ერთი მოგზაურის ამბავი


ერთი მოგზაურის ამბავი




ჩრდილო იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებ ფედერიკო ვ.-ს ძლიერ უყვარდა რომში მცხოვრები ჩინცია უ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ჩაჯდებოდა მატარებელში და დედაქალაქისკენ გაემგზავრებოდა. თავისუფალი დრო ბევრი არ ჰქონდა, ამიტომ სამსახურისთვისაც და სიამოვნებისთვისაც მის ეკონომიურად განაწილებას იყო მიჩვეული. ჰოდა, როგორც ახლა, სხვა დროსაც ღამით უწევდა მგზავრობა, ბოლო მატარებლით, ცოტა მგზავრით, ხოლო თუ სადღესასწაულო პერიოდი დაემთხვეოდა, იქ წამოწოლისა და დაძინების საშუალებაც ეძლეოდა.

ფედერიკოს თავის ქალაქში გატარებული დღეები ძალიან ანერვიულებდა, ადგილს ვერ პოულობდა. მომდევნო მატარებლის მოლოდინში, კაცი რაღაც საქმის მოგვარებას რომ დაიწყებს და თავში გასვლის განრიგი უტრიალებს განუწყვეტლივ, ისე ემართებოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, გამგზავრების საღამო მოახლოვდებოდა და ყველა მოწესრიგებული საქმის შემდეგ, ჩემოდნით ხელში სადგურისკენ გაემართებოდა, აი, მაშინ გრძნობდა თავს მშვიდად, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩქარობდა, მატარებელზე არ დამაგვიანდესო. იმ დროს სადგურზე ხალხის რუზრუზი თანდათან წყდებოდა და ისიც თავს უკეთ, უფრო თავისუფლად გრძნობდა. ყველაფერში ხელის შემწყობ პირობას ხედავდა, დაბრკოლებებშიც კი. ისე მსუბუქად მიდიოდა, თითქოს სადგურის იატაკიც ეხმარება ნაბიჯის სწრაფად გადადგმაშიო; ბოლო წუთებში ჯერ კიდევ ღია სალაროს წინ დგომა, მაღალი კუპიურის გადაცვლა, ხურდა ფულის უქონლობა ჟურნალების ჯიხურთან, ყველა ამ წინააღმდეგობის გადალახვაც კი სიამოვნებად მიაჩნდა.

საერთოდ, ასეთი შინაგანი სულიერი სამყარო არ ეტყობოდა. პირიქით, ის იყო კაცი, რომელსაც მოსწონდა, თუკი სხვა მგზავრებისგან განსხვავებული არ იქნებოდა. მართლაც, ყველა მასავით იყო ჩაცმული, საწვიმარ ლაბადასა და ჩანთით ხელში, მაგრამ მაინც გრძნობდა თავს ტალღის წვერზე, რადგანაც ჩინციასკენ მიისწრაფვოდა და სწორედ ეს განასხვავებდა ყველასგან.

ლაბადის ჯიბეში ჩაყოფილი ხელით ტელეფონის ჟეტონს ათამაშებდა. დილით, როგორც კი ჩავიდოდა „რომა ტერმინიში“, მაშინვე უახლოეს ტელეფონამდე გაიქცეოდა, ნომერს აკრეფდა და ეტყოდა: „ძვირფასო, იცი, მე ჩამოვედი...“ და ახლაც, თითებს უჭერდა ამ ჟეტონს, როგორც უძვირფასეს, უნიკალურ ნივთს მთელ სამყაროში, იმ დიდი სიამოვნების განცდის ერთადერთ საშუალებას, რომელიც ჩასვლისას ელოდებოდა.

 მგზავრობა ძვირი ღირდა, და ფედერიკო მდიდარი არც იყო. მეორე კლასის ვაგონში, რბილ სავარძლებზე ადგილები თავისუფალი თუ იქნებოდა,  ბილეთებს ყიდულობდა, სულ ასე აკეთებდა, ცალკე რომ ყოფილიყო, მყუდროდ. ხალხმრავლობის შემთხვევაში კი, კონტროლიორს თანხას უმატებდა და პირველი კლასის ვაგონში გადადიოდა. ფულის ასე ეკონომიურად ხარჯვით სიამოვნებას უფრო განიცდიდა, ორ სხვადასხვა დროს გადახდილი თანხა იმდენად ძვირი არ ეჩვენებოდა. ასეთი გამოცდილებით თავსაც მშვიდად და მსუბუქად გრძნობდა.

საკუთარი ცხოვრება ზოგჯერ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევა, თითქოს სხვებს  უფრო ეკუთვნის... ფედერიკო ყოველთვის ცდილობდა, თავისი შინაგანი სამყარო ასეთი გავლენისგან დაეცვა, რისთვისაც ცოტა რამეც კი ჰყოფნიდა. სასტუმროს ერთი ოთახი, მატარებლის კუპე და ყველაფერი ის, რაც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი, ცხოვრებას სხვაგვარად აღაქმევინებდა, დადებითად; წარმოიდგენდა, რომ ნახევარკუნძულზე გადაჭიმული რკინიგზაც კი, თითქოს მისთვის იყო გაყვანილი; რკინიგზა, რომელსაც ის ჩინციასკენ მიჰყავდა.

იმ საღამოს მეორე კლასის ვაგონი თითქმის ცარიელი იყო. ფედერიკომ ერთი კუპე აირჩია, რომელიც არც მატარებლის ბორბლებზე ხვდებოდა და არც - მთლად შუა ვაგონში. იცოდა, რომ  სიჩქარეში ამოსული მგზავრები, ძირითადად, წინა კუპეებს არ ირჩევდნენ. წამოსაწოლი ადგილის პოვნისთვის ფსიქოლოგიური დეტალების მინიმალური გათვლა იყო საჭირო. ეს კარგად იცოდა ფედერიკომ და ყოველთვის ყველაფერს ითვალისწინებდა.

მაგალითად, როგორც კი შევიდა კუპეში, კარზე მაშინვე ჩამოაფარა ფარდები. ამ ქმედებას შეიძლება გადაჭარბებულადაც თვლიდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტისკენ იყო მიმართული. ამოსული მგზავრი, ჩამოფარებულ ფარდებს რომ დაინახავს, ინსტინქტურად სხვაგან წასვლას არჩევს და შეიძლება ისეთ ღია კუპეში შევიდეს, სადაც ორი და სამი ადამიანიც კი იყოს უკვე განთავსებული. ჩანთა, ლაბადა და ჟურნალები ფედერიკომ მის წინა და გვერდითა ადგილებზე მიალაგ-მოალაგა. ეს მისი არც ისე მნიშვნელოვანი ქმედება იყო, მაგრამ მაინც საჭირო. არა, კი არ უნდოდა ვინმესთვის ეფიქრებინა, ეს ადგილები დაკავებულიაო. ასე ხომ საკუთარი სუფთა სინდისის წინააღმდეგ წავიდოდა, რაც ნამდვილად არ შეეფერებოდა. მისთვის საკმარისი იყო, მხოლოდ პირველადი, სწრაფი შთაბეჭდილების შექმნა ამ ადგილებზე, მეტი არაფერი.

როგორც იქნა, დაჯდა და შვებით ამოისუნთქა. კარგად იცოდა, რომ ისეთ გარემოში თუ მოხვდებოდა, სადაც ყველაფერი თავთავის ადგილას იქნებოდა განლაგებული, სული სიმშვიდით აევსებოდა. მისი ცხოვრება უამრავი მოუწესრიგებლობით იყო სავსე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სრულ წონასწორობას პოულობდა შინაგან და გარემომცველ სამყაროს შორის.

ერთი წამი გრძელდებოდა, თუ მეორე კლასის ვაგონში იმყოფებოდა, ერთი წუთი კი - პირველში, რომ მოწყენილება ისადგურებდა მის სულში.  (ერთ წუთში ეხუთებოდა სული, პირველი კლასის ვაგონში თუ იმყოფებოდა, მეორეში კი - ერთი წამიც საკმარისი იყო.) იმ ადგილის სიღარიბე, დაცრეცილი და გამოხუნებული ხავერდის ქსოვილი, ირგვლივ მტვერი, ძველი ვაგონის დათხელებული და დაცრეცილი ფარდა, ერთ საცოდავ, ლოგინის მსგავს რამეზე ტანსაცმლით დაძინება, ყველაფერი ეს უსიამოვნების შეგრძნებას იწვევდა მასში, მაგრამ როგორც კი გაიხსენებდა, სად მიემგზავრებოდა და რისთვის, მაშინვე უბრუნდებოდა ის წინა ენთუზიაზმი, ის ბუნებრივი რიტმი და მისი სული სიამოვნებითა და სიმსუბუქით ივსებოდა. საკმარისი იყო, თვალები დაეხუჭა და წარმოედგინა ამ მოგზაურობის მიზანი ან თითები ტელეფონის ჟეტონისთვის მოეჭირა, რომ მოწყენილობა და უსიამოვნების განცდა მთლიანად უქრებოდა.

მაგრამ რაღაც აკლდა... და რა იყო? აი, ხმაც შემოესმა ქვევიდან:

- ბალიშები!

გაგონებაც და, ფეხზე იდგა უკვე; ფანჯარა ჩაეწია, ორი ასლირიანი ამოეღო და გასძახოდა:

- ერთი, აქ, თუ შეიძლება!

ყურთბალიშების გამყიდველი მაღალი, გამხდარი, ჭაღარა ულვაშებიანი მოხუცი კაცი იყო; გრძელი, ნდობისმომგვრელი, ნაშრომი ხელები ჰქონდა, მსხვილი თითებით; ის ყოველთვის მატარებლის გასვლისას გამოჩნდებოდა ხოლმე; ერთი წუთით ადრე, სანამ მატარებელი გავიდოდა, ბალიშებჩამოკიდებული ურიკით ფანჯრების წინ ჩამოივლიდა; შავად ეცვა, სამხედრო სპეცტანსაცმელი და ქურთუკი, თავზე ქუდი ეხურა, ყელზე კი შარფი ეხვია; უმბერტო მეფის დროინდელი ტიპაჟი იყო; ძველ სამხედრო მეთაურს ჰგავდა, ერთგულ პოლკოვნიკს, ანდა ფოსტალიონს, თავისი გრძელი მკლავებით კონვერტივით პატარა ბალიში რომ გადააწოდა ფედერიკოს; თითის წვერებით ისე ეჭირა, გეგონებოდათ, წერილს აწოდებს ან საფოსტო ყუთივით ფანჯარაში აგდებსო. ახლა ყურთბალიში ფედერიკოს ხელში იყო - ოთხკუთხედი, ბრტყელი, კონვერტისმაგვარი, ბეჭდებდახატული, ჩინციასთვის მიძღვნილი ყოველდღიური წერილივით, რომელიც ამ საღამოს იგზავნებოდა და ღელვით დაწერილ სტრიქონებს უხილავი ღამის ფოსტის გზით მიმავალი ფედერიკო ასახიერებდა პირადად. ეს მოხუცი მისთვის უკანასკნელ რაციონალურ და მოწესრიგებულ ჩრდილოელს წარმოადგენდა, და კარგად იცოდა, რომ მალე ის შუასამხრეთელთა უხეშ ქცევებსაც შეხვდებოდა.

ყურთბალიში კი ერთი რბილი ნივთი იყო, ჯერ კიდევ თავის შეკვრაში მჭიდროდ მოთავსებული, და მიუხედავად ზედ უამრავი ბეჭდისა, მაინც - ქათქათა თეთრი. ეს ოთხკუთხედი ნივთი სიყვარულს, ინტიმურ ურთიერთობას და სიამოვნებას განასახიერებდა, რომელთა წარმოდგენით ფედერიკო ულამაზეს კუნძულზე ხვდებოდა, იმ ღამესაც, ხავერდის უხეშ ქსოვილზეც კი. ასე, ამ სასიამოვნო მიზნისთვის მიემგზავრებოდა ის; უფრო მეტიც, თავი ბალიშზე ედო და მისთვის სიამოვნების შეგრძნება დაწყებულიც იყო, რადგან ჩინციას რბილი და ნაზი მკლავების გარემოცვაში გრძნობდა უკვე თავს.

ამ სასიყვარულო და სასიამოვნო წარმოდგენებში იყო, რომ მატარებელმაც გასვლა დაიწყო; ნელ-ნელა დატოვა  სადგურის რკინის სახურავი, ლიანდაგებს სრიალით გაუყვა და სიბნელეს შეერია. ფედერიკო მატარებლის გასვლამდე ძალიან ღელავდა, ახლა კი მის სულში სრულ სიმსუბუქეს და სიმშვიდეს დაესადგურებინა. ისე სრულად მოეხსნა დაძაბულობა, რომ გონებაში ერთი სიმღერის სიტყვებიც კი ამოუტივტივდა: - „J’ai deux amours… Mon pays et Paris… Paris toujours…“

ერთი მგზავრი შემოვიდა... ფედერიკო  მაშინვე გაჩუმდა.

- თავისუფალია? - იკითხა და დაჯდა.

ფედერიკოს უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მაინც სხვასთან ერთად სჯობდა კუპეში ყოფნა, ერთი აქეთ დაწვებოდა, მეორე - იქით; და ასე, სხვა არავინ შეაწუხებდათ, მაგრამ თუ ნახევრად ცარიელ კუპეში ექვსკაციანი ოჯახი შემოვიდოდა ბავშვებით და სირაკუზამდე იმგზავრებდნენ, მაშინ კი ნამდვილად მოუწევდა ფეხზე დგომა. ფედერიკომ კარგად იცოდა, რომ ყველაზე ჭკვიანური აზრი იმ მატარებლის ბილეთის ყიდვა იყო, რომელშიც ნაკლები მგზავრი იქნებოდა, ასე კუპე  ცარიელი თუ არა, ერთმგზავრიანი მაინც შეხვდებოდა, მაგრამ მაინც მარტო ყოფნას ამჯობინებდა, თუმცა ვინმე თუ დაემგზავრებოდა, ყოველთვის შეეძლო, რამე ახალი სიტუაციით დაემშვიდებინა თავი.

ასე გააკეთა ახლაც.

- რომისკენ მიემგზავრებით? - ჰკითხა შემოსულ მგზავრს და მერე ეს გაიფიქრა: „ძალიან კარგი. ჩამოვწიოთ ახლა ფარდები, ჩავაქროთ სინათლე და მეტი აღარავინ შემოვუშვათ“.

- არა, გენუაში მივდივარ. - უპასუხა მგზავრმა.

გენუამდე თუ მიდის, კარგია. ფედერიკო ისევ მარტო დარჩება, მაგრამ ასე ცოტა ხნით მგზავრობისთვის არც კი წამოწვება, მღვიძრად იქნება; სინათლესაც არ ჩააქრობინებს, თანაც, შეიძლება, შემდეგ გაჩერებაზე სხვა მგზავრებიც ამოვიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ფედერიკოს ასეთი მგზავრობა არ აწყობდა, რადგან თავის გეგმებს ბოლომდე ვერ განახორციელებდა. მაგრამ ბევრი არც უფიქრია ამ თემაზე. ის ყოველთვის ცდილობდა შემაწუხებელი და უსარგებლო მხარეები გონებიდან წაეშალა. იმდენი მოახერხა, რომ მის წინ მჯდომი კაცი თითქმის გააქრო, ჩრდილამდე დაიყვანა, რუხი ფერის ლაქამდე. გაზეთები, რომლებიც ორივეს ჰქონდა წინ გაშლილი, ერთმანეთისგან თავის შორს დასაჭერად ეხმარებოდათ. ასე, ფედრიკოს სასიყვარულო სამყაროში სრულიად თავისუფლად შეეძლო ეგრძნო თავი. - „Paris touiours…“ - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ მოსაწყენ და მოსათმენად სავსე სიტუაციაში, ის გონებრივად ქალის მკლავებში დაფრინავდა; ისეთი ქალის, როგორიც ჩინცია იყო. სიამაყის ეს გრძნობა უფრო რომ შეევსო და გაეზარდა, ფედერიკოს მის წინ მჯდომი, აქამდე თითქმის შეუხედავი მგზავრის აღიარება დასჭირდა და მისი საკუთარ თავთან შედარება, ასე უფრო აღიქვამდა, რამდენად წარმატებული და ბედნიერი იყო თვითონ.

მაგრამ უცნობს სასოწარკვეთილი იერი სულაც არ ჰქონია, პირიქით, ერთი ახალგაზრდა, ჩაფსკვნილი და ხორციანი მამაკაცი ჩანდა, რომელიც საკმაოდ კმაყოფილად და აქტიურად გამოიყურებოდა; სპორტულ ჟურნალს კითხულობდა, გვერდით კი ერთი დიდი ჩანთა ედო. მთლიანობაში, რაღაც წარმოების წარმომადგენელს უფრო ჰგავდა, კომერციულ ინსპექტორს. წამით ფედერიკოს შურისმაგვარი გრძნობაც დაეუფლა. ის ყოველთვის განიცდიდა მსგავს შეგრძნებას ისეთი პრაქტიკული ადამიანების წინაშე, ცხოვრების ცოცხალ რიტმს აქტიურად რომ მიჰყვებოდნენ, მაგრამ მხოლოდ გაელვებასავით ჩაუქროლა ამ განცდამ, რაც მაშინვე წაეშალა ფიქრით: „ეს კაცი საღებავებით მგზავრობს ალბათ, მე კი...“ და ისევ მოუვიდა იმ სიმღერის სურვილი, რაც უფრო აღაგზნებდა და ფიქრების განდევნაში ეხმარებოდა. - „Je voyage en amour!“ - გონებაში ისევ აღიდგინა ის პირველი რიტმი, მატარებლის სვლაზე რომ ჰქონდა აწყობილი მანამდე და წარმომადგენლის გასაბრაზებლად შესაფერისი სიტყვებიც მოიგონა (მართლა რომ გაეგონა მას!..), – „Je voyage en voluptè!“ - მკვეთრ გადასვლებს აკეთებდა, თან რიტმს სცდებოდა, - „Je voyage toujours… l’hiver et l’ètè…“ - ასე უფრო და უფრო აღიგზნებოდა, - „l’hiver et... l’ètè!..“. ბოლოს, იმ დონემდე მივიდა, რომ ღიმილიც კი დაეტყო სახეზე, რაც მის აბსოლუტურ გონებრივ კეთილდღეობას ნიშნავდა; სწორედ იმ წუთებში მიხვდა, რომ წარმომადგენელი აკვირდებოდა. მაშინვე სერიოზული სახე მიიღო და ისე ღრმად შეიჭრა გაზეთის კითხვაში, რომ საკუთარი თავიც კი დაარწმუნა, ინფანტილურ მდგომარეობაში არ ვიმყოფებოდი ცოტა ხნის წინო. ინფანტილური... და რატომ? არც არაფერი იყო ინფანტილური. მგზავრობა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობას უქმნიდა მის სულს, ზუსტადაც, მომწიფებულ კაცს რომ შეეფერებოდა; უფრო მეტიც, ისეთს, ცხოვრებაში ცუდიც რომ იცის და კარგიც, და ახლა მომავალი სიამოვნებისთვის რომ ემზადება, თანაც დამსახურებულად. გაწონასწორებულმა, სინდისთან მიმართებაში სრულიად მშვიდად მყოფმა ფედერიკომ კვირის გაზეთის ფურცვლა და ცხოვრების სწრაფი ტემპის აღმწერი სურათების თვალიერება დაიწყო. რაღაც ისეთი უნდოდა მოეძებნა, მის სულიერ განწყობას რომ შეესაბამებოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ კვირეული და მისი ამბები, ცხოვრების  ზედაპირული ხედვითა და ზოგადი მიმოხილვით არც კი აინტერესებდა. მისი სული და გონება მაღლა ცაში უფრო დაფრინავდა მოუთმენლად, - „l’hiver et... l’ètè!..“.

დაძინების დროც დამდგარიყო უკვე.

მოულოდნელი სიამოვნებაც ეწვია: წარმომადგენელს ჩასძინებოდა იმავე პოზიციაში, როგორშიც იყო, გაზეთით მუხლებზე. ფედერიკო დამჯდარ მდგომარეობაში ჩაძინებულ ადამიანებს გაუცხოებულად თვლიდა და მინიმალური შურის განცდაც კი არ უჩნდებოდა მათ მიმართ. მისთვის მატარებელში დაძინება საკმაოდ შრომატევადი და რიტუალებით სავსე პროცედურა იყო, რითაც დიდ სიამოვნებასაც იღებდა.

პირველად შარვალი უნდა გამოეცვალა; კარგი, გამოსასვლელი უნდა გაეძრო და ძველი, საშინაო ჩაეცვა, მთლად დაჭმუჭნულით რომ არ ჩასულიყო ადგილზე. ეს ტუალეტში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მანამდე, მოხერხებულად რომ ეგრძნო იქ თავი, ტუფლების მაგივრად ჩუსტები უნდა ჩაეცვა. ფედერიკომ ჩანთიდან საშინაო შარვალი და ჩუსტების პარკი ამოიღო; ჯერ ფეხზე გამოიცვალა და ტუფლები საწოლის ქვეშ შეაწყო, მერე შარვლის გამოსაცვლელად ტუალეტში წავიდა. - „Je voyage toujours!“ - რომ დაბრუნდა, შარვალი ისე მოაწესრიგა, რომ ნაკეცი არ დარღვეოდა. - „Trallalà la-la!“ - ბალიში საწოლის თავში, დერეფნის მხარეს დადო. ასე მოულოდნელი კარის გაღებით გამოწვეულ ხმაურს თავზემოთ თუ იგრძნობდა. ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პირდაპირ - სახესა და თვალებში. - „Du voyage, je sais tout!“ - საწოლის მეორე მხარეს, ფეხებისკენ, გაზეთი დადო, ჩუსტებით რომ დაწოლილიყო, გაუხდელად. ბალიშის ზევით, საკიდზე პიჯაკი ჩამოკიდა, ჯიბეში კი ხურდის ჩასაყრელი და ქაღალდის ფულის შეკვრა ჩადო, რადგან შარვლის ჯიბეში თუ დაიტოვებდა, შეიძლებოდა, ქურდებს სახსარიც კი გამოეჭრათ მისთვის; (ქურდებს, შეიძლებოდა, თეძოც კი ამოეხვრიტათ მისთვის.) მატარებლის ბილეთი ქამრის ქვეშ, პატარა ჯიბეში ჩაიდო. - „Je sais bien voyager…“ - გამოსასვლელი პულოვერი გაიძრო, რომ არ დაეჭმუჭნა, და საშინაო ჩაიცვა, ხოლო პერანგის გამოცვლას დილით აპირებდა; წარმომადგენელს მის დაბრუნებაზე გაღვიძებოდა და ისე ადევნებდა თვალყურს ამ საქმიანობას, თითქოს ვერ გაეგო, რა ხდებოდა. - „Jusqu’à mon amour…“ - ფედერიკომ ჰალსტუხი მოიხსნა და დაკიდა, საყელოს საყრდენებიც მოიძრო  და პიჯაკის ჯიბეში ჩადო ფულთან ერთად; - „… j’arrive avec le train!“ - მოიხსნა ბრეტელები (როგორც ყველა ელეგანტური მამაკაცი, ისიც ატარებდა ბრეტელებს) და შეიხსნა შარვლის ზედა ღილიც, მუცელზე რომ არ მოეჭირა მისთვის; - „Trallalà la-la!“ - პულოვერზე პიჯაკი არა, მაგრამ ლაბადა კი მოიცვა, მხოლოდ ჯერ  ჯიბეები გაისუფთავა სახლის გასაღებებისგან; ტელეფონის ჟეტონი შიგ ჩატოვა, არ ამოუღია, როგორც ბავშვებმა იციან, რჩეულ სათამაშოს რომ ამოდებენ ხოლმე ბალიშის ქვეშ. ლაბადის ღილები მთლიანად შეიკრა, ასწია საყელო და ისე მოკალათდა  დასაძინებლად, რომ ერთი ნაკეციც არ დატყობია მოსასხამს. - „Maintenant voilà!“ - მატარებელში ძილი ნიშნავს დილით თმებით ყალყზე გაღვიძებას, და შეიძლება, დროც კი არ დაგრჩეს, რომ დაივარცხნო და მოიწესრიგო, ამიტომ თავზე ქუდი დაიხურა. - „Je suis prèt, alors!“ - ლაბადა ისე მოერგო ტანზე, როგორც მღვდელს - ანაფორა; მერე კარზე დაკიდებული ფარდები ბოლომდე ჩამოქაჩა და მისი ტყავის ღილკილოები ლითონის ღილებზე ჩამოაცვა; კუპის თანამგზავრს სინათლის ჩაქრობა ანიშნა, მაგრამ მას უკვე ჩასძინებოდა და ვერ უპასუხა, მაშინ თვითონ გაიწია ჩასაქრობად; უსაფრთხოების ნათურის ცისფერ მკრთალ შუქში მყოფმა კიდევ გაიწია ფანჯრებზე ფარდების მოსაწესრიგებლად, თუმცა ცოტა აწეული დატოვა, დილით მზის სხივი რომ შემოსულიყო; კიდევ ერთი მოქმედება დარჩენოდა - საათის მომართვა, და აი, უკვე დაწოლაც შეეძლო. ბოლოს, ერთი ნახტომით დაეცა ჰორიზონტალურ პოზიციაში, გვერდულად, სრიალა ლაბადით, ფეხებმოკეცილი, ხელებით ჯიბეში, ჟეტონით ხელში, ფეხებით ისევ ჩუსტებში და გაზეთზე დაწყობილი, ცხვირით ყურთბალიშში ჩაყოფილი და თვალებზე ქუდჩამოწეული. ასე დაიძინებდა შინაგანად მოწესრიგებული სამყაროთი და ხვალინდელი დღის სიამოვნების მოლოდინში. (მთელი ამ შრომის შემდეგ მშვიდად აპირებდა დაძინებას, მით უმეტეს, ხვალ სასიამოვნო დღე ელოდებოდა.)

კონტროლიორი მოულოდნელად შემოვიდა; კარი ხმაურით გააღო და ერთი ხელით ფარდების ახსნა დაიწყო ღილებიდან, მეორეთი კი - სინათლის ანთება. არ იყო გასაკვირი მისი ასეთი ვიზიტი, მაგრამ ფედერიკოს ერჩივნა, არ დალოდებოდა. მის დაძინებამდე თუ შემოვიდოდა, საქმეც მოთავებული ექნებოდა; ახალჩაძინებულზე თუ გამოჩნდებოდა, რამდენიმე წამს წაართმევდა მხოლოდ, სოფელში, ჩიტის ხმაზე რომ შეეღვიძება დაძინებულ კაცს, ისე; მერე გვერდს შეიცვლიდა და ძილს გააგრძელებდა, თითქოს არც გამოუღვიძიაო. ფედერიკოს ბილეთი ჯიბეში ედო, მზად, რომელსაც ადგომის გარეშეც აწოდებდა, თითქმის თვალების გაუხელად, და ასე ხელგაშლილი მანამ რჩებოდა, სანამ ისევ არ იგრძნობდა მას თითებს შორის; ჩაიდებდა ჯიბეში და ძილს გააგრძელებდა; არც კი დასჭირდებოდა რაიმე ისეთი, განსაკუთრებული ქმედების შესრულება, ძილი რომ გაეტეხა, ხელი რომ შეეშალა მისი სიმშვიდისთვის ან ისევ ადგომა რომ დასჭირვებოდა და ფარდების ხელახლა შებნევა. ახლა ჯერ კიდევ მღვიძრად იყო, მაგრამ კონტროლი, ცოტა არ იყოს, ჩვეულზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან წარმომადგენელმა, შუა ძილში რომ გააღვიძეს, გონზე მოსვლა და ბილეთის პოვნა დააგვიანა.

- ჩემსავით სხარტი არ არის, სწრაფი აზროვნება და მოქმედება არ შეუძლია. - გაიფიქრა ფედერიკომ და მოწინააღმდეგის ნიშნის მოგების მიზნით, სიმღერის ახალი ვარიანტის წამღერებით ისარგებლა.  (სიმღერის ახალი ვერსია წაიღიღინა.) - „Je voyage l’amour…“ - გადააკეთა. - „voyage“ - ზმნის გადაკეთება ისე მოეწონა, რომ პოეტური კმაყოფილებით აევსო სული, რითაც, როგორც იქნა, მისი სულიერი სამყაროს შესაფერისი განცდაც შეიგრძნო. - „Je voyage l’amour! Je voyage libertè! Jour et nuit je cours... par les chemins-de-fer…“.

კუპე ისევ ბნელში მოექცა. მატარებელი მიჰქროდა. ფედერიკოს მეტი რა უნდა ეთხოვა ცხოვრებისგან?! იმდენად ბედნიერი და კმაყოფილი იყო, რომ თვალების დახუჭვამდე და დაძინებამდე არაფერი აკლდა. ჰოდა, ისე ჩაეძინა, როგორც ბუმბულით სავსე ჭაში ჩაფლულს. თუმცა მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წუთი, მერე ისევ გაეღვიძა. სცხელოდა, მთლად ოფლიანი იყო. ვაგონებში ცხელოდა საერთოდ. გვიანი შემოდგომა იდგა, და რადგან ბოლო მგზავრობისას სიცივე იგრძნო, ახლა ამიტომ ლაბადით დაწოლა ამჯობინა. ადგა, გაიძრო და ზევიდან საბანივით გადაიფარა. მხრები და მკერდი ღიად დაიტოვა, უფრთხილდებოდა, ნაკეცები არ დაეტყოსო; მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ოფლს მის  სხეულზე ქავილის გრძნობა გაეღვიძებინა. შეიხსნა პერანგი, მოიქავა მკერდი და ფეხი. ახლა მისი სული ფიზიკური თავისუფლებისაკენ მიისწრაფოდა, ზღვისკენ, ნუდიზმისკენ, ცურვისკენ, სირბილისკენ, და ყველაფერი ეს კულმინაციას ჩინციას ჩახუტებაში აღწევდა, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა მისთვის. ასე ძილბურანში მყოფი ვერც კი გრძნობდა ირგვლივ არსებულ სირთულეებს, იმდენად მშვენიერ ოცნებებში ჰქონდა გონება ჩაფლული; ყველაფერს ერთდროულად განიცდიდა და სიძნელეებით გარშემორტყმული, მაინც დადებითად აღიქვამდა ყოველივეს. ამასობაში ჩაეძინა.

სადგურის მიკროფონების ხმაზე ზოგჯერ კი იღვიძებდა, მაგრამ ძალიან არ წუხდებოდა, არ ეჩვენებოდა ისინი ისე შემაწუხებელი, როგორც სხვები ამბობდნენ. საერთოდ, გაღვიძება და მაშინვე გაგება, თუ სად იყოფები, ორ დიდ სხვადასხვა სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს - იმ სადგურამდე თუ ხარ უკვე მისული, რომელიც გგონია, ფიქრობ: „რამდენი მიძინია! ეს მგზავრობა არც კი გამიგია თითქმის!“; და თუ ერთი გაჩერებით უკან ხარ: „კარგია, დრო კიდევ მაქვს. შემიძლია, მშვიდად გავაგრძელო ძილი“. ფედერიკო ახლა ჯერ კიდევ მეორე ვარიანტზე იმყოფებოდა. წარმომადგენელი ისევ იქ იყო. ისიც წამოწოლილიყო და ოდნავ ხვრინავდა. ფედერიკოს ისევ სცხელოდა, ნახევრადმძინარე ფეხზე წამოდგა და ელექტროგამათბობელს დაუწყო ძებნა. მოპირისპირე კედელზე შეამჩნია ის, პირდაპირ მისი თანამგზავრის თავზე; ცალი ჩუსტი გასძრობოდა და ხელების აწევითა და ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნებით, ტემპერატურის მარეგულირებელი გაბრაზებულმა მინიმუმამდე გადაატრიალა. წარმომადგენელმა სწორედ მაშინ გაახილა თვალები და თავზემოთ მისი მოკაკვული თითი რომ დაინახა,  ჯერ შიშისაგან შეცბა და ნერწყვი გადასცდა, მერე კი არაფრად ჩააგდო და ძილი გააგრძელა. ფედერიკო ლოგინზე წამოწვა. ელექტროგამათბობელის მარეგულირებელმა ხმა გამოსცა, ზუზუნი დაიწყო და თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, წითელი ნათურა აინთო. ფედერიკო მოუთმენლად ელოდა ტემპერატურის დაწევას, ადგა და ფანჯარა ოდნავ ჩამოწია; ცოტა ხანს ჰქონდა ღიად, მაგრამ რადგან მატარებელი მიჰქროდა, შესცივდა და ისევ ასწია; რეგულატორი ავტომატურზე გადართო, თავი ბალიშზე დადო და ცოტა ხნით ყური მიუგდო დამარეგულირებლის ზუზუნს, რომელიც უცხოპლანეტელების შეტყობინების ხმას უფრო აგონებდა.

მატარებელი მიჰქროდა, უსაზღვრო, გაუთავებელ სივრცეებზე გადადიოდა; და მთელ სამყაროში მხოლოდ ის იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩინციასკენ მიისწრაფვოდა.

დილით, სადგურ „პრინჩიპეზე“ ყავის გამყიდველის ყვირილმა გააღვიძა. წარმომადგენელი კუპეში აღარ იჯდა, გამქრალიყო. ფედერიკომ ფარდის კიდეები კარგად ჩამოსწია, ღია კუთხეები კედელივით ამოავსო და გაფაციცებით მიუგდო ყური დერეფანში ყოველი კარის გაღებასა და მოახლოებულ ნაბიჯებს. არავინ შემოსულა, მხოლოდ გენუა-ბრინოლეში ადამიანის სილუეტმა ხელით ფარდის აწევა სცადა; მთლიანად უნდოდა ახსნა, მაგრამ ვერ მოახერხა. მერე ჩუმად შემოიჭვრიტა და დიალექტით იყვირა:

- მოდით! აქ ცარიელია!

იქიდან საპასუხოდ ხრინწიანი ხმები და ჩექმების ბრახუნი გაისმა. ბნელ კუპეში ოთხი ალპინელი ისე შემოვიდა, რომ ფედერიკოს კინაღამ თავზე დაასხდნენ. ჯერ უცხო ცხოველივით მიაშტერდნენ მას, მერე კი დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკეს:

- ოჰ, ვინ ყოფილა აქ?!

ამის გაგონებაზე, გაბრაზებულმა ფედერიკომ მკლავების აწევით აგრესიულად მიმართა:

- კი, მაგრამ სხვა კუპე არ არის ამ მატარებელში?

- არა, ყველა სავსეა. ჩვენ აქეთ მოვწესრიგდებით მაინც, ნუ ღელავთ. - მორიდებულად უპასუხეს თითქოს, თუმცა სამხედროები იყვნენ და უხეში პასუხები მათთვის უჩვეულო არ იყო. ყურადღება არაფრისთვის მიუქცევიათ, ისე ხმაურით დაეყარნენ საწოლზე.

- შორს მიემგზავრებით? -  უფრო წყნარი ტონით ჰქითხა ახლა ფედერიკომ, ყურთბალიშიდან თავაუღებლად.

არა, უახლოეს გაჩერებაზე ჩადიოდნენ.

- და თქვენ საით მიემგზავრებით?

- რომში.

- ო, ღვთისმშობელო! რომამდე!

მათმა გაოცებულმა ხმის ტონმა ფედერიკოს გულში გმირული სიამაყის განცდა წარმოშვა.

მგზავრობა გაგრძელდა.

- შეიძლება, სინათლე ჩააქროთ?

ჩააქრეს და ასე დარჩნენ სიბნელეში უსახოებივით, ხმაურიანები, ჩაფსკვნილები, მხარი მხარზე მიდებულები. ერთმა ფანჯარაზე ფარდა ასწია და გარეთ გაიხედა. ნათელი ღამე იყო. ფედერიკო ცას ხედავდა მხოლოდ და დროგამოშვებით - რომელიღაც პატარა სადგურის განათებულ ლამპიონს, თვალს რომ სჭრიდა მას და ჭერზე ჩრდილებს ამოძრავებდა. ალპინელები სოფლის უხეში ბიჭები იყვნენ, სახლში ბრუნდებოდნენ დროებით; სულ ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ხმაურით, შეძახილებით, და ზოგჯერ ერთმანეთს მუშტებსაც კი წაჰკრავდნენ ხოლმე სიბნელეში; ყაზარმაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას, გაუგებრად, ვიწრო დიალექტით. ფედერიკო ძლივს იგებდა ზოგ სიტყვას, და ვინ იცის, რატომ არ სძულდა ისინი. ახლა ერთ-ერთი მათგანივით იყო, თავი მათ მსგავსად წარმოედგინა, და ჩინციას გვერდით, ხვალინდელ სიამოვნებასა და ბედის მოულოდნელ, თავბრუდამხვევ  ცვლილებაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ მათი რაღაცნაირად ჩამოქვეითება უნდოდა, წინა მგზავრივით; არა, ახლა მთლიანად მათ მხარეზე გრძნობდა თავს, ბუნებრივად, გაუაზრებლად, ყოველგვარი მონდომების გარეშე, თითქოს მათსავით რაღაც მისიისკენ იყო მიმართული და ეს მისია ჩინცია იყო, მისთვის ძვირფასი, ყველაზე მეტად ღირებული.

ფედერიკოს ახლა ცალმა მკლავმა დაუწყო ჟრჟოლა; მაღლა ასწია, დააქნია, მაგრამ მაინც არ  ჩაუცხრა და თანდათან ტკივილში გადაეზარდა, თუმცა სასიამოვნო ტკივილში; მერე მკლავი იდაყვში მოხარა და ჰაერში წრიულად დაატრიალა. ოთხივე ალპინელი პირდაღებული მისჩერებოდა მას.

- რა დაემართა? რას აკეთებს? სიზმარშია...

მერე, ახალგაზრდული ენაწყლიანობით, ერთმანეთში ხუმრობაზე გადავიდნენ. ფედერიკო ახლა ცალი ფეხის სისხლის მოძრაობის გააქტიურებას მოჰყვა. ფეხზე დადგა და იატაკზე მაგრად დაიწყო მისი დაჭერა.

ასე, ამ ძილ-ღვიძილსა და წამოძახილებში ერთი საათი გავიდა, მაგრამ ის მათ არსებობას არც კი გრძნობდა; ალბათ, იმიტომ, რომ არავის მტერი არ იყო და კეთილი კაციც გამხდარიყო; არც მაშინ შესძულებია ისინი, როცა ჩავიდნენ და კარი და ფარდები ღიად დაუტოვეს. ადგა, ისევ ჩაიკეტა და მოიწესრიგა ყველაფერი, ისევ იგემა მარტოობით გამოწვეული სიამოვნება, თანაც ვინმეს მიმართ ყოველგვარი სიძულვილის გარეშე.

ახლა ფეხებზე შესცივდა. შარვლის ტოტების ბოლოები წინდებში კი ჩაიტანია, მაგრამ მაინც გრძნობდა სიცივეს. ფეხებზე ლაბადა კარგად შემოიხვია, მაგრამ მხრებზე და მუცელზეც რომ შესცივდა, ადგა და მარეგულირებელი თითქმის მაქსიმუმამდე გადაატრიალა. მერე ისევ გაეხვია და თავი მოიკატუნა, თითქოს ვერ ხვდებოდა, მის ქვეშ მოქცეულ ლაბადას ნაკეცები რომ უჩნდებოდა. ახლა ის საკუთარი სიამოვნებისთვის ყველანაირად მზად იყო და მომავლის მიმართ კეთილგანწყობილი მშვიდი ძილის გზებს ეძიებდა.

ამის შემდეგ მას დროგამოშვებით აღვიძებდა კონტროლიორის მიერ ფარდის აწევისა და კარის გაღების ხმა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ღამით, გაჩერებებზე სიფრთხილით ამოსული მგზავრებისა და მათი ფარდებჩამოფარებულ კუპეებში გაუჩინარების ხმებისაგან. ასევე გამოირჩეოდა პოლიციელის მიერ კარის პროფესიონალურად გაღებაც, შუქის ანთება, მგზავრების შეთვალიერება და პროფესიონალურადვე გასვლა, რაც უკან თითქოს ციხის აურას ტოვებდა.

სიბნელეში ჩაფლულ ერთ გაჩერებაზე კაცი შემოვიდა. ფედერიკო ამას მაშინ მიხვდა, დასაჯდომზე, ერთ კუთხეში მოკეცილი რომ შენიშნა, ხოლო მისი სველი ტანსაცმლის სუნით იგრძნო, რომ გარეთ წვიმდა. როცა გამოიღვიძა, კაცი უკვე გამქრალიყო, და ვინ იცის, სად, რომელ ბნელ გაჩერებაზე ჩავიდა. ფედერიკოსთვის ის მხოლოდ წვიმის სუნით გაჟღენთილი ჩრდილი იყო, მეტი არაფერი.

შესცივდა. რეგულატორი მაქსიმუმზე გადაატრიალა. მერე ხელი დასაჯდომის ქვეშ შეჰყო, ტემპერატურის მომატება რომ გაეგო; ხელითაც შეანძრია რაღაც, მიუკაკუნა. არაფერი იგრძნობოდა, თითქოს ყველაფერი გამორთულიაო. ლაბადა ჩაიცვა, მერე ისევ გაიძრო და გამოსასვლელი პულოვერი მოძებნა; ძველი გაიძრო და ახალი ჩაიცვა. მერე ზევიდან ისევ ის ძველი გადაიცვა; ლაბადაშიც გაუყარა ხელები, მოიკუნტა საწოლზე და ისევ შეეცადა იმ წინა განცდისთვის მიეღწია, ძილის პირამდე რომ მიიყვანა მანამდე; და როცა გონებაში ისევ ის სიმღერა დაუბრუნდა, უკვე ჩაძინებული იყო. მისი რიტმი კი სასიამოვნოდ მიჰყვებოდა მძინარეს.

დილის პირველი შუქი ფარდის ჭუჭრუტანებში ისე შემოიჭრა, როგორც შეძახილები - „ცხელი ყავა!“, „გაზეთები!“. სად იმყოფებოდა, არ იცოდა - ტოსკანას ბოლო სადგურზე თუ ლაციოს დასაწყისში. არ წვიმდა. სველი მინების იქით, სამხრეთის ცას შემოდგომა არც კი ემჩნეოდა. ცხელი რამის დალევის და გაზეთებზე თვალის გადავლების ინსტინქტმა ბუნებრივად გაუელვა ფედერიკოს, როგორც ქალაქელ კაცს, და ფანჯრიდან გადაშვებისა და ცხელი ყავის ან გაზეთების ყიდვის დიდი სურვილი გაუჩნდა. მაგრამ თავი დაირწმუნა, რომ ჯერ კიდევ ეძინა, და მსგავსი განცდა აღარც ჰქონია. ასევე მოიქცა მაშინაც, როცა კუპე ჩივიტავეკიაში ამოსული ადამიანებით გაივსო, რომლებიც დილის მატარებლით რომისკენ მიემგზავრებოდნენ. ყველაზე ლამაზი კი  მისთვის გამთენია იყო, როცა მშვიდად ეძინა.

გაიღვიძა თუ არა, თვალები ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა მოჰკვეთა. ფარდა აწეული იყო. მის პირდაპირ ადამიანები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ. ფედერიკოს ისინი უფრო მეტი მოეჩვენა, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ერთი ბავშვიც იყო, მსუქანი ქალის მუხლებზე იჯდა, და ერთი კაციც, მის საწოლზე, მოკეცილი ფეხების იქით დარჩენილ ცარიელ ადგილას მოთავსებულიყო. მამაკაცებს სხვადასხვა გამომეტყველება ჰქონდათ, მაგრამ ყველას მაინც რაღაც მინისტრული იერი დაჰკრავდა ან თითქოს ავიაციის ოფიცრები არიანო, ჩინ-მედლებითა და წოდებებით. ქალებსაც ეტყობოდათ, რომ ვინმე ოფიციალურად მომსახურე ნათესავის სანახავად მიდიოდნენ სამინისტროში ანდა თითქოს რომში მიემგზავრებოდნენ საკუთარი თუ სხვების საბუთების მოსაგვარებლად; და ყველანი, ზოგი გაზეთ „ილ ტემპოზე“ ზევიდან გადმოხედვით, ფედერიკოს პირდაპირ მუხლების სიმაღლეზე აკვირდებოდნენ, გახვეული რომ იყო იმ ლაბადაში, უფორმოდ, სელაპივით, ფეხებდამალული; ნერწყვით დასველებული ყურთბალიშიდან თავს რომ სწევდა, დაუვარცხნელი, ჩამოხურული ქუდით, ცალ ლოყაზე ბალიშის ნაკეცით დახაზული; მერე რომ ადგა და უცნაურად გაიზმორა, სელაპივით; ფეხების ამუშავებას რომ მოჰყვა და ჩუსტები შეცდომით ჩაიცვა; საკინძე რომ შეიხსნა და ერთმანეთზე გადაცმულ პულოვერებსა და დაჭმუჭნულ პერანგს შორის მოიქავა; ჯერ კიდევ მთვლემარემ, მათ რომ გადახედა და გაუღიმა.

მატარებლის ფანჯრებიდან ფართოდ იშლებოდა რომაული სოფლები. ფედერიკომ ცოტა კიდევ მოიცადა მუხლებზე ხელებდადებულმა და ბოლოს, ღიმილიანი სახით  მის გვერდით მჯომს გაზეთი სთხოვა; გამოართვა, სათაურები გადაიკითხა, თავი შორეულ დროში წარმოიდგინა, მერე ფანჯრიდან რომაულ წყალგაყვანილობებს მოჰკრა თვალი,  გაზეთი ისევ პატრონს დაუბრუნა და ჩასასვლელად ჩანთა მოიმზადა.

„სადგურ ტერმინიზე“, პირველი, ვინც ჩამოხტა, ახლადგაფურჩქნული ვარდივით ცოცხალი და ენერგიით სავსე, იყო ის - ფედერიკო, რომელსაც ხელში ჟეტონი ეჭირა. ცემენტის სვეტებსა და სტენდებს შორის დაკიდებული რუხი ფერის ტელეფონები თითქოს მას ელოდებოდნენ. ჟეტონი ჩააგდო, ნომერი აკრიფა და გულისცემით დაელოდა ზარზე პასუხს. როგორც იქნა, ჩინციას მძინარე, მაგრამ საოცრად თბილი და ნაზი ხმით წარმოთქმული „გისმენთ“ გაიგონა; და ფედერიკო უკვე მოიცვა ერთადყოფნის წუთებით განსაცდელმა ემოციამ; წარმოედგინა რა ის სასიამოვნოდ ამაფორიაქებელი და სულის შემხუთავი საათები, უფრო რწმუნდებოდა, რომ არ ღირდა განვლილი ღამის შესახებ მოყოლა, რომელიც ისედაც უქრებოდა უკვე მეხსიერებიდან, როგორც ლამაზად გატარებული ყოველი სასიყვარულო ღამე და გარდასულ დროთა მოგონებაში რჩებოდა.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE