ორგანიზაცია „მარიამ წიკლაური“


ორგანიზაცია „მარიამ წიკლაური“




ცოტა მეგულება ასეთი ავტორი - ერთი სიტყვით რომ დავახასიათო: მარიამ წიკლაური რაღაცნაირი „ბევრია“. არ ვიცი, ენერგიული და მუდამ აქტიურია რომაა, იმის გამო, თუ ხან დიდებისთვის რომ წერს და ხან პატარებისთვის და თან სულ სხვადასხვა თემებზე, ამის. მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა და ჩუმი მარიამი მე არ მინახავს. და სულერთია, სად არის - „ცოცხალი წიგნების“ მოგზაურობაში, თავისი საბავშვო წიგნების პრეზეტანციაზე ბავშვებით გარშემორტყმული, თავისი სადიდო ლექსების კითხვისას, რომელიმე გადაცემის ეთერში მოლაპარაკე თუ კიდევ არ ვიცი, ვისაც სად შეგხვედრიათ, მომაშველეთ - პასიური მარიამი მე არსად მინახავს. ასეთია თავის ტექსტებშიც - მრავალფეროვანი და ბევრი. 14 საბავშვო წიგნი, ორი თარგმანი, 10 პოეტური და 1 პროზაული კრებული და ჯერ ყველაფერი წინაა.

 

ყველას ვეკითხები და შენ როგორ არ გკითხო - სანამ წიგნს ხელში აიღებდი და კიდევ კალამს და წერას შეუდგებოდი, მანამდე რა ხდებოდა? სად და როგორ ოჯახში დაიბადე და რა და ვინ გერტყა გარს?

ბევრი რამე იყო, კრებითი სახელით „ბავშვობა“, „ემოციები“, „შთაბეჭდილებები“, „ზრდა“, „აღქმა“, „შეცნობა“, „სიყვარული“, „აღმოჩენები“,  „მოგზაურობა“, „არდადეგები“ „მეგობრები“.... უამრავი რამ, რაც ისევე ირევა ერთმანეთში და შენში, როგორც ქარში ათასი სურნელი... ვერსად გაავლებ ზღვარს.  ასეა ყველასთან, ალბათ. ოჯახი იყო პატარა, ოთხსულიანი, დედა, მამა, პატარა ძმა და მე. ერთად ვიზრდებოდით ყველანი, მშობლებიც და ბავშვებიც. კიდევ, ცხოველები გვყავდა, ფრინველები, კიდევ მშობლების მეგობრები, სულ ჩვენთან იკრიბებოდნენ, რადგან უფროსი არავინ ცხოვრობდა ჩვენთან, დედას კი არაფრის კეთება არ ეზარებოდა... მღეროდნენ, ხუმრობდნენ, ჭადრაკს თამაშობდნენ, უყვარდათ ერთად ყოფნა. ჩვენც ჭკვიანი ბავშვები ვიყავით. ნაძალადევში ვცხოვრობდით. კერძო სახლი და ეზო. მაშინდელი ცხოვრების სტანდარტების შესაბამისად; სულ რაღაცას ამატებდნენ და აშენებდნენ ჩვენები. მამა ეზოს ალამაზებდა, ყვავილნარები, კუნძები, ხავსი მოჰქონდა, ქვები, ტოტები  და იყო ასე გამუდმებით; სულ შენება, სულ ეზოს მოწყობა-გადაკეთება.  გვქონდა ბაბინებიანი მაგნიტოფონი და „გვყავდნენ“  „ბიტლზები“. მე და მამა ტვისტს ვუბერავდით, მე, ასე, 4-5 წლის, მამა - 25-ის. დედა „მუცლის გამღებად“ მუშაობდა ჩაჩავაში და მამა გვივლიდა ისე, რომ მე „დედას“ ვეძახდი და უბნელი ბიჭები ამაზე აშაყირებდნენ. ერთადერთი ბებო გვყავდა, ისიც ჩვენგან შორს ცხოვრობდა, იმერეთში.  მერე და მერე, როცა გავიზარდეთ ოთხივე, ჩვენი ახალი „ჟიგულით“ მამას სულ სადღაც დავყავდით. ბუნებაზე შეყვარებული კაცი იყო. „ვეფხისტყაოსანს“ სწავლობდა და მეც მასწავლიდა აი, მაშინ, 800 წლის საიუბილეოდ. მორწმუნე ადამიანი იყო, ნიჭიერი ქრისტიანი. მიუხედავად იმისა, თუ რა დროში ცხოვრობდნენ, პატიოსანი ადამიანები იყვნენ. უკან მოხედვისა არასდროს უნდა შეგრცხვესო. კიდევ, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. ძალაუნებურად გვზრდიდნენ ისეთებს, როგორებიც იყვნენ.  მამა ყველგან მიშვებდა, მაგრამ განსაზღვრული დროით, მახსოვს, ათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი.

როგორი ბავშვი იყავი? ის ბაფთიანი ფოტო გამახსენდა უცებ, შენი. რა თამაშებს თამაშობდი ან არ თამაშობდი...

ეგ ფოტო ძალიან მიყვარს მეც. თეთრკოპლებიანი წითელი კაბა მაცვია. ხონში გადამიღო ბებომ ხონის ცნობილი ბაღის ფოტოატელიეში. ბებო მიკერავდა კაბებს თავისი „ტუსიკოებით“.  ცოტას ვთამაშობდი ქალაქში და ბევრს - სოფელში. ნაძალადევში არ მახსოვს დიდად, რას ვთამაშობდი, მგონი ბადმინტონს, ისიც - მხოლოდ მაისში, სასწავლო წლის ბოლოსკენ. გარეთ დიდად არც გავდიოდი. არც მიყვარდა ქუჩა, და არც დრო ან წესი იყო მაგისი. უფრო მახსოვს სკოლა. ყველაფერი მას უკავშირდებოდა.  მახსოვს საბჭოთა გოგოების „ჰობი“ - ღია ბარათების შეგროვება.  ზოგს მსახიობების სურათების კოლექციები ჰქონდა, მე - არა. და თამაში - ეს უფრო სოფელს, ზაფხულის სამ თვეს უკავშირდება, რომელსაც იმერეთში ვატარებდი ერთადერთ ცოცხალ ბებოსთან. სოფელი იყო ურეჟიმო ბედნიერება. სოფლად მიწევდა სიარული სულ პატარასაც და მერე, სკოლის პერიოდშიც, არდადეგების დროს. სხვაგან იშვიათად ვყოფილვარ. ბებოს არ ვეთმობოდით სხვებისთვის. პირველი თამაშებიდან  მახსოვს მაღალი ბალახი და  ამ ბალახში როგორ ვიმალებოდით. ტყეში როგორ ვაგებდით საიდუმლო შტაბს, როგორ ვჭყუმპალაობდით ტალახიან წყალში, რომელსაც სიმინდის ყანების მოსარწყავად აგუბებდნენ. პატარაობისას ბებოს სახლში, რომელიც სულ ერთი დიდი ოთახი და ერთიც სამზარეულო იყო, მაგიდის ქვეშ მქონდა ჩემი სახლი. აი, ეს "მაგიდისქვეშობანა“ იყო მთელი ამბავი, რადგან მქონდა ჩემი თოჯინისთვის დამზადებული აკვანი ნამდვილი არტახებით, ქვეშაგებით, ნამდვილი კაბები, თოჯინები, ჭურჭელი და ათასი რამე-რუმე. მერე ვიზრდებოდი და ეგ ოთახი კი პატარავდებოდა, მაგრამ თავად ბებოს სახლი იქცა  ჩემs სასახლედ. ვკერავდი მის „ზინგერზე“, ჯერ თოჯინებისთვის, მერე ჩემთვის.  წიგნების კითხვა, ტყისპირას სეირნობა ჩემs უსაყვარლეს დეიდაშვილთან ერთად, მაყვლის შეგროვება. ძველი ჟურნალებიდან, რომელიც ბებოს ჩაწიკწიკებულად ელაგა თაროებზე, გადმოვათრევდით რაიმე საინტერესო ნომერს. ეს „სანტერესო“ იყო, მაგალითად, ჟურნალი „საქართველოს ქალი“ და შიგ რუბრიკა „გარდატეხის ასაკის თავისებურება“. საიდუმლო საუბრები დიდ გოგოებთან საიდუმლო თემებზე - ეს ხომ თავისი მნიშვნელობით საუნივერსიტეტო კურსს უდრიდა. მერე საღამოობით დაბანილ-დავარცხნილ-ჩაჩით-ჩასატინკაბებულები ჭადრების ძირში ვიკრიბებოდით. იქ ყველაფერი ხდებოდა: დაწყებული მსჯელობით, იყო თუ არა ცხოვრება მარსზე, დამთავრებული „ბრის ილი მიაუთი“ და შუაში „მოსკოვური“ პრიალა რვეულების ფურცლებზე დღიურების კითხვებზე პასუხების გაცემით: რას ვერ აპატიებდი ადამიანს? შეყვარებული ხართ? და ა. შ.

საბჭოთა კავშირი იყო - ყველაზე ავად რა გახსოვს იმ დროიდან და პირიქით. არის რამე ისეთი, რაც გენატრება?

ავად არ მახსოვს, რადგან მე მომიწია ბავშვობა საბჭოეთის ყველაზე კარგ, თბილ 70-იანებში. მენატრება ცხოვრების ის პერიოდი, როცა ვიყავი მოსწავლე ან სტუდენტი და როცა ბევრი რამ სულ სხვანაირად მეგონა. ავად მახსოვს ავღანეთის ომი და სიტყვები „ცინკის კუბო“. ეს იყო საშინელება. მაგრამ მაინც ადამიანი თავისი ბუნებით ბავშვობას იხსენებს ლამაზად. უამრავი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ მაინც ეს იყო სკოლა. მე-10 საშუალო. ყველაზე მრავალრიცხოვანი და დიდი მთელ რესპუბლიკაში. მეგობრებით,  პურიანი კატლეტებით, კორჟიკებით, პიონერხელმძღვანელით და კარგი და ცუდი მასწავლებლებით, იასამნის სუნამოთი, ექსკურსიით, რაზმეულის საბჭოთი, კომკავშირით... ამ ყველაფერზე ვწერ ჩემს პატარა მოთხრობებში. ამოუწურავი მასალაა, დღეს ყველაფერს იუმორით ვიხსენებ, მონატრებითაც, ნოსტალგიითაც. ერთხელ ყავისფერი ქიშმირის სტანდარტული სასკოლო ფორმის კაბები დავაგრძელეთ გოგოებმა და  ეგრე “მაქსებით” მივედით გაკვეთილებზე და ისე დაგვსაჯეს, ლამის გაგვრიცხეს სკოლიდან... მეორე წელს ყველას მაქსი ეცვა. ანუ ხდებოდა მოვლენები, რომელსაც ოდნავ თუ გაუსწრებდი, ისჯებოდი. კომკავშირის კრებაზე სიტყვით რომ გამოვიდოდი, მახსოვს, გამარჯვებული მეგონა თავი, თუ ჩვენი საბჭოთა საქართველოს ნაცვლად ვიტყოდი “ჩვენი სამშობლო”. მაგრამ სკოლა თავისთავად იყო ბედნიერება, რადგან უსაყვარლესი მეგობრები მყავდა და ვიზრდებოდი.  ეს ზრდა არის თავისთავად ყველაზე საინტერესო აღქმების პერიოდი. როცა აღარ იზრდები და მხოლოდ წლები გემატება, ესაა ალბათ სიბერე. დავსრიალებდით ნავთიან ნახერხზე გრძელ დერეფნებში და გვიხაროდა, მარტის არდადეგებიდან დაბრუნებულებს „პლაშები“ და „გეტრები“ რომ გვეცვა. მაგარი იყო, ვისაც შავი გეტრები ეცვა. მე  ბიძა მყავდა შორეული ცურვის კაპიტანი, ხოდა მგონი საქართველოში პირველი „მაიკა“ ჩამომიტანა. იალქნიანი იახტკლუბის ემბლემით. იცით, ეს რა იყო? ახლანდელი ბავშვი დაიჯერებს, რომ მაისურები, კოტონის ნახატიანი მაისურები და ჯინსები არ არსებობდა? და შენ გაქვს და დაქალს უნდა ათხოვო. აი, რა გამოცდებს ვაბარებდით. და კევს როგორ ვუყოფდით ერთმანეთს? მახსოვს ქვაფენილიანი ქუჩები აკაციებით. მახსოვს უფროსკლასელები, რომლებიც ძალიან დიდები მეგონენ. მახსოვს ოჯახების დიდი შენაძენი, სახელწოდებით „ჟილაია კომნატა“. მახსოვს, პირველად რომ ვნახე „რომეო და ჯულიეტა“. ვისხედით სოფლის კლუბში და ველოდებოდით, როდის დამთავრდებოდა მეზობელ სოფელში ჩვენება და როდის მოვიდოდა ველოსიპედიანი კაცი ფირებით და ახლა ჩვენს სოფელში დაიწყებოდა ჩვენება. ეს შოკი მახსოვს და მერე თავსხმა წვიმაში - როგორ ვიარეთ სახლამდე სიმინდის ყანებში და როგორ ვხარხარებდით ამ წვიმის თქეშში მოყოლილი ახალგაზრდები. როგორ დავარქვით ულამაზეს ბიჭს რომეო და, როგორ ამოიკაწრა ჭადარზე პირველი აღსარება „რ+ზ= ს“. ჭადრები იყო ჩვენი პირველი ფეისბუქის კედლები... მახსოვს „უშანკების“ მოდა და პირველი დიდი კრიმინალი - „უშანკების“ თავიდან წაგლეჯვა და გატაცება.  ერთხელ ჩემმა მეგობარმა თავის უფროს ძმას ხელნაწერი ჟურნალი, „ოქროს საწმისი“ მოპარა და ერთი ღამით მათხოვა. დილამდე თვალი არ მომიხუჭავს, ეს იყო ყველაზე მაშოკირებელი ამბების გაცნობა და გააზრება, სახელწოდებით  „თურმე“.  ბავშვობა არასდროს არაფრად დაგიდევთ, რა სახელმწიფოში ან რა ფორმაციაში ცხოვრობდით და იზრდებოდით. ის ყველგან მაინც ბედნიერების მოზაიკისთვის პოულობს ჭრელ კენჭებს.  მე დღესაც ბევრგან ვხედავ საბჭოთა ადამიანებს. სამწუხაროდ, ჰომო სოვიეტიკუსის გენი ძლიერი გამოდგა. მენტალობას ის დიდ დაღად ამჩნევია.  

ერთხელ მიმიწვიეს ჩემს სკოლაში, მწერლის ამპლუაში. ისევ ის ნაძვები დგას, ჩემი კლასის ფანჯრებიდან ისევ „ფეზეო“ ჩანს... არადა, ზუსტად 40 წელი შესრულდა სკოლის დამთავრებიდან. რა ლამაზი ვიყავი ბანკეტზე, ეჰ, სად წამიყვანე... ზოგიერთის სახელი და გვარიც არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ დაკიდა ამალიკო მასწავლებელმა ზურა კოდალოვი კიტელით საკიდზე, როგორი იყო ჩვენი სკოლის ულამაზესი გოგო, სად გვიყვარდა დგომა დაქალებს, როგორ ვიცვამდით გასახდელში ფიზკულტურის სამმანეთიან ფორმებს  და ვაბარებდით სპორტულ ნორმატივებს...

მარიამ, ბაო რატომ დაგარქვეს? თუ ეს მერე იყო, დიდობაში?

- კი, ეს დიდობაში იყო... ეს იყო ჩემი პირველი ნიკი და მიყვარს, როცა ასე მეძახიან. მარიამი, რომელიც მამამ დამარქვა, დედამისის სახელი იყო. ჩემს ბავშვობაში ორად ორი მარიამი ვიყავით სკოლაში. სახლში მაიას, მაიკოს, მაცაცოს მეძახდნენ. მასწავლებლები ასე მომმართავდნენ: „აბა, გამოდი „მარიამ“. ანუ ეს სახელი იყო დაძახებისთვის „გამოცდის“ წინ. ყველა გაკვეთილზე გამოძახება ან პატაკი ან მოხსენება ერთგვარი გამოცდა იყო ბავშვისთვის. და ეს სახელი რაღაცნაირად სერიოზულად განგაწყობდა სახელის მატარებელს. რა უცნაურია, ვთქვათ, მზია მრქმეოდა ან თინა, მაშინ ეს განცდა არ მექნებოდა. 

ქიმიის ფაკულტეტი დაგიმთავრებია - რამ აგარჩევინა ეს პროფესია და მერე თუ გამოგადგა რამეში ქიმია? ქიმია თუ ალქიმია...

ქიმია ავირჩიე ერთადერთი მიზნით, მესწავლა მეორე კორპუსში... ისე კი ფილოლოგობა-ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და ექსპერიმენტული წელი დამემთხვა... ორი გამოცდის შედეგებით შეივსო ფილოლოგიის  ფაკულტეტი. რუბიკონი ვერ გადავლახე. წარმატებით დავასრულე ქიმიის ფაკულტეტი, ვმუშაობდი ეკოლოგიის რესპუბლიკურ ლაბორატორიაში, ვიკვლევდი წყლის, ნიადაგის და ჰაერის სისუფავეს, ვასწავლიდი სკოლაშიც. მაგრამ მაინც ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო: ქიმიიდან ალქიმიაში გადავედი. სიტყვების ალქიმიაში. ქიმია დამეხმარა ბუნების, მატერიის, მიკრო და მაკროკოსმოსის შესწავლაში, და ბევრი რამე მაპოვნინა ისეთი, რაც მეხმარება  ყველაზე დიდი და მართალი წიგნის - ბუნების კითხვაში. მაინტერესებდა ფერის საკითხი, თუმცა მერე ქრომატოგრაფიის მაგიერ ანალიზურ ქიმიაში ვიმუშავე. მაშინ სახელშეკრულებო თემები იყო. სტუდენტებს გვასაქმებდნენ ექსპერიმენტებზე. ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ვმუშაობდით და ხელფასსაც ვიღებდით. 40 მანეთი და ამას დამატებული სტიპენდია. ასე რომ, ყავას საკუთარი ფულით ვსვამდით კაფეში. ჩაის - „ჩაის სახლში“ და „კაფე-ფრანციის“ ნამცხვრებსაც საკუთარი ფულით ვყიდულობდით. ჩემი თემის მიზანი იყო, გვეპოვა ალაზნის წყალში ვანადიუმის და ვოლფრამის თუნდაც ორიოდე მოლეკულა, რომელსაც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის გამოყენება წარმოქმნიდა.  ბევრი სხვა ქიმიკოსიც ვიცი, ხელოვნების გზებს რომ შეუყვა.

სტუდენტობაში თავზეხელაღებული საქციელი თუ ჩაგიდენია და რა?

თავზეხელაღებული? არა. გაბედული  რომ იყოს? ერთხელ, მაგალითად, სასტუმრო „როსიაში“, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა,  ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა და პრინციპში, შეუღწევადი გარემო იყო, ჩემი ულამაზესი  სამი დაქალით ისე შევედი, ისე დავათვალიერეთ  გამოფენა ფოიეში, ისე შევერიეთ მსახიობებს, რომლებიც კინოჩვენებიდან გამოიშალნენ, რომ ახლაც მეცინება ჩემს „თავზეხელაღებულობაზე“. როგორ მოვახერხეთ? აი,  გამუდმებით ვლაპარაკობდით ქართულად, ცოტა იტალიური აქცენტებით და ტემპერამენტით, გვეცვა ძალიან ლამაზად, გარუჯულები ვიყავით და ამოვარდნილები საბჭოური სტანდარტებიდან. და დაცვამ ჩათვალა, რომ  უცხოელები ვართ, ლაღები, უკომპლექსოები. ვერაფრით გაარკვიეს, რა ენაზე ვსაუბრობდით.  ჩემები გავაფრთხილე, კრინტი არ დასცდენოდათ რუსულად. მოკლედ, ოსტაპ ბენდერს ვგავდი იმ წუთებში. ტრენტინიანი იყო ჩამოსული იმ წელს მოსკოვში და გვაბოდებდა, ნახვა გვინდოდა და ასეთი რამ ჩავიდინე. იქ ვერა, მაგრამ მერე ქუჩაში სრულიად შემთხვევით გადავაწყდით მას.

ადრე დაოჯახდი? მშვიდი სიყვარული იყო? თუ პოეტისთვის დამახასიათებელი - მშფოთვარე?

არა, ადრე კი არა, 27 წლის დავოჯახდით და ძალიან უცნაურად. ჩემი მომავალი მეუღლე ცხრა წლის წინ გავიცანი შემთხვევით, მოვიხიბლე და ვიოცნებე და დამთავრდა ყველაფერი, ვერსად ვნახე მერე. მაგრამ თურმე წინ რა მელოდა. მერე მან გამიცნო სრულიად შემთხვევით, იმავე დღეს ასევე შემთხვევით იყიდა ლატარიის ბილეთი, წავიდა ფეხბურთზე  და შემთხვევით მოიგო მანქანა და ყველაფერი ეს შემთხვევას კი არა, მე დამბრალდა. ბრალდებას თავი ვეღარ დავაღწიე. ოცდაათი წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებ. რაც შეეხება მშვიდ სიყვარულს, ასეთი არასდროს მქონია. ან აქვს ვინმეს მშვიდი სიყვარული საერთოდ? მე ვიყავი საშინლად გაუბედავი და მორცხვი და მხოლოდ ვიტანჯებოდი. აი, ამ ტანჯვაში ვიყავი მშფოთვარე. და ვიყავი სულ ასე, ბაღის ასაკიდან. რომ შევძლო და აღვწერო, რამდენნაირი ფერი აქვს ამ „მშფოთვარებას“, რამდენი ტანჯვა და ტკივილი, და რა ცოტა სიხარული მოაქვს გოგონებისთვის, ალბათ საინტერესო კრებული გამოვა, მაგრამ ყოველთვის მერიდება ასე ღიად ვწერო ამბებზე, რომლებიც, ბუნებრივია, არამხოლოდ მე, არამედ ბევრს გადახდენია. ამას წინათ გავოცდი, რომ გავიგე, იტალიაში ყოველ მეორე დღეს იუწყებიან მამაკაცის მიერ ქალის მოკვლასო. ღმერთო ჩემო, ნუთუ სიყვარულიც ის მუტანტია, ის ზომბი, რომელსაც ყველაფერს გააკეთებინებს, რასაც უბრძანებს ბოროტება?

დაახლოებით რა ასაკში იცოდი, რომ მწერალი გახდებოდი?

ბებიაჩემი, დედა-ბებოს რომ ვეძახდი, იყო ნამდვილი ბიბლიოფილი. წერდა კიდეც, მერე ყველაფერი დაუწვავს. ეს მისი ძმისშვილისგან გავიგე გვიან.  ვცხოვრობდი მართლა უამრავ წიგნთან ერთად. ზოგს თვალს ვარიდებდი, ზოგი არც გამიცნია, ზოგი მიყვარდა, მეძახდა... არასდროს მიფიქრია, რომ მწერალი, ან რამე ასეთი დამერქმეოდა. მაგრამ ისე კი  მინდოდა, დამეწერა წიგნი, „გოგონა წითელ კაპანოებში“ ანუ ბოტებში. დღესაც არ ვიცი, რატომ და რა წიგნია ეს. ლექსებს ღრმა ბავშვობიდან ვჯღაბნიდი,  ვმალავდი, ვასაიდუმლოებდი საგულდაგულოდ. ვწერდი თემებს, ჩანახატებს. მახსოვს, ქართულის მასწავლებელი ამბობდა ხოლმე: „წიკლაური ხის კენწეროზე რომ დასვა, იქაც დაწერს თემასო“. მართლა ეგრე ყოფილა, ეტყობა მახვილი თვალი ჰქონდა ვარო ფხალაძეს, ჩემს ქართულის პედაგოგს.  ახლა და ახლა მივხვდი და დავრწმუნდი, რომ არ შეიძლება იძახო ასე -  „მე მწერალი არ ვარ“, როგორც მე გავიძახოდი. დიახ, მე მწერალი ვარ და უნდა მქონდეს ეს მარადიული შფოთვა, შიში, პასუხისმგებლობა. სხვანაირად არ შეიძლება. აბა, რატომ ვაქვეყნებ ამდენ რამეს, ვინ ვარ, მოყვარული? ხანდახან საშინლად მაღიზიანებს სხვისი ამბიციები, მაგრამ ალბათ, მაინც სჯობს, საკუთარი პირით აღიარო ადამიანმა „დანაშაული“. ეს შემოქმედებითობა და წერისადმი მიდრეკილება აშკარა იყო ყოველთვის.  ყოველი ლექსის მერე მეუფლება განცდა, ვაითუ ამის მერე არაფერი დავწერო და რა მეშველება? მაქვს ეს შიში, კი...

თუ გახსოვს ის წიგნი, ბავშვობაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომ მოახდინა შენზე?

ბავშვობაში, მართლა ბავშვობაში, მახსოვს, როგორ ვტიროდი „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ და „თინას ლეკურზე“. მერე, ყმაწვილობაში, „ბიძია თომას ქოხი“, „80 ათასი კმ წყალქვეშ“, „თეთრი ეშვი“. მახსოვს „პოლი და ვირჟინი“, „სამი მუშკეტერი“. ადრეული წლების წიგნებიდან ძალიან განვიცდიდი აჭარელი მუჰაჯირების ცხოვრებაზე რასაც წერდა პარმენ ლორია. ახლა ამას შეიძლება აღარავინ ახსენებს, მაგრამ ნამდვილად იყო ჩემს ადრეულ ბავშვობაში ისეთი წიგნებიც, რომელიც დღეს საერთოდ არ ახსოვს ლიტერატურას, თუმცა ბევრი ყმაწვილისთვის მოუგვრია ცრემლი. ალბათ ახლა ამ წიგნებზე აღარ ავღელდები, მაგრამ ადრეულ ასაკში საჭიროც კია ასეთი ემპათიის გამომწვევი წიგნების კითხვა ბავშვისთვის.

როგორ გგონია, ის, რომ მერე საბავშვო ლექსების წერაც დაიწყე, რამენაირად არის შენი ბავშვობის გამოძახილი?

შვილების მერე დავიწყე ეგ ამბავი. გაჩნდნენ და დასჭირდათ. მძიმე წლები იყო, არც თეატრი, არც კინო, არც ქალაქი, თვითონ ქალაქი დაიკარგა თითქოს. ასე უცნაურად მივუახლოვდი მაგ დიდებულ სფეროს. ჩემი მღელვარე და მრავალიალქნიანი ნავი თითქოს თავისით მიცურდა ბავშვების სანაპიროზე, ბავშვების ქვეყანაში. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. არის თემები, რომელზეც ვწერ დიდებისთვის, და არის თემები, რომლებზეც ბავშვებს ვესაუბრები. ორი ვარ.

რამე განსაკუთრებული თვისებაა საჭირო საბავშვო ტექსტების საწერად? როგორი უნდა იყოს, ბავშვებს რომ მოეწონო?

თუ ბავშვების მიერ მოწონებაზეა საქმე, ლამაზიც უნდა იყო, კეთილიც, გულწრფელიც, მხიარულიც და სულაც არაა საჭირო, რომ მწერალი იყო, ისედაც მოეწონები პატარებს. მე რომ ბავშვი ვიყო, ასეთი ადამიანი მომეწონებოდა - ნათელი, და არც ვკითხავდი, მწერალია თუ  მეფუნთუშე.  ტექსტების საწერად კი ნამდვილადაა საჭირო კონკრეტული თვისებები -  ნიჭიერი უნდა იყო, შეგეძლოს ბავშვად ცხოვრება, მხიარული და ლაღი თხრობა, ადვილად თქმა, მარტივად და უბრალოდ ლაპარაკი, ფანტაზიორი უნდა იყო. ყველაფრის მოხდენა უნდა შეძლო, არ უნდა არსებობდეს შენთვის გამოუგონებელი ამბები. მე ხომ ბებოც ვარ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, მოუყვე ბავშვს ამბები. ეს იქნება დედამიწის ამბები ანუ ბუნების მოვლენებზე, ბავშვობის ამბები თუ რა გინდა რა... ჩემი შვილიშვილი, ელენე ასეთ კატეგორიებად ჰყოფს ამბებს.

პირველად რომ წიგნების ოკეანეში შეცურე,  ვინ შეგიძღვა. როცა მიხვდი, რომ რაღაც დიდს შეეხე, ვინ იყო ის ავტორი?

ეს ყველაზე რთული საპასუხოა, რადგან განცდა, რომ რაღაც დიადს შეეხე, ბევრჯერ გაქვს ადამიანს, რომ დღეს ცხოვრობ და უკვე ყველაფერი კარგი დაწერილია. თუ როგორც პოეტს მეკითხები, შემაზანზარა ცვეტაევამ. მაგრამ არანაკლებად შემაზანზარა „გილგამეშიანმა“ და „ვეფხისტყაოსანმა“. ეს ის მომენტია, როცა კითხულობ და ხვდები, რომ ენა, როგორც ასეთი, შეუზღუდავი რესურსების ფლობის ტექნოლოგიაა გენიოსთა ხელში. გალაკტიონმა, რომელიც გამიწებს, თითქოს ერთიანად გიწოვს, როგორც მცენარეზე მიკრულ მწერს შეიწოვს და ინელებს ფოთლის წვენი. ბესიკ ხარანაულის წიგნებთან მემართება ასეთივე განცდები, და მახსოვს „გარდარევა“, როცა პირველად წავიკითხე მისი „60 ჯორზე ამხედრებული“.  პროზაში მახსოვს მეტერლინკის ნატურფილოსოფიის  შეზანზარებები.  არის კიდევ გადამდები შეზანზარებაც. ვიღაც იტყვის და შენ ამის მერე უკვე წინასწარგანწყობით ზანზარდები. ვთქვათ, კამიუს „უცხოს“ მომენტი მახსენდება. არსებობს საპროგრამო-სასკოლო „შეზანზარებებიც“. ბევრი სხვაც იქნებოდა, მაგრამ უკვე მიჭირს გახსენება. განა მარკ ტვენი, ჰემინგუეი ან სელინჯერი არ შემაზანზარებდა? „ღიმილის მტვერმა“ განა არ შემაზანზარა? ამ წიგნმა დამტოვა შეყვარებულად ცხოვრებაზე!

და შენ როგორღა დაიწყე წერა?

ეტყობა, ეს „ზანზარი“ ისეთ ამპლიტუდებში გარხევს, რომ სადღაც რაღაცას წამოედები და აფლეთ ხორცს და სულს. მაყვლის ეკალი რომ ჩაგერჭობა და გამოგდებს კაუჭს საძაგლად, ვერც იხსნი თავს, კიდევ მეტად გფლეთს - ესაა სიტყვიერებაც. არ ვიცი, რომ ვხატავდე ან მუსიკას ვქმნიდე, იქნება და არც მეწერა, მაგრამ სიტყვას ვერსად გავურბივარ, ეკალია სიტყვაც.  ბავშვობიდან დამალვით, ჩქმალვით და ასე მოვდივართ მე და ჩემი წილი სიტყვები. ათასნაირად შემიძლია ვთქვა, რაა ჩემთვის წერა, მაგრამ არცერთი არ იქნება ერთადერთი და ჭეშმარიტი განსაზღვრება, რადგან ეს მაინც ძიების მისტიკაა და ასეთად დარჩება. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, უნდა ყველაფერი მეღონა და მქონოდა ურთიერთობა პროფესიონალებთან, გაბედული უნდა ვყოფილიყავი. თავი მეცოდება დღეს ყველაფრის გამო, რასაც თავის დროზე ავცდი, დავმალე, მომერიდა, დავირცხვინე.  ასე არ უნდა მოიქცეს ადამიანი. რადგან დრო მკაცრია არა მხოლოდ მსაჯულად, მეგობრადაც მკაცრია, სატრფოდაც მკაცრია და ცოტა ფეხებზემკიდიაც. დრო არასდროს მოგძებნის, მაგრამ შენ უნდა ეცადო, რომ შენ დროს არ ასცდე. მე არც სტუდენტობიდან, არც სკოლიდან არ მომყვებიან „ჩემები“- კოლეგები, ფილოლოგები, მე უცხო ვარ ამ წრისთვის, მოვედი ასე, უცხოდ, ველურად და ვცდილობ, მთელი ცხოვრების წილი მივიღო მეგობრობის,  ქომაგობის, კოლეგობის, თანაზიარობის. ადვილი არაა. თუმცა მე მხოლოდ მიღებაზე არ ვსაუბრობ, მე გაცემასაც ვცდილობ ამ ყველაფრის. ვცდილობ, ზედმეტადაც არავინ შევაწუხო, პრეტენზიებით, ამბიციებით. შემიძლია, სხვაზეც ვწერო, სხვისთვისაც დავიხარჯო. გულისტკივილებიც არის, მაგრამ უამისოდ ან კი რა არსებობს?

ვინ იყო და არის შენი ტექსტების პირველი შემფასებელი?

იყო ასეთი ქალბატონი, 40 წლით ჩემზე უფროსი, ნელი ქუთათელაძე. ნელიკოს ბევრ რამეს ვუმადლი ჩემს წათამამებაში მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ახლა ჩემი მეგობრები, ნინია სადღობელაშვილი, გიორგი კაკაბაძე და რამდენიმე სხვაც. და ფეისბუქიც. დედას უყვარს ძალიან ჩემი პუბლიკაციების და წიგნების კითხვა და ეს გასაგებიცაა. ჩემი მეუღლეც კითხულობს. მაგრამ საზოგადოდ, ასეთი ვინმე, პირველი შემფასებელი, არ მყავს. საერთოდ, პირველს კი არა და, ზოგადად, შემფასებელს, დღეს ბევრი ნატრობს... პროფესიონალ შემფასებელს ხომ  ნუღა იტყვით. იმდენი რამ აქვს ადამიანს საკითხავი უკვე, მართლა რთულია, კონკურენცია გაუწიო ამდენ მწერალს, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს და შენ ვინმეს სერიოზულად აინტერესებდე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ერთგულად მკითხულობს, ვინც არ იზარებს, ორი კეთილი სიტყვა მითხრას, ვისაც ესმის ის, რასაც ვწერ...

არაერთი წიგნის ავტორი ხარ - როგორ ფიქრობ, ყველა წიგნის დაწერა ღირდა?

უჰ, ეს რა გემრიელად მკითხე. არც არაფერი ღირს იქნებ და არც ადრე ღირდა რამედ ეს წიგნები, მაგრამ გაჩნდნენ იმ ბავშვებივით, აბორტისთვის რომ არ გაწირა დედამ. სულ ვნატრობ კარგ, პატარა წიგნებზე და სულ დიდ წიგნებს კი ვცემ და აი, აგიხსნით, რატომ: გამოცემა ჩვენთან, ჩემი დონის ავტორისთვის, არის ძლივს მიღწეული შანსი. უნდა გამოიყენო, გამოსცე, დადო და წახვიდე წინ. არასდროს ვყოფილვარ მე ისეთი ავტორი, რომელზეც რაიმე ფსონი იდება და მუდმივად ჰყავს გამომცემელი და ა.შ. მე როცა მეძლევა შანსი, მაშინ ვბეჭდავ წიგნს. და ერთგვარად ამით ვინახავ ჩემს ნაწერებს. თორემ ვინმე გამომცემელი რომ რაღაცას თვლიდეს ჩემზე, მაშინ გამოცემებიც მექნებოდა სხვანაირი... იქნებ კიდეც რომ ღირდეს რამედ, ისეთი. ამ მხრივ ცოტა დაუდევარიც ვარ... ვერა და ვერ ვიქეცი ერთი გამომცემლის ავტორად. თუკი სადმე რამე გამომცემლობაა, ყველგან მაქვს წიგნები. ეს ძალიან ცუდი და არასწორი პოლიტიკაა, მაგრამ სხვა შანსი არ მაქვს... ყველაფერი რომ დამეწურა, ეტყობა, ამდენი ნებისყოფა და ჭკუაც არ მეყო.

შენი ცხოვრება დღეს როგორ არის დაყოფილი - როდის წერ და როცა არ წერ, რას აკეთებ?

ჩემს ცხოვრებას მოშლილი აქვს შუქნიშანი, ტაიმერი, არ უვარგა ასფალტის საფარი, მაგრამ ვმოძრაობ  და ვცდილობ, უმტკივნეულოდ ავიცილო საფრთხეები. ხან ვწერ, ხან ბევრს ვწერ, ხან საერთოდაც - არაფერს. როცა არ ვწერ, ვფიქრობ, რაზე დავწერო, როგორ ჩავიგდო ხელში და სადმე მივაბა ფეხით ფრაზა, საიდანაც დავიწყებით მე და ლექსი ან მე და ჩანაწერი, ან მე და პატარა მოთხრობა...  ცუდია, რომ წერას მე საქმედ არავინ მითვლის. არც სხვებს უთვლიან საქმედ, ან უმრავლესობას არავინ უთვლის ამას საქმედ. ეს ცუდია.

ყველაზე დიდი ინსპირაცია რა არის შენთვის წერისთვის?

კარგი ნაწერის წაკითხვა. ასევე რაღაც ფრაზა, ხან სიტყვა, ხან განწყობა, ხან პრობლემა, ხან კონკურსი, ხან რა და ხან რა... ფიზიოლოგიური შეგრძნებაც, რომლისთვისაც სახელი ჯერაც ვერ მიპოვია და ისე კი ჰქვია „წერამინდა“ და სადღაც ყელსა და მკერდს შორის ირხევა.

და გარემო? შეიძლება, შემახედო მარიამის „საკუთარ ოთახში“? იქ, სადაც წერ.

მოდი, მოდი, სიამოვნებით შეგახედებ. ადრე, „ქე რო ბნელი იყო ხალხი“, უფრო სწორად, ფიდერები რომ არ მუშაობდა და მართლა ბნელოდა,  ვწერდი ძალიან გვიან, ბავშვების დაძინების და საქმეების მერე, გაყინულ-გათოშილ ოთახში, ლამფის შუქზე. ვწერდი ბევრს და არსად დამიბეჭდავს ის ნაწერები, ნაწილი გადავყარე, ნაწილი შევინახე.  მერე დენის მოწოდება რომ დაიწყო, ვაქრობდი და ისევ ლამფასთან ვჯდებოდი, რადგან დიდ შუქზე ვერაფერს ვწერდი. მერე მზის შუქზე ავმუშავდი, სამზარეულოში, ფანჯარასთან, საიდანაც მთები ჩანდა, ზედაზენი, ბაგინეთი და ასე შემდეგ. მერე სახლი გამოვიცვალეთ და ახლა კაბინეტიდან ჩანს მთები. ეს აუცილებელი პირობა იყო, სადმე ერთი ფანჯრიდან მაინც მეყურებინა მათთვის. ერთი პერიოდი ვწერდი გამთენიისას, ახლა ვაკაკუნებ აგერ კომპს და კონვენციურს, არაკონვენციურს, საბავშვოს, სათარგმნს, ყველაფერს ვწერ მონიტორზე კლავიატურით. ოღონდ კი დრო ვიხელთო, აღარც მზეს ველოდები და არც ლამფას. მთავარია, არ გაჰყვიროდეს მეზობელ ოთახში ტელევიზორი, არავინ მახოხდებოდეს თავზე და არავინ მიძვრებოდეს ჩემი კომპიუტერის „დასაპყრობად“. 

უკვე რა ხანია, „ცოცხალ წიგნებს“ დაატარებ აქეთ-იქით, უსმენ მათ და ძალაუნებურად იცი,  ვინ რას წერს. როგორ ფიქრობ, რა პროცესები მიდის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში დღეს? აქვს მას პოტენციალი, გასცდეს საქართველოს?

დიახ, ასეა და მიხარია, რომ ასეა. რომ არსებობს ეს მოძრაობა თუ უკვე ლამის ინდუსტრია, სახელად „ცოცხალი წიგნები“. ყოველთვის იყო, არის და იქნებიან ლიტერატურაში ის ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ თარგმნა და კარგი, სათანადო მიწოდება სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ეს იმდენად რთული, ხანგრძლივი და საჭირო პროცესია, აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, გარკვეული პოლიტიკის წარმოებას უამრავი ადამიანის და სტრუქტურის მხრიდან. საინტერესო ავტორები გვყავს, რა თქმა უნდა. ჩვენი ნაკლია არასათანადო კომუნიკაბელურობა მსოფლიოსთან, ავტორებიდან ძალიან ცოტას აქვს ის უნარები, რომ თვითონაც შეძლოს საუბარი და საქმიანი კონტაქტები გააბას სხვა ქვეყნის კოლეგებთან, გამომცემლებთან. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ქართველი ავტორები დადიოდნენ თავისუფლად საზღვარგარეთ, კითხულობდნენ ლექციებს, ხვდებოდნენ უცხოელ მკითხველებს, სტუდენტებს. არადა, ესეც საჭიროა. იქნებ ვინმემ დამცინოს კიდეც, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თვისებების და უნარების გამომუშავება. ახლა იტყვით, სადა აქვს მაგის თავი ქართველ მწერალს და ასე შემდეგ. ვიცი, კი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუნდაც ათი-ოცი წლის შემდეგ მაინც, სწორედ ასე ცხოვრობდეს ჩვენი კარგი ავტორი - ჰყავდეს ლიტერატურული აგენტი, კითხულობდეს ლექციებს, ატარებდეს შეხვედრებს, ითარგმნებოდეს და მის მიმართ იყოს დიდი ინტერესი სხვა ქვეყნებიდან. ვისურვებდი, რომ საინტერესო და კარგ ავტორებს  ხელს და ნერვებს არ უშლიდნენ სხვები. სახელმწიფომაც იცოდეს თავისი კარგი მწერლის ფასი, საზოგადოებამაც, კერძო სექტორმაც. წავედი ოცნებებში, მაგრამ არაუშავს, დღეს თუ ასეთი ამბები არ წარმოვიდგინეთ, ეს არც ოცი წლის შემდეგ გვექნება. ამიტომ მეტი სითამამეა საჭირო. ბევრი ვიოცნებოთ.

როგორ ფიქრობ, პროექტმა „ცოცხალმა წიგნებმა“ გაამართლა?

გაამართლა, თუმცა უამრავი ხარვეზიც გამოაჩინა, რაღაცნაირად დაგვანახა რეგიონებშიც და დედაქალაქშიც  კულტურის და განათლების სფეროს და სხვადასხვა  სტრუქტურების არასათანადო  დონე, გამოაჩინა ბევრი რამ, რაზეც მე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ იდეალური მდგომარეობაა. უამრავი პრობლემაა და კარგია, რომ ამ ყველაფერს თვალებში ჩავხედეთ.

საბავშვო წიგნების გარდა, არაერთი პოეტური კრებულის ავტორი ხარ - როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაც შენს პოეზიას გამოარჩევს სხვებისგან, რაც მისი დამახასიათებელი ნიშანია?

ეს ყველაზე რთული კითხვაა. გამიხარდებოდა, რომ სხვას ეთქვა თავისი აზრი ჩემს პოეზიაზე, მე ვთვლი, რომ მიყვარს ენა და ამ ენაზე აზრის ჩამოყალიბება, და ამ აზრის გაზიარება მკითხველისთვის. ხან ფილოსოფიურ განწყობაზე ვარ, ხან ნაკლებად, ხან სოციალური პრობლემა მაწუხებს, ხან ბუნების სურათი მაღელვებს, ხან განწყობები ბატონობენ. ერთადერთი, რაც ვიცი, ჩემთვის პოეზია მოსაფრთხილებელი, წმინდა საქმეა. თითქოს სამარადისოდ სვამ ნიშნებს, რომლებიც ძველი კირბებივით ვიღაცას სადღაც გზას მიანიშნებს. ხანდახან გეუბნება მკითხველი, რომ აი, კონკრეტულ მომენტში ეხმარები, ამშვიდებ, ძალას აძლევ: ხან უცხოეთში აიმედებ, ხან  საპყრობილეში აძლებინებ, ხან ავადმყოფობაში ამხნევებ, ხან სიმღერად იქცევა ეს ლექსი და ათასობით ადამიანს სიხარულს ანიჭებ. ხან ითარგმნება და სრულიად უცხოსთან მიაქვს შენი ფიქრი. ისმენ ასეთებს და ცოტა გიკვირს, არც გჯერა, თან გიხარია. გამოდის, რომ ლექსები და მოთხრობებიც შენი კომუნიკაციაა ხალხთან. შენი გზავნილია. ისინი იღებენ ამ წერილებს, კითხულობენ და  პასუხებსაც გიბრუნებენ. სიტყვიერების სახელმწიფოებია ეს. ამათ თავისი დიპლომატია და  კანონები მართავს, ამათი დრო სხვაა, გზებიც, საფრენი ბილიკებიც. ხილულის გარდა, რამდენი რამეა, რასაც წაღმა პირი უჩინარი აქვს.

მთა რას ნიშნავს შენთვის?

„მარადისობის რიტუალი“ რომ დავწერე, მაშინ მივხვდი, რომ არსებობს მთის ადამიანი. ეს კიდევ ერთი რასაა კაცობრიობაში. მთა არის ენა. მთა არის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა. ბოლოს და ბოლოს, მიწის გუმბათია. ღმერთთან შეხვედრის ადგილი, მშვენიერიებისა და იდუმალების, მისტიკისა და  გასვლის ადგილი. მთა მეტასამყაროა.

და აქვე,  ხვარამზეს ამბავი გამახსენდა, ამ ქალის გაცოცხლების და მერე ლიტერატურული კონკურსისთვის სახელის დარქმევის. დღეს თუ შემორჩნენ მთას ხვარამზესნაირი ქალები?

კი, არსებობენ, თუმცა ასეთი გამორჩეული პოეტური ნიჭისანი ისე ჩუმად აღარ სხედან, როგორც ხვარამზე. ბედის ანაბარა აღარ იტოვებენ თავს. არსებობენ და წიგნებსაც გამოსცემენ. ვაჟ-ვაჟიკებს ეგრე იოლად არ ეკვლევინებიან. დარდს თავს არ აჭმევინებენ. დრო საცერია და ძალიან მნიშვნელოვანს შეირჩენს, გნებავთ, მთისას და გნებავთ, ბარისას. გნებავთ, კაცისას და გნებავთ, ქალისას. მაგრამ აუცილებლად დიდი სიყვარულის ნაყოფს. პოეზიაც ხომ სიყვარულია, სხვა არაფერი.

სულ ლიტერატურასა და წარსულზე გამოგვივიდა დიალოგი - ახლანდელი ცხოვრების პატარ-პატარა სიყვარულებზე მინდა გკითხო - სად შეიძლება წააწყდე კიდევ მარიამს, სადაც ყოფნა უყვარს? მაგალითად, ბაზარში, გაზაფხულის მოსავლის საყიდლად ან ტანსაცმლის მაღაზიაში?

მარიამი ერთი ჩვეულებრივი დიასახლისია, დედაა, მეუღლეა, ბებოა, შვილია, დაა, მამიდაა, მეგობარია, დაქალია. ცოტა უცნაური ბედი მაქვს,  უხილავი ანტენით თავზე. მსურს თუ არ მსურს, ვეძებ თუ არ ვეძებ, მაინც უთვალავ ინფორმაციას ვიზიდავ, ვკრებ, ვატარებ. ყველა თაობის ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. რატომღაც ყველა თვლის, რომ მე ერთი მარიამი კი არა, ლამის „ორგანიზაცია მარიამი“ ვარ და ვალდებული ვარ, რაღაცით ვუშველო, დავეხმარო. პასუხსაც მეტად მთხოვენ, ვიდრე ჩვეულებრივ ერთ მარიამს, ნერვებსაც მეტად მიშლიან. მუდმივად მიწევს ინფორმაციის მიწოდება, ყველა ყველაფერს მეკითხება, რატომ - არ ვიცი, და მე ვალდებული ვარ, ვიცოდე. აღარ არსებობს უქმე და სადაგი, დღე და ღამე, შვებულება და სამუშაო ადგილი, 24 საათიან რეჟიმში ვარ  „ორგანიზაცია მარიამი“. ეტყობა, ბუნება მაქვს ასეთი, არ შემიძლია, ადამიანს უარი ვუთხრა რამეზე. აი, უბრალოდ, ვთქვა „არ ვიცი“, „არ შემიძლია“, „დრო არ მაქვს“. და ამიტომ, სანამ ამას არ ვისწავლი, ალბათ მომიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება. სად წამაწყდები და, მეტროში ყველაზე ხშირად. სულ ვმოძრაობ, სულ რაღაც საქმეა. ბაზარშიც მნახავ, გლდანის ბაზარში, სადაც მუხრანის, ერწოს, დუშეთის და ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული გლეხების ჩამოტანილ ყველსა და მწვანილს ვყნოსავ.  გაზაფხული საოცრებაა, ბალახი რომ ამოდის და ყველიც ფერს იცვლის და სურნელს... ყველაზე გაუმაძღარი ვარ  ქინძისა და პიტნის ყიდვაში. სადაც მომეწონება, ყველგან ვიყიდი ქინძს. ვერ ვუძლებ ამ სურნელს. მანიაკი ვარ ამ მხრივ. ყველი რომ იაფი ღირდეს, ყველზეც ასე მოვიქცეოდი. და ვაშლზე. ყველაზე რთულად ფეხსაცმელს ვყიდულობ. ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლა იმდენად მეზარება, რომ არა ჩემი შვილების დაჟინება და რომ არა ეს სატელევიზიო ჩაწერები, ალბათ ერთი ჯინსით და მაისურითაც მშვენივრად გავიდოდი ფონს. ყველაზე რთული სფეროა ჩემთვის ამ სისტემაში ნავიგაცია. მაგარი ოროსანი ვარ. ბავშვობაშიც ასე ვიყავი, ამოჩემება ვიცოდი რაიმე ნივთის, ან ფეხსაცმლის ან კაბის. ერთხელ მახსოვს, დედამ გადამიყარა ფეხსაცმელი და  კაბაც გადამიგდო. ძალიან ცუდი თვისებებია ეს. ქალს აუცილებლად სჭირდება თავის გარეგნობაზე ზრუნვა. აუცილებლად. მე მსიამოვნებს, როცა კარგად მოვლილ, ლამაზად ჩაცმულ ქალს ვუყურებ. სხვაც ასე იქნება. საწყალი და ბეჩაური გარეგნობა არ უნდა გქონდეს ადამიანს. გარეგნობა შენი პასპორტია. ჩანს, ვინ ხარ. ეს არ ეხება  სიმდიდრეს ან სიღარიბეს. გარეგნობას ქმნის შენი შინაგანი მსოფლხედვა, ხასიათი, გემოვნება.  ძალიან განვიცდი ასაკს. სულ მეშინია დაბერების, კატასტროფულად მაშინებს ეს „ჭირთა უფრო ძნელი ჭირი“.

კიდევ მაინტერესებს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ამბავი - თუ არ ვცდები, მაგ ამბავშიც ურევია შენი ხელი ქართველი ავტორების წარდგენის მხრივ. როგორ გგონია, გვაქვს შანსი?

ო, ეგ ისეთი თემაა... სწორედ ამ ჟურნალის პირველსავე ნომერში გამოვაქვეყნე წერილი ასე, ოთხიოდე წლის წინ. ბევრჯერ მითქვამს, სხვაგანაც დამიწერია, რომ შანსები არავის არ გვაქვს, სანამ არ გავხდებით საქვეყნოდ პოპულარული წიგნების თარგმნილი ავტორები. ლექსების შანსები ნულია. უფრო დიდი შანსები აქვთ, როგორც ჩანს, ინტეგრირებულ ავტორებს, ვინც ფანტასტიურ ილუსტრაციებს აკეთებს და თან წიგნებს წერს. ვისაც აინტერესებს, გადახედოს WWW.ALMA.SE გვერდს და ნახოს, რა დონის ავტორებს ანიჭებენ ამ პრემიას. ჩვენ ძალიან შორს ვართ ჯერ, მაგრამ აუცილებლად, ყოველ წელს უნდა წარვადგინოთ ჩვენი ავტორები და ვაჩვენოთ ამით ალმას კომიტეტს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იქმნება საბავშვო ლიტერატურა და თავისი დიდი ტრადიციის გარდა, მას აქვს მომავალი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ სრულად ამ და სხვა პრემიებს სათანამშრომლოდ, მოტივაციების გასაზრდელად. ჩვენ მხოლოდ ვასახელებთ ავტორს და არ ვზრუნავთ მასზე მთელი წლის განმავლობაში. ეს პიარული მანერა არაა საკმარისი საქმისათვის. სადაა თარგმანები, სადაა საბავშვო ავტორების ვიზიტები ან ბოლონიაში, საბავშვო წიგნების ბაზრობაზე, ან სხვა  მიმართულებით? რატომ არ ჩანან საბავშვო მწერლების ახალი, არაჩვეულებრივი თაობის წარმომადგენლები „სადიდო“ ლიტერატურის შემქმნელების გვერდით?  ახლა კარგი სიახლე გვაქვს კულტურის სამინისტროს მიერ ახლადდაარსებული პრემიის სახით საბავშვო ლიტერატურაში. დიდი ხნის ოცნება ახდა, მაგრამ პრობლემები ერთმანეთზეა ჯაჭვივით აკინძული. რას წარადგენ კონკურსზე, როცა გამოცემა ძალიან შეზღუდულია? არანაირი დაფინანსებები, არანაირი თანადგომა, არანაირი პოლიტიკა ამ მხრივ არ იწარმოება, არანაირი რეკლამა. ჩემი ინიციატივით „ქართული საბავშვო წიგნის დღეც“  დავაარსეთ - 27 ოქტომბერი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საბოლოო შედეგს ვერ იძლევა.

შენ ხარ ის ავტორი, ვინც საკმაოდ ძვირადღირებული წიგნი წინასწარ გაყიდე და მერე გამოეცი - ასეთი რამ, მგონი აქამდე არავის უქნია - ეს გზა გამოუვალობის გზაა ავტორისთვის, გამოსცეს ასეთი წიგნი თუ რაღაც ექსპერიმენტი? 

იყო  ერთგვარი ექსპერიმენტი, რისკი, განპირობებული გამოუვალი მდგომარეობიდან. ადვილი გასაკეთებელი არ იყო. იმოქმედა და ამუშავდა მთელი ოცწლიანი კაპიტალი, ჩემი მწერლური თუ ადამიანური ცხოვრების ე.წ ბექგრაუნდი. იყო რაღაც ძალიან კარგი და სახალისოც ამ აქციაში. „წმლანდია“ შევქმენით - ოცნების ქვეყანა, სადაც არამცთუ გამოცემულ, გამოუცემელ წიგნსაც ყიდულობდა ხალხი. იყო ერთგვარი თამაშიც,  თანადგომის და სიკეთის აქცია. უსაყვარლესი ადამიანების, ნაცნობების და სრულიად უცნობების აყოლიება მიზნის მისაღწევად. ათასი ტერმინი, კომპოზიტი, წოდება, ტიტული თუ ერთეული შევქმენით, კონსტიტუციაც კი დავწერეთ, ჩვენი საინფორმაციო გადაცემაც გვქონდა. ასეთი რამ არასდროს არავის გაუკეთებია. არანახული შედეგი მივიღეთ, წარმოუდგენელი! და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანები მზად არიან სიკეთის მისაღებად და  გასაცემადაც, მთავარია, იყოს ნება და სწორ კალაპოტში მიმართო მათი ქმედებები. მართალია, უდიდესი ენერგია და ძალისხმევა წაიღო ჩემგანაც და ხატია მაღლაფერიძისგანაც, ვინც ფეისბუქგვერდის ადმინი იყო და ბევრი რამ გაიღო ჩემ დასახმარებლად, თუმც ღირდა „ჩიტი ბდღვნად“.  

და ბოლოს, არაფერი მიკითხავს გეგმებზე - ალბათ ყველა ავტორს აქვს შეგრძნება, რომ მთავარი დასაწერი წიგნი წინ აქვს - შენ?

რაღა დაგიმალო და, მეც ეგრე, სულ ვფიქრობ, ოდესმე ნამდვილი წიგნი გამოვცე. ერთი ნამდვილი წიგნი. ეს მარადი ილუზიაა ან მეუდაბნოეთა წირი ანუ მირაჟი. სულ უახლოვდები და ვერაფრით იხელთებ, ვერ ეხები... ან ცისარტყელაა, რომელშიც გასვლა გწადია და ვერ ძლევ ამ მანძილს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE