ბეკეტი [ასოციაციური, ასოციალური რომანი]


ბეკეტი [ასოციაციური, ასოციალური რომანი]




                                                     
                                                                  (ფრაგმენტები რომანიდან)


…აბა, ვემზადები: ჰოპლა. მორჩა. გადავახტი! როგორც ჩანს, ეს წუთია, სოფლის შარაზე ავიარე ჩაფიქრებულმა. ჩემმა ხანშიშესულმა (ასე 65 წლამდე იქნება), ბრგე, წელში გამართულმა, ლამაზი აგებულების ძალიანთეთრთმიანმა (გარეგნობით, თითქმის ბუნდოვანებაში გადასულმა) მეგობარმა მომაძახა, ჰეი, შენ!.. (განდობილივით, საიდუმლო სახელით მომმართა, პაროლივითაა. მნიშვნელოვანი მომენტია!) გამარჯობა არ უნდა მითხრა?! რა ვქნა ახლა, მივიდე? დავიძარი, უნდა მივიდე, იქნებ რამე მომიყვეს. მივედი. ბევრად ახალგაზრდა ვარ მასზე, მაგრამ ვმეგობრობთ. ლოყაზე ვაკოცე, მივუჯექი. თავად წამოდგა. მომიბრუნდა. თავისივე გამოთლილ, გამომწვარ, გალაქულ გველისთავიან ჯოხს დაეყრდნო. მუქი, შავი მზის სათვალე უკეთია და მიყვება (ოჰ, როგორ ცოცხლად ვწერ, თუ აღვწერ ყველაფერს!): ორი დღის წინ სახლიდან გამოვედი, შუადღე იყო, თქვენსა მინდოდა ამოსვლა და ვერ მოვახერხე, პირველი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ჩემი ჭიშკრიდან, ავდექი და უკან შევბრუნდი. ახლა მე უნდა ვკითხო რატომ. ვკითხე. იმიტომ (ეს სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს?) ჩემო უმცროსო მეგობარო, რომ ერთ რამეს მივხვდი. რას? რას და ჩვენ ისეთი ზარმაცი ხალხი ვართ, თოვლში ერთი კაცი რომ გაკვალავს გზას ყველა მის გაკვალულში ვაბიჯებთ, არცერთი სანტიმეტრით წინ ან უკან და ასე, ათასმა კაცმა რომ გაიაროს იმ გზაზე ვერ შეატყობ, იფიქრებ ერთ კაცს გაუვლიაო. (ახლა ვიცი რაც უნდა ვუთხრა: მერე შენც გაგეკვალა შენი გზა, ან იმავე ნაფეხურებით ამოსულიყავი-მეთქი, მაგრამ არ ვეტყვი, აზრი არ აქვს.). მაინც რაზე ფიქრობდი, რომ ვერ შემნიშნე? იქნებ შეგამჩნიე და გაპარვა მინდოდა, როგორ მიცანი? როგორ და თოვლზე ბილიკი გაგყავდა, რომელიც მხოლოდ შენია, ფეხის ხმა უტყუარია... გაეცინა. (ვინმე იკითხავს: ჯერ ხომ ძალიან არ ჩამობნელებულა, ვითომ რატომ ვერ უნდა ეცნე, ბრმა ხომ არ არის? ჰო, სწორედაც ბრმაა, ბრმა! თეთრი თმა აქვს. მუქი სათვალე უკეთია. გველისთავიან ჯოხს დაჰყვება. შეუმჩნევლად დასრიალებს გზებზე. ორი დღის წინ, დილით, დიდი თოვლის გამო ჩემამდე ვერ ამოაღწია. სახელით მომმართა. ასეა, პატარა ბელეტრისტიკული „ტრიუკია“ ეს „სიბრმავე“ და ტექსტში ყველაფერს ცვლის). აგრძელებს: მერე, დღეს დილით რა შემემთხვა, რომ იცოდე, აბანოს ვაკეთებდი, ბაკი წყალს აღარ აცხელებდა, მაღალი ძაბვა გადის და... დენმა დამარტყა. ვაიმე, ვთქვი მე. ჰოდა, შენგან ერთი რამ მაინტერესებს, მთელი დღეა სანახშოზე, ამ ადგილას, გელოდები. რა გაინტერესებს? რა და ახლა მე ცოცხალი ვარ? რა ვუპასუხო? ალბათ შეკითხვა უნდა დავუბრუნო, სხვა გზა არ არის. და რატომ ფიქრობ, რომ ახლა შენ შეიძლება ცოცხალი არა ხარ? უკვე 39 წელია ბრმა ვარ და ახლა მე შენ გხედავ, გესმის გხედავ! გ ა ვ ი ქ ც ე?! არა, რომ გავიქცე ვიცი, ვიფიქრებ თუ არა სამშვიდობოს ვარ-მეთქი ზუსტად იქ გამომეცხადება და ჩვენს მეგობრობასაც საბოლოოდ დაესმება წერტილი. ვეუბნები: აბა, თუ მხედავ, აღმიწერე ჩემი თავი. კარგი, - მოურიდებლად, სწრაფი მოძრაობით მოიხსნა სათვალე. ცხოვრებაში პირველად ვხედავ ბრმას სათვალის გარეშე. თვალები დაშრეტილი აქვს, მარცხენა თითქმის ბოლომდე მოჭუტული, ოპერაციის ხაზი და თეთრი ნადები ეტყობა, მეორეში, ოდნავ გახელილში, შუშის თვალი მოუჩანს. თითქოს მიყურებს. ჩამაშტერდა. განაგრძო. - შენ გაქვს მზესავით ყვითელი კანის ფერი. გაფითრებული ხარ. თმები ცეცხლისფერი. ცხვირი ოდნავ კეხიანი. ტუჩები თხელი. ნიკაპი ჩაჭრილი. თვალები გამჭვირვალე კომბოსტოსფურცლისფერი. შარვალი შავი გაცვია, რომლის ერთი ჯიბიდანაც უცნაური სინათლე მოდის... და გააგრძელა ტანსაცმლის აღწერა, თუმცა მე აღარ ვუსმენ. მოკლედ, პოეტურად კი აღწერს ჩემს გარეგნობას, მაგრამ შარვლის ჯიბიდან წამოსული სინათლის სხივის გარდა თითქმის არაფერი ემთხვევა. თითქმის ყველაფერში შეცდა. რა ვუპასუხო? იქნებ მართლა მკვდარია? მაგრამ თუ ასეა, აქ ჩემი და საერთოდ  სიცოცხლის რაობის და ნამდვილობის საკითხიც დგება. არადა, ის მელაპარაკება, მე ვიწერ... რა ჯანდაბაა? მოკლედ, რაც იქნება იქნება, ვპასუხობ: არ ვიცი ცოცხალი ხარ თუ მკვდარი და არც ის, ხედავ თუ ვერა, წავედი. წამოვედი. დავტოვე თავის გველზე ჩამოყრდნობილი, გაშეშებული. ავდექი და უბრალოდ წამოვედი, მორჩა და გათავდა, არ შემიძლია მისტიკა, მეტაფიზიკა და საერთოდ, საერთოდ არაფერ შუაშია ეს ორი რამ ამ ყველაფერთან. დიახ, წამოვედი. სახლიდან გამოვედი და ვგრძნობ, ისევ სახლში მივდივარ. რა გზას დავადგე, როგორ არ წავიდე სახლში?! სანახშოს მოპირდაპირე მხარეს მარჯვნივ გადავუხვევ, ხიდს გადავივლი და სასაფლაოზე ავალ, სანამ ბოლომდე ჩამობნელებულა. უკან ვიხედები, კიდევ ჯოხზეა ჩამოყრდნობილი, არ ინძრევა. მოვიხედე და მარილის სვეტად იქცა, ზოგჯერ პირიქითაც ხდება რაღაცები. ძალიან პირობითია ეს ყველაფერი. ბრმას ველაპარაკე, მას არანაირი კრიტერიუმი არ გააჩნია, რომ მიხვდეს, მკვდარია თუ ცოცხალი. შეიძლება მკვდარიც არის. ახლა სასაფლაოზე ვარ, რაღაც ძალიან ხელოვნური მეჩვენება აქ სიკვდილის ატმოსფერო. თოვლში ამოსული ყვავილები თავისას ცდილობენ (ეს ბუნებაა), საფლავის ქვები თავისას (ეს მეცნიერებაა), ორივე კი მიგვანიშნებს, რომ აქ სიკვდილია. ამ მინიშნებას რაღაცნაირი მტკიცებითი ფორმა აქვს. არადა, სიკვდილი ყველაზე ნაკლებად არის აქ.  მეტისმეტად ხელოვნური გარემოა. სიკვდილს ასეთ უტრირებულ, მდაბიო სივრცეში არაფერი ესაქმება. უფრო დახვეწილი, სადა აქსესუარები უყვარს. ამ საკითხში აშკარად ევროპაცენტრისტი ვარ. არ მომწონს სიკვდილი გაგებული აღმოსავლურად, დასავლური მირჩევნია. და აი, ამოვყევი აღმართს და მოვადექი იმ ადგილს, სადაც თეორიულად ვიცი, რომ დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში ისაა განთავსებული, ვისი ძვლებიც არაერთხელ გამითბია. რაღაც გაურკვეველი განცდა მეუფლება ხოლმე, მინდა ეს ადგილი ამოვთხარო, ნამდვილი არქეოლოგიური ჟინით ვარ შეპყრობილი. სასაფლაოს ეს ადგილი, ფერდობი, სადაც ასე ლამაზადაა შეფენილი დომინოს პრინციპით, ჭადრაკულად საფლავის ქვები, ყოველთვის ალერგიას მაძლევს. არ ვიცი, შეიძლება ფიქრი მაძლევს ალერგიას, ახლაც საშინლად მეფხანება ყვერები, იქნებ ჯიბეში თბილად მოკალათებული სინათლის ბურთის ბრალიცაა ეს ყველაფერი. ყვერების ფხანა არასდროს ამტეხვია, უნდა დავბრუნდე, ვეღარ ვუძლებ, უნდა დავბრუნდე, დავეშვები ახლა ამ ფერდობიდან, ვიწრო ბილიკით, საფლავსა და საფლავს შორის. არ ვიცი, როგორ ვწერ, როგორ ვინიშნავ ამ ყველაფერს, აგერ უკვე დაღამდა და აღარაფერი ჩანს, თუმცა ამ კალამს უნიკალური უნარი აქვს, დაადებ თუ არა მის წვერს ფურცლის ზედაპირს, მთელი ფურცელი ნათდება. სხვას რასაც გინდა დაადე, აზრი არ აქვს, აუცილებლად ფურცელი უნდა იყოს. ის სავარაუდო ადგილი კი, სადაც ბოლო წინადადება ჩავინიშნე, უნდა დავიმახსოვრო, თუ ვერა, ან უკვე დაწერილს გადავაწერ ახალ ტექსტს, ან თანმიმდევრობა დამეკარგება ვრცელი ინტერვალების გამო, ან სრულიად ახალი ფურცლიდან მომიწევს ტექსტის გაგრძელება. პრინციპში რა პრობლემაა, თუნდაც ესე იყოს. მოკლედ, დავეშვი. ვერაფერს ვხედავ. ფიფქები, ზოგჯერ კი ხიდან მოწყვეტილი თოვლის მასა, ხელებზე, კისერზე და სახეზე მაცვივა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვდრებს აქედან ჩემი გაშვება არ სურთ, სველ ხელებს მისვამენ სახეზე, კისერზე, თავზე და ა. შ. თითქოს სულში გადამივიდა სისველე. წესით უნდა მეშინოდეს. შემეშინდებოდა კიდეც, ასე არანორმალურად რომ არ მეფხანებოდეს ყვერები. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, სინათლის გუნდა ამოვიღე, რაღაც უცნაურად უხდება თოვლს, სიბნელეს და სასაფლაოს. რამდენიმე აჩრდილს თვალიც კი მოვკარი, - ეჰეი, სად გარბიხართ! ზოგჯერ როგორ აცანცარდებიან ხოლმე, სწორიცაა, აჩრდილს სერიოზულობა არ უხდება. ხედავ, რაც სინათლის გუნდა შარვლის ჯიბიდან ამოვიღე, ალერგიამ ცოტა გამიარა, მგონი ადგილთან და ფიქრთან ერთად ამის ბრალიც ყოფილა... ახლა ამ გუნდას სასაფლაოს ბილიკზე დავაგორებ და უკან მშვიდად გავყვები, მართლა არაფერი ჩანს... ერთადერთი, რაც ჩემგან მოითხოვება, ცოტა ნაბიჯს უნდა ავუჩქარო, ძალიან არ დავშორდე სინათლეს, იდეალურად კი მინათებს, გზას და ჩემ ფეხებს მშვენივრად ვხედავ, დანარჩენს ეშველება. შევყოვნდი. უნდა გავჩერდე, ეს რაღაც ახალი საფლავია, გზის ამ ნაწილში არასდროს ყოფილა. დავიხარე, სინათლის გუნდა ავიღე, საფლავის ქვასთან ახლოს მივიტანე და სახეს დავაკვირდი. მიცვალებულს მუქი მზის სათვალე უკეთია... კი, ის არის, ის ბრმა, ჩემი მეგობარი, წეღან რო მეკითხებოდა ცოცხალი ვარო, ქვას მხოლოდ დაბადების წელი აწერია, გარდაცვალების არა. მკვდარია ვითომ? წარმოდგენა არა მაქვს. ისევ დავაგორე ბილიკზე სინათლის გუნდა, მოვყვები ნელა და ვფიქრობ. დამშორდა. რაღაც უცნაურად სწრაფად მშორდება. უსასრულოდ დამშორდა, ვეღარ ვეწევი, რაც უფრო ვუახლოვდები თითქოს უფრო მშორდება, მიგორავს, მიცურავს უსასრულობაში, ვეღარ ვეწევი, აი, დავინახე, უკვე სასაფლაოს ხიდთანაა. უნდა გავიქცე. გავრბივარ. რამდენჯერმე წავიქეცი, მგონი ხელები გადავიყვლიფე, ცოტათი სახეც დავისისხლიანე. აი, უკვე ხიდს ვუახლოვდები. სინათლის ეს ბურთი კი ჩაგორდა... ღმერთო ჩემო, სინათლე მდინარეში ჩავარდა. მე, მდინარეში ვერ შევალ, მდინარეში შესვლა არასდროს გამომდიოდა. სასწაულია, მთელი მდინარე გაანათა, გამჭვირვალეა წყლის წვეთივით. წარმოგიდგენია, კალაპოტიდან სოფლის ბოლომდე მდინარის თითოეულ ტალღას, მის ფსკერზე დაცვენილ ყველა კენჭს ვხედავ, შემდეგ გადასერა მდინარე და ხიდის მეორე მხარეს გაჩერდა, მდინარე კი ისევ დაბნელდა. წარმოდგენა არა მაქვს ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა თუ რამე მნიშვნელობა აქვს, არ მიყვარს ალეგორიები, სიმბოლოები, ქარაგმები, მოკლედ, ძირს ყოველგვარი ბუნდოვანება!.. გადავიარე ხიდი, ავიღე ბურთულა, საკმაოდ დაპატარავებულიყო, ალბათ მდინარეში ბევრი ენერგია გაკარგა, და ჯიბეში ჩავიდე. გამოვედი სასაფლაოდან და რას ვხედავ, პავლე (ის ბრმა) ისევ ისე დგას გაუნძრევლად ჯოხზე დაყრდნობილი, ოღონდ თავი ჩემკენ აქვს შემობრუნებული. არ ვიცი, როგორ (ღამეა!), მაგრამ ცხადად ვხედავ ამ ყველაფერს. მგონი ცოტა შეირხა და უცნაურად გაიღიმა კიდეც. ისევ მეძახის, რაღაც უნდა გითხრაო. მივედი. რას იწერო, მეკითხება. აი, თუნდაც, რომ მკითხე რას იწერო, ეგეც ჩავიწერე-თქო. რა იცი, რომ ვიწერ-მეთქი. ქაღალდის შრიალის ბგერებს კარგად ვგრძნობო, თუმცა, მე ფურცელი შენს ხელში არ დამინახავს და ალბათ თავს ვიტყუებ, ვერ ვიხედებიო. ისეო, 39 ზამთარი გავიდა რაც დავბრმავდი და ერთხელაც არ შემხვედრია სურდო, ეს ოხერი სიბრმავე რამდენიმე დღე მაინც რო დამვიწყებოდა და თავი ჩვეულებრივ ადამიანად მეგრძნოო. არასდროდ ავად აღარ გავმხდარვარ, თითქოს ვიღაცას განუზრახავს, რომ მხოლოდ ბრმა ვიყო, მორჩა და გათავდაო. ისე, ერთხელო, ასე ხუთი წლის წინ, სახლში ფეჩთან ვიჯექი და ცეცხლის სიმხურვალე პირდაპირ სახეში სასიამოვნოდ მეცემოდაო, ვიეტნამიდან ჩამოტანილი, სიგარეტის ფურცელში შეკეთებული მარიხუანა მეგდო კარადის უჯრაში, ერთმა ჩემმა სოფლელმა მომცაო. უჯრა გამოვწიე, მარიხუანა ამოვიღე, მოვუკიდე და რამდენიმე ნაფაზი დავარტყი, ღრმად ვისუნთქავდი, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობდიო. მერე ისევ ფეჩს მივუჯექი, რაც დამრჩა, ცეცხლში შევაგდეო. ფეჩს შევუკეთე, ცეცხლის სიმხურვალე მატულობდა, მატულობდა, სახე მეწვოდა, თავში, თვალებში რაღაც მაწვებოდა, ჯერ ფეჩის კარი დავინახე, მერე იქედან გამოვარდნილი ცეცხლის ენები, მერე მთლიანი ფეჩი, ვხედავდი, ეს ყველაფერი ზღაპრული იყო, ნამდვილი ზღაპარი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, როგორც ჩანს ჩამეძინა, დილით (ალბათ დილა იყო), საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, სახე მეწვოდა, ავდექი, ზეთი შევიზილე (მერე გაირკვა, პირველი ხარისხის დამწვრობა მიმიღია), ტკივილი ოდნავ რო მიყუჩდა, მერეღა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ისევ ბრმა ვიყავი. ახლა ვადარებ მარიხუანას მოწევის შემდეგ გამოხედვას დენის დარტყმის შემდეგ გამოხედვასთან და ვხვდები, ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. მაშინ ზღაპარი იყო, თუმცა მაშინ არ მოვმკვდარვარ, ახლა ცოცხალი ვარ თუ მკვდარი საერთოდ ვერ ვხვდები. რა ფერები იყო მაშინ, ბევრი, ბევრი, მუქი, ლამაზი, ეს კი ძალიან მკრთალი, უღიმღამო ფერებია, შენც ფერდაკარგული მეჩვენებიო. კიდევ იყო ერთხელ, შუაღამისას პური მომინდა, პურის ქვაბში ხელი ჩავყავი და გველმა მიკბინა, მე ასე ჩავთვალე - გველი იყო, ნამდვილად გველიო. მაშინაც გამოვიხედე, ოღონდ სულ სხვანაირადო, ამიტომ გამოვთალე ეს ჯოხი, რაღაცნაირად გველი ღმერთად მექცაო. გადამარჩინეს, მაგრამ ის ნაკბენი რომ არ დამავიწყდეს, აი, ეს ჯოხი სულ თან დამაქვსო. მაინც მჯერა, რომ მაშინ ვხედავდი, ახლაც ვხედავ, სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინცო, ცოცხალიც ვარ ალბათ, მაგრამ ამ ბოლო დროს სასაფლაოსთან ახლოს, სულ ამ ადგილებში მიწევს დგომა, არ ვიცი, ეს რატომ ხდებაო ... ... ... მოკლედ, მისი ხმა ნელ-ნელა მიილია, ძალა გამოეცალა, ბუტბუტში გადაუვიდა, ბგერებს ვეღარ ვარჩევ. მგონი ისევ გაშეშდა, მარტო ტუჩებსღა ამოძრავებს.ჯიბეში ხელი ჩავიყავი, სინათლის ბურთს დავხედე, შევამოწმე, მართლა ძალიან დაპატარავებულა, მეყოფა კი მთელი ღამე? ყვერები თითქმის აღარ მეფხანება. გახარებული წამოვდექი სკამიდან, სახლისკენ სვლა განვაგრძე. პავლე ისევ ისე იდგა, გაშეშებული, ბუტბუტებდა. არ მინდა სახლში, როგორ არ მივიდე, რა მიმართულებით გავიქცე? ამ დილას გამოვედი, ამდენი ვიარე და ისევ მის შორიახლოს ვარ. ახლა კვლავ მისკენ მივემართები. წესით უნდა არსებობდეს სხვა გზაც. და აი, ახლა მე ვემზადები ერთი პატარა ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც, სავარაუდოდ,  კაცობრიობისთვის  უდიდესი ნახტომი იქნება. გადავდგი. ფეხი ჩამრჩა თოვლში, დავიხარე, თასმა შემხსნია, რაღაცას გამოსდებია და ნაბიჯს ვეღარ ვადგამ. რას წამოედო, სადა აქვს ფესვი ამ თოვლში ამოსულ ყვავილს? ხელი ჩავავლე და მოვქაჩე. ვერ ამოვწყვიტე ფესვებს. კიდევ მოვქაჩე, კიდევ, ორივე ხელი ჩავავლე, მოვქაჩე, მოწყდა, თოვლში გადავვარდი, მის სიღრმეში ჩავიმარხე. თასმაში ჩაიხლართა, ვერ გამოვხსენი. იყოს ასე. წამოვდექი. ტანსაცმელი გავფერთხე. ყვავილიანი ფეხსაცმლით მივარღვევ თოვლს, ბილიკი გამყავს. მოიცა, ბურთი ამოვიღო, აღარაფერი ჩანს. ხელებზე დავიხედე, გაოგნებული ვარ, სულ გადამყვლეფია. სისხლიანი მაქვს ყველა თითი. ხელის მტევნები, ერთთავად სისხლიანი. ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ძალიან გახურებული მაქვს კიდურები. ყინვა სითბოში გადამივიდა. ლოლოებია სისხლში, თუ სისხლი ლოლოებში, თუ სისხლის ლოლოები? ყვავილნარევია ჩემი ხელები. გადაყვლეფილ ხელებს კანში ყვავილის სურნელოვანი მტვერი შერევია, გაუმწვანებია, სისხლს ფერი შეუცვლია და მუქბორდოსფერში გადასულა, ტკივილი მოუნელებია და ვერცხლისფერი ელვარება შეუძენია. ლოყებზე მიმიდია ცხელი ხელისგულები და ვეღარ მომიშორებია, მერე გამომიქაჩია მთელი ძალით და ღაწვებზეც გადამცლია კანი. ერთთავად გავსისხლიანებულვარ, სხეულზე ყველა ცარიელი ადგილი დაფარულა, ზოგი სისხლით, ზოგი ტანსაცმლით, ზოგიც სინათლით. მთელი სხეული, სისხლისა და ყვავილის სუნით გაჟღენთილი, თოვლს შეუნიღბავს, თოვლი სხეულის კამუფლიაჟია, სიბნელეში მტერს ვემალები თოვლის საბანში გახვეული. თოვლის სული თეთრია და ფაქიზი, როგორც მალარმეს ლირიკა და რას ვხედავ, მას შეერწყა ჩემი სოფლის გორაკზე „შავი კლდის“ ნამსხვრევებით აგებული სახლის ფანჯრიდან მომავალი დანთებული სანთლის შუქი. მივედი. ფანჯარაზე მსუბუქად დანაკაკუნე. დავაკაკუნე და გამიღეს. გამიღეს და თავიც გამოყვეს. თავი გამოყო თავშალწაკრულმა დედაკაცმა, თეთრი, ავადმყოფური სახით, მადლით მოსილი, მიყურებდა და თვალებით მეკითხებოდა, რა გნებავთ? ვერ შევატყვე შეცბუნება, არადა მ ე დამინახა. ალბათ სანთლის ალმა დააბრმავა, ან რელიგიურმა ექსტაზმა, მე კი ვუყურებ, კარგად ვაკვირდები, ვხედავ მის მოხრილ სხეულს, დარაბებზე ჩამოწყობილ გაყვითლებულ ხელებს, თავშლიდან გადმოცვენილ ცეცხლისფერ კულულებს და თვალებს, რომელიც ჩამქრალია, მაგრამ ისეთი, სიკვდილის დროს სიამოვნებით რომ დაიხუჭება, მასში გამქრალია წინააღმდეგობა და არის მოლოდინი - დადასტურებული და ბეჭედდასმული. მისი თვალები ანგელოზის ბეჭედია, აპოკალიფსში როა, მგონი მეშვიდე... ქალბატონო, სანთელი რატომ გინთიათ ფანჯარაში? აბა ირგვლივ მიმოიხედეთო, მითხრა. მიმოვიხედე და რას ვხედავ, თითქმის ყველა სარკმელი განათებულია ირგვლივ... მხრები ავიჩეჩე. კი, მაგრამ, დაგავიწყდათ, დღეს ხომ შობ... და ამ დროს სოფლის სასაფლაოს პატარა ეკლესიიდან, რომელიც „წმინდა გიორგის“ სახელს ატარებს, გაისმა პატარა ზარის წკრიალა ხმა. ნეტა ვინ ავიდა იქ? ნუთუ ასე ამერია დრო? არა ქალბატონო, გამორიცხულია დღეს რომ შობა იყოს... და მივაშტერდი ძუძუებზე, რომლებიც რაღაც მისტიკურ ნისლში გახვეულიყო, ჩავთვალე რომ ეს მისი რელიგიურობის ნიშანი იყო, მაგრამ ცოტაც და რაღაც უცნაური სუნიც მეცა, ეს კი აშკარად არ არის საკმევლის სუნი, უფრო ახლად აშიშხინებული ხორცის ნაჭერია. ქალბატონო, მგონი თქვენ ცეცხლი გიკიდიათ ძუძუებზე. მან დაიხედა და კივილი მორთო. ერთი შევნიშნე, ოთახში ვიღაცები ტაშტებით დარბოდნენ. წამოვედი. მაინც რა არის ეს წმინდა დღესასწაულები. რელიგია. შობის სანთელიდან ძუძუებზე ცეცხლი წაეკიდა. ნუთუ ვერ ხვდებით მცირედ მორწმუნენო, ეს არის „წმინდა გარდამოსვლა“ იერუსალიმში. მცირე მასშტაბით სასწაულის გამეორება, მაგრამ იერუსალიმის წმინდა ცეცხლისგან განსხვავებით შობის სანთლიდან გადმოსული ცეცხლი წვავს, როგორც ხორცს, ისე სულს... გამოვბრუნდი. ვაკვირდები სახლების ფანჯრებს. თითოეული მათგანი მართლაც რომ ალექსანდრიის შუქურას ჰგავს. ყველა ანათებს, მინათებს სავალ გზას, ისე რომ დამავიწყდა კიდეც ჩემი შარვლის ჯიბეში განთავსებული ნათლის ღრუბელი, ლამპარი ჩემი ბილიკებისა. მივყვები სინათლის გზებს და ვგრძნობ, სახლს ვუახლოვდები, მგონი დავინახე კიდეც. მთელ სოფელში მხოლოდ ისაა ჩაბნელებული. არანაირი სინათლის სხივი, სრული წყვდიადი. რა მარტივია სინათლეში სიბნელის დანახვა. ორი საწყისი, ორი პარალელური წრფე, რომელიც სადღაც უსასრულობაში გადაიკვეთება და ყველა პოეტი თავისებურ დასკვნებს გააკეთებს. ბევრი მისტიკოსი დუმილს მიიჩნევს რელიგიის მთავარ მიღწევად, ე. ი. მართლა მარიამ ღვთისმშობელია ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი. თუმცა ეს საეჭვი თეზისია, ის უფრო მაშინ დუმდა ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა. ნეტა, იოსებმა მოასწრო გაქრისტიანება? მარიამმა ქალებს მისცა სიჩუმის მაგალითი, მაგრამ ამ მაგალითმა ძალიან ცუდად იმუშავა ისტორიაში. ჰაჰაჰაჰა. სიცილი. გაცინება, მხოლოდ ადამიანზეა შესაძლებელი. ქუდზე არასდროს გაგეცინება, თუ ის ადამიანს არ ახურავსო, ჩაწერილი მაქვს, ის ბრმა მეუბნებოდა. ბრმებს ნაკლებად გვაქვს იუმორის გრძნობა, იუმორი თვალის თვისებაა. ისინი კი მოძრაობას აკვირდებიან, ბგერის აღქმის გარეშე, ვთქვათ, ცეკვას მუსიკის გარეშე, მომღერალს სიმღერის გარეშე, არადა, სწორედ მათ არ შეუძლიათ სიცილი, ვისაც ყველაზე მეტად ეცინებაო. ჰო, ყრუ-მუნჯებს გულისხმობდა. მგონი ესეც სასაცილოა. დაგვცინიან, მაგრამ ვერ იცინიან, ჩვენ კი დავცინით, რადგან, დაგვცინიან და ვერ იცინიან. ისინი მხოლოდ ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ კი მათაც და ჩვენს თავსაც. რთულია. სამყაროს არარეალურობა მანცვიფრებს, თითქოს ვისწავლე კიდეც ჩემი თავის დადანაშაულება ყველაფერში, რათა საჯელის სიმძიმე რაღაცნაირად გავამართლო, ვგულისხმობ სახლში არდაბრუნების შეუძლებლობას, მაგრამ, მგონი მაინც არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ადამიანური იმპულსები, რაც დავივიწყე, სანაგვეზე გადავყარე, ისიც კი დავივიწყე, რომ დავივიწყე, მაგრამ აგერ თურმე ამომიტივტივდა, მაიძულა რაღაცის შეუძლებლობის შეუძლებლობამ და რაღაცის შესაძლებლობის შესაძლებლობამ, რომ მეღიარებინა უძლურება, გამკლავება სასჯელთან, რომელსაც კრიტერიუმი არ გააჩნია. სასაფლაოს ფერდობი ჩამოვირბინე, მდინარის ხიდიც გადავკვეთე, სანთლის მკრთალი შუქით განათებულ ფანჯრებსაც ჩავუარე, ერთგან მივაკაკუნე კიდეც, ახლა ვფიქრობ, ისევ ფერდობზე რატომ ვგრძნობ თავს, ვეშვები, მივდევ სინათლის გუნდას, ვეშვები, მოვქრი, იმ ბრმის სხეულთან შერწყმული და გათავისუფლებული, მეც დავბრმავდი პატარაობისას, ამის შემდეგ სულ სინათლის მსუბუქი გუნდა დამატარებს, ჯერ არაფერს დავჯახებივარ, არც არასდროს წამომიკრავს ფეხი ქვისთვის, თითქოს ის ლამპარია ჩემი ფეხებისთვის, მეც დავატარებ, ტვინი მაქვს განათებული, ვხედავ! მაგრამ ახლა ვხვდები, დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდა დნება, პატარავდება, სამყარო ცდილობს, ბოლომდე დამაბრმავოს და წყვდიადში ჩამძიროს, გუნდა პატარავდება, სახლში ვბრუნდები, ნუთუ ყველაფერი ლაგდება და თავის საწყისს უბრუნდება? სიცილი მეხსიერებას აღვიძებს - სასაცილო ჰიპოთეზაა! ჰაჰა, თითქმის ყველაფერი მახსენდება, ყველაფერი... ვეღარ ვაკავებ მეხსიერებას, პრეისტორიული ფესვები მექაჩება, არადა ფესვებს თითქოს მოწყვეტილი ვარ, ფეხსაცმლის თასმაში ჩაწნული, მიწიდან ამოგლეჯილი წმინდა ყვავილივით. ფეხებით მივათრევ მეხსიერებას და გადაღლეტილი ხელებითა და დასისხლიანებული სახით ვცდილობ აქცენტების დაბალანსებას. რა დიდებულია, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი! ფილოსოფიური დასკვნაც კი გავაკეთე: თანამედროვე Homo sapiens-ი სამყაროს ნუმერაციული თუ არა, ნუმეროლოგიური ერთეულია ტრანსცენდენტურისა და იმანენტურის გარეშე, ადამიანი თავისთავად, ზედაპირული, აქ და ახლა. სინამდვილეს სიღრმე არა აქვს. მორჩა. მეხსიერება თითქმის დამიბრუნდა და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ: - აი, მოვდივარ მე, უხილავი ადამიანი. იქნებ დიად მეხსიერებას ვემსახურები... - არ ვიცი ეს ამაღლებული რელიგიურ-პოეტური ტონი როგორ დავარეგულირო, უარი უნდა ვთქვა ზოგიერთ სიტყვაზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა - „დიადი“... დიადი არავინაა, უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ადამიანი იმდენად დაუცველია, რომ შეუძლებელია ღმერთი არ არსებობდეს! ეს მე-8 არგუმენტია, რომელიც ადრე მოვიფიქრე, მოგეხსენება მე-6 კანტმა, ხოლო მე-7 ბორხესმა მოიფიქრა, ორნითოლოგიური არგუმენტი... და დაისვენა ღმერთმა მე-7 დღეს და ევოლუციამ დაასრულა მისი დაწყებული საქმე... ჰოდა, რას ვყვებოდი, კვლავ ჩავიარე სანახშოსთან და პავლე ისევ ისე დგას, გველშემოხვეული ჯოხი აღარ უჭირავს და ბუტბუტებს, ამჯერად მგონი საერთოდ ვერ შემამჩნია. გავჩერდი. სუნთქვის შესაკავებლად თოვლი თავზე წავიყარე. დავჯექი და გაფაციცებით ვუსმენ, ვცდილობ, სიტყვები გავარჩიო... არა, რას ბუტბუტებს ასე გაშეშებული მაინც? ან ხელები სადა აქვს, ხელებს ვერ ვხედავ? თურმე სულ ახლახან ვინმე მაძებარს ამოუვლია, მ მ მ მ მო, მო, მო... (ღმერთო გაახსენე!) ჰო, მოსე მქვიაო, უთქვამს, მოიცა, ჩუუუუ, კი, კი, მოსე, ძაღლთან ერთად ყოფილა და უკითხავს, ის ხომ არ გინახავსო, ალბათ მე მგულისხმობდა, აბა, „ის“ ამ არემარეში მარტო მე ვარ, სახელები ყველას აქვს. ამას უთქვამს, როგორ ვნახავდი, ბრმა ვარო. კარგიო და ძაღლისთვის უბრძანებია: ბოლივარ ეძებეო! ძაღლსაც ჯერ პავლეს ირგვლივ შემოურბენია რამდენიმე წრე, დაუყნოსია, უკანა თათებზე დამდგარა, წინები სხეულზე გველივით შემოუხვევია, მისი ხელები აულოკავს, ამას ხელებში შეგრძნება დაუკარგავს, თითქოს აღარც მაქვს ხელებიო, ჩაულაპარაკია, თითქოს გველისთავიანი ჯოხი აღარც მიჭირავსო. მოსეს უთქვამს, ამით გაუვალი თოვლის გაყოფა შემიძლია, დაგიბრუნებ აუცილებლად, შენ მაინც სულ აქ დგახარ და კვერთხი რაში გჭირდებაო... ძაღლისთვის დაუძახებია, ბოლივარ (თუ ბანგა?) გამომყევიო, და სასწრაფოდ ზევით ტყისკენ გაუგრძელებიათ სვლა! ნეტა ვინ არის და რა უნდა? ან გზაში როგორ ამცდა, აქ სულ ერთი შარაა და მეც ზემოდან მოვდივარ... სასაფლაოსკენ ხომ არ აუხვია, მარჯვნივ, ვიწრო ბილიკით... გაუგებარია. მერე, ჩემამდე, ვიღაცას ჩამოუვლია, თოვლის მტვრევის და ლაწალუწის ხმამ შემაშფოთაო, - ბუტბუტებდა პავლე, - გასაოცარი ის არის, რომ ველოსიპედით ყოფილა, უკითხავს, „ის“ ხომ არ გინახავსო? ამას უთქვამს, როგორ ვნახავდი, ბრმა ვარო და წასვლა რომ დაუპირებია, ამას უკითხავს, კი მაგრამ ველოსიპედით ამხელა თოვლში როგორ დადიხარო? ადრე ვისწავლე ამით თოვლში სიარული, ერთხელ ალპებში მთიდანაც კი დავეშვი, ზეცაზე თოკით ვარ გამობმულიო. ამას გაჰკვირვებია და სანამ გამოფხიზლებულა, ის უკვე იქ აღარ ყოფილა, თურმე ჩემს გარდაც არსებობს ვიღაც „ის“, როგორც ჩანს, სახელი არც მას აქვს... ახლა თოვლში ნაკვალევს ვათვალიერებ და მართალია პავლე, ერთ ადგილას ვიწროდ გაჭრილი ზოლი შევნიშნე, მეორეგან კი საცერივითაა დაჩვრეტილი თოვლის საფარი, თუმცა მოძრაობის მიმართულებები ვერ განვსაზღვრე, როგორც ჩანს, იცის მოსე-მაძებარმა მსხვერპლს  როგორ აურიოს კვალი, ველოსიპედის მიმართულებას კი ვერასდროს განსაზღვრავ, რადგან მას თავისთავის საპირისპიროდაც შეუძლია მოძრაობა... საშინელებაა სრული სიმეტრია... გესმის, გეძებენო! - პავლემ. ეჰ, არადა, როგორ მეგონა, რომ ვერ შემამჩნია... გასაგებია-მეთქი, ჩავიბუტბუტე, თეთრი კამუფლიაჟი მოვიშორე, ცოტა სისხლის ლაქებიც მივაყოლე და გზა განვაგრძე. ვფიქრობ: ერთი ზევით წასულა, მეორე ქვევით, მე კიდევ შუაში ვარ მოქცეული და ქვევით ვეშვები... ქვიშის საათი ამოაბრუნეს... ქვიშა... ძალიან ჩამობნელდა, თითქოს უზარმაზარ წყვდიადში შევდივარ. მოიცა, აი ისიც, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოვაძვრინე და დავაგორე, ნახე, რა ნელა და ელეგანტურად მოძრაობს, ნებისმიერი სიბნელის გაფანტვა შეუძლია, მაინც რა ხარისხი აქვს სემიტურ ნათელს, წმინდა და აბსოლუტური, ათასწლეულების გასვლასაც კი უძლებს, აგერ სულ პატარა ნაწილი მინათებს და ლამისაა კაშკაშმა დამაბრმავოს, თან რეგენერაციის საოცარი უნარი აქვს... შევედი წყვდიადში, თუ წმინდა ნათელში, თუ როგორც არის და აქ სულაც არ არის დუმილი, რაღაც ხმები მესმის ზურგიდან, შორიდან, უკნიდან წამოსული, ქაოტური, ძალიან სუსტი და გაურკვეველი, შიშინისმაგვარი.  მხოლოდ ერთზე ვფიქრობ, ეს ნათელი ინდივიდუალურია, მარტო მე მინათებს, თუ სხვაც დაინახავდა ჩემთან ერთად გვირაბის ბოლოს? მივდივარ ახლა აქ, სადაც ამდენი სინათლეა და ამდენი სიბნელე და ათასი თეოლოგიური აზრი მომდის თავში... აი, მოვდივარ მე, უხილავი ადამიანი.  გაშეშებული. ეკლესიაში მდგარი ხის წმინდანივით. მარტოდმარტო. შემოპარული სიკაშკაშეში, უსათვალოდ…

*   *   *      *   *   *      *   *   *

ახლა, როცა ზურგზე მივეკარი მოს, სხეულზე ნაცნობი სუნი ასდის, მოლივით ხავერდოვანია მისი ტანსაცმელი, თავი ზურგზე მაქვს მიდებული და ოდნავ დახრილი, ხელები მის მუცელზე მილაგია და სავსე მთვარის მოყვანილობის სიმეტრიულ, მკვრივ დუნდულებზე ვაკვირდები, ველოსიპედის სკამი მთლიანად შთაუნთქავს... პროპორციებმა ამაღელვა. ეს ველოსიპედიც რაღაც ზღაპრულად მისრიალებს თოვლის გლუვ ზედაპირზე, სად ისწავლა ასე ტარება, კენჭებითა და ქვებით სავსე სოფლის შარაზე, თოვლში, გამოგონილი სამყაროს ტოტალურ ილუზიაში მივცურავთ, ვეშვებით ნაზად, ლბილად, თოვლის მტვრევის ხმა სიმძაფრეს ჰმატებს თოკებით გადაბმული სხეულების ერთიანობას. თოვლზე გავლებული ზოლი ბედისწერის შუაგულში გავლებულ ხაზს ემსგავსება, რომელსაც საშლელით შლიან. ეს სპონტანური ხაზებია, მთავარია ერთხელ გაივლოს... საშლელი, რაღაცის წაშლისას, თავისთავსაც შლის. აღარაფერი მტკივა. ტკივილი სადღაც გაუჩინარდა, აღარ არის. ჭიპი, ძლიერი ეროგენული ზონა, გამქრალია, ცენტრი წაშლილია. მითოსურია ეს სიახლოვე, - ზამთრის სუსხითა და ღამის წყვდიადით გამთბარი (აკი, მოგორავს ჩვენთან ერთად სინათლის ბურთიც, ოდნავღა ბჟუტავს. მომ რამდენჯერმე დაუდევრად ველოსიპედით გადაუარა კიდეც). ირგვლივ ყველაფერი თეთრია. და აი, ვიგრძენი ის, რაც, ასე მგონია, რომ არასდროს მქონია ცხოვრებაში. უცნაურია. ცალი ხელი მოს მუცლიდან ავაცალე, მოვისინჯე, კი, მართალია, გამაგრებულია. მოს კვლავ შემოვხვიე ხელი. ერექცია. სიცოცხლის იმპულსი. მოლივით ხავერდოვან სხეულზე სუნი ასდის. რისი სუნია? მეხსიერების ფარგლებს გარეთ გამიყვანა. აქამდე მეხსიერება დაკარგული მქონდა, ახლა მის მიღმა ვარ გასული. ყველაფერს აწმყოში ვხედავ. ახლაწერტილშია თავმოყრილი ის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. მივხვდი! უდაბნოსფერი, მშრალი რიცხვების სუნი ასდის მოს მოლივით ხავერდოვან ტანისამოსს. უფრო სწორად, ციფრების კი არა, ერთი ტელეფონის ნომრის სუნი, რომელიც არის ქ მ ე დ ე ბ ა  და  მ ე ხ ს ი ე რ ე ბ ა: გათხოვდა. უკვე ისედაც აღარ მიყვარდა და მაინც ვურეკავდი. ქმარმა მიპასუხა, მლანძღა და მაგინა, გაანებე ჩემს ცოლს თავიო. ვეუბნები: განებებული მაქვს, რა ხანია აღარ მიყვარს, ის კი არა, ხეირიანად აღარც მახსოვს, უბრალოდ ტელეფონის ნომერს ვერ ვივიწყებ-მეთქი. ეგ როგორო? როგორ და ეს ნომერი ყველა ფურცლიდან და ტელეფონიდანაც ამოვშალე, ამოშლისთანავე ვინმეს რომ ეკითხა, რა ნომერი ამოშალეო, ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ მერე სიზმარში ვნახე ეგ ნომერი, იმის შემდეგ ვცდილობ გონებიდან წაშლას, მაგრამ არაფერი გამოდის-მეთქი. ციფრები როგორ ნახე სიზმარშიო? ციფრები არ მინახავს, რაღაცნაირად მთლიანი ნომერი ვნახე და გაღვიძებისას რიცხვებიც მშვენივრად მახსოვდა-მეთქი. მოიცა, დავუშვათ ნომერი გახსოვს, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დაურეკოო?! ეჰ, ვერ გამიგე, ნომერი თუ გახსოვს, აუცილებლად დარეკავ-მეთქი! ექიმთან ვაპირებ მისვლას, იქნებ არსებობდეს დავიწყების რაიმე საშუალება? - ქმარი ჰუმანური ადამიანი აღმოჩნდა, - კარგი, ექიმებში სიარულს და ფულის ყრას, ვეტყვი ჩემს ცოლს და ნომერს გამოვცვლითო, ოღონდ იცოდე, მერეც თუ დაურეკავ ასე და ასეო! გმადლობ-მეთქი. - თან გამეცინა, მერე როგორღა უნდა დამერეკა. ასე ერთ კვირაში ისევ გადავრეკე, იმავე ნომერზე. ისევ ქმარმა აიღო: ძმურადო, მეუბნება, მიდი ექიმთან, ჩემმა ცოლმა მითხრა, მაგ ნომრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თავს მოვიკლავო!.. იმკურნალე და სანამ განიკურნები, დაახლოებით ასე ორი თვე გაძლევ ამ ნომერზე დარეკვის უფლებას, ოღონდ, ზედმეტი არაფერი უთხრა, თორემ ასე და ასეო! კარგი, გმადლობ-მეთქი. ის იყო და ის, მე იქ აღარ დამირეკავს, ნომერიც დამავიწყდა ისე, რომ ექიმთან მისვლა აღარც დამჭირვებია. ის კი არა, ქმარმა აქეთ გადმომირეკა, რატომ დაგვივიწყეო? შემეშვი-მეთქი! რა ხდებაო? რა და წინა ლაპარაკის დროს, ასე ორი თვე გადმორეკვის ნება რომ დამრთე, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, სასწრაფოდ სახლში გავიქეცი, დუში უნდა მიმეღო, ჰოდა, ვანაში, ბანაობისას უნებლიე ერექცია დამემართა და შენი ცოლი ტელეფონის ნომერთან ერთად თესლს გამოვაყოლე და წყალმა წაიღო, შეუმჩნევლად კი გაუჩინარდა ტრაპში-მეთქი... ეს ვთქვი და: მაგას ვის ეუბნები, შენი დე... და გავუთიშე, ტელეფონი იქვე მდინარეში გადავაგდე, მორჩა და გათავდა, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდი. განვიკურნე. ფსიქოლოგებო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა კავშირშია ქმედება და მეხსიერება? ახლაც როგორი სიამოვნება განვიცადე, რომ იცოდეთ, დროისა და სივრცის მიღმური. აგერ, თესლმა გამოჟონა ჯიბიდან, შარვალზე ლაქას ვხედავ და კრახმალის სუნიც მეცა, სუნი, რომელიც მოს მოლივით მწვანე და ხავერდოვანი სხეულის სუნს შეერწყა. ნეტა თუ მიხვდა რა დამემართა? ცოტა კი შეიშმუშნა. არამგონია. გულუბრყვილო ჩანს.



*   *   *      *   *   *      *   *   *

სიზმრიდან ბოლომდე განდევნილია ყველაფერი, რაც უხეშია. მაგალითად, სიტყვა „მახინჯი“. აქ ასეთ სიტყვებს არაფერი ესაქმება. სიზმრის პოეზია დრამატულია, შეიძლება ტრაგიკულიც, მაგრამ აქ ყველაფერი ერთმანეთიდან ამოიზრდება, უმნიშვნელო საგნები არ არსებობს, არც დაპირისპირება და არც ჰარმონია. ეს „არალოგიკურის“ სამყაროა, სადაც ყველაფერს საზრისი აქვს. სიზმრის ბედისწერა მითოლოგიაა. ზუსტად ასევე, მითოლოგიის ბედისწერაა სიზმარი. აქ კითხვებს არ სვამენ, არც პასუხები არსებობს. არც რაიმე მოძრაობს და არც ჩერდება, ყველაფერი ერთ გონებაშია თავმოყრილი, სადაც ფორმების უსასრულო მწკრივია, უზენაესი ესთეტიკა. თავად გონებაც ფანტაზიის ამ უსასრულო მწკრივშია შთანთქმული. სიზმარს არა აქვს მასზე კონტროლი, ოღონდ ვერც თავად აკონტროლებს მას. აქ სრული უმეცრებაა: სრული „ჰო“ და სრული „არა“. რას უნდა გრძნობდე, აღწერდე და განიცდიდე სამყაროში, სადაც ყველა მოვლენა თავისთავადია, მიმართება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ სხვა მოვლენებიდან ამოიზრდება, როგორც განსხვავებული ფორმა არარსისა. მიკროსამყაროებიდან გამუდმებით იბადება ახალ-ახალი სამყაროები. არსი ფორმებმა გაიწოვა და ახლა იგი თავისი არარსებობით უსასრულო ფორმების სპონტანურობას განაპირობებს. გამქრალია ენის დიქტატურა და სინტაქსის ერთფეროვნება. ვინ დაგვარწმუნა, რომ კაცობრიობა სამყაროს სულის მატერიაზეა ამოქარგული. განა კაცობრიობას ქარგა გააჩნია? ადამიანს უსიუჟეტო არსებაა. სიუჟეტი ჩემი გამჭვირვალე სხეული და სინქრონულად  მოძრავი თეძოებია. როგორც შენ, მეც მაქვს მარადიული სიზმარი, ჩემზე თოკით მობმულო მეგობარო (ალბათ მე მომმართა. აგრძელებს): ვხედავდი. ყოველთვის ვხედავ: მთვრალი ვარ. სოფელში ჩვენმა ღორმა გოჭები დაყარა. (მაშინ მეც მიყვარდა სამშობლო, ჩემი დედა ღორი!). ვხედავ: ქალაქიდან სტუმრები მოგვივიდნენ, წვერმოშვებული, შავი შლაპებით თავდამშვენებული პატრიოტები. დედას ვთხოვ, მოდი ჩვენს სამშობლოს გოჭები დავუკლათ-მეთქი. დედა უარზეა. არა შვილო, ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტებსო. ეს ხომ კანაში გამართული ქორწილია, დედა! არა შვილო, ეს სხვა რამ არისო. ეს მარგალიტებით თამაში რა არის დედა! გამოუყენებელი მარგალიტები რაში მჭირდება-მეთქი! - ვყვირი. კარს ვაღებ და  საღორისკენ მივრბივარ. დედა როგორღაც იქ მხვდება. თვალცრემლიანი მიყურებს, თითქოს იცის, რაც უნდა გავაკეთო, არ მეწინააღმდეგება. პირველივე გოჭს დავტაცე ხელი, ჰაერში ავიტაცე და დედაჩემის წინ ძირს დავანარცხე. პატარა გოჭი შუაზე გასკდა, სისხლი შემოგვესხა. ფართხალებს. ამასობაში მეორეს ვტაცე ხელი და პირდაპირ გასისხლიანებული დედაჩემის ფეხებთან დავახეთქე, ისიც გასკდა, ჭყვიტინებდა და ფართხალებდა... ასე დავანარცხე ექვსივე გოჭი. შვილების სისხლით გაწუმპული დედა ღორი კი მშვიდად წევს, არ ინძრევა. ჩვენს წამოსვლას ელოდება, ემზადება შვილების შესათქვლეფად... საღორიდან გამოვვარდი. შლაპიანი პატრიოტები სადღაც გაქრნენ, აღარსად ჩანან. ვხედავ: დედაჩემი ბოსტანში (ზენობიას ბაღი, ასე დავარქვი) ნიადაგიდან ველურ ჭარხალს იღებს და კანგაურჩევლად მიწიანად ჭამს. პირი სისხლით აქვს სავსე. ვეხვეწები... ასე არ შეიძლება-მეთქი. ხმას არ მცემს, თავისას აგრძელებს. ახლაც ნათლად ვხედავ: პირი ჭარხლით აქვს სავსე. ტუჩის კუთხეებზე სისხლი ჩამოსდის და ეპკურება მიწას, ჩემს ფეხებს და  სასიცოცხლო ძალით (რუაჰით) მავსებს. არადა, რამდენი ხანია გარდაცვლილია, კიბოთი მოკვდა. სიკვდილის ღამეს ლოგინში შევუწექი. არ შევხებივარ, ვერ მივეკარე. დილაადრიან მომკვდარა, მე ლოგინიდან გადმოვარდნილვარ. ძირს ვეგდე. წამოვდექი. გაოგნებული სახით, გახელილი თვალებით მიყურებდა. ვერ დავუხუჭე. გახელილი დარჩა თვალები და ეს თვალები იყო ქრისტე, რომელიც სამშობლოზე ბევრად მაღლა დგას. მე უსამშობლო დემონი ვარ, სიზმრებში ჩაკარგული. შესაძლებელია ვინმემ შეუნდოს ჩემს თვალებს - ჯოჯოხეთს, ბოროტებით სავსეს? გამჭვირვალება სასჯელია! ჰა, ჰა, ჰა, ჰა... და ეს სიცილი ქარიშხალივით შემომეფრქვა სახეში. ველოსიპედიდან გადმოვვარდი. მო არ შეჩერებულა, გზა განაგრძო. სწრაფად წამოვდექი, ნაბიჯს ავუჩქარე და კვლავ უკანა სკამზე აღმოვჩნდი. ეს რანაირი სიზმარია, - ამის ჩაწერა მოვასწარი... მომ, თითქოს არაფერი მომხდარაო, ლაპარაკი გააგრძელა: მას შემდეგ სულ ამ სიზმარს ვხედავ. ახლაც ვუყურებ დედაჩემს, გვერდზე ვუდგავარ. ვცდილობ, რაღაცა დავუმალო, არ გავუმხილო. მან ეს არ იცის და არც შეიძლება იცოდეს. ხოლო მე ვიცი და ზოგჯერ ეჭვი მეპარება, იქნებ მანაც იცის და არ იმჩნევს? როგორ? მისი ცოდნის ერთადერთი წყარო ხომ მე ვარ. მხოლოდ ის შეიძლება იცოდეს, რასაც მე ვუკარნახებ. სხვაც ხომ არ ეუბნება რამეს? სიზმარში ვერაფერს აკონტროლებენ. ერთმანეთის ტვინებში იყურებიან. ეს ის ერთადერთი საიდუმლოა, რომელსაც მხოლოდ მე ვფლობ. მისი კონტროლი შემიძლია. ახლაც ვუყურებ, არაფერს ვეუბნები. ახლაც ჭარხალს ჭამს და ისეთი თვალებით მომჩერებია, თითქოს მეუბნება, რას მიმალავ? ზოგჯერ სიკვდილის სარეცელზეა, იქ სასთუმალთან ვუზივარ და მისი თვალები იქაც იმავე შეკითხვას გამოხატავენ. რატომღაც, მინდა, რომ დავუჩოქო და ვერ ვუჩოქებ... ზოგჯერ კი ჩუმად დამყვება, ახლაც აქაა, აი, ლოყაზე შემახო ხელი... ალბათ თვალები დახუჭა, სახე კი ცისკენ მიმართა და თითქოს ბოდავსო, რაღაც გაურკვეველი ბგერები ამოუშვა... ამბობს: დედა ღორმა არ შემჭამოსო, სულ დამყვებაო... მფარველობაც ახსენა და ვიღაცა მოლიც. არ ვიცი მწვანე ბალახს გულისხმობდა თუ ვინმეს ჰქვია. მისი სახელიც ხომ მო-ზე იწყება... კიდევ ამბობდა, სიზმრის სამყარო აღმოსავლეთის ღამის სცენასავით ფეერიულიაო და რაღაც ასეთებს. მოკლედ, აქამდეც ბევრი ვერაფერი გავიგე და ახლა ხომ საერთოდ. უბრალოდ სიტყვები ჩავიწერე და რატომღაც ხელი შარვლის მარცხენა ჯიბისკენ წავიღე, სინათლის ბურთი ამოვიღე, დაღმართზე დავაგორე. ყველაფერი განათდა. ახალი ნაცრისფერი სამყარო: იერუსალიმის უდაბნოს წალკოტი. ქვიშად გადაქცეული თოვლი. ქვიშაც და თოვლიც. სიწმინდე. სიცხეში გადასული სიცივე. ჭასაც ვხედავ. ვუახლოვდებით. პირზე წყლის შესხმა არ გვაწყენდა. და აი, მივსეირნობთ ველოსიპედით მე და მო. მიდამო დაწყნარებულია. მშვიდი. ჟირაფივით ნაივური. ნიავმაც წამოუბერა, ქვიშა თუ  თოვლის ნამქერი წამოშალა, სივრცეში დაფანტა, ცოტა სახეშიც შემოგვაყარა, თბილად მოგვეფერა და სითეთრის უშფოთველობაში ჩაიკარგა.



*   *   *      *   *   *      *   *   *

კლდეზე ამოკვეთილი 10 თეოლოგიური თეზისი, რომელზეც აგებულია მოთხრობის მომდევნო თავი:
1. მისი მიუწვდომლობის შეუძლებლობამ ჩაგვადენინა ეს უმძიმესი დანაშაული. როდესაც ღმერთი ერთი ხელის გაწვდენაზეა, ან უნდა მოკლა, ან - შეერწყა. ჩვენ ყოველთვის ვკლავთ.
2. რატომ იღუპებიან ბავშვები? იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია. რაც ლოგიკური არ არის,  გვაშფოთებს, მაგრამ ბუნებრივია და ვეგუებით. ამ სამყაროში კი მხოლოდ იმას აქვს არსებობის უფლება, რაც ბუნებრივია. ბუნება დევნის ლოგიკას.
3. ცხოვრებას აკლია სულისთვის ასე დამახასიათებელი თვითირონიულობა და არათანმიმდევრულობა, ამიტომაც ვაპროტესტებთ სიყალბეს, თუმცა ვერც გაურკვევლობას ვეგუებით.
4. ბუნება სწორედ იმიტომ არის სრულყოფილი, რომ მასში ყოველთვის რჩება რაღაც ადგილი, რაც დასრულებას საჭიროებს. ადამიანი კი შეიძლება განისაზღვროს, როგორც შესაძლებლობა.
5. სახელების დარქმევა არის ძალადობა სინამდვილეზე, რადგან სინამდვილე, რეალობისგან განსხვავებით, სულ სხვა სიღრმის მატარებელია. აქ ძლიერია ირაციონალური ელემენტი.
(ზემოთქმულის საილუსტრაციოთ ერთი მოფილოსოფოსო მწერლის სტილიზაცია-პაროდირებას შემოგთავაზებთ, რომელსაც „ლანდებთან ლაციცი“ ვუწოდე:
მაშ ასე, რა არის პიროვნება? „პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა“, - ცნება, ორი რამის მომცველი:
ა) ნიღაბი (პერსონა): თვითრეფლექსია. საკუთარი თავით თამაში. მუნყოფნა. იმანენტური ფაქტორი. ერთგვარი მთლიანობა და მთლიანობაზე მაღლა დგომაც. პარადოქსალურობა.
ბ) „მეს“ ცნობიერება: გვარეობითი ცნობიერება. ეს ისაა, რისთვისაც თავისი არსებობა თავისივე საგანს წარმოადგენს. „სხვა“ „ჩემში“. ის, რაც ერთდროულად „მეც“ არის და „შენც“. დაუსრულებელი პროცესი, მომენტებისგან შემდგარი. ბრძოლა მიზნისთვის, მიზნის მიღწევის შეუძლებლობის ფარგლებში. თავისუფლების გამოვლენა სპონტანურობაში, ნამდვილი თავისუფლების შეუძლებლობის ცოდნის პირობებში. ილუზიის ზღვარზე სიარული, ილუზორულად ილუზიის გაცნობიერების ჯადოსნურ წრეში. ნამდვილი თავისუფლების ცოდნა, მისი მიღწევის შეუძლებლობის პარადოქსში მოთავსებული. ცნობიერება: ცოდნის ილუზია და ილუზიის ცოდნა. სიცოცხლეს განმაპირობებელი დაპირისპირების შესაძლებლობა და შესაძლებლობაში არსებული სიცარიელე.
დასკვნა: პიროვნება, - დანაწევრებული მთლიანობა, მთლიანობის არარსებობის პირობებში. „ლანდები გადაცვივდებიან...“).
6. „დროის“ ცნებაც ძალადობაა სინამდვილეზე. რეალობის სინამდვილედ გადაქცევის ხელოვნური მცდელობა. რადგან დრო იმდენად ბუნდოვანია, რომ არ არსებობს, ან თუ არსებობს, ძლივს არსებობს. აზრის დაბადება დროში არ ხდება.
7. გრძნობები და ემოციები გონების მეტაფორებია. გონება კი რთული შთაბეჭდილელებების კომპლექსი, რომლის ნდობაც არ შეიძლება.
8. ცხოვრების საზრისის მაძიებლებს საკუთარი არსებობა არ გააჩნიათ, მათ არსებობას ძებნის ობიექტი ანიჭებთ. შემეცნება არ ხდება საკუთარი თავის პოვნის გარეშე, რომელიც მანამდე  ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დაკარგო.
9. ღვთაებრივი თვალსაზრისით ადამიანი რაც მეტადაა სხვებთან, მით უფრო ახლოს არის საკუთარ თავთან. „გამოსვლა“ საკუთარი თავისგან წამოსვლით იწყება. ის საკუთარ თავთან სხვების გავლით, სხვებში ყოფიერების გზით მიიღწევა.
10. მოგეხსენებათ, ღმერთი ამნისტიას არ გამოსცემს და არც აპოკატასტასის იდეაა მისაღები:

და ამიტომაც სული ჩავბერე ჩემს ტექსტს, ხელი მივკარი და მთელი ძალით შევძახე: აჰა, შენ ცოცხალი ხარ, მიდი იარე! ისიც ამობრუნდა, მზერა ჩემკენ შემოაბრუნა და დაიწყო: თითქოს პრეისტორიულ სკივრს, ათასწლეულების წინ დაბეჭდილს, თავი ასძვრა და იქიდან მილიონობით სიტყვა, აზრი თუ წინადადება ამოცვივდა. ხელითაც შეიძლებოდა სივრცეში გადაჭიმულ ჭეშმარიტებას შეხებოდი და მე, პრეისტორიული ხვლიკის გაქვავებულმა თავმა, ლღვობა დავიწყე. ავმოძრავდი. შევიცანი ის, რაც ოკეანიის აისბერგულ სიღრმეში ტვინის კიდეებს მიწამლავდა. მე იქ აღმოვაჩინე ჭურჭელი, სადაც უამრავი ქვეწარმავალი, მორიელი და ტარანტული მომაკვდინებელ შხამს ანთხევდა. ჩემი ეგო შხამის მორევში ცურავდა და მე, ეპოქებს ადევნებული გზირი, ჩემს სამშობლოს ვუბრუნდებოდი. ვბრუნდებოდი, გამოსული ჩემი არსიდან და ვფიქრობდი ფსალმუნებზე, დავითის პოეზიაზე, რომ მღეროდა დილაობით... სემიტური ნათელი, ეს ღვთაებრივი კვინტენსენცია, ჩემი კვერთხის დასრულებულ, მომრგვალებულ ნაწილში თავმოყრილი, მუდამ თან დამქონდა და აი მოხდა სასწაული, ისტორიის დასასრულს, რომელიღაცა სასოწარკვეთილ ეპოქაში მოსემ კვერთხი დაკარგა. და გაჰყვა კვერთხს მოსე-მაძებარი, რადგან კვერთხის გარეშე ვერ იქნება მწყემსი, მწყემსის გარეშე არ არსებობს ფარა, ფარის გარეშე ვერ მოვიდოდა ის, ვინც იყო მეორე მოსე და მოსეზე უფრო დიდიც, უკანასკნელი ადამი. მოსემ ფუნქცია დაკარგა, რადგან მისი ყოფიერება კვერთხის თავშია კონცენტრირებული, როგორც ერთ დროს სამსონის ძალა მის თმებში იყო. და დაადგა ერთმა მოქანდაკემ მოსეს თავზე რქა, ნაცვლად იმისა, რომ კვერთხი მიეცა ხელში და დაედასტურებინა მისი დიდება, თითქოს მისმა ძალამ კვერთხიდან თმებში გადაინაცვლა, - და ეს იყო შეცდომა! განრისხდა მოსე. მილიონები ითხოვდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას და ღმერთს სწვდებოდა მათი ღაღადი, მაგრამ კვერთხის გარეშე ნილოსი არ გაწითლდება, ვერც გველად გადაიქცევა რამე, მზე ვერ შეყოვნდება ცის ჰორიზონტზე და ვერც ზღვა გაიპობა, ოკეანიის ნამსხვრევი, საიდანაც უნდა ავარდეს აპოკალიფსური წითელი რაში, დედამიწას შემოუაროს და სისხლი, ცეცხლი და წუმწუმა აწვიმოს და მოსპოს ყოველი პირმშო, რომლებშიც არეკლილია მათი მშობლების სიცარიელე, ურწმუნოება და ქედუხრელობა! და აი, დადგა დრო, როდესაც აღარავის სურდა ეგვიპტიდან გამოსვლა, რადგან ეგვიპტე აღარ იყო. ან ყველაფერი იყო ეგვიპტე. აღარც ფარაონები ჯიუტდებოდნენ. ყველა საზღვარი მოიშალა და გზები შეერთდა. ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ერთმანეთში გადადიოდა. საგნები ღმერთისგან დაიცალა. და გამოაცხადა მაშინ ერთმა სიბრძნისმოყვარემ ღმერთის განდევნა სამყაროდან და შეიშალა. სამყარო იმდენად გაფართოვდა, რომ მისი ჩატევა ერთ პატარა საგანში გახდა შესაძლებელი. ეს იყო უსასრულოს უკიდურესი შეკუმშვა, და დაკარგა ადამიანმა სივრცის მოთხოვნილება. ღმერთი კი მორიგი დიდი აფეთქებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ეს შუამავლის გარეშე შეუძლებელია, „სიტყვამ“ კი ძალა დაკარგა, მნიშვნელობისგან დაიცალა, - მხოლოდ რიტმით სამყაროები არ იქმნება. დედამიწაზე ხმას აღარავინ იღებდა და იყო აპოკალიფსური ხმაურის ეპოქა, რომლის წინაშეც გონის ცბიერებას აღარაფერი შეუძლია, რადგან წაშლილია ყოველგვარი დაპირისპირება. შეუძლებელი იყო ლოგოსისთვის საზრისის შთაბერვა, რათა სამყარო არსებობის მომდევნო ციკლზე გადაგვეყვანა. მოკლედ, ეს იყო მე-20 საუკუნე, 1951 წელი, როდესაც ღმერთმა, უკვე მეორედ, შეჩერებული ისტორიის ამოძრავება დამავალა...

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE