150 000 მეგაჰერცი (პოემა)


150 000 მეგაჰერცი (პოემა)




შესავალი სიტყვის  მაგივრად

 

ინსტრუქცია N 16: რა არის დღეს ჩემთვის პოეზია?  


1. ალბათ, ყველა ის მნიშვნელოვანი ნიშანი და კონცეფცია, რაც გადაურჩა ვერბალური სამყაროს წნეხს, სიტყვის დიქტატურას, რომელიც პირველწყაროა პოლიტიკური და სხვა ტიპის დიქტატურების.
2. როდესაც შედიხარ ძველ ბიბლიოთეკაში, წიგნთსაცავში, ან, სულაც, გამოაღებ წარსული საუკუნეების წიგნის კარადას, შეგეფეთება სასიამოვნო სურნელება, რომელსაც გამოსცემენ უცნობი და ნაცნობი წიგნები. გადაფურცლავ ერთ-ერთ გადაყვითლებულ წიგნს და უცბად აღმოაჩენ მასში დაბინავებულ-ჩასახლებულ ყავისფერ ხოჭოს და თუკი ბედმა გაგიღიმა, შეიძლება, ასეთი მწერების მთელ დასახლებასაც წააწყდე. ისინი არამარტო ცხოვრობენ სქელტანიან ტომეულში, არამედ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არსებობენ ამ წიგნის მასალით. მათ შესანიშნავად იციან ყოველი ასოს და სიტყვის გემო, მაგრამ არასოდეს გაუსინჯავთ ნამდვილი ლიტერატურა... ისინი არიან სიტყვის დაუღალავი მუშაკები, ლაბორანტები. სხვაგვარად მე მათ სიტყვის მწერებს ვუწოდებ. ზოგჯერ ეს უცნაური არსებები ფრანც კაფკას ნაწარმოების პერსონაჟს მაგონებენ რაღაცით. ერთ დროს ზოგიერთ მათგანთან მე ვმეგობრობდი კიდეც, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქცნენ ტექსტის ყავისფერ და საქმიან მძევლებად.
3. და მაინც, რა არის პოეზია, უფრო სწორად კი, ის პარალელური პოეზისი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ? პირველ რიგში, ეს არის: ლინგვისტური ძალადობისგან, დრამატურგიული ჩარჩოებისგან, შემთხვევითი ხმაურისგან გამოთავისუფლებული ხმა, ენერგია, იდეა, რომელსაც არასოდეს ჰქონია და არა აქვს პირდაპირი კავშირი ვერბალურ ნიშნებთან და ამ ნიშნებისგან ხელოვნურად შეკოწიწებულ კულტურებთან. ის, რასაც კოლეგა-ლიტერატორების უმრავლესობა ჩვეულებისამებრ პოეზიას უწოდებს, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, გარდა პოეზიის შესახებ საუბრის წამოწყების მცდელობისა და ეს მცდელობა ალბათ მცდელობადვე დარჩება, თუ არ გავაგრძელებთ ამ თემაზე აქტიურ რეფლექსიას.
4. პარალელურ პოეზიას არ გააჩნია სტატიკური ბუნება, ისევე, როგორც ნებისმიერ ელემენტს და მოვლენას მოცემულ სამყაროში, იგი აღსავსეა ნამდვილი და არა წარმოსახვითი ცეცხლით, აღსავსეა ხმების გუგუნისგან აგებული უხილავი ბარიკადებით და ქალაქის ქუჩებში სახელდახელოდ აყრილი ქვაფენილისგან აღმართული ამბოხის მოუხელთებელი ესთეტიკით...
5. მუდმივად ცვალებადი ეგზისტენციალური ქაოსიდან იბადება პოეზისი --- მოწინავე იდეების და მღელვარებების ინსპირატორი, ის ანიჭებს რევოლუციებს არისტოკრატიულობის ნიშანს და განსაკუთრებულობის შეგრძნებას, რის გარეშეც აზრს ჰკარგავს ნებისმიერი განახლებისთვის წამოწყებული პოლემიკა და ბრძოლა...
6. მე ვეცდები, ვისაუბრო თანამედროვე პოეზიის იმ კონცეპტუალურ ნიუანსებზე, რომლებიც არამარტო მნიშვნელოვანს ხდიან ჩემთვის ახალ პოეტურ ენას, არამედ მკვეთრად გამიჯნავენ მას სხვა კატეგორიის ლიტერატურული ტექსტებისგან. ამ თემის საილუსტრაციოდ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი პოემა, სახელწოდებით "150 000 მეგაჰერცი", რაც  გახლავთ  ვერბალურ ცნობიერებაზე ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების  ერთგვარი შედეგი. ტექსტის დიდი ნაწილი შეგნებულად კონვენციურ ფორმაშია მოქცეული , ეს მაძლევს საშუალებას, როგორც პოეტს და დეკლამატორს, უფრო მოხერხებულად და მარტივად გადმოგცეთ მოცემულ თემაზე ჩემი კონცეპტუალური მოსაზრებები და ცალკეული განცდები...

 

 

 

 

“150 000 მეგაჰერცი"

 

 

ნუთუ არ გესმის ძველ ხმაურში ნაბრძმედი ხმები

ამ სიმშვიდეში მომხიბვლელთა

დამპურებელო?

დღემ მოიმატა,

ღამემ იკლო,

იისფერ მელნით

ვსვამ უხმაუროდ

პოეზიის ძველ სადღეგრძელოს…

 

შეაშრა სიტყვა უკოცნელი

ქალწულის ბაგეს

თითქოს თვალებზე მას ნახანძრალ

თეატრის ფარდებს

აღგზნებით ჰკიდებს

ახალბედა მუშაკი ლექსის…

 

ზღურბლზე მომდგარ მზეს

უჩინარი მგზავრის აქვს

მზერა,

ჩემს გულის ხმაურს

გადააქცევს ის ბგერის ზვირთად,

ვიღაცას ისევ ამ სიტყვების შემორჩა რწმენა,

მე

დუმილს ვარჩევ,

უფრო სწორად,

ჩემს სათქმელს ვიცავ.

 

 

ენაზე, თითქოს, როგორც სცენას

აკრავდა მჭიდროდ

სიტყვის მუშაკი

ნახანძრალი თეატრის ხავერდს…

მძლავრ ყელის ძაბრში იწნეხება ხმა განაბრძმედი,

ცალკეულ ასოს,

მისხალ-მისხალ,

თითეულ პწკარედს,

ისრუტავს ხარბად ყურთასმენა გაუმაძღარი,

თუ კოცონს თავში არ დაანთებს, გამოწვავს შიგთავსს,

ფიქრის თაროებს მუსრს გაავლებს

ბგერა მარადი,

სიტყვის მწერს რაღაც სათქმელი აქვს,

ცდილობს, რომ მითხრას,

მაგრამ ჩემამდე არ უშვებენ მას კარადები…

 

ძველ კარადაში ვერ იპოვი პეპლების ბუდეს

აქ

ჩოხის კალთებს

იბერტყავენ,

კოხტად

ჩრჩილები,

აქ

სურნელოვან ესენციას

ხმაურში ურევს

ხელგაწაფული მეჩუქურთმე,

სიტყვის მრჩილავი,

ის აწყობს მჭიდროდ

ვიწრო მჭიდში

დუმილის ტყვიებს,

სიტყვის მაყუჩით რომ დახვრიტოს ბგერა გამჭოლი,

ვერაფერს იტყვი, როცა ტყვია მსგავსია სიტყვის,

მიზანში ისვრის ცალკეულ ზმნას

ტექსტის მჩხიბავი…

 

...

ხახვს ბევრი შრე აქვს - ამბობს პირი და ეძებს ახალს,

რომ შემოაფცქვნი ტანისამოსს,

გაჩნდება ფორმა,

უჩინო ფრაზას აქცევს თეზად

და ახლის ხახას

ფერი და გემო უსასრულოდ გაფცქვნილი ხახვის,

ხახვს

ბევრი შრე აქვს, ამხანაგო,

სუნი და გემო,

საკეპ დაფებზე დანის პირით ვამზადებ პასუხს,

ვჭრი დაუნდობლად

ფენა-ფენა

მდუმარე ასოს

რომ აღსარების მოსმენისას

მივიღო ბგერა

 

...

მე ყოველ დილით გამოვდივარ სახლიდან გზაზე,

სადაც სიტყვების კორიანტელს ვადევნებ თვალყურს,

არ ვსდევ მშვიდ ცაში გაკიდებულ ცარიელ ფრაზებს,

უბრალოდ ვეძებ ამ ხმაურში კონკრეტულ პასუხს.

აი, თოფი თუნდაც, აზრდაცლილი სიტყვაა მხოლოდ,

ტყვია კი სიტყვა, ჩაკირული მცირე მასრაში,

ხედავ, ფოლადით გადაძეძგილ უძირო კოლოფს?

წამში დაანთებს მისთვის კოცონს ეს ნაპერწკალი,

თოფის სასხლეტზე რომ გამოჰკრავ თითს

ფიქრის ბოლოს.

 

...

ხელზე განტოტვილ ცალკეულ თითს

აქვს თავის ჯერი,

მჭევრმეტყველება იბადება

ბგერის სისწრაფით,

რაც იყო ხელი

უცაბედად იქცა ხის ძელად,

ძელი კი გრძელ გზად,

სადაც სვლა-გეზს განსაზღვრავს

თითი,

ქვევიდან ზევით

როგორც ანძა

აწვდილი

ცისკენ!…

 

...

კაციც და ქალიც სიტყვებია,

მათ შორის მანძილს

სიჩუმე ავსებს

დანაღმული სურვილის წრედში

და კონკრეტული მოქმედება

მათ სახელს აზრს სძენს,

რაც კაცს ხდის კაცად

ქალსაც ის ხდის სიტყვის ტანსაცმელს…

 

...

ვის შესწევს ძალა განასხვაოს თვისება ბგერის,

რომელიც სიტყვას, როგორც ფიჭას, თაფლით აავსებს,

ის რა სიტყვაა, თუ ვერ დასცლი ზარბაზნის მსგავსად,

ის რა ბგერაა, თუ სიჩუმეს თავს ვერ წააცლის!…

 

ვით ცეცხლის ცეცხლით დამთრგუნველი

ფარეში ცეცხლის

კოცნიდან კოცნას

ისე, როგორც

ცხელ კოცონს კოცნით

ბაგეში ვაქრობ,

უხანძროდ

უხმოდ

აღტაცებულ ცეცხლოვან კოცნას

ვპასუხობ კოცნით,

ამას რომ ვამბობ,

პოეტები

მზის დაფდაფს სცემენ,

ცხელ სხივებს, როგორც ვაზზე წალამს,

ბგერებით სხლავენ,

ვით ვენახს ირგვლივ სარეველა,

მოედო მწერი

მკვდარი სიტყვებით გადაპენტილ

ლექსების ბაღებს…

 

...

ბგერები, რომლებიც არ იქცნენ მძევლებად

ბაგედან ბაგეში

ანთებენ

ცეცხლსსს!

სიტყვით ვერ დაახშობ ხმას

ცეცხლით ვერ ჩააქრობ

ცეცხლსსს

სიტყვით ვერ დაახშობ ხმას

ცეცხლით ვერ ჩააქრობ

ცეცხლსსს

სიტყვით ვერ დაახშობ ხმას

ცეცხლით ვერ ჩააქრობ ცეცხლსსს...

 

როდესაც სიტყვები ალისფერ კოცნებით

აღძრავენ

ბაგეში

ხანძარრრს,

ნუ აქრობ ცეცხლს

ცეცხლით!

ნუ აქრობ ცეცხხხლს

ცეცხლით!

ნუ აქრობ ცეცხლს

ცეცხხხლით!

კოცნიდან კოცნას

ისე როგორც

ცხელ კოცონს კოცნით

ბაგეში ვაქრობ…

 

სიყვარულის სიყვარულით დამთრგუნველო,

უკან წაიღე ზღაპარი შენი,

დე, იყოს ვნება შენი,

მე დამანებე ჩემი ნება,

მიყვარდეს ყველა განურჩევლად

ღვაწლის და ქისის,

ფერის და წონის,

რჯულის და წესის,

რომ გადავზილო ერთმანეთში

წყალი და მიწა,

რომ გავურიო წყალს და მიწას

ღვინო და ცეცხლი…

სიყვარულის სიყვარულით დამთრგუნველო,

უკან წაიღე სიმღერა შენი,

დე, იყოს ვნება შენი,

მე დამანებე ჩემი ნება,

ბგერა და სიტყვა…

 

 

 

 

 

ნაწილი 2

 

 

მე გადამქონდა პაპირუსზე

შენი ბგერები

გადამქონდა თიხის ფირფიტებზე

რენტგენის ფირზე გადამქონდა

აკრძალული ხმები

შენი

როცა ფოლადის ცხელი ნემსით

გადავდიოდი

ერთი ხმოვანი ბილიკიდან მეორე ბილიკზე

როგორც ხმაურში ამოსვრილი ტყავის ჩექმებით

გადადიოდნენ დეზერტირი ჯარისკაცები

თოფის ხიშტებით გადაჩხვლეტილ ნელთბილ გვამებზე…

მიწა კი ბრუნავდა გრამოფონების ღერძების ირგვლივ

მიწა კი ბრუნავდა სტერეოფონების ღერძების ირგვლივ

ბრუნავდა ნელა

როგორც ბრუნავს ბრინჯაოს დისკო

ძველი საათის

კედლის საათის

ზამბარებით დაჭიმულ მკერდში…

 

ნუთუ არ გახსოვს

როგორ გადამქონდა ვინილის ფირფიტებზე

შენი სურვილები?..

როგორ ამომქონდა

შენი ხმამაღალი ოცნებები

ფოლადის და ალმასის ნესტრით

წმინდა

ბგერები

რომლებსაც

ვაცლიდი

სიტყვებს

როგორც ყასაბი აცლის ნედლ ხორცს

დეკეულის ძვალს,

მე ამომქონდა ცხელი ბგერა

თითო სტროფიდან

თითო პწკარიდან

კუპლეტიდან

თითო ასოდან

ალმასის ნესტრით დაუნდობლად ვცრიდი შენს სმენას

შენს სუნთქვას ვცვლიდი

თითქოს საფენს უცვლიან სნეულს

ისე გაცლიდი თვალებიდან ლიბრს უმეცრების.

 

ხმების ჩამწერი სტუდია კი არა,

გალაქტიკებს შორის გადაჭიმული

ჰამაკი ვარ მეგობარო,

რომელიც ხაზავს უსასრულო ტრაექტორიებს,

თვალით უხილავ სიგრძედებს და განედებს შორის,

და ჰკრეფს გზადაგზა ცხელ ვარსკვლავებს,

როგორც ყვავილებს,

და წელზე ირგებს ნორჩ პლანეტებს,

როგორც ჰულა-ჰუფს…

 

ამოდის ეს მზე,

უფრო ზუსტად,

მზე არის რაში,

ორი საწყისი ერთ მზერაში

განზავდა უცბად,

დავდივარ, როგორც მოციქული უცხო ქალაქში,

ვფანტავ ბგერებით გადაპენტილ თაბახის ფურცლებს…

 

ბანალურად ჟღერს, როცა ვამბობთ:

“რაშები მიჰქრიან მზისკენ!”

მაგრამ როდესაც მზე ამოსავალს ჰპოულობს რაში,

ეს იმას ნიშნავს მეგობარო, რომ

ჰელიოპოლისიდან  თბილისამდე

გაბმული მზერა

დიდი სისწრაფით აქანავებს ეთერულ სხეულს

გუშინდელი და მიმდინარე სიზმრების ზღვარზე,

და გაქანება საქანელის მზის ჩასვლას უდრის,

ამოქანება აღმასვლაა მზერაში ამ მზის…

 

...

რა არის ეს მზე, თუკი შესძლებ ამ გზაზე გავლას

თუ შენი გული და გონება განსაზღვრავს სვლა-გეზს,

შემოგატარებ ჩემთან ერთად უამრავ ტრამალს,

გადაგაქანებ გაგაქანებ სიტყვების თავზე

საქანელიდან

თუ გაუძლებ ნაბეჭდ ქალაქებს…

 ...

კვლავ ცის ჰკიდია კიდეს,

ის, რაც ქანაობს კიდევ,

თითქოს გაუქმებულ საბავშვო მოედანზე მოქანავე,

რაც აქანავებს წინ და უკან ზმუილით ფრაზას,

როდესაც ერთი გაქანება გვჩუქნის

გზადაგზა

ერთად ორ ცხედარს,

დღეს და ღამეს,

ორ მწკრივ ჭრიალში

ამბობენ უტყვად

საკუთარ სათქმელს,

თავაწყვეტილი,

მხიარული სახრჩობელები…

 

რომ გამოვგლიჯო პოეზია უცვლელ რუტინას,

პირს ვაღებ ფართოდ,

ვაფჩენ ზანტად ხმების მაღაროს,

წამში გააცლის მძიმე სიტყვებს თავს გილიოტინა,

იასამნისფრად გადადღაბნის ქათქათა საწოლს…

 

თუ მეტყვით მიზეზს,

კვლავ ავჭედავ ცას ვარსკვლავებით,

დიდოსტატობას არ სჭირდება

მეხანძრის კიბე,

საქანელიდან მოვისროლე შორს გასაღები,

რომელიც აღებს ნებისმიერ კარების კლიტეს…

 

...

ქარი კი ღმუის ხმების მწყემსი

კლიტის ღრრრიჭოში

ღღღღღღმუის

როგორც ღუმელში ისე ღმუის

ქშენსსს

ისე როგორც

ბაგე ბაგეში

ქშშშენსსს

ბაგეში ბაგე

ისე ქშშშენსსს როგორც

ქარი მრავალ ხმაზე

კოცნით ნაწრთობი ვარდისფერი ბუხრების ყელში ქშენსსს

თითქოს ხარი ქშშშენსსს

ბაგეში ბაგეს

თითქოს ღმერთი

ქშენსსს…

 

 

რამდენიმე განმარტება პოემისთვის

 

1. მრჩილავი — მცირე ზომის ლითონის ნაკეთობების

შემდუღაბებელი, სამკაულების ხელოსან-გამფორმებელი…

 

2. მჩხიბავი — მკითხავი, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმბაში…

 

3. რენტგენის ფირებისგან გამოჭრილი ფირფიტები  —

აკრძალული თემა ყოველთვის ეროტიკულად გამოიყურება,

მით უმეტეს, საინტერესოა გასაიდუმლოებული ობიექტის

გაშიშვლების პროცესი, როდესაც მისი ძვლებამდე განძარცვული სხეულიდან შემეცნების ბასრი ნემსით ცდილობ, ამოიკითხო

ჩამტვრეულ თავის  ქალაში ჩაჭედილი ან გაბზარულ ნეკნებს შორის გაჩხერილი, ბხხხრინწგარეული როკენროლის რიტმები,

როდესაც ათასობით დალეწილ ლავიწის და მენჯის ძვლებზე

გადაივლი ტანკივით, რომ მოისმინო ალმასის ნემსით ვნებული

ჯაზის და როკის წამებულთა საკრალური ხმები…

                                    

ასე იწერდნენ ტაბუდადებულ კულტურას იატაკქვეშეთში

მამაცი ადამიანები, იწერდნენ ერთობ უცნაურ მასალაზე,

გამოყენებულ, გამჟღავნებულ რენტგენის ფირებზე და ავრცელებდნენ მას,

გრამოფონებით და სტერეოფონებით შეიარაღებულ ცნობისმოყვარე საბჭოთა ხალხში…

 

4. რა — მზის ღმერთი ძველ ეგვიპტეში

 

5. ჰელიოპოლისი — ქალაქი ძველ ეგვიპტეში, მზის

ღმერთის, რას მთავარი   საკულტო ცენტრი.

დიოდორეს მიხედვით ჰელიოპოლისი მზის ღმერთის,

ჰელიოსის ერთ-ერთმა ვაჟმა დააარსა.

 

6. თბილისი —  დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი წლისაა. 1500 წელზე

მეტია, რაც საქართველოს დედაქალაქია.

ხასიათი —  დაუმორჩილებელი, ამბოხების ნამდვილი

არისტოკრატი…

რამდენიმე  საუკუნის  განმავლობაში  იყო დამოუკიდებელი

ქალაქ-სახელმწიფო, ადრეულ შუასაუკუნეებში

თბილისს უხუცესთა საბჭო განაგებდა. ეს თბილი და

თავისუფლებისმოყვარე ქალაქი სრულებით იმსახურებს ამ

განსაკუთრებული სტატუსის დაბრუნებას, ისევე, როგორც

თავისუფალი მოქალაქეების მიერ არჩეულ ღირსეულ

ქალაქის თავს…

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE