ფერფლის წრეები


ფერფლის წრეები




ალეხანდრა პიზარნიკი დაიბადა 1936 წლის 29 აპრილს, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ პერიფერიულ უბანში, აველიანედაში, სადაც ორიოდე წლით ადრე დასახლდნენ მისი მშობლები, რუსულ-პოლონური სასაზღვრო ქალაქიდან, - როვნოდან, - ფაშისტურ საფრთხეს  გამოქცეული, ებრაული წარმოშობის, სამკაულებით მოვაჭრე წყვილი (აღსანიშნავია როვნოს საშინელი ჰოლოკოსტი, როდესაც II მსოფლიო ომის დასაწყისში, 1941 წელს, ფაშისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, ამ ქალაქში მცხოვრები 25 000 ებრაელიდან დახვრიტეს 20 ათასი ადამიანი. ამ დახვრეტას პიზარნიკების ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ გადაურჩა).

II მსოფლიო ომის შემდგომდროინდელ არგენტინაში გატარებული ბავშვობა ალეხანდრასთვის ტრავმატული, ემიგრანტობის გამო დაღდასმული პერიოდია, სადაც ის ცდილობს გაექცეს შიშებს, ტკივილებს და თავშესაფარს პოულობს ლიტერატურაში. ონირიკული და სიურრეალისტური პოეტური ენებით ცდილობს გამოხატოს თავისი ყველაზე პრიმიტიული იმპულსები, რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე თავზარდამცემ, რევოლუციონერ ესპანურენოვან ქალ ავტორად.

ალეხანდრა 1954 წელს ბაკალავრის ტიტულის მიღების შემდეგ აბარებს ბუენოს-აირესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, საიდანაც მალევე გადადის ჯერ ჟურნალისტიკის, შემდეგ კი ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რათა საბოლოოდ ყველაფერი მიატოვოს და მთელი თავისი დრო დაუთმოს წერას. სწავლის პერიოდში იკვეთება მისი მებრძოლი, ძლიერი სული. ძალიან უცნაური, სიცოცხლის საოცარი ჟინის მქონე ახალგაზრდა ცდილობს, იმ ეპოქის არგენტინაში ძალდატანებული, თავსმოხვეული საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ იაროს. 1960 წელს მიემგზავრება პარიზში, სადაც კარს უხსნიან იმ ეპოქის ინტელექტუალური წრეები. ისეთ ავტორიტეტებს, როგორებიც არიან ხულიო კორტასარი, ოქტავიო პასი და ხუან-ხაკობო ბახარლია, მის მიმართ სიმპათია უჩნდებათ და ეხმარებიან ველური პოტენციალისათვის კალაპოტის მიცემაში. ალეხანდრა სორბონაში სწავლობს რელიგიის და ფრანგული ლიტერატურის ისტორიას. ბევრს მუშაობს საყვარელი ფრანგი პოეტების თარგმნაზე. არტო, რემბო, ბოდლერი და სხვები მასზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ. პარალელურად, სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდება მისი პოეტური თარგმანები. ის თავის ნაწარმოებებში პოსტეგზისტენციალისტურ ხაზს ავითარებს, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებულ „დაწყევლილ პოეტთა“ რიცხვში მოიხსენიება.

 მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თავმოყრილია შემდეგ წიგნებში: "უცხოთა მიწა" (1955), "უკანასკნელი უბიწოება" (1956), "დავიწყებული თავგადასავლები" (1958), "დიანას ხე" (1962), "შრომები და ღამეები" (1965), "ფილოსოფიური ქვის ამოღება" (1968), "მუსიკალური ჯოჯოხეთი", „მოკლე სიმღერები“ და „პირსისხლიანი გრაფინია" (1971). მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ლექსების ბოლო კრებული "აკრძალული ზონა“ (1982).

1965 წელს მას გადაეცა ბუენოს-აირესის მუნიციპალური პრემია პოეზიისათვის; 1969 წელს გუგენჰაიმის გრანტი ხელოვნების დარგში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისათვის, 1971 წელს კი ფულბრაიტის გრანტი.

ალეხანდრა პიზარნიკის შემოქმედება  უნიკალურია იმით, რომ სრულიად ავტობიოგრაფიულია.  ავტორი ცდილობს, საკუთარი სურვილების თუ დაფარული კომპლექსების, ლესბოსელობის, ბავშვობის ტრავმების გამოხატვას, მაგრამ ყველა ეს ელემენტი მის მეტაფორულ, სიურრეალისტურ თუ სიმბოლისტურ თავზარდამცემ ენაში ისე თავსდება, რომ იქმნება განსაკუთრებული, განუმეორებელი პოეტური ხმა. შეიძლება ითქვას, რომ ალეხანდრას პოეზიის მეშვეობით, იმ ტერიტორიებზე შეღწევით, სადაც მანიები, ვნებები, საზოგადოებრივი აკრძალვები ბინადრობენ, საკუთარი თავის პოვნა სურს. ესაა  ლაბირინთი, საიდანაც ის უკვე ვეღარ ახერხებს გამოსვლას.

ალეხანდრა პიზარნიკის ყველაზე დიდი ღირსება ალბათ მისი სიმამაცეა, რომელმაც საშუალება მისცა, შეექმნა უდიდესი სიღრმის მქონე ლექსები. მის შემოქმედებაში ვხვდებით ქალს, რომელიც ცხოვრობს, ოცნებობს, სდის სისხლი და ცრემლები. მწუხარე სულის არსებას, რომელსაც სიცოცხლის დიდი ძალა აქვს. სულს, რომელიც ჰეტეროპატრიარქალური სოციალური სტრუქტურის მიერ თავსმოხვეული ნორმების გამო მერყეობს ეროტიკულობასა და დათრგუნულ სურვილებს შორის.

სიცოცხლის ასეთი დიდი ძალის მიუხედავად, ის მაინც ვერ გაურბის საკუთარ აჩრდილებს. უჭირს ღრმა დეპრესიებთან გამკლავება და 1972 წლის 25 სექტემბერს, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ექიმის ნებართვით, დაუმთავრებელ წიგნზე სამუშაოდ ორი დღით სახლში წასული, იღებს ანტიდეპრესანტების მთელ ფლაკონს და სამუდამოდ ხუჭავს თვალებს...

 

                             მოამზადა ირაკლი მენთეშაშვილმა

 

წყვდიადის მოლოდინში

 

ვერაფრით რომ ვერ ივიწყებ, ის გაელვება

რა ფუტუროა, ლანდთა მიერ უარყოფილი,

რა ფუტუროა, დროთა მიერ ვერმიღებული -

ის ცოდო წამი, ჩემს სითბოში შემოპარული.

ფრთების სისხლი კი სულ ბოლომდე გაშიშვლებულა,

თვალიც არაა, ნამყოს დარდი რომ გაიხსენოს,

ტუჩიც არაა, სისასტიკის გემო რომ ხვრიპოს,

და ჩაკარგულა სამრეკლოში, ჩამონგრეულში.

 

შემოუშვი იგი შენში, სულით ბრმა ბავშვო,

დანამული შენი თმები ცეცხლთან გაშალე,

შიშის პატარა ქანდაკებაც ჩაიხუტე და

დაანახე ის სამყარო, შენს ფერხთით რომ თრთის -

დაანახე ის მერცხლები,

მყოფადის წინ შიშისგან რომ იხოცებიან,

უთხარი, რომ ზღვის სუნთქვები

დაჰბერავენ მხოლოდ იმ სიტყვებს,

ამ ცხოვრებას აზრს რომ აძლევენ.

 

თუმცა კი იმ გაელვებას, ფუტურო ოფლი არაფრისგან რომ გვაღვრევინა

და ბედისწერის მღვიმეშია გამომწყვდეული,

ხელები აქვს წართმეული, არაფერი რომ არ წამოსცდეს,

ხელები აქვს წართმეული, პეპლები რომ არ აჩუქოს

დახოცილ ბავშვებს.

 

 

ფერფლის წრეები

 

                 კრისტინა კამპოს

 

სიმღერა რომ ისმის, ეს ჩემი ხმაა,

იმათი ხმა რომ არ ისმოდეს,

ვისაც პირი რაღაც რუხით ალიონზე ამოუქოლეს

და ჩააცვეს მიუსაფარი ჩიტების კაბა შუა წვიმაში.

 

კუნაპეტის ლოდინის ჟამს იასამნის ნაზი ტოტების

მტვრევის ჩურჩული მოისმის ხოლმე.

დღე როცა დგება

მზის დისკო შავ ნაწილებად იმსხვრევა და

საზარელი ისმის ხმაური,

ხოლო როცა ღამეა, მუდამ

სამალავს ეძებს დასახიჩრებულ

სიტყვათა ხროვა ამ ჩემს ხორხში,

იმათი ხმა რომ არ ისმოდეს -

მდუმარების ჭირისუფალთა.

 

 

გამოღვიძება

 

              ლეონ ოსტროვს

 

უფალო

გალია გარდაისახა ჩიტად

და გაფრინდა

და ჩემი გული გაგიჟდა

უყვირის სიკვდილს

და ჩემს ბოდვას უღიმის

ქარიშხლის უკან

 

რა ვუყო ამ შიშს

რა ვუყო ამ შიშს

 

ჩემს ღიმილში აღარ თამაშობს სინათლის სხივი

წელიწადის აღარცერთ დროში აღარ ისმის

ყიჟინა მტრედების რომ აფეთქდნენ ამ ჩემს ფიქრებში

ჩემი ხელები გაიქცნენ იქით

სადაც მკვდრები

ასწავლიან სიცოცხლეს სიკვდილს

 

უფალო

ჰაერი ჩემს არსებას წამლავს და ტანჯავს

ჰაერის უკან კი მონსტრებია

ჩემი ძარღვიდან სისხლს რომ ხაფავენ

 

ამაშია უბედურება

შიგნით კი ფუტურო სიცარიელე

ტუჩებზე კლიტის დადების დროა

მსჯავრდებულების ყვირილის დროა

სახრჩობელაზე თითოეული ჩემი სახელის დაკიდების

განაჩენის სეირის დროა

 

უფალო

მე ოცი წლისა ვარ

ჩემი თვალებიც ოცი წლისაა

არაფრისმთქმელი ჩემი თვალები

 

უფალო

წამის გაელვებაში გავხარჯე მე მთელი სიცოცხლე

გასკდა სულ ბოლო უბიწოებაც

ახლა და ამწამს ან არასდროს მეტი არასდროს

ანდა უბრალოდ ის რაც უკვე აქამდე იყო

 

სარკის წინაშე თავს რად არ ვიკლავ?

რომ გავქრე და შემდეგ ზღვაში გავჩნდე ხელახლა

სადაც დიდი გემი მიცდის

ანთებულ ფარნით?

 

რატომ არ ვცდილობ სისხლძარღვები ამოვიწელო?

მათით გზაკვალს რატომ არ ვზომავ

რომ გადავწვდე შუაღამის უხილავ მხარეს?

 

დასაწყისმა დასასრულის შუქი დაბადა

ყველაფერი უცვლელი რჩება

ეს სიცილის გრიმასები მთლად გაცვეთილი

ინტერესი ინტერესების

კითხვები ქვიდან ქვაზე მავალი

ჟესტები რითიც ტრფობას ბაძავენ

ყველაფერი რჩება უცვლელი

 

კვლავ სურს ჩემს ხელებს ჩაიხუტოს მთელი პლანეტა

მათთვის ხომ ჯერ არავის უთქვამს

რომ უკვე ძალზე გვიანი არის

 

უფალო

სისხლის კუბოები გადმოაფრქვიე

 

მახსენდება ჩემი ბავშვობა

ბებრუხანა ვიყავი მაშინ

მაჭკნებოდა ვარდები ხელებში

იმიტომ რომ მათ გულს უკლავდა

სიხარულის ველური ცეკვა

 

მახსენდება მზიანი და შავი დღეები

პატარა ბავშვი ვიყავი როცა

ანუ გუშინ

ანუ ერთი საუკუნის წინ

 

უფალო

გალია გარდაისახა ჩიტად

და იმედები გაქურდა ჩემი

 

უფალო

გალია გარდაისახა ჩიტად

რა ვუყო ამ შიშს

 

 

ქარიშხლის ქალიშვილი

 

მოვიდნენ.

სისხლში შემოვიდნენ.

ბუმბულის,

ცრემლების,

შიმშილის სუნი სდით.

შენ კი ასაზრდოებ

შიშს და სიმარტოვეს,

როგორც უდაბნოში დაკარგულ ცხოველებს.

 

მოვიდნენ,

ცეცხლი რომ გაუჩინონ ასაკს სიზმრებისას.

ეს შენი ცხოვრება ჰგავს დამშვიდობებას.

თავს ეფერები, იკლაკნები,

შენს თავზე იხვევი შეშლილი გველივით,

რომელიც მხოლოდ თავის თავს პოულობს,

რადგან გარშემო არავინ არ არის.

 

ცრემლებს ღვრი, ქვითინებ,

სურვილების ჯადოსნურ სამალავს ხსნი და ხედავ, რომ

ღამეზე უფრო მეტად ტკბილი ხარ.

 

მაგრამ სიმარტოვე იმდენად მძაფრია,

რომ სიტყვებიც კი თვითმკვლელობას სჩადიან.

 

 

ფერფლი

 

ბნელი ღამე გაოგნებული შემომყურებდა

და ვარსკვლავებად დამემსხვრა თავზე.

ჯავრითაა ჰაერი სავსე,

თუმც ულამაზებს

მუსიკა სახეს.

 

ჩვენ მალე წავალთ.

 

ტაროს დასტიდან ერთი ქაღალდი

წინაპარია ჩემი ღიმილის.

მთელი სამყარო შებოჭილია,

ბორკილი ადევს, გასაღები კი არაა არსად,

და შიში არის, ხოლო ცრემლი არსად არ არის.

 

რას ვუზამ ჩემს თავს?

 

რადგან რაცა ვარ, შენით ვარ მხოლოდ

 

და ხვალინდელი დღე არა მაქვს

 

რადგანაც მე შენ...

 

და წამდება ღამე.

 

             ესპანურიდან თარგმნეს ირაკლი მენთეშაშვილმა და შოთა იათაშვილმა

 

 

ლექსები წიგნიდან „შრომები და ღამეები“

 

 

ლექსი

 

შენ ირჩევ ჭრილობის ადგილს,

სადაც ჩვენს მდუმარებას ვლაპარაკობთ.

შენ აქცევ ჩემს ცხოვრებას

ამ უსპეტაკეს დღესასწაულად.

 

 

გამოცხადებები

 

ღამით, შენ გვერდით,

სიტყვები გასაღებდებიან.

სიკვდილის სურვილი ხდება მეფე.

 

დაე შენი სხეული ყოველთვის იყოს

გამოცხადებათა ძვირფასი სივრცე.

 

 

შენს დაბადების დღეზე

 

მიიღე ეს სახე ჩემი, მდუმარე, მავედრებელი.

მიიღე ეს სიყვარული, რომელსაც ვითხოვ.

მიიღე ეს ნაწილი ჩემში, რომელიც შენ ხარ.

 

 

საყვარლები

 

ყვავილი

              ღამის შორიახლოს

              ჩემი მუნჯი სხეული

       ეშლება

ცვრის ფაქიზ მყისიერებას

 

 

რომელიც ანათებს

 

როდესაც მიყურებ,

ჩემი თვალები გასაღებებია,

კედელი ინახავს საიდუმლოებს,

ჩემს შიშს - სიტყვები, ლექსები.

მხოლოდ შენ აქცევ ჩემს მეხსიერებას

აღფრთოვანებულ მოგზაურად,

მარადმწველ ცეცხლად.

 

 

აღიარება

 

შენ აქციე მთრთოლვარე იასამანთა დუმილი

ჩემს ტრაგედიად ქარის გულში.

შენ აქციე ჩემი ცხოვრება საბავშვო ზღაპრად,

სადაც დახრჩობა და სიკვდილი

წინაპირობებია სანუკვარი დღესასწაულებისთვის.

 

 

შეხვედრა

 

ვიღაც სიჩუმეში შევიდა და მიმატოვა.

ახლა მარტოობა არაა მარტო.

შენ ღამესავით ლაპარაკობ.

წყურვილივით მევლინები.

 

 

დავიწყება

 

ღამის მეორე ნაპირას

სიყვარული შესაძლებელია

 

წამიყვანე იქ —

 

წამიყვანე იმ ტკბილ რაობებში

შენს მეხსიერებაში რომ კვდებიან ყოველდღე

 

 

შენთვის სახელის დარქმევა

 

არა ლექსი შენს არყოფნაზე,

ნახატი მხოლოდ, ნაპრალი კედელში,

რაღაცა ქარში, მწარე გემო.

 

 

გამომშვიდობება

 

საკუთარ ნათელს კლავს მიგდებული ცეცხლი.

გალობას იმაღლებს შეყვარებული ჩიტი.

ამდენი ხარბი არსება ჩემს მდუმარებაში

და ეს ციცქნა წვიმა, რომელიც თან მდევს.

 

 

შრომები და ღამეები

 

რათა ამომეცნო წყურვილში ჩემი ემბლემა

რომ აღენიშნა მას უცალო სიზმარი

და მეტად აღარ მეკვება თავი სიყვარულით

 

მე ვიყავი მთელი შეწირულობა

მგლის წმინდა ხეტიალი

ტყეში

სხეულების ღამეს

 

რათა მეთქვა უმწიკვლო სიტყვა

 

 

მწვანე სამოთხე

 

უცხო, რომელიც ვიყავი,

როდესაც შორეული სინათლეების მეზობლად

შევაგროვე მეტისმეტად წმინდა სიტყვები

ახალ სიჩუმეთა შესაქმნელად

 

 

ბავშვობა

 

ჟამი, როდესაც ბალახი იზრდება

ცხენის მეხსიერებაში.

ქარი წარმოთქვამს უბიწო სიტყვებს

შროშანების პატივსაცემად,

და ვიღაც აბიჯებს სიკვდილში

თვალგახელილი,

როგორც ელისი უკვე ნანახის მხარეში.

 

 

მანამ

 

მუსიკალური ტყე

 

ჩიტები დამახატავდნენ თვალებზე

ციცქნა გალიებს

 

 

განთიადი

 

შიშველს მესიზმრება მზიანი ღამე.

მე ვიწექი ცხოველი დღეების მანძილზე.

ქარმა და წვიმამ წამშალეს,

როგორც ცეცხლს წაშლიდნენ, ანდა ლექსს,

დაწერილს კედელზე.

 

 

საათი

 

ერთი ციცქნა ქალბატონი

რომელიც ჩიტის გულში ცხოვრობს

მწუხრის ჟამს გადის ერთი მარცვლის წარმოსათქმელად

 

 

არარსებულის გული

 

ნუ გადამცემ,

უნაღვლიანესო შუაღამეო,

შუადღის უსუფთაო სითეთრეს

 

 

მდუმარებები

 

სიკვდილი მარად ჩემ გვერდით.

ვუსმენ, რასაც მეუბნება.

მხოლოდ საკუთარი ხმა მესმის.

 

 

სიჩუმეს მოვითხოვ

 

თუმცა გვიანია, ღამეა,

და შენ არ ძალგიძს.

იმღერე ისე, თითქოს არაფერი ხდებოდეს.

 

არაფერი ხდება.

 

               ესპანურიდან თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE