პალატაში ისეა როგორც ჩიტის ბუდეში


პალატაში ისეა როგორც ჩიტის ბუდეში




მარიანა კიანოვსკა უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი და მთარგმნელია. დაიბადა 1973 წელს ლვოვის ოლქის ქალაქ ჟოვკვაში. დაამთავრა ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ლვოვში ცხოვრობს და მუშაობს. ავტორია პოეტური კრებულების: "ინკარნაცია" (1997), "სონეტთა გვირგვინები" (1999), "მითშემოქმედება" (2000), "სიყვარული და ომი" (მარიანა სავკასთან თანაავტორობით, 2002), "ადამის წიგნი" (2004), "ჩვეულებრივი ენა" (2005), “373” (2014), მოთხრობების წიგნისა "მდინარისპირა ბილიკი" (2008) და სხვათა. თარგმნის პოეზიას პოლონურიდან და რუსულიდან. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, პოლონურ, სერბულ, სლოვენურ, რუსულ და ბელარუსულ ენებზე. ლაურეატია ნესტორ ჟამთააღმწერლის სახელობის ლიტერატურული პრემიისა (2006) და პოეტური ფესტივალის “კიევსკიე ლავრი” (2012).

 

 

***

მძივი გაწყვიტა სიკვდილმა და

გაფანტულ მარცვლებს

ისე აგროვებს

როგორც თავებს

გახვრეტილს ტყვიით

 

 

ორი ლექსი, მიძღვნილი მილოშისადმი

 

1.

საწყისი ალაგი რომ ყოფილიყო

მხოლოდ ალაგი

 

არა რუკაზე აღნიშნული -

თავისთავადი

 

და არა ათასი ფოტოსურათი

სახეებით თუ მათ გარეშე

 

და ის რაც წიგნების შუაგულშია

ქარი და თოვლი

ზეთისხილი და ლიმონი

ყავა და ღვინო

რომ არ ტოვებდეს

ლაქებს ვთქვათ კანზე

ან ჩრდილივით

ქვაფენილზე არ ეცემოდეს

 

და წარსული რომ ყოფილიყო

მხოლოდ წარსული

ანდა არამხოლოდ წარსული

 

შეძლებდა პოეტი ყოფილიყო

მხოლოდ პოეტი

ანდა არამხოლოდ პოეტი

 

2.

ამოდის ჩადის

ამოდის ჩადის

ამოდის ჩადის

 

გაუთავებლად

 

სიკვდილი ვით მზე

ლექსებშიც და ლექსების მიღმაც

 

გონის ჩიტი კი

 

არც ბუდეშია არც გალიაში

 

არც ყურშია არც თვალშია და არც ხელშია

 

შუაშია

სადღაც შუაში

ძალზედ შუაში

 

და დადის დადის

არ ძალუძს ფრენა

წამოიწევა ისევ ჩაჯდება

 

გაუთავებლად

 

 

***

პალატაში ისეა როგორც ჩიტის ბუდეში

სიმყუდროვეა არ ქრის ქარი ბნელა ხის წებოს

სუნი ტრიალებს

ანგელოზთა ფრთებით მჟღავნდება

სახლში ნივთების ხასიათი მოულოდნელი

ხელის ტკივილი კვამლისაგან ყელის ტკივილი

ტკბილიც და მლაშეც როგორც სისხლი

გაჟონა შუქმა კოცონისა

ჯერ ქსოვილში მერე კი კანში

ვისაც არ სძინავს ცდილობს ისუნთქოს

იკუმშება ფილტვების ფრთები

 

ხვალე ვიღაცას

მიეყინება შუქი ტუჩებზე

თვალის გუგებზე

 

ახლა კი ქვათა მოგროვების ჟამი დამდგარა -

მკვდარი ცოცხალმა

თავისი ტანით უნდა გაათბოს

 

ასწავლოს ფრენა

 

 

***

უდაბნო, მშიერი თავებით ქვიშის.

 

დამშეული თავებით, მოსეს ზურგსუკან რომ მიგორავენ

 

ისე დიდხანს, რომ

უკვე ბავშვები

და ამ ბავშვების ბავშვებიც კი იბადებიან,

გამხმარ პურთან დაწყობილი

თევზი კი ხმება.

 

ხოლო ცის ქვეშ, ზედ მზის გულზე

რომ  დაიყარა,

იმ გამხმარი ძვლების ფიჩხისგან

ტყე იზრდება უზარმაზარი.

 

ვინაიდან უფლისაა ეს უდაბნო

 

ის არ უშვებს

და ეშვება

 

ზოგიერთ თავზე,

გამომხმარი

რომ მიგორავს

ცის კაბადონზე

 

ოქროს ქვიშა

ცოცხლადაა

გაფანტული.

 

აღთქმული უდაბნო

შიშვლების არის და

დამშეულების.

 

 

***

ცული ვარ ხეს რომ ჩეხს

 

რამეთუ ხეცა ვარ მე და რკინაცა ვარ

 

ვისაც ვკლავ

ხორცი ვარ იმისი ხორცისა

 

იქნება იარაღი?

იქნება ქაღალდიც

 

და ლექსი ქაღალდზე

რკინა და ხე

 

და ხე

და ცული ლექსისა

 

 

***

ზღაპარს მოგითხრობ  გოგონაზე

საქორწინო ბეჭდით ხელზე - მარცხენაზე -

რომ დადიოდა და ტიროდა დროგამოშვებით

უფრო ხშირად კი უბრალოდ დადიოდა

სახურავებით ვიადუკებით

ამოსუნთქვებით

ხელისგულებზე გაცილებით აბრეშუმივით ზედაპირებით

 

სწორეთი და კონუსისებრით

და ამოთქვამდა მზეს

 

მოგიყვები

რათა შენ მას არ აწყენინო

 

ჩამარხულო იმ ამფორასავით

მოცეკვავე გოგოს ფიგურა რომ ახატია

 

 

***

ეს პირველად გალისიური

პატარა ქალაქის კიდეზე მოხდა

მეტისმეტად დატკბილული

აღმოჩნდა ყავა

 

შენ შემეკითხე

რომელ საათზე

აყვავილდა

 

ეს ვაშლის ხე

მე არ ვიცოდი

 

ამის მერე ზოგჯერ

კვლავ და კვლავ

მეკითხებოდი

 

რომელ საათზე

ხოლო მე კი ვიფიცებდი

 

რომ არ ვიცოდი

 

არაფერი

გარდა ყავისა იმ საღამოთი

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE