სავარჯიშო დამწყები ფილოლოგებისათვის


სავარჯიშო დამწყები ფილოლოგებისათვის




(ერთი მონოლინგვისტური თარგმანის გამო)

  

      საგნისა თუ მოვლენის ობიექტივაცია, რის გარეშეც დაკვირვება შეუძლებელია, გულისხმობს, მას პრეზენსის განზომილება მივანიჭოთ. ეს აუცილებელია დაკვირვებისთვის ხელსაყრელი მოცემულობის შესაქმნელად. მაგრამ იგი არც უსაფრთხო საქმეა და არც უდანაკარგო: ასეთ მცდელობას საგანთა რეალობაში შეაქვს გარკვეული შინაარსიც, - ყოველი დაკვირვებისას სხვადასხვა  და  ცვალებადი. ამდენად, თავისთავად, შინაარსს, რომელსაც საგნის საკუთარი დროითი ნაკადი ქმნის, ერთვის  დაკვირვების ასპექტი, რომელიც თავის ქრონოსს შობს საგნების პირად ცხოვრებაში. თავის მხრივ, ყოველი ასეთი ,,ზედნადები“ დრო და მნიშვნელობა, - დამკვირვებლის მიერ შეტანილი,  კონტექსტს გულისხმობს  და სხვადასხვაა.

      თუ ამ მსჯელობას თავიდან დავიწყებდი, ვიტყოდი რაღაც სხვას, რადგან ობიექტივირებული პოეტური საგნების ისტორია ყოველი აღქმის ჟამისთვის უკვე ერთგვარი  დროითი  რელიქტია,  მოუხელთებელი და იდუმალი.

     ამიტომ ფილოლოგია უცნაური მეცნიერებაა. მისი ობიექტის - ლიტერატურის - დროითი ესენცია აწმყოა, მან კი იგი იმ მკვრივ მნიშვნელობად უნდა წარმოიდგინოს, რომელიც მხოლოდ მას აქვს, რაც ი ყ ო.

     თუ პოეზია საგნებისა და სიტყვების მთლიანობის აწმყოში, სიცოცხლის რეესტრში განთავსებაა, ფილოლოგია ამ კავშირის დაარქივებაა. ის დიდი ბაზაა, რომელიც გამომსახველობით ფორმებსა და მათ ისტორიას ინახავს.  [რადგან] ადამიანის მთავარი საქმიანობა წარსულის კეთებაა, ფილოლოგიაც ისტორიოგრაფიულია, თუმცა, როცა ის ცდილობს მხატვრული აწმყო ცოცხალი სახით შეინახოს, ან მას ისტორიის მტვერი ჩამოაცილოს, იგი წმინდა საქმიანობად იქცევა.

      პოეზია ისტორიის ცოცხალი ნაწილია და როგორც მოუხელთებელი და ფეთქებადი, - საპატიო ნაწილი. პოეზია ეძებს სიცოცხლესა და არსებობას, როგორც ჟესტს, როგორც სინამდვილის ჟესტს, და თვითონაც, თავის ყველაზე მართალ არსში, არსებითად, ჟესტია. ფილოლოგიისთვის  კი მნიშვნელოვანია მოძრაობა, რომელიც ჟესტს ქმნის. ამიტომ ამ მეცნიერებას, ეტიკეტის თვალსაზრისითაც, თავად სჭირდება ჰქონდეს საკუთარი ჟესტი, ყველაზე დახვეწილი და სახიფათო ჟესტის მიმართ, რომ მათი აუცილებელი შეხვედრა  ისე სავალალოდ არ ასცდეს ერთმანეთს, რომ მერე აკადემიების  მშრალ ინტელექტუალურ ცირკულარსღა შეაფაროს თავი, რომელიც არსად და არავისში  ინახება.

     პოეზიის ეს მიზანმიმართული პრივილეგირება მიზნად მის კრიტიკას ისახავს და იგი ასეთი კითხვით შეიძლება გამოიხატოს: თუ პოეზია ჟესტია, აქვს ამ ჟესტს სემანტიკური და ესთეტიკური რხევის დინამიკა?  უფრო ზუსტად:  ჟესტის ბუნება სტაბილურია თუ ცვალებადი, უცვლელი თუ ჩანაცვლებადი? ეს კითხვები თარგმანის (როგორც ლინგვისტური, ისე ესთეტიკური თარგმანის) კლასიკური კითხვა/გამოცანაა. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი ცალმხრივი პასუხი იქნებოდა, მით უფრო, თუ საქმე ლინგვისტურ თარგმანს, ან ჰერმენევტიკას ეხება. ამ შემთხვევებში პოეზიის ონტოლოგიას მისი წაკითხვის არამდგრადი და არაზუსტი ფაქტები ქმნის. ამიტომ ბილინგვური ან ჰერმენევტიკული ოპერაციონალიზმი აქ საკუთარ ჩვენებებს, მოსალოდნელია,  მოგვცემენ.

      სამაგიეროდ, სხვაგვარადაა საქმე თუ მონოლინგვისტურ ვარიაციებს ვეხებით, - როცა პოეტურ ფიგურებს  მონოლინგვისტური ორეული მოეპოვება.  პოეტური ვარიაციების საკითხი გულისხმობს მსჯელობას იმის შესახებ, თუ  რამდენად ცვლის ვარიაცია განცდასა და გამოხატვას შორის არსებულ მნიშვნელობას, გაფორმებულს  უნიკალურ ინტენციად, რომელსაც ჟესტს ვეძახით. აქ ცვლილებისა თუ ცდომილების პოლიტიკასთან  დაკავშირებული საკითხებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუკი სემანტიკური ან კულტურული მოდულაციის  წინაშე  ვართ.

     აქვე შემდეგი კითხვა: თუ ვარიაციები შესაძლებელია, აბათილებს თუ არა ეს ჟესტის უნიკალობას? უფრო მეტად კი პოეტური ჟესტის სიმართლეს და ამ სიმართლის ერთადერთობას? ასევე: შეიძლება თუ არა პოეტურ ჟესტს სემანტიკური ან სინტაქსური ეკვივალენტი მოეპოვებოდეს, როგორც სათადარიგო ერთეული?

     ასე მივდივართ მთავარ კითხვამდე: რა არის და სად ძევს პოეტური ჟესტის ის მთავარი ბირთვი, რომელიც უდანაკარგოდ შეიძლება აწარმოებდეს პოეტური სინტაქსის თუ ლექსიკის  ცვლადებს ან წითელ ზოლს ავლებდეს ამ შესაძლებლობებისათვის; რადგან, თუ ამ ზოგადპოეტურ მსჯელობებში რომანტიკოსი კოლრიჯის აზრს მივენდობით,  შეუძლებელია პოეტურ ქმნილებაში რაიმე შეცვალო და ამით არაფერი დაუშავო მას, ან სულ  მცირე, არ აიძულო იგი, თქვას სხვა.

     ისტორიული ტექსტოლოგია ინვარიანტებს მიმართავს, რომლებიც დედნის აღდგენის ან დადგენისთვის მნიშვნელოვან შინაარსს იძლევა. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვარიანტების ქრონოლოგიას. თუ ქრონოლოგიური პრინციპი არაფერს ამბობს, მაშინ ტექსტოლოგები შედარებას მიმართავენ, დადგინდეს ავთენტური უწყება. მაგრამ ფენომენოლოგიური ამოცანა განსხვავებულია, არამატერიალური, მისი მიზანია აურის მიკვლევა, რომელიც მხოლოდ დედანს აქვს და არც ზედაპირი გადმოსცემს, არც სიღრმე. როცა პოეტურ არქიტექტონიკაში დრო ან გარეფაქტორები ერევა, - ცვლის მას, ან აზიანებს, ფილოლოგიური სამუშაო ტექსტის აღდგენას ემსახურება. ამიტომ ასეთი სამუშაო ტექსტოლოგიურის გარდა, კულტუროლოგიურია, რადგან ყოველი ლიტერატურული არქიტექტურა,  როგორც თვისებრივად, ისე ფუნქციურად  იმ გარემოსაგან  იგება, რომელშიც ის არსებობს.  

     მაგრამ  როცა საქმე ეხება ფაქტს, რომელშიც  ტექსტებზე ,,აგრესიის“ ობიექტურ როლს (რასაც დრო ან იდეოლოგია თამაშობდა ხოლმე), ექსპერიმენტი ცვლის,  ფილოლოგიური გამოცდილებები უკან იხევს, რადგან, ასეთ დროს, ჩვენ ხელთ გვაქვს  პოეტური ქმნილების ავთენტური მთლიანობა. ამიტომ ტექსტთან მიმართების მთელი მნიშვნელობა და გამიზნულობა  სხეულის მთლიანობის მეტაფიზიკას ეხება. ბოლოს და ბოლოს, თუ პოეზია, როგორც სიცოცხლის ფორმა, ჟესტია, ჟესტს სხეული ახორციელებს. ჟესტი სხეულის ენაა, გადმოსცეს პათოსი, როგორც პოეზიის სული (და არა ემოციური პოზა, როგორც ხშირად გვხვდება).

     მაგრამ, როცა ექსპერიმენტული აქტის წინაშე ვართ, რომელშიც ტექსტის პოეტური სხეული ხელოვნურადაა მოდელირებული, როცა ენობრივი ცვლადები ცნობილია და ერთენოვანი, ტექსტის წაკითხვა ფენომენოლოგიურ პერსპექტივას იძენს ცვლილებისა და იგივეობის წესისა და შესაძლებლობის შესახებ.

      ამდენად, დგება საკითხი: შეუძლია თუ არა პოეტიკურ ცვლადს გაანულოს ორიგინალისა და ასლის დიქოტომიის ტრადიციული სერიოზულობა? რა როლი აქვს ამაში საკუთრივ ენას, სიტყვას? არის თუ არა ლექსის ევფონია სამყაროს მუსიკალური ბუნების, მისი არავერბალური ხმოვანების კომპენსაცია/იმიტაცია, რითაც, ცნობილია, იწყება  ლექსის  ისტორია?

      ამ მსჯელობის მიზეზი არტისტ ზურაბ რთველიაშვილისა და მთარგმნელ მანანა მათიაშვილის ერთობლივი ექსპერიმენტია. მთარგმნელმა შეასრულა პოეტის  ერთი  ლექსის - ,,მომეცი ნება...“  მონოლინგვისტური თარგმანი:

 

 

მომეცი  ნება…

 

ზურაბ რთველიაშვილი

 

ნება მომეცი, ჩავიგუბო ფილტვებში ქარი,

ამივსე მზერა ენერგიით -გამოვწვავ მზეებს,

თუ არ გაჩნდება ზედაპირი, ამოვყრი ძალით,

მარმარილოზე დავაყენებ ფოლადის მძევალს.

 

ნება მომეცი ვერ შევეხო ევროპის დაისს —

შორს დევს აზიის მიმზიდველი უაზრო მტვერი,

ფართე ფილტვებში ჩავიგუბებ დამუხტულ აირს —

ათას ცეპელინს დაუდევრად გავისვრი ზევით!

 

ნება მომეცი გავურიო სიყვარულს რკინა,

ამივსე მზერა ენერგიით — გამოვწვავ მზეებს!

შენს ბაგეს ენით, როგორც სარკმელს, შევაღებ ფრთხილად,

როგორც ლიანდაგს — ლიანდაგზე გადავჭრი სტვენით!

 

სისხლი ფარულად წაიკითხავს საკუთარ ანბანს,

ცა დაიშლება, როგორც ფერი უცნაურ ხმებზე —

ის მოდის ახლოს, ბრწყინვალე და ახალი აღთქმა,

რომ ოქროს სხივი, როგორც კვერთხი, შემახოს ფრთებზე.

 

გაშალე  ბგერა, გადარეცხონ აზრებმა სივრცე —

მაკოცე ისე, როგორც ჰკოცნი სინათლის ღმერთებს,

იქ, სადაც ცეკვავს განუწყვეტლად რამა და შივა,

სადაც ის იშვა, ყველაფერი დასრულდა ერთ დღეს.

 

ნება მომეცი! ჩავიგუბო ფილტვებში ქარი,

ამივსე მზერა ენერგიით, გამოვწვავ მზეებს —

თუ არ გაჩნდება ზედაპირი, ამოვყრი ძალით,

მარმარილოზე დავადუღებ ფოლადის მძევალს.

 

 

                             უფლებას  ვითხოვ...

 

მანანა  მათიაშვილი

 

ვითხოვ უფლებას, ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი,

თვალებში მინდა მზის ნათება - მზეს რომ შევება,

თუ არ გამოჩნდა ზედა ზღვარი, თვითონ გავაჩენ,

მტკიცე ფილაქანს დავაჭედებ, რაც რამ განძი გაქვთ.

 

უფლებას ვითხოვ, არ მოვესწრო ჩამქრალ ევროპას,

თუმცა თავისი უსაგნობით აზია მიწვევს.

ფილტვებს ავივსებ საბრძოლველად ნაწრთობი ჟინით

და დაუთვლელად დავთმობ  ცისკენ ათას დირიჟაბლს.

 

უფლებას ვითხოვ, შევაზავო ვნება ლითონით,

თვალებში მინდა მზის ნათება, მზეს რომ შევება,

შენი ტუჩები - ფანჯარაა, შევაღებ ენით,

დაუფიქრებლად გადავკვეთავ, გზად რაც შეგვხვდება.

 

ძარღვებში რაც დის, ის სხვა ძალით დაიწყებს დენას,

ზეცა ფერს იცვლის, როგორც წყალი ჩაგდებულ კენჭზე,

ის ახლოსაა - დიდებული ახალი სიტყვა

ოქროსფერ სხივებს ის კვერთხივით შემახებს ფრთებზე.

 

ხმები ამრავლე, რომ აზრებით განათდეს სივრცე,

მაკოცე ისე, როგორც ჰკოცნი სინათლის ღმერთებს,

სადღაც ცეკვავენ უწყვეტ წრედში შივა და რამა,

ათასი წელი იქ წამს უდრის, წამი კი დრო-ჟამს.

 

უფლებას ვითხოვ! ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი,

თვალებში მინდა მზის ნათება - მზეს რომ შევება,

თუ არ გამოჩნდა ზედა ზღვარი, თვითონ გავაჩენ,

მტკიცე ფილაქანს გადავადნობ, რაც რამ განძი გაქვთ.

 

 

      როგორც ვხედავთ, უცვლელია ვერსიფიკაცია და პათოსი, ორიგინალის ყოველ სინტაგმურ ელემენტს კი თავისი ცვლადი აქვს  ნაპოვნი. თუმცა მხოლოდ ერთი სტრიქონი - ,,მაკოცე ისე, როგორც  ჰკოცნი სინათლის ღმერთებს“ ორიგინალიდან ზუსტად არის ,,თარგმნილი“. ამით მითითებულია (პაროდირებული?)  თარგმანის, როგორც ბილინგვური ინტერპრეტაციის მცდელობა, როგორღაც, სადღაც, იყოს სრულიად   იგივე, სრულად გაიმეოროს  ორიგინალი.

       ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს სიტყვის, - ლექსის როგორც მატერიალური ნაწილის უმნიშვნელობას, განულებულს ემფაზით, რომელიც სემანტიკურია და დამოკიდებულია არა სიტყვაზე, არამედ  ხმაზე.  აქ სიტყვა კი არ ქმნის ხმას, არამედ  ხმა - სიტყვას. ამ პოზიციაში უცვლელი და პირველადი პოზიცია ეკუთვნის ხმას. მბადი საწყისი ის არის. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ,,თარგმანში“ იგი უცვლელი დარჩა, ვერ დაექვემდებარა ტრანსლირების ზეწოლას.

       ცალკე მნიშვნელობისა ამ ექსპერიმენტში არის ის, რომ ენა - ქართული - გამოდის არტისტის, შემსრულებლის როლში, რომელმაც სხვა, უცხო ენის, როლიც უნდა შეასრულოს. თუმცა ამ პერფორმანსის ფუნქცია და მიზანი არ არის ის, რაც, როგორც წესი, თარგმანს აქვს: თარგმანის პრობლემა არის არა ენობრივი ბარიერი, არამედ  აურა, რომელიც ორიგინალს აქვს და არ ითარგმნება. ეს არის ყველა წარმატებული და მომხიბვლელი თარგმანის შთაგონება, - განსხვავდეს და არა მიემსგავსოს, შექმნას საკუთარი აურა.

       თუ ზემოთ წამოჭრილ შეკითხვებს შევაჯამებთ: არის თუ არა ეს განაჩენი პოეზიისთვის,  ხომ არ შეიძლება ის იყოს ღია ყველაზე ბრუტალური ჩარევისთვისაც კი? ამ კითხვაზე ზედაპირულიცა და ღრმა პასუხი ერთნაირია - დიახ. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ინდივიდუალური ხელოვნების პერსონალური საზღვრები პერსონალური აღარ არის. იგი გაიწია. უფრო ზუსტად, ავტორი იბრუნებს უპიროვნო ანონიმის პრეისტორიულ პრივილეგიას, გამოხატოს არა საკუთარი ხმა, არამედ - ხმა; მერე კი მას მოდელირებულ ექოებად შეიძლება იმეორებდეს სივრცე და ამით არაფერს აკლებდეს მის უნიკალობას, თუნდაც ერთგვაროვნებას. ინდივიდუუმისა და პიროვნების კულტი, რომელმაც ადამიანი ანთროპოლოგიურ ურჩხულად აქცია, საფუძველშივე პოლიტიკური ექსტაზით იყო გაჯერებული და იგი ისტორიამ  ღრმად გამოსცადა. პოეზია, რომელიც იმავე ფესვზე აღმოცენდებოდა, რაზეც  ყოველგვარი და ყოველი დროის პოლიტიკური სამართალწარმოება, ყოველთვის აცნობიერებდა ამას და ამა თუ იმ ფორმით, რომელსაც მას  ესა თუ ის კულტურული ჰორიზონტი სთავაზობდა,  გამოხატავდა კიდეც  მას.

       მოცემულ ექსპერიმენტში, ასე ვთქვათ, გამოწვევაა, სინჯი აუღოს აზრის პოეტურ ესენციას, რაც გულისხმობს, შეცვალოს მისი მიკროორგანიზმი. ამ თვალსაზრისით, ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა: ეს არის ლექსის მოდელირებული ვერსია, რომელმაც ვერ ხელყო ორიგინალის უფლება, იყოს იგივე: თარგმანი ინარჩუნებს ყველა ენერგოინფორმაციულ ნაკადს, რომელიც ორიგინალს აქვს, არ/ვერ შეაქვს მასში ცვლილება და ეს შესაძლებელია.  ამით კი, რეალურად, მოშლილია  ორიგინალისა და ასლის, დედნისა და პირის ნაცნობი იერარქია.

       მაგალითისთვის ავიღოთ ერთი ტაეპი: ,,ნება მომეცი, ჩავიგუბო ფილტვებში ქარი//ვითხოვ უფლებას, ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი.“

        სინტაგმების შედარება გვეუბნება, რომ ეს არ არის დეკონსტრუქტივისტული აქტი; აქ აზრი არც რეგრესიულ ინტერპრეტაციაში მიილევა; არც წარმოების/გამეორების სიმრავლე აბათილებს მნიშვნელობას, რადგან იგი (გამეორება), ამ შემთხვევაში, რჩება უცვეთ საწყისზე მიმთითებელ ინსტრუმენტად.  სინტაგმური ორეულებიც არ ცვლის ტექსტს, რადგან იგი, არსებითად, არ/ვერ ცვლის ზედაპირს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად  შეიცვლებოდა  აზრი. 

       როგორც ვხედავთ, მონოლინგვური ცვლადები მათი ფონემური თუ ლექსიკური სხვაობის მიუხედავად ტავტოლოგიურია; ეს ნიშნავს, რომ აწმყო,  რომელსაც არც დროითი უკუფენა აქვს წარსულის სახით, არც მომავლის პერსპექტივა, სინკრეტულია; ამიტომ მისთვის ტოპოგრაფიული თუ ქრონოგრაფიული დინებები უცხოა. ამ ტავტოლოგიურ ტოლობაში არის რაღაც დიქტატორული. ეს იმიტომ, რომ სტატიკური აწმყო საშუალებას იძლევა მისი რეფერენცია იყოს უცვლელი, დარჩეს იგივე. ეს კი საუკეთესო პირობას ქმნის ,,საღი აზრისთვის“ ანუ სრული რეფერენტულობისთვის. საერთოდ, ,,საღი აზრი“ რეალობასა და ნიშნებს შორის იგივეობამ, განუსხვავებლობამ წარმოშვა. იმის გამო, რომ აქ რეალობა თავისი თავის ნიშანია, მასში საგნის (ზედაპირისა) და აზრის (სიღრმის) სეპარაციული მუხტი არ წარმოიშობა, ასეთი ხმა სივრცისაა, ამიტომ მისი არსებობის სახე არის ექო და არა ანარეკლი.

 

           შეუძლებელია ილაპარაკო ლიტერატურის შესახებ და არ ილაპარაკო სინამდვილის შესახებ მის ყველაზე ყოფით გამოვლინებაშიც კი. ზღვარი ლიტერატურულს (სიტყვიერს) და რეალურს (საგნობრივს) შორის პირობითია და ხელოვნურიც. და არა იმიტომ, რომ ისინი ერთი და იგივეა. თუ ვერბალურისა და არავერბალურის განსხვავებაზე მივუთითებთ, ეს ენათა ბუნების პლურალურობაზე მითითება იქნება და არა სხვაობაზე, ან იგივეობაზე. ენა, მარტოოდენ სიტყვიერი კაუზალობით, პოლიტიკის ინსტრუმენტია. პოეზიის ენა კი არსებობის მიზეზშედეგობრივ წრედს აფართოებს, და გამოხატავს საგნებს არა მათ სიტყვიერ საზღვრებში, არამედ საზღვრების პირობითობასა და გრადაციაში. მაღალი პოეზიის განწყობა ყოველთვის ეს იყო. მისი ისტორია ამ სურვილისა და ფორმების  კონკრეტული გამოცდილებებია, რომლებიც ყველაზე იზოლაციონისტურ განწყობილებებშიც კი, მაინც ცხოვრების გულისგულში ტრიალებდა.

     მოცემული ექსპერიმენტი (იმის მიუხედავად, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მის ავტორებს), ექოს პოეტიკაა და არა ანარეკლის. ვფიქრობ, ზურაბ რთველიაშვილის პოეტიკას ეს ექსპერიმენტი სწორად კითხულობს. ეს პოეტიკის დიქტატურაა, რომელიც გულისხმობს იგივეობას და არა ცვალებადობას, მსგავსებას და არა განსხვავებას. ეს სინკრეტული აწმყოს პოეტიკაა.

     მოცემული ექსპერიმენტი აღნიშვნის ღირსია როგორც პოეტური და ლინგვისტური თამაში, მცდელობა, მიუთითოს, აწარმოოს პოეტური პერცეფციის უპირობო მდგრადობა,  და ამით შექმნას წარმოდგენა ფორმალური ესენციის არამატერიალური ბუნებისა თუ ფორმალური ბედისწერის შესახებ. ამ მცდელობის  ესთეტიკური შედეგები იმ გარანტიით არის დაცული, რომელსაც მას კონკრეტული ლექსი, როგორც პოეტური ჟესტი ანიჭებს. ამ შემთხვევაში, ჟესტის დიქტატურა იმდენად დიდია, რომ ნებაყოფლობით შეუძლია გაავრცელოს საკუთარი ასლები ისე, რომ მატერიალურმა (ვერბალურმა) ცვლადებმა ორიგინალის პრივილეგია ისევე გააუქმოს, როგორც ეს უხსოვარ დროში ხდებოდა:   განსხვავდეს, მაგრამ არაფერი დააკლდეს  ხმის იგივეობას. 

 

14 სექტემბერი-9 ოქტომბერი,

ბერლინი, ბათუმი; 2018

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE