თავის მოტყუება


თავის მოტყუება




*    *   *

ტყემალი ყვავის,

ქარის მოტანილი თეთრი საფეთქლები

გახსოვს?

ღია კარების წახნაგები,

როცა მოდიოდი და ორი ხელის

ათივე სხივით მარწმუნებდი,

რომ სინათლეში ხარ? როგორ?

ჰორიზონტის და მიწის კვეთაზე

ადგილი ამოიკაწრე?

მართი კუთხე თვითონაც ფრჩხილებიანია,

უნივთობასაც თავისი მარგინალები ყავს...

ჩემი ყვირილი დანევროზებულ ურთიერთობებზე

გესმის?

ნუ მიმითითებენ სამაგალითო ადამიანზე!

სწორება ხეზეც შეიძლება და ბალახზეც

არამარტო მაგალითების ტომარაზე...

მითხარი, ცაზე როგორ დადიხარ?

ზმნას ვინ გაძლევს? ღმერთი,

რომელიც გამოიგონე, თუ სულ იყო?

სიყვარულიც სულ იყო, მაგრამ

ერთხელ ხომ გამოიგონე, სახელი მიეცი!

ტყემალი ყვავის...

ქარის მოტანილი თეთრი საფეთქლები

გახსოვს?

 

 

მისტიფიკაცია

 

ყოველდღე შავი სამუშაო დაუნახავია.

კვირა საიდან? ცნობიერების ნაკადიდან?

წიგნებში ჩასატანებლად,

პატარა, თხელტანიან წიგნებში,

ტომეულები სხვა აგურით შენდება

ეს წყეული ნაკადიც უფრო მჩქეფარე აქვთ,

ვიდრე მდუღარე, როცა გამძლეობამ

და მაღალმა ტემპერატურამ, ჟანრის კანონით,

უნდა გაისროლოს, თუნდაც,

ინკუბატორების ჭარბი პროდუქციისკენ,

ცალობით ნიჭიერება და სიგიჟე იყიდება,

უფრო სწორად, არ იყიდება,

თაროებზე დევს, თუ მიწაში -

სასარგებლო მოსავალს აიძულებენ:

ლობიოს, ხორბალს, ბავშვსაც მოსთხოვდნენ,

გვერდით რომ კაცის ჩონჩხი ეგულებოდეთ,

აქედან ამოსვლასაც, კი, შეუძლია,

ინსტალაციამ შესაბამისი საგნობა ასწავლა,

ამოვარდნები თარაზული ცხოვრებიდან,

ისეთი სხივი, ნორმალურმა ადამიანმა

კატარაქტა რომ არ აიფაროს თვალებზე,

შეიძლება, დააბრმავოს, ბნელი კომპლექსები

წაუხალისოს, ან დაანახოს, როგორია

ჩამოფასებული ელვარება კვარტლის ბოლოში...

 

 

სიყვარულის მცდელობა

 

როცა კლდოვანი მკერდის ილუზია

ნახევარ ცხოვრებას შეჭამს,

რაც დარჩება, დღეებით კი არ იზომება,

მეწამულობით, სალექსო ფორმაზე მორგების ხარისხით.

ამ ესთეტიკით ეყრდნობოდი, თუ რეალური ძვლებით?

კლდე ბუნებაა, ამღებია იმის,

რასაც სთავაზობ,

ისე როგორ უნდა გიყვარდეს,

რომ ხერხემალი გაიმრუდო?

არც შეეცოდები, არც სიტყვების

კორიანტელს დააყენებს,

ქარმა ზედ რომ შეგახეთქოს,

შენი სისხლით გამოიხედავს,

ქვა მაინც ქვაა, პირდაპირ ფიქრობს,

მოსახვევებში ვერ ჩაეწერება,

შენი მოქნილობა არ აქვს, არც მანქანების,

ერთმანეთს რომ შეასკდებით,

თუ გადარჩი, კედლების ჩარჩო გელოდება,

თუ არა - სურათის, საფლავის, ბოლოს და ბოლოს...

რა გინდა მიწაში? კრემატორიუმი ითხოვე

მეზობელი ქვეყნისგან და ისევ კლდესთან!

სიპი, სალი, პიტალო -

ეპითეტები ღარიბი, მაგრამ ნათესავი,

სისხლით როცა ამშვენებ, ლამის, ალმოდებული გოთიკა!

თვალით კი მოერგები, ღვიძლით ვერა,

ვერც ეროვნული პილპილით,

მითუმეტეს, ღუმელიდან ამოსული ნაცრით,

რომლის სავალდებულო პროგრამაში

პათოსი არ შედის.

აბა, რაზე დგას კლდოვანი მკერდი?

ძახილის ნიშნებზე შენი ლიტერატურული

წარსულიდან? რა სიბრმავეა!

როცა ხავსი გინდა იყო მის ფეხებთან

დაბალი, შეუხედავი, მაგრამ შესაბამისი...

 

 

თავის მოტყუება

 

ყალბი სიხარული - ილუმინაცია თვალებში,

რისთვის გამიზნული? თავის მოსატყუებლად?

რას უნთია ეს შუქი?

შეკითხვებზე უპასუხობას? ნაღებს გადალახავ,

მოლურჯო დედა შაქარს თხოულობს

დიაგნოზის დასატკბობად,

ანუ ისევ უპასუხობისთვის,

ვაშლის ოინი რომ გაიმეორო?

მისი მატლი უფრო მეტს ამბობს,

ოჯახურ მურაბას კი აფუჭებს,

მაგრამ რაღაცის პირისპირ გაყენებს:

დავიწყებული უშუალობით, შიშით,

მაგრამ პირისპირ, თუნდაც იმ ეჭვის,

რომ რომელიმე გადალახვის შემდეგ

(მორიგი წინააღმდეგობის, სერიოზული მთის)

საკუთარი ტანი აღარ დაგხვდება

იქ, სადაც დატოვე...

გადალახვა და შეგუება...

ეს უკანასკნელი გიბიძგებს, მოკავშირედ გაიხადო

ოთახი, საფლავი, კუბო -

მთელი ეს მოძალადე გეომეტრია,

იქნებ, მიწას ყელზე დაადგე,

ყველა შეკითხვას წიგნში შეასწრო...

აქვე არ ცხოვრობ, ბიბლიოთეკასთან

და სულ ერთი ნაბიჯით

ჩამორჩები ჭეშმარიტებას...

 

 

ერთ მშვენიერ დღეს

 

             ლელას

 

ნუ გადადებ ჩემთან შეხვედრას!

თორემ კიბეზე ტირიფი ჩამომიჯდა

და ერთ მშვენიერ დღეს ელოდება,

რომ წამიყვანოს,

ტრადიციას, სვეტებიანს და ოფიციალურს,

სხვა შიკრიკები ჰყავს:

დაწერ რამდენიმე ლექსს,

შინაარსით როგორსაც გინდა, ფორმით - კლიშეს

და ჩაწერას მოგიხერხებენ ამ არაადეკვატურ

ქალაქში, პოეტობის საბუთს მოგცემენ.

ტირიფს ჩემისთანები მიჰყავს:

იდაყვების, მუხლების, ლავიწის ძვლების

კუთხეები და აღარც ერთი სიმრგვალე!

მრავალკუთხედი,

რომელსაც წახნაგები ტკივა,

პირიდან ქვეცნობიერის ნაფლეთები ამოსდის

და ფორმას აძნელებს, იქნებ, პერფორმანსი?

რამე ნერვიული კომპოზიცია,

შუაში მე, გარშემო ცნობისმოყვარეები,

თითო მნათობით პირში,

განათებული ქვეტექსტი რომ რეკლამისკენ იხრება?

თუ არა ერთი მშვენიერი დღის კლასიკა,

როცა ყველაფერი შესაძლებელია:

შენთან შეხვედრა, ტირიფებთან მიწის გაყოფა,

სანაგვეზე გადაგდებული საწერი მაგიდის

აღმოჩენა, რომელსაც მივშტერებივარ,

როგორც ცას...

 

 

*    *    *

ამინდი უჟმური, მაგრამ ქვეტექსტში

ორ-ორი მზე, ოთხი მთვარე...

მზეს ცხელი რადიატორები ადასტურებენ,

მთვარეს - რძე და შინაგანი მგელი...

უმიზეზო სიხარული ამისგან,

დაწყობილი სახეების მელოდია,

აქეთ-იქიდან შემოშენებული რითმებით,

რომელიც გინდა დაგირღვევია,

გინდა პურზე ფასი აგიწევია

და თუ შუაში ცხვირი ამოგდის

კეხიანი, უჯიშო ბუჩქივით,

ვინაობას კი ამძაფრებს,

ამას რას უზამ?

გახსოვს ეკლესია, უპატრონო,

პროპორცია დანგრეული,

ნაკლული ადგილებიდან კიდევ

ბალახი რომ ამოსდიოდა?

რა არის ეს ბალახი?

მინდვრის უკმარისობა, თუ კაუჭი გულზე?

ბუჩქივით ცხვირით და დაგრეხილი სინტაქსით

ვინაობას კი იმძაფრებ, რითმას ამბობ,

მნათობების სიმბოლიკას თავში ინახავ,

წესით, ყველაფერი უნდა გამოგივიდეს,

მაგრამ როცა კაუჭი გულზე?

 

 

*    *    *

გახსოვს, როგორ ისმოდი?

როგორ გიჩანდა რომელიღაც ნერვი

მარჯვნივ წაწვენილ სტრიქონებში,

მთიდან მთამდე ქვეყანაში,

დაბნეული დემოსის თვალში!

რომელმაც რა ქნას?

ასე იწრიალოს მეტაფორის რებუსიდან

სოციალურ ქსელებამდე?

ჯოგები, ფარები ესთეტიკურ საძოვარზე!

ესთეტიკაც რაა?

სულ შენისთანები არ აცვია, წითლად,

ხორცით გარედან? ვის სჭირდება ეს მაზოხიზმი?

დაბნეულ დემოსს გულაჩუყება მოენატრა,

არა წარმოსახვა, არამედ რეალური გათვალისწინება:

რამდენი ღვინო არ დალიოს,

რამდენი ხიდიდან არ გადახტეს,

რამდენი ქალიდან არცერთი არ უყვარდეს,

მაგრამ სიკვდილის წინ ძაღლივით

რომ არ წავიდეს სახლიდან

და მარჯნით ყური გაიხვრიტოს,

დაინახავს: როგორ გცხელა, გტკივა, იღლები,

თავი ჯალათებით გაქვს გამოტენილი,

რომლებიც ვედროდან წითელ საღებავს გასხამენ.

მართლა საღებავს? ამასაც მიხვდება,

ბევრი კი არაფერი,

მარჯნით რომ ყური გაიხვრიტოს...

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE