კირკეს სიმღერა (ადამიანურ სამოსელში გახვეულ ცხოველთა გამოსაცნობად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად)


კირკეს სიმღერა (ადამიანურ სამოსელში გახვეულ ცხოველთა გამოსაცნობად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად)




(შემოკლებული თარგმანი)
 
ჯორდანო ბრუნო, იტალიელი დომინიკანელი ბერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და პოეტი დაიბადა 1548 წელს ნეაპოლის პროვინციის ნოლას დასახლებაში. 1600 წლის 17 თებერვალს ინკვიზიციამ ის საპყრობილეში ჩააგდო, შემდეგ კი რომში კოცონზე დაწვა. ამ ადგილას დღეს ჯორდანო ბრუნოს ძეგლი დგას, რომელიც 1889 წელს იქნა აღმართული. ყველა ის იდეა, რისთვისაც ჯორდანო ბრუნო სასტიკად დასაჯეს, ასტრონომიულმა აღმოჩენებმა უკლებლივ დაადასტურა. მისი ძირითადი სამეცნიერო დაკვირვებები იმას შეეხებოდა, რომ ვარსკვლავები შორეულ მზეებს წარმოადგენენ და რომ სამყაროში უთვალავი რაოდენობის ასეთი მზე არსებობს. ჯორდანო ბრუნო ასევე მხარს უჭერდა და ავითარებდა ნიკოლაი კოპერნიკის სისტემას, რომლის მიხედვითაც მიიჩნეოდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და არა პირიქით. 
ცნობილია, რომ ევროპაში ჯორდანო ბრუნოს მაგიის სფეროშიც ჰქონდა სახელი განთქმული. მისი ერთ-ერთი ადრეული და რიგით მეორე ნაწარმოები "კირკეს სიმღერა" 1582 წელს გამოიცა პარიზში. ეს ნაწარმოები ჰომეროსის "ოდისეას" საკვანძო გადმოცემას ეფუძნება, სადაც აღწერილია, თუ როგორ გადააქცევს კოლხეთის ლეგენდარული გრძნეული ქალი, მეფე აიეტის და კირკე ოდისევსსა და მის თანამგზავრებს ღორებად და სხვადასხვა ცხოველებად. თხრობა მზისადმი რიტუალური და მაგიური მოხმობით იწყება, რათა ცხადი შეიქნეს სამყაროში საგანთა მართებული წყობა, შემდეგ კი კირკესა და მის მსახურ ქალ მოერისს შორის დიალოგის გზით ვითარდება, საიდანაც ვიგებთ, თუ რომელი გარეული ცხოველი იმალება სხვადასხვა ადამიანების გარეგნული ფორმის მიღმა. კირკე შესთხოვს მზეს, რომ ამ ველურ ცხოველებს ჩამოეხსნათ ადამიანის ნიღბები და მათი ნამდვილი სახე დავინახოთ. რამდენიმე ასეთი მოხმობის შემდეგ მოერისი ფანჯარაში გაიხედავს და გაოცებული შეამჩნევს, რომ გარეთ სამი-ოთხი ადამიანიღა დარჩენილა, ვისაც ადამიანის სახე შერჩენია, დანარჩენებს ნიღბები მოეხსნათ და ამიტომაც, თავის შესაფარებლად ზოგი ტყედ გავარდნილა, ზოგიც ხეზე აფრენილა, ზოგი კი ზღვაში გადახტომას ცდილობს. ღორის თვისებების ვრცელ და არასახარბიელო აღწერას დანარჩენ ცხოველთა მახასიათებლების დეტალური ინვენტარიზაცია მოსდევს, რაც ნაწარმოების ძირითად კორპუსს შეადგენს. ჯორდანო ბრუნოს "კირკეს სიმღერა" ლათინურიდან ამ ცოტა ხნის წინ პირველად ითარგმნა ინგლისურად და ჯერჯერობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სხვა რომელიმე ენაზე თარგმნილი არ არის.
 
 
შეკითხვა I
 
მოერისი: გარდა იმ ნიშნებისა, როგორიცაა კბენა (რაც ღორებსაც არანაკლებ ახასიათებთ), ჩვენს წინაშე არსებულ ძაღლის უამრავ ჯიშს შორის როგორ უნდა გამოვიცნო ის უცხო ჯიში, ადამიანურ საბურველში რომ გახვეულა?
კირკე: ეს იმ ველურ ადამიანთა სახეობებია, რომლებიც ლანძღავენ და ფლეთენ ყველაფერს, რისი გაგებაც მათი გონების შესაძლებლობებს აღემატება: ზარმაცი ბუნების მქონე ძაღლების მსგავსად, ხასიათი სხეულზევე რომ ეტყობათ, ასეთი ადამიანების გამოცნობა იმ ნიშნითაც შეიძლება, რომ ისინი მათთვის უცხო ყოველგვარ სიკეთეს უყეფენ, მეორე მხრივ კი, შემწყნარებელნი არიან ყველაფრის მიმართ, რაც მართლაც საზიანო და მეტად საძაგელია.
 
 
შეკითხვა II
 
მოერისი: მოდი, ამ ჯერზე ვირებისაკენ მივმართოთ ყურადღება. მოგვიანებით ჩვენ უფრო სერიოზულადაც შევისწავლით მათ. ახლა კი, აი, ამ ჯორებს, ვირთა ამ ნაშიერებს შეხედე: რა ნიშნით შეგვიძლია მათი გამორჩევა?
კირკე: ესენი ფილოსოფოსებად და რიტორიკოსებად გვაჩვენებენ თავს, სინამდვილეში კი არცერთს არ წარმოადგენენ. ყველა, ვინც პოეტად და ორატორად წარმოგვიდგება, მაგრამ არც ერთია და არც მეორე; ანდა ვისაც იურისტისა და მეცნიერის ტიტული მოსავს, მაგრამ შესაბამისი თვისებები არ გააჩნია; გრამატიკოსნი და მოპაექრენი, რომელთაც არცერთი ეს ნიჭი არ მოეპოვებათ; ვაჭრები და აზნაურები, სიმდაბლის ტვირთი რომ დასწოლიათ მხრებზე ფარულად; საჯარო პირები და მებრძოლნი, სრულიად ჩერჩეტნი წერა-კითხვასა და ომის საკითხებში; ლაქიები და რელიგიის ხალხი (რადგან, ჩვენს მიერ აქ განხილული პირუტყვი ზემოთ მზირალთა სახეობას განეკუთვნება); ისინი ერთდროულად მშვენიერნიც არიან და საზარელნიც: არც ქალნი არიან და არც კაცნი. მათ მსგავსად, ვისაც დედა ცხენი ჰყავს, ხოლო მამა კი - ვირი, ესენიც, არც ცხენები არიან და არც ვირები და ხმა, რომელსაც გამოსცემენ, ყროყინისა და ჭიხვინის ნაზავია.
 
 
შეკითხვა III
 
მოერისი: რა ახასიათებთ თხებს?
კირკე: მათი ნიშანია თხის სუნი და კიდევ ის თვისება, რომ ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ შეუღლდნენ; ძალზე ახარებთ, როდესაც ხედავენ, რომ მათი ქალები მათსავე მეგობრებთან დაწყვილებულან. ამ დროს თრთოლა დაუვლით ხოლმე და გახარებულნი ყოჩებივით იწყებენ ხტუნვას.
 
 
შეკითხვა IV
 
მოერისი: როგორ უნდა ვიცნოთ მაიმუნები?
კირკე: ან უშუალოდ მათი ცხვირ-პირით, ანდა იმ თვისებით, რომ მიუხედავად საუკეთესო განზრახვებისა, ყველაფერში _ იქნება ეს დიდებული პოეზია, სიბრძნე, ორატორია თუ ისტორია - როგორღაც მაინც ძალზე დამანგრეველ ჩარევას მოახერხებენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კარგს ცდილობენ, მაგრამ ცუდი გამოსდით. როგორც იცი, მაიმუნი ცდილობს, რომ საკუთარი ცხვირ-პირით ცხოველთა შორის ყველაზე მშვენიერ ქმნილებას, ადამიანს ემსგავსოს და სწორედ ამ მცდელობის შედეგია, რომ ის ყველაზე უფორმო არსებად ქცეულა. 
მოერისი: ეჭვგარეშეა, რომ ერთი რომელიმე მაიმუნი მეორე მაიმუნისთვის მაინც მიმზიდველია.
 
 
შეკითხვა V
 
მოერისი: ამ მაიმუნთაგან როგორ გამოვარჩიო სხვა სახეობის მაიმუნები?
კირკე: ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არ ძალუძთ რაიმე სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, ამიტომაც, ცდილობენ, რომ პირმოთნეობითა და მსახიობობით ასიამოვნონ მდიდრებს და, ძირითადად, პარაზიტების როლს ასრულებენ. რადგანაც ისეთი ძლიერები არ არიან, რომ ჯორებთან ერთად ეზიდებოდნენ ტვირთს, ცხენებთან ერთად მონაწილეობდნენ ომებში, ხარებთან ერთად ხნავდნენ მიწას ან ღორებთან ერთად ლეშით იკვებებოდნენ, მათ მასხარებად იყენებენ.
 
 
შეკითხვა VI
 
მოერისი: არსებობს კიდევ ერთი სახეობაც მაიმუნების, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა: აი, ხომ ხედავ მათ მდინარის პირას, რას მიგვანიშნებს ეს სახეობა?
კირკე: შენ ის ჯიში შეამჩნიე, რომელთაც ველური მშობლები ჰყავთ. უგონო და ზღვარგადასული სიყვარულით, ყოველგვარი ქცევის შემწყნარებელნი, ისინი მიამიტსა და ტლანქს შვილებს ზრდიან მდაბიურად. ხომ ხედავ, გადამეტებულ ხვევნა-კოცნაში ახრჩობენ კიდეც საკუთარ ნაშიერთ, რაც მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. 
 
 
შეკითხვა VII
 
მოერისი: რა ნიშნით უნდა გამოვიცნო აქლემები?
კირკე: ახლავე აგიხსნი. როდესაც ადამიანურ ფორმას იყვნენ შეფარებულნი, ისინი იშვიათად იღებდნენ სიამოვნებას წმინდა საგნებით. სამაგიეროდ, მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი წაბილწულს დაინახავდნენ. ამ სახეობას ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვისაც ბრძენ ადამიანთა საქმეების თვითნებური შეჯამება და გაგრძელება სჩვევია თავისი ბავშვური და სულელური დამატებებით. ახლაც, როდესაც ერთიანად აქლემის ფორმაში მოქცეულან, მანამდე არ დალევენ წყალს, სანამ ის მათი ნაბიჯების ჯაყჯაყში არ აიმღვრევა.
 
 
შეკითხვა VIII
 
მოერისი: ვერაფრით მივმხვდარვარ, ვინ უნდა იყვნენ ეს არსებები, ასე რომ ემსგავსებიან აქლემებს და თავის ფორმაც ისეთივე აქვთ: ცხენის კისერზე აქლემის თავია დადგმული; ვეფხვის მსგავსად, ზურგი ლაქებით აჭრელებიათ, ფეხები კი ხარისას მიუგავთ.
კირკე: ეს არსებები, რომლებიც შენ იხილე, აქლემ-ჯიქებად იწოდებიან. ისინი ადრე წერილთა მცოდნე მწყემსები და ღმერთთა რიტუალური თაყვანისმცემლები იყვნენ, თუმცა საკუთარი მეტყველებით ყასბებს ჰგავდნენ, ცხოვრების წესით კი ყოველგვარი მანკიერებით იყვნენ აღსავსენი.
 
 
შეკითხვა IX
 
მოერისი: საკუთარი ქცევით რომელი ადამიანები ჰგვანან აფთრებს?
კირკე: მათ მონური პირმოთნეობა ახასიათებთ და ვისთანაც პირფერობენ, სწორედ მას ანადგურებენ საბოლოოდ. ახლაც, აფთრის ფორმაში მყოფთ, ადამიანური ხმის გამოყენებაც შეუძლიათ. ადამიანებს ხომ ნუსხავთ საკუთარი სახელის გაგონება, ამიტომაც, აფთრები ამით შეიტყუებენ ხოლმე მათ, შემდეგ კი ფლეთენ და ნაკუწებად აქცევენ.
 
 
შეკითხვა X
 
მოერისი: აფთრების კიდევ ერთი სახეობაც მოსჩანს აქ.
კირკე: ეს სახეობა მათი საქციელით გამოიცნობა. ხომ ხედავ, როგორ ესწრაფვიან ადამიანის ექსკრემენტებს; თუ ნეხვი შემაღლებულ ადგილას აღმოჩნდება, სადაც არ შეუძლიათ რომ მისწვდნენ, მაინც თავგანწირვით, გამოფიტვამდე აგრძელებენ მცდელობას და იწელებიან, როგორც შეუძლიათ. ადამიანებს ჰბაძავენ, თუმცა კი ყველაზე ბილწი ყველაზე ტკბილად ესახებათ და საუკთესოთა გვერდის ავლით უარესს ამოარჩევენ. ეს პროცესი იმას ჰგავს, ადამიანმა ღვინო გაფილტროს, შემდეგ გადაღვაროს და ლექი დაიტოვოს.
 
 
შეკითხვა XI
 
მოერისი: და რას იტყვი ირემთა შესახებ, ასე საზეიმოდ რომ მორთულან რქებით?
კირკე: ისინი აუცილებლად რომელიმე ბატონის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. თუ რაიმე მოსწონთ, დიდ მანძილზეც კარგად დაინახავენ; მაგრამ თუ ნაკლებად აინტერესებთ, არაფრით არ შეამჩნევენ, თუნდაც დიდ ხმას გამოსცემდეს. ამიტომაც, ყურებს რომ დაცქვეტენ, ძალზე მახვილი სმენა აქვთ, მაგრამ როდესაც ყურებს ჩამოყრიან, მთლად დაყრუვდებიან და უყურადღებონი ხდებიან.
 
 
შეკითხვა XII
 
მოერისი: რა შეიძლება დავასკვნათ სპილოების შესახებ?
კირკე: ეს ცხოველი, რომელსაც ცხვირი ხელის მაგივრობას უწევს და ხელების არქონის გამო მას მოიხმარს, იმ ადამიანს მოგვაგონებს, თვითონ რომ არანაირი საქმის გაკეთება არ შეუძლია და მაინც სხვის საქმეთა განხილვით დაკავებულა.
 
 
შეკითხვა XIII
 
მოერისი: და ვის დაჰყვება დათვის სუნი?
კირკე: მას, ვინც კარგად უწყოდა, თუ რამდენად მეამბოხე, ველური და მხეცური იყო მისი ბუნება, მაგრამ თავის ნაშიერს ხელს უწყობდა, სათუთად უვლიდა, ზრდიდა და ლოკავდა, რომ სწორედ ასეთი გაზრდილიყო. მაგრამ ეს ცხოველი როგორც არ უნდა გაწვრთნა, მოეფერო და თავის უფორმო და ტლანქ ჯილაგს თუნდაც სულ ჩამოაცილო, მაინც უხეშ და გარეულ ცხოველად გაიზრდება და მისთვის მხოლოდ მთებში ცხოვრება იქნებოდა შესაფერისი.
 
 
შეკითხვა XIV
 
მოერისი: ვისთვის შეიძლება იყოს თვალსაჩინო, თუ რაში მდგომარეობს ლომების დიდმნიშვნელოვნების საიდუმლო?
კირკე: ვინც იცის, რომ როდესაც ისინი ცხოველთა შორის პირველნი იყვნენ, სუსტ ცხოველებს მათი მყვირალა ბუნება აკრთობდათ და რომ ეს ახლაც ასეა _ ადამიანურ ფორმაში იმავე ბუნების წყალობით მათ დაუძლეველი ცდუნება სდევთ, ფაფარი აიშალონ და მამლებივით ყიოდნენ.
 
 
შეკითხვა XV
 
მოერისი: დიდ ცხოველებთან ერთად სხვებიც დაგვრჩა განსახილველი. რა მინიშნებას გააკეთებდი მაჩვზღარბასთან დაკავშირებით?
კირკე: ნუთუ ვერ ხედავ, რომ ისინი მხოლოდ მაშინ აჩენენ ზურგზე ეკლებს, როდესაც ვინმე დაუძახებს, გამოიწვევს, წააქეზებს ან აიძულებს?
მოერისი: გასაგებია.
 
 
შეკითხვა XVI
 
მოერისი: ეხლა მე შევძლებ ადვილად ვიცნო ზღვის ზღარბებიც, რომლებიც ეკლებით არიან დაფარულნი და ყველგან ამ ეკლებით მიმოდიან. ისინი ახერხებდნენ საკუთარი სისასტიკის დამალვას, მაგრამ თურმე ყოველთვის ბოროტნი ყოფილან.
კირკე: ნამდვილად სწორი დაკვირვებაა.
 
 
შეკითხვა XVII
 
მოერისი: ნეტავ, რატომ გავიფიქრე, რომ ეს ადამიანი წინათ კუ უნდა ყოფილიყო. ნეტავ, კუს რომელი სახეობა იყო, სხვათაგან რა გამოარჩევდა?
კირკე: ასეთ ადამიანებს ის გამოარჩევთ, რომ იმედებით აღვსილნი თავად-აზნაურთა სასახლეებს შეეკედლებიან და იქაური სიამენი დიდ სიხარულს ანიჭებთ. თუმცა, მალევე ხვდებიან, რომ სიმშვიდე და საკუთარ თავთან განმარტოება მეტად აღარ უწერიათ. ახლაც, როდესაც მათ ადამიანური გამოვლინება უკვე აღარ გააჩნიათ, ისინი მყარად მიმაგრებულან საკუთარ ბაკანზე, რაც მათ წყალზე თავისუფალი ტივტივის უნარს აკარგვინებს. ამიტომ, ვეღარც უსაფრთხო და უფრო ღრმა სამალავებისაკენ გაცურვას ახერხებენ და იოლად უვარდებიან ხელში მონადირეებს. კუთა ამ სახეობას ინდური კუ ეწოდება.
 
 
შეკითხვა XVIII
 
მოერისი: რას იტყოდი იმ კიბორჩხალათა შესახებ, რომელთაც კიბოს უწოდებენ?
კირკე: ხომ ხედავ, როგორ შეყუჟულან ისინი ცარიელ ნიჟარებში: პატარა კიბორჩხალები პატარა ნიჟარების ქვეშ იმალებიან, დიდები კი დიდი ნიჟარების ქვეშ დამალულან. ისინი იმ ადამიანთა სიმრავლეს ჰგვანან, რომელთაც საკუთარი ძალებით არაფრის კეთების უნარი არა აქვთ და თვითკმარობის არმქონენი, ცდილობენ ზემდგომებისა და ოსტატების დახმარებით გადაირჩინონ თავი.
 
 
შეკითხვა XIX
 
მოერისი: ხედავ ამ ნიანგებს?
კირკე: ადამიანის ფორმაში ყოფნისას ისინი სისასტიკეს იჩენდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ კარგად ეპყრობოდა, ხოლო ვინც აბუჩად იგდებდა და წინააღმდეგობას უწევდა, მათ მიმართ შემწყნარებლობას ავლენდნენ: ახლაც, ნიანგის ფორმაში ყოფნისას, ისინი სასტიკნი არიან იმათ მიმართ, ვინც მათ გაურბის და თვითონვე გაურბიან მას, ვინც თავადვეა სასტიკი.
 
 
შეკითხვა XX
 
მოერისი: და ასპიტებზე რაღას იტყვი?
კირკე: ისინი მოიერიშენი, უმადურნი და მომაკვდინებელნი იყვნენ საკუთარი მშობლების, ოსტატებისა თუ პატრონების მიმართ - ამიტომ, ამჯერადაც ასპიტი საკუთარ დედას გესლიანი ნაკბენით კლავს.
 
 
შეკითხვა XXI
 
მოერისი: ვინ და რატომ გადაიქცა ქამელეონად?
კირკე: ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი შეიძლება პირფერები იყვნენ და ყველაფერს ბაძავდნენ, გარდა იმისა, რაც პატიოსანი და სუფთა იყო - ასე რომ, ამჯერადაც, ნებისმიერი ფერის მიღება შეუძლიათ, გარდა წითლისა და თეთრის; ან, შესაძლოა, ხალხის პირმოთნეობის მნახველნი იმდენად წახალისდნენ, რომ ადამიანთა ქებისა და განდიდების გარდა აღარაფერს მიესწრაფვოდნენ. დააკვირდი, მათი ყბები იმგვარად იბერება, თითქოსდა მხოლოდ ჰაერით იკვებებიან. მართლაც, მათს დიდსა და ძლიერ ფილტვებში ჰაერის მეტი რა უნდა იყოს: ამიტომაცაა, რომ როდესაც ნეოსქოლასტიკოსები ასეთი ადამიანების სულებს აკვირდებოდნენ, იქ ქარის მობერვის მსგავსი კვეხნის გარდა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეს.
 
 
შეკითხვა XXII
 
მოერისი: გთხოვ, რამდენიმე სიტყვით მაინც მამცნე, რა სახის ადამიანებს წარმოადგენდნენ ადრე ისინი, ვისაც ახლა ზღვის ქმნილებათა ფორმები მიუღია?
კირკე: ახლავე აგიხსნი. ის, ვინც მათ აკვირდებოდა, იცის, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი უზნეობისა და უსირცხვილობის მიმბაძველები და მიმდევარნი იყვნენ, ახლა კი მათ ადვილად ამოიცნობ წურბელის ფორმაში _ სხვისი სხეულიდან ყველაზე ცუდს შეითვისებენ და საკუთარ სხეულში გადააქვთ. ვინც მათ ადრე აკვირდებოდა, იცის, თუ რარიგ იყვნენ ისინი სხვა ადამიანთა ცხოვრების გზასთან მიმაგრებულნი, როგორც ზოგიერთ ადამიანს სხვადასხვა ცხოველის ხმის მიბაძვა რომ შეუძლია (მონადირეთა მსგავსად). ახლა კი ადვილად შეიძლება ამ პოლიპების ხასიათის ამოცნობა: ხომ ხედავ, თუ როგორ მრავლდებიან ისინი, ვითომდა, ოჯახის სიყვარულის სახელით და როგორ მოინადირებენ მსხვერპლს, იმის წყალობით, რომ ფერის სხვადასხვაგვარად შეცვლა შეუძლიათ.
 
 
შეკითხვა XXIII
 
მოერისი: მოდი, დროებით გვერდზე გადავდოთ ამ სახეობის დანარჩენი წარმომადგენლები და ამჯერად სხვებს დავაკვირდეთ: კირკე, მოდი მზერა მივაპყროთ იმ ფრინველებს, რომლებიც ახლომდებარე ტყისა და შემაღლებული ადგილებისკენ მიფრინავენ. ვინ იყვნენ ადრე ეს მერცხლები, რომლებსაც ახლა ბუდე მიტოვებულ ნიშებში მოუწყვიათ? მათ ახლა მართლაც რომ შესაბამისი ფორმა მოირგეს, რადგან ყოველთვის იმ მეგობრების გვერდით იყვნენ, ვისაც იღბალი გაუღიმებდა; მაგრამ, როგორც კი ფორტუნას ცვალებადი სახე მკაცრი და მოღუშული გაუხდებოდა, მაშინვე ზურგს შეაქცევდნენ მათ: ამიტომაც, გაზაფხულზე გამოჩნდებიან, მაგრამ ზამთრის დადგომისთანავე სხვაგან მიდიან.
კირკე: მართალი ხარ. მაგრამ მათი ცნობა სხვა რამითაც შეიძლება: ადამიანად ყოფნისას, როდესაც ნამდვილ ადამიანებთან ჰქონდათ საქმე და მათს ნამდვილ სახლებსა და მამულებს სტუმრობდნენ, მაინც ვერ შეძლეს მათთან შეგუება და საკუთარ საცხოვრებელს უსარგებლო ჩალითა და ტოტებით აწყობდნენ: ისევე, როგორც თაგვებს არ შეუძლიათ ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, თუმცა კი ერთ ჭერქვეშ უწევთ ყოფნა.
 
 
შეკითხვა XXIIII
 
მოერისი: მე ადვილად ვცნობ ფარშევანგებს, რადგანაც ხშირად მინახავს მაღალჩინოსანი ადამიანები, ფერად ბუმბულებს რომ გაშლიან, გაიბერებიან და გამოზნექილი მკერდით მიმოდიან.
კირკე: ნამდვილად ასეა. მაგრამ, ფარშევანგებად უნდა სცნო ისინიც, ვინც არაფერს აკეთებს, თუკი ამისთვის წინასწარვე შექებას არ მოელის: როდესაც ვინმე მათ ქებას დაიწყებს, მაშინათვე იქ გაჩნდებიან და ბუმბულს გაშლიან.
 
 
შეკითხვა XXV
 
მოერისი: მე გვერდს ვერ ავუქცევ ბულბულებს. ერთ დროს ისინი ყბედი ადამიანები იყვნენ, ბევრს ვინც ლაპარაკობდა, თითქოსდა ბევრის მცოდნე იყო, მხოლოდღა სულელთა მაღალი შეფასებებით კი იკვებებოდა. ბრძენთათვის, ვისთვისაც ცნობილია გამოთქმა "ცარიელი ჭურჭელი უკეთესად გამოსცემს ექოს", ისინი ისევე საძაგელნი იყვნენ, როგორც სულელნი.
 
 
შეკითხვა XXVI
 
მოერისი: ვისზე მიგვანიშნებს ვარდისფერმკერდა მტრედი, ძროხების ხმას რომ ბაძავს?
კირკე: შენ მათში იმ ადამიანებს გამოიცნობ, რომლებიც საკუთარი უნარით, სულითა და ბუნებით მდაბალნი არიან, თითქოსდა დიად საქმეებზე ფიქრობენ და ლაპარაკობენ, საზიზღარ და უძლურ საქმეებს კი აკეთებენ.
 
 
შეკითხვა XXVII
 
მოერისი: მე ვცნობ გუგულებს. ადამიანად ყოფნისას ისინი საკუთარი შვილების დედად სხვის ცოლებს ირჩევდნენ: ეხლაც ხომ ვხედავთ, რომ კვერცხს უცხო ბუდეში დებენ.
კირკე: სწორი განსჯაა.
 
 
შეკითხვა XXVIII
 
მოერისი: და განა ვინ ვერ იცნობს არწივს, სამეფო ფრინველს? - ის საკუთარ თვისებებს მოკაუჭებული, მტაცებლური კლანჭებით წარმოაჩენს. ანდა, ვინ ვერ დალანდავს არწივს მყვირალა ადამიანის ფორმის უკან? 
კირკე: ნამდვილად ასეა - მართლაც, არწივი დამალულა ძლიერი ადამიანების გამომეტყველებაში. თუმცა კი, ყველა არწივი ძლიერია, მაგრამ ვინც ძლიერია, ყველა არ არის არწივი. ამიტომაც, შენ არ უნდა უწოდო არწივი კირკეს, მხოლოდღა მისი ძლიერებიდან გამომდინარე - როდესაც მას ქალღმერთად და დედოფლად უხმობ.
მოერისი: ცხადია, არა; მაგრამ რა ზიანის მომტანი იქნებოდა ასეთი რამ? განა თვით ღმერთების მეფე იუპიტერი არწივის ფორმაში არ დამალულა?
კირკე: მოერის, შენ ახლა ჩვენი მსჯელობის ბილიკს გადასცდი. ჩვენ ვსაუბრობთ არწივებზე, რომლებიც ადამიანური გარეგნობის უკან იმალებიან და არა ადამიანებზე და ღმერთებზე, რომლებსაც არწივებისა და სხვა ცხოველების სახის მიღება ახასიათებთ.
 
 
შეკითხვა XXIX
 
მოერისი: მე ვერ ვცნობ აი, ამ ფრინველს, რომელიც, როგორც ჩანს, არწივს ესხმის თავს.
კირკე: მას ქორი ჰქვია. არწივი და ღამის ქორი იმ აზნაურთა უკან დამალულან, ერთმანეთს დაუღალავად რომ ეომებიან, სანამ ვინმე მესამე არ გამოჩნდება და ორივეს ერთად არ დაამარცხებს. შეხედე, როგორ ჩაფრენიან და როგორ გლეჯენ ერთმანეთს კლანჭებითა და ნისკარტებით, სანამ ამ შეურიგებელ ორთაბრძოლაში დაბლა არ დაეშვებიან და ვინმე ორივეს არ შეიპყრობს.
 
 
შეკითხვა XXX
 
მოერისი: ო, ღმერთებო! ვერც კი ვიხსენებ ასეთი დიდი ზომის ჩიტი სადმე მენახოს!
კირკე: ეს სირაქლემაა, ის აქლემია ფრინველთა შორის და ყველაზე გამოთაყვანებულიც: როდესაც ჩირგვში კისერს ჩარგავს, მიაჩნია, რომ ვეღარავინ ხედავს. ხოხობიც იგივეს აკეთებს და წყალში მობინადრე კეფალიც. შენ დაინახავ სირაქლემას იმ ადამიანში, რომელსაც უზარმაზარი, მძიმე სხეული აქვს, ხოლო განსჯის უნარი კი უმცირესი.
 
 
შეკითხვა XXXI
 
მოერისი: თუ გაუმაძღრობა და ხორცის ჭამა მართლაც ჩვეულებრივი ამბავია ჩიტების მრავალ სახეობათა შორის, მაშინ, ო, კირკე, რა ნიშნითღა უნდა გამოვარჩიო სვავები _ ან შეიძლება ეს ჩიტები, რომელთაც ახლა ვხედავ, სვავები არც არიან, რადგან შებინდებისას ძნელი ხდება ამ მუქი ფერის ჩიტების გარჩევა.
კირკე: ისინი ნამდვილად სვავები არიან. წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ მოახლოებული სიკვდილის ნიშნებს მდიდარ ადამიანებში და ცდილობდნენ ყნოსვით აეღოთ ალღო; ახლა ისინი თავს დასცხრომიან უსიცოცხლო სხეულებს, რომელთაც სიკვდილის შემდეგ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეიგრძნობენ. ჩვენ კი, ზედმეტი ყურადღება დავუთმეთ ამ ჩიტებს და მათგან განსხვავებით, სულაც არ გვქონია შიმშილის წინათგრძნობა და მხოლოდღა მაშინ შევამჩნიეთ სიბნელე, როდესაც ბინდის საზღვარი მოგვიახლოვდა _  სიბნელე, რომელიც გვეხმარება, უკეთ ვუჭვრიტოთ ვარსკვლავებს, მაგრამ ცხოველთა დაკვირვებაში კი ხელს გვიშლის. ამიტომ, მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს საცხოვრებელს და სადილის სუფრა გავაწყოთ.
მოერისი: თანახმა ვარ და თუ შენთვის სასიამოვნო იქნებოდა, ხვალ დანარჩენ ცხოველთა განხილვას მთელი დღე დავუთმოთ.
კირკე: ასეც იქნება, თუკი რაიმე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ მიიქცევს ჩვენს ყურადღებას.
 
 
შეკითხვა XXXII
 
მოერისი: ქალბატონო კირკე, გთხოვ მომეცი ერთი განმარტებაც ციცინათელების სხვადასხვა სახეობათა შესახებ: ადამიანთა რომელი ფორმებში სახლობდნენ ისინი?
კირკე: ესენი არიან განსწავლულნი, ბრძენნი და სახელოვანნი - იდიოტების, სახედრებისა და გონებადაბინდული ადამიანების წინაშე.
 
შეკითხვა XXXIII
 
მოერისი: და როგორი ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ახლა მშვენიერი, სასიამოვნო, ჰუმანური, გულზიარი და თავაზიანი ცხოველის ფორმით გამოვლენილა - ღამის დადგომისთანავე თავის სახლში ქანდარაზე რომ შეფრინდება, მანამდე, სანამ ჩვენ დასაძინებლად გავეშურებით? როგორ გვმართებს მამლის დანახვა?
კირკე: თუმცა კი მამალი ძალზე მშვენიერი, მელოდიური, კეთილშობილი, გულმოწყალე, დიდებული, მზიური, იმპერიული და თითქმის ღვთაებრივი ფრინველია, ის თავის თავს ზიანს აყენებს და კარგავს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ კეთილშობილ ფორმად იქნეს მიჩნეული: უნამუსო და უსაქმური დედლების გამო ის თავის თანასწორებთან და ძმებთან იწყებს ბრძოლას და, ხშირად, იღუპება კიდეც ამ ბრძოლაში. გამარჯვებული მამალი, საკუთარ უპირატესობას ყივილით რომ გვამცნობს, ძალზე თავშესაქცევ სანახაობას წარმოადგენს. შეამჩნევდი, თუ როგორ იმალება მამალი მათ უკან, ვინც მუდმივად ორმხრივ დაპირისპირებაშია საკუთარ ახლობლებთან და ტრაბახობს კიდეც სხვებთან საკუთარი მოდგმის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებით.
 
 
ინგლისურიდან თარგმნა დავით ჩიხლაძემ
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE