ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი


ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი




***


აღარ დარჩება ცოტა ხანში აღარაფერი
ამ სურვილიდან. ამ ეჭვიდან. ამ ღიმილიდან.
მოვიმარაგე ყველაფერი, რაც კი გაფრენას 
დასჭირდებოდა, არ მოვსულვარ რადგან სარბენად.
თუმცა არცერთი გამომივიდა.


*
ასეთი იყო ეს ამბავი, მე რომ გადამხდა.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისევე უნდა გადამხდეს.
ვიღაც მომდევდა ბავშვობიდან მუდამ მხარდამხარ.
ყოველთვის რაღაც ზეციურის სურდა დანახვა.
ის არ ჩანდა და მე რომ ვწყვეტდი მერე არტახებს

ამას ხედავდნენ მეგობრები. მტრები. მშობლები.
გულს მიკეთებდნენ საუბრებით. ქვებით. აბებით.
ვერც კი ვიხსენებ, როგორ შევძელ ამ სიშორემდე
წამოსვლა. გზაში (გზა არც ყოფილა) სულ ვიმეორებდი:
არაფერია, ყველასა აქვს მსგავსი ამბები!
არაფერია, ყველასა აქვს მსგავსი ამბები!
არაფერია, ყველასა აქვს მსგავსი ამბები!

გზა არ ყოფილა ეკლიანი, გზა არ ყოფილა
რადგან საერთოდ. გავდიოდი მხოლოდ ფიქრებით
ცრუ კილომეტრებს. მომდიოდა ბრაზი, ოფლივით,
რომ არ ვყოფილვარ არასოდეს უარყოფილი
და რომ ვხვდებოდი ცოტა ხანში მართლა ვიქნები.

ასე, რამდენჯერ წარმოდგენით ზღვებმა დამტბორა.
მხეცმა დამტორა და ვეძებდი ქარში მისაყრდენს.
წარმოვიდგენდი, ჩემი სული იყო კანტორა,
უცხო ხდებოდა ჩემთვის მერე ყველა რატომღაც,
ვინც უკითხავად ჩამისახლდა. აღარ მიყვარდნენ.
ვიტანჯებოდი, რადგან ვგრძნობდი, აღარ მიყვარდნენ.

ხელებდაჭრილს და მაინც ასე ანგარებიანს
არ მყვარებია არც მანამდე ვინმე გულწრფელად,
თუმცა ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ მყვარებია
მთელი არსებით და მწყდებოდნენ, ვაგონებივით,
ვინც დაინახა ჩემი გულის ბნელი მუცელი.

რამდენ სიცოცხლეს გადავურჩი. რამდენ სიკვდილებს
დამჭკნარ ხელებში ახალშობილ თვალებს ვუხელდი.
მათ რა იციან, როგორ დაშრნენ. როგორ იდინეს.
მათ რა იციან, მათ უბრალოდ გამომიტირეს,
თუმცა ცოცხალი ვიყავ მუხლამდე.

და ამიტომაც გავიქეცი. ჰო, ამიტომაც
მუდამ გზაში ვარ. გამუდმებით ვეძებ გასაღებს.
ასე, რამდენჯერ წარმოდგენით მფარავს დიდ თოვლად
თბილი საბანი. ხელით ვგრიხავ თასმებს - პითონებს.
მათ კი ჰგონიათ, გიჟი ვარ, ან გიჟად ვასაღებ

თავს. ბრალი არ აქვთ, ენდობიან მხოლოდ ზედაპირს.
მათ არ უნახავთ, როგორ ვწუხვარ, სულში, მომაკვდავ
ფოთლებს და ვიცი, ჩვენ ერთმანეთს რომ ვერ ვხედავდით,
მაშინ დაიწყო გზაზე გასვლის რთული ეტაპი.
გამვლელებისგან ვითხოვდი მას, რაც შემომაკლდა

თანდაყოლილი მდგმურებისგან. ახლა კი მახრჩობს
ეს უცხოობა. ამ ხეების კენწეროები
კარგად ვხვდები, რომ არ გაწვდება გზის სიგრძეს სარჩო.
ჩემს თავს ვარწმუნებ, მოვტრიალდე, დავბრუნდე სახლში.
თუნდაც დროებით!
თუნდაც დროებით!
თუნდაც დროებით!

სახლში, რომელიც უკითხავად ყველას უტევებს
წასვლას. სარკმლიდან გულგაყინულ სივრცეს აჭედებს
სითბოს. ჰო, ვფიქრობ, დავბრუნდები და ჩემს სრუტეებს,
ოკეანეებს, უდაბნოებს მშვიდად ვუმღერებ
ჩემს ლამაზ ბაღჩას, აქამდე რომ ვერც კი ვამჩნევდი.

 

*
აღარ დარჩება ცოტა ხანში აღარაფერი
ამ სურვილიდან. ამ ეჭვიდან. ამ ღიმილიდან.
მოვიმარაგე ყველაფერი, რაც კი გაფრენას 
დასჭირდებოდა, არ მოვსულვარ რადგან სარბენად.
თუმცა არცერთი გამომივიდა.

 

 

***

 


ნუ გეშინია, ბავშვობაში მეც მეგონა, რომ
კედლები ჩემკენ მოცოცავდნენ. მას მერე რამდენ
ღამეს დავუსხლტი და რამდენჯერ თეთრი ზონარი
უკან ჩამისვამს ფეხსაცმელში. გაუგონარი
სიგიჟე იყო. მეც მეგონა, კედლები მჭამდნენ.

თანდათანობით მეც ვხვდებოდი, ვეღარ შეცვლიდნენ
ვერაფერს თბილი სეზონები და არც თავიდან
დაიწყებოდა რამე. ვგრძნობდი, თუმცა ვერც იმდენ
სიკვდილს ვხედავდი, ჩამეთვალა ნიშნად ზეციდან.
ასე იყო, თუ ისე იყო, მაინც გავიდა

ის, რაც მეგონა უძრაობით სულს დამიცლიდა.
ნუ გეშინია, ბავშვობაში თითქმის არავინ
არ ფიქრობს კარგზე და ჰგონიათ, მხოლოდ მიწიდან
გაქცევა შველის. თითქოს მიწა ვეღარ იზიდავს.
მეც მეშინია, მაგრამ მჯერა დაგვიფარავენ

წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი, ჩვენი სოფლიდან
რომ იმზირება სიამაყით ორი ტაძარი.
ისევ ის მინდა, რაც მინდოდა და რაც მყოფნიდა,
ისევ ის მყოფნის. ჩვენს სარდაფში ბიძის თოფი და
შემონახული, დიდი პაპის ძველი ხანჯალი

დღესაც ინტერესს მიღვიძებს და დღესაც სერივით
ავრბივარ სიზმრებს. ძაღლის ყეფა დღესაც ჟრუანტელს
მგვრის და სიტყვები უთქმელობით მაქვს დასერილი,
რამდენჯერ მსურდა გადამევსო გრძნობით წერილი,
თუმცა დავფრთხი, რომ უნებლიეთ ამოვუვარდე

ვინმეს გულიდან. გახდებოდა ყველა ბარათი
გამოსაგზავნი უკან - მათგან ჩემკენ და უფრო
ის მაშინებდა, რომ ამ გრძნობებს ვინმე წამართმევს.
არადა, შენთან, რა თამამად, როგორც კამათლებს
ვაგორებ სიტყვებს. როგორც დიდი, ისე ვსაუბრობ.

 

 

***



ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი.
არც მიფიქრია, ამის მეტი რამე გცოდნოდა.
მე გავიქეცი სახლიდან და სამეგობროდან.
პირნათლად ვიხდი ამ გაქცევის ტკივილს და სირცხვილს.
ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი.

გადიან. მერე შემოდიან. ისევ გადიან.
ასე, წრიალში დღე კვდება და ღამე იხრება.
მწკრივში ჩამდგარი, რწევა-რწევით, როგორც იხვები,
ფიქრები ტბისკენ მიიწევენ. ისე ცხადია
კარი, – გადიან. შემოდიან. ისევ გადიან.

ჯერ ცრუობს, თუმცა ეს დღეც წინას დაემსგავსება.
ჯერ არაფერი, მერე ვიცი ისევ შუბივით
დამეძგერება ჭვალი. ირგვლივ ეჭვის გუბეა
მასში ჩაძირულს დამიფარა მზერა ხავსებმა.
ჯერ ცრუობს, თუმცა ეს დღეც წინას დაემსგავსება.

ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემში გიყვარს.
ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემში მოგწონს.
რას გავუძლებდი ამდენ ყინულს, ან ამდენ კოცონს.
ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემში მოგწონს.
ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემში გიყვარს.

 

***

(წერილი დედას)

 

დღეები ისე მიდიან,
თითქოს ცოტა რამ მიდის.
სუყველას გული დიდია,
ზოგის კი უფრო დიდი.
შემოვეკედლე ამ წერილს.
მალე მოატანს დილა.
არავისზე ვარ ნაწყენი
და არაფერი მტკივა.
ისე, ბავშვივით, მომინდა
გამომეგზავნა რამე.
აქამდე, როგორც ომიდან,
მკვდარ სიტყვებს, როგორც გვამებს,
გიგზავნიდი და მრცხვენოდა.
გიგზავნიდი და მძულდა.
სიცივე, როგორც ჩერო და
წყალი, მომქონდა გულთან
იმ უდაბნოში, ბავშვივით,
რომ გაგვეზარდა სახლში.
გამომელია ნახშირი.
გამოველიე ნახშირს.
რატომ მომინდა ამაღამ
ეს აჩვილება, თან რა,
ვერ მიხვდე - ბავშვი არა ხარ.
გამოვტყდე - ბავშვი არ ვარ.
ღია ცას გადარჩენილებს
სახლშიც რიდი გვაქვს სტუმრის.
შენგან ნათქვამი: "შენივე
თავის ხარ უბედური!"
დამდევს და რაც აქ წერია,
იქნებ, ზედმეტიც ჩანდეს.
მიყვარხარ - რა სათქმელია.
გეტყოდი - არ მიყვარდე.

 

 

***



"მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი
დამიქნია და გაქრა
ვერ მოვასწარი მეთქვა რომ მომენატრა"

გელა ჩქვანავა

 

*
"დღეიდან მკვდარი ცოცხლებს შორის!" - ითქვა და ჩემი
მკლავები მძიმედ, შეუმჩნევლად დაბლა დაეშვა.
ვიდექი, როგორც დასჯილი და როგორც ნაცემი.
თითქოს მისჯიდნენ სამუდამო სასჯელს - კაეშანს.

 

*

უეჭველია, დავეტევი ახლა საკუთარ
ჩრდილშიც და თუკი ცოტა კიდევ შევიკუმშები,
იმ სიჩუმეშიც, ჩვენ შორის რომ ღმერთმა აკურთხა
და იმ ტკივილშიც, დღეები რომ მომიშუშებენ.

 

*

სისულელეა, რაღად ჩნდება ფუჭი იმედი,
გათენებამდე თუ გაქრება სუსტი კვამლივით.
ბევრი ვიწვალეთ და წყარომდე როცა მივედით,
აღარ ვიყავით აღარცერთი იმ წყლის დამლევი.

 

*

მე ახლა ვზივარ. იმ მთებსა და იმ ზღვებს ვიგონებ.
და კარგად ვხედავ, კარგად ჩანს და კარგად ვხვდები, რომ
ვებღაუჭები ჩავლილ დღეებს, როგორც სტრიქონებს
და ვცდილობ ყველა წერტილ-მძიმე დავიზეპირო...

 

 

***


ვერავინ გიცნობს. ამოჭამე ყველა განცდა და
რასაც შეეძლო აღელვება თუნდაც მცირედით.
ყველა ხედავდა, რაც გეგონა, თითქოს, არ ჩანდა.
რა იცოდი, რომ ბოლოს მხოლოდ გაიცინებდი

საკუთარ თავზე. ერთადერთი მონათესავე
შემოგრჩა ეჭვი, რომ გარშემოც ყველა იცინის.
იხსენებ, სადაც უნებლიეთ გაჩნდა მესამე,
როგორ წყვილ-წყვილად მიდიოდნენ შენგან ისინი.

ქარი იცვლება. ვერ იხილავ ქარს ხელმეორედ.
შენ ის იკითხე თვითონ ქარებს რა არ უნახავთ
და რა გადახდათ საბოლოოდ მასთან მეომრებს.
დადიხარ. ფიქრობ და სუყველგან უხერხულად ხარ,

რომ მომავლიდან კარგად გახსოვს, როგორ დაკარგე
ყველა მათგანი, ვისთანაც დღეს იყოფ სიხარულს
და დღევანდელი სიმშვიდე კი არის ხაფანგი,
რომელშიც ნანობ მომავალს და წარსულს მკითხაობ.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE