც ქსანთოსის სახელი აქვს, ვცნობ, სკაიის კარიბჭეს ვეხუტები. ჩემს თანამგზავრ ტევკრებსაც მოეწონათ მეგობრული ქალაქი: მეფემ ისინი ვრცელ კოლონადაში მიიღო; ეზოს შუაგულში შეავსეს თასები ღვინით, ოქროს ჭურჭლით მოგვართვეს საჭმელ-სასმელი.

დღე დღეს მიჰყვა, ჩაიარა დღეებმა და ქარებმა მოუხმეს იალქნებს და სამხრეთის ქარით გაივსო იალქნის ტილო. მაშინ მისანთან მივედი და ასეთი სიტყვებით ვკითხე:

„ტროაში შობილო, ღმერთების სიტყვათა ამხსნელო, რომელიც სხივოსნის ნებას, [360] სამფეხებს, კლაროსულ დაფნას[49], ვარსკვლავებს გრძნობ, იცი ჩიტების ენა და სწრაფ ფრთოსანთა ნიშნები[50], მოდი, მითხარი, რადგან ყველა წინასწარმეტყველება გზას მისახავს, ღმერთების ყველა ნება მარწმუნებს, იტალიას მივაშურო და შორეული მიწები მოვსინჯო. მხოლოდ ჰარპია კელენომ, თქმაც ბოროტებაა, მიწინასწარმეტყველა სასწაული და სევდიანი სასჯელი — საძაგელი შიმშილი. რომელ განსაცდელს უნდა ავარიდო თავი? საით წავიდე, რომ დავძლიო ეს გართულებანი?“

მაშინ ჰელენოს, რომელმაც წესისამებრ შესწირა ხბორები, [370] წყალობას სთხოვს ღმერთებს, იხსნის სარქველს წმინდა თავიდან, მე კი, აღელვებული, შენს ზღურბლთან, სხივოსანო, საკუთარი ხელით, შენს ძალასთან მოვყავარ და ღვთაებრივი ბაგეებით ასე მეტყველებს ქურუმი:

„ქალღმერთის ძეო, უზენაესთა ნებით შენ გაივლი ზღვას, მისნობა ცხადად მიგვანიშნებს, ასეთი ბედი განგისაზღვრა ღმერთების მეუფემ, ასე მობრუნდა ბედი; ასე მოეწყო წესრიგი — ბევრიდან ცოტას აგიხსნი, რომ შეგეძლოს, უსაფრთხოდ გადალახო უცხო ზღვა და ავსონიის ნავსაყუდელს მიაღწიო; დანარჩენის ცოდნას უკრძალავენ პარკები [380] ჰელენოსს და თქმის ნებას არ რთავს სატურნია იუნო. უპირველეს ყოვლისა, იტალიასთან, რომელიც უკვე ახლომდებარე მეზობელი გგონია[51] და აპირებ მის ნავსაყუდელში შეხვიდე, გაშორებს დიდი გზა და სავალი მიწები. მანამდე მოგიწევს, შემოუარო ტრინაკრიის ტალღებს და ავსონიის გადაკვეთა მოგიხდება ხომალდებით, საიქიოს ტბების, კირკეს[52] კუნძულ აიაიას ნახვა, სანამ უსაფრთხო მიწაზე შეძლებ ქალაქის დაფუძნებას, მოგცემ ნიშანს და შენ იგი მეხსიერებაში შეინახე; როდესაც აღელვებულს იდუმალი მდინარის ტალღებთან [390] ნაპირზე უზარმაზარი ნეზვი შეგხვდება მუხნარის ქვეშ, რომელიც, დაწოლილი, ოცდაათ გოჭს აწოვებს ძუძუს, თეთრი, მარტო წევს ზურგზე, ირგვლივაც თეთრი ძუძუთა გოჭებითაა შემოხვეული, იმ ადგილას იქნება ქალაქი, იქ დაისვენებ აშკარად ტანჯვისგან. მაგიდის დაღრღნა და შიმშილი ნუ დაგაფიქრებს, ბედი გზას გამოძებნის, აპოლონი იქ იქნება შენს მოხმობაზე. იმ მიწას, იტალიის უახლოეს სანაპიროს, რომელსაც ეს ზღვა ესაზღვრება, მოერიდე; იქ ერთად სახლობენ ქალაქებში ბოროტი ბერძნები. იქ ნარიქსელმა ლოკრებმა[53] აღმართეს გალავანი [400] და სალენტინური მინდვრები[54] მეომრებით გაავსო ლიქტოსელმა[55] იდომენევსმა; აქვე მელიბეელთა წინამძღოლმა ფილოქტეტესმა[56] მცირე ქალაქი პეტელია[57] გალავნით შემოსაზღვრა. შემდეგ, როდესაც შენი გემები გადაკვეთს ზღვას და ღუზას ჩაუშვებს, როდესაც საკურთხევლებს დადგამთ სანაპიროზე, თმა უნდა დაიფარო მეწამული თავსაბურით[58], რომ ღმერთების საპატივცემულო წმინდა ცეცხლში ვინმეს მტრული სახე  არ წარმოდგეს და არ ჩაგიშალოს წეს-ჩვეულება. ეს წესი შეინარჩუნე შენც და შენმა თანამგზავრებმაც და ეს ჩვეულება შეინახონ რელიგიაში შენმა შთამომავლებმაც. [410] გამგზავრების შემდეგ ქარი მიგაყენებს სიცილიის ნაპირებს, სადაც ფართოვდება ვიწრო პელორუსი[59], მარცხნივ აიღე მიწისკენ და გრძლად იცურე მარცხნივ, შემოუარე ნაპირს, მოერიდე მარჯვენა ნაპირსა და ტალღებს. ამბობენ, რომ მიწა იქ ერთი იყო და ნაპრალი გაუჩნდა[60], ორად გაიყო, ეს ხდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გამოეყო ერთმანეთს, რაც ოდესღაც ერთი იყო; შუაში შემოიჭრა ზღვა და ტალღებმა ჰესპერია და სიცილია გაყო, ყანები და ქალაქები აქეთ-იქით ნაპირებზე დარჩა. [420] მარჯვენა მხარეს სკილა გელოდება და მარცხნივ დაუოკებელი ქარიბდისი სახლობს, რომელიც დღეში სამჯერ უფსკრულის მორევით შთანთქავს უძირო სტომაქით და სამგზის ამოანთხევს ჰაერში და ვარსკვლავებამდე ამაღლებს ტალღებს. სკილა კი იმალება გამოქვაბულის ბნელ სამალავში, თავს გამოყოფს და ხომალდებს კლდეებს ახეთქებს. ზემოთ მას ადამიანის სახე და და ქალწულის ლამაზი მკერდი აქვს, ქვემოთ კი უზარმაზარი ზღვის ურჩხულია, დელფინის კუდი აქვს და მგლებისგან შემდგარი მუცელი. უმჯობესია, ტრინაკრიას შემოუარო პაქინუსის[61] წერტილიდან, [430] მეტი იცურო ზღვით, გაიარო გრძელი და მრუდე გზა, ვიდრე თუნდაც ერთხელ იხილო უმსგავსი სკილა ვრცელ გამოქვაბულში და მისი ზღვისფერი ძაღლებისთვის ექოთი მოპასუხე კლდეები. გარდა ამისა, თუკი რამ სიბრძნე აქვს ჰელენოსს, თუკი მისანს შეგიძლია, დაუჯერო, თუ მის სულს ჭეშმარიტებით აღავსებს აპოლონი, მხოლოდ ამ ერთს, ქალღმერთის შვილო, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, ამ ერთს გიწინასწარმეტყველებ და ამას გაგიმეორებ ისევ და ისევ: უპირველეს ყოვლისა, დიდი იუნოს ღვთაებრივ ძალას შეევედრე, იუნოს უმღერე, მასზე ილოცე, მძლავრ დედოფალს მოუტანე საჩუქრები, დააცხრე მისი მრისხანება, ასეთ შემთხვევაში გამარჯვებული [440] დატოვებ ტრინაკრიას და მიაღწევ იტალიის სანაპიროს.

ამის შემდეგ მიადგები ქალაქ კუმას[62], იქ, ღვთაებრივ ტბებთან, ხმაურიანი ჭალების ავერნაში იპოვი გონებამიხდილ მისანს, რომელიც კლდის ქვეშ ამცნობს ბედისწერას, სახელებსა და ნიშნებს კი ფოთლებს მიანდობს. ფოთლებზე წერს ქალი თავის წინასწარმეტყველებას, დააწყობს სწორი რიგით და ტოვებს ღრმა გამოქვაბულში. ასე აწყვია უძრავად და მოწესიგებულად, სანამ კარი არ გაიღება, სიო არ შემოიჭრება და ფოთლებს აურ-დაურევს; არ ფიქრობს, რომ დაიჭიროს ფოთლები და ისევ იმ წესრიგით დააწყოს, [450] ასე რომ, კლდოვან გამოქვაბულში აღარ აღდგება ფოთლების რიგი და მთელი წინასწარმეტყველება. ხალხი მიდის, რჩევის გარეშე, და სიბილას სავანეს სიძულვილით მოიხსენიებს. იქ დაკარგულ დროს ნუ იდარდებ, თუნდაც გაგინაწყენდნენ თანამგზავრები და თუნდაც გზად დაუყოვნებლივ მოგიხმონ იალქნებმა და ზურგქარმა გაავსოს ისინი, შენ მაინც ეწვიე მისანს და ვედრებით გამოსთხოვე წინასწარმეტყველება, ოღონდ თავად გიმღეროს, პირი გააღოს და ხმა ამოიღოს. მოგითხროს იტალიის ხალხებსა და გადასატან ომებზე და როგორ უნდა შეძლო, თავი აარიდო ამა თუ იმ განსაცდელს, [460] რაც მოგელის, და დაგისახოს უსაფრთხო გზა. ესაა, რასაც ჩემი ხმით გიმხელს ღმერთი. ახლა კი წადი და საქმეებით ცამდე აზიდე ვეებერთელა ტროა.“

ეს თქვა მისანმა და ასე აუხსნა ბედი თავის მეგობარს. შემდეგ ბრძანა, ხომალდებზე აეტანათ ოქროსა და სპილოს ძვლის მძიმე საჩუქრები, გაევსოთ გემები აურაცხელი ვერცხლეულით, გვაჩუქა დოდონას თასები[63] და ნეოპტოლემოსის აღჭურვილობა — ოქროს სამმაგი მოხრილი ჯავშანი,   კონუსისებრი ბრწყინვალე ჯიღიანი მუზარადი; ცალკე იყო მისი საჩუქრები მამაჩემისათვის. [470] ამას დაუმატა ცხენები და მეეტლეები; მენიჩბეები შეგვივსო და იარაღით აღჭურვა ჩემი თანამგზავრებიც.

ამასობაში ანქისესმა ბრძანა, აღგვემართა აფრები ხომალდებზე, რომ არ დავყოვნებულიყავით, როგორც კი ზურგქარი ამოვარდებოდა. სხივოსნის განმმარტებელმა მას მიმართა დიდი მოწიწებით: „შენ პატივად გერგო ვენუსის ქმრობა, ანქისეს, ღმერთები ზრუნავდნენ შენზე და ორგზის გადარჩი პერგამოსის ნანგრევებში[64], აი, შენ წინაშეა ავსონიის მიწა; იქით მიმართე იალქნები და მაინც, კიდევ უნდა იხეტიალო ზღვაზე; შორსაა ავსონიის ის ნაწილი, რომელიც აპოლონმა დაასახელა. [480] წადი, შვილის ღვთისმოსაობით ბედნიერო! რა საჭიროა, გრძელი სიტყვით შევუშალო ხელი ამოვარდნილ ავსტერს?“.

ამ საბოლოო განშორებით დამწუხრებული ანდრომაქეც არ ჩამორჩა მეუღლეს, ასკანიუსს მოართვა ოქროთი გაწყობილი სურათოვანი სამოსი — ფრიგიული მოსასხამი, სხვა ნაქსოვი საჩუქრები და ასე უთხრა: „მიიღე ეს, შვილო, ამას სახსოვრად გაძლევს და ხანგრძლივ სიყვარულს გიდასტურებს ანდრომაქე, ჰექტორის ყოფილი მეუღლე. მიიღე ჩემი საჩუქარი. შენში ვხედავ მე ასტიანაქსის სახეს, [490] იმავე თვალებს, იმავე ხელებს, იმავე სახეს! შენი ტოლი იქნებოდა, რომ გადარჩენილიყო.“

მას მივმართე თვალცრემლიანმა და ეს ვუთხარი: „ბედნიერად იცხოვრეთ, თქვენი ბედი უკვე გადაწყდა; ჩვენ კი უბედურებიდან უბედურებაში გვისვრის ბედისწერა. თქვენ უკვე მიაღწიეთ სიმშვიდეს; არც ზღვის გადაკვეთა გიწევთ, არც მუდამ მოუხელთებელი ავსონიის მინდვრების ძებნა. საკუთარი ხელით აგებული ქსანთოსისა და ტროის მსგავსებას უყურებთ, იმედი მაქვს, უკეთესი ხვედრი ექნება აქაურობას, რადგან ბერძნებთან შეხვედრა აღარ უწერია. [500] თუკი ოდესმე ტიბერსა და ტიბერის მეზობელ ყანებს მივაღწევ და ვიხილავ იმ ქალაქის გალავანს, რომელიც ჩემს ხალხს მიეცემა, ნათესავ ქალაქებს დაასახლებენ ეპიროსისა და ჰესპერიის ხალხები, რომელთაც საერთო დარდანოსი ეყოლებათ წინაპრად და იგივე ისტორია ექნებათ, ისევ ერთ ტროას შევქმნით. დაე, ეს საზრუნავი არ დაივიწყოს  შთამომავლობამ.“[65]

ისევ ზღვაში გავდივართ მეზობელი კერავნიის[66] ახლოს, საიდანაც ზღვით უმოკლესი გზაა იტალიისკენ. ამასობაში მზე ჩავიდა და ჩრდილოვანი მთები დააბნელა; წამოვწექით ტალღების მახლობლად სასურველ მიწაზე, [510] მენიჩბეები წილისყრით ავირჩიეთ და ყველამ მშრალ ნაპირზე მოასვენა სხეული; დაღლილ ასოებს ღრმა ძილმა სიცოცხლე დაუბრუნა.

ჰორების მართულ ღამეს ჯერ კიდევ ნახევარი ღამის გზა არ ჰქონდა გავლილი, როცა პალინურუსი წამოდგა ლოგინიდან, ყველა ქარი შეისწავლა და ჰაერის ყველა მოძრაობა დაიჭირა; აღნიშნა მდუმარე ცაზე მოსრიალე ყველა ვარსკვლავი, არქტურუსი, წვიმიანი ჰიადები, ორმაგი ტრიონები, ოქროთი შეიარაღებული ორიონი, რომელიც ყველას ზედამხედველობს. შემდეგ, როდესაც დაინახა, რომ ყველაფერი ადგილზეა უშფოთველ ცაზე, ცხადი ნიშანი მოგვცა ხომალდიდან. ჩვენ ავყარეთ ბანაკი, [520] გზას დავადექით და მოვხარეთ იალქნების ფრთები. უკვე გააქცია ვარსკვლავები და გაწითლდა ავრორა, როდესაც შორს გამოჩნდა ბნელი ბორცვები და იტალიის დაბლობი. „იტალია!“ — აქატესმა შეჰყვირა პირველმა, „იტალია!“ — მხიარული ყიჟინით მიესალმნენ თანამგზავრები. მაშინ მამა ანქისესმა გვირგვინი დაიხურა, დიდი კრატერი გაავსო სუფთა ღვინით, დადგა მაღალ კიჩოზე და ღმერთებს მოუხმო: „ზღვისა და მიწის ღმერთებო, ავდრის შემძლენო, გვაჩუქეთ იოლი გზა და მოგვეცით ზურგქარი!“ [530] გახშირდა სასურველი ქარი, გაიხსნა უკვე ნავსაყუდელი და მინერვას ტაძარი[67] გამოჩნდა ბორცვზე. იალქნები ჩამოხსნეს თანამგზავრებმა და გემის ცხვირები ნაპირისკენ მიმართეს. ნავსადგური რკალად არის მოხრილი და აღმოსავლეთიდან სცემს ტალღები, მოპირისპირო კლდეები სველდება აქაფებული მლაშე წყლით, თავად კი დამალულია; ორმაგი კედლით გარს ერტყმის კოშკივით კლდეები. თვალთახედვიდან გაგვექცა ტაძარი. იქ დავინახე პირველი ნიშანი — ოთხი თოვლივით თეთრი ცხენი მწვანე ბალახს ერთად ძოვდა ვრცელ მინდორში.

მაშინ მამა ანქისესმა თქვა: „მასპინძელო მიწავ, ომი მოგაქვს, [540] საომრადაა გამზადებული ცხენები, ეს რემა ომით იმუქრება. თუმცა, იგივე ოთხფეხები, ერთხელაც შეიძლება, ეტლში შეებან და უღელი აიტანონ, ესაა მშვიდობის იმედი.“ მაშინ ჩვენ იარაღის მოჟღარუნე იმ პალასის წმინდა ძალას მივმართეთ ლოცვით, ვინც პირველმა მიიღო ჩვენი ვედრება და თავები საკურთხევლის წინაშე ფრიგიული საბურავით დავიფარეთ; როგორც გვიბრძანა ჰელენოსმა, უპირველესად, არგოსელ იუნოს მივაგეთ პატივი. დაყოვნების გარეშე, როგორც კი ჩვენს ლოცვა-მუდარას მოვრჩით, იალქნის კალთები შემოვაბრუნეთ [550] და ბერძნადშობილთა სახლები და საეჭვო ყანები დავტოვეთ. იქიდან დავინახეთ ტარენტუმი, ჰერკულესის ქალაქი, თუ მართალია გადმოცემა; მის საწინააღმდეგოდ აღიმართა ღვთაებრივი ლაკინია[68], კავლონის ციხესიმაგრე და ხომალდმლეწველი სკილაკეუმი[69]. შემდეგ შორს, ზღვიდან ამოიმართა ტრინაკრიული ეტნა, კლდეზე ზღვის მიხეთქებით გამოწვეული საზარელი ხმაური და ნაპირზე ტალღის მსხვრევის გუგუნი მოგვესმა, წყალი ბობოქრობს და მღელვარებას ურევს ქვიშას. მამა ანქისესი ამბობს: „ეჭვი არ არის, ეს არის ქარიბდისი: ეს კი ის კლდეები და ქარაფებია, რომლებიც ჰელენოსმა გვიწინასწარმეტყველა. [560] დაიძარით, მეგობრებო, თანაბრად ასწიეთ ნიჩბები!“

ყველა ასრულებს ბრძანებას. უპირველესად, ჭრიალით, მარცხნივ, ტალღებისკენ მოაბრუნა ხომალდი პალინუროსმა. გემების მთელმა წყებამ ნიჩბებითა და იალქნებით იგივე გაიმეორა. ზეცამდე აგვამაღლა მორევმა და ისევ საიქიოში დაგვნთქა უღრმესმა ტალღებმა. სამგზის გაისმა კლდეებსა და ქარაფებს შორის წყლის ბღავილის ხმა, სამგზის აქაფდა წყალი და დავინახეთ, ვარსკვლავებს როგორ მისწვდა. ამასობაში დაქანცულები მიგვატოვა ქარმა და მზემ, აღარ ვიცოდით, სად მივცურავდით და კიკლოპების ნაპირთან აღმოვჩნდით.

[570] უზარმაზარი ნავსაყუდელია იქ, რომელსაც თავად არ ეხება ქარები და მშვიდია, მაგრამ იქვე შიშისმომგვრელი ხმით გრგვინავს ეტნა. ახლა იგი შავ ღრუბელს ისვრის ჰაერში, ბოლავს და მშფოთვარედ ისვრის გავარვარებულ ფერფლს, ცეცხლის ბურთებს ამოხეთქს და ვარსკვლავებს უწვდენს; ხან თავისი წიაღიდან ისვრის უზარმაზარ ლოდებს, ხან ზათქით ამოანთხევს თავისი სიღრმიდან გავარვარებულ ლავას. გადმოცემის მიხედვით, იქ წევს ენკელადოსის[70] ელვით დანაცრული სხეული, დამარხულია მთის მასით და გასრესილია ვეება ეტნის მიერ. [580] ზედ დადგმულია მთა და ნაპრალებიდან ღუმლებივით სუნთქავს გიგანტი. თუკი დაღლილი გვერდს შეინაცვლებს, მთელი კუნძული ტრინაკრია კვნესის და ცახცახებს და ზეცა ბოლით იფარება. მთელი ღამე ტყეებში დამალულებმა გავატარეთ, ვერ ვხედავდით ხმაურის მიზეზს, რადგან ცაზე არ იყო ვარსკვლავების ცეცხლი, არც ეთერში იყო დაღვრილი ნათელი ვარსკვლავებიანი ზეცისა, ბნელი ზეცა ფარავდა მთვარესაც მჭიდრო ღრუბლით.

შემდეგი დღის დადგომა გვაუწყა ცისკრის ვარსკვლავმა, ავრორამ გარეკა ნისლიანი ღრუბლები ციდან; [590] უეცრად ტყიდან, გაფითრებული და შიმშილისაგან უკიდურესად გამხდარი, საცოდავად ჩაცმული უცნობი კაცი გამოვიდა და ხელები გაიწვდინა ნაპირისაკენ. რას ვხედავთ? საძაგელ სიბინძურეს, მოშვებულ წვერს, კვრინჩხებით დაფარულ მოსასხამს; აშკარად ბერძენია, რომელიც ოდესღაც სამშობლომ შეიარაღებული გამოგვიგზავნა ტროაში. როდესაც შორიდან დარდანული ტანსაცმელი და ტროული იარაღი დაინახა, ოდნავ შეყოვნდა, ნანახმა შეაშინა, მაგრამ მაინც განაგრძო სვლა, შემდეგ გამოიქცა ნაპირისკენ ცრემლით და მუდარით: „ვარსკვლავებს გაფიცებთ, [600] უზენაესებსა და სინათლის მომცემ ამ ზეცას გაფიცებთ, ტევკრებო, წამიყვანეთ, საითაც უნდა მიდიოდეთ, ჩემთვის სულერთია. ვიცი, რომ დანაელთა ლაშქრიდან ვარ ერთ-ერთი, ვაღიარებ, რომ ომით ვუტევდი ილიონის პენატებს; თუ ჩვენი დანაშაული ასე საზარელია, გადამაგდეთ ტალღებში და დამახრჩვეთ ზღვაში. თუ დავიღუპე, ბარემ ადამიანის ხელით დავიღუპო.“

თქვა და მუხლებზე დაეცა, ჩემს მუხლებს შემოეხვია და დიდხანს იყო ასე. ვთხოვთ, გვითხრას, ვინაა, რა სისხლისაა და გაგვიმჟღავნოს, რა ბედისწერა მოსდევს. [610] თავად მამა ანქისესმა გაუწოდა მარჯვენა დაყოვნების გარეშე, მეგობრობის საწინდრით გაუმაგრა გული; მანაც მოიშორა შიში და ეს გვითხრა:

„ჩემი სამშობლო ითაკაა, მე ვარ უბედური ულიქსესის თანამგზავრი, სახელად აქემენიდესი, [615] ღარიბმა მამაჩემმა, ადამასტოსმა (ნეტა მისი ბედი მქონოდა!) ტროაში გამგზავნა. აქ მე თანამგზავრებს[71], როდესაც სასტიკი ზღურბლი დატოვეს აკანკალებულებმა, ჩამოვრჩი, მიმატოვეს კიკლოპის ვრცელ გამოქვაბულში. ეს სახლი მიმხმარი სისხლითა და საზარელი ნადიმებით შიგნიდან უზარმაზარი და ბნელია; თვითონ კიკლოპი კი მაღალია, თავით [620] ვარსკვლავებს სწვდება — ღმერთებო, ეს ჭირი მოაცილეთ დედამიწას! — სანახავად იოლი არ არის და არავის მიმართ არ არის მოწყალე. საბრალო ხალხის შიგნეულითა და შავი სისხლით იკვებება. თვითონ დავინახე, ორი ჩვენგანი დიდი ხელით რომ აიყვანა გამოქვაბულის შუაგულში, კლდეს მიანარცხა, ზღურბლი სისხლით მოთხვარა და დასისხლიანებულები გადასანსლა; ვხედავდი, ადამიანის სხეულის ნაწილებს როგორ მუსრავდა და როგორ ცახცახებდა მის კბილებში მსხვერპლი; მაგრამ ის დაუსჯელი არ დარჩენილა; ასეთ ამბავი ვერ გადაიტანა ულიქსესმა, საკუთარი თავის ერთგული დარჩა ითაკელი ამოდენა განსაცდელში. [630] როგორც კი ნადიმით მუცელი ამოიყორა და სუფთა ღვინო დალია, თავი ჩამოუვარდა, წამოწვა უზარმაზარ გამოქვაბულში, ძილში სისხლსა და ღვინიან ხორცს არწყევდა, ჩვენ დიდი ღმერთების ძალაზე ვილოცეთ, წილისყრით დავადგინეთ, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთად შემოვერტყით და დავესხით თავს, ბასრი შუბით დავუვსეთ სინათლე, უზარმაზარი და ულმობელი თვალი, რომელიც  ერთი ჰქონდა წარბის ქვეშ, არგოსული ფარის ან სხივოსნის მზის დისკოს მსგავსი, — და ასე სიხარულით ვიძიეთ შური ჩვენი მეგობრების აჩრდილებისთვის. თქვენ კი გაიქეცით, საბრალონო, გაიქეცით და ნაპირთან ბაგირები [640] გადაჭერით! როგორც პოლიფემოსს ჰყავს კლდოვან გამოქვაბულში მატყლიანი ცხვრის ფარა, რომელსაც რძეს წველის, ენით უთქმელი საშინელების ასი სხვა კიკლოპიცაა მოხრილ ყურეში და სხვები მაღალ მთებში სახლობენ. უკვე სამჯერ გაივსო მთვარე სინათლით, რაც მე ტყეში ვცხოვრობ მხეცების მიტოვებულ ბუნაგებში, უზარმაზარ კიკლოპებს ვაკვირდები და მათს ხმაურსა და ფეხის ხმაზე ვცახცახებ. საცოდავი საკვები მაქვს — კენკრა და ქვასავით მაგარი შინდი, [650] რასაც ტოტი იძლევა და ფესვიანად ამოთხრილი ბალახი. ყველაფერს ვათვალიერებ და პირველად დავინახე, ნაპირს გემები რომ მოადგა. ახლა რაც უნდა მომივიდეს, სულერთია, რაკი გავექეცი საზარელ ურჩხულებს. უმჯობესია, თქვენ ამომხადოთ სული, როგორც გაგიხარდებათ.“

ეს თქვა თუ არა, მთის მწვერვალზე დავინახეთ თავად ისიც, ცხვრის ფარასთან ერთად მოდიოდა ვეებერთელა მწყემსი პოლიფემოსი, საზარელი ურჩხული, უფორმო, უზარმაზარი, სინათლედავსებული. ფიჭვის ხის ტანი ეჭირა ხელში ჯოხად და იმით გზას სინჯავდა; [660] მატყლიანი ფარა მოჰყვებოდა — მისი ერთადერთი სიხარული და უბედურების ნუგეში. როგორც კი მიაღწია მაღალ წყალს და ზღვაში შევიდა, სისხლი ჩამოიბანა თავისი მოთხვრილი თვალის ბუდიდან; კვნესოდა და კბილებს აკრაჭუნებდა, შუა ზღვაში შევიდა, თუმცა წყალი მუხლებამდე სწვდებოდა. ჩვენ იქიდან შეშინებულნი გამოვიქეცით, გამოვიყოლეთ მავედრებელი, რომელმაც ეს დაიმსახურა, ჩუმად გადავჭერით ბაგირები, მოვბრუნდით და გემების ცხვირი ზღვაში შევაცურეთ, ნიჩბებს მიმსხდრებმა. იგრძნო და ხმაურისკენ დაიძრა, [670] მაგრამ როცა მიხვდა, რომ მარჯვენათი ვეღარ მოგვწვდებოდა და იონიის ზღვაში შეჭრილ გემებს ვეღარ დაეწეოდა, უზარმაზარი ხმა გამოსცა, რომლისგანაც ზღვა და ტალღები აღიძრა, იტალიის მიწა შეირყა და საპასუხოდ ეტნამაც დაიღრიალა. ტყეებიდან გამოცვივდნენ სხვა კიკლოპები, გაავსეს მთელი ნავსადგური და სანაპირო. დავინახეთ, რომ იქ იდგნენ, უძლურნი, მძვინვარე თვალებით გვიმზერს ეტნას საძმო, თავებით ზეცას ებჯინებიან. ასე მაღალი კენწეროებით [680] დგას მუხები ან გირჩიანი კვიპაროსები იუპიტერის მაღალ ტყესა და დიანას წმინდა ჭალაში.

თავქუდმოგლეჯით გავრბივართ, მძაფრი შიშით ატანილნი ბაგირებს ვჭრით, იალქნებს ვშლით, რომ ზურგქარმა წაგვიღოს. გვახსოვდა, რომ ჰელენოსმა გვიბრძანა, სკილასა და ქარიბდისს მოვრიდებოდით, რადგან როგორც ერთ, ისე მეორე გზას სიკვდილისკენ მივყავდით, გადავწყვიტეთ, იალქნები უკან მოგვებრუნებინა. აქ ჩრდილოეთის ქარმა დაუბერა პელორუსის ვიწრო სამყოფლიდან, სწრაფად გამოვიარეთ პანტაგიის[72] კლდოვანი პირი, მეგარის უბე და მწოლიარე თაფსუსი. [690] გზას გვაჩვენებდა აქემენიდესი, ულიქსესის უბედური თანამგზავრი. სიკანიურ კონცხთან,  მღელვარე პლემირიუმის[73] პირდაპირ არის კუნძული, სახელად ძველებმა მას მისცეს ორტიგია[74]. ამბობენ, რომ ალფევსის, ელისის მდინარის, ნაკადი ზღვის ქვემოდან აქ მოედინება საიდუმლო გზით, რომელიც ახლა შენს სიცილიურ ნაკადს შეერთვის, არეთუსა[75]

როგორც ნაბრძანები იყო, ვილოცეთ ამ მიწის უდიდეს ღმერთებზე და აქედან წავედით ჭაობიანი ჰელორუსის[76] სასწაულებრივად ნაყოფიერ ნიადაგზე. შემდეგ ჩვენ გავიარეთ მაღალი რიფები და პაქინუსის წინწამოწეული კლდეები. [700] შორს გამოჩნდა უძრავი კამერინა, გელას მინდვრები[77], და ვეებერთელა გელა, რომელსაც სახელი მდინარისგან დაერქვა. იქიდან მოჩანს ციცაბო აკრაგასი[78], რომელიც გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, ოდესღაც დიდგულოვანი ცხენების მშობელი მხარე; შენ დაგტოვე და ქარებით გაძლიერებულმა, პალმიანი სელინუსისა[79] და ლილიბეიის[80] მეჩეჩებს შორის გავცურე. აქ მივაღწიე დრეპანუმის[81] ნავსადგურსა და მის უსიხარულო ნაპირს. აქ, ამდენი ზღვაზე ხეტიალისა და გრიგალის შემდეგ, მშობელი, ყველა უბედურებისა და განსაცდლის ნუგეში, [710] ანქისესი დავკარგე. აქ მიატოვე დაქანცული შვილი, საუკეთესო მამა, ამდენ განსაცდელს ამაოდ გადარჩენილმა. არც მისანმა ჰელენოსმა, რომელმაც ბევრი საშინელება მიწინასწარმეტყველა, არ მითხრა ეს უბედურება, არც სასტიკმა კელენომ. ეს იყო ბოლო განსაცდელი, გრძელი გზის მიჯნა. იქიდან რომ გამოვცურე, ღმერთმა თქვენს ნაპირებს მომაყენა.

ასე ყვებოდა მამა ენეასი, რომელსაც ამდენი ხალხი უსმენდა, ღმერთების მიერ მოვლენილ ბედისწერას და აღწერდა თავის მოგზაურობას. ბოლოს დადუმდა და სათქმელი დაასრულა.

 

 

ლათინურიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა



[1] სტრ. 6. ანტანდროსი — ქალაქი ილიონის მახლობლად.

[2] სტრ. 19. დიონეა — დიონესა და ზევსის ასული, ვენუსი (ბერძნული მითოლოგიის აფროდიტე).

[3] სტრ. 35. გეტების ყანები — გეტები და თრაკიელები ცხოვრობდნენ მდინარე დანუბიუსის (დუნაის) ნაპირებზე და თაყვანს სცემდნენ მარს-გრადივუსს.

[4] სტრ. 50. თრაკიის მეფე — პოლიმესტორი, პრიამოსის სიძე, ილიონეას მეუღლე.

[5] სტრ. 63. მანები — გარდაცვლილ წინაპართა ნეტარი სულები, რომლებსაც ეტრუსკები და ძველი რომაელები თაყვანს სცემდნენ, როგორც საკუთარი მოდგმის მფარველ ღვთაებებს. მათი კულტი ნახსენებია უკვე თორმეტი დაფის კანონებში.

[6] სტრ. 64. მუქი სახვევითა და შავი კვიპაროსით მორთული საკურთხევლები — კვიპაროსი და მუქი სახვევები გლოვის სიმბოლოები იყო.

[7] სტრ. 66-67. აქაფებული თბილი რძე და ჭურჭლით შესაწირავის სისხლი — დაკრძალვის რიტუალის მიხედვით საფლავზე ღვრიდნენ რძეს, თაფლს, სამსხვერპლო ცხოველის სისხლსა და ღვინოს, რომ მანების გული მოეგოთ. 

[8] სტრ. 70. ავსტერი (Auster) — სამხრეთის ქარი.

[9] სტრ. 73. წმინდა კუნძული — იგულისხმება კუნძული დელოსი, რომელზეც დაიბადნენ სხივოსანი აპოლონი და დიანა. 

[10] სტრ. 76. მიკონოსი და გიაროსი — დელოსის მეზობელი კუნძულები.

[11] სტრ. 85. თიმბრელი — აპოლონის ერთ-ერთი მეტსახელი, ტროადის ერთ-ერთი დაბლობის სახელის მიხედვით; ამ დაბლობზე აგებული იყო აპოლონის სახელგანთქმული ტაძარი.

[12] სტრ. 86. მოძებნეთ ძველი დედა — იგულისხმება იტალია, საიდანაც მცირე აზიაში გადასახლდა ტროელთა წინაპარი დარდანოსი, ზევსისა და ელექტრას, ატლასის ასულის, ძე; ზოგიერთი ვერსიით, ეტრუსკი კორითუსისა და ელექტრას ძე. 

[13] სტრ. 104. კრეტა, დიდი იუპიტერის კუნძული — კრეტა, რომელიც იუპიტერის სამშობლოდ ითვლებოდა, ანქისესმა თავისი მოდგმის აკვნად მიიჩნია, რადგან პირველი ტროელი მეფე, ტევკროსი, კრეტელი იყო.

[14] სტრ. 105. იდის მთა — ფრიგიული იდის მთის გარდა არსებობს იდის მთა კრეტაზე.

[15] სტრ. 108. რეტეუმის ნაპირები — იგულისხმება ტროის სანაპირო. რეტეუმი კონცხი იყო ტროადაში.

[16] სტრ. 111. კორიბასების სპილენძი — იგულისხმება სპილენძის წინწილები, ანუ დასარტყამი თეფშები, რომლის თანხლებითაც კორიბასები კიბელეს ექსტატიკურ კულტს ემსახურებოდნენ.

[17] სტრ. 112. რიტუალების წმინდა დუმილი — კიბელეს კულტის მონაწილენი მის რიტუალებს არაზიარებულთაგან საიდუმლოდ ინახავდნენ.

[18] სტრ. 113. დედოფლის ეტლში შებმული ლომები — კიბელეს გამოსახავდნენ ლომებშებმული ეტლით.

[19] სტრ. 115. კნოსოსის სამეფო — კრეტა. კნოსოსი კრეტის მთავარი ქალაქი იყო.

[20] სტრ. 122. მეთაური იდომენევსი — კრეტის მეფე იდომენევსი, დევკალიონისა და კლეოპატრას ძე, მითის მიხედვით, ტროის ომიდან დაბრუნების შემდეგ კრეტელებმა კუნძულიდან გააძევეს. დაბრუნებამდე იდომენევსი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა და პოსეიდონს დაჰპირდა, თუ გადავრჩი, პირველსავე შემხვედრ ცოცხალ არსებას შემოგწირავო. პირველი ცოცხალი არსება, რომელიც შეხვდა, მისი ძე აღმოჩნდა. იდომენევსმა აღთქმა აღასრულა და შვილი პოსეიდონს შესწირა. განრისხებულმა ღმერთებმა კრეტას შავი ჭირი მოუვლინეს. საპასუხოდ კრეტელებმა იდომენევსი კუნძულიდან გააძევეს. გაქცეულმა იდომენევსმა ჯერ იტალიაში კალაბრიას შეაფარა თავი, შემდეგ კი მცირე აზიის კოლოფონში აღმოჩნდა, სადაც გარდაიცვალა. 

[21] სტრ. 124. ოტრიგია — დელოსის ძველი სახელი.

[22] სტრ. 125. ბაკხი ქალების თაყვანსაცემი ნაქსოსი — კუნძულ ნაქსოსის მთები სახელგანთქმული იყო ბაკხოსის თაყვანისცემით.

[23] სტრ. 125. დონისა — კუნძული ნაქსოსის აღმოსავლეთით.

[24] სტრ. 126. თოვლივით თეთრი პაროსი — პაროსი თოვლივით თეთრადაა მოხსენიებული, რადგან მარმარილოთი იყო სახელგანთქმული.

[25] სტრ. 128. კიკლადების კუნძულები — კუნძულების არქიპელაგი ეგევსის ზღვაში; არქიპელაგის შუაგულში მდებარეობს კუნძული დელოსი.

[26] სტრ. 131. კურეტები — რეა-კიბელესა და ზევსის თანამგზავრები. როდესაც რეამ კუნძულ კრეტაზე გადამალა ახალშობილი ზევსი, კურეტები ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ გაეგო მისი ტირილი.

[27] სტრ. 141. სირიოსი — ქოფაკის თანავარსკლავედის ვარსკვლავი, ივლისში მის გამოჩენას გვალვასა და უჩვეულო სიცხეს უკავშირებდნენ.

[28] სტრ. 162. დელოსელი, დელიოსი — აპოლონი.

[29] სტრ. 168. იასიოსი — დარდანოსის ძმა.

[30] სტრ. 171. დიქტეს ყანები — იგულისხმება კუნძული კრეტა; დიქტე — ქედი კუნძულ კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში..

[31] სტრ. 178. საკურთხეველს წმინდა საჩუქრები აღვუთქვი — სახლის კერა, ამავე დროს, პენატების საკურთხევლად მიიჩნეოდა.

[32] სტრ. 213. ფინევსი — ბრმა ფინიკიელი წინასწარმეტყველი; მას ჰარპიები სდევნიდნენ, რადგან, თავისი შვილები, პირველი ქორწინებიდან დააბრმავა. ჰარპიები იტაცებდნენ მის საკვებს. ჰარპიები ითვლებოდნენ ქარიშხლის ქალღმერთებადაც. ვერგილიუსთან ქალწულისსახიანი ეს ფრთოსანი ურჩხულები შიმშილის გამოხატულებები არიან.

[33] სტრ. 248. ლაომედონის შთამომავლები — მინიშნება ლაომედონის ცოდვაზე, რომელმაც ჰერკულესს არ მისცა ტროის გალავნის აგების გამო დაპირებული ცხენები. შეურაცხყოფილი ჰერკულესი ტროას ომით მიადგა.

[34] სტრ. 252. ფურიათაგან უდიდესი — გვიანდელ გადმოცემებში ჰარპიები ფურიებს გაუთანაბრდნენ.

[35] სტრ. 270-271. ძაკინთოსი, დულიქიონი — იონიის ზღვის კუნძულები. პოეტურ ენაზე დულიქიოსი აღნიშნავს „ულიქსესისას“ (ოდისევსისას).

[36] სტრ. 271. ნერიტოსი — კუნძულ ითაკის მთა.

[37] სტრ. 272. ლაერტესი — ულიქსესის (ოდისევსის) მამა.

[38] სტრ. 274. ლევკატა — კუნძულ ლევკადას კონცხი, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან.

[39] სტრ. 280. აქტიუმის მიწაზე ილიონური თამაშები მოვაწყვეთ — აქტიუმის კონცხზე აღმართული იყო სხივოსან აპოლონის ტაძარი, სადაც უძველესი დროიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ თამაშები ტარდებოდა. აქტიუმის სახელგანთქმული ბრძოლის შემდეგ (ძვ.წ. 31 წ.), რომელშიც ოქტავიანუსმა ანტონიუსი დაამარცხა, მან ეს თამაშები განაახლა.

[40] სტრ. 286-287. აბასის იარაღს კარის პირდაპირ ვკიდებ — იგულისხმება რომაელთა ჩვეულება, ტაძრის კარებთან დაეკიდათ საბრძოლო აღჭურვილობა გამარჯვებულისა და დამარცხებულის სახელის აღნიშვნით.

[41] სტრ. 291. ფეაკები — კუნძულ სქერიას (დღევანდელი კორფუს) მკვიდრი მითოსური ხალხი, რომლებსაც სტუმრობდა ოდისევსი ჰომეროსის „ოდისეაში“.

[42] სტრ. 292. ქაონია — ეპიროსის ჩრდილო-დასავლეთი მხარე.

[43] სტრ. 293. ბუთროტოსი — ქალაქი ეპიროსში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით.

[44] სტრ. 295. ჰელენოსი — პრიამოსის ძე, წინასწარმეტყველი; ტყვედ ჩაუვარდა პიროსს (ნეოპტოლემოსს), რომელმა ეპიროსში წაიყვანა. ანდრომაქეს ამბის გადმოცემისას ვერგილიუსი მკაცრად მიჰყვება ევრიპიდეს ტრაგედია „ანდრომაქეს“ სიუჟეტს.

[45] სტრ. 321. ყველაზე უფრო ბედნიერია პრიამოსის ქალწული — იგულისხმება პოლიქსენე, პრიამოსის ასული, რომელიც მსხევრპლად შესწირეს აქილევსის საფლავს ტროის დაცემის შემდეგ.

[46] სტრ. 328. ჰერმიონე — მშვენიერი ჰელენეს ასული, რომელიც ორესტესის, აგამემნონის ძის, საცოლე იყო.

[47] სტრ. 331. ფურიების მიერ დევნილი ორესტესი — ფურიები (ბერძნ. ერინიები) ორესტეს დაედევნენ მას შემდეგ, რაც მან, მამის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, დედა, კლიტემნესტრა, მოკლა.

[48] სტრ. 335. ქაონი — ჰელენოსის მეგობარი, რომელიც პრიამოსის ძეს ნადირობისას შემოაკვდა. სხვა ვერსიის მიხედვით, ტროელი, რომელიც ღმერთებს ნებაყოფლობით შეეწირა, თანამოქალაქეთა გადასარჩენად.

[49] სტრ. 360. კლაროსული დაფნა — იონიის ქალაქ კლაროსში იყო დაფნის წმინდა ჭალა, აპოლონის ტაძარი და სამისნო.

[50] სტრ. 361. ფრთოსანთა ნიშნები — მისნობას ფრინველთა ფრენის მიხედვით ბერძნებიც იცნობდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ პოპულარობას მან რომში მიაღწია.

[51] სტრ. 381. იტალიასთან, რომელიც უკვე ახლო და მეზობელი გგონია — ეპიროსის ახლოს (ადრიატიკის დასავლეთით) იტალიის აღმოსავლეთი სანაპიროა; მაგრამ ენეასს აქ ხმელეთზე გადასვლა არ შეუძლია, რადგან ეს სანაპირო ბერძენი ახალმოშენეებით არის დასახლებული. ტროელებმა ნახევარკუნძულს სამხრეთიდან უნდა შემოუარონ და მდინარე ტიბრის შესართავთან უნდა გადავიდნენ ნაპირზე, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე.

[52] სტრ. 386. კირკე — აიეტისა და პასიფაეს და, მედეას მამიდა; გრძნეული ქალღმერთი, რომელმაც, ჰომეროსის „ოდისეის“ მიხედვით, ოდესღაც ოდისევსი დააყოვნა.

[53] სტრ. 399. ნარიქსელი ლოკრები — საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მხარის, ლოკრისის ქალაქ ნარიქსის მკვიდრები, რომლებმაც სამხრეთ იტალიაში ქალაქი ლოკრი დააარსეს. ლოკრების ტომის მეფე იყო ტროის ომის ერთ-ერთი გმირი, აიას ოილევსის ძე.              

[54] სტრ. 400. სალენტინური მინდვრები — ადგილია კალაბრიის მხარეში.

[55] სტრ. 401. ლიქტოსელი — კრეტის ქალაქ ლიქტოსის მკვიდრი.

[56] სტრ. 401-402. მელიბეელთა წინამძღოლი ფილოქტეტესი — ბერძენი გმირი ქალაქ მელიბეადან.

[57] სტრ. 402. პეტელია — ქალაქი სამხრეთ იტალიაში.

[58] სტრ. 405. ...თმა უნდა დაიფარო მეწამული თავსაბურით — ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელები თავდახურული ლოცულობდნენ; შავი თავსაბური განკუთვნილი იყო „ქვედა“, მიწისქვეშა ღმერთებისათვის, მეწამული — „ზედა“, ოლიმპოსელი ღმერთებისათვის. მეწამული ფერი მტრის საწინააღმდეგო თილისმადაც მიიჩნეოდა.

[59] სტრ. 411. პელორუსი — ვიწრო სრუტე იტალიის ნაპირსა და სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პელორუსის კონცხს შორის.

[60] სტრ. 416. მიწა იქ ერთი იყო და ნაპრალი გაუჩნდა — ძველებს მიაჩნდათ, რომ სიცილია იტალიას მიწისძვრის შედეგად გამოეყო.

[61] სტრ. 429. პაქინუსი — კონცხი, სიცილიის სამხრეთი ბოლო. ჰელენოსი ამბობს, რომ ენეასისთვის უმჯობესია სიცილიას (ტრინაკრიას) სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოუაროს, ვიდრე მესინის სრუტე გაიაროს, სადაც მას სკილა და ქარიბდისი ემუქრებიან.

[62] სტრ. 441. კუმა — ზღვისპირა ქალაქი ნეაპოლის მახლობლად.

[63] სტრ. 466. დოდონა — იუპიტერის სამისნო. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, აქ წინასწარმეტყველება ხდებოდა იმ ხმების მიხედვით, რომელსაც მუხის ხეზე დაკიდებული სპილენძის თასები გამოსცემდა. 

[64] სტრ. 476-477. ...ორგზის გადარჩი პერგამოსის ნანგრევებში — პირველად მაშინ, როდესაც ჰერკულესმა გაანადგურა ტროა და მეორედ — როდესაც აქაველებმა გაანადგურეს იგი.

[65] სტრ. 505. დაე, ეს საზრუნავი არ დაივიწყოს  შთამომავლობამ — აქტიუმთან გამარჯვების შემდეგ ოქტავიანუს ავგუსტუსმა ქალაქი ნიკოპოლისი დააფუძნა ეპიროსში და ბრძანება გასცა, რომ მისი მოქალაქეები რომაელთა „ნათესავებად“ მიეჩნიათ.

[66] სტრ. 506. კერავნია — მთის ქედი ეპიროსში.

[67] სტრ. 531. მინერვას ტაძარი — გადმოცემის მიხედვით, ეს ტაძარი დაფუძნებული იყო იდომენევსის, ტროელთა მტრის მიერ.

[68] სტრ. 552. ლაკინია — იუნოს ტაძარი ლაკინიის კონცხზე ბრუტიაში. 

[69] სტრ. 553. კავლონი და სკილაკეუმი — ზღვისპირა ქალაქები.

[70] სტრ. 578. ენკელადოსი — ერთ-ერთი გიგანტი, რომელიც ოლიმპოსელ ღმერთებს აუმხედრდა. იუპიტერმა ელვა სტყორცნა და ეტნის ვულკანით გასრისა.

[71] სტრ. 616. თანამგზავრები — ულიქსესის (ოდისევსის) თანამგზავრები, რომლებიც კიკლოპის გამოქვაბულში მოხვდნენ (ჰომეროსი, „ოდისეა“, IX, 180-545).

[72] სტრ. 688. პანტაგია — მდინარე სიცილიაში.

[73] სტრ. 692. სიკანიური  — სიცილიური; სიკანების ტომი ასახლებდა სიცილიას. პლემირიუმი — კონცხი სიცილიაში სირაკუზის მახლობლად.

[74] სტრ. 693. ორტიგია — მცირე კუნძული სირაკუზის ყურეში. კუნძული იმავე სახელს ატარებდა, რასაც დელოსი, რადგან ლატონასა და მისი შვილების, ფოიბოსის, სხივოსანი აპოლონისა და დიანას კულტთან იყო დაკავშირებული. 

[75] სტრ. 694. ალფევსი და არეთუსა — ძველების წარმოდგენით, ალფევსი ზღვის ქვეშ აგრძელებდა თავის დინებას და სირაკუზის მახლობლად ერწყმოდა სიცილიის მდინარე არეთუსას.

[76] სტრ. 698. ჰელორუსი — სამხრეთ სიცილიის მდინარე.

[77] სტრ. 700-701. უძრავი კამერინა და გელას მინდვრები — კამერინა სამხრეთ სიცილიის ქალაქი იყო. ძველი წარმოდგენით, წინასწარმეტყველმა აკრძალა კამერინის ჭაობის ამოშრობა; მცხოვრებლებმა წინასწარმეტყველება არ გაითვალისწინეს და სწორედ ამოშრობილი ჭაობის მხრიდან მიადგა მტერი ქალაქს. გელა — სიცილიის ერთ-ერთი ქალაქი.

[78] სტრ. 703. აკრაგასი — მთა და სახელგანთქმული ქალაქი. განთქმული იყო თავისი ცხენებით, რომლებიც ხშირად იმარჯვებდნენ ოლიმპიურ თამაშებზე.

[79] სტრ. 705. სელინუსი — ქალაქი სიცილიის სამხრეთ-დასავლეთში.

[80] სტრ. 706. ლილიბეია — კონცხი და ქალაქი დასავლეთ სიცილიაში.

[81] სტრ. 707. დრეპანუმი — საპორტო ქალაქი დასავლეთ სიცილიაში.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE