შედი შახტაში


შედი შახტაში




პოეზია

 

სინამდვილეში,

პოეზია მარტივი ასახსნელია…

არა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს - ეს სიყვარულია,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის საშოს ბაგეებს - ეს ეროტიკაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის გვამის ბაგეებს - ეს სასოწარკვეთაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის გვამის საშოს ბაგეებს - ეს ნეკროფილიაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის მკვლელის ბაგეებს - ეს დრამატურგიაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ჩრდილს - ეს სიურეალიზმია,

თუ თქვენი საყვარელი ქალი, რომელსაც კოცნით ეიფელის კოშკის რესტორანში, დულსინეა ტობოსელია - ეს პოსტმოდერნია,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს და ტუჩებში წვეტები გესობათ - ეს კუბიზმია,

თუ თქვენ ვერ გიპოვიათ საყვარელი ქალის ბაგეები - ეს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს, ის თქვენგან მარჯვნივ იხედება და ამჩნევს, რომ ვიღაც გიყურებთ, თქვენი საყვარელი ქალი შეცბუნებულია, თქვენ კი ცდილობთ სიტუაცია გამოასწოროთ და უცნობს ეძახით, რა უნდა, რას მოგჩერებიათ, ის კი გარბის თქვენგან, თქვენ ქვას ესვრით და აგინებთ, მოტრიალებული კი ხვდებით, რომ საყვარელი ქალიც სადღაც გაიქცა - ეს პროზაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს ისე, რომ არ ეხებით მათ და თან ტუჩების გამოკვეთილ მოძრაობებს აკეთებთ - ეს პანტომიმაა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს ჯოჯოხეთის საბურგერეში - ეს ბიზაროა,

თუ თქვენ არ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს - ეს საბჭოთა კინოა,

თუ თქვენ კოცნით საყვარელი ქალის ბაგეებს და ის ნელ-ნელა ქრება - ეს სიზმარია,

და ა.შ.

პოეზია კი ისაა, რაც ამ ცნებებს შორის გამოგრჩათ

და რაც, სინამდვილეში, ამ ყველაფერს აერთიანებს.

P.S. აი, ხედავთ, რა მარტივი ასახსნელია სიყვარული.

 

 

***

 

ყოველ დილით,

როცა ვქოქავ მანქანას,

ქვედა უბნიდან ჩემს სახლთან ამოივლის ხოლმე

წელში მოხრილი ბებო,

ისაა საზომი:

როცა ჩემს სახლს გაცდება,

უკვე ვიცი, რომ ჩემი მანქანის ძრავი გახურებულია.

დღეს ახალი მანქანა ვიყიდე,

ამ თაობის ავტომობილების ძრავს გახურება აღარ სჭირდება.

 

 

აცივდა

 

აცივდა, ნიშნავს, ყველაფერი იქნება უკეთ,

მკვდრებსაც დავმარხავთ, დავივიწყებთ საფლავის კადრებს,

აღარ აქვს აზრი დატირებას, გაიხრწნა უკვე

მათი სხეული და სული კი გახდა ცის მკვიდრი,

ჩვენ აქ დავრჩით და ყველაფერი იქნება კარგად,

რადგან აცივდა, გაიყინა გზაზე ასფალტი,

გადავიქეცით უძრაობის უფერულ ქარგად,

ჩვენი ღიმილიც გახდა ფერფლი მიმოსაფანტი,

მაგრამ სიცივე სიკეთეა, სასაფლაოზე

მიწა დასკდება და გვამები ჰაერს იგრძნობენ,

შობა-ახალ წელს ჩამოივლის სანტა-კლაუსი,

სადღაც ლოთები მასში ქრისტეს ამოიცნობენ

და მოჰყვებიან ზარხოშისას ცრემლებზე ღმერთის,

თითქოს ცრემლები საკმარისად არ იყოს ჩვენთან,

თითქოს სანთლიდან ოქროსფერი ჩამონაღვენთის

მსგავსი ცრემლებით არ აგვევსოს ცოდვების ჩანთა,

თუმცა რომ ცივა, მაინც არის იმედის სხივი,

რადგან სიყვარულს ბანალური უხდება ტონი,

რადგან ტკივილის მარგალიტებს ვერ იტევს მძივი,

რადგან დარდების პურებს აცხობს ყოველი თონე

და ამ მორევში ისღა გრჩება, შემოეყინო

ვიღაცის კაბას, ანდა შარვალს, ანდა სიშიშვლეს,

თუ გაგიმართლა, ვინმე მდიდარს შემოეყიდო

და გაერიდო უკურნებელ წყეულ შიშის ველს.

მოკლედ, აცივდა, მე მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა,

ნუ ეძებ პალტოს, თბილ ტანსაცმელს, ჩექმებს ყელიანს,

ყოველი წვიმა, ყინვა, თოვლი, ქარები, სეტყვა,

სიკვდილს არ ნიშნავს, არც სიცოცხლეს, მოსაწყენია

სულ გეშინოდეს, რომ ერთ დღესაც გაიყინები,

ვერ გაიღვიძებ და გაქრები ყველა ეზოდან,

ვიღაც ნაცნობებს სატირლადაც მოეწყინები,

გადაინაცვლებ უსარგებლო ღმერთის მეზობლად, -

არა, აცივდა, ე.ი., მაშასადამე,

უკეთ იქნება ყველაფერი, მით უფრო - ყველა,

დავიხოცებით, ყინვა დაგვზრავს, წვიმა სოდომის

გაგვანადგურებს და გაგვაქრობს უცისარტყელოდ,

სიჩუმე. არსად აღარავინ არ ტირის გვამებს,

სიჩუმე. არსად აღარავინ უფრთხის სიცივეს.

სიჩუმე. ახლა სიყვარული ვერაფერს გვავნებს,

სრული სიჩუმე. აღარც გმინვა. აღარც სიცილი.

 

 

ოდა შვეიცარიული ყველის მატლს

 

მე დავიღალე,

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე,

გადავიღალე, დავიქანცე, სული ამომხდა,

პირდაფჩენილი საკუთარ ფეხებს დავჩერებივარ,

ოთახსა და ოთახს შორის

ვეღარა ვხვდები, რომელში უნდა შევიდე.

მე დავიღალე,

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე,

იმის ლოდინით, რაც მოხდა და თანაც არ მოხდა,

თითქოს კოსმოსში მიმობნეული ნარჩენები ვარ,

გაუთავებელი შრომის

ანაბეჭდი ვარ. უფალო, გვედრებ, შემინდე.

მე დავიღალე,

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე,

ვნატრობ არ ვიყო, ანდა ვიყო უბრალო მატლი,

ვიღოღიალო ყველის ნასვრეტთა გვირაბებში და

ცას ვაკვირდებოდე პირქვე,

თითქოს ესაა ჩემი მთავარი მისია.

მე დავიღალე,

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე,

ყურში ჩამესმის საკუთარი გადაღლის მანტრა,

სადმე ქუჩაში უცებ ფეხები რომ გამეფშიკა,

მთლად გავიხრწნებოდი იქვე,

ვით უდაბნოში უკანასკნელი მასაი.

მე დავიღალე,

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე,

დღეა მეშვიდე.

 

 

ქალაქის ღმერთი

 

ამ უშნო ქალაქში

კერპები აღმართეს

სიკვდილი დადის და

აღმერთებს აღმართებს

აქ ღმერთებს კერპებმა

თავისი დამართეს

სიკვდილი დადის და

დამათვრალს დამათრევს

და მათ რევს ხელს, ვისაც

შიმშილი ეწვევა,

მუშებს და მათხოვრებს

აღმართში ეწევა

სიკვდილი, რომელიც

ამ უშნო ქალაქის

დღედაღამ მშრომელი

ღმერთია.

 

 

შედი შახტაში

 

შედი შახტაში,

იმუშავე და მოკვდი,

რომ ჩვენც ვიმუშაოთ,

შევადგინოთ კომისია,

რომელიც იზრუნებს დაადგინოს შენი სიკვდილის გამომწვევი მიზეზები,

ჩავატაროთ კვლევა,

აღვძრათ საქმე,

დავკითხოთ მოწმეები,

გავესაუბროთ თვითმხილველებს,

შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომელიც ჩავარდება მეორე მოსმენით,

გავაგრძელოთ მუშაობა,

ვიკვლიოთ, ვარკვიოთ და ვიმუშაოთ,

რა ვქნათ,

ამითი ვჭამთ პურს,

ამითი ვცოცხლობთ,

შენ უნდა შეხვიდე შახტაში და მოკვდე,

ნუ გეშინია,

ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE