კატო ჯავახიშვილის „ამბავი"


კატო ჯავახიშვილის „ამბავი"




 

"უნდა მოგიყვე,

ხურჯინი უნდა ამოვატრიალო და

იქიდან გადმოყრილი საგნებით:

ბასრებით

ბლაგვებით

მრგვალებით

უწახნაგოებით

ჩემი ცხოვრება უნდა მოგიყვე...""

(“ზედმეტად პირადული ამბავი")

 

ისეთი შემოდგომაა, ბევრი წელი რომ არ ყოფილა - ისევ ცხელი მზით და ისევ მწვანე ხეებით! იქნებ არც არასდროს ყოფილა ასეთი შემოდგომა - ქართველი მწერლებისთვის და ქართული ლიტერატურისთვის განსაკუთრებით - „ფრანკფურტული“ შემოდგომა. კატო ჯავახიშვილი ერთ-ერთია, ვინც ფრანკფურტის წიგნის 70-ე, საქართველოსთვის გამორჩეულ ბაზრობაზე თავის ლექსებს წარადგენს და მათზე ილაპარაკებს. ფრანკფურტამდე ერთი დღით ადრე კი თბილისში, პლედმოხურული, მაღალ ტერასაზე ზის და მწერლებისა და მწერლობის „ფრანკფურტამდელ“ ამბებზე ლაპარაკობს, კიდევ „პირადულ ამბებზე“ - ბასრებზე, ბლაგვებზე, უწახნაგოებზე.

ეს ამბავი კი თავიდანვე ნგრევით და ქარიშხლებით იწყება, ისე როგორც მთელი თაობის, ვინც ომებიანი, უსინათლო 90-იანები და 2000-იანები გამოიარა საქართველოში. და გრძელდება მრავალჯერ შეცვლილი გზით და პროფესიებით, კედლების ნგრევით და აგებით, მარტო დარჩენით და მასთან გამკლავებით. ყველაფერ იმით, რაც გზადაგზა ლექსებად იქცეოდა, შემდეგ კი წიგნებად: "ნაცვალი სახელი", "მარცხნივ", "ჭუპრი", "იავნანა კაცებისთვის"... და „ორი ფინჯანი“ - ინტერვიუების კრებული, რომლებიც წლების მანძილზე იწერებოდა და ქვეყნდებოდა. ეს წიგნი ჟურნალისტისა და ლიტერატორის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, სადაც მთელი თანამედროვე ქართული ლიტერატურაა მთავარი როლების შემსრულებლებითა და პერსონაჟებით, სადაც კატოს „ამბებიცაა“.

მისი ყველა საქმე წერასთან არის დაკავშირებული, გარდა იმ დროისა, როცა კბილის ექიმად მუშაობდა, ჰო, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, ჯერ პედიატრიას სწავლობდა, მერე სტომატოლოგიას, ერთი წელი მუშაობდა კიდეც. მერე სხვა რამეებიც დაამთავრა - იურიდიული, ხელოვნებათმცოდნეობა, საზოგადოებრივის მართვის მენეჯმენტი, მუშაობდა ბევრგან და აკეთებდა ბევრ საქმეს. ერთხელ მეგობრებთან ერთად პატარა ბიზნესიც დაიწყო, ხელით ხატავდნენ ქოლგებს და ყიდდნენ. მერე მობეზრდა და მიხვდა, რომ აღარ უნდოდა ამის გაგრძელება. იმდენად უცნაურად ვიცხოვრე და იმდენნაირი გამოცდილება მაქვს - გზადაგზა პროფესიები შევიძინე, დავკარგე კიდეც - აღარ ვიცი, რაღანაირი გამოცდილება მაქვსო, ამბობს.

 

- როგორი იყო ეს ცვლილებები ამ ქვეყანაში და ასეთ წლებში? თითქოს მრავალფეროვნებაა, ძიებაა, მაგრამ მეორე მხარეც ხომ არ აქვს - სტაბილურობის თუ რაღაც მსგავსის არარსებობა?

- 16 წლის უკვე პირველ კურსზე ვიყავი. სწრაფად გავაკეთე არჩევანი, ნამდვილად არ ვიცოდი, იმ დროს რა მინდოდა. ისე, მას შემდეგ სულ ძიებაში ვარ. დღესაც კი არ ვიცი, რას ავირჩევდი, ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიას ან ნეიროქირურგიას. ზოგადად ადამიანი მაინტერესებს, უფრო ღრმად. პრაქტიკას გავდიოდით ასათიანზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ახალგაზრდა პაციენტები ჰყავდათ. ხშირად მივდიოდი, ვლაპარაკობდით ხოლმე. ძალიან პატარა ვიყავი, 9 წლის, როცა პირველად დავიბეჭდე ჟურნალ „დილაში“, რომლის რედაქტორი იყო თენგიზ ჩალაური, ფანტასტიკური კაცი. ეს ყველაფერი ზოგჯერ ბავშვის ფსიქიკისთვის არის დაუძლეველი, როგორც ჩანს, მეც ამბიციები გამიჩნდა, უფრო მეტი მეგონა თავი, ვიდრე ვიყავი; ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა. შეიძლება ისიც იყო, რომ სინამდვილეს შევეჯახე და უფრო მეტად დავიბენი, ჩავიკეტე. იყო კონფლიქტები ქართულის მასწავლებელთან. ცამეტი წლის ასაკში ლაპარაკი შევწყვიტე, ყველას ვაიძულებდი, წერილებით ელაპარაკათ ჩემთან. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ეს პროტესტიც იყო. თენგიზ ჩალაურიც წერილებს მიგზავნიდა, მახსოვს, ლურჯ კონვერტში იდო ხოლმე, მეც ვწერდი პასუხებს. კარგად ვსწავლობდი, თუმცა რთული გარდატეხის ასაკი გავიარე. სკოლიდან გამრიცხეს ცუდი ყოფაქცევის გამო - საკლასო ჟურნალები მოვიპარეთ და დავწვით. გადავედი ღამის სკოლაში, რომელიც ექსტერნად დავამთავრე და მაშინვე სტუდენტი გავხდი. საშინელი პერიოდი იყო. კერასინკის და გახუხული პურის სუნი „მოდის“, იმ დროს რომ ვიხსენებ.

- კიდევ რა „მოდის“ იმ წლებიდან?

- ბევრი რამ „მოდის“: სანთლის შუქზე თავყრილობები, გიტარა, ნავთის სუნიანი ზურგჩანთები, ომი, ავტომატები ლეიბის ქვეშ - ჩემი ოჯახის წევრები იბრძოდნენ. თუმცა ამ ყველაფერს ფარავს „მწვანე ნუშის გემო“. ნუშის ახლად გამოსული კვირტების გემო. მას შემდეგ არ მიჭამია, არც მინახავს. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ ხდებოდა ამ წლებში, რაღაც მაზოხისტური სიტკბოებასავით ახლდა იმ ყველაფერს. ბევრი თავისუფალი დრო იყო, ურთიერთობები, ასეთი ჩაკეტილები არ ვიყავით. კიდევ „მოდის“ მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა, სადაც დედაჩემი მუშაობდა, ვაჟა-ფშაველას ბოლოში. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე მძაფრი მოგონებაა ლიტერატურული საღამო ამ ბიბლიოთეკაში. მოწვეული ჰყავდათ ბესიკ ხარანაული და კიდევ სხვა ორი პოეტი. სუფრები იშლებოდა ხოლმე. ალბათ, რაღაც დაფინანსება ჰქონდა ბიბლიოთეკას, მაშინ ძალიან ჭირდა. გამოვიდნენ და წაიკითხეს ლექსები, ჰოდა, მეც გამოვედი და ვთქვი ჩემი ლექსი, რაღაც საშინელი ლექსი დავაბრეხვე, საზიზღარი. ბესიკი მოვიდა და მეკითხება, შენ ლექსებს წერო, ხო? კი-მეთქი, ვუპასუხე ძალიან ამაყად, და ამ დროს ვარ ისეთი ამაყი, ისეთი, რომ ბესიკზე ამაყიც ვარ. ბესიკი არის მაგარი მთვრალი და მითხრა, აღარ წეროო!.. გავიდა ძალიან ბევრი წელი და მერე მივედი მასთან ინტერვიუზე, უკვე წიგნებიც მქონდა გამოცემული, სხვა ეტაპზე ვიყავი. აი, მაშინ რომ გითხარი, არ წერო და შენ რომ მაინც გააგრძელე და შტერულ ლექსებს აღარ წერ, იმიტომ ხარ კარგი გოგოო. ახსოვდა. ეს ბიბლიოთეკა ძალიან ნათელი წერტილი იყო იმ დროს, მეგობრებიც კი მიმყავდა, როგორც სახლში. იქ წავიკითხე, ყველაფერი, რისი წაკითხვაც იმ დროში შეიძლებოდა. ამასწინათ ვიყავი, გაურემონტებიათ. ის ძველი სუნი აღარ დგას - კედლების, წიგნების, თაროების. ის სუნი მიყვარდა, ის სუნი მახსოვს. მომეჩვენა, რომ ყველაფერი იყო პლასტმასის. ვიფიქრე, ალბათ, დავბერდი... ისე, პანიკურად მეშინია სიბერის, ეს არის ჩემი ისტერიკული შიში, რომელიც ვერ გადავლახე. ვიყურები ვიტრინებში და სულ ვამბობ, რომ მე გავხდები ისეთი, როგორიც ვიყავი 10-15 წლის წინ. მოტოციკლზე, ყურსასმენით - ასეთი ჩემი თავი მინდა, ასეთი ჩემი თავი „დავასეივე“ და სულ მგონია, რომ ის ვარ, სულ ის ვარ, შინაგანად მაინც. გაივლის ესეც, ალბათ, მივეჩვევი ჩემს თავს ჩემს დროში.

- როგორ იცვლება ეს „შენი“ დრო და ამბები, სათქმელი? რა მოიტანა ამ წლებმა?

- ალბათ, ყოველთვის მინდოდა ჩემი ამბის მოყოლა. მაგრამ სანამ მივხვდებოდი, რომ ეს „ჩემი“ უნდა ყოფილიყო, ბევრი რაღაც იყო - დაცემა, სისუსტე, შეცდომა. ეს ყველაფერი ძალიან არის გადაჯაჭვული ჩემს პოეზიასთან. სანამ ძალიან არ მეტკინა, სანამ ძალიან არ დავეცი, სანამ ძალიან უსუსურად არ ვიგრძენი თავი და სანამ ახლიდან არ დავიწყე ჩემი თავის აშენება, მანამდე არ იყო ეს ყველაფერი „ჩემი ამბავი“. შეიძლება ვიღაცის ამბავშიც შევიდე, მაგრამ „მე“ უნდა შევიდე, მე უნდა მეტკინოს, მე უნდა და გადავიტანო, აბა, რასაც ვწერ ყველაფერი მე ხომ არ გადამხდებოდა. ადამიანი ზოგადად „მარტოა“ და მეც „მარტო“ ვარ. კი, არის ოჯახი, მეგობრები, მხარდაჭერა, გვერდში დგომა, თუმცა მე ყოველთვის ზედმეტად დამოუკიდებელი ვიყავი და ზედმეტად მარტოც. ალბათ, 5 წლის იყო გიო, ჩემი შვილი, როცა დავრჩი მარტო, ძალიან მძიმე სოციალური ფონის წინაშე. იძულებული გავხდი, ვყოფილიყავი ძალიან ძლიერი, ჩემს თავში გამოვიგონე ეს სიძლიერე. ბევრი ადამიანი გავაოცე ამ ტრანსფორმაციით. თითქოს ერთმანეთი გავზარდეთ მე და ჩემმა შვილმა. იცის, რომ მის გვერდით ვარ სულ, მაგრამ ისიც იცის, რომ თავისთვის უნდა იცხოვროს, თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით... ბანალურად ვიტყვი, მგონია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბადებიან რაღაც დიდი ტკივილით, რომელიც თავს არასოდეს განებებს, არ გიშვებს და გათქმევინებს შენს სიტყვებს, ნამდვილ სათქმელს და ეს აღარ არის თვითმიზანი, ასეთ სათქმელს შეიძლება ასი ათასმა კაცმა არ დაუკრას ტაში. ეს ასი ათასების ტაში კიდევ ცოტა უცნაური რამეა, საშიშიც.

- თავბრუს ახვევს? ადგილზე ყინავს?

- ერთია, რომ შეიძლება თავბრუ დაახვიოს და წინ ვეღარ წავიდეს და მეორე, „მიტინგის ეფექტი“ აქვს - უცებ სხვანაირები რომ ხდებიან, ერთიანობის ილუზია რომ იქმნება. მერე კი ზუსტად ეს ხალხი მოვა და ტრიბუნიდან ჩამოგაგდებს ან უარესი - შენ თვითონ ჩამოვარდები. ამიტომ მგონია, რომ საკუთარი თავისთვის ხარ პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის წერ და მერე „შენი“ მკითხველისთვის. ამ დროს არაფერს დგამ ხელოვნურად და არ წერ „გამოძახებულ“ თემებზე. ის, რომ მართლა ღირებული შექმნა და ბევრს მოაწონო, ძალიან იშვიათია. ასე შეიძლება პროზაში უფრო მოხდეს, პოეზიას ისედაც ცოტა კითხულობს. პრინციპში, ჩვენ ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც ხალხი ჯერ კიდევ კითხულობს ლექსებს, უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ევროპაში. ჩვენ ხომ მაინც „პოეზიის ქვეყანა“ ვართ, სადაც „ყველა წერს“, „ყველა ლექსავს“... ადამიანები დაიღალნენ, ყველაფერი ეზარებათ და უნდათ გართობა. „გართობა“ - აი, მივაგენი, რა უნდათ ადამიანებს. პოეზია არ არის გართობა და როგორც კი იქცევა გართობად, მასების ყურადღებაც მოდის.

- რა გაწერინებს? რას მოაქვს „შენი“ სიტყვები, ფორმა, ემოცია?

- ზოგჯერ მემართება აკვიატებასავით, უსიტყვებო მუსიკა, მელოდია, მერე უცებ ჩნდება სიტყვები, ამოხეთქავსავით და სიტყვას ვერ ცვლი. ან მოდის და მერე შლი და აწყობ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა - ფორმასაც, სიმართლესაც, ემოციასაც, სიტყვებსაც და კიდევ სიზუსტეს, რადგან მგონია, რომ სამყაროში ყველაფერი არის სიზუსტე და მათემატიკა - ლექსიც, კინოც, სიყვარულიც. სიტყვა სიტყვისთვის არის სისულელე, „ამბავს“ რა სიტყვა სჭირდება, მთავარი ის არის და ყველა სიტყვა შეიძლება იქცეს შეუცვლელ სიმართლედ. დანარჩენი სიყალბეა, ხომ არ ვლაპარაკობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და ასეთი ლექსი რატომ უნდა წაიკითხოს ვინმემ. არის რაღაც სიტყვები, პათეტიკური, დღეს რომ ძალიან ყალბად ისმის, თუ ის არ არის ირონიის საფარველქვეშ, რაღაც სხვა აზრის და სხვა ფორმის საჩვენებლად. თუმცა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში ვიყავი და ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების ნაწერების უმეტესობა ალექსანდრე ჭავჭავაძის სტილში იყო. ყველაზე „სწორად“ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები წერდნენ. ეს გამოცდილებასაც მოაქვს, აშენებ კედლებს, მერე ანგრევ, მერე სხვა ადგილას აშენებ, სხვანაირად და ბოლოს პოულობ ზუსტ ადგილს და „არქიტექტურას“. და იყოს ყველაფერი თუნდაც თამაში, ყველაფერი შეიძლება იყოს თამაში, მაგრამ გააჩნია, როგორ თამაშობენ.

- რა უნდა შეიცვალოს, როგორ?

- აქ მივდივართ განათლებამდე, ქართულის მასწავლებლებამდე, რომლებიც დარჩნენ „მეწამულ ფერებში“, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ყველა არა. საჭიროა განათლების რეფორმა და მე უფრო რადიკალური მიდგომების ადამიანი ვარ, მე გავატარებდი რადიკალურ რეფორმებს განათლებაში. იზრდება თაობა, რომლის ნაწილიც ვერ ერგება დროს და მერე ძალიან უჭირს. თუმცა ბევრი რამეც შეიცვალა. ჩვენ არ ვართ ჩვენი მშობლებისნაირები და არც ესენი იქნებიან ჩვენნაირები, ზუსტად ჩვენნაირები. მგონია, რომ ბევრად უკეთესია ეს თაობა. ბევრად კარგად ფიქრობენ, ბევრად კარგად გამოხატავენ საკუთარ აზრს. ვფიქრობ, კარგი დროა ცვლილებების, გარდატეხის, სწავლის და ეს თაობა ბევრად მეტს გააკეთებს. მიხარია, რომ ჩემი მკითხველის უმრავლესობა ახალგაზრდაა.

- შენს ერთ კრებულს „იავნანა კაცებისთვის“ ჰქვია, განსხვავებულია დანარჩენი კრებულებისგან და არა მხოლოდ „გენდერულობის“ გამო.

- ამ წიგნში არის ყველაფერი, რაც დაიწყო საქართველოში 90-იანი წლებიდან. ჩვენმა ქალებმა აიღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ძალიან უცნაური პასუხისმგებლობა და ეს ჩვენმა კაცებმაც მიიღეს. რაღაცნაირად მოხდა ქალების „განკაცება“. ქალები იყვნენ შემომტანები, ქალები წავიდნენ ემიგრაციაში, ქალები გზავნიდნენ ფულს, კაცები ხარჯავდნენ. აბა, ტაქსიზე ხომ არ დაჯდებოდნენ, ჯობია ელოდოს ფულს, რომელსაც ცოლი გამოგზავნის. ხანდახან ვფიქრობ, კაცებს უნდა ჩაუტარდეთ ფსიქოლოგიური ტრენინგები. თუმცა თანამედროვე ახალგაზრდები ახლა ნაკლებად არიან ასეთები, ჩემ ირგვლივ ნაკლებად არიან. ყველას უნდა, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს, ბიჭსაც და გოგოსაც. არის კიდევ ძალიან დიდი დოზით ძალადობა, ქალებზე ძალადობა. განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ კუთხით. გარკვეული ორგანიზაციები მუშაობენ ამაზე, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ჯერ. ბევრგან გოგო მოიაზრება, როგორც „საქონელი“, უხეშად რომ ვთქვა, რომელიც მერე სარფიანად უნდა „გაყიდონ“. ეს უნდა შეიცვალოს, საჭიროა განათლება, მეტი განათლება. მინდა, რომ სახელმწიფომ რაღაც გააკეთოს; მინდა, რომ ხალხმა იფიქროს ამ თემაზე, განსაკუთრებით გოგოებმა იფიქრონ. მინდა, რომ ამ გოგოებს არ შეეშინდეთ, არ ეგონოთ, რომ უშნოები არიან, რომ რაღაცას ვერ მიაღწევენ. უნდა ისწავლონ, აუცილებლად ისწავლონ და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დღეს ბევრი ქალი იტანჯება იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვს.

- რა შეუძლია თუნდაც ამ წიგნს, ლიტერატურას, შენს ლექსს? შეიძლება, რომ მისმა წაკითხვამ ვინმე ან რამე შეცვალოს?

- ლიტერატურას შეუძლია ადამიანს დაანახოს რეალობა. თუმცა მე არ მგონია, რომ ლიტერატურა არის პროპაგანდის იარაღი. პოეტი ჟამთააღმწერელი არ არის, აუცილებელი არ არის, რომ რაღაც კონკრეტული ამბებით ვიკვებებოდე ან მყისიერი რეაქცია მქონდეს. პოეზია არ არის ამბების ქრონიკა. ლექსი არ უნდა იყოს შინაარსის მძევალი, არც ფორმის, არც „ნიუსების“. მიდის მთელი ეს ამბები, აქციები თუ ხალხი კონფლიქტის ზონებში, გატაცებები, ფიქრობ ამ ყველაფერზე, თუმცა შეიძლება ეს უცებ და პირდაპირ არ აღმოჩნდეს ლიტერატურაში, ლექსში. ასეც ხდება, მაგრამ არა ჩემთან. მე შეიძლება სულ სხვა რამ დავწერო და შენ ერთი კონკრეტული ამბავი გაგახსენდეს; შეიძლება ამაზე ხუთი წლის მერე დავწერო, სხვანაირად და მაინც ეს ამბავი გაგახსენდეს. თუმცა, დღეს მთავარია, არ გავჩუმდეთ და ხმამაღლა ვილაპარაკოთ. დღეს ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავსაც კი ძალიან ხშირად ვუმალავთ სიმართლეს, ან ხმადაბლა ველაპარაკებით ერთმანეთს. ეს არასწორია. რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს, შეცდომებზეც. ლიტერატურაც ეს არის - ხმამაღლა ლაპარაკი!

- კიდევ რა არის დღეს პრობლემა და საიდან მოდის ეს პრობლემები, თუნდაც შენ რა გიშლის ხელს და რას შეცვლიდი?

- დღეს სამყაროში დიდია აგრესიის ამპლიტუდა. ეს ყველაფერი, ალბათ, გამოიწვია ადამიანის საკუთარი თავისგან წასვლამ. ადამიანი გაექცა საკუთარ თავს და ადამიანი აღარ ფიქრობს. რეალურად დიდ ინსტიტუციებსაც ასე უნდათ, ჩვენ აღარ ვიფიქროთ, ჩვენ ვიყოთ გამობმული ბანკებზე, სამსახურებზე, ვალდებულებებზე, ტაფებზე, ქვაბებზე, ათას რამეზე. ნაკლები ვიფიქროთ და რომც ვიფიქროთ, გასაქცევი გზა აღარ არის უკვე, იმდენად ხარ ხელფეხშეკრული, ვერაფერს აკეთებ და მერე გაურბიხარ საკუთარ თავს, ფიქრს. ზოგადად ცოტაა „სწორი“ ხალხი, თუნდაც სოციალურ ქსელს რომ შეხედო, აგრესიული გამოხმაურება გაცილებით მეტია, აგრესიას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რაღაც ღირებულებას, მნიშვნელოვან ღირებულებებს. სამყაროში სულ თავისუფალი ვერ იქნები, თუნდაც შვილი რომ გყავს, იმიტომ, მაგრამ თუ ადამიანები თავიდან არ ისწავლიან ფიქრს, თუ ადამიანები უფრო ხშირად არ დაუსვამენ კითხვებს საკუთარ თავს, კიდევ უფრო გაიზრდება ეს „ამპლიტუდა“. მე მგონია, რომ ვინც ბევრს ფიქრობს, ის ნაკლებად ჩადის დანაშაულს. 10 წლის წინ უფრო მეტი პასუხი მქონდა, ვიდრე კითხვა. ახლა კითხვები მეტი მაქვს. არ ვიცი, რამდენი სიცოცხლე უნდა გაიარო, რომ საკუთარი თავი კარგად გაიცნო. მე არ ვიცნობ ჩემს თავს, ძალიან ბევრ სიტუაციაში არ ვიცნობ. ალბათ, ეს არის ცხოვრება და რეალურად ჩემი პოეზია და ლიტერატურაც - საკუთარი თავის ძიება, მეტი არაფერი.

- დღეს ხშირად ლაპარაკობენ, რომ არ არის ლიტერატურული კრიტიკა და ამბობენ, რომ ეს არ არის კარგი. მართლა ასეა?

- ჰო, არ იწერება ეს ლიტერატურული კრიტიკა ისე, როგორც კომუნისტების დროს, წიგნი რომ გამოვიდოდა და აუცილებლად მოჰყვებოდა სტატიები. პატარა ქვეყანა ვართ, ლიტერატურული წრე კიდევ უფრო პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და ალბათ, რთულია ასეთ სივრცეში კრიტიკის წერა. არ გამოდის როგორღაც. ჰოდა, მე არ მგონია, რომ ამაში არის ტრაგედია, არ მგონია, რომ ამით ლიტერატურული პროცესი კვდება. დღეს არის ძალიან ბევრი ახალი სახე, იბეჭდებიან. კარგი იქნებოდა მეტი ლიტერატურული გამოცემა და კონკურსი რომ იყოს. მეტი კონკურენცია იქნებოდა, მოტივაცია, მეტი დაინტერესება და ჰონორარიც. მკითხველს სჭირდება, რომ ეს „პროდუქტი“ კარგად შეფუთული მიაწოდო. სხვა რამე უფროა პრობლემა. მაგალითად, ჩვენთან არ არის ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტი. ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, გამომცემლობებიც, მაგრამ ეს ცოტა სხვა მიმართულებაა.

- არ „იყიდება“? „ფრანკფურტი“ შეცვლის სიტუაციას ამ მხრივ?

- ჰო, ჯერჯერობით არავინ „ყიდის“ მწერალს ისე, როგორც, მაგალითად, ფეხბურთელს. ალბათ, დღეს უკვე არსებობს რესურსი, რომ ასეთი ჯგუფი შეიქმნას. ბევრი წიგნი გამოდის. იმედი მაქვს, რომ ქართული ლიტერატურა დაიკავებს თავის, თუნდაც პატარა ადგილს მსოფლიოში. ფრანკფურტის ბაზრობას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უზარმაზარი შრომა გასწია ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა და ძალიან ბევრმა ადამიანმა. ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, რა იქნება ფრანკფურტის მერე, მთავარია, რა იქნება შემდეგ - რამდენად დავაინტერესებთ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს. მაქვს სასურველი სცენარი და მინდა ეს სცენარი ახდეს - ბევრი ქართველი მწერალი ითარგმნოს. ჩვენ არ გვაქვს არავისზე ნაკლები ლიტერატურა, დავდივართ სხვადასხვა ფესტივალზე და ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაზე ნაკლები ლიტერატურა არ გვაქვს. ბუნებრივი პროცესია, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. მართალია, საბჭოთა კავშირს არ ჰგავს ეს ყველაფერი, იმ დროს, როცა მწერლებს ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ და „ქვეყნის ყვავილები“ იყვნენ.

- კი, იყვნენ, მაგრამ „ქვეყანა“ მათგან სამაგიეროდ სხვა რამეს ითხოვდა. ეს როგორი ამბავი იყო?

- არ იყო ეს კარგი ამბავი. მათგან მოითხოვდა სრულ მორჩილებას. დღეს აბსოლუტურად აპოლიტიკური მწერლობა გვაქვს. მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ უნდა არჩინოს მწერალი, მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც უნდა იმუშაოს. თუ მე ფიზიკურად შემიძლია რაღაცის გაკეთება, უნდა გავაკეთო. მაგრამ ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მწერალს ექნებოდა წიგნებით მიღებული ჰონორარი. სახელმწიფო კი არ მიუგდებს რაღაცას, ან ვინმე ბიზნესმენი და მერე მოსთხოვს იმას, რაც თვითონ უნდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მწერალიც აუცილებლად კიბის ქვეშ უნდა ცხოვრობდეს და ფიროსმანივით მშიერი იყოს; რომ სვეტიცხოველი აუცილებლად მშიერმა მონებმა უნდა ააშენონ და ისიც არ მგონია, რომ ფინანსურად უზრუნველი მწერალი ცუდად დაწერს. უცხოეთში ბევრი ფონდია, გამომცემლობა, სააგენტო, რომლებიც ქმნიან მწერლისთვის პირობებს, ჩვენ ჯერ ღარიბი ქვეყანა ვართ. მწერლობა ყველაზე არაკომერციული დარგია, აქ არ არის ფული, ამიტომ მწერლები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, იშვიათად ვწირავთ ერთმანეთს.

- 37 წელი? ის დრო და ათწლეულებიც?

- ჰო, 37 წელი სხვა სიტუაცია იყო, მაშინ ალბათ გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი. მგონი, არ აქვს მნიშვნელობა, რა პერიოდში ცხოვრობს ადამიანი, მთავარია, რა პირობებში ჩააყენებ. სამწუხაროდ, რაც  დანარჩენმა მსოფლიომ დიდი ხნის წინათ გამოიარა, იმას ჩვენ ახლა გავდივართ მწერლობაშიც და სხვა სფეროებშიც. ზუსტად ახლა იწყება ცვლილებები, მანამდე სადღაც კანტიკუნტად კეთდებოდა რაღაცები. სხვა დრო დადგა და ეს დრო აუცილებლად შეგვცვლის, რაღაც დაიკარგება, მაგრამ რაღაც ახალიც მოვა. ალბათ, ცხოვრებაც ეგ არის - რაღაც უნდა გაწირო და რაღაც მოიპოვო, რაღაცა თავისით მოგეცემა. სამყაროს კანონზომიერებაც ესაა.

- ახლა რას აკეთებ? ახალ კრებულზე მუშაობ?

- ახალი კრებულის მასალა უკვე მაქვს, მაგრამ ვერ დავჯექი, ვერ დავალაგე, ვერ მოვუყარე ყველაფერს თავი. დედლაინების ადამიანი ვარ. დედლაინი რომ არ იყოს, ალბათ, არაფერს გავაკეთებდი ცხოვრებაში. პარალელურად ვმუშაობ მხატვრულ-დოკუმენტურ პროზაზე, რომელსაც სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს ეხება, მნიშვნელოვან წლებს. ჯერ ცოტა მაქვს დაწერილი. ასევე მაქვს მეორე ტექსტიც დაწყებული, ისიც დოკუმენტური. ბევრი სამუშაოა და ცოტა მაქვს დაწერილი. პროზას პირველად არ ვწერ, რამდენიმე მოთხრობა მაქვს, პიესებიც. ჩემი პიესა ბერლინალეზე ათეულში გავიდა, ერთი თუმანიშვილის თეატრშიც დაიდგა. პროზას სხვანაირი მუშაობა სჭირდება. სხვადასხვანაირად საწერია, სხვანაირი ნებისყოფა უნდა. განგრძობითობა ახასიათებს. ლექსი კიდევ არითმიასავითაა, უცებ გატყდება თავს. შეიძლება რაღაც ამბავი დაკონსერვდეს, რაღაც უჯრაში ჩაიკეტოს და მერე მოულოდნელად გამოძვრეს, მომენტალურად რაღაცამ იმოქმედოს. არითმიაა ჩვეულებრივი, მარტივად რომ ვთქვა. პროზა კი არის ყოველდღიური შრომა და ნებისყოფა, რომელიც პოეტებს ცოტა უჭირთ.

- ამბობ, რომ ასფალტის პოეტი ხარ და კიდევ ამ ქალაქის, რომელსაც სულ „ეჩხუბები“.

- იმდენად ვიცნობ ამ ქალაქს, იმდენად მიყვარს ყველა კენჭი, ყველა პატარა ქუჩა, რომ ვერ ვიტან, როგორც იცვლება. შეჭამეს შენობებმა, თითქოს მთელი ქალაქი გადაყლაპეს. განვითარების მომხრე ვარ, მაგრამ არა ასეთის, სადაც ხე აღარ არის, ჰაერი აღარ არის. მონსტრად გადაიქცა. არ ჰქონდა ამ ქალაქს მეგაპოლისის რესურსი, ცათამბჯენების და მაინც ტენიან. „ვეჩხუბები“, რომ ჩემი ხეები შეჭამა, ჩემი ქუჩები... ჰო, ასფალტის პოეტი ვარ და კიდევ შემოდგომის. შემოდგომა ჩემთვის ყველაფრის სიმბოლოა - უკეთესად ვარ, უფრო მინდება ადამიანებთან ურთიერთობა, საუბრის დროა, გულწრფელობის დროა, მეტი ფერია. კიდევ ნაგავსაყრელების ტიპი ვარ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ სულ გადავსებულ ნაგვის ურნებს ვხედავ და არა „ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტოს“. ბნელი სარდაფების და უფსკრულების გარეშე არ შემიძლია. მემარცხენე ვარ. სულ პრობლემას ვეძებ. სამყაროც არ „მიცრუებს იმედებს“, ვპოულობ.

- როგორ ანაწილებ დროს - სახლი, სამსახური, სხვა სამსახური კიდევ?

- სულ დროის დეფიციტი მაქვს, ბოლო წლებში განსაკუთრებით. სულ ვეძებ ჩემს თავს და მერე ჩემს თავში ვეძებ ჩემს ლექსებს, ჩემს სიტყვებს. ცხოვრება მიდის ცალკე. მერე სადღაც მოსახვევებში ვეწევი და ვიჭერ რაღაცებს. დამღლელია. რომ არ ვიყო გამობმული ბევრ პასუხისმგებლობაზე, ალბათ, მეტს დავწერდი, მეტად დავიხარჯებოდი. რაღაც მომენტში ვხვდები, რომ ბევრი რესურსი მაქვს და არა მხოლოდ როგორც პოეტს. ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და მინდა. დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისთვის დოკუმენტურ მასალებზე ვმუშაობდი. არ მეგონა, რომ კვლევითი სამუშაო მომხიბლავდა - ეს კირკიტი ტექსტებთან, ძიება, განგრძობითობა, უძრაობაც წარმოუდგენლად საინტერესო აღმოჩნდა. მეტს გავაკეთებდი ამ მიმართულებით. ახლა რასაც ვახერხებ, ეს არის საკუთარი თავისთვის მოპარული დროის და უძილობის ხარჯზე. ბევრ რამეში მოვსინჯავდი ჩემს თავს, გავაგრძელებდი დრამატურგიის მიმართულებით მუშაობას, ძალიან მიყვარს თეატრი. რაღაც დროის განმავლობაში, ალბათ, სიამოვნებით ვიცხოვრებდი საზღვარგარეთ. კიდევ რას გავაკეთებდი? არ ვიცი. მე მგონი, დღეს წერის მეტი არც არაფერი აღარ ვიცი...

ერთხელ ფსევდონიმითაც დაწერა, სადღაც მონაწილეობდა. მოეწონა სხვის ტყავში ყოფნა და „უცნობობა“. გარკვეული თამაშია და შეიძლება, კიდევ ვცადოო. ზოგჯერ ემართება „გამოუთქმელი სიტყვების მოუსვენრობა“ - ვერ იძინებს, ვერ ეშვება და ვერ მშვიდდება მთელი დღეები, კვირები. მერე შეიძლება ტაქსი გამოიძახოს და წავიდეს სოფელში, სიბნელეში, სიცივეში. უშუქოდ გაათენოს გრძელი ღამე. უსმინოს ათას საეჭვო ფხაჭუნს და ჭრაჭუნს, დილით კი დაჯდეს, დაწეროს და ბედნიერი დაუბრუნდეს თავის ასფალტს და ქალაქს. აქ კი ყოველი დილა კვლავ ასე დაიწყება: ადრე გაღვიძება, საუზმე, მერე გზა, ტრანსპორტი - კარგი ფრაზა, უნდა ჩაწეროს; სამსახური, საქმე, ბევრი საქმე, მერე ისევ ტრანსპორტი, მეორე სამსახური, შეხვედრები - ფრაზა, უნდა ჩაიწეროს; ბოლოს მაღაზია, პროდუქტები, გზა, სახლი, სამზარეულო, მერე ყველას დაძინება, დაჯდომა და ფრაზა, ის ფრაზა? ვერ ჩაიწერა, ისევ დაავიწყდა... კრებულს, რომელსაც ახლა ამზადებს, არ აქვს გამოკვეთილად ერთი კონკრეტული კონცეპტი, უფრო სოციალური თემებია, ის, რაც ბოლო პერიოდში მძაფრად აწუხებს - სამყაროსთან ურთიერთობა, მარტოობა და რაღაც ფილოსოფიაც, კიდევ სოციალური თემები, მეტი „სოციალური თემატიკა ჩვენს ცხოვრებაში - ქვაბებით და ტაშტებით“. იყო დრო, როცა კედლებს შუბლით ვეჯახებოდი, როცა რადიკალური ვიყავი, ახლა სიმშვიდისკენ მივდივარ, ლოიალური ვხდებიო, თუმცა არა სიტყვაში, არა ლექსებში, რომლებიც კიდევ უფრო მძაფრდება და ბასრდება. კითხულობ და მერე დიდხანს გახსოვს სიტყვები, რომლებიც „ჰეშტეგებამდე“ გაცილებით ადრე გაჩნდნენ მის ლექსებში, ახლა კი შეიძლება ასე, ციფრული თანამედროვეობის მანიფესტებივით გესმოდეს და ხედავდე: #ბავშვობანაკლული, #საკუთარცხოვრებამიტოვებული, #საკუთართავგაუღვიძებელი, #წარსულდაბრუნებული... და კიდევ გახსოვს ამბები „გამოსვლისთვის“, „დარჩენისთვის“, „ზავისთვის“, „შვილისთვის“ თუ „თვითმკვლელთა შვილებისთვის“, „ხვალისთვის“ და მრავალი "წარმოსახვისთვის"...

"შვილი გთხოვე – მომეცა.

გამარჯვება გთხოვე – ყველაზე დიდი ომი მომაგებინე.

სიბრმავე გთხოვე – თვალები ამიხვიე.

სიყვარული გთხოვე – დანახშირებული სხეულიდან კანს გველივით ვიცვლიდი.

დამარცხებაც გთხოვე – ხელებაწეული ვიდექი.

ახლა ნანგრევებში ვდგავარ და სიმშვიდეს გთხოვ მხოლოდ.

რომ ცხოვრების სარკოფაგიდან ხელახლა დავიბადო..."

 

("წარმოსახვისთვის")

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE