შავი ამბების წიგნი სინათლის სხივებით


შავი ამბების წიგნი სინათლის სხივებით




მწერლები ხშირად ძალიან ბევრს ფიქრობენ რომანის დასაწყისზე, თუმცა ამ ფიქრის და ტვინის ჭყლეტვის კვალს მკითხველი ვერც ამჩნევს. არ ვიცი, რამდენი ხანი ეძებდა თემურ ბაბლუანი თავისი რომანის, ,,მზე, მთვარე და პურის ყანა“ პირველ წინადადებებს, მაგრამ ვინც წაიკითხა, დამეთანხმება, რომ იშვიათად ნახავთ ასეთ მარტივ დასაწყისს, რომელიც ერთდროულად დასაწყისიცაა და გაგრძელებაც. თითქოს ვიღაცის ცხოვრება ერთი ღილაკის დაჭერით ჩართე და გრძელი სერიალის შემდეგ იმ სერიას მიადექი, ყველაზე საინტერესო ადგილას რომ იყო შეწყვეტილი.

თემურ ბაბლუანს სულ რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული, რამდენიმე კინოროლი — ნათამაშები და მიუხედავად ამისა, არ არსებობს ადამიანი, ვინც მას არ იცნობს, რადგან ყველაფერს, რასაც ქმნის, საბოლოოდ თავს გამახსოვრებს მაშინაც კი, თუ არ მოგწონს. ასეთია ეს რომანიც — აქ მოთხრობილი ამბავი და ისიც, თუ როგორაა მოთხრობილი, თავს არასოდეს დაგავიწყებთ - ესაა სახელდახელო ემოცია, რაც შეიძლება დასაწყისისთვის თქვა, სანამ ტექსტის ლიტერატურულ კირკიტს დაიწყებ.

"მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)", რომელიც ახლახან გამოსცა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, პიკარესკული რომანია, სათავგადასავლო წიგნია, თრილერია. მთელი ხუთასგვერდიანი ტექსტის მანძილზე არ გტოვებთ მოლოდინი, დაძაბულობა, რაც მკითხველის განწყობას ერთი მხრივ სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი გაურკვეველი მოლოდინის შეგრძნებას უტოვებს, რომ მოხდება რაღაც ამაღლებული, რაღაც გაურკვეველი სიურპრიზი შფოთისა და დიდი დოზით გამოყოფილი ადრენალინის ფონზე. რომ ის რომანტიკის მოყვარულებსაც გააბედნიერებს და ავანტიურისტული რომანის ფანებსაც. მართალია, აქაური პერსონაჟები ოსტაპ ბენდერთან და კისა ვორობიანოვთან ვერ მოვლენ, და ვერც ადრეულ ლასარილიოს გაუტოლდებიან, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში კიდევ ერთხელ, დაგვიანებით, მაგრამ პრეცედენტი შედგა და მთავარიც სწორედ ესაა. ,,კიდევ ერთხელ დაგვიანებული“ იმიტომ ვუწოდე, რომ ევროპაში თუ მე-16 საუკუნეში დაიწერა პირველად თაღლითური ისტორია, საქართველოში მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“ შეიძლება გაგვახსენდეს. ბოლოდროინდელებიდან კი მიხო მოსულიშვილის ,,ფრენა უკასროდ“. თუმცა, ამ უკანასკნელის თავბრუდამხვევ, ფანტასმაგორიულ სიუჟეტთან საერთო არაფერი აქვს თემურ ბაბლუანის ტექსტის რეალისტურ მოტივებს.

თემურ ბაბლუანი ადამიანების ცხოვრების ასახვით მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდზე. ხატავს კრიმინალურ სამყაროსა და ქურდულ წეს-ჩვეულებებს. კინოკადრებივით ჩნდებიან პერსონაჟები, რომელთაც ყველა იცნობს, ვისაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში უცხოვრია. საინტერესო ის არის, რომ ბაბლუანი არ მწერლობს. მას არა აქვს მცდელობა, შექმნას სტილი ან მისდიოს რომელიმე არსებულს. ის ჰყვება ისე, რომ თითქოს გესმის კიდეც მისი დანაწევრებული, ზედმეტად დინჯი მეტყველება, რომელსაც დაღლილი ადამიანის სუნთქვა სდევს საუნდტრეკად. და შავბნელი ამბების მიუხედავად, ეს მაინც სიყვარულის წიგნია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდები და ტკივილებია მოთხრობილი და - სიყვარული, მანუშაკას სიყვარული, რომელიც აქ დახატულ მთელ ამ ჭუჭყისფერ ქალაქს ოქროსფერით ანათებს. სწორედ ამიტომაა ეს რომანი შავი ამბების წიგნი სინათლის სხივებით.

ზოგიერთი ლიტერატორი გააღიზიანა თხრობის სწრაფმა ტემპმა, სიუჟეტის განვითარების მართლა თავბრუდამხვევმა დინამიკამ, რაც თითქოს ე.წ. სერიოზულ ლიტერატურას არ ეკადრება, უფრო სწორად, ეს საერთოდ არაა ლიტერატურა და უმალ კინოსცენარია, ვიდრე რომანი. მაგრამ ვინ თქვა, რომ მხოლოდ საზოგადოებრივ მოვლენათა გაანალიზების მცდელობა ევალება მწერალს, ან მაინცდამაინც მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებულ სუბიექტურ მოსაზრებებს აქვთ უფლება, დაერქვას ლიტერატურული ტექსტი? ზემოთ ნახსენები ,,ოქროს კერპი“ ან აქეთ, 21-ე საუკუნეში, ჩაკ პალანიკის ,,მებრძოლთა კლუბი“, ან ძველი, აპულეუსის ,,ოქროს ვირი“ არ არის მწერლობა? ცხადია, ჩვენ ახლა ჩამოთვლილ ტექსტებს აქ განხილულ რომანს არ ვადარებთ, მაგრამ თუ ვინმე მას თავბრუდამხვევი ტემპის გამო იწუნებს, პასუხი სახეზეა. ასეთი დინამიკის ფონზე, ცხადია, მწერალს აღარ რჩება რესურსი, სადმე ზედმეტი სიტყვა ,,ჩააკვეხოს“, ან, რაც უფრო სავარაუდოა, მას ეს არ სჭირდება. ბაბლუანი არ კოკეტობს, არ მანევრირებს, არ იყენებს ლიტერატურულ გამოცდილებას, ის ამბავს აშორებს ყველანაირ თვალსაზრისს, აუქმებს ყველა მიდგომას და ჰყვება. უბრალოდ, ჰყვება.

რაში ჩანს მისი მწერლური ოსტატობა? სწორედ იმაში, თუ რას ირჩევს მოსაყოლად, რას გამოყოფს რისგან და როგორ ხატავს ამ გზით პერსონაჟის მძიმე გზას. ,,ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება… ასეა ფორმულირებული ანოტაციაში წიგნის ე.წ. დამაინტრიგებელი ფაბულა, თუმცა ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მივხვდეთ, რის თქმა უნდოდა ავტორს.

მე მგონია, რომ ესაა აღიარებითი ჩვენება. მთლიანად წიგნი არის აღიარებითი ჩვენება გასული საუკუნის ამბებზე, მის ბნელ მხარეებზე, იმაზე, თუ როგორ სრესს საბჭოთა სისტემა ადამიანს, როგორაა მოწყობილი ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წელში აღარავის ეხსომება. ყოველ შემთხვევაში, მომავალი თაობისთვის საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში პარაგრაფებად დაყოფილი გაკვეთილებია. ისეთივე შორეული, მშრალი და იმავდროულად სისხლიანი ამბებით სავსე, როგორიც, ვთქვათ, შუა საუკუნეების ინკვიზიცია ან პუნიკური ომები.

,,სიბნელეში, მეხუთე სართულის აივანზე, თოკზე დაკიდებული შარვლის კონტური გავარჩიე და გამიხარდა. მისადგომად არ იყო ადვილი, მაგრამ ბევრი აღარ მიფიქრია, ფეხსაცმელები გავიხადე, იქვე, კედლის ძირში დავტოვე და საწვიმარ მილს ფრთხილად ავუყევი, ვცდილობდი, არ მეხმაურა. ის იყო, მესამე სართულს ავცდი, უკან შარვლის გაცრეცილი ნაწილი ყველა მიმართულებით გაირღვა და ნაფლეთებად იქცა. საცვალი არ მეცვა და ამ შემთხვევამ ღამის სიგრილე კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. - კიდევ კარგი, ასეთი რამე დღისით რომ არ მოხდა-მეთქი. - ვიფიქრე. გავუსწორდი მეხუთე სართულის აივანს და სუნთქვა შემეკრა. ახლოდან გარკვევით ჩანდა – თოკზე ჯინსის შარვალი შრებოდა...“ ამ ეპიზოდის წაკითხვისას ჩვენ, ვისაც უჯინსო საბჭოთა კავშირში გვიცხოვა, გვახსოვს ეს ჯინსი, როგორც სუნთქვის შეკვრა, როგორც ,,კრიმინალური ამერიკის” ,,გარყვნილი” სიმბოლო, რომლის ჩაცმის სიხარული ერთეულ თინეიჯერებს თუ გვრგებია იმ პერიოდში, გაგვახსენდება მთელი ის დიდი და ვრცელი საბჭოთა ძონძების გროვა, რომელიც თან სდევდა მაშინ ალაგ-ალაგ გამონათებულ კრიალა ამერიკას და ზედმეტად ცოცხალ დასავლეთს, რომელსაც გვიმალავდნენ. გვიმალავდნენ და უბადრუკ, შავ, დაფხავებულ ლაბირინთებში გვაცხოვრებდნენ. ტექსტში ძველი ნავთქურების სუნი, გახუნებული კედლების ფაქტურა, მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ნისლიანი თბილისი იგრძნობა. იმ პერიოდის გახსენება ერთი მხრივ სენტიმენტალური გრძნობების ამშლელია ჩვენთვის, მეორე მხრივ უკვე ყელშიც კი ამოგვივიდა, იმდენი დაიწერა, იმდენი ცრემლიანი სადღეგრძელო ითქვა, იმდენი ცუდიც მოხდა, იმდენი ადამიანი დავკარგეთ, იმდენი რამე შეიცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და, რაც მთავარია, ეს ყველამ გამოვიარეთ.

მაგრამ ამ წიგნის წამკითხველი ახალგაზრდისთვის ეს ჰორორი უკვე ანეკდოტური, არადამაჯერებელი ისტორიების ერთობლიობაა, რომელსაც ასეთი წიგნები თუ სძენენ დამაჯერებლობას და იმ ეპოქის ერთგვარ მონუმენტად რჩებიან. ასეთი ტიპის მხატვრული ლიტერატურა იოლი შესაქმნელი კიდევ იმიტომ არ არის, რომ მწერალმა ძალიან მოზომილად უნდა შეაზავოს რეალობა მხატვრული ელემენტებით, რომ დოკუმენტურობის და ბუნებრიობის განცდა არ ჩაიყლაპოს. ერთი ზედმეტი შტრიხი და 90-იანების ,,ექსპერტად’’ ქცეული მკითხველი ტყუილში გამოგიჭერს და არ გაპატიებს.

წეღან ნახსენები შუა საუკუნეების პიკარულ ლიტერატურაში თუ ხშირად არის გროტესკი, ამბისა თუ თავად პერსონაჟების ფიგურალური გარდასახვა, ბაბლუანის რომანი ამ მხატვრული ხერხებისგან შორს დგას. აქ მკითხველს სწორედ ჰიპერრეალური ისტორია ზაფრავს. 80-90-იანელებისთვის კი ამ წიგნის წაკითხვა არის შანსი, თავი რომანის პერსონაჟად იგრძნონ. ეს არაა ქართული, ესაა კონკრეტულად თბილისური რეალობა და თბილისის ძირითადი დამახასიათებელი - მისი ეთნიკური მრავალფეროვნება, სხვადასხვაგვარი ხასიათები... წიგნის ერთ-ერთ მთავარ გემოსაც სწორედ აი, ეს კოქტეილი განსაზღვრავს.

ნატურალისტი მწერლების აზრით ნაწარმოები ორიენტირებული უნდა იყოს რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. აქ მთავარია არა შთაგონება, არამედ გრძნობების ანალიზი. სწორედ ამ ხერხს მიმართავს ბაბლუანი, როცა საგნებისა და მოვლენების აღწერისას მათ პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციების გარეშე გვანახებს. ის უარს ამბობს მოდერნისტულ თუ პოსტმოდერნისტულ პირობითობებზე და ბუნებრივ ფორმებს ეძებს. აბრუნებს დეკორაციებს, უბრუნდება წარსულის მოტივებს. ის შლის საზღვარს ხელოვნების ნიმუშსა და ცხოვრებას შორის, ის არ ესწრაფვის, იყოს ელიტარული და ინტელექტუალთა წრეებში პოპულარული კულტურის წარმომადგენელი. მისი ფასი სწორედ თავისთავადობაშია და იმ ნიუანსების დანახვის უნარში, რომლითაც ის ჯერ კიდევ კინოს მეშვეობით ამახსოვრდებდა თავს მაყურებელს.

და მაინც, ეს რომანი შეგვიძლია პოლიტიკურ სატირადაც კი მივიჩნიოთ. სადაც მწერალი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საჭირო დროს და საჭირო წერტილში ურტყამს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელსაც ყველაფერი ხელს აძლევს, როცა ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ უტოპიაა, სადაც ჰყვავის კორუფცია, პროტექციონიზმი, უსამართლობა და კვაზიპატრიოტიზმი. ქვეყანაში კი რუსეთის დიდი კედელია აღმართული საბჭოთა კავშირის სახელით და ეს კედელი გამოჰყოფს მას დანარჩენი მსოფლიოსგან. ავტორი ამ ყველაფერს მშვიდად ჰყვება, თხრობაში არ ერევა, თითქოს მკითხველის ემოციებზე თამაში უნდაო. ის სრულფასოვნად ფლობს გამოსახვის ფორმებს და ახერხებს, ნაწარმოები არ დატვირთოს იმ უშველებელი ფუნქციით, რომელსაც ე.წ. „მწერლის ენა“ ჰქვია. ესაა თხრობის მარტივზე მარტივი, ბუნებრივი დინება, რომელიც, ცხადია, თემურ ბაბლუანის აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მხატვრული საკითხების ზუსტად განაწილება, კომპოზიციის შეგრძნება და სათქმელის ზუსტი აქცენტებით გამოხატვა, მთლიანობაში, პროფესიონალ ავტორად წარმოაჩენს მას.

წიგნის გმირს აქვს მარადიული მიზანი – სიყვარული და პრობლემებისგან თავდაღწევის სურვილი. ის მზადაა, საამისოდ გაიღოს ყველაფერი, რაც აქვს. ადამიანის წინააღმდეგობა მოძალადე სამყაროსთან, რომელიც ყველა საშულებით, უთანასწორო ძალების საშუალებით ებრძვის მას, აფერხებს მის ცხოვრებას, მისი მისიის ასრულებას, აფერხებს პროგრესს, ცვლილებას, სიცოცხლის გადარჩენას. ისტორია გარდაისახება თითქოს ბუნებრიობაში. ესაა ამ მწერლის ალეგორია. საბჭოთა ქვეყანა სტილიზებული ბოროტებაცაა, ადამიანიცაა, სისტემაცაა, ბედისწერაცაა და ღმერთის მახინჯი სახეცაა იმავდროულად.

თითოეული პერსონაჟი ნაფტალინწაყრილი არქეტიპია, რომელსაც მთელი ერთი თაობის მერე ბაბლუანი ახალ სიცოცხლეს სძენს და თან თითქოს აგრძელებს იმ უსასრულო სიბნელის აღქმას, გადარჩენილი სიცოცხლის ველში ხელის ფათურს და იქიდან ხან ბოროტების და ხან სიყვარულის ჩვენთან მოტანას. ყელში ამოსული 90-იანების კინორეჟისორ-პროზაიკოსისთვის წიგნის ფურცლები თითქოს გადასაღებ მოედნადაა ქცეული, სადაც ახალ-ახალი კადრებია დასაყენებელი, კამერა გასასწორებელი, რაკურსი შესარჩევი.

არა მგონია, ტექსტის მხატვრული ღირებულებისთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს, რომანში მოთხრობილი ამბები გარკვეულწილად რეალურ ისტორიებს ეყრდნობა თუ არა. ქართველმა მკითხველმა ხომ ვერ მოიშალა ნამდვილი და გამოგონილი ფაქტების შედარებითი ანალიზი. თუმცა, ვეჭვობ, ამ რომანში ეს გამოუვიდეს, რადგან აქ ყველაფერი ისეა ერთმანეთში აზელილი, ისეა ჩირად ქცეული და დროისაგან დამტკბარი, რომ ხვდები – ყველაფერი ერთად მოგვცა ავტორმა - აი, ასე, შეგნებულად ნაკლებმხატვრულად. გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს აქვე, ჩვენ თვალწინ, მხატვრული სიტყვის სანაცვლოდ მრავლისამსახველი ტილო მოაქვს, რადგან წინ არის წამოწეული ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანი ისეთი, როგორიც არის თავისი სოციოლოგიური კონტექსტით.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE