ზავი


ზავი




***

 

როცა სიყვარული არ არის ჩემში,

დღე იწყება იმაზე ადრე, ვიდრე ოდესმე

და კარადაშიც ზედმიწევნით წესრიგია და

ტანისამოსი ისე მორჩილად იხრჩობს თავს

საკიდებზე,

თითქოს უკვე დიდი ხანია, ეს ფინალი გადაეწყვიტოს.

რადგან, როცა ჩემში არ არის სიყვარული,

ტანისამოსიც სულერთია.

"სულერთი" კი დიდი სიმსუბუქეა წუთისოფელში.

როცა ჩემში სიყვარული არ არის,

ვემსგავსები მონადირე ძაღლს,

რომელიც ცდილობს, რამეზე დაიგლიჯოს ცხვირი და ყველაზე

ხალხმრავალ, უხეო ადგილშიც თავისი წილი

მხეცი იპოვოს.

გავდივარ გარეთ და ყოველივე საამურად

ნაცრისფერია.

ვესალმები გამვლელებს,

შეიძლება, ავტობუსში უმწეოებს ბილეთიც ავუღო,

გულდასმით ვითვლი წუთებს და ვანგარიშობ:

ამ ქუჩიდან იმ ქუჩამდე 20 წუთი,

ანუ დღის ფულის მეოთხედი,

ფულს კი თონის პურის სუნი აქვს და

სულაც არაა ბინძური ან საშიში,

ის ძვალივითაა და ყელში სანამ გაგეჩხირება,

უნდა გამოხრა.

როცა ჩემში სიყვარული არ არის,

მშვიდად ვთხრი ლოგინის სანგარს,

რომ ათასობით კილომეტრგავლილმა

ჩავფლა შიგ ჩემი დაღლილი ხორცი,

და სანგარი უნდა იყოს, რაც შეიძლება, ღრმა,

რაც შეიძლება, ჯოჯოხეთის წარმოდგენებით,

რადგან როცა სიყვარული არ არის ჩემში,

მე არ ვიცი რასთან მქონდა ბოლო ომი,

რას შევეწირე.

როცა სიყვარული არ არის ჩემში,

ვხედავ, როგორ იცვლებიან ჩემ გარშემო

ადამიანები,

ისინი ხდებიან აგრესიულები, მარტოსულები,

ზოგიერთი - ფსიქიკურადაც შეიძლება აიშალოს,

რადგან მე ვუშვებ მათკენ უსიყვარულობის სხივებს და

ვინ იტყვის, რომ ეს მზე არ წვავს!

როცა ჩემში არ არის სიყვარული, მას კარგავს გარშემო ყველა და

მე აღარც ლოგინის სანგარი

მშველის,

რადგან ყველა შეუძლებელ წარმოდგენას

ჯოჯოხეთზე

ჩემივე უსიყვარულობით ვჯობნი!

და მე ვხდები ბუზისხელა,

მატლისხელა და ფრჩხილისხელა

და ვიმალები ასანთის კოლოფში,

სანამ მოვა ვინმე,

წამომკრავს ხელს და

შედედებული ჯოჯოხეთის - გოგირდის თავით

სამყაროს ცეცხლზე

არ წამიკიდებს!..

 

 

ზავი

 

როცა წავედი

შეუძლებლის კარის სამტვრევად,

ხორცი შენთან  დავაგდე,

როგორც ჩვარი,

რომლითაც შეგეძლო,

დამტვერილი ოთახები გამოგეწმინდა.

შენ ამ ჩვარს მოთმინებით უფრთხილდებოდი,

უსიტყვოდ გადაგქონდა ნივთიდან ნივთზე

როცა ის თვალში ან ფეხებში

გეჩხირებოდა.

გაღიზიანებული გუმანით გრძნობდი,

რომ ეს ერთადერთი იყო,

რაც დაგიტოვე,

რაც გავიმეტე,

როცა წავედი

შეუძლებლის კარის სამტვრევად,

და ჩვენ ორივე ვთანხმდებოდით

ამ სარფიან, უტკივილო გარიგებაზე,

შენ მეფურად ეპყრობოდი იმას,

რაც გერგო,

პატივით ამტვრიანებდი,

ჭუჭყის ბიისფერ კრისტალებში

აბანავებდი,

ისევე, როგორც მე ვიყავი კმაყოფილი

და გზადაგზა

ბედნიერების ქვირითს ვყრიდი,

როცა მივდიოდი

შეუძლებლის კარის სამტვრევად.

მე ამას ვერ გავბედავდი,

რომ არ მცოდნოდა, რომ

შინ შენ დაგტოვე,

რომ არ მცოდნოდა, რომ

იჯექი სახლში მშვიდად და

ოდნავ მოშიებული,

დასცქეროდი ფეხქვეშ მოკრიალე

ჩემი ხორცის ჩვარს და

ყველაფერზე გეღიმებოდა,

როცა ამ დროს

მე სულ სხვაგან,

შეუძლებლის კარებს ვამტვრევდი...

 

 

ჩვენ - წყვილი ლიანდაგი

 

ჩვენი გზები წყვილი ლიანდაგია და ისინი

ერთმანეთს ვერასოდეს გადაკვეთენ.

ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ,

შეგვიძლია, თითის წვერებით შეხება,

შეგვიძლია, ერთმანეთის მხრებზე ჩამოყრდნობა და

თავის მიდებაც,

მაგრამ ამ გზებმა ერთმანეთი გადაკვეთონ -

არ შეგვიძლია.

ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთის ცხოვრებას

როგორც პარალელურ კადრს

საკუთარ ფოტოფირზე,

ვსუნთქავთ ერთმანეთის ნატკეპნ ყვავილებს,

ჩვენ მივდივართ გვერდიგვერდ და

ერთმანეთს მიბჯენილი გზები ხანდახან

ძვლებივით გვტკივა...

ასე ვივლით სულ,

გვერდიგვერდ დავწვებით სხვებთან,

სხვებისგან გავაჩენთ შვილებს,

სხვებს ჩავკიდებთ ხელს და

წავალთ ხავერდოვან საღამოებზე,

სხვებთან ერთად დავესწრებით

ვარსკვლავებიანი ზამთრის აღლუმებს,

სხვებთან ერთად ჩავერთვებით

უთვალავ ომში და

ერთმანეთის ჭრილობებს

შორიახლოდან დავათვალიერებთ...

სულ ასე ვივლით,

შეიძლება, ერთმანეთის თვალსაც მოვეფაროთ,

მაგრამ განგების უტყვი ტალღა

რომელიმეს, როგორც ნიშანს,

მალევე ამოატივტივებს,

შეიძლება, დაგვავიწყდეს კიდეც ერთმანეთი,

მაგრამ გზა, რომელიც

გვერდიგვერდ მიდის,

ვინმე უცხო მგზავრს, როგორც წერილს,

შენიდან ჩემკენ გადმოაგდებს,

ანაც პირიქით...

რადგან არის ასეთი სიყვარულიც -

წყვილმა ლიანდაგმა მორჩილად, მშვიდად და

ერთგულად უნდა იაროს

და არასოდეს გადაკვეთოს თავისი თავი,

რადგან, ესე იგი, ეს გზები

რაღაც სხვას, სულ სხვას და იდუმალს ნიშნავს,

რადგან, ამ გზებმა

თავის თავს რომ გადაუხვიონ,

სხვაგან დაირღვევა დიდი წესრიგი!..

 

ნეტავი მათ, ასეთ შეყვარებულებს,

ნეტავი მათ, გზებს და ლიანდაგებს,

სამყაროს ჯებირს!..

 

 

დედას

 

სამარის კარამდე ხომ

ნუკრივით უნდა გდიო,

აიმ კარში როგორ შემოგყვე!

ან წინ როგორ გადაგიდგე და

ბავშვური სიცელქით პირველი შევხტე!

დაიგეშებიან ღრუბელ-წვიმები და

დამწყევლიან დედის წინ მორბენალ შვილს...

განა იმას იფიქრებენ, რომ

სიცოცხლისგან დადიდებული თვალები

ვეღარ დავატიე შინ,

წავუგორე შენგან მონაქსოვ გზას და

ამაშიც, ამაშიც გადაგისწარი...

არა, ამას როგორ იფიქრებენ

საათის ხმას შეჩვეულები,

სამყაროს კანონიერ მიქცევ-მოქცევას შეჩვეულები და

ამ ჩვევაში გაბრუებულნი...

ვინ რა იცის,

მე უშენოდ იქნებ სულის ძაფიც გამიწყდეს და

ვეღარ გავმთელდე,

ვინ რა იცის,

შენი კაბის სუნმა იქნებ ისე მომწამლოს,

რძეც კი გამიქვავოს მკერდში...

ორით მეტი ჭაღარით წინ ვარ და

ორით მეტი სიზმრით,

კანონი თუა

ესაა წინმავალის კანონი.

ჯერ მე ვიყავი და მერე შენ,

მაყვლის მინდორი უხილავი თითით მოგიღობე,

გაგაჩინე და შემოგიშვი,

გულისძირში მამაჩემი შეგაყვარე და

გავაზამთრე, მე რომ გეშვი,

ჯერ მე ვიყავი და

შენი გამძლეობის გამო

დედაჩემად გაჩნდი.

სამარის კარამდე მტვერივით უნდა გდიო და

იქ თუ შეგასწრებ,

რას ეტყვი

საათის ბილიკზე მავალთ?..

ისეთს არაფერს,

იყო-თქო ჯიუტი ბავშვი,

მთელი ცხოვრება

წვიმასავით თავქვე ეკიდა და

ზევიდან ისეთებს ხედავდა!

სიცოცხლისგან დახელილი თვალები

ვეღარსად დაატია და

წინმავალის დიდი უფლებით

წავიდა-თქო შინ.

 

 

***

 

ვინც ჩადგება ჩემში

ქათამივით,

და პირით და ფეხებით ერთდროულად

გამქექავს...

ვინც ჩემივე თავიდან

გადამხვეტავს,

ერთად მოგროვილს

გამირიალებს,

იმ გაფანტულსაც ფეხისწვერით

წაეკიდება _

ნიავს წაუპნევს...

ვინც ჩადგება ჩემში

ქათამივით

და მერე ღმერთს ახედავს…

 

 

მაცივარი

 

თბილია ჩემი მაცივარი,

უვარსკვლავო ზეცის ფიფქმა გაალღო.

თბილად მოუდის რძის ბილიკი,

თაღიდან შიშველ კედელ-კედელ,

დნება ფერები

იმ გარდასულ სანოვაგეთა,

წუთმონაცვლებით მოწვეთავენ

ჟოლოების მარინადები,

გზაგზა ფორთოხლის აჩრდილებით ნათდებიან,

ან ქაშაყებს, უფრო სწორად _

მათ მომჟაო და ნაცრისფერ

ნაკვალევებს ეცეკვებიან...

თბილია ჩემი მაცივარი,

რაღაც უსაზღვრო გარინდებით,

მდორედ, ტაატით

ლღვება მასში მთელი ცხოვრება,

ეს სითბო ისე მომთენთავია,

ისე დიდხანს ნაოცნებარი _

რომ ერთ დღეს უნდა გამლხვარიყო

ყველა ყინული

და გული ზეცის უფსკრულისკენ

დაიძვრებოდა!..

ეს სითბო ისე ნაზად მწამლავს,

ისე ფაქიზად,

რომ აღარც მახსოვს,

როგორ მედგა სამყაროში მე

მაცივარი

და სიყვარულის თეთრი ყინულით

შიგ ყველაფერი დიდხანს,

საღად ინახებოდა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE