ხოლიგათ თათარას და ქისტი ქალის ამბავი


ხოლიგათ თათარას და ქისტი ქალის ამბავი




“მივღნატრი გუროს ციხესა, ქვაზე ნედებსა ქვასაო,

შიგა ნაჯდომსა ვაჟკაცსა ხოლიგათ თათარასაო...”

 

ხევსურულ ხალხურ პოეზიაში საგმირო-საისტორიო ლექს-სიმღერები სჭარბობს, რაც გამოწვეულია ხევსურეთის გეოგრაფიული მდებარეობით, ყოფით, მეომრული სულით. ხევსურ მთქმელთა უმრავლესობაც მამაკაცია. თითოეული ხალხური ლექსი ხევსურთა დაუწერელი ისტორია, პიროვნების ცხოვრებაა.

იყვნენ პოეტი ქალებიც, მცირედ, მაგრამ თავისი სიტყვებით უფრო მრავლისმთქმელნი, ჩვეულებრივ მელექსეებზე უფრო მაღლა მდგარნი. თუმცა “ეს არ იყო ქალის საქმე”. თავიანთ სათქმელს ხმით ნატირლებით იძახდნენ, მათი ლექსები კი “თიკუნით” ან სხვა პიროვნების სახელით ქვეყნდებოდა.

ერთ-ერთი, სადაც ქალი თავისუფალი იყო, გახლდათ სატრფიალო ჟანრის ლექს-სიმღერები (”რაც არ იყო კაცის საქმე”). ეს მოდიოდა ხევსურთა უძველესი და იდუმალი ჩვეულებიდან – სწორფრობიდან, მაგრამ მთქმელის ვინაობა აქაც უცნობია, პოეტი ქალის სახელი არ იკითხება, აქაც მხოლოდ მინიშნებაა.

ახალგაზრდა მთქმელი ქალი ლაღია, მძაფრი გრძნობით გამოხატავს სურვილს, სიყვარულს, თავის სულიერ მდგომარეობას, სწორფრობისადმი დამოკიდებულებასა და ტრფიალს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთქმელისთვის აქ პოეზია და მუსიკა განუყრელია. მელოდია ტექსტთან შედარებით წინა ადგილზე დგას. ხევსურული ლექსი (“სიმღერე”) ჰანგით, მღერით ფანდურზე სრულდება.

ქალ-ვაჟი სიყვარულს სწორფრობაში გამოხატავს, უმღერის ამ წმინდა გრძნობას და ხშირ შემთხვევაში ეს გრძნობა მათ სიკვდილამდე მიჰყვება: სწორფერთა დაქორწინება, როგორც წესი, იშვიათად ან არ ხდება.

სწორფრობა სიყვარულია, გრძნობა, რომელსაც ვერ ახსნი, ვერ მისწვდები, არ ბერდება, მაგრამ წარმავალია.

კაცს ცოლი მოჰყავს, ქალი თხოვდება. ოჯახი ხევსურთათვის უფრო მტკიცე ეკონომიკური კავშირია, ვიდრე სიყვარულზე აგებული ურთიერთობა.

შესაძლებელია კი გიყვარდეს ერთი და ცხოვრობდე სხვასთან?! თუმცა ეს ხომ ხევსურთა ცხოვრების ჩვეულებრივი წესია: ეჭვიანობა - ასეთი გრძნობა და სიტყვა აქ არ არსებობს.

 

***       

მითხოელი ქისტის, ფუნჩას ოჯახი ხევსურეთშია ამანათად გადმოხვეწილი. ხევსურების გვერდით ცხოვრობენ, მათ ჭირ-ლხინს იზიარებენ.

ქისტის ახალგაზრდა ქალიშვილსაც ჰყავს სწორფერი, გუროელი თათარა ხოლიგასძე (გოგოჭური).

თათარას ჰყავს საცოლე, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში, აკვანში დანიშნული ხიტალიონი გამახელა თადიაურის ქალი.

ხევსურ ახალუხლებში კი საუბრობენ:

“თათარამ ვერცხლის ბეჭედა აჩუქა სწორფერს”

“თათარას ხმლის სამხარიღლიოზე ქისტის ქალის მოქარგული იარაღთსამბელი ხელსახოცი აქვს შემბული”

“თათარას მაჯაზე ქისტის ქალის მიერ მძივითა და სირმით მორთული ხელსახვიელა უკეთია”

“თათარას ცოლად მოჰყავს ქისტის ქალი”

“ქისტი ფუნჩა ხევსურ სასიძოს ურბეთს სთხოვს”

“მე არ დაგიშლი მაგ ქალის მოყვანასო, უთქვამს ქალს თათარასთვის.”

“გუროელმ ქისტს უარი უთხრა ურბეთის მიცემაზე”

“თათარამ მოიტაცა ქისტის ქალი”

“ახალშეუღლებულები არხოტში გადასულან”

“თათარას ცოლი მამისახლში წავიდა, მაგრამ ქმრეულებმა უკან დააბრუნეს”

“ქისტს უკან წაუყვანია ქალი”

 

***

ლექსი პირიქითიდან მალე პირაქეთ ხევსურეთშიც გადმოვიდა. კარგახანს საუბრობდნენ და მღეროდნენ ფანდურზე.

ამ სიყვარულის დრამატულ ისტორიასაც სხვადასხვა მეანდრეზე გამოუჩნდა. ყველა ლამაზად ჰყვებოდა ქალ-ვაჟის ძველ ამბავს.

 

“ქისტის ქალს უყვარდა ხევსური ხოლიგათ თათარა, გაგიჟებული იყო იმისთვის, მაგრამ მამამ სხვაზე გაათხოვა, “ურჯულოს” არ მისცა.. (თედო რაზიკაშვილი).

“შატილში ხევსურთა შორის გაზრდილი ქისტი ქალის ნათქვამი ყოფილა. მას ხევსური, გუროელი ხოლიგათ თათარა ჰყვარებია... მაგრამ ქისტები ხომ არ მისცემდნენ ქრისტიანს ქალს?! ამიტომ შატილიდან შეყვარებულები არხოტ გადაიხვეწნენ, მაგრამ ისინი მალე დააშორეს ერთმანეთსო” (ნათელა ბალიაური).

“არ იყო შატილიონი, არხოტელი ქალი იყო შატილს ესრ თქვიან. გუროელთა და არხოტიონთ ერთი მთა ჰყოფს. იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს..” (ბაბუკა ჭინჭარაულ-ალუდაური. შატილელი. ხახმატს გამოთხოვილი ქალი. გარდაიცვალა 1984 წელს).

 

***       

გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ერთსა და იმავე დროს, მითხოს მთებიდან ეული მონადირის თოფის ხმა ექოდ გადაუვლიდა თოვლიან მწვერვალებს და ჩაიკარგებოდა მთიელთა სოფელში. ეს ხმა მხოლოდ ერთ ადამიანს ესმოდა, აძლევდა ნიშანს, გულს უჩქროლებდა და სევდიან მოგონებებს აღუძრავდა.

                 

              

* * *

ჯალაფთ მწყემსობად წამლალეს, გორშუ ვაძოვებ ცხვარსაო,

გავხენებ პირდაპირადა თვირთვლიანსა მთასაო,

შინავ მოვიტან საგძალსა სამწყემსოს წანატანსაო,

შემოხდა მონადირეი, ვაყურებ თოფის ხმასაო,

თეთრ ჩოხამ გარმაიარა, მასრან იცემდეს თვალსაო,

ვაფერე ჩემსა ნანდობსა, ხოლიგათ თათარასაო,

გუროს მივღნატრი ციხესა, ქვაზე ნადებსა ქვასაო,

მემრე შენ, გუროელაო, გაზრდილო სასლის ტანსაო,

დაგვედვა ჭორი, საძრახი, ნუ ჩამაიტან თავსაო,

მე’დ-შენ ესრ ვიყვნათ ძმობილო, ერთუცის პირობასაო,

ნურც შენ მაიყვან დიაცსა, არც მე წაუოლ ქმარსაო,

არა გი, ნუ გეშინია, არ გარმავხდები მთასაო,

არ წაგილალავ შინითა, გამახელაის ქალსაო,

კიდევ ვინ მისცემს ურბეთსა ჩემსა მამასა, ძმასაო,

ვაკეთებ ხილისახოცსა, მალიმალ დავწერ ჯვარსაო,

გადაჯე თავის ლურჯაზე, შამაუყენე გზასაო,

 

ეეგ ლექს დაუბარებავ ქისტის ფუნჩაის ქალსაო.

 

               

***       

ნეტავ ვინ იყო ის საურბეთე “ქისტის ქალი”, ძმობილისთვის სამახსოვროდ მოქარგულ ხელსახოცზე ლამაზი ჯვრები რომ გამოჰყავდა?! ან თუ შეუსრულეს პირობა ერთმანეთს?!

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE