ნინოს ღმერთი


ნინოს ღმერთი




            დღენი და მოქელაქობაი განმანათლებლისა ჩუენისა ნინოსი 

           

 

            1.

 

          შობა და აღზრდა განმანათლებლისა

 

            პირველად ვახსენოთ დღენი ცხოვრებისა არა ერთი და ორი წმინდისა და ნეტარისა ჩვენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებლისა მოციქულისა, სახელი ესე, რომელი არს - ნინო.

            იყო ესე: მათ ჟამთა შინა, ოდეს იწამა ყოვლად ქებული და დიდებული მთავარმოწამე გიორგი კაბადუკიელი, მისვე ქალაქსა შინა იყო კაცი ვინმე თანაზიარი და მეგობარი წმინდისა მოწამისაი. ესე კაცი იყო კეთილად მორწმუნე და ძლიერი და წარჩინებული და განთქმული ბრძოლათა შინა სიბნელისა მიმართ, რომლისა სახელია ზაბილონ. და ჰყვანდა მას ცოლად სათნო და კეთილ და წიგნიერ და ქმრისებრ მებრძოლი აზრის სიბნელეთა მიმართ სოსანა, რომლისგანაც შვა მხოლოდ ღირსი და ყოვლად ნეტარი ნინო, ხეთაგან კეთილთა ნაყოფი კეთილი და სათნოი ღმერთისაი.

            და ვითარცა იქნა იგი ათორმეტისა წლისა, შეითქუნეს მშობელნი მისნი და განყიდეს ყოველი მონაგები მათი და მუნ გაიღეს ესე სიმდიდრედ, რაიც არს ცოდნა და სინათლე გონისაი. ხოლო იგი მორჩილი ღმრთისა ნეტარი ნინო დღენიადაგ სწავლობდა საღმრთოსა სჯულსა, რამეთუ მეცნიერ იყო ყოველსავე განგებულებასა ღმრთისასა: ხარებასა და ნათლისღებასა, ჯუარცმასა და აღდგომასასა, თანასწორობასა ღმრთის წინაშე და ჯუარისათვის და კუართისა, რომელი იგი ჰხუდა წილად გონნათელთა კაბადუკიიდან ჩრდილოეთით, რომელიც აწ წარმართთა მიერ იყვნეს დატყვევებულ.

 

 

            2.

 

          ზმანებად გაცხადებული მოვალეობა: წადი, ქართუელთ ასწავე!

 

          ხოლო ერთ ღამესა გამოუჩნდა ღირსსა ნინოს ძილსა შინა ღმრთისშობელი და რქუა:

            "წარვედ ქუაეყანად ჩრდილოეთისა და დედაქალად ამა ქვეყნისა მცხეთას და უქადაგე სახარებაი ძისა ჩემისაი, და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა, და მე ვიყო მფარველი და ხელის ამპყრობელი შენი".

            ხოლო იგი ეტყოდა შეძრწუნებული: "დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ? რამეთუ მე დედაკაცი ვარ უნდოი და სწავლად დაყუდებული უსწავლელი, ანუ რაი იყოს სასწაულად საქმისა ამის?"

            მაშინ წმინდამან დედოფალმან ხელი მიჰყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფისა მას რტოსა ვაზისასა და კუეთა მისგან და შექმნა ჯუარი და მისცა ხელთა ღირსსა ნინოს და ჰრქუა: "ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, და წარემართოს ქადაგებაი შენი, და მე ვიყო შენ თანა და დაგიტეო შენ".

            ხოლო იგი ეტყოდა: "სადა არს მცხეთაი?"

            მან კი რქუა: "ესე არს მიწა სამკვიდრებელი წარმართთა შორის სპარსთა და ოვსთა და მხედართა გზით ჩამომავალი სკვითთა სამეფოდან, და არის ერი, რომელი ესე დაბნეული ჭმუნავს, რაკი ბნელსა ნათლად ხედავდეს და ნათელს ბნელად."

            ესე რაი იხილა ნეტარმან ნინომ, განიღვიძა და აქუნდა ჯუარი იგი ხელთა მისთა. და ვითარცა გათენდა, წარვიდა და ყოველი ესე მოუთხრო მშობლებსა და უჩუენა ჯუარიცა იგი, და ცალკერძ დაიბნიენ და ცალკერძ განიხარნეს დედამან და მამამან მისმან, რაის უწყოდა სიზმარი ესე, და რქუა ნინომან მშობელსა: "წარმავლინე, მამაო, ვითარცა ბრძანებულ არს ჩემდა საღრმთოისა მიერ ბრძანებისა".

            და შეშინდა ფრიად მამა და ჰრქუა: "ვითარ აღასრულებ წადილსა შენსას, საცა არც განათლებაა ქვეყანასა იმას და არც პატიოსანი ქცევა ერს შორის?"

            ხოლო დედამან მისმან სოსანამ ჰრქუა: "უფალო ღმერთო ჩუენო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო და დამბადებელო ყოველთა ხილულთა და უხილავთაო! შენ შეგავედრებ ქალიშვილსა ამას მხნესა და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, საცა იჩინოს შენმან სახიერებამან - სიყვარულმან მოყვასისამან, მცველად დგომამ თანასწორობისა მიმართ, სუსტის გამხნევებამ და ბნელისა ნათლით მხილებამან, შენ წარუძეღუ და იქმენ თანამოგზაურ და ამისსა და და შეზღუდე ესე წმიდითა სულითა შენითა, რათა უშიშრად ვიდოდეს შორის ასპიტთა და იქედნათა და მიუთხრობდეს ჭეშმარიტებასა ღმრთეებისა შენისასა, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნისამდე. აჰა ესერა წარვავლინებ მინდობითა წყალობითა შენთა ურიცხუთა ელჩსა ამასა ახალი აზროვნებისასა".

           

            3.

 

          სვლა ქართულთათკენ

 

          და მზად იდგა სვლად ნეტარი იგი ნინო გზასა წინადაგებულსა მისსა, თუმცა გულში თვინიერ ჰკითხავდა საკუთარ თავს: "რაი არს სიზმარი ესე? რაი არს ძალა ჯუარისა ამის? სად არს რწმენა, რომელი ესე კერპთა შემუსრავს?"

            და ვითარცა მოიწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა ჯავახეთისათა და მიემთხვია ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნაი და მიიღო საზრდელი მეთევზურისგან და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო იყვნენ იმავე ადგილთა მწყემსნი და იკითხავდა მათგან ვინაობასა და სადაობასა. ხოლო მათ მიუგეს: "რომელნიმე აქაურნი და რომელნიმე ქალაქისგან მცხეთისა."

            და ვითარცა ესმა ხსენებაი მცხეთისა, ფრიად ნუგეშინის ეცა.

            და ჰკითხა, თუ:

            - სადათ არს მცხეთა?

            მწყემსმან მან ესრეთ აუწყა, რომელ:

            - მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთას მისვლად.

            და კუალად მიხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოეთისანი ჟამსა ზაფხულისასა სავსენი თოვლითა, და შეძრწუნდა და ილოცვიდა და მოადინნა ცრემლნი.

            და მერე მიიღო ლბილი ქვაი და დაიდვა და მიწვა განსუენებად. და ვითარ მიიძინა, წარმოუდგა მას კაცი ბრწყინვალეი ხილვითა და მისცა წიგნი დაბეჭდილი, რაიც ეცნო როგორც წიგნი მისი სწავლულების დროისა, და რქუა: "აღდეგ და წიგნით განსაჯე ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას!" ხოლო მან ცრემლით მიუგო: "უფალო, მე დედაკაცი ვარ უცხოი და ვიდრე ვიდე უცხოთა ნათესავთა თანა, რომელთა ჩემი წესები არა იციან?" და გახსნა წიგნი იგი. დაწერილი იყო ჰრომაულად სახელი იესუისი, და იტყოდა რამეთუ: "არა არს მამაკაცი და არცა დედაკაცი, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტეს მიერ, წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ასწავებდეთ მათ, რამეთუ ნათელი გამოიბრწყინვებად არს მათ ზედა. და სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე, მუნცა ითქმუდეს დედაკაცი ესე".

            და რა განიღვიძა, შემდგომ წარემართა მდინარესა მას ტბისას, და დინება იყო დასავლეთით კერძო. და მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათაგან, სიღარიბეი და უწესრიგობაი დიადი და დია შიში მხეცთაგან, ვიდრეღა მიიწია ადგილსა მას, სადა წყალმან აღმოსავლეთით იყო დინება. და მიერითგან იქმნა ლხინება მისი, რამეთუ პოვნა მან მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა.

 

            4.

 

          დავიწყებულნი მოქალაქენი ქართუელთა სამეფოის მიერ

 

          და რქუა მათ:

            - რა არს ენაი თქვენი, ჰრომაულ, ჰურიათთა, იბერთ თუ სომეხ?

            ხოლო ერთმან მიუგო:

            - იბერთ.

            და რქუა შემდგომ:

            - თუმც ვცხოვრობთ მიწაზე ქართლისაითა, არარაი ვიცით ენათა სომეხთა და არარაი იციან ამათ ენაი იბერთა, ვინაითგან მიტუებულ არიან იგინი სამეფოთა ქართუელთა და არცა სწავლითა და არცა ხელობითა ფიქრი ესე არ არის მათთა.

            და უჩინა მათ მხარსწორ მომავალი გლეხნი სომხითაისნი, რომელთა ენა არ იცოდნენ არცა იბერთა და არცა ჰრომაული, რომელი ესე მეტყველი იყო ნეტარისა ნინოსგან.

            და რქუა თანამგზავრს ნეტარმან:

            - და რად არს ესე?

            ხოლო იმან მიუგო:

            - ვითაითგან არა არს ნდობა და ფიქრი ქუეყნის მუნ კიდესა მცხოვრებელთა მიმართ, არა არს სარჩო და ლხინებაი მათთვის, და აჰა მივილტოდეთ ერთნი და ორნი ამა ბოროტების წინაშე საბრძოლველად ვითარცა სწავლულნი და მასწავლებელნი, თუმც მეურვეუბაი ჩუანი ესე ზღვაში წვეთია. ღმრთის წინაშე თანასწორ არს ყოველნი, მაგრამ არა სამეფოის მიმართ. დაწუნებულ არიან მოქალაქენი ესე სხვა მოქალაქეთა წინაშე.

            მოისმინა რა ნეტარმან უბნობაი იგი სევდიანი თანამგზავრისა მისისა, მოიწყინა ფრიად და გულში ვედრებით შესთხოვა დედასა ღვთისასა, ვისი წილხვდომილ იყვნეს მიწაი ესე:

            "დედაო ღმრთისა ჩემისაო, გააგონე ენაი ამათ ერთმანეთისაი, ძალითა სულიწმინდისა აუმატყველე აზრი ცოცხალი და ჰქმენ საჩინოდ სიბრძნეი იგი, ვით უნდა შეიგონოს ძმამ დისგან, დამ დისგან, ძმამ დისგან და დამ ძმისგან".

            და შესმენილ იქნა ლოცვაი მხურვალე და სასწაულებრივ გასაგები და საჩინო გახდა საუბარი თანამგზავრთათვის: განეხსნათ გულნი ურთიერთს მიმართ, და შესმენილ იქმნა იბერის მიერ სომეხი და სომხის მიერ იბერი და არც იბერთა ენა იყო ესე, არცა სომეხთა და არცა ჰრომაელთა, არამედ იყო ენა გულთა ადამიანთა, საცა ყოველი თანასწორად შეისმინების.

            და რქუა სწავლულმან თანამგზავრმან ნეტარი ნინოსამან:

            - სასწაული ვიხილეთ: წელნი და დღენი გავლიეთ ენათა აღქმის სწავლულებად და ჯაფა კი იყო დიდი, მცირე იყო შედეგი ხილული, და აწ წამიერ იქმნა შედეგი ხელქმნილი.

            ხოლო ნეტარმან ნინომან გულით განიხარდა და მადლობა შესწირა დედასა ღმრთისასა, თუმც კი უწყოდა, რომ სასწაული ესე ჭეშმარიტად ზღუაში წვეთი იყო.

 

 

            5.

 

          ჯაფა დაუფასებელი მოღვაწეთა კაცთა და ქალთა არა მთავრობისათა 

                     

            და რქუა სწავლულ თანამგზავრს:

            - დიდია ძალა ღმრთისა, და საცა ერთურთს უსმინონ, იქავ ღმრთისასას გაიგონებენ.

            ხოლო მეორე თანამგზავრმან, რომელი ესე სომეხი იყო და თრდატ მეფის სამეფოსა იწევდა ცხოვრებად, თუმც კი შობილი იყო ქართლის სამეფოში, ცალკერძ სასწაულის ძალით იბერიულად ამეტყველებით გახარებულმან, ცალკერძ დაღონებულმან მრავალთა მიზეზთა გამო, ნეტარს ესრეთ შეავედრა:

            - მაგრამ არ არს ქვეყანასა ამას სიყუარული ერთა მცირეთა მიერ, თუნდა მკვიდრთა, თუნდა უცხოტომელთა, არა არს სიკეთე მცირეთა მიმართ ყოველთა, არის ძაგება და ბოროტად ცქერა: აჰა, სომეხოვ, აჰა, ტომითა და გვარითა უცხოვ, წადი და იქავ იდექ, საცა გვართა და ტომითა შენებრ ცხოვრობენ, აქავ უცხოით გხედავ და გმტრობ, ვითარცა საშიშს... თქმა და ქცევაი კვალია ესე სისხლის გულზე და არის მერე ბოღმა და წყენა გულისთქმად, რაიც კვებავს ბოროტ სულს სიძულვილისას და რაიც ავ თესლად ძევს ნაწყენთა გულებში...

            და რქუა იქავე სწავლულმან თანამგზავრმან იბერიელმან:

            - გვადგას ჯაფა არა მთავრობის კაცთა და ქალთა, რათა ყოველთა მათთა შევაგონოთ სიბრძნეი ესე: არა შეიძულო უცხოტომელი, არა წარსტყუვნა წეს-ჩვეულებანი მათნი, შეეთავსე და შეითავსე იგი, რაკი შენა ხარ ბატონი შენი სამეფოსი და ნუ დაუტევებ უცხოთ მონებად და ნუ უბნობ მათზე: საძაგელოვ და მტეროვ, ვითარ მართალ მტერს, არა გქონიყოს არცა ტაძარი შენი სალოცავი, არცა პატივისცემა რითიმე შენი, და თქმაი კი ესე აჩენს მტერსა ამას არარაისგან. დიდი ძალი და თმენაი გვიწევს და შრომა და ჯაფა განუზომელი, ვით უნდა სძლიოს მცირეთა ერთობამ არა მთავრობისათა სწავლულ ქალთა და კაცთა, როცა ბნელთა აზრთა ფესვები ღრმად და განვრცობით გასულა უმრავლესთა მკვიდრთა სამეფოისა ჩუენისა: გვძაგს უცხო.

            და კვლად მოიწყინა ნეტარმან ნინომ და ისმინა სიტყვები ესე ცრემლთა დალტობითა, და კვლად შეავედრა მის მეოხსა და ქომაგსა დედასა ღვთისასა:

            "მასწავე, დედაო, ვითარ ვასწავლო წილხვდომთ შენთა, რომ კლავს და აბეჩავებს შიში და არა სიყუარული... "

 

            6.

 

          ქართუელთა ადათი და ხილვა კერპთა ამათი

 

          და მიიწია ნეტარმან ნინომან მოგზაურთა თანა მცხეთასა მახლობელ ბაგინეთს, სადა იგი იხილა ერი უცხო თესლთა ღმერთთა მსახური, რამეთუ ქვათა, ძელთა და მხეცთა სახიერ ღმერთთა თაყუანისცემდეს, რომლისათვისცა შეეურვა სულსა ამას წმინდისასა.

            და ხედვიდა წმიდა ნინო კერპთა მსახურთა და ერთა ცთომასა. და ტიროდა წმინდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა და იგლოვდა უცხოობასა თვისსა: "ღმრთისა მათისა თაყუანის ცემად აღვლენ, რომელი არა რაი არს სხუაი, გარნა კერპი უსულოი".

            და აჰა, ესერა, დღე იყო ხმა ოხრისა და საყვირისა, გამოვიდა ერი ურიცხვი, ვითარცა ყვავილნი ველისანი, და აღივსეს მთანი იგი სიმრავლითა ერისაითა. და შემდგომად მასსა გამოვიდა მეფე მირიან და ცოლი მისი ნანა და ებისკოპოსნი და კაცნი წარჩინებულნი და იქმნეს ხმანი ებნებისა და ნესტუებისანი. და ხედვიდა საკვირველებასა მას მეფისა და ერისასა და საოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა. რამეთუ დგა კაცი სპილენძისაი და ემოსა ჯაჭვი ოქროისაი და სამხრენი ოქროისანი, და თავსა ებურა ჩაფხუტი ოქროისა, და აქუნდეს თუალად მისსა ქვანი ბავრიტი და იაკინთი, და ხელთა აქუნდა ხრმალი, და ვითარცა ელვაი იქცეოდა ხელთა შინა მისთა, და რომელიცა მიეახლის, სიკუდილად წარიწირის თავი თვისი. ხოლო მარჯვენით კერძო უდგა კაცი ოქროისაი და სახელი მისი - გაცი, და სხუაი ერთი მარცხით - ვერცხლისაი, და ეწოდა მას - გაემ.

            და ერნი ეტყოდეს: "ნუუკუე ღმერთნი სხვანი ამათაცა გარდა".

            ესრეთ აოცნებებდა მათსა შორის ეშმაკი.                

            და რქუა წარჩინებულმან ებისკოპოსმან:

            - ღმერთნო ჩუენნო, გაც და გაემ, წარწყიმდე და დასაჯე მტერნი ჩვენი ერისა და სარწმუნეობისა, მტერნი მეფეთა და ებისკოპოსთა ჩვენთა, მტერნი ადათისა და რწმენისა ჩვენისაი, და გაჰფანტე ბილწი მტვერი იგი მონაბერი ზღვეთითგან, რაიც მტერია ყოველი ჩუენისა და მკვიდრისა, და რაიც შხამად მოუდის ყოველთა მორწმუნეთა ჩუენთა, რაიც უღმრთოობის გესლად შთაინთქმის გულთა ამათ ცდუნებულთათა, რაიც აამაყებს უჭკუოთა ამათ ადამიანთა - ბავშვთა თუ მოხუცთა, და რაიც ბუნების წესად დაწესებულის შერყვნისას აწესებს: მუნ კაცთა და კაცთა იქორწინიონ, მუნ სკოლაში ასწავონ მრუშობაი და გარყვნილებაი ბავშვთა, თითქო ცოდნა სხეულისაი, მუნ არღარა იყვნეს წესი და კანონი ქალთა და კაცთა შორის, და კაცნი წოლიან კაცთაგან და ქალნი ქალთაგან...

            და აყვირდეს ერნი მამაკაცებისანი:

            - ცოდვილთა კვლად, ცოდვილთა მუსვრად!

            ებისკოპოსმან რქუა, თუ:

            - ღმერთთა ჩუენთა, გაც და გაემ, საჩინოდ არს, ვინაითგან მოდის დამღუპველი გესლი ესე: ურჯულოთა უცხოტომელთა მიერ, რომელი ესე ჯდიან ზღვათა ჩუენთა მიმოდასავლეთით და დღენიადაგ ჭმუნავენ მასზედ, რაღათიმე სულნი და ხორცნი წაგვიწყმიდნონ, და აქუთ მათ ტაძარნი, რომელნი ავრცელებენ ათას ჭირთა და სნეულებათა და ბაქტურიათა, სულიერ და ხორციელ წამლავენ ხალხსა, და იღვაწიან, რათა რწმენისა ჩვენისა ქომაგი, დიდი სამეფოის მეუფეით მეუფე - მოსკოვიის ხელმწიფე შეჰმუსრონ და მოსტყუვნან, რაკი ისღაა აწ და მარადისით მფარველი რწმენისა ჩვენისა, და არც არავინ გყუანს ჩუენ მცირე სამეფოს ქომაგი და დამცველი გარდნა მისსა.

            და დგა მდუმარებით მეფე მირიან და აჩნდა თვალთა მას ზედა, რომ არა იგი, არამედ წარჩინებულნი ებისკოპოსნი არიან მეფენი მისნი.

            ხოლო ერმან ღაღადისი ყო:

            - კვდომა ცოდვილთა, კვდომა ურწმუნოთა!

            და რქუა წარჩინებულმან ებისკოპოსმან:

            - ღმერთნო ჩუენნო, გაც და გაემ, დაჰსაჯე და მოსპე უკეთურნი მოკვდავნი ესე, და მიიღენი მსხვერპლი იგი სხეულთაგან ცდუნებულთაგანნისანი, ვითაითგან ერთნის დანთხეული სისხლით, სხვანი შეძრწუნდნენ!

            და რქუა სხვა წარჩინებულმან ებისკოპოსმან:

            - გაც და გაემ, მიიღო მსხვერპლად კაცი და კაცი ესე, რომელი ნეტარად იყავენ ძრიელ მრუშობაში!

            და განიკვირვა და შეძრწუნდა ფრიად ნეტარი იგი ნინო ცქერისასა ამისა და თვის გულში ჰკითხულობდა: "ჭეშმარიტი იგი ღმერთი არა სჯის, არამედ - კერპი, რა ღმერთია იგი, რომელი ესე საკურთხველი ცოცხალი კაცის სისხლით მოირწყას, ჭეშმარიტ ღმერთს სამსხვერპლო არ აქუს, იესუ თავად იყო მსხვერპლი..."

 

 

            7.

 

          მარტვილობაი და შუელა შეყვარებულ ჭაბუკთა

 

          და აჰა, აღიყვანეს გაცსა და გაემს ფერხთით ასოთა შეკრულნი და გაკოჭილნი სამსხვერპლე კაცნი, ჭაბუკნი იერით, ტიტველნი და წითლად შეღებილნი ინით, განაწვინეს კერპთა ხრმალთა ქვეშ და მღერით და საყვედურით განამზადნეს ასოთა ამათ მოსაკვეთად.

            და რქუა კერპთა ებისკოპოსმან:

            - ასე ვითარ დაიკლას ცოდვილი ესე მამაკაცი, და მსხვერპლად შეეწირნოს გაცსა და გაემს, საჩინოდ ყოველთა მიმართ, რომელთა გულშიაც ღვიოდეს კერაი ცოდვისა...

            ხოლო კაცთა იტყოდიეს:  

            - დაჰკარ მათ ხრმალი, გაც!

            - დაჰკარ მათ, გაემ!

            ხოლო მსხვერპლნი იგი ცრემლით ალტობდეს შესაწირავ ქვასა ამას სამსხვერპლოსასა, და შველასა და შენდობას ითხოვდიეს საწყალობლითა თვისითა ხმითაისაითა.

            ესე ყოველი იხილა რაი ნეტარმან ნინო, სულთ-ითქუნა და ცრმელდოოდა სრულიად სიბრმავისთვის, სისასტიკისთვის, სიბნელისთვის და ცრუობისთვის ძლიერთა კაცთა ამათ გამო, რომელთა ღმრთის სიყვარულად ეთქმოდეთ სუსტთა და არა მათისებრთა ჩაგვრა-კვლა, და წარვიდა მცირედ და დადგა კლდისა რაისმე ძირსა და აღიპყრნა ხელნი ზეცად და ილოცვიდა და იტყოდა: "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო და შემოქმედო ყოველთაო, ისმინე და ვედრებაი უღირსისა მონისა და მხევლისა შენისაი და აჩუენე ძლერებაი შენი ჟამსა ამას, და ყავ სასწაული, რათა პოონ ერთა ამათ მცნებაი შენი. და შენ მხოლოო გიცნონ და გაგიხსნენონ ღმერთად ჭეშმარიტად!"

            და ესე ხმითა რქუა:

            - რათა ადამიანს ჰყვარობდნენ შენი მცნებისამებრ და არა სძულდეთ სუსტნი და იერით, ქცევით თუ აზრით ამათგან სხვანი!  

            და მაშინ, ვითარცა სრულყო ლოცვაი, მყის გამოჩნდა დასავლეთით ღრუბელი ბნელი და აღდგეს ქარნი ძლიერნი და იქმნნეს ქუხილნი სასტიკნი და ხმანი საზარელნი და მეხისტეხანი შესაძრწუნებელნი, რომლისა მეფე და მთავარნი და ებისკოპოსნი ურთიერთას დასთრგუნავდეს და თითოეული ქალაქად მირბოდეს, ხოლო ადგილსა მას და კერპთა ზედა მოიწია სეტუაი თხრობად განსაკვირვებელი, ვიდრემდის სრულიად დამუსრნა კერპნი იგი, ხრმალნი და ტანნი განუბზარნა და ზღუდე და ყოველი შენებულებაი დაარღვია და უჩინოდ ყო.

            და მოსაკლავად განწირულნი ჭაბუკნი დაეხსნენ თოკთა ამათ და უვნებელ დაშთნენ.

            ხოლო ნეტარი ნინო ჟამსა მას საშინელსა ღმერთმან მადლითა უვნებლად დაიცვა. და ვითარ განწმინდა ჰაერი, წარმოვიდა წინა კერძო დასავალსა კლდისასა და პოვა ხე შუენიერი და გამოსახა მას ზედა ჯუარი და ექუს დღე დაადგრა მუნ და ილოცვიდა დღე და ღამე. და შემდგომ ამასა განიზრახა აგებაი სკოლისა მცირისა ყრმათათვის სწავლულებად და იქავ ალაგისა სულისა და სხეულის სნეულებათა საკურნებელი. ხოლო ერისა სიმრავლე კუალად განვიდა ხილვად ადგილსა მის, სადა დგომილ იყო ძირს შთენილი კერპი. და იხილეს რაი ადგილი იგი, იტყოდეს სიტყუათა სიცოფისათა ესრეთ: "მტერ არს ღმერთისა და ადათისა ჩუენისა ქალი ესე, და ესე ყოველი მის მიერ მოიწია რაც მოიწია. გრძნეულ არს."

 

            8.

 

          სამეფოის მაღალმოხელეთა და ებისკოპოსთა წყრომა ნეტარისა ჩუენისა ნინოს მიმართ

 

          და რქუეს ურთიერთში მისგან დამფრთხალმან და მისით განრისხებულმან მოხელეებმან სამეფოის ძალოვანთაგან და მეგობარ-აღმსარებლებმან ებისკოპოსთა:     

            - არა ოდენ გრძნეულ, არამედ მსტოვარ არს დასავლეთს მცხოვრებ უცხოტომელთა და ქრთამად ამღები ოქროისა და სამკაულთა ზურმუხტისათა, რათა აზრი და გონებაი სნეულ უქმნას ნორჩთა და ხედვით უმწიფარ ყრმათა, ასწავოს ამათ გრძნეულებაი ეშმაკეულ თავისუფლებისა და შვილნი მამათა მტრებად ყოს...

            ხოლო რქუა ერთმა:

            - და აწ ჭკვასუსტნი მოუდის და სწავლულობენ მისთას, უსარჩოოდ არიგებენ საკვებსა ამას უუფლებოთა შორის, რათა ზნეკეთილად ხილულ იყვნენ თვალთა შინა ერისა და ათას სიბილწეს ასწავიან მისგან სწავლულნი: რომ არა ეგების მორჩილებაი ღმერთთა ჩუენთა, არა ეგების მორჩილებაი ებისკოპოსთა ჩუენთა და არა ეგების ადათთა ჩუენთა დაცულობა, ვითაითგან თითქო დრომოჭმულ არს.

            და რქუა ხმადაბლა ცბიერმან ამათგან მორჩილმან ებისკოპოსისამან:

            - და ჩუენი მეფე რაღად ითმენს უსამართლოსა საქციელსა ამისას?

            ხოლო რქუა სხვამან:

            - შიშობს ჰრომაელნი რას იტყვიან, ვითარ კურდღელს, ესრეთ ეშინია სამი მელიის: ჰრომაელთა კეისრისა და სპარსთა ხოსროსი... ხოლო ზეიდან მოსკოვიისა ბატონისა, მოამაგისა რწმენისა ჩუენისა ჭეშმარიტისა...

            ხოლო კიდევ სხვამ რქუა, თუ:

            - მოიწონიეს მეფემ უფლებანი უუფლებოთა, დაუყვავა სჯულგაყიდულთა ლოცვაი თვისი კერპთა უზღუდველად, და დასდვა აკრძალვაი ესე რწმენისა რომელიმესი ომი ერთა შორის, რაიც მიზეზი არს ესე უწესრიგობისა და კაცთა შორის ბნელ აზრთა განვრცობისა...

            და რქუა ებისკოპოსმან:

            - მეფე ესე გულჩვილი არს და მკაცრი კი უნდა იყვნეს, ენაი გლიჯოს გრძნეულსა ამას და განაგდოს ჩუენი სამეფოდან, რადგან სიტყუანი მისნი ერს გვიწამლავენ და საქმენი დაღუპვას უქადიან ადათთა საუკუნეთა...

            და რქუა მოხელემან ძალოვანთამან:

            - შესწავლილ უნდა იქნმეს ესე რაიც ფარულ არს ცხოურებასა ამას ახალ-გრძნეულისა, და თუ არ აქუნდეს რაიმე ცოდვილი, შეთხზილ იყვნეს ვითარცა ლექსნი პოეტისანნი და ზღაპარნი ჯერათ არსმენილნი, და გაცხადდეს თითქო ფარულ, მაგრამ ყველასთვის საჩინოდ ყოფა და ნეტარებაი პირადი ცხოურებისა ქალისა ამისა გრძნეულისა, რათა სახელი მისი შერცხუნდეს!

            და მოჰყვა იქავე წუხილს მორჩილი ებისკოპოსისა:

            - ერი დიოდა საფლავსა ამას წმინდისა ჩუენისა და იყო დია ლოცვანი და მსხვერპლწირვანი საკვირველნი, რაიც სარგებელი იყო მეურნეობით, იკვლოდიენ ხარნი და ცხვარნი და სხვა სულიერნი საფლავსა ამას ზედა, და აჰა მოვიდა გრძნეული ესე დედაკაცი და იწყო შეგონება ერისა ჩუენისა: რაისი გწამთა, რაით ეძიებთ ცოცხალთა მკვდართა შორის, რაით ამბორჰოფთ მკვდარ ძვალთა ამათ, მაგიერ ცოდნისა, რაი არს ცოცხალი და რაი არს მკვდარი, რაით არ უწყით, სად არს ცრუ და სად არს მართალი...

             ხოლო ებისკოპოსი განრისხდა:

            - მაშ, გაც და გაემ ცრუა და თვინიერ ჭეშმარიტი? დასავლითს ქრთამად სავსე, რაისღა ბედავს თვალთა ამას ჩუენსა წინაშე?! საფრთე არის ესე ქალი სწავლული ძალაუფლებისა ჩუენისა სამუდამოსი!

            ასე ვითარ სწუხდნენ და შფოთავდნენ ძლიერნი ესე კაცნი სამეფოსი და ცხარედ განსჯიდნენ, ვით შეემუსრათ საშიშარი მათთვის და წმინდანი ჩუენთვის - ნეტარ-ძლიერი ნინო.

 

 

            9.

 

          სასწაულნი და მოქალაქეობაი ნეტარისა ჩუენისა ნინოსი

 

            და ვითარცა სასწაულნი იგი დღითი დღე აღესრულებოდეს წმიდისა ნინოს მიერ და განითქუმებოდეს ურიცხუინი იგი კურნებანი:

            აზრით ბნელთა და წერა-კითხვის უცოდინართა სწავლულებაი იგი საკვირველი.

            გულით ხშულთა სხუათა შეჭირვებათა და დაძაბუნებათა მიმართ მარცვლისა მისისა თანაგრძნობისაი თესვა სულსავე მათსასა.

            მკვდრეთით აღდგენაი იგი სასწაული მოქალაქეობრივ მკვდართა ამათ და ართმენილ და ცხოვლად მეტყველ მოქალაქეებრ ქცევა - დამაშვრალთად უფლებათა მრავალფეროვანთა, უმცირესობათა ერობრივ, სხეულებრივ თუ სხუათა...

            თანხისა ამისა დიდისა და მეუნეობისა აღურიცხველისა ებისკოპოსთა და მღდუელთა ყაჩაღურისა გზითა მოპოვებულისა საზიარებელ პურის მარცვლად გარდაქცევა, და ქონებისა ქურდთა და მოხელეთა მიერ სახელისა მათისა განტმტიკებისთვის ებისკოპოსთათვის ძღვნად მირთმეულისა მომარხულეთა გამოქვაბულებად ქცევაი იგი საოცარი და ჩუენებისა მართლისა განწმენდისა გზისა - როცა არა ქცევაი იგი გარეგანი, არამედ სული ადამიანისა რწფელი არს, და არა ცრუობს აღარცთუ სხვისთვის და აღარცთუ თავისთვის. 

            თვალთა ახელა ბრმათათვის, რომელნი ესე უქციროდიენ და შეისისხლხორცებენ ცრუთა ამას სიახლეთა მოსკოვიის სამეფოისა, რომელი იოცნებებდა სამყაროულ ბატონობაზე და მეფობაზე მცირესა სამეფოსა იბერიასა ზედა: და იტყოდიან და წერენ ცრუს, ვითარცა ჭეშმარიტს, რაიც აბინდებდა და სწამლავდა გონებასა ამას უფიქრალთა ერისა...

            და ჰკითხულობდა და ხედვიდა ნეტარი იგი ჩუენი ნინო სიახლეთა ამათ ცრუთა და დაუჯერებელთა ბეჭდურ თუ ხმოვან და იკვლევდა ასავალ-დასავალთა ამათასა ბნელთასა და უკვირდა, ვითარ შეეძლო კაცსა და ქალსა უმეტესად მხცოვანთასა რწმუნებაი ბოროტ ზღაპართა ამდაგვარდა, და ყო სასწაული ესე: უეცარ ირწმუნეს ეშმაკეულ სიცრუე ბოროტ სიცრუეთა ესე და უკუაგდეს ჩვევაი იგი მავნე სყიდვისა ბილწისა საგაზეთო თუ ვითომდა სასიახლე საქონელისა ამისა... 

            და აჰა, სასწაულისა ამისა ბრმადყოფილნი იტყოდიენ: არა ვიცოდით რა ქვეყნისა და ადამიანის გამო, ცბიერ-ბნელი ნათელ გვეგონა და ჩაგრულ-ნათელი ბნელი, ღმერთნი გვეგონა ნამდვილნი და ცრუი ყოფილან, ვინაითგან ნეტარმან ამან ჭეშმარიტი იესუის ძალით ანგვიხილნა თვალნი და დაგვანახა, რაი არს ჭეშმარიტი.

            და კიდევ ყო სასწაული საკვირველი და განაქრო ზღვარნი და ღობენი მავთულისანი მოსკოვიის სამეფოის მიერ დაწესებულნი სოფელთა და ბაღთა შორის იბერთასასა, საიდანმე იტაცებიენ ჯარნი იგი სასტიკნი ურჯულოთა ამათ მოყმეთა მოსკოვიის მეფისათა გლეხთა იბერთასასა თვის სახლთათა და ეზოთაგან, და განაქრო ესე ზღვარნი და განაქრო ჯარნი ესე გამტაცებელნი, და იხარობიენ და ლოცავდნენ წმიდასა ამას ნეტარსა ნინოსა იქავ მოსახლენი გლეხნი შეჭირვებულნი გამტაცებელთა მოსკოვიელთა მიერ...

            ხოლო მრავალთა მხრითაგან შეშინებული იბერთა მეფე მირიან ჭმუნდა ფრიად და წაქეზებულმან იანუსისებრ სახეთასა ორთასა მოხელეთა და კერპთა ებისკოპოსთა მიერ მუქარითა შეუთვალა წმიდასა ჩუენსასა ნინოს: "რომლისა ღმრთისა ძალითა ჰყოფ შენ კურნებათა და სასწაულთა ამათ? გასწი სამეფოთასა ამას ჩვუენსასა, ვინაითგან სახიფათო ხარ მიწისა და წესისა ამისა ჩუენისასა - გიცქირნეთ თმენით და მივიღენით მტერი სახითა შენითა, და აჰა, გაქუს შენ დღენი არა ორი და სამი, არამედ ერთი, რათა დაუტევო სახლი შენი მოსახლეთა ამათ იბერთა და წაღიღო თავი შენი საზღვრისა ქუეყნისას ამას გარეთ, და თუ არა ქმნა ესე, დაიტეხო რისხვაი იგი თავსა შენსა გაცისა და გაემისა ხელითა მეომართა უსაფრთხოებისა მეფისასა!"

            და ვით ესმა სიტყვა ესე მეფისა მირიანისა ნეტარსა ნინოსა, არა შედრკა, არამედ მძლეობა შესთხოვა ღმერთა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რათა შიში გასულიყო მისგან, ვინაითგან შიში ეშმაკისგან არს.

 

 

            10.

 

          ორსახოვნება მეფისა მირიანისა

 

          და აღდგა მეფე მირიან იგი განრისხული და განვიდა ნადირობად და იტუოდა:
"უნდა შური ვიძიო მათგან შეურაცხყოფისათვის ღმერთთა ჩემთასა და ჩემი შეურაცხყოფისა, ვინაითგან ალმაცერად მიმზერენ იგინი იანუსნი ორსახოვანნი მოხელენი და ებისკოპოსნი ჩემნი, და ურთიერთს ბჭობენ, თითქო უძალო და უღონო ვიყო, და აწ ნახონ, სად არს ზღუდეი იგი თმენისა და ვითარ ვარ მკაცრი!"

            და ვითარცა განვიდა იგი მთასა ზედა თხოთისათა, ჟამსა სამხრისასა დაუბნელდა მას განგებულებითა ღმრთისაითა, ვითარცა იგი პირველ პავლედ ქცეულ სავლეს, და ხმობდა იგი მონათა მიმართ და მთავართა, ვითარმედ: "დაბნელდეს თუალნი ჩემნი, ხოლო თქუენ ხედავთა ნათელსა?" ხოლო იგინი ეტყოდეს: "ბრწყინვალედ ვხედავთ ჩუენ ნათელსა მზისასა!" რქუა მათ: "ევედრენით გაცსა და გაემს, რათა გამინათლონ მე!" ხოლო ყოველნი იგი ერთობით ხმობდეს სახელსა მათსა და არარაი საგებელ ეყო მას - ვინაითგან მზეი არ იყო მათი ჭეშმარიტი და არცა ღმერთნი მათნი. მერმე მოეგო გონებასა და რქუა გულსა შინა თვისსა: "შეუვრდე ჯვარცმულსა ამას, რომელსა-იგი ქადაგებს უცხოი იგი დედაკაცი..."

            და მაშინ ხმა ყო და რქუა:

            - ღმერთო ნინოისო...

            და ხმა ყო კიდევ უფრო ძრიელ:

            - ღმერთო ნინოისო!

          და მესამედ ენით უფრო ცხადად, რაიც მკაფიოდ და საჩინოდ ქმნიდა ენასა და სულსა და გონებას მისას, რომელი იგი განძარცული უნდა ყოფილიყო ნინოს ღმრთის მიერ ხავსისაგან ძველისა კერპებისა:  

            - ნინოს ღმერთო! გამინათე ბნელში მყოფი ჩემი სული...

            და განათდა სული და გონება მეფისა, სძლია შიში იგი, აღიქვა გზანი იგი თვისი და სამეფოს ბედისა, იხილა წარსული და იხილა ბედი ნაქსოვი წარსულითგან, აღივსო სიმტკიცით, აღივსო ნებით, რომ არაირაი არს ძალა, რომელი ესე წარმავალ არს, და რომ ძალა წარუვალი არს ძალა იგი სიყვარულის და აქუდანვეა ძალა ბნელის შემუსვრის, და აღაპრნა ხელნი აღმოსავლეთით, ლაღად-ყო და რქუა: "ჭეშმარიტად, შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და შენ ხარ ღმერთი ღმერთთაი და უფალი უფლებათაი... და მრწამს, რამეთუ გინებს ხსნაი ჩემი, და ამიერითგან თაყუანის ვსცემ პატიოსანსა ჯუარსა ამას".

            და შემდგომად ამისსა წარვიდა აღვსებული სიხარულითა და შემკული ქრისტეს სარწმუნოებითა და ვითარცა მიეახლა ქალაქსა მას სამეუფეოსა, წინა მოეგებოდა თვით დედოფალიცა ნანა, რომელი ესე იქმნა გაკვირვებულ წმინდასა ნინოს საქმეთა მიმართ, და ვითარ შევიდა მეფე პალატად, რქუა: "სადა არს უცხოი იგი დედაკაცი, დედაი ჩემი, რამეთუ ღმერთი, რომელსა ქადაგებს, არს ჭეშმა..."

            ...თუმც სიტყვათა ამათ თქმისას დადუმდა, ვინაითგან იხილა მოხელენი და ებისკოპოსნი თვისნი ბოროტი მზერით, და განათლებულმან სულით სულსა ამათ შინა იხილა ზრახვა ბოროტი, და შეშინდა თვისითა, ცოლისა და შვილთა გამო, და თვის გულში დაიდვა პირობა: "არა ვიტყუი ღიად, რომ ვიხილე ჭეშმარიტება, ვინაითგან ამა მრავალთა მიმართ დაუცველი ვარ, ან კვლას განიზრახავენ ჩემსას, ან შეშლილად შემრაცხიან, და იქნება დაცინვა, და განდევნა, და მცირეთა ჩაგრულთა შორის ჩემი დატყვევება, არა მაქუს მე გამბედაობა იგი ქალისა ამისა მტკიცესი, ნინოსი, და მჭირდება მე დღენი არა ერთი და ორი, რომ არ მეშინოდეს მე მრავალთა და მერჩიოს ყოფნა მცირეთთა შორის, და გულში ვიყვნე ქრისტიანი და გარეთგან დავშთე კერპთაყვანისმცემლად, ვსცე უგულოთ პატივი გაცსა და გაემს, და უკეთეს დროებას ველოდო, რათა ცხადი ვყო, სად და რაი არს ჭეშმარიტი ღმერთი: ღმერთი ნონოისი".

 

 

            11.

 

          ნეტარისა ჩუენისა წმიდა ნინოს განდევნა ქართუელთა მიერ მათი მიწიდან

 

          და ჟამსა ამის შემდგომ ბრძანებითაისათა მეფისა, რომელი ესე არ იყო ჯერათ მამაცი, ვით ნეტარი ქალი იგი ბრძენი და არ იყო მამაცი, რომ ცხადად ეყო მრავალთა ხალხთა წინაშე რწმენაი თვისი, განაძევეს და განაგდეს უსამართლოდ და უჭკუოდ და ძაგებით დედაი ჩვენი წმიდა ნინო ქართველთა სამეფოიდან, არ აღიღეს სიბრძნე, სინათლე და ძალაი იგი სიყვარულის მისი ჯეროვნად და კვლავად კერპთა თაყვანისმცემლად დარჩუნდნენ, განაგდეს ისრეთ, თითქო არც შემოსულიყო ჯავახეთსა შინა, არ განევლო გზა ფარავნის ტბიდან ვიდრე მცხეთამდე, და თითქო არ მოეხდინა მრავალი სასწაული ესე საკვირველი სიბლელისა ამის წინააღმეგ, და თითქო ჯუარი არ ეპყრნა ხელთ.

            მაგრამ დარჩუნდნენ სამეფოში ფარულნი მისნი მოწაფენი, რიცხვით მცირენი, თუმცა ძლიერნი, ვითაითგან სინათლე და სიახლე იგი ღვთაებრივი ყოველთვის მცირეთაგან მოდის და არა მრავალთაგან, და ფარული მოწაფეი არს მისი დედოფალიცა ნანა, და რძალი მისი სალომე უჯარმად მდგომი, და პეროჟავრი სავანელი, და კახთა დედოფალი სუჯი და სხვანი არცთუ მრავალნი დედაკაცნი და მამაკაცნი, რომელნი ფარულად არიან ქრისტეანნი და დღენიადაგ წმინდისა ნინოს ხელახალ შემოსვლას ელიან ქართუელთა მიწაზე, საითგან სიცრუის ტრფობის ჩვეულების, სხვათა მსგავსთა სიძულვილის და მოყვასთა მიმართ რისხვის, გაყინულ სულთა, აზრთა სიმცირის და ახლისა ცხოურებისა მიმართ მხილებათა გამო გააგდეს...

            და აი, მორწმუნენი ესე ფარულნი და შეჭირვებულნი, დღითა და ღამით ამას ილოცვიან:

            "ნეტარო დედაო ჩვენო, წმინდა ნინო, როდის მოხუალ ჩუენს განსანათლებლად?"

 

 

           

 

            ლაშა ბუღაძე, 2019, იანვარი

 

               

           

           

              

 

           

                 

             

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE