ქარბუქი, როგორც სისტემა, ღმერთი, ბედისწერა...


ქარბუქი, როგორც სისტემა, ღმერთი, ბედისწერა...




2002 წელს, მოსკოვის აკადემიური დიდი თეატრის წინ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა უშველებელი უნიტაზის მულაჟი დადგეს, სადაც ვლადიმირ სოროკინის წიგნები ჩაყარეს და ,,ჩარეცხეს’’. ანალოგიური აქცია მისი წიგნების მიმართ რამდენიმე წელიწადში სხვა მართლმადიდებლურ-ახალგაზრდულმა ფრთამაც გაიმეორა. 

ვლადიმირ სოროკინი -  კონცეპტუალიზმისა და სოც-არტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ყველაზე სკანდალური ცოცხალი რუსი კლასიკოსი თავისი ტექსტების გამო ხშირად ეხვევა თავგადასავლებში. ერთ-ერთი ასეთი იყო, როცა მას სასამართლოში უჩივლეს ტექსტში პორნოგრაფიული პასაჟების არსებობის გამო, მაგრამ საბოლოოდ გამოძიებამ ხელმოსაკიდი ვერაფერი იპოვა და მწერალიც გადარჩა. ერთხელ კანიბალიზმის პროპაგანდაშიც დასდეს ბრალი, რადგან მის ერთ-ერთ მოთხრობაში ოჯახის წევრები თავის 16 წლის გოგონას  ღუმელში შებრაწავენ და შემდეგ სტუმრებს უმასპინძლდებიან. როგორც ჩანს, რუსულ საზოგადოებასაც, ისევე, როგორც ხშირად ქართველ მკითხველსაც,  სერიოზული პრობლემები აქვს კონცეპტუალური თუ პოსტმოდერნისტული ტექსტების აღქმასთან. ეტყობა, დიდი დაღი დაგვასვა სოციალისტურმა რეალიზმმა და აღარ გვშველის არც მითოლოგია, არც ზღაპრები, არც ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა. მაინც ყველაფერს ფოტოგრაფიული სიზუსტით ვითხოვთ. ეგ კი არა, პერსონაჟის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავიც ავტორის ავტობიოგრაფია გვგონია.

მაგრამ სოროკინის ანტიუტოპიური რომანი, ,,ოპრიჩნიკის დღე’’ მაინც ადეკვატურად აღიქვა ხალხის მკითხველმა ნაწილმა. ალბათ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ეს ტექსტი, რომელშიც პოლიტიკური სატირის ენით მომავლის რუსეთია აღწერილი,  საჭირო დროს და საჭირო წერტილში ურტყამს სწორედ რომ რუსულ საზოგადოებას, სადაც ყველას ყველაფერი ხელს აძლევს, სადაც არავინ იბრძვის სისტემის წინააღმდეგ, სადაც ისევ მონარქი ზის ქვეყნის სათავეში, ჰყვავის კორუფცია, პროტექციონიზმი, უსამართლობა და კვაზიპატრიოტიზმი. ქვეყანაში კი რუსეთის დიდი კედელია აღმართული, რომელიც გამოჰყოფს მას დანარჩენი მსოფლიოსგან. სოროკინი სტილის ოსტატია. თავისუფლად ცვლის ეპოქებს, ჟანრებს, გადადის ჰორორიდან რეალიზმში, ფენტეზიდან ზღაპარში, ჰიპერნატურალიზმიდან პოსტმოდერნისტულ თხრობაში და ამას აკეთებს მშვიდად, ხაზგასმული გულგრილობით, თითქოს მკითხველის ემოციებზე თამაში უნდაო.

მაშ, ასე. ეს სკანდალური ავტორი ამ დღეებში  თბილისში იყო და ჩვენ გვქონდა საშუალება, დავსწრებოდით მისი წიგნის, ,,ქარბუქის’’ ქართული თარგმანის (მთარგმნელი სერგო წურწუმია)  პრეზენტაციას.  რომანი გამომცემლობა ,,ინტელექტმა’’ დაბეჭდა  და მწერლის საქართველოში მოწვევისა და მასპინძლობის ფუნქციაც მან აიღო თავის თავზე. აქვე მინდა ვთქვა...  მისასალმებელია, რომ ,,ინტელექტი’’  არ უშინდება საზოგადოების იმ ნაწილის აზრს,  რომელიც ნეგატიური პოლიტიკური ფონის გამო რუსულ კულტურასაც ემიჯნება. პირიქით, ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო ხელს უწყობს სამოქალაქო, კულტურული საზოგადოების მნიშვნელობის წინ წამოწევას და მისი უპირატესობის ჩვენებას. მითუმეტეს, რომ ვლადიმირ სოროკინი სწორედ ის ავტორია, რომელიც ერთ-ერთი პირველი უპირისპირდება რუსულ იმპერიულ სისტემას, ობსკურანტიზმს, კვაზიპატრიოტულ ღირებულებებს, ქსენოფობიას, ძალადობას სხვა ერებზე. სოროკინი, შეიძლება ითქვას, რომ რუსი ავტორი არაა,  ის კოსმოპოლიტი მოქალაქეა, რომელიც თავის ტექსტებში ასახავს ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ სამყაროს და ეს სამყარო სწორედ რუსეთია და მასაც რუსეთი სტკივა  და რუსეთზე წერს.

გრძელი, პირქუში რუსული ზამთარი.  ორმოცდაორი წლის ექიმი, პლატონ გარინი მიყრუებულ სოფლამდე მიღწევას გეგმავს, რომ  იქ როგორმე ჩააქროს ეპიდემია და ხალხი გადაარჩინოს.  ის, ვინც უკვე დაინფიცირდა, საფლავიდან დგება და სხვების დაკბენას ცდილობს, როგორც ზომბი.  ამოვარდება ქარბუქი. ექიმი ერთი ადამიანის, პერხუშას თანხლებით ცდილობს, სულ რაღაც საათნახევარში მიაღწიოს სოფლამდე. რომანის სიუჟეტიც ამ წინააღმდეგობებით სავსე მგზავრობის შესახებაა. უფრო სწორად, მთელი ეს ამბავი გზაზეა, უსასრულო, ქარბუქიან გზაზე, საიდანაც ვერა და ვერ გაუღწევიათ მთავარ პერსონაჟებს.  ნაწარმოები მეცხრამეტე საუკუნის რუსული კლასიკური ლიტერატურის სკოლაა.

სოროკინი  სრულფასოვნად ფლობს ენას, მისით მანევრირების ხელოვნებას. ქართველებიდან მას აკა მორჩილაძეს თუ შევადარებდი, რომელიც, როცა დასჭირდება, დიალექტს, ჟარგონს, ძველ თუ ახალ ქართულს ისეთი ოსტატობით იყენებს, როგორც ფრანგი მეომარი დაშნას, თუ ძველი იტალიელი ხუროთმოძღვარი -  საჭრეთელს. ასეთივე ოსტატია სოროკინიც, რომელსაც რომანის სათაურიდანვე შეუძლია, შექმნას განწყობა – წამიერად გაგიელვებს  ტოლსტოი თუ პუშკინი. ის შეგნებულად ირჩევს მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის განწყობას, მაშინდელ ენას, რადგან სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა დიდი რუსული ლიტერატურული კლასიკა. ესაა რუსული კულტურის ოქროს ხანა. მხოლოდ კითხვის პროცესში ვხვდებით, რომ  მოქმედება წარსულში არ ხდება, როგორც ეს თავდაპირველად გვგონია. არამედ მომავალში. ამით ის ძალაუნებურად ,,ოპრიჩნიკის დღეს’’ მოგვაგონებს. თითქოს ავტორი მიგვანიშნებს, რომ რუსეთში დრო გაიყინა და მას ქარბუქი ატრიალებს ერთ ადგილას. სადაც წინ გადადგმულ ერთ ნაბიჯს ორი უკან გადადგმული ნაბიჯი მოჰყვება. ქარბუქი – ბუნების ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ რომანის სრულფასოვანი პერსონაჟია. და თან იმავდრულად თითქოს დეკორაციაც. ესაა სტიქია, რომელიც განაგებს ადამიანების ბედს, ისვრის მათ იმ მიმართულებით, რომელიც მას უნდა. კითხულობ და გრძნობ - აი, ესაა ადამიანის ცხოვრება. გიჟი ბედისწერის ხელში ბურთაობა.

ერთი შეხედვით, თითქოს ,,ქარბუქი’’  არ არის  პოლიტიკური ტექსტი. და ვლადიმირ სოროკინმაც, მწერალთა სახლში შეხვედრაზე თავი აარიდა რომანის ამ კონტექსტზე საუბარს. თუმცა ,,ოპრიჩნიკის დღის’’ ავტორისგან მკითხველი მაინც მწვავე პოლიტიკურ თემებს ელის.  რომანი ამ მოლოდინის ფონზე ზედმეტად მშვიდობიანიც კი  აღმოჩნდა. და ავტორმაც თავის მწვავე სათქმელს თითქოს ერთგვარად იგავური ფორმა მოუძებნა... სოროკინი თამაშობს ძველი თუ ახალი რუსული ლიტერატურის სტილით თუ სახეებით. ბევრს ეს აღიზიანებს, რადგან გონების დაძაბვას ითხოვს და თითოეული ფრაზის, ნიუანსის, პასაჟის იქით - ყველა გადაძახილის ამოცნობასა და გახსენებას. ვერაფერს იზამ. საუკუნეების მანძილზე საზოგადოებაში მომხდარი ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური ცვლილებები ლიტერატურაში აისახება; სწორედ ამის შედეგად  მივიღეთ რთული, მრავალგანზომილებიანი, წინააღმდეგობრივი ლიტერატურული მიმართულება პოსტმოდერნიზმის სახით. დღევანდელი მკითხველი ვალდებულია, თავის თავში ატარებდეს ყველა იმ გამოცდილებას, რომელიც ადამიანმა გაიარა. თანამედროვე არტი ვერ აუვლის გვერდს ამ ცოდნას, ის ვერ აცეკვებს მკითხველს აივანზე, თუ კიბეები არ გაუვლია. სოროკინი სწორედ ამ აივანზე გვეპატიჟება. და აშკარაა, რომ  ეს არ სჭირდება მანერულობისთვის ან წიგინიერებისა და ტექნარობის დასამტკიცებლად, არამედ იმ ეპოქალური ერთიანობის ხაზგასასმელად, იმ გლობალური ვერწინსვლის საჩვენებლად, რომელშიც რუსეთი გახირულა და ვერ იძვრის.

რომანის სათაურმა პუშკინ-ტოლსტოის გარდა თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ფილმი, ,,ზამთრის ძილი’’ გამახსენა, სადაც მოქმედება ანატოლიაში ვითარდება, იქაც წელიწადის ეს დროა სურათის მსვლელობის მანძილზე. ზამთრის მაგია, სადაც არაფერი არ ხდება. გარდა იმისა, რომ ზამთარში ჩარჩენილი პერსონაჟები  ერთმანეთში ახლიდან დუღდებიან, ფეთქდებიან.  ,,ქარბუქიც’’ ამ მაგიას ატარებს. ესაა ამბავი ზამთარზე, გზაზე. ხანდახან გგონია, რომ ეს ყველაფერია მთავარი და პერსონაჟები მხოლოდ დანამატები არიან. დანამატია ექიმიც, რომელიც ერთგვარი ლიდერი და განმანათლებელია, ის არის, ვისაც მოძრაობა სურს და უძრაობას ვერ ეგუება. მაგრამ ამაოა მისი ეს სწრაფვა, რადგან ის მაინც ვერ მიაღწევს სოფლამდე. სწორედ ესაა  ერთგვარი ირონია მწერლისა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბედისწერის, ან, გნებავთ, იმ რუსეთის, რომელსაც გაყინული გოლიათი  ასოცირებს,   ექიმი და მისი თანმხლები პერხუშა რომ წააწყდებიან.

ამის მერე რომანში ტრაგიკული მოვლენები მატულობს. თან იხატება ერთგვარი კვაზისექსუალური სიტუაცია, როცა ექიმი  მკვდარი გიგანტის უშველებელ ფალოსს დაინახავს. აქ ის ღმერთსაც კი ახსენებს და პირჯვარსაც  გადაიწერს. საინტერესოა, რომ როცა ექიმსა და მეწისქვილის ცოლს შორის სექსისას ავტორი ექიმს  თოვლის კაცს ადარებს, მერე თავად პლატონ გარინი ახსენებს თოვლის ქალს, რომელსაც გაყინული თოვლის კაცის აღგზნება ძალუძს. ხოლო ბოლო სცენაში ფეხებმოყინულ ექიმს ჩინელები გადაარჩენენ. ეს გადაძახილი, ეს აბსურდული დრამა რაღაც მომენტში გაბნევს და მეტაფორებს ადგილებს უნაცვლებს. თუმცა ესეც ავტორის მიზანია - სოროკინის რუსეთი ხომ ერთი დიდი გაურკვევლობაა. გაუგებარია მისი აწმყო და წარმოუდგენელი -  მისი მომავალი.

მოკლედ, ჩვენ წინაშე ნამდვილი უტოპია ბობოქრობს ქარბუქთან ერთად. აქ მხოლოდ მეტაფიზიკური წინააღმდეგობები და კონფლიქტებია. ეს არაა სატირა. აქ ვერ იპოვით კონკრეტულ მინიშნებებს პერსონებზე და მით უფრო, პოლიტიკურ ფიგურებზე, თუმცა,  შეიძლება, მთელი ტექსტი ერთ დიდ მინიშნებად ჩავთვალოთ. თუ ,,ოპრიჩნიკში’’ კოლექტიური  ჰალუცინაცია რევერბერირებს, სადაც მრავალთავა დრაკონი ძალადობს ამერიკაზე, ,,ქარბუქში’’ ექიმი ნარკოტიკის ზემოქმედების დროს ხედავს ხილვას, როგორ იხარშება ზეთში. სოროკინს უყვარს, კოშმარის მერე ნაგრძნობი ბედნიერების აღწერა. ანუ მახინჯი რეალობა – ეს ბედნიერებაა. ხოლო ქარბუქი თითქოს სიმბოლურად მიგვერეკება არქაულობისკენ, და ალბათ ამიტომაც არ უწერია ადგილზე მისვლა ექიმს. ის ხომ რუსი მოდერნიზატორია.

ზემოთაც ვახსენე, რომ სოროკინი ბრწყინვალე სტილისტია და მოხერხებულად თამაშობს ენით. მთელი ტექსტის მანძილზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ცხოვრება უსასრულოა და იმავდროულად ერთ წამში შეიძლება, დასრულდეს.

ორი პოლუსი: ქარბუქი და   მარადიული მიზანი - დააღწიო თავი პრობლემებს, საამისოდ გაიღო ყველაფერი, რაც გაქვს, მოვალეობის გრძნობის მუდმივი პასუხისმგებლობით სავსე ადამიანის წინააღმდეგობა მოძალადე სამყაროსთან, რომელიც ყველა საშულებით, უთანასწორო ძალების საშუალებით ებრძვის მას, აფერხებს მის ცხოვრებას, მისი მისიის ასრულებას, აფერხებს პროგრესს, ცვლილებას, სიცოცხლის გადარჩენას.  ისტორია გარდაისახება თითქოს ბუნებაში. ესაა სოროკინის ალეგორია. სტილიზებული ქარბუქი ადამიანიცაა, სისტემაცაა, ბედისწერაცაა და ღმერთის მახინჯი სახეცაა იმავდროულად.

წიგნი სოროკინულია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოულოდნელობა გვხვდება მის ამ რომანში, რომელიც არ ჰგავს დანარჩენებს. როგორც აღვნიშნე, აქ ბევრი სხვა ავტორია ,,შერეული’’, რაც ვლინდება ინტერტექსტუალობაში, დემითოლოგიზაციაში, ტექსტის მეტაფორიზაციაში,  ტექსტის რიზომატულობაში.  სწორედ ამის გამო მკითხველი რთულად, მაგრამ მაინც იღებს ასეთ ტექსტებს.  სოროკინი ხომ  ოსტატურად იყენებს ამ ხერხს.  და კიდევ ერთი, რაც მას გამოარჩევს სხვა ავტორებისგან, ესაა  სოროკინისეული ჩვეული,  განსაკუთრებულად გულგრილი მანერა თხრობისა.  მას შეუძლია, სულისშემძვრელი ამბები მოგითხროს ისე, თითქოს ჩიტი გადაჯდა ერთი ხის ტოტიდან მეორე ხის ტოტზე. 

ძნელი არაა, ეს სიუჟეტი ქართულ რეალობასაც მივუსადაგოთ. უფრო სწორად, თითქოს ჩვენზეა დაწერილი. სწორედ ამიტომ ქართველმა მკითხველმა შეიძლება, უფრო მეტი მგრძნობიარობით წაიკითხოს ეს რომანი. და თუ დაუნდობელი სიმართლით დაწერილ ტექსტებს ჩვენი გაუკეთესება შეუძლია, მე მგონია, რომ ,,ქარბუქი’’ სწორედ ასეთია.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE