ვაჟა გიგაშვილი - სხვა სიუჟეტების მხედველი


ვაჟა გიგაშვილი - სხვა სიუჟეტების მხედველი




ისინი ერთად მოვიდნენ, გამორჩეულები, მაძიებლები, მეამბოხეები. ვიღაცისთვის შეიძლება ერთმანეთსაც ჰგავდნენ - სხვანაირად მოლაპარაკეები, სხვანაირად ჩაცმულები, სხვა სიუჟეტების მხედველები. თითქოს შეგუებულ, დროს და შიშს მორგებულ 60-იანებში რთული იყო ასე „მოსულების“ მიღება.

დღეს, როცა გურამ რჩეულიშვილის, ვაჟა გიგაშვილის ან იმ თაობის სხვა მწერლების წიგნებს კითხულობ, ხედავ, როგორ იცვლებოდა მწერლობა - როგორ იცვლებოდა სიუჟეტები და იცვლებოდნენ მთავარი გმირები, რომლებიც მარტო „გმირულად“ კი არა, „ადამიანურადაც“ იქცეოდნენ! ისინი წერდნენ მთაზე, ქალებზე, ნადირობაზე, სოფელზე, ახალგაზრდებზე, ქალაქზე, სიკვდილზე - სხვანაირად წერდნენ. იმასაც ხედავ, როგორ შეცვალეს მწერლობა ისე, რომ დღესაც, ზოგჯერ ახალ ავტორებშიც კი, „კითხულობ“ მთაში მოხეტიალე, მძიმებათინკებიანი ბიჭების სტილს.

ვაჟა გიგაშვილი ახლაც, 80 წლის ასაკშიც, ისეთივე მხედველი და მაძიებელია, როგორიც მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ. მხატვარი, არქიტექტორი, სცენარისტი, მწერალი, რედაქტორი, მონადირე, ალპინისტი, მოგზაური - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მქონე მწერალი 12 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორია; გამოცემული აქვს წიგნები -  „ნადირობა ჩონ-ტაშში“, „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“, „თბილი ლოგინი და ცივი ღამე“, „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს“, „დღე და ჟამი“ და სხვა. ვაჟა გიგაშვილი ბევრს არ წერდა. თუმცა რაც დაიბეჭდა, ის ყველაზე „ნაღდი თავგადასავლებია“ - ქალაქისა და მთის, თავზეხელაღებული მონადირეების, მარტო დარჩენილების - ბრძოლის, მეგობრობისა და გაუცხოების ნამდვილი ამბები!

 

შეუთავსებლობა და ნდობის გაკვეთილები

 

ვაჟა გიგაშვილი ამბობს, რომ მისი ნაწარმოებების მაშინდელი გმირები ისეთივე გაორებული და ამრეზილები არიან, როგორებიც თავად იყვნენ, დიდი სიყვარულიც რომ შეეძლოთ და დიდი სისულელის ჩადენაც. მაქსიმალისტები და შეუგუებლები, ამავე დროს ნდობის და სიყვარულის უჩვეულო მაგალითების მნახველებიც არიან:

„ადამიანი გიყვარდებოდა, უდიდეს პატივს სცემდი და თან ვერ ურიგდებოდი მის მონობას. მონასავით ემორჩილებოდა ვიღაც ცეკას მდივანს. გონებამახვილი კაცი, საყვარელი, ნიჭიერი და ამ დროს მომენტი რომ დადგებოდა, მონა ხდებოდა. შიშის, რა თქმა უნდა, შიშის გამო. თავიდან ბავშვი ამას ვერ ვხედავდი, მერე უკვე გავიგე, რომ მოკლეს ჩემი ძმაკაცის, ვახო მიქელაძის მამა, მოკლეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, დედაჩემის საყვარელი მასწავლებელი - ვახტანგ კოტეტიშვილი, დახვრიტეს ჩემი უფროსი დეიდის, ფაციას ქმარი, რეზო ჩხეიძის მამა, დია ჩიანელი. მაგ დროს მამაჩემმა წამაკითხა დამალული წიგნები, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, სხვები. ყდები ჰქონდა გამოცვლილი. მენდო, რა, მეცხრეკლასელ ბიჭს მენდო. სკოლას რომ ვამთავრებდი, მერე უკვე გარკვეულები ვიყავით რაღაცებში. თუმცა ჩემს თავში ვერაფრით ვერ მორიგდა ეს გაორება, ეს შინაგანი შეუთავსებლობა, რომელსაც ვერაფრით გადაჭრი. ლაწირაკები ვიყავით, მაქსიმალისტები და ეს დიდხანს გრძელდებოდა.

არავინ ჩარეულა ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ გავბედე და ბიძაჩემს, დემნა შენგელაიას მივეცი ჩემი ნაწერი. დაიდო ეს ჩემი ტექსტი და პირველივე ფრაზიდან ასწორა და ასწორა. თან სულ მასწავლიდა, ეს სიტყვა ასე კი არა, ისე დაწერეო. მივხვდი, რომ საერთოდ არ გაუგია, იქ რა ეწერა. ჰოდა, გავანებე თავი, აღარც მიჩვენებია მერე მისთვის. მამაჩემისთვისაც კი აღარ მიჩვენებია. ძმაკაცებმა იცოდნენ მარტო, რომ ვწერდი. გურამი იყო ხოლმე პირველი, ვისაც ვაკითხებდი, მერე მიშკა ნანეიშვილი და მერაბ გაჩეჩილაძე კითხულობდნენ. ერთად შეზრდილები ვიყავით.

ჩემს სამეგობროში მე და გურამი ყველაზე ახლოს ვიყავით. ვწერდით! გურამი იტყოდა, „წავიდნენ, მაგათი... ვინ დაბეჭდავს? არ დაბეჭდავენ!“ პირველად რაც დაბეჭდეს მისი მოთხრობებიდან, ნაკლებად მძაფრი იყო, მაგრამ იმ დროისთვის აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკითაც და სტილითაც. გურამი მალე დაიღუპა. გურამი ისეთი იყო, ვერც გაძლებდა დიდხანს. როგორ დაიბეჭდა იმ დროს მაგის ყველაზე მაგარი მოთხრობები, იცი? ძალით, ძალადობა იყო ეგ. ვახტანგ ჭელიძესთან მიიტანა ეს მოთხრობები. ჭელიძემ უთხრა, არა, მე ძალიან მომეწონა შენი მოთხრობები, ოღონდ სარედაქციო საბჭომ არ მიიღოო, დაიწუნესო. წავიდა ეს გურამი და ყველას ჩამოუარა სათითაოდ, ამ საბჭოს წევრებს. ყველამ უთხრა: მე ძალიან მომეწონა, მაგრამ დანარჩენებს არ მოეწონათო. ჰოდა, მოვიდა და ბოლოს ისევ დაადგა თავზე ვახტანგ ჭელიძეს! აი, ასე, ძალით დააბეჭდინა. ოღონდ ეს ნომერი რომ გამოვიდა, გურამი უკვე დაღუპული იყო. იმ წელიწადს მოხდა ეს. რატომ ვთქვი ეს, იცი? ვერ გაძლებდა გურამი, ამაში ვერ გაივლიდა. ესეც რაღაცნაირი ბედისწერა იყო.

ბევრჯერ მიხსენებია გიორგი შატბერაშვილი. ეს იყო შესანიშნავი პიროვნება. თვითონაც ლიტერატურის გამო იყო დაპატიმრებული. 1957 წელს, მასთან, „ცისკარში“, მე და გურამმა მოთხრობები მივიტანეთ. ერთ-ერთი იყო „დღე და ჟამი“. ამ მოთხრობის გმირი „ამოვარდნილი“ კაცია, ამრეზილი, გაორებული. შატბერაშვილმა მაშინვე „ჩაავლო“ ამ ჩემი გმირის ხასიათს და მითხრა, რომ მოეწონა, დაწვრილებით გამირჩია, რა და როგორ მოეწონა, მაგრამ ამის დაბეჭდვა არ შეიძლებაო, ეს საშიში იქნება იდეოლოგიისთვის, ეს ხასიათი გადამდები შეიძლება აღმოჩნდესო. 20 წლის ლაწირაკს მენდობა და ამას მეუბნება კაცი, რომელიც ციხეში იჯდა და რომელმაც არ იცის, რა მიტრიალებს თავში, სად რას წამოვროშავ. ეს იყო შატბერაშვილის გაკვეთილი, ადამიანურიც და მწერლურიც. მაგ კაცის დიდი პატივისცემა მაქვს დღემდე. იქიდან ისეთი გახარებული წამოვედი, თითქოს დაბეჭდვაზე არც არავის ეთქვას უარი.

მერე დაიწყო ეგრეთ წოდებული Оттепель, დათბობა. გაცილებით გაადვილდა ყველაფერი, უკვე ის სწორხაზობრივი და იდიოტური ზეწოლა სირცხვილად ითვლებოდა. მეტ-ნაკლებად შეიცვალა რაღაცები. 1970 წლიდან ჩემი ბეჭდვაც დაიწყეს, მერე ძველი მოთხრობებიც კი დაიბეჭდა, აი, ის, შატბერაშვილთან რომ მივიტანე. აშკარა წინააღმდეგობა აღარ იყო. გიტანდნენ, რა, ხანდახან.

მე არ მიმქონდა ხოლმე დასაბეჭდად. ერთხელ გურამ გეგეშიძემ წაიღო „მნათობში“ ჩემი მოთხრობები, იქ უთხრეს, ეს დოკუმენტურია, ჩვენი პროფილი არ არისო. ჯანსუღმა და ოტიამ სტაცეს ხელი და თავისთან წაიღეს, მერე მაგარ რეკლამას მიკეთებდნენ, ახლა ისეთი რამე იბეჭდება ჩვენთან, „ცისკარში“, ქართულ ენაზე აქამდე რომ არ დაბეჭდილა და არ დაწერილაო. ასე დაიბეჭდა პირველად „ნადირობა ჩონ-ტაშში“. მერე მიჰყვა. გურამ ფანჯიკიძემ ისე დაბეჭდა ჩემი მოთხრობები, არც ვიცოდი, დოჩანას მიუცია, გურამ დოჩანაშვილს. ერთი მოთხრობა ვოვა სიხარულიძემ მიიტანა“.

 

ცხოვრება ეპიზოდებში - მხატვრობა, ალპინიზმი, არქიტექტურა, კინო

 

ვაჟა გიგაშვილი ბავშვობიდან ხატავდა, ძალიან კარგად. თუმცა ერთ დღესაც „აიჭრა“ და ყველაფერი მიაგდო. მონადირეებს გადაეკიდა და ყველაზე გადამწყვეტი ერთი წელი მთებში და ნადირობაში გაატარა. ამიტომაც მხატვარი ვეღარ გახდა. თუმცა, როგორც ახლა იხსენებს, ნადირობამაც და მისმა ახალმა პროფესიულმა არჩევანმაც დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში და განსაკუთრებით, მწერლობაში.

„კარგად ვხატავდი. ჯერ გრიგოლ მესხთან დავდიოდი პიონერთა სასახლეში, ძია გრიგოლთან. მე-7 კლასში რომ გადავედი, დედაჩემის დეიდის ქმარმა, მოსე თოიძემ წამიყვანა თავის სასწავლებელში. დავიწყეთ რენესანსით, რთულ ასლებზე მამუშავებდა, რაც საჭირო იყო ოსტატობისთვის და ნიუანსების გაგებისთვის. ჩემ გზად მხატვრობა ითვლებოდა ოჯახშიც და ჩემიანებშიც - აი, ამ გზას ადგას, რა კარგია, და ასე შემდეგ... ამიტომ მე რას ვწერდი, სულ ფეხებზე ეკიდათ. სკოლას რომ ვამთავრებდი, მოკვდა ეს ჩემი მოსე ბაბუ. ძალიან ავურიე, აღარ ვხატავდი. ერთი წელიწადი სულ სადღაც ვეგდე. იყო ერთი ასეთი პროფესიონალი მონადირე „ბელკა“, ყოფილი ფეხბურთელი ალიოშა ვორონოვი. იმათ კამპანიას შევეტენე. სულ სადღაც დავეთრეოდი. ჰოდა, სკოლას რომ ვამთავრებდი, ბიძაჩემმა დემნამ წამიყვანა აკადემიის მაშინდელ რექტორთან, სერგო ქობულაძესთან. ნახა ჩემი ნახატები და მითხრა, მხატვარი ხარ, მაგრამ გიმნასტი რომ იყო და ერთი წელი არ ივარჯიშო, შეჯიბრებას მოიგებო? უნდა აღადგინო მეცადინეობაო. მერე დავდიოდი ხოლმე ქობულაძესთან, ძალიან მაგარი კაცი იყო, მაგის დროს უმაღლესი კლასის იყო ჩვენი სამხატვრო აკადემია.

მამაჩემის მეგობარი იყო ლონგო სუმბაძე, კარგი არქიტექტორი... და იმან გვითხრა, არქიტექტურულზე ჩააბაროსო. ხუთიანებზე გავა ეგრევე ამისი ნახატებიო. ჩემთვისაც რაღაცნაირად უკვე სულერთი იყო. დავამთავრე არქიტექტურული. ოთხი წელიწადი ვიმუშავე ამ პროფესიით. შოთა ყავლაშვილთან ვიყავი თავიდან, მერე  ლადო მესხიშვილთან. მეზარებოდა ეს საქმე, მაინც სულ ლიტერატურისკენ ვიხრებოდი. მერე გადავედი ზურაბ წერეთელთან მხატვართა კავშირის სამხატვრო კომბინატში. ზურა იყო განყოფილების უფროსი, უცებ გაიჩითა. მაშინ მოხდა ისე, რომ ახალგაზრდებმა ჩაიგდეს ხელში რაღაც თანამდებობები, იქ უკვე დიდი შეკვეთები იყო, დიდი ფული. თავისუფალი რეჟიმი გვქონდა, არც ტაბელი, არც არაფერი. გაძლევდნენ შეკვეთას და ვადას. თუ გინდოდა, ორ დღეში დაამთავრებდი და თუ გინდოდა, ყოველდღე იმუშავებდი. მე კიდევ ეს გამოვიყენე - გავაკეთებდი, ავიღებდი ფულს და მერე სადღაც მივდიოდი. ხან სხვადასხვა ქალაქში, ხან ექსპედიციებში - ალპინისტურშიც და ეთნოგრაფიულშიც. ორი თვე მაინც მყოფნიდა.

ალპინიზმი ეპიზოდურად იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ალპინისტები მაგარ რამეებს აკეთებდნენ და მაგათთან ერთად ვიყავი ხოლმე ექსპედიციებში. ეგ ისეთი მიზიდულობაა, აზარტი, როგორც მანია. ალექსანდრა ჯაფარიძესთან ვსწავლობდი მთამსვლელობას „პიონერთა სასახლეში“. რასაც ალექსანდრა აკეთებდა, ეგ იყო „მიმართულების მიცემა“. იმ ბავშვმა, ვისაც ეგ წაიყვანდა მთაში, უკვე იცოდა, მისი სამშობლო რა იყო.

1970 წელს რეზო თაბუკაშვილმა კინოსტუდიაში გადამიყვანა. ჩამოაყალიბა მწერალთა გაერთიანება კინოსტუდიასთან. იქ იყვნენ მწერლები, რომლებიც სცენარებზე მუშაობდნენ. ამის შემდეგ საერთოდ შევეშვი სამხატვრო-არქიტექტურულ სამუშაოებს. მაშინ დაიწყო სწორედ ჩემი ბეჭდვაც.

ახლაც ფილმის სცენარს ვაკეთებ, კინოცენტრის ტენდერი მოვიგე. ეს იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. სცენარი რა არის, იცი? ის მაინც შეკვეთილია, „დავალებაა“ - თავიდანვე ასეთი მოცემულობაა. საკუთარი და თავისუფალი „ბოდიალი“ არ არის. დრამატურგიას თავისი კანონები აქვს, თავისი ვადა, დრო, განაწილება. მერე კიდევ ფილმის გადაღებისას იმდენი რამ ვლინდება ხოლმე. ზოგჯერ არის, ერთი მსახიობი „ჭამს“ ყველას და ყველაფერს. წიგნში ასე არ არის, თუმცა კინოში არის „გადახვევის“ მცდელობები, აი, საავტორო ფილმებს რომ აკეთებენ მაგარი რეჟისორები. ამოვარდნილია ამ კანონებიდან, მაგარი კინოა, მაგრამ ბევრი მაყურებლებისთვის არ არის. კინო კიდე ეგ არის, წარმოებაა. ისეთი პროდუქტი უნდა იყოს, მასობრივი. ჩვენთან, საქართველოში გადაღებული კინო თუ არ გავიდა სადღაც, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. პატარა ბაზარია. ადრე რომ იყო, ლვოვიდან ვლადივოსტოკამდე ყველგან აჩვენებდნენ, აღარ არის ეგრე. ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა უნდა გახვიდე ევროპის, აზიის და სხვა ბაზრებზე. რაც მთავარია, ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ყველა მოძრაობს - დადიან, ურთიერთობებს ამყარებენ, სთავაზობენ, აჩვენებენ. განსაკუთრებით კარგად ამას კინოს ხალხი ახერხებს. კარგია, აქედან ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვა“.

 

მწერლობა - კომერცია, ტრანსი და თავგადასავალი

 

ვაჟა გიგაშვილისთვის წერა ახლაც ნაღდი თავგადასავალია, რომელსაც წინასწარ არასდროს გეგმავს და არც ის იცის, სად და როგორ ატარებს ეს თავგადასავალი. რა შეიცვალა დღემდე, რა მოიტანა თავისუფლებამ, როგორია ეს თავისუფლება და როგორია თაობა, რომელიც თანამედროვე მწერლობაში მოვიდა?..

ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, კომერცია უფროა. მაგრამ ხომ ჩნდებიან ისეთი მწერლები, რომლებსაც გარღვევა აქვთ, ცნობიერებაში, ადამიანურ შესაძლებლობებში. მსოფლიო ავტორები არიან, მიუხედავად ამ კომერციისა. მთავარია, ჩვენ ამაში პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ. მთავარია, არ გაჩერდე, დაწერო, გააკეთო და იმწუთშივე თუ ისე არ დაფასდება, ამაზე არ უნდა იფიქრო. ჩვენთვის ენის ბარიერიცაა. რანაირად შეიძლება გაეჯიბრო იმ ენას, ნახევარი მსოფლიო რომ ლაპარაკობს, მაგრამ დროში ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს. უნდა ითარგმნოს უფრო მეტი, თორემ შენი ენის მიტოვება არ შეიძლება, მაშინ ვინ იქნები? აღარავინ არ იქნები!

ეს შემოქმედება კიდევ როგორი რამეა, ეს არ არის მიზანმიმართული თუ დაგეგმილი შრომა, არამედ არის აბსოლუტურად პირადი, ძალიან ინტიმური პროცესი, თავისუფლება. ნამდვილი შემოქმედება არის გაუთავებელი თავგადასავალი, რომელშიც შედიხარ და ყველანაირ განცდას იღებ. მაგაზე დიდ სიამოვნებას ვერაფრით მიიღებ, ვერც ნარკოტიკით, ვერც ქეიფით, ვერც სექსით, ვერაფრით... არიან მწერლები, რომლებიც სწორედ იმიტომ წერენ, რომ ფული აიღონ. ზოგისთვის კიდევ ტრანსივითაა და სულ არ აინტერესებს, მოხარშული კვერცხი ექნება თუ არა სახლში. მერე მოუნდება, რა თქმა უნდა, „ტრანსიდან“ რომ გამოვა, მაგრამ სანამ იმ მშვენიერ თავგადასავლებშია, არ აინტერესებს. ეს ორივე ჩანს ხოლმე ნაწერში. აი, მაგარ რაღაცას რომ ვკითხულობ, შემიძლია წარმოვიდგინო, რა სიამოვნება განიცადა იმის ავტორმა, როცა წერდა. ერთი შეხედვით, ეფემერაა, რომელსაც ხელს ვერ შეახებ, მაგრამ რეალურად გრძნობ, რეალურად გადიხარ.

ისე, დღესაც არიან ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ჯიუტად და გამწარებით ცდილობენ, კარიერაზე ზუსტად ისე იმუშაონ, როგორც საბჭოეთის დროს იყო. მაშინ ეგრე იყო - კარიერისთვის მუშაობდნენ. შედიოდა მწერალთა კავშირში, უნდა მოეპოვებინა რომელიღაც პრემია, გამოეცა რამდენიმე წიგნი და მერე ხდებოდა მდიდარიც. ასეთი „ორბიტაზე გასულებისთვის“ იყო საზღვარგარეთ სიარული, თარგმანები „საიუზში“. ახლა ვერაფრით მიაღწევ იმას, რასაც მაშინ აღწევდნენ. აღარ არის „დიდ ორბიტაზე“ გასულების დრო. დღეს მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე გასვლა ამდიდრებს მწერალს. აი, ხომ არიან სტივენ კინგი, პიუზო, ის ქალი, „ჰარი პოტერის“ ავტორი, როულინგი. უნიჭიერესი ქალია, რად უნდა ბევრი ლაპარაკი. სულ სხვანაირი ამბავია, სულ სხვანაირი მოვლენაა. მართლა იმისთვის დაწერა, რომ ბავშვები გაერთო და ეს ბავშვების გართობის მასშტაბი ძალიან გაიზარდა

ძალიან თავისუფალი გახდა დღევანდელი პროზა, როგორც შემოქმედების არეალი - საითაც გინდა, წახვალ. რაც გინდა, ის წერე, დასაბეჭდ ადგილსაც მონახავ. არის კარგი გამოცემები: „არილი“, „ლიტერატურული გაზეთი“,„ახალი საუნჯე“... ყველაფერი იბეჭდება. არის ინტერნეტი, რასაც გინდა, გამოაქვეყნებ. მწერლობა გახდა უფრო ინდივიდუალური. ახალ თაობას თუ გადახედავ, ძალიან ნიჭიერი ხალხი მოვიდა. მოვიდნენ ნიჭიერი ქალები. აქ უკვე შინაგანი კვლევაა, ძიება. აქ არ არის მსოფლიო ფერხულში ხელოვნურად ჩაბმა და მე ზუსტად ეგ მგონია ხელოვნების აზრიც. იმ შინაგანი ძიების შედეგი ბუნებრივად ხდება საერთო მიღწევის ნაწილი. ის, რომ თავიდანვე მასშტაბებზე გქონდეს გადარევა, არ გამოვა. შენ შენი სათქმელი თუ გაქვს, რაც შეიძლება ღრმა, რაც შეიძლება უცნაური, სხვანაირი, ის თქვი, მაგას მიაგენი და აღმოაჩინე. ეს თავის საქმეს, ადრე თუ გვიან, გააკეთებს. მარგალიტი ხო პატარაა, მაგრამ მაგას ვერც კუჭი ინელებს, ვერც ვერაფერი. შეიძლება სადღაც ეგდოს ძალიან დიდხანს, მაგრამ ის მაინც მარგალიტად დარჩება, თავისი ფასი ექნება. ამას ვამბობდი ხოლმე, ტერენტი გრანელი არის პატარა ნამცეცი ოქროსი, გალაკტიონი უფრო დიდია, მაგრამ ორივე ოქროა. გალაკტიონი იმდენად მაგარია, რომ ეპოქას არ ემორჩილება, ყოველთვის იქნება.

მარჯანიშვილის 4 ნომერში ცხოვრობდა, იქ მივდიოდი ხოლმე ბიძაჩემთან, დემნასთან. „ბიძიკოებო, ბიძიკოებო“, - ასე გველაპარაკებოდა ხოლმე ბავშვებს. მხიარული, მოფერებით შეხვედრა იცოდა. „აბა, მე ვინა ვარ?“ - გვეკითხებოდა. ჩვენ ვეუბნებოდით, გალაკტიონი. არა, გვეტყოდა, მე ვარ გალაკტიონი, პოეტების მეფეე! „მეფეეე...“ - ვიმეორებდით ჩვენც. როცა წამოვიზარდეთ, ვიგებდით ხოლმე მაგის ოჯახის ამბებს. ძალიან უცნაური სიტუაცია იყო ოჯახში, გაუცხოებულები იყვნენ ერთმანეთთან. თითქოს საერთო არაფერი ჰქონდათ, ერთადერთი, გალაკტიონისადმი უსიტყვო პატივისცემა იყო. რაღაც ჭიჭყინი და ჯაჯღანი შეუძლებელი იყო მაგასთან - ასე რატომ შვები, ისე რატომ შვები. ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში და შეიძლება, ერთი კვირა არ გამოსულიყო გარეთ, არაფრისთვის! არ გამოდიოდა. მაგ დროს იყო, რომ თავის სამყაროში დაფრინავდა. მერე გამოვიდოდა, ჩაიცვამდა კოსტიუმს, დაიკიდებდა ორდენს, დაიჭერდა „პაპკებს“ და წავიდოდა საჩხუბრად რედაქციებში. იტყოდა ხოლმე, წიგნი უნდა გამოვცე, მოამზადებდა ტომეულებს. კი, უცემდნენ რაღაცებს, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც უნდოდა. მწარე რამეების თქმა იცოდა, ბევრს აღიზიანებდა. ზოგჯერ თვითონ ქმნიდა რაღაც დისტანციას. რეზო თაბუკაშვილს აქვს დაწერილი, ერთხელ ნახა, როგორ შეისხა არაყი წვერზე, კი არ დალია, უბრალოდ, არყის სუნი რომ ჰქონოდა, ნასვამი რომ ჰგონებოდათ. ზოგჯერ მაგრადაც თვრებოდა ხოლმე. მახსოვს ასეთი სცენა: წვიმაა, ვერის ხიდზე ექვს ბიჭს მოჰყავს გალაკტიონი, იცით, როგორ? აი, ასე, გაშოტილი უჭირავთ. მძიმე იყო, ეტყობა, გაუჭირდათ და ასე, მოწიწებით, დადეს კიდევაც ერთ მომენტში, დაისვენეს და მერე ისევ ასე, ხელში აყვანილი მიიყვანეს სახლში...“

 

ერთი დღე 80 წლამდე

 

„ჰოდა, ეგ იყო, რა...“ - ასე ხშირად იმეორებს, უფრო ხშირად უფილტრო სიგარეტს უკიდებს და ბოლომდე ეწევა; „აი, ეგ აღარ მახსოვს, ეს ოხერი, ასაკია ეგ, ხვალ 80 წლის ვხდები...“ - ამას ერთხელ ამბობს, ჭიქაში წითელ ღვინოს ასხამს, ნელ-ნელა სვამს და ისევ სათქმელს უბრუნდება. ლაპარაკობს პოლიტიკაზე, იმ ომებსა და გაჭირვებაზე, რომლებიც გამოიარა - პირველი, რომელმაც ბავშვობაში მოუსწრო და როგორც ბავშვმა, იოლად გადაიტანა; მეორემ კი ბოლო ათეული წლები წაიღო და ჯერაც არ დამთავრებულა. არაფერზე მივბმულვარ, თორემ ახლა ან მილიონერი ვიქნებოდი, ან სასაფლაზე ვიწვებოდიო, ამბობს. მერე ტელევიზორს უყურებს, ეკრანზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი ჩანს:

„აი, ეს... ეს არის ჩემი უსაყვარლესი ძმაკაცის შვილი. იცი, მამამისი როგორი იყო? გადასარევი, უმართლესი კაცი. ცხოვრებაში არაფერს არ ჩაებღაუჭებოდა, ფრჩხილისოდენაც კი არ უნდოდა. და ეს? ერთხელ სიმართლე არ უთქვამს, ეგ არის ჩემი დარდი. გაუთავებლად ბოდავენ, სულ ტყუილებს. გიჟივით გარწმუნებს რაღაცაში, თავის ჭკუაში გარწმუნებს, რაღაც უსინდისო, უტიფარ ტყუილში, გაუთავებლად. ვდარდობ, რომ ბევრი უსირცხვილო ხალხი აღმოჩნდა ჩვენ შორის. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიხარია ჭკვიანი, წესიერი, სწორად რომ გელაპარაკება, ასეთი ადამიანის დანახვა. დიდი სიხარულია ახალგაზრდის კარგ ნაწერს რომ ვკითხულობ. ამ მხრივ დასაჩივლელად არ გვაქვს საქმე, გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები. ყველგან არიან - მეცნიერებაშიც,  მწერლობაშიც, მხატვრობაშიც, მუსიკაშიც და ცეკვაშიც.

80 წლის ვხდები, რაღაცების დათმობა მიწევს, შეგუება. ძველებურად აღარ შემიძლია. 70 წლამდე ძალიან მაგრად ვიყავი, შეუფერებლად მაგრადაც კი. მერე თანდათან დაიწყო... მანქანას ვეღარ ვმართავ, მაღალ მთაში აღარ ვყოფილვარ. ჰო, ღვინოს არ ვეშვები ჯერჯერობით, არც სიგარეტს. ამაზე მეუბნებიან ხოლმე, გაანებე თავიო. ახლა გავანებო, კაცო?

და კიდევ, მიხარია, როცა ვწერ, რაღაც კარგ თავგადასავალში რომ შევდივარ, კარგად რომ მივდივარ. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ვიღაცებისთვისაც არაჩვეულებრივი იქნება, უბრალოდ, ჩემთვის არის დიდი სიხარული. ბოლო დროს რამდენჯერმე მომინდა ჩემი ცხოვრების ცალკეული პერიოდების გახსენება და გადმოცემა. ნაწილ-ნაწილ გავაკეთე კიდეც რაღაცები. კომპიუტერში მაქვს მოგროვილი და მერე ცალ-ცალკე დავბეჭდავ. აი, სრული მემუარების გაკეთება არ მიცდია, შეიძლება, მაგისი დროც მოვიდეს. თუ ვიქენი საერთოდ... ჰოდა, ეგ იყო, რა...“

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE