ხელები


ხელები




იტალიელი მწერალი, პოეტი, ესეისტი, დრამატურგი და სცენოგრაფი დაჩა მარაინი „სამოციანელების თაობას“ მიეკუთვნება. დაიბადა ქალაქ ფიესოლეში, 1936 წლის 13 ნოემბერს. მამა ტოსკანელი მწერალი და ეთნოლოგი ფოსკო მარაინი იყო, დედა კი პალერმოელი მწერალი და არისტოკრატიული ოჯახის შვილი ტოპაცია ალიატა.

დაჩამ ბავშვობა ოჯახთან ერთად იაპონიაში გაატარა (1939-1945 წწ.). ეს წლები მისთვის უმძიმეს პერიოდად ითვლება, რადგან ოჯახი ტყვეთა ბანაკში მოხვდა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომ არაფერი ვთქვათ შიმშილზე. მიუხედავად ყველაფრისა, მწერალი იაპონიას მაინც არ იხსენებს სიძულვილით. იქ გატარებულ პერიოდს მან არაერთი ჩანაწერი, ლექსი, მოთხრობა და რომანი მიუძღვნა. განსაკუთრებით აღასანიშნავია 2001 წელს დაწერილი რომანი „გემი კობეს მიმართულებით“, რომელშიც დიდი ემოციით გვიხატავს ბავშვის თვალით დანახულ და აღქმულ სისასტიკეს. იტალიაში დაბრუნებისას მათ ჯერ სიცილიაში, დედის მშობლებთან,  იცხოვრეს,  მერე კი რომში გადავიდნენ. ყველაფერი ეს კარგადაა მოთხრობილი რომანში „ბაგერია“.

1972 წელს დაჩა მარაინიმ მაგდალენას თეატრი ჩამოაყალიბა, რომელშიც მხოლოდ ქალები მუშაობდნენ. მწერალს სამოცზე მეტი თეატრალური ნაწარმოები აქვს დაწერილი, რომლებიც ცნობილია არამარტო იტალიაში, არამედ უცხოეთშიც. სწორედ თეატრში მუშაობისას გაიცნო მან ცნობილი იტალიელი მწერალი ალბერტო მორავია. მათ შორის წარმოქმნილი სიყვარული უზარმაზარი იყო. მათ 20 წელი ერთად იცხოვრეს.

შთამბეჭდავი შემოქმედებისათვის დაჩა მარაინის არაერთი პრემია და სიგელი გადაეცა. მას ეკუთვნის რომანები „მტრედი“, „სამყაროს თამაში“, ბოლო ღამის მატარებელი“, მოპარული სიყვარული“, „გოგონა და მეოცნებე“...

2016 წელს დაჩა მარაინის ქალაქ არონას საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. სწორედ, ამ ქალაქში ეწყობა ყოველ წელიწადს თეატრალური და ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც თავად მწერალი ხელმძღვანელობს. 2018 წლიდან ის სათავეში უდგას პალერმოს სამეცნიერო კომიტეტს და არის ლიტერატურული ჟურნალის, „ახალი არგუმენტები“ პასუხისმგებელი ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ვეგეტარიანელია და საჯაროდ გამოდის ცხოველთა უფლებების დასაცავად.

 

 

ნოემბერი. ოთხშაბათი

მოხარშული კარტოფილი და კვერცხი. ჯერ კიდევ შუა კვირაში ვართ და სახლში ერთი ლირაც არ გვაქვს. ამ ღამით ინდაური მესიზმრა, აქეთ-იქით დარბოდა და ფრთებს აფართხუნებდა. მერე მუცელი გადაეხსნა და ციდან წაბლები გადმოცვივდა. პირს ვაფჩენდი, მაგრამ ვერცერთის მოხელთებას ვერ ვახერხებდი. ნახევარი საათის შემდეგ ასე პირდაღებული რომ ვიდექი და ყბებიც ამტკივდა, როგორც იქნა, კბილებს შორის რაღაც მოვიქციე; შევხედე, მძღნერის ბურთი იყო.

პარასკევი

ბულიონის უგემური კუბები და წვრილი მაკარონი. სახლში სხვა არაფერია. ტანო ჩივის, სიცივეა და ცხიმები მესაჭიროებაო. ხვალ ფაშვს გავუკეთებ წვენში. ჯორჯო ამბობს, ტანო სულელიაო, ტანო კი - ჯორჯო ტვინის წამღებიაო. ამასობაში მარტა მირეკავს. წავიდეთ კინოში? არ ვიცი, რა უნდა. მაგრამ რაღაცის თქმას კი აპირებს.

შაბათი

ხელფასი. ტანოსთვის ბატკნის ხორცი და ფაშვი ვიყიდე; ყასაბსა და მეპურეს თანხა მივეცი, სინათლე და გაზი გადავიხადე. ორი ათასი ლირა დამრჩა და მომავალ შაბათამდე უნდა ვიმყოფინო. მარტა მირეკავს, ჯორჯო სად არის? მე რა ვიცი, ჯორჯოს მეთვალყურე კი არ ვარ! ტანოსთან ერთად იქნება სადმე წასული. საბედნიეროდ, ფაბრიკაში სიცხეა. ცუდი სუნიცაა, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ვეჩვევი. ახალი ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო.

კვირა

გვიანობამდე მძინავს. როგორც კი ვიღვიძებ, ტანოს სექსი უნდება, მაგრამ დილაობით არ მსიამოვნებს. საღამოს კი, როცა მე მინდა, მას აღარ უნდა. ლობიო და კარტოფილი, ცოტა ზეთიანი თევზი. ტანო ამბობს, სიცივეაო. ცხიმიანი ხორცი უნდა. უამრავი პერანგი მაქვს გასარეცხი, მაგრამ კვირაობით ძილი მირჩევნია. საუზმის შემდეგ ისევ ლოგინში. ტანო წავიდა. მე ვიძინებ. თეთრეული უნდა გამოვცვალო, სუნი ასდის უკვე.

ოთხშაბათი

ჯორჯომ დამირეკა და მითხრა, მე და მარტა ვქორწინდებითო. ჰოდა, ძალიან კარგი! ფაბრიკაში საქმე ცუდადაა. გაფიცვის მოწყობას ფიქრობენ. სამუშაო კამერის უფროსისგან გავიგე, ახლა გაფიცვის დრო არ არისო. ყველა გაგიჟდა! შიდა ხელმძღვანელობამ განცხადება ჩამოატარა. არც კი წამიკითხავს.

პარასკევი

ჯორჯომ დამირეკა, ტანო ჩემი მეგობარი აღარ არისო. იჩხუბეს. როგორ შეიძლება მათ შორის მეგობრობა არსებობდეს, როცა ერთს სალონი აქვს და მეორე უმუშევარია?! სამი დღეა, უკვე აღარაფერს ვჭამთ. ტანო ჩამაცივდა, სესხი გამოიტანე, სესხი გამოიტანეო. მაგრამ ვინ მომცემს?! ყასაბმა უარი მითხრა, ჯერ წინა თვის ანგარიში დაფარეო.

კვირა

ფაბრიკაში გაფიცვაზე ლაპარაკით თავი გამიხეთქეს უკვე. რაღა უნდათ?! ორშაბათს შიდა გამგებლობის კრება იქნება. ამასობაში, ორი დღეა, კუჭიდან ვერ ვმოქმედებ. რა გასაკვირია, იმდენ კარტოფილს ვჭამ!

სამშაბათი

წერილი მივიღეთ, ტანოს მამა კვდებაო. ტანო კალაბრიაში გაემგზავრა. მგზავრობის ფული ჯორჯომ ასესხა. როდის დაბრუნდები? ამბობს, არ ვიციო; ჰო, მაინც აქ ვინ მუშაობს?! თვითონ არა, რა თქმა უნდა. ამბობს, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ უმუშევრობააო. მაგრამ ამასობაში, ცოლს კი არჩენინებს თავს. გუშინ სამასი გრამი ყაბაყი მოვიხარშე, მაგრამ არაფერი. მუცელი მაინც დოლივით მაქვს გამაგრებული.

ოთხშაბათი

როგორც იქნა, ამ დილით უნიტაზზე ვარ. მეგონა, ხუთ ფუთს მაინც ვიზამდი და გავთავისუფლდებოდი. ფაბრიკაში ყველაფერი ცუდად მიდის. ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან. სინდაკალისტები ჩხუბობენ და ჩვენც მივჩერებივართ. ერთმა გამცემიც კი მიწოდა. წადი, შენი-მეთქი! - გულში ვუთხარი. სასადილოში ჩემ გვერდით იჯდა. ახალი ვინმეა, მსუქანი და ქერა. თექვსმეტი წლისაა. გასასვლელში ვის ვხედავ? ჯორჯოს. ორმოცდახუთწრიან ვინილის დისკს მჩუქნის. სიმღერით -„მე შენ ყოველთვის მიყვარდი“. რაღაც უნდა ალბათ მითხრას? მე გრამოფონიც კი არ მაქვს. თქვა, ჩემსაზე შეგიძლია მოისმინო სალონშიო. ტანოსი არაფერი ისმის. არავინ იცის, როდის დაბრუნდება.

დეკემბერი. ორშაბათი

მარტა მირეკავს, სადილზე შენთან მოვალო. მაგრამ არ ვიცი, რა შევთავაზო. სახლში არაფერი მაქვს. ამბობს, ყველაფერს მე მოვიტანო. ჰოდა, ძალიან კარგი! მოდის და მოაქვს კვერცხები, ერთ ტუბი მაიონეზი და სამი პატარა ვარდი. ოჰ, რა დახარჯულა! მალე ჯორჯოც მოდის. სამივე ერთად ვჭამთ. საჭმელი ისედაც ცოტა გვქონდა. ვახშმის შემდეგ ორივემ სამბუკა დალია. მე  ეს სასმელი მეზიზღება. მერე ლოგინში. სამივე ერთად, რა თქმა უნდა. ვიცოდი, ასე რომ დამთავრდებოდა. კმაყოფილება ვერ ვიგრძენი. მარტა ღერძივითაა გაშეშებული, ჯორჯო კი ძალას ხმარობს. შუაღამის დადგომამდე ორივე გარეთ გავყარე.

სამშაბათი

ფაბრიკაში გაფიცვაზე ლაპარაკობენ ისევ. მეცინება. წლის ბოლოს წასვლას ვაპირებ მაინც. სად ჯანდაბაში მიდიხარ? ტანომ მკითხა. ეშინია, სამსახური რომ დავკარგო და ვეღარ ვაჭამო. მანიკური მინდა ვაკეთო. მაგ ხელებით?! ხელები დაზიანებული რომ მაქვს, ჩემი ბრალი არაა. გამოდის, მუშაობისას ხელთათმანები უნდა ჩავიცვა. მანიკურის კეთებაზე მოუმწიფებლად ლაპარაკობო, მეუბნება. ვის აინტერესებს ერთი! პროფესორობა კი არ სჭირდება მანიკურს.

ოთხშაბათი

ტანო დაბრუნდა. სახეზე შავი ფერი ედო, იმიტომ, რომ მამამისი არ მოკვდა. მაგრამ რისი იმედი გქონდა? კი იცი, ერთი ლირაც რომ არა აქვს. გაბრაზებულია. არც კი მპასუხობს. არ ვამტყუნებ, ისე. დაურეკეს, სასწრაფოდ ჩამოდი, მამაშენი კვდებაო და სიმართლე არ ყოფილა. ტანო ამბობს, მამაჩემს დანაზოგი ფული აქვსო. მაგრამ რამდენი? ეს აღარ იცის.

პარასკევი

დღეს ჩემს სამუშაო ნაწილებს ქანჩის ექვსი საყელური აკლია. საამქროს უფროსი ისე მიყურებს, თითქოს მე მომეპაროს. ლანფრანკონისთან წადიო, მეუბნება. ლანფრანკონისთან კი ვიყავი, მაგრამ მათი გამოშვება არაა. პროდუქცია ვინ შეუკვეთა? მოკლედ, ერთი ოფისიდან მეორეში მაგზავნიან. ბოლოს, ნინოსთან დავბრუნდი, რომელმაც ამასობაში სხვა საყელურები იპოვა. ორმოცდახუთი წუთი დავკარგე, რისთვისაც ხელფასიდან ჩამომაჭრიან. ეს ნაძირლები!

შაბათი

ხელფასი ავიღე. დაქვითვების შემდეგ ცხრა ათასი ლირა დამრჩა. ფაბრიკაში თქვეს, ყველა თანახმა ვართ დირექტორის ქალიშვილის საქორწინო საჩუქრისთვის თანხის ასაკრეფადო. ვის რაში აინტერესებს ერთი დირექტორის ქალიშვილი?! მე არც არასოდეს მითქვამს, თანახმა ვარ-მეთქი; მაგრამ ფული მაინც წაიღეს, დამაკლეს. მუშების ინიციატივა. ჯანდაბა! ყასაბსა და მეძეხვეს ფული უნდა მივცე. წინა თვის ბინის ქირა უნდა გადავიხადო. ჯორჯო მირეკავს, ტანო ისევ თუ მიემგზავრებაო. შენი სიამოვნებისთვის კი არ წავა. რა სულელია! რომ არ მაწუხებდეს მასთან ვალში ყოფნა, სალონში სამუშაოდ აყვანას ვთხოვდი. ფაბრიკაში თავს კარგად არ ვგრძნობ. მარტა, მაგალითად, მანიკურს აკეთებს. მაგრამ მე კი ვიცი, არაფერი რომ არ გაეგება. და რა სჭირდება ერთი ასეთი ამ მანიკურს?!

კვირა

ხახვში ჩაშუშული ბატკნის ხორცი გავაკეთე. ტანომ თითქმის მთლად შეჭამა. მე კი მშიერი დავრჩი. მერე ჯორჯო და მარტა მოვიდნენ. განვიხილეთ, თუ რომელი მეთოდი იყო უკეთესი ბაკალას მომზადებისთვის.

სამშაბათი

მე რომ მივდივარ, ტანოს სძინავს. ის თერთმეტი საათისთვის დგება და სასეირნოდ მიდის. ამბობს, სამსახურს ვეძებო, მაგრამ ვერ მომატყუილებს. აქეთ-იქით დადის მხოლოდ. ელოდება, რომ ვინმემ გააჩეროს და უთხრას: ბოდიში, თქვენ ჩემთან მუშაობა და ტომარა ფულის შოვნა ხომ არ გინდათ? კალაბრიადან არაფერი ისმის. მამამისი ორი წელია, კიბოთი არის ავად და სიკვდილს მაინც არ აპირებს. ჯორჯო ჩემ წასაყვანად ფაბრიკის გასასვლელთან მოვიდა. რა გინდა? ვეუბნები. მეორე დისკს მჩუქნის. კიდევ ერთი სიმღერა იყო ზედ სიყვარულზე. ვიცი, რაც უნდა.

ხუთშაბათი

მარტა მირეკავს, ჯორჯომ გაფუჭებული კრევეტები ჭამა და ლოგინშია მაღალი სიცხითო. იყოს ახლა ასე! წაიღო ტვინი. მარტა ტირის.

პარასკევი

დრო ელვასავითაა. სულ ახლახან შემოვედი და უკვე უნდა გავიდე. სანამ სახლში ვარ, დაღლილობას ვერ ვგრძნობ. მერე, როგორც კი გავალ, ხელები მიცახცახებს და თავბრუ მეხვევა, თვალებიც მეწვის. სახლში რომ ვბრუნდები, აღარაფრის თავი აღარ მაქვს, ძალაგამოლეული ვარ.

შაბათი

ფაბრიკის შემდეგ მარტას სანახავად სალონში მივდივარ. ჯორჯოს ძალიან ჯავრობს. მგონი, ტემპერატურა უფრო ემატება. პირველად ვნახე განახლებული სალონი. ოქროსჩარჩოიანი სარკეები, სამი ახალთახალი საშრობი ქუდი... გოგო ჰყავთ კიდევ ერთი, კლიენტი ქალების ფეხებისთვის ცვილს ათბობს. მარტას ხალათის შიგნით არაფერი აცვია. არ გცივა? ოჰ, კარგი რა! ის მხოლოდ ჯორჯოზე ფიქრობს, ცუდად რომ არის. ვსარგებლობ და თმას უფასოდ ვაბანინებ. ჯორჯოს და ცუდი თვალებით მიყურებს.

კვირა

ტანო სახლში სავსე საფულით ბრუნდება. ამბობს, ძირს დაგდებული ვნახე „არისტონის“ კინოთეატრთანო. ვინ დაუჯერებს?! ტავერნაში მივდივართ მაშინვე ტალიატელებისა და ხორცის საჭმელად. რაც დაქორწინებული ვარ, ტავერნაში არასოდეს ვყოფილვარ. სახლში ვბრუნდებით და სექსით ვკავდებით. ტანო საყვედურს მეუბნება, მალე ათავებო. ორგაზმის მერე არ მინდა, ტანზე რომ მეკვრებოდეს. მას კი გახურებისთვის დრო აღარ რჩება.

სამშაბათი

ფაბრიკაში არეულობაა. გაფიცვა მოაწყვეს. ჩაეშალათ. იმიტომ, რომ სინდაკატები ერთმანეთს ვერ შეუთანხმდნენ. CGL-დან ორს სამსახური დაატოვებინეს. მე კი ვეუბნებოდი მათ, უკეთესი იქნება, თუ არ გაიფიცებით-მეთქი. სულელები! ჯერ ვითომ მაგრები არიან და მერე, პირველივე შიშზე შარვალში ისვრებიან. სალაროში ფული აღარ არისო. მერე რა?! ყველა მუშა თავისებურად აზროვნებსო. მერე რა?! ჩვენი შიგა კომისია საზიზღრობაა პირდაპირ!

ხუთშაბათი

ჯორჯო სალონში დაბრუნდა. დამირეკა და მითხრა, უკეთ ვარო. ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა. მეც მქონდა ინსტოქსიკაცია. სამი დღის შემდეგ გადის. განადგურებული რომ არ რჩებოდე ბოლოს, კარგიც კი არის, ისე. მარტამ თმა შეიჭრა. სულ სხვა გეგონება. არ მომწონს. კი ვუთხარი. იტირა.

კვირა

გუშინ ხელფასი იყო. და დღეს ერთი ლირაც აღარ მაქვს. ამ კვირასაც არავითარი ფეხსაცმლის ყიდვა. ტანო არც სადილზე დაბრუნებულა და არც ვახშამზე. ვახშმად ტალიატელები მქონდა, მეზობელმა მომიკითხა. გამათბობელზე გააშრო და ჰქონდა კიდეც ქაღალდის გემო.

სამშაბათი

შავი დღე. ისეთი გაციებული ვარ, სუნთქვა მიჭირს. მარტა კრუსუნებს. ჯორჯო უნახავს ტუალეტში ჩაკეტილი ერთი თვის წინ აყვანილ იმ გოგოსთან ერთად, დეპილაციაზე რომ მუშაობს. ფხლის მეტს არაფერს ვჭამ. ოთხ კილომდე ვიყიდე. ახლა მწვანედ გავდივარ კუჭში.

ოთხშაბათი

ტანომ კიდევ ნახა ძირს დაგდებული ფული. ამჯერად პირში ვუთხარი, მატყუარა ხარ, მოიპარე-მეთქი! არაო, ამბობს. ათას ტყუილს მიყვება. კარგია მუშაობის გარეშე ნაშოვნი ფული. ისევ წავედით ტავერნაში და მერე - კინოთეატრში. სოკო ვჭამე ჩაშუშული და ხბოს ხორცი მილანურად, ზეთიანი ლობიოთი. უბნის კინოთეატრში ომზე გადიოდა ფილმი. ტანოს ჩაეძინა. სახლში რომ მივედით, ისე იყო დაღლილი, ტანსაცმლის გახდა არც კი უნდოდა. პირდაპირ შეწვა ლოგინში. მაგრამ მე ძალით გავხადე და მერე ერთი საათის განმავლობაში გვქონდა სექსი. სამზარეულოში ფხალი კიდევ იყო. ცოტა ამჟავებული, მაგრამ ჭამა მაინც შეიძლებოდა.

პარასკევი

ფხალი დაობდა. იძულებული გავხდი, უნიტაზში ჩამეყარა, რომელიც მერე გაიჭედა. ჯორჯო მირეკავს, შენი ნახვა მინდაო. მაგრამ რა უნდა? სალონში? არა, გარეთო. ფაბრიკის მერე მივდივარ. ტანო სულ გარეთაა და ათი საათის შემდეგ ბრუნდება სახლში. რა უნდა იმ სულელს? სამივე რომ ვიყოთ ერთად: მე, მარტა და ის. უარს ვეტყვი. მაგრამ რატომ? გეზიზღება? ჰო. მაგრამ ტყუილია. მე ის არ მომწონს. და არ ვუთხარი, გული რომ არ მოსვლოდა. ერთ დღესაც, ფაბრიკაში მუშაობას თავს დავანებებ და ვეტყვი, მანიკურის გამკეთებლად მამუშაოს მის სალონში. „ნემსიყლაპია“ - ისეთი სახელია, სოფელს მაგონებს. ერთ ყვითელ წიგნში იპოვა. კი მომეწონებოდა „ნემსიყლაპიაში“ მუშაობა.

შაბათი

მარტა კმაყოფილია. დეპილაციის გოგონა წავიდა. სხვა სამსახური ნახა, სადაც მეტს უხდიან. ღამით დამირეკა, ეს რომ ეთქვა. ტანომ გაიღვიძა და ფურთხება დაიწყო. ჯერ მე მომაფურთხა, მერე - ბალიშს, მერე - ტელეფონს. ტანზე გამოვიცვალე, მთლად ნაფურთხებით რომ მქონდა დათხვრილი. გიჟს გავყევი ცოლად.

კვირა

მთელი დილა ლოგინში გავატარე. შუადღე კი - რეცხვასა და უთოობაში. რა საზიზღარი კვირადღეა!

სამშაბათი

ქერა ბიჭი, გამცემი რომ მიწოდა, სასადილოში ჩემს გვერდით ჯდება, მაგრამ არ მომწონს. ყვითელი კბილები აქვს და პოლიტიკაზე ლაპარაკობს სულ. იტალიელ პროლეტართა სოციალისტურ კავშირშია ჩაწერილი. სპეცტანსაცმელში ოთხად გაკეცილი გაზეთი უდევს და როცა ჭამს, კითხულობს, ანდა ჩემთან ლაპარაკობს. ამბობს, მუშები დღეს ისე აღარ არიან, როგორც ადრე იყვნენ; ახლა მხოლოდ გამდიდრება, ელექტროტექნიკისა და ახალი ტანსაცმლის ყიდვა აინტერესებთო. მომწონს მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ენთუზიაზმითაა სავსე. მაგრამ მაგიდის ქვეშ ხელს რომ მიჭერს, კი მიჩნდება ეშმაკებთან მისი გაშვების სურვილი. ლამაზი მხოლოდ თმა აქვს, სრიალა და ქერა.

ოთხშაბათი

ორი დღეა, მარტო მშრალ პასტას ვჭამ. ფული გამითავდა. სამი ათასი ლირა მაქვს კიდევ მისაცემი მეძეხვესთვის, ოთხი ათასი - ყასბისთვის. ტელეფონიც უნდა გადავიხადო, რძის ფულიც და ასე, მოვწესრიგდები.

ხუთშაბათი

ტანო მთელი ღამე გარეთ დარჩა. ვინღა ხედავს?! ფანტაზმადაა უკვე ქცეული, ვიდრე ქმრად. გახდა კიდეც. ქორწინების შემდეგ კი იყო გასუქებული, მაგრამ ახლა წონას ისევ კარგავს. სახე დებილივით უხდება და ნერვებს მიშლის. რომ ვეკითხები, სად მიდიხარ და რას შვრები-მეთქი, ფურთხებას იწყებს.

შაბათი

ხელფასი ავიღე. და უკვე ერთი ლირაც აღარ მაქვს ჯიბეში.  ფაბრიკაში ვეღარ ვჩერდები. აღარავისთან ვლაპარაკობ. იმ ქერასაც ვუთხარი უკვე, ნუ შემიწუხე გული-მეთქი. ეწყინა და წავიდა. როცა ვმუშაობ, არაფერზე არ ვფიქრობ. ვმუშაობ მხოლოდ. დროც კი აღარ მაქვს, ავზებიდან თავი რომ ავწიო. მუშაობას როგორც კი ვამთავრებ, მაშინვე სახლში გავრბივარ. ტანო თუ არ არის, არც ვჭამ. ერთ უმ კვერცხს შევისრუტავ მხოლოდ და ლოგინში ვწვები.

კვირა

რომელიმე კვირადღეს საცეკვაოდ მინდა წავიდე, მაგრამ მთა სარეცხი მელოდება სულ. მარტა მირეკავს, სალონში საქმეები ცუდად მიდისო. წინა ღამეს გაქურდეს. ორი თანამშრომელიც ავად გაუხდათ. ჯორჯომ ქირის ფული გადაიხადა.

ორშაბათი

მუცელი მტკივა. ამჟავებული ტომატიანი სპაგეტის ჭამა აღარ შემიძლია. ხორცია საჭირო, თუ გინდა იმუშაო. ჯორჯო ფაბრიკის გასასვლელთან მხვდება. რა უნდა? არაფერი. ისე მოვიდა, ჩემ სანახავად. წავედით. ხელი წელზე მომხვია. რა მოწებებული ადამიანია! დავპირდი, რომ ერთ დღეს კიდევ გავაკეთებთ სამივე, მარტასთან ერთად, გული რომ არ მოუვიდეს ჩემზე. ის ისეთია, შეიძლება სამსახურში არ მიმიღოს, თუ ვაწყენინე. ვიცნობ მე მას.

ოთხშაბათი

ტანო ახალი პიჯაკით დაბრუნდა. ტყავის იყო, ყავისფერი, სარჩულზე ანგელოზი ეხატა. საიდან გაქვს? რომ გაგიგონ, დაგაპატიმრებენ, ციხეში გამოგამწყვდევენ, და ასე კარგ რამესაც დაიჭერ! არ აინტერესებს. აღარც კი ლაპარაკობს უკვე. იფურთხება სულ. კარგი, იქურდე მაშინ, ვუთხარი; მაგრამ ფული მაინც მოიტანე ნორმალურად სახლში, რომ ფაბრიკიდან წამოვიდე. აღარ შემიძლია იქ მუშაობა. ამ სიტყვებზე ფეხი ისე მომარტყა, რომ მუხლი კინაღამ დამიმტვრია.

ხუთშაბათი

ფაბრიკაში ვკვდები. ისეთი მჟავე სუნი დგას, საშინელი ხველა დამეწყო. კრემისა და ზეთის წასმა მინდება. ხელებზე კანი ხახვის ფურცლებივით მცილდება. დასიებული მაქვს და მჟავასაგან შეჭმული. ხელთათმანები არაფერს შვრება, მჟავა მათ ქვეშაც აღწევს. ვითხოვე, საამქრო გამომიცვალეთ-მეთქი. კარგიო, მიპასუხეს. გამოგიცვლითო, მაგრამ როდის? ამასობაში დრო გადის და მე თავი სულ ორთქლში მაქვს ჩარგული. ხველა მანადგურებს. და ხელები ყოველდღე მიფუჭდება.

პარასკევი

ჯორჯოსთან სახლში. სექსი გვაქვს სამივეს. მარტა, როგორც კი ხელს შეახებს, კვნესის. მე კი ყინვასავით ცივი ვარ. იმიტომ, რომ ჯორჯო არ მომწონს, არც მარტა. ცოტა ხანში ავდექი და წავედი. ისინი ჩახუტებულები დავტოვე. ჩემი წასვლა არც კი გაუგიათ. მე მხოლოდ ასაგზნებად მიყენებენ. ეს უნდათ, ვიცი. ჯანდაბამდის გზა ჰქონია ორივეს! არ მომწონს არცერთი. მე მხოლოდ „ნემსიყლაპიაზე“ ვფიქრობ, მანიკურის გამკეთებლად მუშაობაზე.

შაბათი

ისევ ნერვების შლა. მშრალი პასტით ვივსებ მუცელს. ბაკალა ხესავით მაგარია. ტანო სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდის. ცივი საჭმელი ხვდება, მაგრამ არ ჭამს. გარეთ ჭამს. ვინ იცის, სად?! და მე ფაბრიკაში სულელივით დავდივარ, სადაც ყველაფერი ცუდად მიდის. საამქროს, კიდეც რომ მოვკვდე, არ მიცვლიან. ერთ დღესაც ავიღებ იმ მჟავათი ავსებულ ავზებს და თავზე გადავამხობ მათ. მეუბნებიან, უჟმური ხარ, არ ლაპარაკობ, არ მეგობრობ და მუშათა უფლებების დაცვისთვის არ თანამშრომლობო. ვის რაში აინტერესებს ერთი მუშები! მე მაინც არ ვარ მუშა. წლის ბოლოს წასვლას ვაპირებ. მანიკურის კეთებას დავიწყებ მარტასავით.

კვირა

ტანო დაბრუნდა. ასეთი მხიარული კარგა ხანია, არ მინახავს. ათი ათასიანი ბანკნოტი ჩამიდო ხელში. მაშინვე ტავერნაში წავედით და შევუკვეთეთ: ბეკონი ზეთისხილით, ხორციანი ფეტუჩინები, ღუმელში შემწვარი ბატკანი მომჟავო-მოტკბო გემოს ხახვებით, რადიკიოს სალათი, კაჩოტა, კრემ-კარამელი, ბანანი, ლეღვის ჩირი, ყავა, და კიდევ, ერთი ლიტრი წითელი, ტკბილი, ქაფქაფა ღვინო. მაგიდასთან ცხრა საათიდან შუაღამემდე ვისხედით. მეტი აღარ შემეძლო. ბოლოს კი ისეთი ბოყინი აღმომხდა, რომ ბატკნის ხორცის ნამცეცები პირში ვიგრძენი. საჭმელი ყელამდე მქონდა ამოსული. მერე ლოგინში დავწექით. სექსი არაფერი. ტანომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ხვრინვა, უნიტაზზე რომ იჯდა.

ხუთშაბათი

ორი დღეა ტანო არ ჩანს. მარტა რეკავს და ტირის. ჯორჯო რას აკეთებს, არ ვიცი. სხვა რამეზე ფიქრობს. ორ დღეში ქირის გადახდის ვადა გაუდით და ფული არ აქვთ. მარტა ამბობს, დედაჩემისგან ვისესხებო. არ მოტყუვდე, ვუთხარი, სალონი მისია; დაქორწინებული კი არ ხარ! მაგრამ ის ტირის. სულელია, სიყვარულზე ფიქრობს მარტო.

პარასკევი

ტანოსი არაფერი ისმის. მარტა მეუბნება, პოლიციაში დარეკეო. მაგრამ მე არც ვაპირებ. თუ რამეა მომხდარი, გამოჩნდება.

შაბათი

ამ საღამოს კარგად ვჭამე. მარტო ვიყავი. გაშლილი ხელის მტევანივით დიდი ბიფშტექსი, ტაფაზე მოთუშული ისპანახი და მოცარელა მივირთვი. ტანო არც ამ ღამით დაბრუნებულა.

კვირა

ჯორჯოსა და მარტასთან ერთად სოფელში, საკროფანოში ნანადირევის საჭმელად: გარეული კურდღელი პიკანტური საწებლით, შემწვარი შიგნეული, კუნთი ნივრითა და წითელი პილპილით, თხელ ნაჭრებად ჩაშუშული სოკო, კრემიანი ნამცხვარი წითელი ბლით. ისინი ხომ სულ კოცნიდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს! მე განზე ვიდექი, ვჭამდი მხოლოდ. ხვალ დარჩენილი ხელფასით ახალ ფეხსაცმელს ვიყიდი.

ორშაბათი

მარტამ დედამისს ფული გამოაგზავნინა. ჯორჯომ ქირა გადაიხადა. ახლა ყურადღებიანი შეიქნა მის მიმართ, დედამისის მთელი დანაზოგი რომ გამოართვა. თქვა, სალონი უკეთესად მუშაობსო. გაფუჭებული აპარატებიც გააკეთეს. კლიენტიც მოუმრავლდათ.

ოთხშაბათი

ტანო ციხეშია, ერთმა კარაბინიერმა მითხრა. ქსოვილების მაღაზია გაუქურდავს, მგონი. და ექვსი წელი უნდა მისცენო. საღამოს ჩემთან ჯორჯო და მარტა მოდიან. ახლა შეუძლიათ ყირაზე გადავიდნენ. მე მათთან მაინც არაფერს ვიზამ, თუგინდ მოვკვდე. ჯორჯო საჩუქრად დისკს მჩუქნის. ჯანდაბამდის გზა ჰქონია თავისი დისკებითა და მარტათი. ამბობს, ორი ქალი თუ არ მყავს, ორგაზმს ვერ ვაღწევო. და მე რაში მაინტერესებს ერთი! მარტა სამბუკას ეძებს. მაგრამ მეტი აღარ არის. ბოლო წვეთიც თვითონ დალია. თერთმეტი საათისთვის ძლივს ვყრი გარეთ. მეძინება. აბა, დილის ხუთ საათზე ადგომას ვინ მოახერხებს?! ისინი კი სალონში ცხრა საათის შემდეგ მიდიან.

ხუთშაბათი

ტანოსთან მივდივარ. მხედავს თუ არა, ფურთხებას იწყებს. ვიღებ ჩემს ნივთებს და გავდივარ. მეძახის. უკან ვბრუნდები. ერთი ადვოკატის სახელს მეუბნება, რომელიც მისი აზრით, სასწაულებს ახდენს. და ჩაო, მეტი არაფერი. გასასვლელთან ჯორჯოსა და მარტას ვხვდები. ამბობენ, ვქორწინდებითო. ძალიანაც კარგი! ტანოს ნახვა უნდათ, მაგრამ უკვე გვიანია, კეტავენ. სახლამდე მანქანით მაცილებენ. ჯორჯოს ეტყობა, ახლა ფულს რომ აკეთებს. მთლად უშნო ხდება. თმების ცვენა ეწყება. მთლიან ქათამს ვჭამ თითქმის. მაგრამ მარტო ჭამით გემო ვერ ვუპოვე. ერთ ჭიქა ცხელ ღვინოს ვსვამ შაქრით. ლოგინში ვწვები. მგონი, გავცივდი. ტემპერატურას ვგრძნობ.

პარასკევი

თირკმლების ისეთი ტკივილით ვიღვიძებ, რომ გულის შეწუხებას არაფერი მიკლია. ლოგინში შებრუნებას ვფიქრობ, მაგრამ აბანოში შევდივარ და ტკივილებისგან გაოფლიანებული ტანს ვიბან. ფული მჭირდება. სამი ათასი ლირა სამი ათასი ლირაა. საშუალოდ, დღეში ოთხი ათასი დეტალი მაინც თუ არ გავაკეთე, მშვიდობით მერე! მუშაობისას ნიავი მიბერავდა ალბათ წელზე და მიტომ გავცივდი. ფანჯარასთან რომ იდგნენ, კი ვუყვირე. მაშინვე დაკეტეს, მაგრამ მერე ისევ გააღეს. თქვეს, ცუდი სუნის გამო სუნთქვა გვიჭირსო. გასაგებია. მაგრამ მე ასე პარალიზი დამემართება. ზევით-ქვევით ვწევდი რეზინებს ავზებიდან და ისე დამემართა, რომ ტკივილიც ვერ ვიგრძენი. ვეღარაფერს ვგრძნობდი, მჟავას სუნით ისე ვიყავი გაბრუებული. ვერც ის გავიგე, წამზომიანი კაცი რომ მედგა უკან მფარველი ანგელოზივით.

კვირა

მთელი დღე მძინავს თითქმის. შუადღეზე ვდგები და სამზარეულოში შევდივარ. წინა დღის ქათმის ფრთაა მარტო დარჩენილი, მეტი არაფერი. ვჭამ ამ ფრთას და კუბით გაკეთებულ ცხელ წვნიანს ვაყოლებ. საზიზღრობაა ეს კუბები! პურიც აღარ არის. ლოგინში ვწვები ისევ. ცოტას ვიძინებ. ტანო მესიზმრება და დებილივით მარტო ვათავებ. მთლად გაწუწული ვიღვიძებ.

ორშაბათი

ფეხსაცმელი ვიყიდე. მაგრამ მოვტყუვდი. იაფად მინდოდა, როგორც ყოველთვის და ერთ დღეში უკვე მოძველებულივითაა. ლამაზი კია, შავი, მაღალი ქუსლით. ფაბრიკაში ერთი ბიჭია, ძალიან მომწონს. ორი დღეა, ჩემთან ერთად მუშაობს ავზებში. ნელი ტიპია. ნაწილებს ხელში კარგად ვერ იჭერს. რამდენიმე დღეა, რაც ფაბრიკაში მოვიდა. ოცი წლისაც არაა. გამხდარია. ერთი კაცის ნახევარი გეგონება. ლამაზია. ძალიან ლამაზი. კი ვხვდები, გოგოები თვალებით რომ ჭამენ. მაგრამ თვითონ არავის უყურებს. ამაყია. დროს როგორც კი იხელთებს, სარკეში იყურება და იპრანჭება. სარკეს ჯიბით ატარებს.

ოთშაბათი

გუშინდელს აქეთ წვიმს. ბევრი ქალი ფაბრიკაში მთაში ჩასაცმელი დიდი წინდებითა და წითელ-ყვითელი რეზინის ჩექმებით მოდის. ისეთი ფერები აცვიათ, ჭამის სურვილი გაგიჩნდება. მეც მინდა ვიყიდო. როგორც კი გადავდებ გვერდზე რამდენიმე ათას ლირას.

ხუთშაბათი

ისევ წვიმს. ახალი ფეხსაცმელი კარადაში მაქვს შენახული, ტანოს ძველ პერანგში გახვეული. პირველად ვხვდები, რომ ფაბრიკაში მუშაობისას თავის აწევის დროც არ მაქვს. დრო არ მაქვს, რომ იმ ბიჭს შევხედო. ჩემ გვერდით მუშაობს და მხოლოდ სასადილოში შემიძლია მისი მშვიდად ყურება. მაგრამ შორს ჯდება, ფანჯარასთან და ჭამის დროს გაზეთს კითხულობს. თავს ჩემკენ არასოდეს აბრუნებს.

პარასკევი

სახლში ვბრუნდები და ლოგინში ვწვები. მეშინია, წელის ტკივილი არ დამიბრუნდეს. მაგრამ უკეთესად ვარ. ხველამაც დამიკლო. მხოლოდ ჩემი ხელებია საზიზღრობა, როგორც ყოველთვის.

შაბათი

ფხალი და მაგრად მოხარშული კვერცხი ვჭამე. რომლებსაც მერე ვერც კი ვინელებ. მთელი ღამის განმავლობაში ყელში ამომდის ყველა. დღეს, როგორც იქნა, იმ ბიჭს ველაპარაკე. რომოლო ჰქვია. თქვა, ფაბრიკაში მუშაობა მომწყინდაო. და ვის ეუბნება?! ხვალისთვის სახლში მივიწვიე ვახშმად. ახლა სახლი უნდა მივალაგო, თორემ საშინელებაა! და რაღაც უნდა ვიყიდო საჭმელი. ბატკნის ხორცი მოგწონს? კიო, თავი დამიქნია. ბატკნის მომზადება გადავწყვიტე ძმრითა და როზმარინით. საბედნიეროდ, ხელფასიც ავიღე.

კვირა

ისე ვიყავი აღელვებული, შვიდ საათზე გამეღვიძა. სახლი მივალაგე. იატაკი საპნითა და ცვილით დავაპრიალე. ახლა მე თვითონ მეშინია, არ წავიქცე და თავი რამეს არ მივარტყა. სამაგიეროდ, ოთახები სუფთა მაქვს და ყველგან კრემისა და ხის სუნი დგას. შუადღეზე ტანოსთან. გისოსებს მიღმა მისი დანახვა ჩემში მუცლის ტკივილს იწვევს. ახლა წმინდა იოსებივით აქვს წვერი მოშვებული. უფრო ლამაზიცაა. მეუბნება, თუ რამე ფული მქონდა აქ, ყველაფერი მომპარესო. მაგრამ ვინ? ამხანაგებმა. და შენ ასე აპარვინებ? სულელია! არაფერს ვჭამო, ამბობს, და რომ დილით შარდის მაგვარ რძიან ყავას აძლევენ, საუზმეზე - ჩახარშულ ლობიოსა და აქოთებულ ხორცს; საღამოს კი - წვნიანს, რომელსაც სხვას ვჩუქნი, რადგან მის სუნზე ღებინება მეწყებაო. საჭმელი მომიტანეო, მეუბნება. მაგრამ მე დრო არ მაქვს. და ფული? ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაღაზიაში, საყიდლებზე შევდივარ. მერე კი სახლში - საჭმლის მოსამზადებლად. ცხრა საათზე ზარის ხმა მესმის. სათვალთვალოში ვიჭვრიტები და იმ ორ სულელს ვხედავ - ჯორჯოს და მარტას. თავს ვაჩვენებ, თითქოს სახლში არავინაა. რეკავენ და რეკავენ. ცოტა ხანში ალბათ, მუშტებით კარსაც ჩამოიღებენ. ვაღებ. გავდივარ-მეთქი, ვეუბნები. ვარწმუნებ, რომ სახლში დაბრუნდნენ. მეც გავდივარ ჩემი ნათქვამის დასამტკიცებლად. რომ ვბრუნდები, რომოლო წასული მხვდება. კარზე წერილს ვხედავ: „ასე რატომ მეხუმრე?“ დასწყევლოს ღმერთმა ისინი! ბატკნის ხორცს მარტო ვჭამ, უგემურად. შიმშილის გრძნობა გამქრალი მაქვს. მუცელი მტკივა. ლოგინზე ვწვები და ცხელი წყლით სავსე ბოთლს ვიდებ. სიბრაზისგან ტირილს ვიწყებ.

ორშაბათი

რომოლოსთან ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სხვა საამქროში გადაიყვანეს. ცუდად ვმუშაობ. ათი დეტალი შემეშალა. მჟავაში დიდხანს მედო და ძალიან შეჭმული გამოვიდა. საამქროს უფროსმა ყველას თვალწინ მიყვირა. ნაწილების ფულს მაინც მე ვიხდი და რა საჭიროა ამდენი ყვირილი. არაა საკმარისი, რა ფულიც მეკარგება?

ოთხშაბათი

მარტა მირეკავს, სალონში მოდიო. ჯორჯოა ცუდად. მაგრამ რა სჭირს? არაფერი. აბა? ის სჭირს, რომ ყველას უყვირის. და რომ მასთან ქორწინება აღარ უნდა. მაგრამ რატომ? არავინ იცის. რა მომაბეზრებლები არიან ერთი ესენი! თავს მტკენენ პირდაპირ. ტანო ცუდ წერილს მწერს. საჭმელი მომიტანე რამე, აქ მწამლავენო. მაგრამ მე რა უნდა ვქნა? ფაბრიკაში მივდივარ და რომოლოს სასადილოში ვეძებ. ახლა აწყობაზე მუშაობს. თეთრი სპეცტანსაცმელი აცვია და ულამაზესია. ვეკითხები, რატომ არ დამელოდე იმ საღამოს-მეთქი. მიყურებს და არაფერს მეუბნება. მომავალ შაბათს გაწყობს? კიო, ამბობს. სახლში კმაყოფილი ვბრუნდები. მთელი ის დრო, მას რომ ველაპარაკებოდი, ხელები ჯიბეში მეწყო, რომ არ დაენახა.

შაბათი

მოვიდა. ვჭამეთ. დავლიეთ. მერე ლოგინში შევძვერით. თეთრი სხეული აქვს და ცისფერი ვენები კანქვეშ ერთგვარი ნახაზივით უჩანს. ტელეფონის გათიშვა დამავიწყდა. და ყველაზე ლამაზ დროს იწყებს რეკვას. რეკავს, რეკავს. უპასუხე, მეუბნება, ნერვებზე მოქმედებს უკვეო. ვპასუხობ. მარტაა. ამბობს, ჯორჯოს სექსი აქვს ვიღაც კლიენტთანო. რა შემიწუხეს ერთი გული! ამბობს, ვიღაც მსახიობია, ექსელსიორშია დაბინავებული და თავის ოთახში შეჰყავსო. დარწმუნებული ხარ, რომ სექსი აქვს? რა თქმა უნდა. პომადით დასვრილი ვნახე მთლად, შარვლის შესაბნევამდეც კიო. მგონი, არც ახალგაზრდაა. ოქროს საათი აჩუქა ოქროს სამაჯურითო. მეც კი მესიამოვნება ერთ დღეს ექსელსიორის რესტორანში ჭამა, ვფიქრობ. ვერცხლის თეფშებით გაწყობილ მაგიდასთან: შემწვარი გოჭი კარგად დაბრაწული კანით, კიბორჩხალა ჩასაკვნეტი საცეცებით, პოლიპები ჩაშუშული თავისივე შავ წვენში, მაკარონები ბეშამელათი. ამასობაში, რომოლო კინაღამ დამავიწყდა. როგორც ბავშვი, ისე მექცევა სექსში. ტკბილია და მორცხვი.

კვირა

ტანო ბუზღუნებს და იფურთხება. საჭმელი მივუტანე. სახეში მესროლა. ამბობს, გამოსვლა მინდაო. და როგორ? მარტა სულ ფეხებში მედება და კრუსუნებს. ჯორჯო რომ ბრაზდება, საღებავს ძირს აქცევს. ქორწინდებიან? არ ქორწინდებიან? ვინ იცის. ერთ დღეს კის ამბობენ, მეორე დღეს - არას. ისევ ფხალი და კარტოფილის წვნიანი ვჭამე. ერთი ლირაც აღარ მაქვს უკვე. არადა, ყასაბს ექვსი ათასი უნდა გავუსტუმრო, სამი - მეპურეს და ორი - მარტას.

სამშაბათი

ექსელსიორის მსახიობი გაემგზავრა. ჯორჯომ ფეხით სარკე გატეხა. ის სარკე თერთმეტი ათას ლირად ჰქონდა ნაყიდი, ჩარჩოს გარეშე. ერთი კვირის ხელფასი. მარტამ სახე ცხელი ცვილით დაიწვა. ამბობს, ჭრილობა დამრჩებაო და სულ ტირის. მირეკავს, თავი უნდა მოვიკლაო. მესმის, ჯორჯოს მასთან ქორწინება რომ არ უნდა. ძალიან მომაბეზრებელია.

ოთხშაბათი

კუბით მომზადებული წვნიანი, კარტოფილი და მაგრად მოხარშული კვერცხი ვჭამე მხოლოდ. მგელივით მშია. გუშინ საღამოს რომოლო მოვიდა. რა შევთავაზო? არაფერი. ლიქიორიც არ მაქვს. რამდენი წლის ხარო, მეკითხება. ოცდაშვიდის. ის - ჩვიდმეტის. ხელებს ვუჩვენებ, ჩემს დიდ სირცხვილს. არ მაინტერესებსო, მეუბნება. მთელი ღამე ჩემთან დარჩა.

პარასკევი

მარტა მირეკავს, ვქორწინდებითო. ნახევრად დამწვარ სახეს პარიკით დაიფარავს. ძალიანაც კარგი! ამასობაში, ტანო შიგ ჰყავთ. პროცესის კი არაფერი ისმის. კალაბრიადან დედამისი ჩამოდის. დიდ ლოგინში დაძინება უნდა. ორივე მოვთავსდებითო, მეუბნება. მაგრამ მე არავითარი სურვილი არ მაქვს მასთან ერთად დაძინების. ლოგინს ვუთმობ და სამზარეულოში მივდივარ. მეზობლისგან ნათხოვარ ლეიბზე ვწვები.

შაბათი

სამსახურიდან დაბრუნებისას ისეთი არომატული სუნი მცემს ხახვის, რომ ხელახლა დაბადებას ვგრძნობ. ტანოს დედა ვახშამს ამზადებს. სოფლიდან ხახვი, ჭარხალი, ყველი და თიკნის ხორცი ჩამოიტანა. ვჯდები და მაგიდის გასაწყობად არც კი ვდგები. მუშაობა ვაცალე. რა კარგია, როცა სახლში ჩემს მაგივრად ვინმე მუშაობს!

კვირა

ტანოს ერთი სავსე ჩანთა მივუტანეთ, სხვადასხვა საჭმლით გამოტენილი. მაგრამ კმაყოფილი მაინც არ დარჩა. ამბობს, სიგარეტები მინდაო. დედამისი გავიდა და ათი კოლოფი სიგარეტი უყიდა. ტანომ სახეში მიაფერთხა. ამასობაში, კარს კეტავენ. უკვე გვიანია. მგონი, ისინი მართლა ქორწინდებიან. მარტა კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სახე დამწვრობისგან მოქცეული აქვს.

სამშაბათი

ფაბრიკაში ისევ დაიწყეს გაფიცვაზე ლაპარაკი. მე ისე ვიქცევი, თითქოს არაფერი არ ვიცი. როგორც კი ისინი დაქორწინდებიან, „ნემსიყლაპიაში“ მანიკურის გამკეთებლად ვთხოვ მუშაობას. და მერე მშვიდობით, ლამაზო ფაბრიკავ!

ოთხშაბათი

ყოველდღე თიკნის ხორცს ვჭამთ, სანამ არ გამოილევა. პილპილით და ნიორში ისე კარგად ინახება, რომ საოცრებაა. ჩემმა დედამთილმა თითებივით გრძელი და წვრილი მსხლებიც ჩამოიტანა. მაგრამ ძალიან ტკბილებია. ზეთიც. მანქანის გეგონება, ისეთი გემო აქვს.

ხუთშაბათი

ცუდად მეძინა. ჩემი დედამთილი ისე მაგრად ხვრინავდა, რომ მიუხედავად დაკეტილი კარისა, მაინც მესმოდა. კიდეც დავსტვინე, ვიყვირე. ლოგინზე ქვაბიც დავარტყი, მაგრამ ის არც განძრეულა. ტანო ნაცრისფერი შეიქნა. სიგარეტებს ითხოვს. მე უკანასკნელი ორი ათასი ლირა დავუტოვე.

პარასკევი

ერთი გოგოა, რომოლოს დასდევს სულ. მასთან მუშაობს საამქროში. მაგარია ხარივით. კისერზე ისეთი ძლიერი კუნთები აქვს, რომ მამაკაცი გეგონება. სულ იცინის და რომოლოს ეხება, ხელს ჰკიდებს. საზიზღარი! ტუნიკა ჰქვია. ასეთი სახელი არასოდეს გამიგონია.

შაბათი

ხელფასი ავიღე. ყასაბს მივეცი. ვალი თითქმის ამოვწურე. ტელეფონიც გადავიხადე, გაზიც, მეწაღეც. თხუთმეტი ათასი ლირა მრჩება მხოლოდ გასასტუმრებელი. შვიდი - ყასბის, ოთხი - მეძეხვის, ორი - მემწვანილის და ორი - მერძევის.

კვირა

ტანო ამბობს, აქ ყველა ანძრევსო. ქალები არ არიან და სურვილი რომ გაუჩნდებათ, ასე იქცევიანო. ჰოდა, იყოს ახლა ასე. რომ დააჭერინა თავი! თიკნის ხორცი, რაც იყო დარჩენილი, მთლად მივუტანე. მაგრამ ამბობს, არ მშიაო. სიგარეტი უნდა მხოლოდ. დედამისი არ მიდის. ჩემს ლოგინში სძინავს. ყველაფერში იქექება და რასაც პოულობს, ჭამს. კბილები არ აქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს ჭამს. ნამცეცს ნახავს, ჭამს. ძირს დაჭყლეტილ ლობიოს ნახავს, ჭამს. რაიმეს ქერქს ნახავს, ჭამს. ყავის ნალექს ნახავს, ჭამს. ყველაფერს ჭამს. და მერე სძინავს. და ხვრინავს.

ოთხშაბათი

რომოლოს ჩემს სახლში უნდა მოსვლა. მაგრამ ტანოს დედაა. გარეთ გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ხელით შეხებასაც ვერ ვახერხებთ. კინოში წავიდეთ? რისთვის? ფული რომ დავხარჯოთ მხოლოდ? მოკლედ, დავდივართ და ტყუილად ვიღლებით. სიარულში ბევრს ვლაპარაკობთ. მეუბნება, ქმარი მიატოვე და ჩემთან ერთად იცხოვრეო. მაგრამ მე ამაზე არც კი ვფიქრობ. მასზე შეყვარებული არ ვარ. მომწონს უბრალოდ და მეტი არაფერი.

ხუთშაბათი

დედა ისევ აქაა. საიდანღაც კიდევ დააძრო ხუთი ათასლირიანი ქაღალდის ფული. სად ჰქონდა შენახული, არ ვიცი. ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, მეტი აღარ მაქვსო. ტანოსთვის რაღაცები ვიყიდეთ. მაგრამ მას მხოლოდ სიგარეტები უნდა. გავიგე, საჭმელს სიგარეტში უცვლის თურმე სხვებს.

პარასკევი

ფაბრიკაში ცუდი შემთხვევა მოხდა. ერთმა ბიჭმა, რომელიც ახალი მიღებული იყო სამსახურში, მკლავი დაკარგა. დაახლოებით ათის ნახევარზე ყვირილი გაისმა. მივვარდით. ძველი გამოშვების T.T.O.-ს აპარატთან სამნი იდგნენ. ბიჭის მთლიანი მკლავი ძირს ეგდო. და ის გამოდებილებული დაჰყურებდა ზემოდან. მერე თვითონაც წაიქცა. მარტას რომ მოვუყევი, ტირილი დაიწყო. ის ხომ მაინც სულ ტირის. კიდევ კარგი, მალე ქორწინდება. მე შესაბამის მომენტს ვეძებ, სალონში სამუშაო ადგილი რომ ვთხოვო ჯორჯოს. ასე თუ გაგრძელდა, ფაბრიკაში მთელ ჩემს ახალგაზრდობას დავტოვებ.

იანვარი. სამშაბათი

სასადილოში მე და რომოლო ვართ. ტუნიკა კი გვერდით გვიზის. რომოლო ამბობს, მისი ატანა აღარ შემიძლიაო, მაგრამ მაინც აკიდებინებს ხელს და სიახლოვის უფლებას აძლევს. დიდი პრანჭია და ამაყი ვინმეა ისე.

ხუთშაბათი

მარტა მიყვება, ტანოს დედა დავინახე, პიაცა იესოს კუთხეში იჯდა და მათხოვრობდაო. მე დაჯერება მიჭირს. ჯორჯოც თავიაზიანი და ყურადღებიანი გამხდარა ამასობაში. დიდი მონდომებით ფიქრობს თურმე სახლზე, ქორწინების მერე რომ უნდა აიღონ, და ავეჯისთვის ფულს აგროვებს. მარტას უნდა, ექსელსიორის ქალის ნაჩუქარი საათი გააყიდვინოს, მაგრამ ჯორჯო არ თანხმდება. ამბობს, აპრილში ვქორწინდებითო.

კვირა

ისევ კვირა. კვირაობით რა ვაკეთო, არ ვიცი. ტანოსთან მისვლის გარდა. რომელიც უკვე სხვას არაფერს ამბობს, მხოლოდ სიგარეტები და სიგარეტები აკერია პირზე. რომოლო ფეხბურთის საყურებლად მიდის. მეკითხება, ექვსი საათისთვის, სადმე თუ გინდა წავიდეთო. მაგრამ სად? ერთხელ ვილა ბორგეზის პარკში გვქონდა სექსი, სკამზე. და კინაღამ შეგვისწრო პოლიციამ. ბალახი მთლად სველი იყო და კიდევ კარგი რომოლომ ძირს თავისი ლაბადა დააფინა. მერე ვნახეთ, რომ ერთ დიდ მძღნერზე ვყოფილვართ თურმე დაწოლილები. ჯორჯო და მარტა სავახშმოდ მოდიან. ხაჭოიანი ნამცხვრები მოაქვთ. უგემრიელესები. მაგრამ ხაჭოს ცოტა მჟავე გემო დაჰკრავს. მასში ჩატანებული ხილის ჩირები კბილებში მეჩხირება.

სამშაბათი

მგონი, პროცესის მომავალ თვეში გადატანას ფიქრობენ. ტანო მთლად ყვითელი შეიქნა. გიჟდება, ისე უნდა მოწევა და არა, ჭამა. ძალიან ახველებს, ხრინწიანად, ნახველით სავსე ხმით. ჩემსავით. მხოლოდ მე მჟავათი გაჟღენთილი ორთქლის გამო გამიჩნდა ხველა. მას კი სიგარეტის წევით. დედამისმა ერთი კოლოფი ამერიკული სიგარეტი მიუტანა. არ ვიცი, სად იშოვა. ტანოს ვუთხარი, მარტამ იესოს ეკლესიასთან დაინახა, რომ მათხოვრობდა-მეთქი. და რაში მაინტერესებსო, მიპასუხა. რამდენს იღებს? რა ვიცი. მარტა ამბობს, მათხოვრობით დღეში ორი ათასი ლირის შოვნა მაინც შეიძლებაო. ის კი ამბობს, მაგრამ ვინ იცის?!

ოთხშაბათი

მკლავზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ფაბრიკაში გადაწყვეტილება მიიღეს: გაფიცვა მაინც უნდა მოეწყოს, მიუხედავდად იმისა, რომ სამუშაო კამერა და სინდაკატები თანახმა არ არიან. მართლა თუ გაიფიცებიან, მე ორდღიან დასვენებას ავიღებ და რომოლოსთან ერთად, სადმე სასტუმროში წავალ. სექსი გვექნება. ძვირი კი დაგვიჯდება. მაგრამ არ მაინტერესებს. მაინც სულ ვკინკლაობთ, წასასვლელ ადგილს რომ ვერ ვპოულობთ და გიჟებივით ვკოცნით ერთმანეთს წვიმაში.

პარასკევი

გუშინ ექიმთან ვიყავი. თავბრუ მეხვევა, თირკმელები მტკივა და ხელები მაქვს მთლად დაზიანებული. მე ვიცი, რომ ყველაფერი მჟავათი გაჟღენთილმა ორთქლმა მიქნა. მაგრამ არაფერი მეშველება, სანამ სააქმროს არ გამოვიცვლი. ყოველ შემთხვევაში, მანამდე ექიმთან მომიწევს სიარული. მხოლოდ, უნდა იცადო და იცადო. ისეთი რიგი დგას, რომ ამბულატორიის კარამდეა ხალხი მისული. მოკლედ, საათნახევრის შემდეგ, სამსახურიდან გამოსვლის ნებართვა დამიმთავრდა და ისევ მომიწია ფაბრიკაში დაბრუნება. ექიმის ნახვა მაინც ვერ მოვახერხე.

შაბათი

რომოლო მეუბნება, ჩემთან ერთად უნდა იცხოვროო. მაგრამ ტუნიკასაც აკიდებინებს ხელებს. ერთ დღესაც იქნება, დავითრევ თმებით იმ საძაგელს!

კვირა

ტანო ისე ჩამოხმა, სარდინიული ქაშაყი გეგონება, მარილში გამხმარი. ორი კბილიც ჩამოუვარდა. რომ ლაპარაკობს, შავი ნახვრეტი უჩანს პირის მარჯვენა კუთხეში. აღარაფერს მეუბნება. სიგარეტის წევა აინტერესებს მხოლოდ, რისთვისაც საკუთარ დედასაც კი გაყიდის.

სამშაბათი

გაფიცვა ამჯერადაც ჩაიშალა. ყველა თავისას ამბობს, განსხვავებულს. კი ვიცოდი, ასე რომ დამთავრდებოდა. მე ფაბრიკაში არ წავსულვარ. გაფიცვის გამო კი არა. ფეხებზე მკიდია გაფიცვა, არ მაინტერესებს. დრო ვიხელთე და ორი დღე ზედიზედ ვიძინე. სულ მეძინება, რადგან ღამით მახველებს. თანაც ჩემი დედამთილი ხვრინავს. და როცა ვიღვიძებ, ვეღარ ვიძინებ. დილის ექვსის ნახევარზე კი უნდა წამოვვარდე ლოგინიდან, შვიდ საათზე ფაბრიკაში რომ ვიყო.

შაბათი.

ჯორჯო და მარტა დაქორწინდნენ. მაგრამ უკვე ერთმანეთს ვეღარ ეთანხმებიან. ჯორჯოს ერთი კლიენტი შეუყვარდა, ყვინთვის ჩემპიონი. სექსი მასთანაც უნდა და ცოლთანაც. ეს ჩემპიონი მე ვნახე. ერთი დაბალი და დაკუნთული გოგოა, სულ გარუჯული, ზამთარშიც კი. კურდღელივით დადის, თმები ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი და რძისფრად შეღებილი. მარტა ამბობს, მეზიზღებაო. მაგრამ როგორც კი ის ქალი უბრძანებს, ფრჩხილები გამიკეთეო, ამოსუნთქვის გარეშე ეგება ფეხქვეშ. და ერთხელაც არ უჩხვლეტია მისთვის მაკრატელი.

სამშაბათი

რომოლო მიჟინებს, ჩემთან გადმოდიო. მე არას ვეუბნები. მას კი გული მოსდის. ჩემი დედამთილი, როგორც იქნა, გაემგზავრა. ლოგინს ისეთი მშრალი შარდის სუნი აქვს, რომ სუნთქვა მიჭირს. ჩემს დედამთილს შარდის შეუკავებლობა აწუხებს და ცოტა ყოველღამე ეპარება ლოგინში. ახლა ლეიბი მისი სუნითაა გაჟღენთილი. აივანზე მქონდა დატოვებული მთელი ორი დღით, მაგრამ ამაოდ. ხვალ გადავაკეთებინებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი ლირა დამიჯდება. რა ვქნა, აბა?! შარდის სუნი არ მაძინებს.

ხუთშაბათი

მარტა მირეკავს, საქორწინო მოგზაურობა სალონის გამო გადავდეთო. აგვისტოში გაემგზავრებიან. ალბათ ახლაა კარგი, სამუშაო ადგილი რომ ვთხოვო ჯორჯოს. ხვალ ან ზეგ დაველაპარაკები. ჯერ ვახშამზე უნდა მოვიწვიო ორივე.

შაბათი

ფული კარის მეზობლისგან ვისესხე და ვახშამი მოვამზადე: ღუმელში გამომცხვარი პასტა, პომიდვრის ჩაშუშული, ინგლისური ნაყინი ვანილისა და ლიმონის კრემით. მარტასთვის სამბუკაც ვიყიდე. ნახევარ საათში დალია ორივემ. ჯორჯომ მერე ხელების ფათური დამიწყო. ძალიან მოწებებული და არასასიამოვნო კაცია. არ მომწონს. მაგრამ მტრად რომ არ გადამექცეს, მის ქმედებებს არაფრად ვაგდებ. მინდოდა გარეთ გამეყარა, არ გამომივიდა. ვიცოდი, სადამდეც უნდოდათ მისვლა. ლოგინამდე. ლეიბის სუნსა და ჩემს სიცივეს ყურადღებას არ აქცევდნენ. ცოტა ხანში ორივე ჩემს სხეულზე ვიგრძენი. თვალები დავხუჭე. სამუშაო ადგილის გამო გადავწყვიტე, დავთანხმებულიყავი. მაგრამ ჯერ, სალონში მანიკურის გამკეთებლად თუ მამუშავებ-მეთქი, ვკითხე. კიო, თქვა. მეტი არაფერი. მოკლედ, შევუდექით სექსს. ცოტა ხანში მეც გავხურდი და ორგაზმიც ვიგრძენი. თავიდან მეგონა, ვერ მივაღწევდი. ბოლოს ძილი მომერია და მარტას შიშველ მკერდზე სახედადებულს დამეძინა.

კვირა

ტანოს კიდევ ერთი კბილი ჩამოუვარდა. ათი დღე ჯანპუნქტშიც დაჰყო. გადასხმა გაუკეთეს. ოთხი კილო მოიმატა. საპატიმროში რომ დააბრუნეს, ისევ დაეწყო გახდომა.

ოთხშაბათი

ჯორჯოს ველაპარაკე. წინა საღამოს დაპირება შევახსენე. სულელივით მომაჩერდა. არაფერი უთქვამს. მაგრამ რატომ? რამე ისე არაა? მაგრამ შენ მანიკურის კეთება არ იცი, მეუბნება. ვისწავლი, ჰო? და ხელებს რას უზამ? მაგ ხელებით მანიკურს ვერ გააკეთებ. მაშინ თმას დავბან. არა. ორი თანამშრომელი მყავს და ხელფასს ვერ ვუხდი. შენ როგორ მოგცემ?

კვირა

ტანოს ვუთხარი, ჯორჯო ნაძირალაა, კარგად გამოიმუშავებს და სამსახურზე მაინც უარი მითხრა-მეთქი. მან კი, სიგარეტები თუ მოიტანეო. სხვა არაფერი აინტერესებს.

            თებერვალი. ოთხშაბათი.

მარტამ დამირეკა და ვახშამზე დამპატიჟა. უარი ვუთხარი. გადავწყვიტე, მეტი მათ აღარ შევხვდე. გადაშენდნენ აქედან!

ხუთშაბათი

ექიმთან დავბრუნდი. ამჯერად, სამსახურში კიდეც რომ დამეგვიანებინა, მაინც უნდა მომეცადა. ორი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ, როგორც იქნა, შემიშვეს. მითხრა, ხელებსა და ფილტვებზე უნდა იმკურნალოო. მეც კი ვიცი, რომ უნდა ვიმკურნალო, მაგრამ როგორ? რეცეპტი გამომიწერა და ფაბრიკის დირექციისთვის მიმართვა მომცა. შიგ ეწერა, რომ საამქროს შეცვლა იყო საჭირო. მივედი უფროსთან და ექიმის მიმართვა რეცეპტთან ერთად გადავეცი. ჩაიდო ჯიბეში და ნახვამდის!

პარასკევი

ტუნიკა ავადაა. რომოლო ჩემ გვერდით დასაჯდომად მოვიდა. მითხრა, შენს ქმარს თუ არ დატოვებ, თავს დაგანებებო.

კვირა

ტანოს სამი კოლოფი სიგარეტი მივუტანე. და ამით მთელი კვირის ფული დამიმთავრდა. ახლა ვალები უნდა ავიღო.

სამშაბათი

რომოლო მივატოვე. ძალიან მოსაწყენი შეიქნა. ჩემი დედამთილიდან წერილი მივიღე, ხუთი ათასი ლირა იდო შიგ.

ხუთშაბათი

საამქრო შემიცვალეს. როგორც იქნა. ახლა ამწყობ ჩარხთა ქსელზე ვმუშაობ. არ უნდა დავიხარო, სიმძიმე არ უნდა ავწიო, მჟავაში ხელები არ უნდა ჩავყო, მომწამვლელი ორთქლი არ უნდა ვისუნთქო. მაგრამ ერთი და იგივე მოქმედების ხუთი ათასჯერ და ათი ათასჯერ გამეორება, ძილს მგვრის. თვალებს ვეღარ ვახელ. ზოგჯერ თვალგახელილსაც კი მძინავს. ჩემი ხელები მუშაობენ, მაგრამ მე მძინავს.

პარასკევი

ჩემ გვერდით ერთი გოგოა ამწყობ ჩარხზე, რომელიც სამუშაო დროს მორტადელათი გამოტენილ ბუტერბროდს ჭამს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ გამოსდის. ისეთი ყოჩაღია, რომ ერთი ხელით აკეთებს ორი ხელით შესასრულებელს. და ამას ყოველ ოცდაათ წამში ახერხებს. ცალი ხელით კბეჩს და ღეჭავს. საათნახევარში შეუძლია ორი პურის ჭამა, პატარა ლუკმებით კბეჩა და სწრაფად ღეჭვა. მე კი თავის მოსაფხანადაც რომ გავწიო ხელი, სამუშაოდან ოთხი მოქმედებით მაინც ჩამოვრჩები. და მერე ისე სწრაფად უნდა მივყვე ყველაფერს, რომ ოფლშიც კი გავიწუწები.

კვირა

ტანოს სამი შეკვრა სიგარეტი მივუტანე. თქვა, არ მეყოფაო. ისეთი ყვითელი, მშრალი და ნაოჭებიანი გახდა, რომ მისი ამოცნობა მიჭირს.

სამშაბათი

სხვა ვნახე. ლიბერიო ჰქვია. ერთ-ერთ ბარში მუშაობს და ლამბრეტა ჰყავს. შაბათს მის სოფელში მივდივართ. დამპირდა. ერთადერთი, რისიც მრცხვენია, ჩემი ხელებია.

ოთხშაბათი

შალის ხელთათმანები ვიყიდე. ლიბერიო მეუბნება, შენს ხელებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო. მასაც აქვს დასიებული, წყალში უწევს სულ ჩაყოფა. მაგრამ ჩემები მართლა საზიზღრობაა. დასიებულის გარდა, გაწითლებული და გადატყავებულია. ჭრილობებიცაა ზედ, რომლებიც არ ხორცდება. მათგან გადმოსული სითხე ხმება და მუწუკებად იქცევა.

ხუთშაბათი

რომოლო სულ მიყურებს. ტუნიკას ელაპარაკება და მიყურებს. მე არაფრად ვაგდებ. ხანდახან, როცა ვერ ამჩნევს, ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მართლა ლამაზი ბიჭია იმ ცისფერი თვალებითა და თეთრი კანით, ასე რომ უხდება მის სხეულს, და იმ თმით, ერთ მხარეზე რომ აქვს გვირგვინივით გადახვეული. ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ აღარ ვხვდები.

შაბათი

პირველი შემთხვევაა, ათი ათასი ლირა რომ მრჩება მთლიანი ხელფასიდან. ხელების კრემი ვიყიდე ვიტამინით. სამი ათას ორასი ლირა გადავიხადე. ოქროს ფასი ერთ ციცქნა კოლოფში. ორი ათასი ლირათი ტანოსთვის სიგარეტი ვიყიდე შავ ბაზარზე.

კვირა

რამდენიმე დღეში პროცესი იქნება. მგონი, მეც უნდა დავესწრო, როგორც მოწმე. მაგრამ რა უნდა ვთქვა?

ორშაბათი

დღეს იმ გოგომ, ჩემთან ერთად რომ მუშაობს, რომოლო და ტუნიკა დაინიშნენო, მითხრა. წირვაზე ერთად ისხდნენ, როგორც ყოველთვის. გოგო იცინოდა. ის კი ხმადაბლა რაღაცას ეუბნებოდა.

სამშაბათი

ლიბერიო სახეზე ძალიან ლამაზი არ არის. მოღუნული ცხვირი აქვს და თვალები - მიახლოებული. მაგრამ ტანი აქვს ისეთი კოხტა, რომ მსგავსი ჯერ არ მინახავს. კანის ფერი რეზინისას უგავს. როცა ოფლიანობს, სასიამოვნო სუნი ასდის, მომჟავო, დაჭყლეტილი ფესვებივით.

ხუთშაბათი

ამ დილით პროცესია. ფაბრიკადან ნებართვა ავიღე. ხუთი საათი მაინც მაცდევინეს კარს მიღმა. მითხრეს, მოწმეებს დარბაზში შესვლის უფლება არ აქვთო. ჩემთან ერთად შვიდი მოწმე იყო, რომლებიც შავ, ფეხებამდე გრძელ ტანსაცმელში ჩაცმულ ადვოკატებს დაბალ ხმაზე ელაპარაკებოდნენ. სამის ნახევარზე დამიძახეს. ისე მშიოდა, რომ ვერაფერს ვხედავდი. თქვენ მეუღლე ხართ? რას აკეთებთ? რას არ აკეთებთ? სად მუშაობთ? იცოდით, რომ თქვენი მეუღლე იპარავდა? და რატომ? და სად? და როდის? და ა.შ. და ა.შ. თავი გამისივეს კითხვებით. ვცდილობდი, ტანო დამენახა, მაგრამ ვერ ვიპოვე. არ ვიცოდი, სად ჰყავდათ. რომ გამოვედი, კი დავინახე. ჩემს უკან ყოფილა.

შაბათი

მარტამ დამირეკა და ტანოს პროცესზე მკითხა. ვუთხარი, ოთხი წელი მიუსაჯეს-მეთქი. ტირილი დაიწყო მაშინვე. ჯორჯომ ტელეფონი გამოსტაცა, და რა საზიზღრობა და უპატივცემულობააო, ჩამძახა. მე გავუთიშე.

კვირა

ტანომ ჭამა დაიწყო. ნაკლებადაც ეწევა. ჩემი ნახვით კმაყოფილი იყო. პირველად ვხედავდი ასეთს.

სამშაბათი

გუშინ, ცხრა საათისთვის, ლოგინში რომ ვიწექი, რომოლო მოვიდა. სექსი გვქონდა. მივხვდი, რომ კიდევ მომწონს.

ოთხშაბათი

სასადილოში. ტუნიკა და რომოლო ერთად ზიან. იცინიან. რომოლო ჩემკენ იყურება და თითებით მანიშნებს, დაგირეკავო.

პარასკევი

ახლა ორი მყავს - რომოლო და ლიბერიო. ლიბერიოსთან ერთად საცეკვაოდ დავდივარ და სექსით გარეთ ვკავდები. სახლში ქმარი მყავს-მეთქი, ვუთხარი. რომოლო კი ჩემთან ორჯერ ან სამჯერ მოდის კვირაში და მთელი ღამე რჩება.

კვირა

ტანო ვერ ვნახე, კარცერში ჰყავთ გადაყვანილი. ზედამხედველმა მითხრა, საშინელება ჩაიდინაო. მაგრამ რა? ვინმე სხვას მოაყოლეო. სხვებთანაც გავიკითხე. მგონი, საპატიმროში, სადაც ტანო იმყოფებოდა, ერთი ახალგაზრდა ბიჭი შესულა გასარეცხი თეთრეულის გამოსატანად. ესენი, ოთხივე, თავზე დახტომიან და სათითაოდ გაუუპატიურებიათ უკნიდან. ბიჭი საავადმყოფოში გადაუყვანიათ, პატიმრები კი - კარცერში. მისთვის მისაცემი სიგარეტები ვინმე მარიოს დავუტოვე, რომელიც გვერდით საკანში იხდის სასჯელს.

ოთხშაბათი

გუშინ ფაბრიკაში სკამზე დამეძინა. კიდევ კარგი, იმ გოგომ, ჩემთან რომ მუშაობს და ცალი ხელით ბუტერბროდს ჭამს, ისე მიჩქმიტა, რომ შიშისგან ავხტი და მუშაობა განვაგრძე. მაგრამ ამასობაში, ზოგი გაუკეთებელი დეტალი ჩემს უკან მდგარ გოგოსთან მოგროვილიყო, რომელიც ბრაზობდა და შე ბოზიშვილოო, მიყვიროდა. საამქროს უფროსი მოვიდა და დამაჯარიმა.

ხუთშაბათი

ლიბერიო მეუბნება, შენი ქმარი მიატოვე და საცხოვრებლად ჩემთან გადმოდიო. მაგრამ მე ის უკვე მომწყინდა. ძალიან მოწებებული და მომტირალი კაცია.

პარასკევი

ლიბერიო მივატოვე.

შაბათი

ხველის გამო ღამით ვერ ვიძინებ. საამქრო კი გამოვიცვალე, მაგრამ საწამლავი ფილტვებში მაქვს ჩარჩენილი. რომოლო ბინის წინ მელოდა, მხიარული იყო. ახალი, წითელი პერანგი და შალის თეთრი შარვალი ეცვა ისეთი, რომ მარტო ყურებით გათბებოდი. სექსი ჯერ კიდევ არ გვქონდა დაწყებული, რომ მასთან ჩახუტებულს დამეძინა. დაღლილი ვიყავი. მანაც ძილი მაცალა. უფრო მეტიც, მგონი, მასაც დაეძინა.

კვირა

მთელი დღე ვიძინე. ზოგჯერ ტელეფონის ზარი მაღვიძებდა, მაგრამ ერთხელაც არ მიპასუხია. ლიბერიოა. მეძებს. გუშინაც მომაკითხა ფაბრიკიდან გამოსვლის დროს. რომოლომ დაინახა და გაბრაზდა. ტყუილი ვუთხარი.

ორშაბათი

ორშაბათი საძაგლობაა. ვერ ვიღვიძებ. მცივა და თავიც მტკივა. იმის გაფიქრება, რომ კვირა იწყება, ღებინების შეგრძნებას იწვევს ჩემში.

სამშაბათი

ერთი ლირაც აღარ მაქვს. ტანო ისევ კარცერშია. სიგარეტები კიდევ დავუტოვე. გვერდით მეზობელმა ათასი ლირა მასესხა. კვერცხი და ოთხი კილო კარტოფილი ვიყიდე.

ხუთშაბათი

კარტოფილი და კვერცხი. დღეში თითო-თითოს ვჭამ, შემწვარს. შაბათამდე უნდა მეყოს. სასადილოში, ას ორმოცდაათ ლირად, მუყაოსავით მაგარი ტალიატელების ერთი პორცია ვჭამე და წყალგარეული ლუდიც დავლიე. ტუნიკა დაქორწინდა. მონტაჟზე მომუშავე გოგომ მითხრა. ვინმე კარაბინიერს გაჰყოლია. რომოლო მარტო ჭამს, გაზეთს კითხულობს და მე მიყურებს.

პარასკევი

კვერცხები გამითავდა. კარტოფილის წვნიანი გავაკეთე, კუბილით. ნისიად რძე გამოვიტანე. საპნის ფხვნილისთვის ფული ჯერ კიდევ უნდა გადავიხადო.

შაბათი

როგორც იქნა, ხელფასი. რომოლოს საჩუქარი უნდა ვუყიდო. ხვალ მისი დაბადების დღეა. ლიბერიო ყოველ წუთს მირეკავს.

კვირა

მთელი დღე ვიძინე. რომოლო ფეხბურთის საყურებლად წავიდა. საღამოს ცეკვის სურვილი გამიჩნდა. ლამის ლიბერიოსთვის დამერეკა და სადმე წაყვანა მეთხოვა. მაგრამ მერე ისე მომეწებება, მოშორება გამიჭირდება. ლამაზი ტანი კი აქვს, ისე. გუშინ დავინახე, ქუჩის კუთხეში მელოდა. გამხდარიცაა და ამავე დროს, სავსეც. გრძელი კისერი და ფეხები აქვს, ლამაზი ფერიც, ქერის კანფეტივით.

ორშაბათი

მარტა ბავშვს ელოდება. დამირეკა და ტიროდა. ვერ გავბედე, ცუდად მოვპყრობოდი. ერთი სულელი ვინმეა, სულ ტირის. მაგრამ მაინც მესიამოვნა, რომ დამირეკა. ჯორჯოზე უკეთესია. ის მართლა ნაძირალაა. მარტაზე რომ იყოს დამოკიდებული მხოლოდ, მანიკურის გამკეთებლად კი ამიყვანდა.

ხუთშაბათი

ლიბერიო გერმანიაში გაემგზავრა. სატვირთო მანქანაზე მძღოლობას დათანხმდა. მგონი, კარგ ხელფასსაც დაჰპირდნენ. დასამშვიდობებლად ფაბრიკის გასასვლელთან მოვიდა. ლამბრეტაზე უკან შემოვუჯექი. სანამ მოვუხვევდით, დავინახე, რომოლო გამოდიოდა და შავი, ეჭვიანი თვალებით მიყურებდა. ლიბერიო სახლში მივიყვანე. მისი ახალი სამსახურის შესახებ მოვაყოლე; და მგზავრობაზე, წინ რომ ელოდა. თან ვუყურებდი, ვათვალიერებდი. ვფიქრობდი, ამ ლამაზ სხეულს დღეიდან ვეღარ ვნახავ-მეთქი. და სურვილი გამიჩნდა, საბოლოოდ მაინც ყოფილიყო ჩემი. პირველად გვქონდა სექსი ლოგინზე. ასე მთლიანად შიშველს პირველად შევხედე მის კარამელივით კანს. ჩვეულებრივ, ქურთუკების, პულოვერების, ნესტიანი მიწისა და ვინმესგან მალულად ყოფნის გამო სექსს სწრაფად ვილევდით. ამჯერად კი საქმეს უფრო მშვიდად შევუდექით. მაგრამ ლიბერიოს რომოლოსავით არ ეხერხება. ლამაზი, თეთრი ტანი აქვს მხოლოდ, რომელსაც რაც უფრო ვუყურებ, მით უფრო ვიხიბლები.

კვირა

ტანო ახლა ისე ტრიალებს ციხეში, როგორც საკუთარ სახლში. მხიარულიცაა. ბევრს ლაპარაკობს. ნაკლებს ეწევა. რასაც აძლევენ, ჭამს. ჩემგან ფული უნდა, მხოლოდ ფული. მითხრა, მე ვიზრუნებ, რისი ყიდვაც მომინდებაო. ერთ ვინმეს დაუმეგობრდა. მანინეს ეძახიან. პატარა ხელები აქვს, მაიმუნივით მოქნილი. როგორც ცოლ-ქმარს, ისე გვიყვარს ერთმანეთიო. და მე? შენ ჩემი ცოლი ხარ გარეთ, მანინე კი - შიგნით. ასე მიპასუხა და სიცილი დაიწყო. რომ იცინის, სახეს აქცევს, ნაკლული კბილების ღრმული რომ დამალოს.

სამშაბათი

ლიბერიომ ჰამბურგიდან წერილი მომწერა. ამბობს, ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და გერმანელები საზიზღრები არიანო.

ოთხშაბათი

რომოლო ეჭვიანია. ყოველ საღამოს მოდის შესამოწმებლად, მარტო თუ ვარ. სულ მეუბნება, ჩემთან გადმოდიო. გამხდარია. ჩონჩხი გეგონება. მე ვუთხარი, ასე თუ გაარძელებ, შენს სილამაზეს დაჰკარგავ-მეთქი.

პარასკევი

ლიბერიომ მწერს, ოთახში რვა იტალიელთან ერთად ვცხოვრობ და მატარებლის კუპესავით ერთმანეთზე აწყობილ საწოლებზე გვძინავსო. ამბობს, გამარჯობის თქმა ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე და საერთოდ, გერმანული ენა საზიზღრობააო.

კვირა

ტანო გასუქდა. კმაყოფილია. იცინის, ლაპარაკობს. ფულს მთხოვს, მაგრამ მე აღარაფერი მაქვს მისაცემი. მთელი კვირის ფული დავხარჯე, რომოლოსთვის შალის ქურთუკი რომ მეყიდა. კვირაა და ორი ათას შვიდასი ლირა დამრჩა მხოლოდ, რაც შაბათამდე უნდა მეყოს.

მარტი. ორშაბათი

ახალი თვე დაიწყო. ლიბერიო მწერს, ერთი გოგო გავიცანი, სახელად კრისტა, და როცა მასთან სექსით ვარ დაკავებული, შენზე ვფიქრობო. მეც ვფიქრობ მასზე, მისი ჟირაფივით სხეულსა და ლეღვის ჩირივით სურნელზე.

ხუთშაბათი

გუშინ საამქრო ისევ შემიცვალეს. ერთი ჩარხი ჩამაბარეს. მისი ძრავა ჩავრთე და მოულოდნელად, თითი გადავიჭერი. გული შემიწუხდა. გონს ჯანპუნქტში მოვედი, და დავინახე, ექთანი ვენაში ინექციას მიკეთებდა. ათი დღე მომცეს დასვენებისთვის. მაგრამ რაში მაინტერესებს დასვენება. მე დასვენება კი არა, ჩემი თითი მინდა. ისედაც, ხელები დაზიანებული მქონდა უკვე. ეს სიახლე მაკლდა ახლა!

შაბათი

ტკივილის გამო არც მიჭამია და არც მიძინია. რომოლო ყოველ საღამოს მოდის. მაგრამ მე არავის ნახვის სურვილი არ მაქვს. უამრავ წამალს ვსვამ და სულ გაბრუებული ვარ.

ხუთშაბათი

თუ მინდა, წერაც კი შემიძლია, მაგრამ სურვილი არ მაქვს. არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს. ყველაფერმა თავი მომაბეზრა უკვე.

 

            იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE