მყავს წუთისოფელი


მყავს წუთისოფელი




რეკვიემი

 

აქ იყვნენ კეტიანი

ქალი და კაცი.

კაცი შავი, როგორც

ჭილყვავი,

ამიტომ ქალი ანათებდა

მის ნაცვლადაც.

ბერტყავდნენ ნაძვებს

ძილქუშისაგან,

აშორებდნენ თოვლის

სიყალბეს,

ამის გამოც იყო,

ერთმანეთი რომ

შეიყვარეს.

კაცი ძალიან მალე

ბედმა ისე დაჩრდილა,

რომ ცოლ-შვილმა მიწისგან

ვეღარ გამოარჩია.

ქალი გამოეწყო თეთრი

ღამეების ფარჩებში.

პატარა ჭილყვავებმაც

მიწაში დაიწყეს ქექვა,

მამას ეძებდნენ,

განსხვავებით ქალისგან,

ქმრის ნატვრაში

ნაძვის ტოტებში რომ

გაიხლართა

რძიანი ძუძუებით.

ახია, რა უნდოდა

ზევით მერძევეს.

 

 

სულიკო

 

უგემური სამშობლო

ჩემით გადავამლაშე,

ეს სიმწარე თან დაჰყვებათ

ჩემს გაჩენილ ლექსს

და ქალ-ვაჟებს.

ჩემთვის ისინი არიან

სულ ადვილები მას შემდეგ, რაც

დამიმახინჯდნენ სახეზე,

როგორც ჩუტყვავილები.

სამშობლოს მოვლითი

ტკივილი ვარ,

ის კი, სახელად, სულიკო,

მისი დაკარგვის შიშის გამო

გულისფანცქალით ვამოწმებდი

და სულ იყო.

 

 

მართა და მარია

 

ქალები გაიყვნენ

მარიამებად და მართებად,

სახელები გადაუქცია

ქრისტემ მათ წოდებად,

მათ შორის ტოლობაა

და დათმენა,

ქრისტეს გამო რომ

მართებდათ.

ორივე ერთმანეთში სწორდება,

რადგან მათ გულებში

ღვთისადმი ვალია.

მართამარია ერთმანეთს

არც მაშინ შორდება,

ერთ-ერთს სულმოკლეობამ

ხელი თუ დარია.

ლაზარეს დობის

შარში იყვნენ,

ამბავმა მათ გაუბზარავში

ქრისტე რომ გარია.

 

 

ჩემი ცხოვრება

 

მეუღლემ სიკვდილის წინ

სოფელი და შვილები ჩამაბარა.

მამალი გამოვდექი

და სოფელს ნელ-ნელა

ვაშენებ.

გამიტკბა ძაღლის ბე(ნ)დი,

ზოგჯერ ღობეზე ვსკუპდები

ან ვძაღლობ თეოზე

და ვირჯები თავის საშველად.

ძაღლობაც ნამდვილად

მჭირდება:

საშიში თეთრი კბილები,

მთვარისთვის ყეფა

და კუდის ქიცინიც,

რომ ეგონოთ პატრონი

გვყავს მე და ჩემს

შვილებს.

მთვარე ჩამომიგდებდა ხოლმე

ლექსს, ხვდებოდა,

სატირლადაც რომ ვერ

ვიცლიდი.

ჩემი კაცი ამ სოფლით

ვერ გაძღა,

ეზოს გულაღმა აწვა,

კაბას აუწევდა

და ბალახს კოცნიდა.

მე აღმოვჩნდი

ძალიან არხეინი, რადგან

იშრომა, იწვალა ჩვენთვის

და ვერც გავიგე,

ისე მომცილდა.

მე შემიყვარდა სიკვდილიანი

სოფელი,

რომელმაც ჩემი კაცი

წამართვა

და მეუღლედ იყენებს;

გლოვის ნაცვლად,

ყივილი მასწავლა,

ბრჭყალების გამართლება

და მზეზე ბუმბულის

გაბრჭყვიალება.

გამოდის, რომ ცხოვრებამ

კბილი მომისინჯა და

მიხვდა:

არ ვაპირებ დაჭიანებას.

 

 

შუშანიკი

 

ჩამოვიბერტყე ოჯახი

ამდენხანს სულს

რომ ვუბერავდი.

შეგინებულმა მწუხარების

გუბე დავიდგი, საიდანაც

მიუსავლეთში მიმაქანებენ

ქაღალდის აფრები.

წამომეწევა პიტიახშის

დანაბარები;

,,შენ შენი ადგილი დაგიტევებიეს

და სხუად წარსრულ ხარ!“

ჩემი პასუხიც

მისთვის იქნება საწყენი:

ამ ჩემი ყოფის

,,ცეცხლებრ შემწუელი

ქარნი ხორშაკნი და

წყალნი მავნებელნი“ მფიტავდნენ

და ეს ამბავი

 თავის გასამართლებად აღვწერე.

 

 

ჩაისთან მისაყოლებელი

 

დავსხდეთ, ჩაის ერთმანეთი

მივაყოლოთ.

თვალებიდან შვინდის და

კაკლის მურაბები გამოვიწყოთ,

რომ წარსულიდან

ყველივით ამოვიყვანოთ აწმყო.

სარკეში უკვე 60 წლის

ვართ,

სარკის გარეთ - ამ რიცხვს

აცდენილი.

ჩვენი ძვლების საკიდებზე

ტანსაცმელი აცემინებს და

-,,სიცოცხლე!“ –

სხეულებს წამოაცდენინებს.

ავდუღდით, რძესავით

გადმოვედით,

მაგრამ აწმყოსთან ვჭიმავთ  დიალოგს.

მომავალი გვეძალება,

რომ გაგვატიალოს.

 

 

მყავს წუთისოფელი

 

სული ავიფორიაქე,

როცა ოჯახურ საქმეებს

შემოვუწყერი

და მხარი მეცვალა.

გარემოს და ერბოკვერცხის

თქვეფა და ასე შემდეგ -

არის წყევლა,

რომ ვერ მომეცალოს.

კარგად ვარ ალესილი

ცხოვრებაზე,

განსაკუთრებით, ხელებს

რაც ეხება.

გაწეწილი ნერვების ლეიბზე მძინავს

და როცა ვბრაზობ,

ტანზე სამოსი კი არა,

პოეზია შემომეხევა.

საწერად დავჯდები,

თავს ვიმართლებ,

რომ უცხოვრობაა და ჟამი

სულთამოფენის:

ცისკენ რამდენჯერაც გავიწიე,

არც კი გამომეტირა

წუთისოფელი.

 

 

როგორ  ვარ  ახალგაზრდა

 

დედაჩემს და შვილებს

ცოტ-ცოტა ახალგაზრდობას

ჩამოვჭრი.

ჭიპლარით კი არა,

ერთმანეთზე ნერვებით მიბმულები

აღმოვჩნდებით

და დროა,

დავიშალოთ ხელებად, რომ

ვიკითხოთ:

ვინ ვის ეფერება

და ამწარებს?

ამიტომაა: თავბრუ, დედა და შვილები

კრიალოსანივით რომ მკიდიან

გულის ბაწარზე,

ერთმანეთში მერევა.

შემოეხეტეთ ჩემთან სანიშნად,

ჩემებო,

მომძებნეთ თავში სარჩევით

და ყველა გვერდზე

დასმული ციფრებით.

ჩემს წიგნში სწრაფად ვიფურცლები,

ანუ ვიცვლები,

უკან-უკან ვიხევ

და ახალგაზრდობაზე გავჩერდი.

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE