ყვითელი ნიშნით აღბეჭდილნი


ყვითელი ნიშნით აღბეჭდილნი




 

1.

 

ყვითელი ნიშნით საყოველთაო აღბეჭვდის პერიოდში ერთ საშუალო მონაცემების წყალწყვის გემზე ვმუშაობდი. სავაჭრო ხომალდი იყო. სამხრეთ საბერძნეთში მანგანუმს ვეზიდებოდით ქაღალდის ტომრებით. ზედიზედ რამდენიმე რეისი შევასრულეთ. იქიდან ხატები, საეკლესიო ნახშირი და საკმეველი გადაგვქონდა სერბეთში. საქმეები საუცხოოდ მიგვდიოდა და ამინდიც გვწყალობდა. ერთ დღესაც ჯანღი ჩამოწვა. მფრინავმა თევზებმა სულსწრაფად ჩაგვიქროლეს და თოლიებმა ჭყავილით გადაგვიფრინეს თავზე. გახევებული შევჩერებოდით ცვლილებების ნიშანს, თითქოს განსაცდელი შესაფერის მომენტს ეძებსო. გზაში კაპიტანი შეუძლოდ გახდა, რაღაც უცნობი ციებ-ცხელება შეყროდა. უკან გამობრუნებას ვაპირებდით, როცა შეგვატყობინეს, სასწრაფოდ ვენეციისკენ აგვეღო გეზი. იქ ერთი მსხვილი ვაჭარი გველოდა. პორტში ბოლთას სცემდა და წადაუწუმ დასცქეროდა ჯიბის საათს ოქროსფერი ზონრით. მარცხენა ხელი ქვაბურა ქუდისთვის ჩაევლო, ალბათ ქარს რომ არ წარეტაცა, მარჯვენით საკვოიაჟი ეკავა. ქურთუკის დიდრონი ღილები ლამის ჟღარუნობდა. შარფი იმდენჯერ შემოეხვია, ფრეგატებს რომ მიაბამენ ხოლმე ბჯენზე. ერთი შეხედვით კეთილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ბავშვებს შაქარყინულით რომ უმასპინძლდებიან, მაგრამ მსგავსი ინდივიდუმი ბუნებაში მეორე არ იარსებებდა. ესეც ალბათ დედისერთა იყო.

  - მენეჯერი დამიძახეთ! - მოგვმართა მან.

  საბუქსირო კატარღა გემს ნელ-ნელა სცილდებოდა და უკან აქაფებულ კვალს ტოვებდა. კუნძულთან მიახლოებისას, სადაც მენეჯერი გამდიდრებას აპირებდა, მომცრო  მეჩეჩები ამოჩრილიყო, თითქოს ქაღალდის ფულით დასაჩუქრებამდე ჯერ გროშებს აჩეჩებდნენ ხელში. მენეჯერი რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრობდა, თუმცა ჩვენი თანამემამულე იყო. ასე დავასკვენი. აბა, რაში დაჭირდებოდა ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარე პატარა ქვეყნის სალაპარაკო ენა, თუკი მის წიაღში არ იშვა? იგი პრაქტიკული კაცი ჩანდა, ზერელედ არაფერს შეისწავლიდა. მოუსვენრად ბორგავდა, რადგან ნებისმიერ თემას წვრილმანებამდე უკირკიტებდა, სანამ ამოწურულად არ მიიჩნევდა.

  მენეჯერმა ნაპირზე რატომღაც მე გამიყოლა თანმხლებ პირად. დანარჩენებს უბრძანა, გემიდან ფეხი არ მოეცვალათ. შესაძლოა, მალევე დავბრუნდეთ და მზადყოფნაში დამხვდითო. მეზღვაურებს სახეზე მომწყვდეულ ბუზთა გატანჯული მზერა აღებეჭდათ, სარკმლის მინას რომ ვერ სცილდებიან, გარე სამყაროს მშვენივრად აღიქვამენ, მაგრამ შიგნით შეღწევა არ ძალუძთ და აბეზარი ბზუილის მეტი არაფერი დარჩენიათ.    

   ერთ საათში გაკრიალებულ ტანისამოსში გამოწყობილი მენეჯერი ქვაფენილზე ისე მძიმედ მიბაკუნობდა, იფიქრებდი, მარილის ტომრებს ეზიდებაო. მახინჯი პირისახე ჩაფხუტით რომ დაეფარა, უფრო სიმპათიური იქნებოდა. ნავმისადგომთან ჟღალწვერიან გონდოლიერს გაესაუბრა, სახეზე ჭორფლი რომ ეყარა და მწვანე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ვეება ნიჩაბს დაყრდნობილი, ძველ ვიკინგს ჰგავდა. ფასზე შეთანხმდნენ და გონდოლაში ჩავსხედით. ყრუ დგაფუნში სრუტე დაიწრიტა და ჩვენ კონსერვატორიის შენობას მივადექით. ეს სან-მარკოსგან არც ისე შორს იყო. გრილ ვესტიბიულში შესვლისას შეგვაჟრჟოლა. სანამ დარბაზს მივადგებოდით, საქმეთა მწარმოებლის კაბინეტში გვიხმეს. შესასვლელთან ერთადერთი საკიდი იმ სიმაღლეზე მიეჭედათ, პალტოს ვერ მიაწვდენდი, შლაპა კი უნდა აგესროლა. მასპინძელმა გულცივი მზერა მოგვაპყრო. ლაპარაკის დაწყებას აყოვნებდა. მერე თანამშრომელს უხმო, რომელიც დარბაზში შეგვიძღვა. იქ უამრავი პიანინო იდგა სპილოს ძვლისა და გიშრისფერი კლავიშებით, თითქოს ოსტატის მოლოდინში გარინდებულებს, ერთი სული ჰქონდათ, სივრცე ღვთაებრივი ჰანგებით შეეძრათ. სხვა ინსტრუმენტებიც ბლომად ელაგა - საყვირები, კლარნეტები, საქსაფონები. სანამ შესყიდვის საბუთებს აწესრიგებდნენ, საკრავებს დაზაფრული შევყურებდი. მენეჯერი, რომელსაც პიანინოების შემსყიდველი შევარქვი, წამდაუწუმ თავს იმართლებდა: - ძუნწი კი არ გახლავართ, თანხები ყველაფერს უნდა გავაწვდინო. აღმოსავლეთში სიღარიბე სუფევს, მუსიკალური საკრავების შეძენითაც დიდად არ იწუხებენ თავს. ორღანების შესყიდვაზე საერთოდ უარი უნდა გითხრათ, ჩვენთან არ გასაღდება, კათოლიკური წირვები უმნიშვნელო რაოდენობის ტაძრებში თუ ტარდება! - თუმცა ამ ლაპარაკს შედეგი არ გამოჰქონდა. ყვითელი ნიშნით რომ ყოფილიყავით აღბეჭდილი, ფასი გაგინახევრდებოდათო, აუხსნა საქმის მწარმოებელმა. მენეჯერმა ყურები ცქვიტა. - მაგას როგორ მოვახერხებ? - ჩაეძია დაჟინებით. მოედანზე, მუზეუმის გვერდით, მხატვარი ჯუზეპე იკითხე. ახლავე გავწევო, თქვა მენეჯერმა და დეზების წკარუნით გაეშურა. შესამოსელის კიდეებით გაუფერულებულ მტვერს მიხვეტავდა, თანაც ისე იშმუშნებოდა, თითქოს ჯიბიდან ოქროს მონეტები სცვიოდა. მეც მივდევდი ქვაფენილით მოკირწყლულ ვიწრო ტროტუარზე. მხატვარი მალე მოვნახეთ. ძველმოდური პიჯაკი ტანზე ბუნებრივად ადგა. მოედნის მერხზე ჩამოგვსხა და გამოგველაპარაკა. ჩვენ წინ დახრილი კოშკი ჩანდა, მარცხნივ კი კონსერვატორია, საიდანაც ეს-ეს იყო გამოვედით.

- კანონს ხომ არ ვარღვევთ? - ჰკითხა მენეჯერმა.

- ალბათ ჰო, მაგრამ მომჩივანი არავინ გვეყოლება! - დაამშვიდა მხატვარმა.

   ჯუზეპე სვირინგის მოხატვას შეუდგა. იგი ისე საგულდაგულოდ საქმიანობდა, წვრილმანებში ქექვის დიდოსტატი იქნებოდა. გამოსახულება ყვითელ ფონზე კვადრატში ჩახაზულ წრეს წარმოადგენდა. ყოველი დეტალის გამოსახვა ძალისხმევას საჭიროებს! - იძახდა დროდადრო - აი, როგორც ფერად ილუსტრაციებშია. ამ კოლბასავით ვიწრო ჭურჭელში იდუმალი საღებავია მოთავსებული, ავღანეთში შევიძინე!

  მოულოდნელად წვიმა წამოვიდა - ჯაგრისების გარეშე ვიტრინების მრეცხავი, სველ ქვაფენილზე ჭიქების ჭახუნივით რომ გაისმოდა დიდრონი წვეთების დაცემის ხმა, თითქოს ქალაქს ჩაძირვას უპირებსო. მაგრამ მხატვარი თავის საქმეს უშფოთველად განაგრძობდა. მხოლოდ ქოლგა გაშალა, ისიც მენეჯერისთვის. წვიმამ რომ გადაიღო, ტკაცუნით დაკეცა და მაგიდასთან ააყუდა. მას მთელი ეს დრო კოპები შეკრული ჰქონდა და შუბლი შეჭმუხნული. უხასიათო ვინმე ჩანდა. უმნიშვნელო რამეც რომ გეკითხა, ბურტყუნით გიპასუხებდა, ხატვას როცა მორჩა, პიანინოების შემსყიდველი პირქვე დაემხო, თითქოს გულს აზიდებსო.  მენეჯერი ამჩატდა. უარი უნდა ეთქვა.  ნაჯღაბნით აჭრელებული ხელი ნეტავ სად უნდა გამოეჩინა?

  - შენც ხომ არ გსურს?- მომიბრუნდა მე, როგორც კი სული მოითქვა.

  - შორიახლოს მოციქულის წმინდა ნაწილები მეგულება. მიჯობს ის მოვიხილო!

  - მეძინება! - თქვა მენეჯერმა.

  - მესმის, გადაიღალეთ! - თქვა ჯუზეპემ და სასტუმროსკენ მიუთითა - შედარებით იაფი ნომრები აქვთ!

  როცა მენეჯერი დავაბინავეთ, ჯუზეპე მომიბრუნდა: - დილისთვის მოაკითხე!

 

2.

 

   დრო თავზესაყრელად მქონდა და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. ვენეციის მგზნებარე რელიეფები ერთმანეთს ცვლიდნენ, თითქოს სივრცეში ხელოვნების უზადო ნიმუშები გადაადგილდებიანო. კაშკაშა სხივებით მოოქროვილი მტვერი შენობებს თავზე დაჰფარფატებდა, ვიწრო და საიდუმლო ქუჩები კი მეტ ბუნდოვნებას ჰმატებდა. სიცოცხლე დღესასწაულობდა ყოველგვარი ბუზღუნის, ყოყმანის და დაყოვნების გარეშე. საყვირების მჭექარე ხმას თოლიების ჭყავილიც უერთდებოდა, თითქოს საშემსრულებლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი ყოფილიყოს. ფრაკებში გამოწყობილი ორკესტრის წევრები და ქათქათა ფრინველები ერთნაირად იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ამ პროცესში ოდნავ მღელვარე ზღვაც იყო ჩართული, მარმარილოს კიბეებზე მარგალიტის ქაფს რომ აფრქვევდა ჭოჭმანით და სევდიანი ხმაურით.

  მაცხოვრებლებიც ისეთი უპრეტენზიოები იყვნენ, საკუთარი მიჯნები ჰყოფნიდათ.  ჩუქურთმებით მოვარაყებული ანჯამები ისეთ უზადო შთაბეჭდილებას ახდენდა, ვერც კი შეამჩნევდი სკორეთი მოთხვრილ მინას. ვენეცია უნატიფეს ქალაქს წარმოადგენდა, კრისტალივით ბრჭყვიალას და მრავალწახნაგოვანს, რომლის სისადავე გამჭვირვალე ფორმებით იყო განპირობებული - ქალაქს, რომელსაც მეტაფიზიკურ ამბებს მიაწერდნენ. ვენეცია - ზეიმის ზღურბლი და დღესასწაულების დედაქალაქი - განძეულით აღსავსე თავღია სკივრს წააგავდა.

  ყოველი სარკმელი პაწაწინა არხს გადაჰყურებდა. გასახარი ამბები მრავლად ხდებოდა. ბარში წაბლისფერთმიან ლამაზმანს გაწეწილი თმებით ქარი შემოჰქონდა. ეშხიანს, გამოწკეპილს და თავშესაფრის მაძიებელს სათუთ ფრჩხილებზე მანიკიურიც მანიაკური ესვა - ჩაქცეული სისხლის ფერი. ვიწრო კაბა ვარდისფერი მაქმანებით მოქნილ ტანზე მჭიდროდ ეკვროდა და მდუმარედ გაჰყურებდა ზღურბლს. დაჟინებული შეთავაზება თავზე მოხვევას დაემგვანებოდა. ჩარჩოებში ზისო, გაჭორეს უკმეხად მისი უზადო სილამაზის დასაკნინებლად. განა ჩარჩოები იმისთვის არ არის, მშვენიერება უსახური მასისგან რომ გამოჰყო. ისეთს განა რას აშავებდა, თუკი უქმე დღეები ედგა და თავგაბეზრებამდე მისცემოდა განცხრომას. მრუშობა მისი მუშაობაა. მსგავს ლამაზმანს აღმოსავლეთში უსათუოდ მიუვალ კოშკში გამოკეტავდნენ, ხოლო მისი გარეგნობით მხოლოდ აჩრდილები დატკბებოდნენ.

  მაგიდას დავეჯაჯგურე, ჩემკენ მოვწევ-მეთქი. შამპანური დაიღვარა, წაქცეული ფუჟერი კი მომცრო ნამსხვრევებად მიმოიფანტა იატაკზე, მაგრამ ბარმენს აინუნშიც არ ჩაუგდია. გრაფინით წყალი მომიტანა, ნუ იდარდებო. თავი მაინც უხერხულად ვიგრძენი და გარეთ გამოვედი. მომრგვალებული ხიდიდან მოაჯირზე დაყრდნობილი ფაქიზ ჭავლებს დავაცქეროდი. ზურგს უკან კარის გაჯახუნების ხმა შემომესმა, კატა თუ გამოაგდეს გარეთ. მისმა ამაყმა სილუეტმა ზმორებით ჩაიარა მოედნის მიმართულებით, შეურაცხყოფას არ იმჩნევდა. ბასრი ბრჭყალებით და აპრეხილი კუდით უცნაურ კაპრიზს გამოხატავდა - ბრიყვებმა ვერ შემიშნოვესო. ჩრდილები ისედაც უხვად იყვნენ ამ ქალაქში საუკეთესო მუსიკის თანხლებით ამტორღიალებლები - იგრიხებოდნენ და სწორდებოდნენ, გრძელდებოდნენ და პატარავდებოდნენ, ხან კედლებს ეკვროდნენ, ხან სპილენძის ავზს ემსგავსებოდნენ, ხან გონდოლის ფორმას იღებდნენ, ხანაც თავად გონდოლიერის. ერთი სიტყვით, დიდ ამბავში იყვნენ. მერე ულამაზეს წყვილს შევეჩეხე, სულმოუთქმელად მეცნენ,  სასტუმრო ვენეცია სად მდებარეობსო.

  -ვენეცია ნამდვილად აქ არის, სასტუმროსას კი ვერაფერს მოგახსენებთ!

  მე ხომ ამ ქალაქის არაფერი ვიცოდი. ეს, ხანგრძლივი ხრიოკის გავლით, ოაზისში ხეტებას ჰგავდა. მიყრუებული შენობებიც საგულდაგულოდ მოევარაყებინათ. კაზინოების ვიწრო უბანში ხელმოცარულ ხალხს გადავაწყდი. ჩრდილში ატუზულ სილუეტებს სახურავზე მოკალათებული კატები თავზე დასჩხაოდნენ, თითქოს ფსონებს კარნახობენო. ხმადაბალი გნიასი ავ ზმანებად ქცეულიყო, შიშის და ელდის შეგრძნებებად, ნანგრევებად ქცევას  რომ უძღვის. დილეგის ტუსაღებივით ღარიბები ჩანდნენ, სიცოცხლეს მომჭირნეობით რომ იხანგძლივებენ, მაგრამ დიდ ფულზე მაინც თამაშობდნენ ბედნიერების ჩრდილებიდან გამოსახმობად. ასეთ ჭრელ საზოგადოებას, ერთად თავმოყრილს, კაზინოებში თუ წააწყდებოდი, ანდა ციხის კამერებში. შინისკენ უხალისოდ მიემართებოდნენ, თითქოს გეზი ჯანდაბისკენ ჰქონოდათ.

  ცივი და კაშკაშა ვარსკვლავები ისე შემოჯარვოდა მთვარეს, როგორც კოცონს ცეცხლის ნაპერწკლები. მთელი ეს ამალა ლამპიონთა თანხლებით, ცა რომ ლამის თავზე დაიმხეს, ორჭოფით ხვდებოდა მზის ამოსვლას. ერთბაშად ჩაქრნენ და მხიარული მეჯლისის ნაკვალევიც არაქათგამოცლილი მოხუცივით ღრმა ძილს მიეცა, რადგანაც დღისით ისე ცხოვრობდა, თითქოს სასტიკ სასჯელს იხდისო.

  უთავბოლო ხეტიალის დასასრულს მტრედისფერი განთიადი ტბორის გედივით შემოცურდა ქალაქში და მთელი სივრცე რძისფრად შეღება. მზის ამოსვლა მრავალ გაურკვევლობას მოუღებდა ბოლოს. გათენება ვენეციაში ლამაზი ბანოვანის სტუმრობას ჰგავდა ცელქი ბავშვების საძინებელ ოთახში. შესქელებული მორევის ტლანქი ლიცლიცი წვდომის სურვილს ამძაფრებდა. თითქოს შეხედულებებიც განიცდიდნენ ცვლილებებს, განცდების განუყოფელობა იმდენად თვალშისაცემი იყო. ფილოსოფოსობის ხასიათზე დავდექი. ამ ქალაქში მოხვედრამდე სხვაგვარად ვფიქრობდი. ჩემი ცხოვრება კინოთეატრში რომ მენახა, იმდენად მდორე და გაწელილ ფილმად მომეჩვენებოდა, სეანსის დამთავრებამდე გამოვიდოდი დარბაზიდან. ცხადია, თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ.

   დიდებული გუმბათების ქვეშ მოხუცი ბერი სკვნილზე გამოზოგვით ლოცულობდა. სპილენძის ჯვარი ელექტრონის ნაპერწკალივით იელვებდა ხოლმე დროდადრო. დილა იყო და უკაცრიელი ქუჩები მალე ხმაურით აივსებოდა. მხოლოდ მიყრუებული ჩიხები თუ შეინარჩუნებდა მყუდროებას. ვეება ვიტრინებს გაცრეცილი ფარდები ფარავდა ჩამოძენძილი ბოლოებით. შავი ურნების გასწვრივ ძველი მილი ნიაღვარს ვეღარ აკავებდა და ვერც სინოტივით გაჯერებული ბელტები იწოვდა ამდენ სითხეს. თითქოს აქაურობა მალე მდინარის ფსკერს უნდა დამსგავსებოდა. უცნობი ქალი სარეცხს საგულდაგულოდ რეცხავდა ვეება საპნით. ნარეცხი წყალი ჭაში იღვრებოდა, ყველა სიბინძურეს რომ შეიწოვდა და ფსკერისკენ მიაქანებდა და ვენეციის ყურეც მდუმარედ განაგრძობდა ბინძური წყლების ზიდვას. ქალი კი უშფოთველად კრეფდა წვრილი თოკებიდან შედარებით მშრალ სარეცხს, გამჭვირვალე სათლში ათავსებდა, სარეცხის სარჭებს კი ცალკე ყუთში ყრიდა. სათლიც და სარჭებიც გონდოლის ფორმის იყო.

  ნატიფი შენობები სამ სართულს არ აღემატებოდა. უმეტესობა კი ბელეტაჟით შემოიფარგლებოდა. მომცრო მოედნები კვადრატებში გამოსახულ წრეებს ჰგავდა, დაახლოებით ისეთს, ჯუზეპემ რომ დახატა, ოღონდ ყვითელი ფონის გარეშე. ლამბაქის ფორმის შადრევნები ქვაფენილსაც ესხმებოდა, რადგან ნიავი შხეფებს მიმართულებას უცვლიდა. თეთრი ბანერები წყლით დამძიმებული თეთრეულივით ეკიდა. ზოგიერთი კუნძული მინდვრის კორომს ჰგავდა. მეფურ გონდოლაში მოხუცი ჩინელი იჯდა ურიცხვი ჯალაბით. ხუჭუჭა გონდოლიერი საუცხოოდ უმღეროდა ცნობილ არიას, მას კი თვალები უნდობლად მოეწკურა. უცნობმა ცოლ-ქმარმა ნაპირზე ატეხა ტაშისცემა ,,ბრავოს'' შეძახილებით.

  უსიამოვნო შეგრძნებები სადღაც გამიქრა. არც უძილობა მაწუხებდა. მე ვივსებოდი ამ ქალაქით, სადაც მხოლოდ გონდოლიერებს, მხატვრებს, ხელნაკეთი ნივთების გამყიდველებს და ნატიფი შუშის ჩამომსხმელებს უნდა ეცხოვრათ. ეს მათი ზეიმი იყო. ფერხთით მზის შუქის ფარდაგები ისე ეფინა, როგორც ოქროს თევზის ფარფლები. ზედ პოეტებს უნდა ესეირნათ მეტაფორების გამოსაჭედად. გარემო თავად გაიძულებდა, ნაფიქრი ხატოვნად გადმოგეცა. იგი უბრალო კაცს პოეტად აქცევდა, პოეტს კი მგოსნად. აშკარად გრძნობდი ვენეციის განუმეორებლობას, რომელსაც ბიზანტიის კვალი ისე ეტყობოდა, როგორც აღმოსავლეთის ნათელი აღზევება. როცა ამ დიდებული სანახაობით გული ვიჯერე, მენეჯერს მივაკითხე სასტუმროში.

  - თავბრუ მესხმის! - შემეგება წუწუნით – აქაოდა, უცხოელ ვაჭარს საპატიოდ დავხვდეთო, ნომერში ფერადი ბუშტები გამოფინეს. ჩამოშვებული ზონრებით ჭერს ებჯინებოდნენ. ყოველ თხუთმეტ წუთში ხან ერთი გასკდებოდა, ხანაც რამოდენიმე ერთად. რეზინის ნაფლეთებით ვარ მოფენილი. ომი მესიზმრა!

  ოთახის სარკმლიდან ყურე მოჩანდა. წამოჟინჟღლა და წყალსატევის ჭავლებად ალიცლიცებული ზედაპირი წვრილი წვიმის მაუწყებლად იქცა. სარკმლიდან ხმა გაისმოდა - მონოტონური და მომაბეზრებელი. მერე ნისლი ჩამოწვა. მუდმივი ხალხმრავლობა გაუმჭვირმა ბურუსმა დანთქა. ნისლის სქელი ბოლქვები მოსასხამებში გამოხვეულ სილუეტებს ჰგავდნენ, ფერუმარილით დადღაბნილებს, პირფერებივით რომ ეხვივნენ ქალაქს.

  ჯუზეპე მოედნის მერხზე გველოდა. იგი კონსერვატორიაში გამოგვყვა და მერე გვერდიდან აღარ მოგვცილებია. ფურცლების ქექვაში კარგა დრომ განვლო. კატარღაზეც იზრუნეს, ეს ყველაფერი გემზე რომ გადაეზიდათ. მსურდა მათი ლაპარაკის არსს ჩავწვდომოდი. სანამ ზღურბლზე იდგნენ, შემოსასვლელს ნათელი ეფინა. მერე კარი გაიხურეს რაღაც მნიშვნელოვანზე სასაუბროდ, საიდანაც მუსიკალური საკრავების დამკვეთი შმუშვნით და შენიშვნებით გამოვიდა, მეტს ვეღარ მოვიცდითო. გემზე რომ დავბრუნდით, გადაზიდვის მეთვალყურეობა მე დამავალა. დიდხანს გავყურებდი, როგორ მოჰქონდა კატარღას პიანინოები ჩვენკენ. როგორ მოარღვევდნენ მტრედისფერ სივრცეს მომცრო საკრავებით დატვირთული გონდოლები, ფურგონების მაგივრობას რომ წევდნენ. პრიალა ტენტები ცის სითეთრეს ირეკლავდა და ტკაცუნა სანთებელებივით გაიელვებდა ხოლმე დროდადრო. საუცხოო სანახაობა იყო ვენეციის ყურე, გონდოლებით გადავსებული. უცნაურ ფლოტილიას მსოფლიოს ულამაზესი ქალაქიდან ისე გამოჰქონდათ მუსიკის უზარმაზარი წყარო, ერთი ბგერაც არ მოჰკლებია მას. ვენეცია ისეთი ლამაზი იყო, სამშობლოში დაბრუნებას გადაგაფიქრებინებდა. სანამ გემი იტვირთებოდა, მოსაღამოვდა. ლამპიონები რკალად აენთნენ. შუქურების მწკრივი მოედნის შთაბეჭდილებას ქმნიდა. მბჟუტავი შუქი წყალივით მოწანწკარებდა. მთელ არემარეს ერთი შტრიხიც არ აჩნდა მხიარულების გარეშე. გული გვწყდებოდა, მაგრამ ესოდენ დიდ  სილამაზეს ფუჭად ვეპოტინებოდით. ვტოვებდით ვენეციას, როგორც ზღვით გარშემორტყმულ სიმღერას, დარჩენილ ცხოვრებას შორს გადახვეწილნი გავატარებდით. მე შემიყვარდა ეს ქალაქი, როგორც მიუწვდომელი ბანოვანი. გული მიგრძნობდა, ამ სიხარულს შემდგომი დღეები მაზღვევინებდა მძიმე გამოვლენებით და განშორების სევდით. აღმოსავლეთის მოყავისფრო ცაც უიმედოდ განმაწყობდა.

 

3.

 

  მენეჯერმა ჯუზეპე, რომელმაც ბროშურების ვრცელი შეკვრები მოზიდა, ყველას გააცნო. როგორც ჩანს, კაპიტანსაც წარუდგინა. იყო რაღაც უცხო და არაკეთილსინდისიერი მის გამოხედვაში, თავისი სიმართლის გულუბრყვილოდ რომ სჯერათ, უმიზეზოდ ამითვალწუნესო. მენეჯერი შეეკითხა, წამოსასვლელად მზად თუ ხარო: - ჰო! ეს ხომ მოციქულობის დარი ღვაწლია! - უპასუხა ჯუზეპემ, თვალებანთებულმა. ამბოხება კი, ეტყობა, თავიდანვე გადაწყვიტეს. კაპიტანი შეუძლოდ რომ შეიქნა, დიდად არც განუცდიათ. თუმცა ოთახში გადაიყვანეს მოჩვენებითი მოწიწებით, მაგრამ შემდეგ აღარ მიუკითხავთ. მაშინ განაცხადეს, ყვითელი ნიშნით რომ იყვნენ აღბეჭდილნი. აქამდე ვერავინ შეამჩნია, თუმცა დიდ მნიშვნელობას არც მიანიჭებდნენ. ამ ამბავმა, ადრე მენეჯერის უბრალო ახირება რომ მეგონა, სხვა რეზონანსი მიიღო. ეჭვი განმიმტკიცდა, რომ კაპიტანი მოწამლეს. მესაჭემ დაინახა, ჯუზეპე როგორ გაუმასპინძლდა რომით და საუცხოო პიცით. ბოლოს ყველანი გამოკეთებას ვატყობდით. თუმცა მესაჭემ ეს მოგვიანებით მითხრა, ვენეციის წყლებს კარგა მანძილით რომ გამოვცდით. კურსი სამხრეთ-აღმოსავლეთით გვეჭირა.

  პირველად მაშინ განაცხადეს, მალე უმეტესობაში ვიქნებითო. წინამძღოლად მენეჯერი დაასახელეს, მან კი განგვიცხადა, ყვითელი ნიშნით აღბეჭდვა ყველას შეგიძლიათო. პირიქით, მოხარულნი ვიქნებითო, ჯუზეპე კაპიტანმაც გაიცნო და მოხარული გახდა გემზე მისი სტუმრობისო. მერე ჯუზეპე წარსდგა და შთამბეჭდავად იქადაგა, თან წამდაუწუმ ხელისგულს დაჰყურებდა. 

  - ოღონდ ამ ცეცხლოვან თვალებს ვუმზირო, ცეცხლში ჩავარდნად ღირს! თვითონ ბუნება გვკარნახობს ამას. მზე და მთვარე თვალს არ გვაცილებს. არ ღირს სხვა რამის გამოგონება. რაც გახუნებას იწყებს, მივიწყებას მიეცემა! - ორმა მათგანმა მაშინვე გამოთქვა სურვილი. მხატვარი თავის ხელობას შეუდგა. იგი საქმეს არ იზარებდა. თითქოს თითოეული სულისთვის ჯილდო მოელოდა. იგი ტანმორჩილი კაცი გახლდათ, ყოველ სიტყვას რომ წონიდა და დიდ გამჭრიახობას იჩენდა. თან ქადაგებდა და ამდენმა ჩიჩინმა შედეგი გამოიღო. ბოთლში ჩასხმული ყვითელი სითხე მზეზე მაცდუნებლად ლაპლაპებდა. სხვა მსურველებიც გამოჩნდნენ, ჩვენ კი სულ უფრო ცოტანი ვრჩებოდით. ყველაზე წლოვანი კაპიტანი იყო, ზღვაზე ხანგრძლივმა ხეტებამ თვალები რომ ამოუღამა, უფრო სწორად, ამოუთეთრა, რადგან თვალისმომჭრელი სხივების მეტს დიდხანს ვერაფერს ხედავდა. ყვითელი ნიშნით აღბეჭდილნი ყველაზე მეტად მას დასტრიალებდნენ, თავიანთ რიგებში რომ ეხილათ, მაგრამ იგი ჯიუტად დუმდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ასე დიდხანს ვერ გასტანდა. მესაჭემ განაცხადა, თავს უნდა ვუშველოთო. თუ დავიბეჭდებით, დიდ საშინელებას დავიტეხთ თავსო. როცა ნათქვამი დაჟინებით გაიმეორა, კაპიტანმა მკაცრი მზერა მიაპყრო. ორნი რომ დავრჩით, მაშინღა ამოღერღა ორიოდ სიტყვა, აღბეჭდვა თავისუფლების დაკარგვას მოასწავებს, მაგრამ ზღვის გადალახვა თუ გსურს, გემი არ მიატოვოო. კაპიტანი უბრალო ადამიანი გახლდათ. დიდი ხანია ვიცნობდი. მეზღვაურული მაისური და დაბებკილი ქურთუკი ემოსა. ლაპარაკი მიკიბულ-მოკიბული იცოდა, მაგრამ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ისე საინტერესოდ აღწერდა, ხშირად ზლუქუნით უსმენდნენ. მისი მონაყოლი გულთან მიჰქონდათ და გარს ქონდრისკაცებივით ეხვივნენ.

  ყვითელი ნიშნით აღბეჭდილებმა რადიომიმღებს მეთვალყურე მიუჩინეს. კონტინენტურ ამბებს იქიდან ეცნობოდნენ. სიტყვები რომ გაეგონათ, ყველანი უნდა გაჩუმებულიყვნენ. ჩვენც გაგვაგონეთო. მათი მთავარი საფიქრალი პოლიტიკური მდგომარეობა იყო. ომი რომ გამოეცხადებინათ, რიხით იტყოდნენ, ჯანდაბას, იყოს ომი!  ცვლილებების სულით შეპყრობილებს ტრიუმიდან ღვინო ამოჰქონდათ და დიდებულ სადღეგრძელოებს იძახდნენ.

  საღამოს გემბანზე მესაჭეს გადავაწყდი. მოღუშული იდგა და ხელებს იფშვნეტდა, მერე ნჯღრევა დამიწყო:

  - სამაშველო ნავის თოკები ოთხივე მხარეს გადავჭერი. წკიპზეა. საკმარისია ჩავსხდეთ, წყალში მოვადენთ ზღართანს!

  - ხმას გაიგონებენ! - ვიუარე მე.

  - შუაღამისას? - თქვა მან, თითქოს ყოველ წვრილმანზე ეფიქროს.

  - კაპიტანი მივატოვოთ?

  მესაჭემ ხელი ჩაიქნია და თვალებზე ცრემლი მოადგა. უკიდურესობების ადამიანი იყო. თუ ტიროდა, ღაპაღუპით.

  - ორმოცდამეათე გრადუსი სამშობლოს გვაახლოებს! -   თქვა რატომღაც და ზურგი შემაქცია.

  წასვლა გადაიფიქრა, გავიფიქრე მე. მომავალი კარგს არაფერს გვიქადდა. კაპიტნის ოთახში ძირს გრძელი ხალიჩები ეფინა, კედელზე - სპარსული ფარდაგი, უდაბნოს ოაზისისა და აქლემების ქარავნის გამოსახულებით. საფერფლე ხომალდის ფორმის იყო. ერთადერთი ნახატი, ზეთის საღებავებით შესრულებული, ზღვის პეიზაჟს წარმოადგენდა. მთვარის შუქი დროდადრო ქსოვილივით ეფინებოდა კაპიტნის უსიცოცხლო სახეს. შუბლი შევუმშრალე და მაჯაზე ვწვდი პულსის შესამოწმებლად. ოთახს ერთ მხარეს კედელი შეთეთრებული ჰქონდა და გაფითრებულ სახეს ეს ფონი კიდევ უფრო თეთრს ხდიდა.

   ოთახში საათი წიკწიკებდა, გეგონება, ონკანი წვეთავსო. თითქოს დროს ხილულად ვხედავდი. დრო, ეს ბებერი ხეიბარი, დააბიჯებდა ერთი მოკლე და ერთი გრძელი ფეხით, წვრილ ყავარჯენზე დაყრდნობილი, წამებს რომ აღნიშნავს. მუდამდღე ერთ წრეზე გადაადგილდებოდა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავდა. რამდენი წრე უნდა დაერტყა, სანამ სამშობლომდე მივაღწევდით.

  შეღამებისას ყვირილი გავიგონე. მესაჭე გაქცეულა. ეს ჩვენ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა. ყვითელი ნიშნით აღბეჭდილებმა გემი დრეიფზე დააყენეს და ფანრები მიუშვირეს ზღვის ზედაპირს. შუქი შორს ვერ წვდებოდა და ხელმოსაჭიდსაც ვერაფერს ხედავდნენ. მათი შეძახილები ზღვის წიაღში იკარგებოდა. შემდეგ მენეჯერთან გაემართნენ მოსათათბირებლად. მე რომ ჩამიარეს, ერთმა მათგანმა კბილებში გამოცრა, ასე დიდხანს არ გასტანსო. მომხდარი მინიშნებად მივიჩნიე, კაპიტნის შეგონების სისწორეში რომ მარწმუნებდა. დილით მეჩეჩს მივადექით, სადაც ნიჩბების ნალეწი და ამობრუნებული ნავის დახეთქილი ფსკერი მოჩანდა. კაცის ჭაჭანება არ იყო. მენეჯერმა ნიშნის მოგებით წამჩურჩულა, ხედავ, უზენაესი ჩვენ მხარეს არისო!

  ამ სიტყვებს ვრცელი ქადაგება მოაყოლა. ღონეს არ იშურებდა მკრეხელობის დასამკვიდრებლად.

  - ყვითელ ფონზე კვადრატში ჩახაზული წრე უბრალო ნიშანი არ გეგონოთ! - მკაფიოდ დაგვანახა გაშლილი ხელისგული - ეს ზეციური მზერაა, რომელსაც ჩვენსას შევაგებებთ და სამყაროსეული კავშირი დამყარდება. ჩვენი ცრემლების ნუ შეგვრცხვება, კაცი იმიტომ ტირის, თავი რომ გამოიშროს ღვთაებრივ ცეცხლთან შესახვედრად, რათა ბოლომდე ჩაიწვას და არ იხრჩოლოს!

  ამ სიტყვებზე ისეთი როკვა ატეხეს, ეშმაკის მოხმობა გეგონებოდა. მთვარის შუქზე ამდენი აშვერილი ხელისგული და აღტყინებული შეძახილი, ველურ ცხენთა ჭიხვინის მსგავსი, გემბანზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მენეჯერმა კაპიტნის ოთახში გამიხმო. ბამბაზიისგან ნაქსოვ პერანგში მობუზული გამოიყურებოდა. კაპიტანს ერთი გადახედა, საუბარი გამიბა, ეტყობა, ჯუზეპეს ბროშურები დაწვრილებით გაეზუთხა. მის ნათქვამს ჩაღრმავებოდი, იგივე იყო, ზღვის ფსკერი შეგესწავლა. აინტერესებდა, რატომ არ მსურდა აღბეჭვდა. 

  - მიზეზი უბრალოა, წინაპართა რწმენის მიმდევარი ვარ. თუკი მიწაზე თავს ყველაფრის უფლებას მივცემთ, ამ უფლებებს ცაში დავკარგავთ. ძნელ და უსიხარულო გზას იმიტომ ვირჩევ, ლაბირინთიდან გამოღწევა რომ მოვახერხო. ცხოვრება ლაბირინთების მონაცვლეობაა. ზოგჯერ ერთმანეთს ვაწყდებით გრძელ დერეფნებში. ყოველი მეგზური თავის სქემას ჩაჰკირკიტებს და ვერ გადაუწყვეტია, საით განაგრძოს გზა...

  - ეს მიმართულება ჩვენ ვიცით! - შემაწყვეტინა მენეჯერმა - ვინც სიკვდილს ბოროტებად თვლის, ვერაფერს მიმხვდარა. ნუთუ არ სჯობს, ამდენ წამებას ბოლო მოეღოს. რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, თუკი ცივი დღე კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება? ჩვენი სწავლების თითოეული მიმდევარი მითითებებს ითვალისწინებს, მაგრამ მთავარი გზიდან არასოდეს გადაუხვევს! - შემდეგ მშვიდად განაგრძო, მაგრამ ხმა განწყობის მიხედვით ეცვლებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. მოჩვენებითი ურთიერთობები მუდმივ რეჟიმში საჭიროებს თამაშს. - მე თავგამოდებული დამცველი ვიყავი ყოველგვარი წამოწყების. თავხედობის მიმართაც კი შემწყნარებლობას ვიჩენდი. სარგებელს იქ არ ვეძებდი, სადაც მხიარულების ხმები გაისმოდა. ახალ ხედვას ვამკვიდრებდი და მძაფრი განცდები არ მტოვებდა. პირველად საშაქარლამო ბიზნესში ვცადე ბედი. შაქარყინულის ერთფეროვანი შემადგენლობა მოტკბო შიგთავსით შევცვალე. მერე სხვადასხვა საქმიანობა წამოვიწყე, ყიდვა-გაყიდვით დავკავდი. ბოლოს დავასკვენი, რომ ყველაფერი უნდა გადაკეთდეს, ყველაფერს რეკონსტრუქცია ესაჭიროება. ცა თუ თავზე ჩამოგექცა, დიდხანს ჭერიც აღარ დააყოვნებს. ჩემთვის მრავალი ღირებულება გადაფასდა. მრავალი წამოწყება, რაც იმ პერიოდში განვახორციელე, ფუჭად დამთავრდა, მაგრამ არ მინანია! - თუ თავიდან მისი ხმა უსიცოცხლო იყო და სიტყვები გამოქვაბულის ექოსავით გაისმოდა, ახლა ვეღარც იცნობდი. თვალებით ჭერს მისჩერებოდა, რომელიც მას და ზეცას შორის ჩამდგარიყო, ლაპარაკს კი ისე თვითდარწმუნებული განაგრძობდა, თითქოს მისი შემოსავლები კოსმოსში მოპოვებულ ოქროს ეფუძნებოდა. ოქროს მთელი პლანეტები გააჩნდა. მხოლოდ ტაშის ხმა აკლდა, მისი გამოჩენით გამოწვეული. მზის სხივებს ალბათ საკუთარ შარავანდედად აღიქვამდა და წარმატებებით გაბრუებული მოწინავე ფილოსოფოსთა ნააზრევსაც უსაგნო ყბედობად მიიჩნევდა.

  - სიამოვნებით დავკავდებოდი ყვავილების მორწყვით, მაგრამ მე ხომ დიდი საქმეებისთვის ვიშვი!  გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ისინი დავიწყებას უნდა მიეცეს! - განაგრძობდა თავდავიწყებით. მისი ბაგეებიდან სიტყვები ისე მოედინებოდა, როგორც ღვინო წაქცეული დოქიდან - საქმიანი ხალხი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა ცდილობს, ერთი ამბავი მეორესთან გააიგივოს. საკუთარი გზის ძიებას იმპროვიზაციებით მიღწეული ურჩევნიათ. წარუმატებელი მცდელობები სასოწარკვეთილებაში აგდებთ - მენეჯერი ჩურჩულზე გადავიდა - მე მხოლოდ ბიზნესის გამო გავწევრიანდი ამ კავშირში, ვფიქრობ, რომ მომავალი მათ ეკუთვნით. ეს სიახლე მთელ ქვეყნიერებას მოედო. მე პროფესიონალი ვარ! ვინც მრავალი დარგის ექსპერტია, კონკრეტულად არაფერი იცის. მე კი ასე არა ვარ. ყველაფერი საკუთარ ტყავზე ვიწვნიე და ვერაფრით გამაკვირვებენ. წარმატებები და წარუმატებლობები მუდმივად მსტუმრობდნენ წელიწადის თვეთა კენტ და ლუწ რიცხვებში. ჩემი ჭკუა ჩემი სტრატეგიაა, ხოლო ჩემი ცხოვრების დასკვნა ასეთია, მედალს ორი მხარე აქვს და ერთი ყოველთვის გადაფარავს მეორეს... ორივეს დანახვა მხოლოდ გარეშე თვალს ძალუძს. 

  ცოტა ხნით დადუმდა, მერე კი ისევ განაგრძო:

  - აბა, შემომხედე, როგორ გამოვიყურები?

  - როგორ? - მხრები ავიჩეჩე.

  - როგორც სამოცდაათზე მეტის! ჰო ასეა? მაგრამ სინამდვილეში რამდენის ვარ? - გამჭოლი მზერა მომაპყრო.

  - რამდენის?

  - სამოცდაათზე ნაკლების! - გამანდო აღფრთოვანებით.

  - საკვირველია! - შევიცხადე მე.

  - ეს იერი დიდმა გამოცდილებამ შემძინა! - განაგრძო ამაყად.

  - მეც ისე მინდა მოვიქცე, სათანადოდ როგორც მივიჩნევ! საკუთარ გულს ზუსტად იმ ხიდის სიგრძეზე ვშორდებით, რომელსაც საკუთარ სიტყვასა და საქმეს შორის გავდებთ!

  - რას გულისხმობ? - ჩამეძია მენეჯერი.

  მკვახე ნათქვამი დაპირისპირებას გამოიწვევდა. ეს კი ხელს არ მაძლევდა, თუმცა მაინც შევეცადე ახსნას - მე არასოდეს არ მტოვებს საიქიოს განცდა. ახლის დამკვიდრება ძველის განადგურებით იწყება. ახალი დროების ფუძემდებელი თავისი მასალით მოდის, რომელსაც ფუნდამენტში იყენებს. მოზაიკის ერთი ნაწილი რომ მოიმსხვრეს, დანარჩენიც მას მიჰყვება. მე კი სიძველეს სხვანაირად განვიცდი. მასთან შეხებისას გული ბადესავით მითრთის. ბადესავით, რომელიც მორევში ოქროს თევზის დასაჭერად გადავისროლე...

  - გამიგე, მეგობარო, მთავარი მათი სახელმძღვანელოს არსში ჩაწვდომაა. ვაღიარებ, მოთხოვნები  მკაცრი აქვთ, მაგრამ შედეგიც შესაბამისი იქნება. მზე მთვარის ახალგაზრდობას ჰგავს, მგზნებარე სიცოცხლის მსვლელობას რომ ელტვის! - თქვა და გულგრილი მზერა სივრცეს მიაპყრო.

  - მთვარე კი, ალბათ, მზის სიბერეს, მყუდროება და განმარტოება რომ სურს? - გამეცინა მე. -ბრძნულად მსჯელობთ, სიბრძნე კი საუკეთესო ხერხია გაურკვევლობის შესანიღბად, რომელშიც თავად ჩაიგდეთ თავი. წინაპართა ნაკვალევს ზურგი აქციეთ. ადამიანებს ღალატი კლავთ. ჯერ ერთი ნაწილი ღალატობს, გული ან თირკმელი, ან სულაც სხვა რამ, თორემ დანარჩენი ორგანოები ჯერ კიდევ გაქაჩავდნენ. ერთის ღალატი სხვებსაც ბოლოს უღებს. ახალი იდეოლოგიის ფუძემდებელნი საქმის სხვა სახით წარმოჩენას ცდილობენ, გვირგვინები კი ვარცლივით უყანყალებთ თავზე, რადგან აშკარად სხვებს ეკუთვნით. ცდილობენ, უცხო სიტყვებით შემოსონ ის გრძნობები, რომელსაც მიაგნეს. მაგრამ მშვენივრად იციან, რომ ცრუობენ. სინამდვილეში არსად არ არის სიმშვიდე დედამიწაზე, რადგან აქაურობა რომ შეიძლებოდეს, ცის ტატნობად აქციო, მაშინ ცაც აღარ იქნებოდა საჭირო. ხოლო ცას, რომელიც წვიმას აგვიანებს, უდაბნოს ცქერა უწევს...

  - მისმინე, ძმობილო, ადამიანს შეუძლია, მყეფარე ძაღლს დაემსგავსოს, შეუძლია, ქარავანს შეუერთდეს! - ნიშნის მოგებით თქვა პიანინოების შემსყიდველმა.

  - ეგ ქარავანი უფსკრულში ჩასაჩეხად მიემართება, ძაღლი კი ყეფას გააგრძელებს!

  კიდევ ბევრი რამე ვთქვით, მაგრამ კამათში ღრმად შესვლა არ მიცდია. მენეჯერს, ეტყობა, მტკიცედ სჯეროდა,  რომ გადამიბირებდა, მაგრამ როცა განვუცხადე, არასდროს დავიბეჭდები-მეთქი, ლაპარაკი შეწყვიტა. მე თავი ჩავღუნე და მეტი აღარაფერი გვითქვამს. წარმატებული მდგომარეობა უცებ დავთმე და ბოლო რიგებში გადავინაცვლე.

 

4.

 

  ამიტომაც გადავწყვიტე მიმალვა, მუდმივი გადაადგილება ვახტიდან ვახტზე, კუნჭულიდან კუნჭულამდე, თუნდაც ანძაზე ქამრით მიბმა დამჭირვებოდა. ოღონდაც ხელში არ ჩავვარდნოდი. თითქოს სამზეოზე გაღწევას ვლამობდი ჩრდილებით გარემოცული. სამყაროში რომელ მიჯნასაც არ უნდა მიაღწიო, მაინც ყოველთვის წრეზე ივლი. მიჯნებს რა გამოლევს. მალე კაპიტანი საწოლს საბოლოოდ მიეჯაჭვა. იგი ამაოდ ცდილობდა სარკმელში გახედვას და ნელ-ნელა ეთიშებოდა ამ ქვეყანას. პატარა აკვარიუმში თევზები დაცურავდნენ. ვერცხლისწყალში ამოვლებულებს ჰგავდნენ. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, გასაგრილებლად პროპელერი ჩავრთე. ვენტილატორის ფრთები უკუღმა დატრიალდა. შორს თეთრი დასალიერი გამოჩნდა უკიდეგანო ეკრანზე გაქვავებული კადრივით.

  თავდაპირველად ტრიუმს შევაფარე თავი, რომელიც ნესტიანი სარდაფივით ყარდა და ვირთხებით იყო სავსე. აქ დიდხანს ვერ გავძლებდი. გემი კი დუნედ ფარავდა მანძილს. მსგავსი ფრაგმენტები ერთმანეთს ცვლიდნენ, ზურმუხტოვანი ფონი კი მუდმივი რჩებოდა. მღელვარე ზღვა აქეთ-იქით აწყდება, შედარებით მშვიდი ადგილზე ტოკავს, თითქოს ამაო ყიალით გაბეზრებული მხრებს იჩეჩავსო.

  ჩემს მტრებს როცა ეგონათ, საცაა ჩამავლებდნენ, ხელიდან ვუსხლტებოდი. ისინი ყოველ დილით აღტაცებით ხვდებოდნენ მზის ათინათებს. მე კი მუდამ მიმალვას ვცდილობდი და მდებარეობას ხშირად ვიცვლიდი. ალღო მკარნახობდა, სანამ გემის წინა ნაწილს დაწვრილებით არ გადაჩხრეკდნენ, აქეთ მხარეს არ მოადგებოდნენ. შემდეგ წინა ნაწილში გადავდიოდი. ეს გეგმა უზადოდ წარმომესახა, სანამ არ მომივიდა ერთი გენიალური იდეა, დავმალულიყავი იქ, სადაც ჩემი ძებნა აზრადაც არ მოუვიდოდათ, მესაჭის ოთახში. იქ ერთი მყუდრო სივრცე მეგულებოდა, სკივრსა და ტანსაცმლის კარადას შორის. ერთი ხანობა ვიფიქრე, გემის საჭე ქამრით ძგიდეზე მიმება, ორმოცდაათი გრადუსის ნიშნულზე, მაგრამ მივხვდი, რომ სამშობლოში დაბრუნება მათაც ეჩქარებოდათ.

  მთელი ეს დრო თავი ადრე მომარაგებული ორცხობილით გამქონდა. ვითარება სწრაფად იცვლებოდა. ხმელთაშუა ზღვაში თუ ორიოდე გემი შემოგვხვდა ყვითელი ნიშნით გამოსახული დროშით, ეგეოსის ზღვაში მათი რიცხვი თერთმეტს აღწევდა. მარმარილოს ზღვაში რომ შევედით, სათვალავი საერთოდ ამერია, რამაც სერიოზულად დამაფიქრა. როცა მშობლიურ ზღვას მივადექით, ქარიშხალი დაგვატყდა. ციდან თითქოს უხილავი ფარდა ჩამოირღვაო, თავსხმა წვიმაში მოვყევით. წვრილი ხოშკაკალა ისე გვეხლებოდა სახეში, თითქოს ხორბლის სველ თავთავებში მივიკვლევდით გზას. აქაფებული ზღვა ტალღებს გვაშხეფებდა და მლაშე სურნელება ტუჩებზე გვაშრებოდა. საკუთარ ბუნაგში შეყუჟულს ნაკლებად მაინტერესებდა გარე ამბები. ვივიწყებდი იმ დროს, ჩემს ფათერაკებს მხოლოდ ვარსკვლავები რომ ჭვრეტდნენ. მერე ბურუსი ჩამოწვა. ნისლმა ბინდი ისე შეცვალა, თითქოს ამინდმა აღუწერელი დავთრები მოგვაჩეჩა გრძელი ნუსხებით, რომლის ჩაკითხვასაც ბოლომდე აპირებდა. მოწყალე ნისლი მყიფე თოვლივით გადაეფარა ზღვის უკიდეგანო ზედაპირს და ნელ-ნელა კიდევ უფრო სქელი და გაუმჭვირი ხდებოდა. მენეჯერი შეჭმუხნული შუბლით შესჩერებოდა ნისლს, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა.

   ერთ ღამეს შევნიშნე, რომ სამზარეულოში არავინ იყო. მოშვებული ონკანის ქვეშ კოვზები და დანა-ჩანგლები ეყარა. ჯებირის გასწვრივ წითელი ბალონები აეყუდებინათ, ჰერმეტული სისავსით დამძიმებული. ვეება ქვაბი გამოვათრიე სამზარეულოდან და ზღვაში მოვისროლე. თვითონ კი ერთ-ერთი პიანინოს ტენტში შევძვერი, წინასწარ რომ გამოვშალე. ხმაურზე გაეღვიძათ და შეშლილი მზერით მიანათეს ფანრები ზღვას. ცხადია, ვერაფერი შენიშნეს გაუმჭვირ ნისლში, ხოლო ზღართანის ხმა ჩემს გაქრობას მიაწერეს.

  ამის შემდეგ დაჟინებით აღარავის ვუძებნივარ. გემბანზე ბრაგუნის ხმაც მიწყდა. ეტყობა სხვა საზრუნავებიც გასჩენოდათ. მხოლოდ ჯუზეპე განაგრძობდა ხანდახან ჩემს ძებნას, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი აღარც მას ჰქონდა. მესაჭის ოთახში ფრთხილად შემოყოფდა ხოლმე თავს და მყისვე გაიძურწებოდა. შემთხვევით თუ გადამაწყდებოდნენ, მაშინ კი მომიწყობდნენ სამსჯავროს. შეღამებისას ფრთხილად დავაბიჯებდი კაიუტასა და მოაჯირს შორის, თითქოს ციცაბო ბილიკებს შევდგომოდი. ხშირად ვაკვირდებოდი ციფერბლატზე გრადუსის ორმოცდამეათე ნაჭდევს. საეჭვო არაფერი იყო. გეზი სამშობლოს გვაახლოებდა. ყვითელი ნიშნით აღბეჭდილებს იქ ყველაფერი სასიკეთოდ ეგულებოდათ. დიადი გამარჯვების საკუთარ წარმოშობაზე მეტად სჯეროდათ. მე კი სამშობლოს აღვიქვამდი, როგორც სამართლიანობის ნაპირს, ჩემთვის აქტივ-პასივებს ვაჯამებდი მოვლენების განვითარების მოლოდინში. მერჩივნა, ნისლი რაც უფრო მეტხანს გასტანდა. დღესა და ღამეს ისე აღვიქვამდი, როგორც მომიჯნავე სივრცეებს, ორივე შემთხვევაში ხილვადობა ნულს რომ უახლოვდება. ნიავის ზუზუნი დიდხანს და გულისგამაწვრილებლად გრძელდებოდა, მაგრამ ნისლს მაინც ვერ ფანტავდა.

  - ღმერთი გაგვიწყრა! - შესძახა პიანინოების შემსყიდველმა - არც მზე ჩანს, არც მთვარე, უზენაესი განვარისხეთ! - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მრისხანე და სექტანტური ქადაგება, რომლის რიგებში უკვე ყველანი გააწევრიანა. მხატვარი მის ყოველ სიტყვას იწერდა, ალბათ იმისთვის, რომ მერე თავის უფროსებისთვის მოეხსენებინა. დასკვნებს უკვე იქ გააკეთებდნენ.

  - ო, ზეშთაგონებავ! - განაგრძობდა მენეჯერი. - ამინდი ჯიუტი და კაპრიზი დედაკაცია, აქ დაფუძნებას რომ ცდილობს! ო, ოკეანის სისავსევ! როცა შენს თავს ზემოთ ჭექა-ქუხილია, ასე მგონია, ჭერი გაიბზარა, ბიაზი გასკდა, სამყაროს ყველა ვარსკვლავი დაფშვნილი ნათურებივით დაგვეყარა თავზე, ხოლო ცის კედლებს ბათქაში პეშვებად ჩამოსცვივა! ვის ძალუძს შეაჩეროს ესოდენ მომნუსხველი შფოთი? მზე და მთვარე ერთმანეთს იმიტომ ემალებიან, რომ მოხუცებულ თანაკლასელებს უჭირთ ერთმანეთს თავიანთი სიბერით დაენახონ... მზე და მთვარე, ჩვენი ერთადერთი სასოება, როგორც გაყრილი ცოლ-ქმარი, ჩვეული მორიგეობით აღარ გვსტუმრობენ, რომ დაგვხედონ ქორწინების მიტოვებულ ნაყოფს, კაცობრიობის უკანონო შვილს! - იგი დიდხანს განაგრძობდა მოთქმას და ვაი-ვიშს, რომელიც, შესაძლოა, ჯუზეპეს არ მოსწონდა, რადგან მწვალებლობის ელემენტებს ამჩნევდა მასში.

  სამშობლო წყლებთან ძალიან ახლოს უნდა ვყოფილიყავით, როდესაც ნისლმა გაფანტვა იწყო. როცა ირიჟრაჟა, მეთვალყურემ ყიჟინა მორთო:

  - მიწა!

  განწირული ხმა მთელ გემბანს მოედო. ცალკეული შეძახილები მალე შემზარავ ღრიანცელად იქცა. ეკიპაჟის წევრები გარეთ გამოცვივდნენ, მხოლოდ მე გავყურებდი სცენას მესაჭის ილუმინატორიდან. ჩვენ მრავალი კილომეტრი გადავფარეთ, სანამ სანაპირო მკაფიოდ გამოიკვეთებოდა. სამშობლოს ხედები ადვილად ვიცანი. აქეთ ვიწრო სახლები მოჩანდა, ხოლო ნაპირისგან შორს, შემაღლებაზე, ლურჯ-მწვანე ტყეები იწყებოდა. გემმა ნაპირისკენ გასწია, სვლას ნელ-ნელა უმატა და საყვირიც სამჯერ ააღმუვლეს, თითქოს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაედინოთ. ქალაქის შემოგარენში მდებარე ქარხნის საყვირები გულსაკლავად ეხმიანებოდნენ, თითქოს ნისლში გზააბნეულ გემებს უხმობენო. ერთგვარად შუქურის მაგივრობას სწევდნენ. მალე ნავსადგურში მოტორტმანე გემების მწკრივში ჩავდექით. ღუზა და გრძელი ჯაჭვი ხრიგინით ჩაეშვა კამკამა ჭავლებში, ჯერ მსხვილი თოკები მოისროლეს ბჯენებზე მისაბმელად. შემდეგ ფიცრები გადეს. ჟანდარმთა საკმაოდ მოზრდილი რაზმი ჩვენ მახლობლად განლაგდა. ისინი ერთმანეთს მარჯვენა ხელის საფეთქელთან მიტანით ესალმებოდნენ, ყალბი აღფრთოვანებით უღიმოდნენ მეამბოხეებს. როგორც გმირებს, ისე შეხვდნენ. აკაციებთან სავარძელი იდგა, რომელშიც ალბათ მთავარი ავკაცი მოკალათებულიყო, რადგან მისი მიმართულებით ხელს მოწიწებით იშვერდნენ. შენობის წინ რცხილის ხეები იყო ჩამწკრივებული. ეტყობა, ბეტონი წინა დღით დაასხეს და სანამ ბლანტი ზედაპირი მოასწორეს, გაქვავებისას ოღროჩოღრო ზედაპირი ჩამოყალიბდა. ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს პიანინოები, ამდენი ხალხი რომ შეიკრიბა პორტში.

   ვიღაცები გემბანზე შემოცვივდნენ და კაპიტნის უილაჯო სხეული საკაცით გაიტანეს. მას უკანასკნელად ვხედავდი. საქმე ისე წარმოაჩინეს, თითქოს ყვითელი ნიშნით აღბეჭდილიყოს. საფლავის ორმო წინასწარ ამოეთხარათ სკვერში, პორტთან შორიახლოს. პატივით დაკრძალეს ქვემეხების ზალპის თანხლებით. მადლიერებით გავიხსენე კაპიტნის სიტყვა. როგორ გადავლახავდი ამხელა ზღვას, მისთვის ყური რომ არ მეგდო. სიმძაფრით აღსავსე დღეები უკან მოვიტოვე. მაგრამ ვგრძნობდი, წინ კიდევ მრავალი დავიდარაბა მელოდა. გულმავიწყობა დამჩემდა. ეს კი დაღლილობას მოასწავებდა. ცხადი იყო, ყვითელი ნიშნით აღბეჭდილთა დიქტატურა მყარდებოდა. მათი სიტყვაკაზმულობა ამაო ბგერებს ემსგავსებოდა. სისულელის როშვა სისულელის მნიშვნელობას არ ცვლის.

   მერე მზიდავებმა თოკები მოიმარჯვეს და პიანინოებს შეესივნენ. სხვებთან ერთად მეც დავწვდი პიანინოს კიდეს, თან სახეს ვმალავდი და ბეჯითად ვებღაუჭებოდი. ვერც კი ვაცნობიერებდი, მზიდავებს ხელს ვუშლიდი თუ ვეხმარებოდი. ფეხქვეშ წამდაუწუმ გაისმოდა ფიცარნაგის საწყალობელი ჭრიალი. ასეთ ხმებს ურმის ბორბლები გამოსცემენ ხრიოკში გადაადგილებისას. ჩემ უკან მომავლებს ერთგან ფიცარი ჩაუტყდათ და პიანინო ზღვაში ჩაყირავდა. ამოზიდვა არც უცდიათ. არეულობით ვისარგებლე და ხალხს შევერიე. ვიღაცამ გამაგრილებელი სასმელიც კი შემომთავაზა. მენეჯერი შევნიშნე, რომელიღაც მაღალჩინოსანთან მოსაუბრე:

  - ეს ორღანებია? - ეკითხებოდა თანამდებობის პირი.

  - პიანინოები გახლავთ, თქვენო აღმატებულებავ! - პასუხობდა მენეჯერი.

  - არც ეს არის ორღანები?

  - საქსოფონებია! - ამჯერად „თქვენო აღმატებულებავ“ აღარ დაუყოლებია, ალბათ რაიმეს ახსნაზე ხელი ჩაიქნია.

 

5.

 

  შებინდებისას პიანინოები მოედანზე განალაგეს ლამპიონების ბრდღვიალა შუქზე, თითქოს კონფისკაცია უნდა მოახდინონო. სად წაეღოთ, აღარ იცოდნენ. ამიტომ აუქციონი მოაწყვეს და  სანახაობა უფრო შთამბეჭდავი რომ გაეხადათ, დაკვრას შეუდგნენ. იარაღები ძირს დაალაგეს და პიანინოებს მიუსხდნენ. უმეტესობას სმენა არც ჰქონდა და სანაპირო მჭახე ბგერებით აივსო. თუმცა ამას არავინ დაგიდევდათ. არცერთი პიანინო არ გაყიდულა. ხალხს ფულის გამოჩენის ეშინოდა, ხოლო ვისაც არ შიში არ ჰქონდა, ფორმირების წევრი იყო და უფულოდაც მშვენივრად დაეპატრონებოდა. მსოფლიოში არსად შეხებია ამდენი უხეში თითი ესოდენ ნატიფ კლავიშებს. ისე ჩამოჰკრავდნენ ხოლმე დროდადრო, თითქოს თოფის სასხლეტი ყოფილიყოს. თუმცა დაკვრა არ იცოდნენ, მაგრამ პიანინოები მათი კუთვნილება იყო და  ეს უნიჭობის ზეიმი დიდხანს გაგრძელდებოდა, სანამ ეს საქმიანობაც არ მობეზრდებოდათ. შეზღუდული სივრცე უხეშად ერწყმოდა ცვალებად დროს. მათი ერთსულოვნება ნანგრევებზე შეთხზულმა ჰიმნმა განაპირობა. ეს ჟღრიალა ბგერები კიდევ კარგა ხანს გაისმოდა, რადგან ბოლო სტრიქონის შეთხზვას ომის შემდგომ გეგმავდნენ. ომში ყვითელი ნიშნით საყოველთაო აღბეჭდვას გულისხმობდნენ. ასე მიაჩნდათ, მათი ძალისხმევა მომავალი თაობებისთვის მისაბაძი იქნებოდა. სამშობლო რის გამოც მიყვარდა, ის ელფერი მნიშვნელოვანწილად დაჰკარგვოდა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბგერების გაჟღერება ჩაეხშო. ჩვენ კი თვალებს ვიფშვნეტდით უცხო გარემოში, მაგრამ სურათი იგივე რჩებოდა. ვარსკვლავები ძველებურად განაგრძობდნენ ციმციმს, პლანეტები - გადაადგილებას, თითქოს ჩვენ არც კი ვარსებობდით და მხოლოდ თავიანთი საქმე ჰქონოდათ.

  ყური მოვკარი რეპორტიორების ლაპარაკს, ზეიმი ორ დღეს გასტანსო, რის შემდეგაც ჟანდარმები აკაციების ველს მიაშურებენო. იქ ყოფილან შეკრებილნი, ვინც ჯერ კიდევ არ აღბეჭდილა. რას ვკარგავთ, ჩვენც გავყვეთ, ზღვა მასალა გვექნება გაზეთის პირველი გვერდისთვისო. ბოლოს ყველაფერი თრობით დამთავრდა. დაღრეჯილი სახეები აელეწათ, თითქოს ჭინჭარს დაესუსხოთ. ზღვისპირა ქალაქი გარეუბნით თავდებოდა, გარეუბანი - ნანგრევებით. მზე ჩადიოდა და ისღა დარჩენოდათ, მთვარისთვის ეხმოთ გასაჩახჩახებლად. ცოტა ხანში ლამპიონებიც ჩაქრა. თუმცა მანამ პიანინოების შემსყიდველს კიდევ ერთხელ მოვკარი თვალი. მობუზული მიმიაბიჯებდა ტროტუარზე. პერიოდულად ამომტვრეულ ქვაფენილზე წაიბორძიკებდა ხოლმე. ხასიათზე ვერ იყო, ეტყობა, მშრალზე დატოვეს. ახალ რეალობას დიდი დანაკარგით ხვდებოდა, ხოლო მისი მდიდარი გამოცდილება მარადიულ ჩიხს მისდგომოდა. არადა, ოდესღაც ისეთი ძუნწი იყო, დაკარგულ გროშსაც კი კატაბალახას წვეთებს აყოლებდა. მივხვდი, დიდად რატომაც არ ცდილობდა იგი ჩემს გაწევრიანებას. ყვითელი ნიშნით აღბეჭდილთა სიმართლის ბოლომდე მაინც არ სჯეროდა. მენეჯერი, თავისი დაუდეგარი თვისებების მიუხედავად, ისეთი შეძრული ჩანდა, წვრილმანი ამბებიც გამოიყვანდა მოთმინებიდან. ბორდიურების გასწვრივ ფოთლების გროვა ეყარა. მღვრიე წყალს მომცრო კალაპოტი გაეკეთებინა და წყალი საკანალიზაციო ჭებში იღვრებოდა. თუმცა აქაურობა ვენეციის აჩრდილიც არ იყო. მერე გზიდან გადავედი იმის შიშით, ჟანდარმებს არ გადავყროდი და გარეუბნისკენ გავემართე. ყოველ გამვლელს ბეჯითად ვუღიმოდი, ყურადღება რომ არ მიმექცია. ასე ოცდახუთ კაცს მაინც მივესალმე და ყველამ უპასუხოდ დამტოვა. ამ საქმეზე ხელი რომ ჩავიქნიე, ოცდამეექვსე ბრაზით მომიბრუნდა, მოსალმება არ გეკადრებოდაო. თავის დაკვრით მოვუბოდიშე, თითქოს მისი ურიცხვი ვალი მქონოდა.

  მერე მცირე ხნით მთვარემ გამოანათა. კიდევ ერთხელ გავხედე მოთუხთუხე ქვაბის მსგავს ზეიმს და იქაურობას ზურგი ვაქციე. ხანდახან რომელიმე სახლის ანთებული ფანჯარა გამოკრთებოდა, რკინიგზა კი ლამპიონების შუქზე ლაპლაპებდა. მხნედ ვიყავი. პიანინოებით დატვირთულ ერთი ბეწო ხომალდზე თუ მოვახერხე მიმალვა, კონტინენტზე ამას მითუმეტეს შევძლებდი. ხმელეთი რაოდენ ვრცელია გემის შესაძლებლობებთან შედარებით. ყვითელი ნიშნით აღბეჭდილთა მოქმედება საყოველთაო ხიბლს ჰგავდა, გადაჭიმულ ბადეს, რომელშიც თითქმის ყველანი გაებნენ. მე იმედი მქონდა, თანამოაზრეებამდე გავაღწევდი, თუნდაც დევნულ ჯგუფებად დაყოფილებს, მაგრამ მაინც მხნე გამოხედვით.

  ტყემდე დიდი გზა იდო. ქვიშაში ისეთი ფრატუნით მივაბიჯებდი, თითქოს ფლოსტები მცმოდა. ქალაქგარეთის ხრეშით მოფენილი გზისგან განსხვავებით, ქვაღორღიანი სავალი გადაჭიმულიყო. მთელ გაყოლებაზე კაქტუსის ბუჩქები ერთადერთ ღირსშესანიშნაობად აღიქმებოდა. ოდესღაც მგზავრები ცდილობდნენ, ეს მანძილი სწრაფად გადაეფარათ, რადგან ათასი მაწანწალა დაძრწოდა, მაგრამ ახლა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მთელი ღამის განმავლობაში ამაყ ბორცვებს ხელთ ეპყრათ მთვარე, როგორც ბანქოს ხელმოცარულ მოთამაშეებს ქაღალდის მეფის კოზირი. ჰაერში ყვითელი მტვერი ფარფატებდა. მოულოდნელად ჩემ წინ თეთრი კლდე აისვეტა, რომლის მოლიპული წახნაგები თოვლივით ბრწყინავდა. გზა გასწვრივ გადიოდა და მე პირველქმნილ წიაღში აღმოვჩნდი. ცივილიზაციას დაშორებული გარემო გულგრილობას მოეცვა. კეთილმოწყობილი დასავლეთი მართლაც საუცხოო გახლდათ, მაგრამ ჩემთვის ეს მიდამო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. იგი იმ ფაქიზ სიმებს ეხებოდა, რომელიც წლები არ მიგრძვნია. გული შეძრული მქონდა და სინანული მეძალებოდა. ჩვენც გაგვაჩნდა მყუდრო სამშობლო, ოღონდაც ზიზილ-პიპილოების გარეშე, რომლის ტყეებშიც წიწვოვანი ჭარბობდა.

  ტყე ისეთი მეჩხერი იყო, თითქოს სიფრიფანა პერანგით შეემოსათ, მაგრამ ნორჩ და დაღრეცილ ნერგებს მალე დიდრონი ხეები შეენაცვლა. რაღაც პერიოდში ჩემ გარშემო მხოლოდ ტყე იყო ოთხივ მხრივ, მითოლოგიური არსებებით დასახლებულს წააგავდა. როცა სწორ გზას ვერ აგნებ, ზიგზაგებით დადიხარ. შინ დაბრუნების ნაბიჯები კი სხვა ხმებს გამოსცემს. მინდოდა, ყვითელი ნიშნით აღბეჭდილებს მივბრუნებოდი და მათთვის შემეძახა, ჰეი, ბრიყვებო, თქვენთვის ღმერთი მაღალი კედლის მიღმა ცხოვრობს, ჩემთვის კი  ამ ტრიალ მინდვრებში, უბრალო ადამიანების სიახლოვეს! გამოვლილი გზა ნისლებს დაენთქა და რომც მდომოდა, უკან გაბრუნება არ ღირდა. ერთგან ნაბანაკარს გადავაწყდი. გრძელი ძელები მიწაყრილთან მჭიდროდ განელაგებინათ. მათ შორის გაკვალული გზის ბოლო ტყეში ინთქმებოდა. ნესტში დალტობილი ჩაშავებული ქერქები, ნახევრად დამწვარი ყვითელი ნიშნით გამოსახული დროშები და  ჩამქრალი კოცონი იმაზე მეტყველებდა, რომ წასვლისას ჩქარობდნენ. ზოგან ბლომად ნახშირი ეყარა. შესაძლოა, ფიჩხის მთელ გროვასაც გადაწყდომოდი, გამოუყენებელი რომ დარჩენოდათ. ფიცრული საფეხურები ჭრიალებდა და ყანყალებდა და ყოველ მათგანზე შეყოვნება სჯობდა, ფეხქვეშ რომ არ ჩაგტყდომოდა. ზედ წიწვები და გირჩები დაცვენილიყო. საცხოვრებელი სახლები საჯინიბოებზე იყო მიბჯენილი. ადამიანები და ცხოველები, ეტყობა, ერთად იზიარებდნენ ჭირსა და ვარამს. გაჩახჩახებულ მდელოზე სკები მოჩანდა. აქაურობა ისე სწრაფად მიეტოვებინათ, გეშით თუ გრძნობდნენ საფრთხის მოახლოებას.

   გორაკის ძირში მდინარის დელტა გამოჩნდა, თითქოს ზვიადი მთების მომვლელ ფაშფაშა დიასახლისს ტოტებიანი შარვალი გადაეჭიმა გასაუთოებლად, შორს, ხეობაში, ელვა-შესაკრავივით რომ ბზინავდა. შორიდან დინების დუნე დუდუნი ბებრული სისხლის ჩქეფასავით გაისმოდა. იგი მომცრო ნაფოტებს მოატივტივებდა. ეს მთები ბუნების მთავარი აღკაზმულობა გახლდათ. მდინარესთან ჩავედი, ანჩხლი ბავშვივით რომ შესჩიოოდა მშობლებივით დინჯ მთებს. პეშვით წყალი სახეზე შევისხი, მერე გაღმა მხარეს გადავედი და აღმართთან შევჩერდი. აკაციების ველი აქეთ მეგულებოდა. ერთადერთი გზა თვალნათლივ ჩანდა სარეველებში. მზის მკრთალი ათინათებით აციაგებულ მდელოზე მთრთოლვარე ფოთლების ჩრდილში ყოვლის წამლეკი სიხარული ვიგრძენი. ისეთმა გრძნობამ მომიცვა, ვერც კი მივხვდი, ეს თუ ჩემს თავს ხდებოდა. შლამიან ნაპირს ბრჭყვიალი გაჰქონდა. წყალმცენარეებში გამოჩრილი რიყის ქვები კონსერვის დაჭეჭყილი ქილებივით ბზინავდა. ეს სურათი მთელ გაყოლებაზე არ იცვლებოდა. შორს ცხენები დავინახე, ყომრალ ნისლში ყოყმანით მიმავალნი და მძიმე ფუთებით დატვირთულნი, დროდადრო რომ ჩერდებოდნენ, თითქოს კაჭკაჭების საუბარს უსმენენო. ფერდობი კი ისეთი იისფერი ყვავილებით იყო მოჩითული, დეკორატიული ბაღჩა გეგონებოდა. ცის თაღი ვეება ტომრის ძაფივით გამოირღვა, ყოველი დამალული ძირს გადმოცვივდა და დავრწმუნდი, რომ თვალშეუდგამი სილამაზე, ოთხივ მხარეს გადაშლილი, ქსოვილზე დახატული არ ყოფილა და სინამდვილის ნიშნით იყო აღბეჭდილი. სწორედ ვიქცეოდი, ადამიანებს რომ ვეძებდი. მიზნის დასახვა საქმეს აიოლებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე წარმომედგინა. მარტოობა ღვთის უარყოფას გულისხმობს. ჩვენ კი ამ სიტყვას ვიწრო მნიშვნელობას ვძენთ. უსახლკარობა მაწანწალობისკენ გიბიძგებს, მინდვრებში ჩაძინებულს ცხენების თქარათქური გაღვიძებს, გზა კი ისე უსასრულოა, თითქოს წრეზე გიწევდეს სიარული. უღრანთა გზამკვლევად ვიქეცი ფართლეულივით დახვავებული ფოთლებით დაფარულ ბილიკებზე. ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმოდა, ხოლო რაღაც მნიშვნელოვანს ყვავი ყრანტალით იმეორებდა, ერთი და იგივე დაეჩემებინა. ბოლოს ქოხს გადავაწყდი, რომლის სარკმლიდან სიკეთის ნაპერწკალად შუქი გამოკრთოდა. იქ  ერთი მოხუცებული კაცი ცხოვრობდა, ხარისძირით და მარილით ნაკვები, ისე გამომელაპარაკა, თითქოს გამოთხოვების ტექსტი წაეკითხოს. თან ელამი თვალებით მომჩერებოდა. თვალებიც იმიტომ დაუელამდა, რომ ცხოვრების ბედუკუღმართობას მიადევნა.  ჩემი ამბავი რომ მოისმინა, აბა, მე სადღა წავალო, ამოიოხრა.

  მე კი ვთვლიდი, რომ რა გარეთ გძინებია და რა ამ ცივ და ფარღალალა ქოხს შეკედლებიხარ. მაგრამ მან მაინც დარჩენა ვამჯობინე. მან მინდვრისკენ გამახედა და ხელი გორაკისკენ გაიშვირა. იქით ფერდობზე მზესუმზირის ჭალებია, საიდანაც მათი სადგომიც გამოჩნდებაო.

  - აქაურობას ჟანდარმები მალე მოადგებიან! - გავაფრთხილე მე.

  - რამდენად მალე?

  - შესაძლოა, სამ დღეში!

  - არა მგონია, ცოცხალს მომისწრონ! - მისმა ნათქვამმა კაპიტანი მომაგონა.

   ის ღამე ქოხში გავატარე. ისეთი გაცრეცილი დილა გათენდა, თითქოს დედამიწის არსებობის მანძილზე მრავალჯერ გათენებას გაეცვითოს. მკრთალი ათინათები მიტოვებულ ფერმებს დალივლივებდა. ოქროსფერი მზე ბინდის უკანასკნელ ნაშთებს ანადგურებდა, თითქოს დილიდანვე შესდგომოდა თავისი ულუფების გადასანსვლას. ყვითელი ფოთლები მტვრიან და ბრჭყვიალა მაქმანიან ბოლოებს მიუგავდა. გარეთ რომ გამოვდიოდი, მოხუცს ჯერაც ეძინა. მჯეროდა, რომ აქაც მომეცემოდა რაიმე ნიშანი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბრძოლის საყვირები დადუმდა და ვეღარასდროს მოგვაგნებდნენ. რომ დევნულნი დავრჩებოდით, მაგრამ ჯუზეპეს და მათ მიმდევართა სვირინგებს თავი საბოლოოდ დავაღწიეთ...

  ახლა ამ ამბავს ისე ვყვები, თითქოს კერიაზე წაკიდებული ცეცხლის წინაშე მდგარი, ძვირფასი ნივთების გამოტანას ვჩქარობდე, სანამ ყველაფერი ჩაიფერფლება. ტკრციალა ალთა გუზგუზი სახეს მინათებს, ხოლო ბოლო ეპიზოდის დახვეწას თავს ვეღარ ვართმევ და ასევე ვტოვებ, როგორც აუთვისებელ ყამირს. მხოლოდ ერთ სცენასღა აღვწერ. ბორცვზე ქოშინით და ბარბაცით ავაღწიე. უშრეტი ენერგია სადღაც გამქრობოდა. უცებ ჩემს თვალწინ ისეთი მიდამო გადაიშალა, ფიცის დადება მოგინდებოდა. მოხუცი მართალი იყო, მზესუმზირის ჭალას რომ მივადექი, მათი ბანაკიც გამოჩნდა. დღის სინათლე რუხ მიდამოს ისე ფაქიზად ეპარებოდა, თითქოს ნეგატივს ამჟღავნებსო. ცოტა ხნით ფერდობზე წამოვწექი, სადღაც შორეულ ალაგს, კეკლუც ევროპასა და ამრეზილ აზიას შორის, არც ერთს თავისად რომ არ მივაჩნდით, თან მზე აცხუნებდა და მე, საზრუნავებით დაღლილს, მოულოდნელად ელდა მეცა - მზესუმზირებს ოქროს მნათობისკენ ისე გაეშვირათ შავი მარცვლებით დაფარული ხელისგულები, როგორც ყვითელ კვადრატში ჩახაზული წრეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                         

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE