სხვაგან


სხვაგან




კარგა ხნის გაღვიძებული, თვალების გახელას მაინც არ ჩქარობდა ხოლმე, მაგრამ ახლა იგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო. მართალი აღმოჩნდა. იმ ოთახში იწვა, რომელშიც არ დაუძინია. მეტიც, პირველად ხედავდა ამ ოთახს, საერთოდ ასეთ ოთახს ხედავდა პირველად.

- სად ვარ? - გაიფიქრა.

ოთხივე მხარეს შუშის კედლები ოთახს ტერარიუმს ამგვანებდა. თავადაც პირდაპირ იატაკზე იწვა, სრულიად შიშველი.

- ეს რაღა ოხრობაა, რატომ ვარ შიშველი? - აქ ცოტა გულზე მოეშვა, გაიფიქრა, რომ მეგობრები აშაყირებდნენ. როგორც ჩანს, გუშინდელი ხმაურიანი წვეულების შემდეგ დივანზე რომ ჩაეძინა, ღამე აქ გადმოიტანეს. მეშვიდე კლასში ამაზე მართლა იცინებდა, მაგრამ ამ ასაკის ხალხისთვის მთლად ჩვეულებრივი ამბავი არ იყო. ეტყობა, მთვრალებს უკეთესი ხუმრობა არ მოაფიქრდათ. ჯანდაბა მაგათ! ახლა მთავარი იყო, რამე ჩასაცმელი ეშოვა.

წამოდგა და ოთახი მოათვალიერა. არც ფარდები იყო, არც მაგიდის გადასაფარებელი, არც მაგიდა, არც... მარცხენა დიდი კედელი მთლიანად განზე გაიწია და ოთახში კაცი შემოვიდა, მასაც არაფერი ეცვა.

- გამომყევი.

- რა? - მაინც გაყვა, „რაღაც აბანოში დამტოვეს“, ფიქრობდა გზადაგზა, - მე ფრისკე მქვია.

ახლაღა შეამჩნია, შუშის მართკუთხედებს შორის მიდიოდნენ, ზუსტად ისეთების, როგორიც მისი ოთახი იყო. მერე გარეთ გავიდნენ. დაბლა მიწის მაგივრად ქვები ეფინა. ბევრი ხალხი იყო. მთელი ქალაქი ხალხი. ყველა შიშველი. ფრისკე შეჩერდა, ერთი წუთით მოეჩვენა, რომ ყველა მათგანს ერთდროულად შეხედა სახეში.

- სად ვარ?

 

***

ნახევარი წლის შემდეგ ფრისკე ისევ თავის შუშის მართკუთხედში იწვა. უკვე იცოდა, მეგობრებს მისი გაშაყირება არც უფიქრიათ. იმაშიც დარწმუნდა, ეს ყველაფერი არ ესიზმრებოდა. თუმცა, ამის იქით საქმე არ წასულა. ფრისკემ ბოლომდე ისიც კი ვერ გაარკვია, ისევ დედამიწაზე იყო თუ რომელიმე სხვა პლანეტაზე. ერთი პირობა ფიქრობდა, სანამ მეძინა, დროში ხომ არ გადავინაცვლეო, მაგრამ პასუხი ვერც ამაზე მიიღო. აქაურები დროს მტკაველებად ყოფდნენ და ისიც მხოლოდ დღე-ღამის გასაზომად. ცნებები: კვირა, თვე, წელი... აქ არ არსებობდა. არ იცოდნენ წერა, კითხვა, ლაპარაკი. ერთმანეთის აზრების გასაგებად სახის გამომეტყველება სავსებით საკმარისი იყო. ფრისკეს წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან შეიძინა ეს უნარი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინაც კი, როცა ეგონა, ვლაპარაკობო, სინამდვილეში მხოლოდ ფიქრობდა.

მაშინ ამის აღმოჩენამ ფრისკე თითქმის კანკალამდე მიიყვანა. მანამდე იმედი ჰქონდა, რომ ეს შიშველი ხალხი რაღაცას მალავდა და დღეს თუ არა ხვალ მაინც მიაგნებდა პასუხს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ყველას ერთი ცოდნა ჰქონდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, ძველი ტომები ერთი გობიდან რომ ჭამდნენ საჭმელს. ნახევარი „წლის“ შემდეგაც ფრისკემ ერთი ადამიანიც კი ვერ ნახა, რომელიც მის მარტივ კითხვებს უპასუხებდა: „სად ვარ“, „აქ როგორ გავჩნდი“, „ახლა რა ვქნა“.

 

***

ზღვა ხანდახან უზარმაზარ ლოდებს ისროდა. იმ დღესაც ფრისკე ძლიერმა ლაწანმა გააღვიძა. შუშის ოთახების აღმოსავლეთ ნაწილი სავარაუდოდ ნამსხვრევებად იყო ქცეული. წამოდგა და მზეს გახედა. აქ მზე ცამდე არასდროს ადიოდა, მხოლოდ ზღვას უვლიდა გარშემო. ამის გამო ფრისკე მას ვეშაპს ეძახდა ხოლმე.

გარეთ გავიდა. ნამსხვრევები ალბათ ხალხს მოიყოლებდა ქვეშ. დაშავებულები უნდა გამოეთრიათ.  შემდეგ ლოდს ისევ ზღვაში ჩააგდებდნენ. ფსკერამდე ჩაჰქონდათ, საიდანაც წყალი დიდი ხანი ვერ ამოიტანდა ზედაპირზე. მთელი ცხოვრება ამით იყვნენ დაკავებულები, ზღვიდან გამოტყორცნილ ლოდებს უკან აბრუნებდნენ, შემდეგ ის ისევ ისროდა და ასე გაუთავებლად.

-  ერთი და იგივეს რატომ აკეთებთ? - იკითხა ერთხელ ფრისკემ.

- სხვა რა უნდა ვაკეთოთ?

- ათასნაირი საქმე არსებობს. ჩვენ დედამიწაზე...

- დედამიწა რა არის?

ასეთ დროს ფრისკე ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ფიქრი შეეწყვიტა. თუმცა, მისი ფიქრები აქ არავის უკვირდა. არა იმიტომ, რომ ადრეც გაეგონათ მსგავსი, უბრალოდ, აქ გაკვირვებას არ იყვნენ მიჩვეულნი. ყველაფერი იყო, როგორც იყო. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ აქ მოსვლამდე სხვანაირი ცხოვრებაც არსებობდა, ესე იგი, ვიღაც ფიქრობდა, რომ აქ მოსვლამდე სხვანაირი ცხოვრებაც არსებობდა.

ფრისკემ უკვე მესამე დღეს შეამჩნია, აქაურებმა სიცილი და ტირილი არ იცოდნენ, უფრო გვიან შეამჩნია სხვა რამეც - არც კვდებოდნენ.

თუმცა, მეგობრობა შეეძლოთ.

ფრისკეს ამის გასაგებად ექსპერიმენტის ჩატარება მოუწია. ერთ-ერთი ამოარჩია და ფიქრებით მუდმივად ესაუბრებოდა. მალე პასუხიც მიიღო. აქ სახელი არავის ერქვა, მაგრამ ფრისკემ ამ ბიჭს გუნებაში ფლავდია შეარქვა. სწორედ ფლავდია მოვიდა მასთან ღამე გულიდან შუშის დიდი ნაჭრის ამოსაძრობად.

- ზღვამ შენი ოთახისკენ ისროლა ქვა?

- თვითონ ჩავირტყი, თავის მოკვლა მინდოდა.

და აქ ფრისკემ გაიგო, რომ ამ უცნაურ ადგილას საკუთარი სურვილით ვერავინ კვდებოდა. უფრო სწორედ, ამას მანამდეც მიხვდა, როცა  ჭრილობის მიუხედავად მაინც ცოცხალი და ჯანმრთელი იწვა. მხოლოდ სისხლის პატარა გუბე გაუხდა ასაწმენდი.

- ვკვდებით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვადა გაგვივა.

- ანუ სიბერით?

- ეგ რაღას ნიშნავს?

არც ბებრები არ იყვნენ. იმ დღეს ორივემ დიდხანს ილაპარაკა და ფრისკე ბედს შეეგუა. ფლავდიამ ვერ აუხსნა, რამდენი დღე ან წელი გრძელდებოდა აქ ცხოვრება, მაგრამ როგორც არ უნდა გაგრძელებულიყო, ბოლოს მაინც დამთავრდებოდა.

ამის შემდეგ ფრისკეს ისე ძალიან აღარ უჭირდა. დილით სხვებივით დგებოდა სამუშაოდ, შუშის ოთახებს აგებდა და ლოდებისგან თავგატეხილი ადამიანები სამკურნალოდ გადაჰყავდა. დაჭრილები მალევე მოიკეთებდნენ ხოლმე. აქაურებს თვითაღმდგენი ორგანიზმი ჰქონდათ, ამასთან აღდგენილი სხეული ადრინდელზე ბევრად ლამაზი და ჯანმრთელი იყო. იმ ადგილასაც, სადაც ფრისკემ შუშა ჩაირტყა, კანი გაცილებით გლუვი გახდა.

 

***

ლოდს სამი ოთახი მოეყოლებინა. დაჭრილების გამოთრევაში ფრისკეს მოხმარება არ დასჭირვებიათ, უკვე ცალკე იწვნენ. ახლა შუშებს კრეფდნენ გადასაყრელად. მერე ქვა ისევ ზღვაში ჩააგორეს. ტალღამ შადრევანივით ამოხეთქა. ფრისკეს უყვარდა ამის ყურება, თითქმის ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ხის წაქცევა ტყეში. რაც უფრო დიდ ლოდს ჩააგდებდნენ, მით უფრო ლამაზი სანახაობა გამოდიოდა.

სანამ მშენებლობას დაუბრუნდებოდნენ, დაშავებულები სამკურნალო ოთახში გადაიყვანეს. შუშა რომ გაირჭო გულში, მაშინ თავადაც აქ მოუწია მკურნალობამ. დიდი არაფერი სჭირდა, მაგრამ ფლავდიამ მაინც წაიყვანა. მეორე დღეს ვიღაც ქალიც მიუწვინეს გვერდით, ისიც შიშველი. ფრისკე ბოლომდე ვერასდროს შეეგუა ამ სიშიშვლეს. თავისდაუნებურად მიიწია მისკენ. ქალმა თვალები გაახილა და თავი მოატრიალა. ფრისკეს ისევ ის გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ყველას ერთად შეხედა სახეში. აქ ქალი და კაცი არ იცოდნენ.

ერთხელ ფლავდიასაც ჰკითხა, როგორ იბადებითო:

- ჩვეულებრივ, შუშის ოთახში კიდევ ერთი ადამიანი ჩნდება და ეგ არის.

- საიდან ჩნდება? დედამიწიდან?

- დედამიწა რა არის?

- მანამდე რაც არის, ამ ცხოვრებამდე.

- არა, მანამდე არაფერი არ არის.

- ჰო, მაგრამ საიდანღაც ხო მოვედით?

- ეგ ვინ იცის.

- მე ვიცი, ფლავდია, მე დედამიწიდან მოვედი.

- ფლავდია რა არის?

 

***

ამ მიწაზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანი იქნებოდა, თუკი შეიძლება მიწა ერქვას ქვის ნატეხს, რომელიც შუა ზღვაში ამოზრდილიყო. რა ხდებოდა ზღვის იქით, ზუსტად არავინ იცოდა. სხვა მიწა და სხვა ადამიანები აქ არ ენახათ.

- ამის იქით რა არის?

- წყალია.

- იქნებ, სხვაგანაც არის მიწა?

- მერა რა, თუ არის.

ფრისკე დიდი ხანია შეეჩვია, რომ აქაურები ჩვეულებრივი ადამიანებივით არ აზროვნებდნენ, და კაცმა რომ თქვას, არც იყვნენ ადამიანები. არაფერს ჭამდნენ, ანუ არც საკვების მოსაპოვებლად იბრძოდნენ, არც მოსავლის მოსაწევად, არც უამრავი სხვა რამისთვის, რაც დედამიწაზე მთავარი საზრუნავი იყო.

- ვერაფრით გამიგია, რისთვის ცხოვრობთ? - უთხრა ერთხელ ფლავდიას. - საჭმელი არ გაქვთ, სიყვარული არ იცით, შვილები  არ გყავთ,  არაფერს იგონებთ, არაფერს ქმნით.

- რა უნდა გამოვიგონოთ?

- თუნდაც თვითმფრინავი.

- თვითმფრინავი რად გვინდა?

- ფლავდია, მიშველე რამე!

- არ ვიცი, რა გჭირს. გულში შუშა რომ გქონდეს, ამოვიღებდი, მაგრამ არ გაქვს.

- შუშაზე უარესი მაქვს, ფლავდია. ვერ ვიგებ, აქ როგორ მოვხვდი.

- როგორც ყველა ჩვენ-მეთქი, ოთახში გაჩნდი.

- ოთახამდე რა იყო?

- ჩვენ არავინ ვიცით, ოთახამდე რა იყო.

- მე მახსოვს, დედამიწა იყო. იქ 40 წლამდე ვცხოვრობდი, სამსახური მქონდა, მეგობრები მყავდა, ცოლი და ბავშვი. ბიჭი.

-  და დედამიწაზე როგორ მოხვდი?

- დავიბადე, დედამიწაზე ყველა იბადება.

- მანამდე სად იყავი?

- მანამდე არ ვიყავი.

- ეგ როგორ?

- აი, ასე, არ ვიყავი და მერე დედამიწაზე დავიბადე. ჩვენთან ყველა ეგრე იბადება.

- მანამდე რა არის, არ გახსოვთ?

- არა, არ გვახსოვს. ვერ გაიგე, ჰო?

- პირიქით, ეგ ზუსტადაც კარგად გავიგე.

 

***

უკვე ათი „წელი“ იყო გასული, ფრისკემ პირველი მიცვალებული რომ ნახა. დილით ერთ-ერთი ოთახის მკვიდრი იატაკიდან აღარ ამდგარა. გარეთ გამოიტანეს და ზღვაში ჩაუშვეს. გარეგნულად სხვებივით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. „ნეტავ რამდენი წლის იყო“,  - გაიფიქრა ფრისკემ, იმ ხალხს მიყვებოდა უკან, მიცვალებული რომ წაასვენა.

- მისი სული სად წავა? - იკითხა.

- ვინ იცის?! იქიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა.

კარგა დაღამებული იყო, ფლავდიამ ზღვის ნაპირას რომ იპოვა.

- შენს ოთახში ვიყავი და ვერ გნახე.

- დღეს ერთი კაცი გარდაიცვალა.

- ეგ ხომ დილითვე ჩაუშვეს ზღვაში.

- კი.

- ისევ ის დაგემართა, ჰო, რას ეძახი ხოლმე - დარდი.

- ვდარდობ? უფრო ვფიქრობ. რად გინდა ამხელა ზღვა, თუ ნაპირზე არ ჩამოჯექი და არ იფიქრე.

- რას ფიქრობ?

- აქ როგორ გავჩნდი, ფლავდია? რას ვაკეთებ? სულ აქ ვიქნები? რომ არ ვიქნები, სად ვიქნები?...

- მაგას ვინ გეტყვის...

                                                                                                                                   

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE