სოფლის სასაფლაო აგვისტოს ხვატში


სოფლის სასაფლაო აგვისტოს ხვატში




რამდენი ხანია მინდოდა მეთქვა

 

ვიმეგობროთ ჩვენი ბავშვობის ხეებთან ვიმეგობროთ

დავუსხათ წყალი ან მოვუყვეთ საღამოობით რაც იმ დღეს გადაგვხდა

რადგან ხეები ვერსად მიდიან მხოლოდ ქარებს თუ გააყოლებენ ამოოხვრას

ან მის მოტანილ ცელოფნის პარკებს დაიტოვებენ სამახსოვროდ

როგორც ქუჩაში ნაპოვნ ბრჭყვიალა მძივს ბავშვი

 

ვიმეგობროთ ჩვენი ბავშვობის ხეებთან ვიმეგობროთ

დილით მივესალმოთ საღამოს კი მოვუყვეთ თუ რა გადაგვხდა თავს

ისინი ხომ ვერსად მიდიან მხოლოდ თვალებში თუ შემოგვაცქერდებიან

რათა შეიტყონ რა ხდება

გარაჟებს იქით

მოსახვევს იქით

კორპუსებს იქით

რა ხდება ისეთი რისი მოყოლაც მათთვის ქარებს დაავიწყდათ

 

ვიმეგობროთ ჩვენი ბავშვობის ხეებთან ვიმეგობროთ

აივნებიდან მაინც მოვიკითხოთ ხოლმე ზოგჯერ მაინც

 

 

იათაშვილმა მითხრა უსათაურო ლექსები არ დამანახოო

 

კარტოფილი დავთესეთ

ზედ ამოსული

უფერული ღოჯებით

კვალში ვაწყობდით სიმეტრიულად

ეს ყლორტები ჯერ თავად კარტოფილმა უნდა მოაძლიეროს თავისი წვენით

და მხოლოდ ამის შემდეგ გადავლენ მიწიდან დამოუკიდებელ კვებაზეო

აგვიხსნა ბიჭმა რომელიც მე და ჩემს სიმამრს კარტოფილის დათესვაში გვეხმარებოდა

მიწას მიწის სუნი ჰქონდა

ქვემოთ პატარა ქალაქი ხმაურობდა მოკრძალებულად

თავისთვის ეგდო როგორც ჩართული რადიომიმღები ცარიელ ოთახში

მერე დავლიეთ

სარდაფში ჩაციებულ ღვინოს სულ სხვა გემო აქვს

მან იცის როგორ დაგიაროს ძარღვებში

როგორ შეერიოს შენს სისხლს

აგამჩატოს მოგაჩვენოს რომ ეს ცხოვრება მარტივი არითმეტიკაა

რომ კეთილი იმარჯვებს ბოროტზე და რომ საერთოდაც შენც კეთილი ხარ

ქალაქის თავზე მოქცეული სახლის აივანზე სუფრასთან გამოჯგიმული

რომ მერე ნაბახუსევზე სულ პირიქით იფიქრო ამ ყველაფერზე

იფიქრო იქ მიწის ქვეშ ნაღმებივით ჩაწყობილ სათესლე კარტოფილზე

უფერული ღოჯებით

თავის მხრივ ბოლქვები რომ უნდა გამოისხან მათი გამომზრდელის სახსოვრად

როგორც ჩვენ ვზრდით შვილებს ჩვენი მშობლების სახელით

 

მიწას მიწის სუნი აქვს ის სხვას არაფერს ჰგავს

სხვა რამეში არ აგერევა

როგორც ვთქვათ და გათლილი კიტრის სუნი კივისაში

მიწის სუნი აქვს მიწას

გემოც

 

 

მე და ჩემი მეგობარი საქმეზე უნდა წავსულიყავით

 

ჩემი მეგობარი ყოფილ ცოლს შეხვდა

საერთო ჭკუამხიარული შვილის მომავალზე უნდა ელაპარაკათ იქ მანქანაში

წვიმას აპირებდა თითქოს მაგრამ გული მიგრძნობდა რომ არ იწვიმებდა

პარკში ვიჯექი ძელსკამზე და ველოდი როდის მორჩებოდნენ საუბარს

რომ მერე მე და ჩემი მეგობარი სხვა საქმეზე წავსულიყავით

ვეწეოდი

ისინი კი ისხდნენ მანქანაში და საუბრობდნენ

ცოლყოფილს თეთრი პლაშჩი ეცვა და მანქანაში ჩაჯდომის წინ

ისე აიკეცა მისი კალთები თითქოს წერომ შორ გზაზე გაფრენის წინ

სულ ერთი წამით მოსასინჯად გაშალა ფრთები როგორც ერთხელ

ჩემს სიზმარში რომელიც მანამდე არც კი მახსოვდა

ვიჯექი და ვეწეოდი არაფერზე ვფიქრობდი არც ის ვიცოდი

უნდა მეფიქრა რამეზე თუ არა

ჩემი მეგობრის ყოფილ ცოლს თეთრი პლაშჩი ეცვა.

 

 

ჩემი ცოლის დაქალის პეკინესი ჩვენს ფართო აივანზე

 

ნახე ამ სიბერეში რა ქმარი იშოვა

თქვა ჩემმა ცოლმა თავის დაქალზე

ახალ ქმართან ერთად მისი პირველი სტუმრობის შემდეგ

ქმარს ბევრი არ დაულევია მოწყალედ იღიმოდა

ვერაფრით შევატყვე მოეწონა თუ არა ჩვენი ფართო აივანი

ისე როგორც ის მის ცოლს მოსწონდა

 

ახლა კი

ჩემი ცოლის დაქალის პეკინესს პატრონი ენატრება

ვინ იცის იქნებ ტირის კიდეც როცა ჩვენ გვძინავს

და როცა ცოლის თხოვნით

პარკში სასეირნოდ გამომყავს

ხეს რომელსაც უნდა მიაშარდოს

შორიდან შეათვალიერებს ხოლმე და მე გავიფიქრებ

რომ ისიც პატრონის ახალი ქმარივით წინდახედული გახდა

 

ჩემი ცოლის დაქალი

ვინც ახლა ქმართან ერთად

სადღაც იტალიაში დაეხეტება

დაგვიანებული საქორწინო მოგზაურობით ტკბება

თავისებური მაგრამ კეთილი ქალია

პირველი დესპოტი ქმრის ხელში

ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო

რომ განქორწინების შემდეგ

მთელი ოცი წელი კაცებისკენ არც გაუხედავს

თითქმის ყოველი სტუმრობისას მოჰქონდა ჩვენთან

ძვირიანი ყავა და შოკოლადი

ჩემთვის სიგარეტიც და გულით გვირჩია

საცხოვრებელი ფართის გაზრდის მიზნით აივანი არ ამოგვეშენებინა

 

ასეთი აივანი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებსო გვითხრა

ჩემი ცოლის დაქალმა პეკინესის პატრონმა

ჩემი ცოლის არ იყოს

არც მე მეგონა რომ გათხოვების შემდეგ

მალევე

ქმრის ჩრდილად თუ იქცეოდა

ვფიქრობდი რომ პირიქით მოხდებოდა ყველაფერი

 

ჩემი ცოლის დაქალის

ჩვენსას დროებით შემოკედლებული პეკინესი

ჩემი ცოლის ტელეფონს გახედავს ხოლმე მოწყენით

რადგან იცის რომ იქიდან უნდა მოისმინოს პატრონის ხმა

გახედავს და მერე აივანზე გადის

 

 

ყინვის ავტოპორტრეტი ფანჯრის მინაზე

 

უცხო კაცთან დამესიზმრე

ღამე ისევ თოვდა

დილისაკენ ყინვამ ფანჯარაზე საკუთარი თავი დამიხატა

ახალ საპარსს ვერ შევეწყვე

ძველმა გამაწვალა

ცალი ლოყა ახლით

მეორე კი ძველით გავიპარსე

 

უცხო კაცთან დამესიზმრე

დილით კიდევ

დასვენებულს ნაბანავებს ცოლს შამპუნის სუნი ჰქონდა

ნდომის სუნიც ჰქონდა

პურზე თაფლი დანის წვერით კოხტად გადამისვა

 

უცხო კაცთან დამესიზმრე

სამსახურში კაბინეტის კართან მისულს

ქალიშვილმა დამირეკა

ჩვენს კორპუსთან ღამით მაწანწალას ფეხი მოყინვოდა

 

უცხო კაცთან დამესიზმრე

აქაურს არ ჰგავდა

 

 

ფიქრი მდინარის პირას ანუ რიყე ქვათა ქალაქია

 

პაპანაქება სიცხეში თ ქვენც ხომ ნატრობთ სიგრილეს

სიცივეში კი სითბოს

სიცხეში ხომ თქვენც ფართოვდებით ადამიანებივით

სიცივეში კი იკუმშებით

თქვენი ცხოვრებაც მიედინება მდორედ

ნატრობთ ეგდოთ სადმე მინდორში ან ტყეში

ეულად ისე რომ სხვა ქვებს აღარ ხედავდეთ

ან სულაც მდინარის პირას რიყეზე სხვა ქვათა შორის

ეს მაშინ

თუ მინდორში ან ტყეში უკვე აგდიხართ მარტო

მზისა და წვიმის მიერ ნალოკი ძვალივით

თქვენ გახსოვთ ყველა მგზავრი ჩავლილი

სოფლის ნახირის ყველა ძროხაც რომელიც ნახეთ

და თვალი გააყოლეთ

ყველა კალია ყველა გომბეშო და ჭიანჭველაც

თქვენ თვალწინ გაზრდილი და დაბერებული

ბოლოს თქვენს დასანახად რომ მოკვდნენ

ან უბრალოდ მოკლეს და შეჭამეს

თქვენც გიყვართ ღამე და ვარსკვლავების ყურება

იქ მაღლა ცაში და იცით

ღმერთმა ისინი

იმისთვის შექმნა

ადამიანებივით  თქვენც რომ არ მოგაკვლევინოთ თავი

თქვენმა სიმარტოვემ

ჩემო ქვებო

ჩემო ძვირფასებო

მე თქვენ მიყვარხართ

 

 

 

ყველა გემს თავისი ვირთხა ჰყავს

ყველა ვირთხას მთელი ცხოვრება ეზრდება კბილი

 

გემებიც ცნობენ ალბათ ერთმანეთს

და აბარებენ მოკითხვას დიდი ხნის უნახავ სხვა გემთან

გემები ალბათ პორტებსაც ცნობენ

გემები საკუთარ თავში რომ ატარებენ აბეზარ ვირთხებს

სიბრძნის კბილ გამოცვლილებს გამოსაცვლელებს

მათ უნდა ღრღნან უნდა მოასწრონ და გაცვითონ კბილი

რადგან ეზრდებათ იგი და თუ არ გაცვითეს

პირს ვეღარ დახურავენ ასეთია მათი ცხოვრების სიბრძნე

გემებსაც ალბათ სწამთ ღმერთის

და ლოცულობენ იქ შუა ზღვაში

ან კიდევ მაშინ როცა პორტში მცხრალ ტალღებზე ირწევიან

თვლემამორეულნი

ტალღები კი მფშვინავი კაცის შიშველ მუცელზე -

რიტმულად რომ აუდ-ჩამოუდის – გადაჭიმულ ზეწარს ჰგვანან

გემებსაც ალბათ შეუყვარდებათ უცებ რომელიმე წვიმა

და მერე დიდხანს ფიქრობენ მასზე

 

 

კორპუსის ეზოში ანუ გააგრძელე ეს ლექსი

 

ნარდს თამაშობენ მეზობლის კაცები

რომლებსაც არ სჯერათ რომ დაბერდნენ

სუნიც სიბერის შემოეპარათ

ნარდს თამაშობენ მეზობლის კაცები

რომ დაისვენონ ცოლ-შვილისგან

თავიანთი სახლის კედლებისგან

რომლებსაც ისინი ასე დაუნდობლად შემოაცვდათ

როგორც სარეცხი მანქანის დოლურას რეცხვაში

ოჯახის უფროსის ძველმოდური პერანგი

ნარდს თამაშობენ მეზობლის კაცები

როგორც უთამაშიათ მათ მამებს ბაბუებს

და როგორც მათ თავის დროზე ამათაც უხარიათ

რომ შეუძლიათ ყველაფერი კამათელს გადააბრალონ

მახრჩობელა კომშივით ყელში გამჩხერვია რატომღაც

მათი სიბერის სუნი შორიდანვე რომ ვგრძნობ 

როგორ გაცივდნენ შენი ხელები ჩემს მიმართ როგორ

 

 

სოფლის სასაფლაო აგვისტოს ხვატში

 

გამოყოლოდა ჭის წყალს

რკინის დაჭეჭყილი ვედროს ჟანგის გემო

აივნიდან ჩანდა როგორ ჩაუარა ცხენმა

ნელი ნაბიჯებით

არც ისე შორს სოფლის სასაფლაოს

ლამის გადაჭედილს მკვდრებით

რა ძნელია ამ დროს გაუძლო

უცებ მოვარდნილ სურვილს

შენც მათსავით მოკვდე

რათა წლების შემდეგ

დარჩენილი ძვლებით იგრძნო

შენს საფლავთან ახლოს

უნებური მონატრებისგან

როგორ შეანელებს ნაბიჯს

შენი ცოცხლად დარჩენილი ცხენი

 

ჭის წყალს ოწინარის ჩხრიალა ჯაჭვზე გამობმული

დაჭეჭყილი ვედროს ჟანგის გემო ჰქონდა

არც ისე შორს სოფლის სასაფლაო ჩანდა

და იმ სასაფლაოსთან ჩავლილი ცხენიც

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE