როცა თეონა დოლენჯაშვილის რადარი ყვირის


როცა თეონა დოლენჯაშვილის რადარი ყვირის




საგანგებოდ არ ჩავხედე თეონასთან წინა ინტერვიუს, რამდენიმე წლის წინ რომ ჩავწერეთ, გუმანს მივყვები და კითხვებიც ისე წამოვა-მეთქი. ის კი მახსოვს, მაშინ მისი ახალი  მოთხრობების კრებული, „რეალური არსებები“ უნდა დაბეჭდილიყო. ახალი რომანის წერაც დაწყებული ჰქონდა. „მემფისი“ კი ევროპაში უნდა გამოცემულიყო. კიდევ ისიც მახსოვს, რომ მითხრა, ლიტერატურას ძალიან მოდურად ვაქცევდი ჩემს ქვეყანაში და წიგნების ფეშენ უიკებს მოვაწყობდიო... ჩამრჩა ეს ნათქვამი, მას მერე მთლად ფეშენ უიკი არა, მაგრამ წელიდში წიგნის რამდენიმე ფესტივალი კი ტარდება. ახლაც მოლოდინი მაქვს, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მის ფოტოს გადავაწყდი, ყველაზე ცხელ წერტილში იყო, ცეცხლმოდებული ალეპოდან ალბათ რადენიმე კილომეტრში, ლტოლვილების ბანაკში და მივხვდი, თეონა დოლენჯაშვილი რაღაც ახალს უმზადებდა თავის მკითხველს... და მაინც,  რა უცნაურია და, ისევ იმ მოთხრობაზე ლაპარაკით დავიწყე ინტერვიუ, რომლითაც თეონა, როგორც მწერალი გავიცანი.

„ფიდაის“ მერე ათ წელზე მეტი გავიდა. და მაშინ, მახსოვს, თქვი, რომ გინდოდა სხვა მხრიდანაც დაგენახა ტერორიზმი - შაჰიდი ქალის ისტორიის გადმოცემით. თითქოს მისი სიმართლის ჩვენება გინდოდა - ამ მოთხრობის დაწერის მერე ტერორიზმმაც სხვა მასშტაბები მიიღო. მაინტერესებს, დღეს რომ წერდე ამ მოთხრობას, იგივე პათოსს შეინარჩუნებდი?

- არ ვფიქრობ, რომ მოთხრობის მიზანი თვითმკვლელი ტერორისტის სიმართლის ჩვენება იყო. მათ არც სიმართლე აქვს და არც გამართლება. მე მაშინაც და ახლაც მხოლოდ იმ იდეის ამოცნობა მინდა, რაც ადამიანებს ასეთებად აქცევს. მოვლენების “სხვა მხრიდან დანახვა” ნამდვილად იყო მიზანი და ეს ალბათ არის კიდეც ლიტერატურის ერთ-ერთი დანიშნულება. “ფიდაის” შექმნის მიზანი ამის გარდა ზოგადად ადამიანის ბუნების კვლევაც იყო. იმის ჩვენება, თუ რა ხდება თვითმკვლელის გულსა და გონებაში, სიკვდილამდე რამდენიმე საათითა თუ წუთით ადრე, და რა ვნებაა სიკვდილი, რატომ ხდებიან აღმოსავლელი ქალები სიკვდილის მხევლები, რატომ ისწრაფვიან მისკენ. ამ თემაზე შემდეგ ესეც დავწერე - “სექსი და სიკვდილი არაბი მწერალი ქალების შემოქმედებაში”, სადაც ვთქვი, რომ იქ, ჩადრქვეშ, სულ სხვა, ნამდვილი და ჩვენთვის უცნობი სახეები იმალება. ამასობაში ტერორიზმმაც სხვა მასშტაბები მიიღო და ეს თემა უკვე ასევე სხვა მასშტაბით ჩემთანაც გრძელდება.

რას გრძნობ ხოლმე, როცა მკითხველი სულ გახსენებს ერთ კონკრეტულ მოთხრობას ან რომანს, რომელიც ძალიან დაამახსოვრდა, შენ კი ფიქრობ, რომ მას მერე გაცილებით უკეთესი ტექსტები დაწერე?

- ეს, ალბათ, ბუნებრივია. მკითხველს ის პირველი ან ის ყველაზე გახმაურებული ტექსტი დაამახსოვრდა. ის, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა და ბოლოს და ბოლოს ის, რომელიც წაიკითხა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დიდად მკითხველი ხალხი არ ვართ და ამიტომ არ მიკვირს, რომ, ვთქვათ, “საბას” გამარჯვებული “მემფისი” უფრო ახსოვთ, ვიდრე “რეალური არსებები”, რომელიც არც კი წარმიდგენია ამ პრემიაზე. ყველა შემთხვევაში, სასიხარულო და სასიამოვნოა, როდესაც მკითხველს თავისი ფავორიტი ნაწარმოები აქვს. ეს უკვე ძალიან კარგია, თუმცა ყველაფერი ვითარდება და ბუნებრივია, მეც მიჩნდება სურვილი, მათ ახალი ამბები მოვუყვე, ახალი ტექსტები დავამახსოვრო და ახალი ემოციები განვაცდევინო.

როცა შენს მოთხრობებს ვკითხულობ, სულ მგონია, რომ  უბრალოდ მომხდარ ამბავზე თითქმის არ წერ - ყოველთვის რაღაც მწვავე და ხანდახან, სკანდალურიც კი უნდა წამოწიო ხოლმე წინ.  მოხუცებზე უნდა წერო, რომლებიც აღარავის სჭირდება, ან კლონირებასა და მის სავარაუდო შედეგებზე, ტერორიზმზე, ეკოლოგიურ კატასტროფაზე, 90-იანების სოციალურ ყოფასა და რა ვიცი, ორგანოების ტრანსპლანტაციაზეც კი - როგორ მოდის ეს თემები შენამდე? რაზე გაქვს მწერლური რეაქცია და რა შემთხვევაში შეიძლება წერა დაიწყო?

- არ მახსოვს, ვინ თქვა, “საინტერესო ამბები მას გადახდება, ვინც მათი საინტერესოდ მოყოლა იცისო“. მე მაინც ვფიქრობ, რომ “უბრალოდ მომხდარი ამბები” არ არსებობს. ყველა ამბავშია რაღაც განსაკუთრებული, რაზეც წერა ღირს. დანარჩენი სიღრმეში ჩასვლაზეა, მოყოლის სტილსა და მანერაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მქონდეს სათქმელი და კარგი იქნება, თუ ეს სათქმელი მარტო ჩემი ან ჩემი ახლობლების ყოველდღიურობა არ იქნება. ის იქნება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და საზოგადო, უფრო ურბანული თემატიკის, უფრო დიდი და, ამავე დროს, გამორჩეული. მნიშვნელობა არ აქვს, მცირეს აღწერიდან მიდიხარ დიდისკენ, თუ დიდი თემა დაგყავს ერთი ადამიანის ერთ დღემდე და მის ტკივილებამდე, ოკეანის წვეთში ჩანს მთელი ოკეანე თუ პირიქით, ოკეანე შედგება ამ წვეთებისგან. მე მინდა ის, რაც სტატისტიკაა და გახმაურებული სატელევიზიო სიუჟეტების მთავარი თემა, ადამიანურ ისტორიებამდე დავიყვანო. ამ მხრივ ძალიან საინტერესო მწერალია სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც ჩერნობილისა თუ მსოფლიო ომების ტრაგედიების ჩვენამდე მოტანას რიგითი ადამიანური ბედის თუ რაღაც ნიუანსის აღწერით ახერხებს. ასეთი ლიტერატურა ახლა ალბათ ყველაზე მეტად საჭიროა. ჩემი მწერლური რეაქციაც ძირითადად  ამ თემებზეა - ადამიანი და სამყარო. ადამიანი თავისი პატარა ცხოვრებით და დიდი ქარტეხილებით.  ეს დიდი ამბები მართალია, ფონია, ანტურაჟია, მაგრამ უმეტესწილად წარმართავს ბევრ რამეს, განაპირობებს ჩვენს არჩევანს, ამიტომ ის, თუ როგორ მოქმედებს ადამიანი კრიტიკულ სიტუაციებში, ყველაზე საინტერესოა.

„მემფისმა“, რომელიც „საბას“ ლაურეატი რომანია, იტალიაშიც გაიკვლია თავისი გზა და ითარგმნა. როგორ შეხვდა იქაური მკითხველი ამ რომანს?

- “მემფისი” ქართული რომანია, რომელიც ქართველ გოგოზე მოგვითხრობს, მოქმედება 90-იანი წლების თბილისში ხდება და თან, არამხოლოდ ქართული, ამიტომ ის თან უჩვეულო იყო და თან გასაგებიც იტალიელი მკითხველისთვის. მათ ზუსტად ეს ორმაგი განცდა ჰქონდათ. თან იდენტიფიცირებას ახდენდნენ გმირთან, მის ცხოვრებისეულ ამბებთან და თანაც,  ერთგვარ კულტურულ შოკსაც იღებდნენ. თითქოს რაც გმირს გადახდა, ეს მათი წარსულიც იყო და ამ დროს უცნობი წარსული. ალბათ, ამ ორმაგობამ და მრავალშრიანობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ემოციურად მეკითხებოდნენ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, კულტურაზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს თანაგანცდა პატარა ქალაქებში მკითხველთან შეხვედრისას. იმის დანახვა, თუ როგორ ემოციურად კითხულობდნენ ტექსტს და როგორ ტიროდა დარბაზში მსმენელი. მართლა გაოცებული დავრჩი. შესაძლოა, ვთქვათ, სკანდინავიურ ქვეყნებში ასეთი მძაფრი რეაქციები არ ჰქონდეს მკითხველს, მაგრამ იტალიელები ჩვენსავით ემოციური ხალხია, თანაც  უძველესი და უდიდესი კულტურით. მათი აღელვება თან იოლიცაა და თან ძალიან ძნელიც. მიხარია, რომ ეს გამომივიდა. მათი რეცენზიები, პარალელები, შეფასებები ნამდვილად ძალიან ძვირფასია და კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში თემატურად მრავალფეროვანი ცხოვრებაა და, შესაბამისად, ჩვენი ლიტერატურაც ევროპისთვის ძალიან საინტერესოა.

როგორ ფიქრობ,  „მემფისიდან“ „რეალურ არსებებამდე“ რა შეიცვალა შენი, როგორც პროზაიკოსის ენაში, ტექსტის მიმართ მიდგომაში, რომანის წერაში, მოკლედ.

- სათქმელის მხრივ, ალბათ, ბევრი არაფერი. იმ გზას, რომელიც თავიდანვე მოვნიშნე, მივყვები და რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ისევ იმ თემებს ვაგრძელებ. რაც შეეხება ენობრივ თუ სტილისტურ მხარეს, აქ, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვალა, ვფიქრობ, რომ განვითარდა და დაიხვეწა. ვთქვათ, „მემფისში“ უფრო ემოციური და მაღალ რეგისტრში წერის მანერა მქონდა, მეტაფორულად უფრო სავსე და მხატვრულადაც უფრო დატვირთული. „რეალურ არსებებში“ ეს სტილი გამარტივდა, განიტვირთა. თუმცა ჩემთვის ტექსტში მუსიკაა მთავარი, მე ვერ ვყვები ამბავს „ისე, უბრალოდ“. ეგ კი არა, ყოველდღიურ საუბარშიც კი მიყვარს შედარებები და რაღაც მიგნებები. პროზა ჩემთვის პოეზიაცაა და მოყოლილ ამბავს აუცილებლად უნდა ახლდეს ის, რაც მის მიღმაა, რასაც შეიძლება ვერ ხედავდე შეუარაღებელი თვალით. მოკლედ, სტილი ჩემთვის ის ჭოგრიტია, რომელსაც ახლოს მოჰყავს ის, რაც არ ჩანს, ან, სულაც, უხილავს გიჩვენებს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ „მემფისში“ თხრობის მაღალი რეგისტრი უკვე შემდგომ ტექსტებში დაბალანსდა და დამშვიდდა, ფორტე პიანოში გადავიდა, ბევრი ზედმეტი სიტყვისა თუ ემოციისგან განიტვირთა. შესაბამისად, ის საჭირო მაღალი ნოტებიც უფრო კარგად გაისმა. მინდა ეს სწორი, დაბალანსებული აქცენტები ახალ ტექსტზე შევინარჩუნო, თუმცა, თემიდან გამომდინარე, ეს არც ისე იოლია.

ვიცი, რომ ახლაც ახალ ტექსტზე მუშაობ - შეგიძლია, უფრო მეტი გვითხრა, რა ამბავზე იქნება?

- გასული წლის დეკემბერში ვიყავი თურქეთი-სირიის საზღვარზე, სირიელი დევნილების ბანაკებში. სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, ზუსტად ერთი კედლის იქით ცეცხლმოკიდებული ალეპო იყო. იმ ხალხთან შეხვედრა ადამიანურად ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო და, რაც მთავარია, მქონდა შეგრძნება, რომ თანამედროვე სამყაროს ყველაზე მტკივნეულ და გადახსნილ არტერიაზე დავაბიჯებდი. ისინი მიყვებოდნენ დახოცილ შვილებზე თუ მშობლებზე, აფეთქებულ სახლებზე, ომზე, რომელიც ყველაზე აბსურდული და დაუსრულებელი ომია დღეს. თავიდან ამ წიგნს ტერორიზმზე ვწერდი, მაგრამ ტერორიზმი ამ დიდი ბოროტების მხოლოდ ნაწილია. ვფიქრობ, რომ ჩვენ - აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინზე მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე უკეთ უნდა ამოვხსნათ ეს საიდუმლო, გავუგოთ ერთ მხარესაც და მეორესაც, ვიფიქროთ იმაზე, თუ რად იქცევა ხოლმე რელიგია - სიკეთედ თუ ბოროტებად, და, რაც მთავარია, დავინახოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მსოფლიო საინფორმაციო გამოშვებების სტატისტიკაა. მე აქაც ადამიანი მაინტერესებს, მისი ბედი და მისი სულის ისტორია, მაშინ, როდესაც ის მარტოა და როდესაც ერთიანად დანგრეულ, მოჩვენებების ქალაქში ცხოვრობს.

როგორ ფიქრობ, უკვე დღეს, როცა შენც ამდენი ხნის მწერალი ხარ, რა არის მთავარი წერისას, რაც არასოდეს უნდა დაგერღვეს? შენთვის თუ არსებობს რამე მანიშნებელი, რაც ეგრევე რადარივით გაგრძნობინებს, რომ გზას გადაუხვიე, ან - პირიქით, სწორად მიდიხარ?

- 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი მოთხრობა გამოვაქვეყნე. ამ 13 წლის მანძილზე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო დავკარგე. წერით ცოტას ვწერ და, შესაბამისად, 5 წიგნი (და კიდევ რამდენიმე ტექსტი, ამ წიგნებში რომ არ შესულა) ძალიან ცოტაა. ასე რომ, ეს არ არის ჩემი ყოველდღიური თუ თუნდაც ყოველთვიური საქმიანობა, რაზეც ძალიან მწყდება გული. მთავარიც სწორედ ესაა - უბრალოდ ვწერო, მეტი  და ბევრი უნდა ვწერო. ჩემი რადარიც, ამ გზას რომ გადავუხვევ, სწორედ ის არის, სულ მაქვს განცდა, რომ დროს ფუჭად ვკარგავ, რომ რაღაც საქმე მაქვს დაუმთავრებელი და მე კიდევ სხვა რამეს ვაკეთებ, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი მთავარი საქმე მაინც წერაა და რადარიც ამიტომ ყვირის.

როგორ მკითხველს მიეკუთვნები, ვინც წიგნს ბოლომდე ჩაიკითხავს, რომც არ მოსწონდეს, თუ შეუძლია, მაშინვე გადადოს და თავი არ დაიტანჯოს?

- მე ვარ მკითხველი, რომელსაც ძალიან ცოტა დრო აქვს, ამიტომ თავის დატანჯვას არავის ვურჩევ. თუკი რამე არ მომწონს, ეგრევე გადავდებ. ვფიქრობ, რომ ლიტერტურა თან კულინარიასავითაა. გემო თუ არ მოგწონს, არ მოგწონს და მორჩა. შიმშილს სხვა რამით დავიკმაყოფილებ. ბავშვობაში, მომწონდა თუ არა, ყველაფერი აუცილებლად ბოლომდე უნდა წამეკითხა. ეს შემეცნებაც იყო, ცნობისწადილიც, ყველაფრის ბოლომდე გაგების სურვილიც. ახლა ვფიქრობ, ის დრო დამიდგა, კითხვა პირველ რიგში სიამოვნება იყოს და მერე სხვა დანარჩენი.

ბოლო დროს რომელი იყო ის წიგნი, რომლის წაკითხვის მერეც გული დაგწყდა იმიტომ, რომ მისი კითხვა დაასრულე?

- მიშელ უელბეკის “რუკა და ტერიტორია”. ხშირ შემთხვევაში უელბეკის წიგნები რომ მთავრდება, პირიქით, გიხარია, რადგან ეს დიდი დეპრესია და კრიზისი ბევრ მტანჯველ განცდას აჩენს, მაგრამ კონკრეტულად ამ წიგნზე ისე გამიტაცა თემატიკამ, ფორმის თვალსაზრისითაც ისეთი დახვეწილია და თარგმანიც ისეთი კარგი, რომ უკან, წიგნის თაროზე ვეღარ შევაბრუნე. დღემდე მაგიდაზე მიდევს.

შენ თუ გიფიქრია იმაზე, როგორი მწერალი გინდოდა ყოფილიყავი - ან ვის უნდა მოსწონებდოდი, ან  როგორი წიგნები უნდა გეწერა?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა მიჭირს, რადგან ამ მხრივ, ალბათ, ამბიციური ვარ. მინდა ელიტარული და მაღალინტელექტუალური წიგნები ვწერო, და თან ეს წიგნები ყველასთვის იყოს. ასე კი არ გამოდის. მასობრივი მკითხველი ელიტარული ვერასდროს იქნება. მაგრამ ალბათ ოქროს შუალედის მოძებნა შეიძლება. ლიტერატურაში მთავარი მაინც ამბავია. ამბავი კი, თუ კარგად არის დაწერილი, ყველასთვის საინტერესოა. მე მიმაჩნია, როდესაც წიგნი კარგად იკითხება და მკითხველს ითრევს, რაც არ უნდა რთულად იგებდეს ის რაღაც პასაჟებს, მაინც ეცდება, ჩაწვდეს და ეს უკვე მის გაზრდასაც ნიშნავს. ეს კი ის არის, რაც ლიტერატურის კიდევ ერთ მისიას ახორციელებს.

შენი, როგორც მწერლის, რომანისტის მომავალი როგორ წარმოგიდგენია? აი, მე ვფიქრობ ხოლმე, ხანდახან, გავა 10-20 წელი და რაღაც ისეთს დავწერ, სერიოზულს, რაც უფრო დიდხანს დარჩება...

- ამ ფიქრისა და ოცნების გარეშე მწერლობას, როგორც საქმიანობას, აზრიც ეკარგება. თუკი ჩვენ ჩვენზე უფრო გამძლე ტექსტებს არ ვქმნით და ამ, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ „უკვდავების ამბიციით“ არ ვართ მოტივირებული, მეეჭვება, ვინმემ წერა განაგრძოს. ამ საქმიანობას ფული არ მოაქვს და კეთილდღეობა. ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ სწორედ ესაა. ის დიდი სიამოვნება, რასაც წერისას იღებ და ის იმედი, რომ რაღაც ისეთიც დაიწერება, რაც შენზე უფრო დიდხანს და კიდევ უფრო დიდხანს დარჩება... ჩემი, როგორც, რომანისტის მომავალიც ასე წარმომიდგენია. თუკი იმას შევძლებ, რომ მეტი ვიმუშავო, მთლიანად გადავეშვა ამ სამყაროში, ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, მაშინ ასეთი ტექსტები აუცილებლად და ბევრი შეიქმნება. „Nulla dies sine linea“ (არცერთი დღე სტრიქრონის გარეშე) - ეს დევიზი უნდა მქონდეს და მაშინ ყველა მიზანი მიღწეული იქნება.

წერის ჩვევები შეგეცვალა? თუ ისევ იგივე გარემო და სიტუაცია გჭირდება, რომ წერო?

- წერის ჩვევები შეიცვალა, მეტი სიმშვიდე და კონცენტრაცია მჭირდება. გარდა ამისა, ბავშვები, საქმეები, მეგობრები, სოციალური ქსელი... მოკლედ, იმდენი რამეა ირგვლივ და იმდენი რამ მიფანტავს ყურადღებას, რომ აუცილებელი გახდა სხვა ქალაქში და ქვეყანაში წავიდე და ჩავიკეტო. ასეთი ერთი კვირაც კი პროდუქტიულობის თვალსაზრისით აქ, ჩვეულ რეჟიმში გატარებულ ნახევარ წელს უდრის.

ქუთაისი. ვიცი, რომ ყველაფერი იქ დაიწყო და დღემდე შენს ქალაქად რჩება. მაგრამ მაინც მინდა გკითხო - რა მოაქვს ამ ქალაქს, გარდა იმისა, რომ ბავშვობა უკავშირდება. დღეს როცა ჩადიხარ და უყურებ ქუთაისს, როგორი ქალაქია ის შენთთვის, რა ემოციის მატარებელი?

- იქ დავიბადე და სკოლაც ქუთაისში დავამთავრე. 16 წელი ბევრია ბავშვობისთვის, მაგრამ ამ გადასახედიდან ცოტაა. ეს ქალაქი ჩემთვის უფრო მშვიდი და უზრუნველი ბავშვობაა, ის პატარა ქუჩა და სახლი, სადაც გავიზარდე. მამაჩემის სახელოსნოა, რომელიც ქალაქის სხვა უბანში იყო, სადაც ნახატებთან ერთად ვეშაპის ულვაში, ზღვის ლომები, ოკეანის ვარსკვლავები და ბევრი უცნაური ნივთი ეკიდა. მამა ბევრს მოგზაურობდა და მერე ხატავდა. ეს სხვა სამყარო იყო და ჩემი შემოქმედებითი ხეტიალიც იქიდან დაიწყო.

როცა პატარა იყავი, რა ხდებოდა მაშინდელ ქუთაისში? როგორი სახლი გქონდათ, როგორი ეზო, რა თამაშებს თამაშობდით?

ჩვენი ბავშვობა იყო მწვანე და მყუდრო ეზოებში თამაში, იყო კლასობანა და ლაფტა, თოჯინების აქეთ-იქით თრევა და ერთი დიდი საერთო მხიარულება. პროფესიული ნიშნით აშენებულ ეგრეთ წოდებულ მხატვრების ბინაში ვცხოვრობდი. დიდი და ნათელი სახლი გვქონდა, საღებავებით, ნახატებით, წიგნებით, მოლბერტებით სავსე. იქ ყველა ხატავდა და აქანდაკებდა, რაც გავლენას ბავშვებზეც ახდენდა. მეც ვხატავდი და დღემდე ვხატავ, მაგრამ წიგნები მაინც თავიდანვე მთავარ ვნებად იქცა. და თამაშებიც ამას მიესადაგა. თუკი სარდაფში განძის საპოვნელად ჩავდიოდით, ტომ სოიერი მქონდა ახალი წაკითხული, თუ გემზე მეკობრეებს ვეომებოდით - „განძთა კუნძული“ და ასე შემდეგ...

მამა ხატავდა. და დედა? როგორები იყვნენ ისინი მაშინ, როცა თეონა პატარა გოგო იყო?

- მამას იშვიათად ვხედავდი. დილით სახელოსნოში მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა, ან სამოგზაუროდ იყო უცხო ქვეყნებში და უკან დაბრუნებული საოჯახო კინოთეატრს ვაწყობდით, სადაც პროექტორს ვრთავდით და სახლის კედელზე იმ  ქვეყნებში გადაღებულ ფერად სლაიდებს და ფოტოებს გვაჩვენებდა. დედა ისტორიკოსია, სკოლაში ასწავლიდა და მთელი ბავშვობა მასზე შეყვარებული მოსწავლეების უზარმაზარ არმიაზე ვეჭვიანობდი. დღემდე ვფიქრობ, რომ დედაჩემი მსოფლიოში საუკეთესო დედაა, ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს და ყველაზე დიდი გული აქვს. დედაჩემის გამო პერფექციონიზმის ისეთი კომპლექსი ამეკიდა, რომ ალბათ ვერასდროს დავძლევ და ისეთი სრულყოფილი, როგორიც ისაა, ვერასდროს ვიქნები.

რომელმა რა მოგცა, როგორ გგონია? დღეს რომ გკითხონ - რა წამოიღე დედისგან და რა მამისგან?

- მამისგან მხატვრობის და კლასიკური მუსიკის სიყვარული, მამა მელომანია, სულ ხატავს და მასთან სულ მუსიკა ისმის. და, რაც მთავარია, თავისუფლების სიყვარული. მისი თაობის და ასეთი თავისუფალი არავინ მინახავს. ერთი დღეც კი არსად უმუშავია, საბჭოთა პერიოდშიც და მერეც, ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, შეძლო მარტო საკუთარი შემოქმედებით ეცხოვრა. მამა იმის მაგალითია, რომ აქ მხატვრობით თავის გატანა შეიძლება და დიდი შემოქმედების შექმნაც. და რკინის ფარდაში დაგმანულისთვისაც დიდი თავისუფლების მიღწევაც. ერთი, რაც ვერ წამოვიღე და ვერ ავითვისე მამისგან, მისი გასაოცარი შრომისმოყვარეობაა. სხვა ყველაფერი კი, თუ რამ კარგი მაქვს, დედისგან მაქვს.  გულმოწყალება, კომპრომისების უნარი, ქალური სინაზე და ღვთიური და ადამიანური სიყვარული - ამ უნარების და სილამაზის გამო დედა ჩემთვის მერი პოპინსიც იყო და კონკიაც, ჯეინ ეარიც და რემედიოსიც.

ზაფხულებს და ზამთრებს სად და როგორ ატარებდით? იყო ხოლმე ბანაკები? თხილამურები? თუ?

- რა თქმა უნდა, ზღვაც იყო და მთაც, ქობულეთიც და ბაკურიანიც, მაგრამ ჩემი ბავშვობის ზაფხულების და ზამთრების მთავარი ეპიცენტრი მაინც დედის სოფელი იყო. ბუნების შეცნობა და, საერთოდ, სამყაროს აღქმა, ალბათ იმ მიწიდან დაიწყო, ბებიის მისტიური რელიგიური თქმულებებიდან და ბაბუას  ვენახებიდან. იქ  კარგა ხანია, აღარავინაა და სოფელიც აღარ არსებობს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვწერ იქაურობაზე და ასე, ჩემთვის ვიხსენებ და ვაცოცხლებ.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტი რატომ აირჩიე? რა ჰქონდა ამ პროფესიას ისეთი, რაც გიზიდავდა? და მაშინდელმა არჩევანმა გაამართლა, როგორ გგონია? თუ ბევრის მსგავსად, შენც მიხვდი, რომ ეს შენი საქმე არ იყო?

- მაშინ ვიფიქრე, რომ წერას უკავშირდებოდა და ამიტომ ავირჩიე, იმავე წელს მეორადზე კინოსარეჟისოროზეც ჩავაბარე, თუმცა ისეთი წლები იყო, სად ისწავლიდი, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ჟურნალისტად მუშაობამ ბევრი რამ მომცა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მივხვდი რომ სხვა ეტაპზე უნდა გადავსულიყავი.

თბილისი როგორ ქალაქად იქცა შენთვის? რა მოგცა და, პირიქით, რა დაგავიწყა?

- თბილისი ჩემი მთავარი ქალაქია. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც აქ დავბრუნდები. რომ მითხრან, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ქალაქში საუკეთესო პირობებში გადაგიცვლით აქ ცხოვრებასო, დაუფიქრებლად ვიტყოდი უარს. აქაურობა თავისი მიწითა და ცით, ტაძრებით და  გალავნებით, დილებით და საღამოებით, ხალხითა და ამბებით განუმეორებელია და უშრეტი ინსპირაციის წყაროა. იმდენ რამეზე ვბრაზობ და იმდენი რამ მიხარია აქ, ნეტა რომელმა ქალაქმა შეიძლება ეს ემოცია მომცეს და, რაც მთავარია, მშობლიურობის ასეთი განცდა მომანიჭოს.

ადრეც გკითხე შენი და ქალაქების სიყვარულის ამბავზე, მოგზაურობაზე - რა უფრო გიყვარს, ქუჩებში ხეტიალი თუ მუზეუმებში გატარებული საათები? რა არის შენთვის მოგზაურობების მთავარი სიყვარული?

- რა თქმა უნდა, ქუჩებში ხეტიალი. არქიტექტურა, ლანდშაფტი, ცოცხალი სახეები, ხმები, ფერები, სუნები - ეს მთავარია! უცხო ქალაქში გატარებული იდეალური დღე ასეთია. მიდიხარ უმისამართოდ და რაც გხვდება, ყველაფერს ისრუტავ , იმახსოვრებ, ზურგჩანთაში იწყობ. გზადშემხვედრ გალერეაში თუ მუზეუმში შეივლი, იქ, როგორც წესი, პიკასოსა და შაგალზე ნაკლები არ გხვდება, მერე ბაღებს გადაჭრი და ხეების ჩრდილიდან მზეს ახედავ, მერე ლამაზ მოედანზე მოხვდები, მაღაზიაში ჭრელ კაბას ან უცნაურ ქუდს იყიდი,  სულ საოცარი სახლები და ერთმანეთზე უფრო ლამაზი ქუჩები გხვდება, ერთმანეთზე უფრო მხიარული ხალხი, მერე, ბევრი ხეტიალით დაღლილი, კაფეში დაჯდები და ზუსტად იქაურ და იმ ჰაერზე გაკეთებულ კერძს შეჭამ, ღვინოს დალევ და ადამიანების სახეებს დააკვირდები. ხმებს მოისმენ, იქ სულ ამბებია, სულ ცხოვრებაა, სულ რაღაც ხდება. ისინიც გიყურებენ და გიღიმიან. არ სწყინთ, მათ ქალაქს ასე ჯიბეებში რომ ილაგებ. პირიქით. გინაწილებენ და შაქრის ნატეხებივით გიყრიან ყავაში. ქუჩის მუსიკოსებიც იქვე არიან. საპნის ბუშტების ფესტივალიც. უეცრად დაწყებული ცეკვებიც და ამ საერთო ფერხულის და მხიარულების ისეთი ორგანული ნაწილი ხდები, ისეთი თავისუფალი და ლაღი... მსოფლიოს მოქალაქე! ზუსტად ასეთ წუთებში მოტანილი ერთობისა და სიყვარულის განცდა მარწმუნებს ხოლმე, რომ ეს პლანეტა არასდროს გაქრება და მარადიულად იარსებებს.

მე არასოდეს მინახავს „საშინაო“ თეონა - სულ ფორმაში ხარ, სულ აქტიური ხარ, და იქ როგორი ხარ, შიგნით, სადაც მხოლოდ შენები გხედავენ?

- ახლა დავფიქრდი და საშინაო მგონი არც არასდროს ვარ. არ ვიცი, რატომ არ ვაძლევ თავს მოდუნების უფლებას. ყოველდღიურობა ძირითადად სულ მოძრაობაა, დღის ბოლომდე რაღაცის კეთება და რეპრეზენტაცია. მაგრამ ამის საკომპენსაციოდ მაქვს  ერთთვიანი და კიდევ მეტხნიანი ინტროვერტული პერიოდებიც, როდესაც თაგვივით ჩემს სოროში შევიკეტები და არ გამოვდივარ, არავის ვენახები. ეს ყველაზე საუკეთესო დროა რეფლექსიისთვის, წერისთვის, ფიქრისთვის და საკუთარი თავის ხელახლა შექმნისთვის.

ლუკას და ელენეს თეონა როგორია?

ლუკას და ელენეს თეონა დედაა. ჩემი მწერლობა მათ ჯერჯერობით ნაკლებად აინტერესებთ. მარტო მაშინ, როდესაც ვწერ და ელენეს ვთხოვ, „ცოტა მაცადე, ახლა დრო არ მაქვს სათამაშოდ-მეთქი“, თვითონაც იწყებს ჩემსავე ლეპტოპში რაღაცების „წერას“. ეს კი ნამდვილად არ არის კარგი აზრი, მაგრამ... ელენე საერთოდ ცდილობს, ყველაფერში მომბაძოს, ჩემნაირი იყოს, ამ დროს, რა თქმა უნდა, 5 წლის გოგოსთვის სასაცილოა, მაგრამ მე ძალიან მიხარია და როდესაც თანატოლებს სიამაყით ეუბნება - აი, ჩემი დედიკო! ბედნიერი ვარ. ლუკა დიდია, თავისი განსაკუთრებული სამყარო აქვს. ტექნოკრატია, ზუსტი მეცნიერული ნაშრომები უფრო აინტერესებს და მხატვრულ ლიტერატურას შემწყნარებლური ღიმილით უყურებს, თუმცა იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მაინც დავაინტერესებ და ჩვენს ბანაკშიც გადმოვიყვან.

ლიტერატურის გარდა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და შენი ნებით არასდროს იტყვი უარს?

- ძალიან მიყვარს ხატვა. კინემატოგრაფია საერთოდ მნუსხავს და იმედი მაქვს, ამ სფეროში რაღაცების გაკეთების საშუალებაც მომეცემა. საერთოდ კი იმდენი კარგი რამ არსებობს, ნეტა მეტი დრო იყოს, კიდევ უფრო მეტ და მეტ რამეს აღმოვაჩენდი და ვისწავლიდი, რაზეც არასდროს ვიტყოდი უარს.

ამასწინათ მკითხეს, როგორ გგონია, ლიტერატურას თუ შეუძლია ადამიანი შეცვალოსო. იგივე მინდა გკითხო - სადამდე მიდის წიგნის ძალა, როგორ გგონია?

- ალბათ მაინც ადამიანს გააჩნია. კაცობრიობის ისტორიას ბევრი ადამიანი უნახავს, ვინც ხელოვნებას არ გაუკეთილშობილებია და არ შეუცვლია. მაგრამ ზოგადად, მე მჯერა, რომ ლიტერატურას ძალიან დიდი ძალა აქვს. აქ მთელი ადამიანური სიბრძნე და გამოცდილებაა თავმოყრილი, აქ მოყოლილი ამბები ისტორიაზე მეტია და ფილოსოფიაზე ღრმა. მან საუკუნეების სიღრმეში მიმალული სახეები, განცდები და გრძნობები შეინახა. ეს ისეთი სულის გამოცდილებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს, გქმნის და გაძლიერებს. ყველა იმ ამბის პრიზმაში გატარებს და  შენც უკვე ინფორმირებულიც ხარ და, შესაბამისად, შეიარაღებულიც. და თუ იმ დიდ მწერლებთან და პერსონაჟებთან საუბარს შევძლებთ, მათ სწორად კითხვას და აღქმას, ლიტერატურას შეუძლია, შეცვალოს არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სამყაროც.

ფული გიყვარს?

- ფული მიყვარს, როგორც თავისუფლება. როგორც რაღაცის კეთების,  სადმე წასვლის, რაღაც ახლის აღმოჩენის საშუალება.  ამიტომ მე ფული არასდროს მიჩერდება. როგორ შეიძლება თავისუფლება გამოიზოგო? ხვალისთვის გადადო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პროფესიის ადამიანებს ეს თავისუფლება თავისი შრომის შედეგად უნდა მოსდიოდეთ, რადგან ერთი ქმნის მეორეს და პირიქით. ის ქართული სტერეოტიპი (სხვა ქვეყნის კულტურაში იშვიათად ან თითქმის არ მინახავს), რომ მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი ღარიბი უნდა იყოს, ის გაუგებარი რომანტიკა, რომ გალაკტიონს პალტო არ უნდა ჰქონოდა ზამთარში და ფიროსმანი კიბის ქვეშ შიმშილით უნდა მომკვდარიყო, თორემ ისე ფასეულს ვერაფერს შექმნიდნენ, მცდარია და არასწორი. დროა, თანამედროვე საქართველოში ბევრი ძლიერი, საკუთარი შემოქმედებით მატერიალურად გამდიდრებული და წარმატებული ადამიანი ვნახოთ. ასე თუ არ მოხდა, წინ ვერაფერში წავალთ. კულტურა უნდა გვშიოდეს და კულტურა უნდა გვაპურებდეს. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, რომლის პირველი სავიზიტო ბარათი სწორედ კულტურაა.

ყველაზე გაბედული როდის ხარ ხოლმე? თუ გახსენდება რამე ამბავი, როცა შენს თავზე არ გიფიქრია და ისე წასულხარ რაღაც რისკიან საქციელზე?

- მიმაჩნია, რომ ზოგადად რისკიანი და გაბედული ვარ. ეს, შესაძლოა, მეტისმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. რატომღაც მგონია, რომ ყველაფერი გამომივა და ამიტომ ხშირად რთულ რაღაცებზე დაუფიქრებლად დავთანხმებულვარ. ყველაზე გაბედული კი მაშინ ვარ, როდესაც საქმე შვილებს ან ახლობელ ადამიანებს ეხება. საერთოდ, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვმოქმედებ, მართალი ვარ და ეს ის საქმეა, რაც მნიშვნელოვანია, დიდ რისკზე წასვლაც შემიძლია. მგონია, რომ ამ დროს სხვა კეთილი ძალებიც მეხმარება და მარტო არა ვარ.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE