პატარა ჩიტი


პატარა ჩიტი




პოპულარული ებრაელი პოეტი, ესეისტი  და ლიტერატურული რედაქტორი - დითი რონენი ისრაელში, თელ-ავივში დაიბადა.

დოქტორი დითი რონენი  იურუსალიმის უნივერსიტეტში ხელოვნებასა და თეატრისა და კულტურის პოლიტიკას ასწავლის. წლების განმავლობაში  მუშაობდა ისრაელის კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის, თეატრისა და ლიტერატურის  დეპარტამენტის უფროსად. 

დითი რონენს გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენებზე და შესულია სხვადასხვა პოეტურ ანთოლოგიებში.  დითი რონენი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში,  მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი, პრემია, ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის Terra Poetica Award, Best Poetic Cycle Award,  ნაციონალური პრემიები და ა.შ.  2016 წელს გამოცემულმა ბოლო კრებულმა  Kugel Literary Award დაიმსახურა, ხოლო ამ წიგნის ფრანგული თარგმანი საფრანგეთში გამომცემლობა "Levant"-მა გამოსცა.

დითი რონენი საქართველოს  კულტურის სამინისტროს პროექტის, „ცოცხალი წიგნების“ ეგიდით  დაგეგმილი  პოეტური ვორქშოფის ფარგლებში ეწვევა, რომელიც  2017 წლის მაისის ბოლოს ქართველი და ებრაელი პოეტების მონაწილეობით ჩატარდება.

ის ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ  ფესტივალში  (29 მაისი-2 ივნისი).

 

პატარა ჩიტი

 

ზემოდან დაიწყე,

ნელა,

მკრთალ ცისფერში,  მკრთალში

და ვრცელში და დიდში და თეთრში.

დაიწყე მარადისობით.

დაიწყე ცაში. ცით დაიწყე.

დაიწყე ჩიტით.

ნახე, აფრინდა.

ერთი  ჩიტი,  პატარა. ნახე.

დაფრინავს. -

და მის წინ მთელი ცაა,

ღია,  გაშლილი.

 

დაიწყე სიდიდით, ჰო, დაიწყე დიდი,

ზემოდან - დიადი,

დაიწყე ყველასათვის ნათელი  თვალთახედვით,

ყოვლისმომცველი,

უმანკო თვალთახედვით,

ღმერთის თვალთახედვით,

წვრილმანებს რომ ვერ ამჩნევს.

სხვა ჩიტებიც იყვნენ?

ჟივჟივებდნენ?

რა თქმა უნდა, იჟივჟივებდნენ.

აი, კიდევ ერთი ჩიტი აფრინდა.

 

დაიწყე ჰორიზონტით.

ისევ ეტყობა დენთის კვალი?

არა, ბინდი ჯერ შორსაა,

შენ საერთოდ ვერაფერს ხედავ. 

ჰორიზონტი შორსაა, ზღვა ახლოს

და მზე ზუსტად ცის შუაგულში.

ხეებმა  წვერი ამოყვეს,

ნახე, თანდათან  ჩნდებიან.

დაიწყე ხის კენწეროებით.

იფურჩქნებიან, იშლებიან, მარადმწვანე

მათი თითები ესწრაფვიან მაღალს

და ღვთიურს,

ღმერთს, რომელიც მათ დაჰყურებს,

და ისიც უნდათ, რომ  ჩიტს მისწვდნენ.

ნეტავ,  მაშინ მზე კაშკაშებდა?

ან რა ფორმა ჰქონდა ღრუბელს?

ღმერთმა ზემოდან ნეტავ ჩიტი თუ შეამჩნია?

 

დაიწყე ხით. დაიწყე ტოტით,

ნახე, როგორ ეხუტება ხის ტანს,

როგორ ეყრდნობა, როგორი ნდობით.

ისიც დუმს. მხოლოდ ოდნავ არხევს ნიავი.

გულში იკრავს

და წინაპრების ხმებს იმეორებს.

ბუდეს ხედავ?

ბარტყები ნახე?

ხიდან დაიწყე.

აი, იმ ხიდან, მის გვერდით რომ დგას.

გახსოვს ეს ჩიტი?

ქვემოთ ეშვება და ტოტზე ჯდება.

მისგან დაიწყე.

არა. იმ ხიდან.

სხვა ხეებიდან.

ბევრი ხიდან.

მთელი ტყეა.  

დახედე. ზემოდან.

როგორ კაფავენ, ხედავ?

შეხედე. ხედავ?

ახლა მის ნაცვლად ბანაკია.

 

ბარაკებიდან დაიწყე.

აირჩიე ნებისმიერი.

ყველა ერთია.

მეათედან დაიწყე.

ნახე,  ლამაზი ქალი გამოდის.

თავაწეული.

დახატე?

გთხოვ, დახატე,

ლამაზი, ამაყი და გაბედული.

ხედავ?

სახე აქვს მრგვალი, მშვენიერი,

შთამბეჭდავი, დიდი თვალები.

ამოიხედა.

აი, ხედავს ხეებს შორის ცის ნაგლეჯებს,

შენ რომ დახატე, და ღრუბლის ფთილას,

სურვილის ფორმის.

დეტალებს ამჩნევს.

არომატი და სურნელი ახსოვს.

ფერი და ხმებიც მოსდის წარსულის.

გაზაფხულია.

და აი ჩიტიც,

მის წინ დაფრინავს,

დალივლივებს, გაუშლია პაწია ფრთები.

 

ოფიცრით დაიწყე.

მაღალი დახატე.

გამოკვეთილი სახის ნაკვთებით,

თუ შეიძლება. ოთხკუთხედი,

ძლიერი  ყბებით,  წინ წამოსული

დიდი ნიკაპით.

ახლა კი თმები: გადავარცხნილი

და ქუდიც თავზე ახურავს ელეგანტურად.

ზევიდან ჩანს სამხედრო ფორმა?

ხედავ ზევიდან მის ემბლემებს  სახელოებზე?

 

დაიწყე იარაღით.

ოფიცერს ხელში იარაღი უჭირავს

და ბარაკთან დგება. იარაღი ხელში უჭირავს.

შემართა თოფი,

ცას უმიზნებს.

თოფს ადებს ლოყას.

ცალ თვალს ხუჭავს,

ხუჭავს და ეძებს.

მაღალი დახატე. და გამართული.

სამიზნეში იყურება მაღლა

და ეძებს.

რას  ესროლოს?

ჩიტი ახლა იმ ტოტზე  ჯდება.

 

დახატე, როცა ქალს უყურებს. დახატე მზერა.

ნახე, მოძრაობს, ქალისკენ მიდის.

უყურე. როგორ დაავიწყდა

ახლა ვინ არის. კუნთებიც თითქოს მოუდუნდა.

დახატე, როგორ უშვებს იარაღს.

მკლავებიდან როგორ უცურავს.

მხოლოდ ქალს უმზერს -

ტანზე ტომარა ჩამოუცვამს, წელზე - ქამარი.

ოფიცერი ქალს შესცქერის,

მტკიცე ნაბიჯებს,

ქალი ვერ ხედავს,

ფეხსალაგისკენ თავისთვის მიდის,

მისი  მზერა  ჩიტს აწყდება.

 

დახატე, ამ ქალს როგორ უცქერს,

მის სიარულს აკვირდება,

და კაბის ტალღებს,

დახატე. აი, ფეხსალაგში შევიდა ქალი,

ოფიცერმა შემართა თოფი

და გადაწყვიტა. აღარ მიაქცევს ყურადღებას 

ქალს და მის ტალღებს.

დედამიწაზე ახლა ყველგან გაზაფხულია.

დახატე?  ლოყა ისევ მიიჭყლიტა

და ალბათ ცივი თოფის ბრალია

ცალ თვალს რომ ხუჭავს.

 

უყურე, როგორ

დაუმიზნა. სუნთქვა შეიკრა. მიზანში იღებს.

პატარა ჩიტს, უჰ, სწორედ იმ ჩიტს,

ესვრის.

დახატე?

დახატე, როგორ ჩამოვარდა?

იქ.  არა აი, აქ,  ახლოს,

ზუსტად მის გვერდით,

როგორც ღმერთი ეშვება ხოლმე

რბილად, უჩუმრად.

 

დაიწყე ქალით.

ესმის გასროლა.

ერთი გასროლის ექო ესმის,

ტყის ბოლომდე რომ მიაღწია და

უკან დაბრუნდა. ქალს საფეთქლებზე ეჯახება.

ვინმე დაშავდა?

დახატე ხმები, კარის ჯახუნი.

დახატე, ფეხსალაგიდან როცა გამოდის.

დახატე მისი მღელვარება.

ხედავ, გამოდის, ჩერდება და თავის ტომარა-კაბას ისწორებს,

იმართება, ჩიტი არსად ჩანს.

ნეტავ, მისი მეგობრები როგორ არიან?

ბარაკებისკენ სწრაფად მიდის,

მალე ნახოს, ჩქარა დაბრუნდეს.

 

დაიწყე ქალით.

არა,  ოფიცრით.

ისევ ქალს უმზერს.

ის ფეხს უჩქარებს.

ბარაკებს  შიშით ათვალიერებს,

ძალიან ღელავს, თითქმის მირბის.

ოფიცერი თვალს არ აშორებს,

გაოცებული. დაბლა იხრება,

მიწიდან ჩიტს ხელში იღებს,

ჯერ კიდევ ფეთქავს, ისევ თბილია,

პაწაწინაა, წონა, შეიძლება ითქვას, არც აქვს.

რა ლამაზია.

ხედავ, მკვდარი ჩიტი ქალს გაუწოდა.

 

გეხვეწები, დახატე ქალი.

ჩქარა, ყველაფერი სწრაფად იცვლება.

ქალი ჩიტს ართმევს,

თითქოს დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, ისე,

თითქოს დღესავით ნათელია,

თითქოს ჩიტი მისთვის მოეკლას.

ქალი ჩიტს ართმევს,

ზედმეტად არც კი შეუხედავს,

წამში ბარაკის კარს აღებს და

შიგნით  შერბის, 

თან სუნთქვა ეკვრის.

უკვე დარწმუნდა, რომ არავინ დაშავებულა

თოფის გასროლით.

თავის მეგობრებს ჩიტს უჩვენებს.

რატომ ისროლეს? ყველამ ცუდი იფიქრა რაღაც.

ანერვიულდნენ.

ახლა ისევ ერთად არიან,

და ქალს ხელში მკვდარი ჩიტი ჰყავს.

 

დაიწყე ქალის მეგობრებით. არა.

დაიწყე ზედამხედველით. ის ჩეხია.

მორწმუნეა, არის დაბალი. თავის გოგონას

ოთახში მალავს. კარგი ქალია. დაიწყე ქურით.

არა. დაიწყე ჩიტით. დაიწყე ქვაბით.

არა. დაიწყე ჩიტით.

ვინ დააცლის პაწია ბუმბულს?

რატომ უნდა დააცალონ?

რა ხელი აქვს ხედამხედველს პატარა ჩიტთან?

დაიწყე სულ თავიდან.

დაიწყე ჩიტით.

გეხვეწები, დამიხატე პატარა ჩიტი.

არა. გეხვეწები, დამიხატე პატარა ქვაბი.

არა. გეხვეწები, დამიხატე პატარა ქურა.

ნახე, ქურას მუცელში ქვაბი უზის.

ამის დახატვა აღარ გინდა.

დაიწყე, დაიწყე ქალის მეგობრით.

არა, დაიწყე ქალით.

ხედავ, ისევ შოკშია ქალი.  ბარაკის კარი მიხურულია.

მისი თვალები რა ხანია მიეჩვია უსინათლობას.

თავის მეგობრებს შესცქერის და ხელში ისევ ჩიტი უჭირავს.

არა, დაიწყე ქალის მეგობრით.

მასზე უფროსით. ძალიან არა.

ახალგაზრდაა ისევ, მაგრამ  მასზე უფროსია

და გამოცდილიც.

გოგოს ჩიტს ართმევს, ჩეხ ქალთან მიდის.

ნახე,  ჩიტი როგორ ჩაბღუჯა.

ნელა მაღლა წევს და  ზედამხედველს

იქვე პატარა გაზქურაზე მიანიშნებს.

ჩუმად. პასუხს ელოდება.

ნელა მაღლა წევს,  პატარა ქვაბზე მიანიშნებს.

იცდის.

ნელა მაღლა წევს და  ცოტა მარგარინზე მიანიშნებს.

თავს ოდნავ მარჯვნივ ატრიალებს,

ნელა მაღლა წევს. ფიქრობს და ფქვილზე მიანიშნებს.

იცდის. პილპილი და მარილიც უნდა.

უყურე. საიდუმლო ენა მონახეს.

დახატე მზერა.

დახატე შიმშილი.

დახატე საიდუმლო.

დახატე შეთანხმება.

იმედი დახატე. შიმშილი.

შიმშილით დაიწყე.

არა. ჩიტით.

არა. ქალით დაიწყე.

ოფიცრით. იარაღით.

ბარაკით. ქურით. ქვაბით. ჩიტით. დასაწყისით.

მოდი, დაიწყე.

მოდი, დაიწყე მოგონებით.

დაიწყე, დაიწყე,  დაიწყე, სიმშვიდით.

ჩუმად.

დაიწყე სიმუნჯით.

დაიწყე დუმილით. ბევრჯერ დუმილით.

არა, საერთოდ ნუ დაიწყებ.

გაჩუმდი და ნუ დაიწყებ.

სიტყვა არ დაგცდეს.

ნურც დაწერ და ნურც დახატავ.

დაივიწყე ყველაფერი, რაც კი გითქვამს, დადუმდი. 

წაშალე და დაივიწყე. დაივიწყე და წაშალე.

და ჩუმად.

გაქრეს.

შეეშვი ბარაკს.  შეეშვი ოფიცერს, შეეშვი ქალს.

შეეშვი შიმშილს, შეეშვი მზერას, შეეშვი იმედს.

თავი დაანებე დუმილს, თავი დაანებე ხმებს,

ნუ ფიქრობ ქურაზე, ნურც ქვაბზე.

თითი არ დააკარო ამბავს, არც სიმღერას.

გამორიცხე  ჩიტი. ღმერთო.

ჩაყლაპე სიტყვები.

და გაჩუმდი.

დაივიწყე. წაშალე და ნურაფერს იტყვი.

და თუ დაწყება მაინც გიწევს, 

უხმაუროდ დაიწყე მაშინ.

საკუთარ თავში, იჩურჩულე, იჩურჩულე. 

დაიწყე მონატრებით. ოცნებით. სურვილით.

იცი, რა არის ბეჩინალთი, ქათმის წვნიანი?

რა თქმა უნდა, ნამდვილად იცი.

 

ბეჩინალთით დაიწყე,

დახატე, როგორ ასდის სურნელი

და მთელ სახლს ავსებს.

დახატე, როგორ ამოდის ქვაბიდან,

სამზარეულოდან როგორ გადის და

ოთახში აღწევს,

წვდება ხალიჩას,

რადიოს,

გადაცემას „ვეძებთ ნათესავებს“ 

და გრძნობებს თავს აკარგვინებს.

ნაშუადღევით დაიწყე.

გივათაიმში პატარა ბინით დაიწყე.

მზე დიაგონალურად მოძრაობს

და გრილი სიო ზღვიდან უბერავს.

დაიწყე დედით.

დაიწყე დედით ნაშუადღევს.

დახატე, როგორ ამზადებს სადილს, ხის კოვზით ხელში.

თან როგორ მიხსნის, ფქვილი უნდა მოვუკიდო,

წვენი უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს,

დაიწყე დედით, ნაშუადღევს.

მაღალი დახატე, გაზქურის გვერდით.

კარგად დახატე,

დახატე, როგორ მეხება.

დაიწყე  ჩემით.

დაიწყე დედაჩემით, ნაშუადღევს.

ლამაზი დახატე, მაღალ ქუსლებზე.

როცა ზოგჯერ

მაღაზიაში შეივლის და ქათამს იყიდის, 

და მერე  სადილს მოამზადებს

პატარა ჩიტით,

ოფიცერმა მაშინ რომ მისცა,

და რომლის გემოც ძალიან ასე ძალიან,

ასე ძალიან, ძალიან ჰგავს დროს.

 

ცალი ძუძუ

1.

სარკის წინ

ლურჯი მელნით

დედაჩემის ჩამოთლილი

მკერდის

კონტურებს ვავლებ.

 

ხაზი ზემოთ ადის,  უხვევს,

და იღლიის

ღრმულში უიმედოდ ვარდება.

 

ხაზი დიაგონლად იქცა,

ხელის გარხევა

შეუძლებელია.

 

2.

მკერდის ნაცვლად დარჩენილ ჭრილობაზე

რბილ, მაგრად დაკოცნილ სახვევებს

ფრთხილად გადებ.

შენ ტკივილს დაგიამებს, მე კი

ყასაბს დავემალები.

 

3.

დედა მოდი

ყოველი შემთხვევისთვის

ამაღამ გავიპაროთ და შენი ჩამოთლილი

მკერდი მიწაში ღრმად ჩავფლათ

და ზედ ვიაროთ და

ვტკეპნოთ და ფეხები ვურტყათ

და ვაბაკუნოთ

ყველა ქარს სამ-სამჯერ შევაფურთხოთ

დანები ჰაერში დავატრიალოთ და ზედ დავარჭოთ

ხელისგულები ცას მივუშვიროთ

ლოცვა ვიბუტბუტოთ და ვიმღეროთ

მერე წამოვდგეთ

ხელები დავიბანოთ

ყველა ქარს ისევ სამ-სამჯერ შევაფურთხოთ

და სახლში თვალები მაგრად დავხუჭოთ

თითები გადავაჯვარედინოთ

ათი წელი დავითვალოთ

სუნთქვა შევიკრათ

და დაველოდოთ.

 

დაცემა. ვარიაცია No. 6

 

როგორ იწყება ცეკვა.

კონცენტრირებით. არსში გარკვევით.

გადაკვეთის წერტილში სინათლის უცაბედი ლიცლიცით.

ხმის გაელვებით. ავარიული სიგნალით. 

სასტვენით.

შემოდის? გადის?

ჩემი ადგილია?

მისი?

ქარიშხლით.

მუხლში იწყება. კივილით.

მენჯში  მზარდი და

აღმავალი

უხმო სპირალით.

თავში იწყება. დარტყმით.

ცოცვით.

მუხლებზე. ცოცვით.

იდაყვში იწყება. ჩქმეტით.

ღრეჯვით. ყოყმანით. უკან დახევით.

უჩუმრად. ახლა საით.

სივრცეში გაფანტული ბგერებით ბგერებზე.

ა ზონა, ბ ზონა,

წერტილი.

სახსრების განცალკევებით.

ფორხილით.

წამოწევით.  ფორთხვით.

წამოდგომით. მარცხნივ მოკეცვით.

მარჯვნივ გადავარდნით.

მოკაკვით. ძებნით.

საფარის ან სამალავის.

მყისიერი ევაკუაციით.

დახეთქებით.

მთელი ძალით.

უძრაობით.

 

სახლში, ანუ დამალობანა

  1.  

ვიდრე მე დავსახლდებოდი,

ჩემი მიწა სხვებს ეკუთვნოდათ

და სიყვარულით ამუშავებდნენ.

ვიდრე ისინი დასახლდებოდნენ,

მათი მიწაც სხვებს ეკუთვნოდათ

და სიყვარულით ამუშავებდნენ.

ვიდრე ჩემი მშობლები სამშობლოს დატოვებდნენ,

ცხოვრობდნენ სახლში,

რომელიც სიყვარულით ააშენეს.

ვიდრე შენ დატოვებდი სამშობლოს,

ცხოვრობდი სახლში, რომელიც

სიყვარულით ააშენე.

ნუ ვახსენებთ ისტორიას. წარმოიდგინე,

რომ ჩვენ აქ შენამდე არ ვყოფილვართ

და არც შენ  ყოფილხარ აქ ჩვენამდე.

დაჭერობანას თამაშის ნაცვლად

სიტყვობანა ვითამაშოთ.

მე ვცხოვრობ სახლში რომელიც სხვებისთვის ააშენეს.

და ისინიც  ვინც აქ  ჩემამდე ცხოვრობდნენ

ცხოვრობენ სახლში რომელიც სხვებისთვის აშენდა.

შენ ცხოვრობ სახლში რომელიც სხვებისთვის ააშენეს

და ისინი ვინც შენს სახლში ცხოვრობდნენ

წავიდნენ და ცხოვრობენ სახლში

რომელიც სხვებისთვის აშენდა.

 

2.

ერთადერთ სახლში რომელიც ჩემთვის აშენდა

ახლა ცხოვრობს ხალხი

რომელიც ჩემი მშობლების ენაზე ლაპარაკობს

ჩემს მშობლიურ ენაზე

რომელიც არ მესმის.

პარიზის მადრიდისა და  რომის

ცენტრალურ ქუჩებში

ჩემს ხალხს ვცნობ

და ვყუჩდები.

 

3.

ცას ვიღებ

და თავზე ვიხურავ

რომ თავი სახლში ვიგრძნო

მაგრამ ფეხებს სადღაც მივყავარ.

 

* * *

იქ სადაც დავიბადე

სიტყვები ღვთის შვილები არიან

შიშვლები ჩნდებიან

სამყაროებს ქმნიან

და მათი ყოველი ამოსუნთქვა

კაცობრიობის მომავალს შობს.

ამ გაზაფხულს

ენას ჩავიგდებთ.

ღრუბლებს ვუცქერთ.

არ მოვუსმენთ ახალ ამბებს

არ ვიტყვით წმინდაა წმინდაა

არ წავიკითხავთ გაზეთებს

არავის განვსჯით

ბრალს არ დავდებთ

არ უარვყოფთ.

მერე

თვალის გუგებს 

ჩავაშტერდებით.

  

* * *

ბოლო დროს სიზმარში

მთელ სამყაროში სახლს ვეძებ,

ნაკვალევს ხელით ვსინჯავ

უნგრულად ვუმღერი

და ებრაულად ვუხმობ,

მოდი, მოდი, მოდი.

 

* * *

ზოგჯერ სახლი მოდის ჩემთან

მიყურებს

და მერე თვალებს ხრის.

ვეუბნები

რაც იყო იყო

მოდი გვჯეროდეს

მოდი ვთქვათ რომ მორიგება შესაძლებელია,

და დავიმახსოვროთ ეკლიანი ბუჩქი

და ლეღვი

და უკან დარჩენილი ხეები

და ზეპირად ნასწავლი იოთამის იგავი

და თვალებს ვხრი

და ვხედავ.

 

* * *

და საერთოდ რა არის სახლი?

სიტყვათა შეთანხმებისა

და  სტრუქტურის საფუძველზე

აღმართული ნაგებობა.

თუ ერთი ადამიანი

მეორეს ისეთ სიტყვებს ეტყვის, როგორიცაა

თავი დამანებე

ბზარი პირს ფართოდ დააღებს

კედლებს ჩამოშლის

და სახლი თავის

ბინადრებზე ჩამოიქცევა.

 

* * *

ერთხელ სიყვარული თავს ზემოთ გავშალე

და მასში შევსახლდი.

ბალიში და საბანი მოვქსოვე

ბავშვებს

მაქმანის ოთახი შევუკერე.

სინათლე სახლის ბინადართა თვალიდან  თვალზე გადადიოდა.

 

ფარდებში ქარი  მღეროდა,

ფანჯრებიდან ჩანდა

გაფენილი სარეცხი.

 

და სიყვარული მოვკეცე

კუთხე  კუთხეს დავადე

და პერანგის ნაოჭებში

ფრთხილად შევაცურე.

მთელი იმედი იქ შევინახე.

მე ჭუჭრუტანასთან დავდექი და ველოდი.

 

შემდეგ იყო ომი

და მოდიოდა წერილები

ან არ მოდიოდა.

მე ჭუჭრუტანასთან ვიდექი და ველოდი.

ყველაზე გრძელი ზამთარი იდგა.

ყველაზე ცივი ზამთარი იდგა.

მერე წერილები არ მოდიოდა.

მე ჭუჭრუტანასთან ვიდექი და ველოდი.

და შენ არ დაბრუნდი.

მე ჭუჭრუტანასთან ვიდექი და ველოდი.

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE